Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გია დვალი - ფიზიკოსი


23 დეკემბერი, კვირა
კვირა დაიწყო კუს ტბის ზემოთ გორებზე სირბილით ბურუსში, რამაც ძალიან დიდი სიამოვნება მომანიჭა. მოგვიანებით ზაზა კოკაია და მე შევხვდით ქალბატონ მარინას და საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით.

მოგვიანებით ჩვენი საინიციატივო ჯგუფი (ზაზა კოკაიას და დავით ლორთქიფანიძის, ვაჟა ბერეჟიანის და ჩემი შემადგენლობით) ჩვენთან, სხვენზე შევიკრიბეთ გიორგი მარგველაშვილთან ერთად. შეხვედრის თემა ისევ ჩვენი კონცეფცია და მეცნიერების და განათლების რეფორმა იყო. გვიანობამდე ვისაუბრეთ და მერე დავიშალეთ.

24 დეკემბერი, ორშაბათი
სამ საათზე უნივერსიტეტში საჯარო ლექცია მქონდა. ცოტა შეფერხება იყო დარბაზთან დაკავშირებით ხალხის რაოდენობის გამო, მაგრამ სწრაფადვე მოგვარდა და, საბოლოოდ, სააქტო დარბაზში გადავინაცვლეთ.

ლექციის თემა იყო მეცნიერული აზრის და, საერთოდ, საღი აზრის როლი ჩვენ მიერ სამყაროს შემეცნებაში.

იმისათვის, რომ კონკრეტული ჩარჩო შემექმნა ამ იდეების განსახილველად, მოვიყვანე მეცნიერული აზრის ტრიუმფის ორი თანამედროვე მაგალითი. პირველი ეხება ადრეულ სამყაროში კვანტური ფლუქტუაციების დეტექტირებას. ეს ფლუქტუაციები არის მუსიკა, რომელიც სივრცეში აღიბეჭდა იმ დროს, როდესაც დღევანდელი სამყაროს ჩვენთვის ხილული ნაწილი (დღეს დაახლოებით 15 მილიარდი სინათლის წელიწადის ზომის) თავისუფლად დაეტეოდა ატომის ბირთვის მოცულობის ერთი მემილიარდედის მემილიარდედის მემილიარდედის მემილიარდედში. ამ მხრივ დანახული ადრეული სამყარო იყო მუსიკოსი, რომელმაც ნაწარმოები შეასრულა წარმოუდგენლად მაღალ ობერტონებში. სამყაროს გაფართოების გამო ამ მუსიკის ტალღის სიგრძე გაიწელა და, შესაბამისად, ობერტონები დადაბლდა დაახლოებით მილიარდჯერ, მილიარდჯერ, მილიარდჯერ, მილიარდჯერ, მილიარდჯერ, მილიარდჯერ... დღეს ამ ბანებს ჩვენ ცაში ვაკვირდებით და ვშიფრავთ იმ პირველად მუსიკას.

მეორე აღმოჩენა, რომელმაც შეძრა თანამედროვე სამეცნიერო საზოგადოება, არის ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენა. ეს ნაწილაკი წარმოადგენს ტალღას, რომელიც ჰიგსის ველში, სამყაროს შემავსებელ უნივერსალურ სუბსტანციაში, ვრცელდება.

ეს მაგალითები მოვიყვანე, რამდენადაც ეს აღმოჩენები არ განეკუთვნება ფიზიკის ვიწრო ჩარჩოებს, არამედ წარმოადგენს, ზოგადად, კაცობრიობის მეცნიერული აზრის ტრიუმფს, და მათი მასშტაბურობა არის მეცნიერული აზრის ძლიერების დემონსტრაცია. ამ ორ მაგალითს გადავაბი მეცნიერული აზრის და საღი აზრის მნიშვნელობა ჩვენი საზოგადოების განვითარებისთვის.

ლექციამ აუდიტორიის საკმაოდ აქტიურ ფონზე ჩაიარა. ბევრი შეკითხვა იყო. სამწუხაროდ, ყველა მათგანზე საპასუხოდ დრო არ დარჩა.

ლექციის შემდეგ პირდაპირ რადიო „თავისუფლებაში“ გავემართეთ ია ანთაძე და მე, სადაც მოკლე ინტერვიუ შედგა პირდაპირ ეთერში. ძირითადი კითხვები, რაზეც პასუხი გავეცი, ეხებოდა აკადემიურ თავისუფლებას და მის მიმართებას დემოკრატიასთან. ამან კიდევ ერთხელ მომცა საშუალება, რომ რეიტერაცია გამეკეთებინა ჩვენი კონცეფციისთვის, რომ აკადემიური თავისუფლების გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი განათლების და, საერთოდ, სრულფასოვანი საზოგადოების არსებობა.

საღამოს, გერმანული შობის აღსანიშნავად, ვესტუმრეთ თამუნას მშობლებს. მოგვიანებით, ისევ რეფორმასთან დაკავშირებით შევიკრიბეთ ჩვენი ჯგუფი.
თავისუფლების დღიურები - გია დვალი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:58 0:00
გადმოწერა

25 დეკემბერი, სამშაბათი
დილით თამუნა და მე საგარეჯოში წავედით ჩვენი მეგობრის, კლარას, საფლავზე.

შემდეგ თბილისში გავიარეთ და საგურამოში ვესტუმრეთ ჩემს მეგობარ ბენოს, რომელსაც ახლახან ბავშვი შეეძინა. გვიანობამდე იქ ვიყავით დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ერთად.

26 დეკემბერი, ოთხშაბათი
12 საათზე ჩვენი საინიციატივო ჯგუფის წევრები შევხვდით ჯავახიშვილის უნივერსიტეტის რექტორს. შეხვედრამ საინტერესოდ და კონსტრუქციულად ჩაიარა. ყველანი კმაყოფილები დავრჩით, რადგან აშკარად ერთ ტალღაზე ვართ და მომავალი თანამშრომლობის კონტურები გამოისახა.

შემდეგ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა სოროსის ფონდში რეფორმებთან დაკავშირებით. და ბოლოს, საღამოს, მონაწილეობა მივიღე ეკა ბერიძის გადაცემაში, „მე-9 არხზე“. ეკა სასიამოვნო და პროფესიონალი წამყვანია, მასთან მუშაობა იძლევა საშუალებას, რომ მაქსიმალურად გაიხსნას თემა. გადაცემის განმავლობაში ვეცადე გამეტარებინა ჩვენი ძირითადი გზავნილები: მეცნიერების აღორძინების გადამწყვეტი როლი ინტელექტუალური გარემოს შექმნაში და ამ არჩევანის უალტერნატივობა ქვეყნისთვის. ასევე ვილაპარაკეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ტენუარის სისტემის უალტერნატივობა, აკადემიური თავისუფლების ხარისხის და მიუკერძოებლობის დაცვის საქმეში.

27 დეკემბერი, ხუთშაბათი
დილით შედგა ჩვენი საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა მეცნიერებათა აკადემიაში პრეზიდენტთან და ვიცე-პრეზიდენტთან ფიზიკა-მათემატიკის დარგში. ჩვენი აზრით, უაღრესად ნაყოფიერი და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა.

საღამოს დაუვიწყარი შეხვედრა შედგა პატრიარქთან. იგი გვესაუბრა მეცნიერების როლზე განათლებაში და აზროვნების განვითარების მნიშვნელობაზე სწავლის პროცესში.

მოგვიანებით, ნინო ჟიჟილაშვილის გადაცემაში ვიყავით მიწვეული გიორგი მარგველაშვილი, ზაზა კოკაია, გიორგი შერვაშიძე და მე. გადაცემა ისევ განათლების რეფორმას შეეხო. ოთხივე ძირითადად თანამოაზრეები ვიყავით, ამიტომ გადაცემამ დისკუსიის ფორმატით ვერ ჩაიარა (თუმცა შევეცადე, ცოტა გამემწვავებინა), მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან კიდევ ერთხელ მოგვეცა საშუალება, ჩვენი გზავნილები საზოგადოებამდე მიგვეტანა.

28 დეკემბერი, პარასკევი
დილით, ჩემი აზრით, ძალიან კონსტრუქციული და მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა აკრედიტაციის და ხარისხის მართვის სამსახურში უნივერსიტეტის რექტორებთან და სამინისტროს წარმომადგენლებთან. ვისაუბრეთ „ექსელენს კლასტერის“ სამიზნე ჯგუფის მოძიების ერთობლივ ინიციატივაზე, რომლის ტექნიკურ მხარესაც ეს სამსახური უზრუნველყოფს. ეს ინიციატივა ჩვენი კონცეფციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და გულისხმობს პოზიტიური დიფერენციალის პრინციპს. ეს პრინციპი შემდეგში მდგომარეობს: მოტივაცია და სტიმული ხარისხის ამაღლებისთვის გენერირდება საუკეთესო უნივერსიტეტების გამოვლენის და დაწინაურების ხარჯზე ე.წ. „ექსელენს კლასტერში“. ეს განსხვავდება იმ პრინციპისგან, როდესაც დიფერენცირება ხდება უარყოფითად, ანუ უვარგისების გაცხრილვის ხარჯზე. შესაბამისად, სისტემა მუშაობს პოზიტივზე და არა ნეგატივზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ასეთი მიდგომა ეფექტიანი იქნება.

ამის შემდეგ უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გვქონდა შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორებთან. ბევრი კითხვა და ახსნა-განმარტება, კვლავ კონცეფციასთან დაკავშირებით.

საღამოს ჩემმა ბიჭმა გუდაურში ტრავმა მიიღო, რის შედეგადაც, საავადმყოფოში მოგვიწია რამდენიმე საათის გატარება. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

29 დეკემბერი, შაბათი
დილით - ლექცია და შეხვედრა ტექნიკურ უნივერსიტეტში. ლექცია ეხებოდა ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენას, ხოლო შეხვედრა - განათლების და მეცნიერების რეფორმებს. ამის შემდეგ ია ანთაძეს და მე სამუშაო შეხვედრა გვქონდა ახალგაზრდების ჯგუფთან. ეს ჯგუფი სკოლის რეფორმის კონცეფციაზე მუშაობს ჩვენთან ერთად. ძალიან აქტიური და კვალიფიციური ჯგუფია. იმედია, პირველ დოკუმენტს მალე დავასრულებთ.

საღამოს, გიორგი კევლიშვილთან და ირაკლი კაკაბაძესთან ერთად, ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში „ლაბორატორია 1918“-თან და სხვა სტუდენტურ ჯგუფებთან შედგა შეხვედრა. ასეთი შეხვედრები ყოველთვის უდიდეს პოზიტიურ მუხტს იძლევა. ბევრი შეკითხვა იყო დასმული, ისევ და ისევ აკადემიურ თავისუფლებაზე, ტენუარის ინსტიტუტზე, გადასვლის სტრატეგიაზე და ა.შ.

ამის მერე თამუნა, სოფო, დათო და ჩემი ძმა გუდაურისკენ გავუყევით გზას...

30 დეკემბერი, კვირა
ბოლოს და ბოლოს მეღირსა ცოტა გამოძინება და თხილამურებით სრიალი! მართალია, ბურუსი იყო, მაგრამ ამან ხელი ვერ შეგვიშალა. საღამოს ისევ თბილისისკენ წამოვედით და გზად ისევ ბენოს შევუარეთ საგურამოში, სადაც ახლობლების ჯგუფი შეიკრიბა. გვიან დავბრუნდი თბილისში და დღიურის წერა განვაგრძე.

ჩემი მეგობარი მაკა შენგელია რომ არ დამხმარებოდა ამ სტრიქონების აკრეფაში, დღიურს, ალბათ, ვერასოდეს დავასრულებდი. უღრმესი მადლობა მას!

31 დეკემბერი, ორშაბათი
დილით ისევ კუს ტბა... და შემდეგ რადიო „თავისუფლებაში“ დღიურების ჩაწერა.

ეს არ იყო ჩვეულებრივი კვირა. ჩემმა მეგობრებმა და მე, ფაქტობრივად, მთელი კვირა ჩვენი კონცეფციის ძირითადი გზავნილების გასაჯაროებას მოვახმარეთ, სხვადასხვა ფორმატში. ძირითადი გზავნილი, რომელიც ვეცადე, რამდენიმე საჯარო გამოსვლაში გამეტარებინა, არის მეცნიერული აზრის და საღი აზრის გადამწყვეტი როლი საზოგადოების განვითარებაში და ქვეყანაში ინტელექტუალური ატმოსფეროს შექმნაში. ჩვენს საზოგადოებას არ გააჩნია ალტერნატიული გზის ფუფუნება. ინტელექტი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყნის მთავარი რესურსი. ასევე, აკადემიური თავისუფლების და, ზოგადად, შემოქმედებითი თავისუფლების ცენტრალური როლი ამ გზაზე.

უამრავი ახსნა-განმარტების გაკეთება მოგვიწია ჩვენ მიერ შემოთავაზებული აკადემიური თავისუფლების დაცვით მექანიზმებზე, ე.წ. ტენუარის სისტემაზე და გადასვლის სტრატეგიაზე.

ორ საჯარო ლექციაში ბოლო დროის მეცნიერული აზრის ორ უდიდეს ტრიუმფზეც ვისაუბრე. ესენია ადრეულ სამყაროში ჩასახული ფლუქტუაციების სპექტრის გაზომვები და ჰიგსის ნაწილაკის აღმოჩენა CERN-ის ამაჩქარებელზე.

პირადი ცხოვრებისთვის ძალიან ცოტა დრო დამრჩა.
XS
SM
MD
LG