Accessibility links

logo-print

29 ნოემბერი, კვირა

„თავისუფლების დღიურების“ დაწერა რომ შემომთავაზეს, შემხვდა კვირა, რომელიც მოიცავს 3 დეკემბერს ­ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს. სხვა კვირა რომ შემხვედროდა, ჩემი დღიური დიდწილად ისევ და ისევ შეზღუდულ შესაძლებლობას დაეთმობოდა. რადგან ეს არის საქმე, რომელსაც ექვსი წელია ვაკეთებ და ეს არის საქმე, რომლის ყოველდღე არკეთება, პრაქტიკულად, ღალატის ტოლფასია.

რეალურად მთელი ეს შვიდი დღე პირდაპირ თუ ირიბად 3 დეკემბერს უკავშირდება: 29 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე მზადება და 3-დან 5 დეკემბრამდე - მომხდარის გაანალიზება.

უქმე დღის მადლი თითქმის ვერ ვიგრძენი, რადგან დილაუთენია მომიწია გაღვიძება. უნდა დამეგეგმა მომავალი კვირა, მომემზადებინა სხვადასხვა მასალა, დამესრულებინა მოლაპარაკება 3 დეკემბერს დაგეგმილ საჯარო ლექცია-სემინარის ორგანიზებასთან დაკავშირებით.

თუმცა პირველი, რაც გაღვიძებისას გამახსენდა, იყო თარიღი 29, ჩემი დაბადების რიცხვი... ერთი თვეც და 29 დეკემბერს იწყება ჩემი ახალი წელი, ჩემი ახალი ეტაპი - ცხოვრება 35-ის შემდეგ. ისევე, როგორც ადამიანების უმრავლესობას, საკუთარი დაბადების დღე მეც მიმძაფრებს დროის სვლის შეგრძნებას; მიბიძგებს გასული წლების, ურთიერთობების, საქმიანობის შეჯამებისკენ, რასაც, როგორც წესი, განვლილი გზის გადაფასებაც მოყვება ხოლმე.

რას შევცვლიდი, რას ვურჩევდი თავს? ადამიანში მუდმივად კარგის ძიება ჩემს ერთ-ერთ მთავარ ფასეულობად დარჩება, თუმცა ზედმეტი ნდობა და სხვისთვის კარტ-ბლანშის მიცემა, ხშირად იმედგაცრუებით დამთავრებულა. მეტი სიფრთხილე, მეტი ზომიერება - ალბათ ესაა, რასაც ადამიანებთან პირად თუ საქმიან ურთიერთობაში გავითვალისწინებ.

შეუცდომელი არავინაა, მაგრამ ზედაპირულობა, გულგრილობა ან მდგომარეობის ბოროტად გამოყენება უპატიებელია, რაც არ უნდა მოწყვლადი იყოს ეს ადამიანი...

30 ნოემბერი, ორშაბათი

დღეს კიდევ ერთხელ გადავიკითხე დენი დიდროს „წერილი უსინათლოთა შესახებ“. რამდენიმე მონაკვეთი ქართულად ვთარგმნე და გადავუგზავნე უსინათლო მეგობარს, რომ ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში დაწერილ უმნიშვნელოვანეს ნააზრევს ხმოვანი პროგრამით გასცნობოდა. გული მწყდება, რომ ეს ტექსტი, ისევე როგორც ბევრი სხვა მასალა, არ არსებობს არც ქართულად და არც ქართული ბრაილის შრიფტით.

ექვსი წლის წინ უსინათლოებთან ჩემი შეხება სწორედ ლიტერატურით დაიწყო: წიგნებით, სადაც შავით თეთრზე არ ეწერა ასოები, წიგნებით, რომლებიც გაუთვითცნობიერებელი ადამიანისთვის იყო ცარიელი ფურცლებით სავსე, რომლებიც ხელის შეხებით შეგიძლია აღიქვა და რომლებსაც მე ვერ ვკითხულობდი.

მე მაშინ არ ვფლობდი ბრაილის შრიფტს, თუმცა ვფიქრობდი, რომ ლიტერატურა იყო ერთ-ერთი უპირველესი, რაც ამ ხალხს სჭირდებოდა. უსინათლოთა საჭიროებების საფუძვლიანად გაგებას, საკითხის არსის წვდომას დიდი დრო დავუთმე. ამ ცოდნის და გამოცდილების მიღება მხოლოდ საქართველოში შეუძლებელი აღმოჩნდა. სრულფასოვანი ცხოვრებისთვის უსინათლო ადამიანებს უამრავი რამ სჭირდებათ. სივრცეში ორიენტაცია და მობილობის უნარის განვითარება დამოუკიდებელი ცხოვრების აუცილებელი პირობაა, რისი შესწავლაც სპეციალიზებულ სოციალურ სარეაბილიტაციო ცენტრებში ხდება. იქვე ისწავლება კომპიუტერული ხმოვანი პროგრამების თუ ბრაილის შრიფტის გამოყენება, საყოფაცხოვრებო უნარ-ჩვევების განვითარება და სხვა. მსგავსი ცენტრი საქართველოში, სამწუხაროდ, არ არსებობს და ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა, ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი.

2010 წელს თანამედროვე ქართული პროზისა და პოეზიის მცირე ანთოლოგიების ბრაილის შრიფტით გამოცემამ გარკვეულწილად კატალიზატორის ფუნქცია შეასრულა. ექვსი წლის წინ გუგლის ქართულ საძიებო სისტემაში უსინათლოს ჩაწერაზე, ორ ინფორმაციას იპოვიდი. პირველი: უსინათლოთა დაპირისპირება სათემო ორგანიზაციაში არჩევნების დროს, და მეორე: როგორ ითხოვდნენ პენსიის მომატებას. დღეს ქართული გუგლი ამ თემაზე ათობით გვერდს გვთავაზობს.

თუმცა თემა ინფორმაციის გავრცელებით არ იწურება და ამ მოვლენების სრული აღრიცხვა შორს წაგვიყვანს. ეს უკვე სხვა ამბავია...

ჩემი უსინათლო მეგობრის პასუხი დამიბრუნდა დენი დიდროს წერილზე. ტყუილი აღმოვაჩინეო, იცინოდა. წერილში დიდროს მოჰყავს უსინათლო ქალის შემდეგი სიტყვები: „უსინათლოობას თავისი პლუსები აქვს, სიმპათიური მამაკაცი მე ვერასდროს დამახვევს თავბრუს“. ჩემი მეგობრის შეყვარებული კი ობიექტურად სიმპათიურია.

მხიარული გადახვევის შემდეგ გავაგრძელე დღის გეგმის შესრულება, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო პოტენციური დონორისთვის წარსადგენი პროექტი: „საბავშვო ლიტერატურა უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის“ (წიგნები ბრაილის და მსხვილი შრიფტით და აუდიოწიგნები). რუტინასაც აქვს ხიბლი, როდესაც საქმის მნიშვნელობას გაიაზრებ. ფასების მოკვლევა, სტაფის მოძიება, პიარკამპანიის დაგეგმვა და ა.შ. პარტნიორი მძიმეა, ერთ-ერთი ბანკი, სრულ სკრუპულოზობას ითხოვს. იმედია ვითანამშრომლებთ, ეს პროექტი უნდა შედგეს.

1 დეკემბერი, სამშაბათი

დღის განმავლობაში ყოველთვის ვცდილობ, გამოვნახო დრო, რომ პასუხი გავცე ფეისბუკის გვერდზე - „ვიმეგობროთ უსინათლოებთან“ - მოსულ წერილებსა და კომენტარებს. ეს გვერდი 2010 წელს შევქმენი საკითხის აქტუალიზებისა და პოპულარიზების მიზნით და დღეს მას 81 ათასზე მეტი „მოწონება“ აქვს. მომხმარებლები თითქმის ყოველდღიურად იღებენ ინფორმაციას უსინათლოთა და, ზოგადად, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა თემაზე, უსინათლო და მცირემხედველ ადამიანებთან ურთიერთობის ეტიკეტსა და დამხმარე საშუალებებზე. გვერდი ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი ინსტრუმენტია, გვერდის სტატისტიკა კი საზოგადოებრივი ინტერესის გარკვეულ საზომადაც შეიძლება გამოდგეს.

ექვსი წლის წინ გვერდის სათაური დაუკავშირდა ჩემი და ჩემი მეგობრების, მათ შორის შშმ მეგობრების, მიერ დაარსებულ არასამთავრობო ორგანიზაციას სიმბოლური სახელწოდებით „ვიმეგობროთ“. ეს მოძრაობა მართლაც მეგობრობით დაიწყო.

დღეს გვერდის სახელწოდება „ვიმეგობროთ უსინათლოებთან“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა პოზიტიურ დისკრიმინაციად აღიქვა, გაიმართა დისკუსია. მესმის, რატომ მომწერეს ასეთი შეფასება. თუმცა შშმ ადამიანების და, ზოგადად, ადამიანების პრობლემებსა თუ უფლებებზე მსჯელობა, პირველ რიგში, მათთან მჭიდრო კონტაქტით, მათ წინაშე მდგარი გამოწვევების გააზრებითა და გათავისებით არის შესაძლებელი. მეგობრობა ურთიერთობის ყველაზე უშუალო ფორმაა და გულისხმობს კეთილგანწყობას, მხარდაჭერისთვის მზაობას, რაც ყველაზე მეტად აადვილებს საერთო მიზნებისკენ სვლას.

დღეს კვლავ მეგობრები ვაყალიბებთ ახალ მოძრაობას სახელწოდებით „ინკლუზიური საზოგადოება - საქართველო“, რაც ზუსტად უპასუხებს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. ინკლუზიური საზოგადოება სოციუმის ყველა ჯგუფის თანაბარ ჩართულობას, თანაბარ უფლებებსა და საზოგადოებრივ პროცესებში თანაბარ მონაწილეობას გულისხმობს, რაც განვითარების უალტერნატივო გზაა.

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) 3 დეკემბრისთვის დაგეგმილი საჯარო ლექცია-სემინარისთვის მზადება წარმატებით მიმდინარეობს. სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. მათი მოხალისეობრივი ჩართულობა და აქტიურობა სტიმულის მომცემია.

2 დეკემბერი, ოთხშაბათი

ეს დღეები სულ მახსენდება ერთი ძალიან მაგარი გოგო, ჰაბენ გირმა. უსინათლო და სმენის არმქონე, იურისტი, რომელმაც დაამთავრა ჰარვარდი და რომელიც დღეს აშშ-ში შშმ პირების უფლებადამცველია. მისი მოხსენებები იმდენად უშუალო და ადამიანურ მომენტებზეა აგებული, რომ გადავწყვიტეთ, ერთ-ერთი მიმართვა ქართულ ენაზე გვეთარგმნა და საჯარო ლექცია-სემინარზე სტუდენტებისთვის გვეჩვენებინა. ამ გამოსვლაში ჰაბენ გირმა ჰყვება სტუდენტობის პერიოდის გამოცდილებაზე და იმ ბარიერებზე, რომლებსაც მაშინ აწყდებოდა. შოკოლადის ნამცხვარი გახდა მისთვის უფლების გააზრების წინაპირობა. სხვა სტუდენტებივით, მას უნდა ჰქონოდა წვდომა კაფეტერიის მენიუზე მისთვის მოსახერხებელი ფორმატით (ვიდეო ქართული ტიტრებით გამოქვეყნებულია ფეისბუკგვერდზე „ვიმეგობროთ უსინათლოებთან“). წელს ჰაბენ გირმამ ბარაკ ობამასთან ერთად მიულოცა აშშ-ის შშმ მოქალაქეებს ADA-ს 25 წლისთავი. ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სწორედ ADA და ინკლუზიური საზოგადოებაა ამერიკის უპირატესობა.

გეგმის მიხედვით, GAU-ში დაგეგმილ საჯარო ლექცია-სემინარზე პირველი კითხვა იქნება: როგორ იღებს განათლებას უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანი? მართლა მაინტერესებს, სტუდენტებს თუ აქვთ წარმოდგენა ამ თემაზე.

3 დეკემბერი, ხუთშაბათი

ეს დღეც დადგა - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. ამ თარიღს, გაეროს ინიციატივით, 1992 წლიდან აღნიშნავს მსოფლიო.

რატომღაც გვიჭირს გავაგებინოთ ვიღაცებს, რომ ეს არ არის საზეიმო დღე, ეს არის დღე, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა 10%-ზე მეტის პრობლემებსა და გამოწვევებს. საუბარია 300 ათას ადამიანზე. სწორედ ამ სტატისტიკის გათვალისწინებით, მე და ჩემმა მეგობარმა ეკა ტოგონიძემ GAU-ში დაგეგმილ ლექცია-სემინარს შევურჩიეთ სიმბოლური სახელწოდება „ყოველი მეათე ჩვენგანი“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი შშმ პირია (დედამიწის მოსახლეობის 10%-ზე მეტი).

ციტატა ტექსტიდან, რომელიც დღეს გავავრცელეთ: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ჩვენს ქვეყანაში ყოველდღიურად უამრავ პრობლემას აწყდებიან, იქნება ეს: არაადაპტირებული გარემო და არასწორი საკანონმდებლო ბაზა, არარსებული სერვისები, არასაკმარისი სოციალური პაკეტი, უხარისხო განათლება, დისკრიმინაციული მიდგომები და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგია, უპასუხისმგებლო ჩინოვნიკები, კონფორმისტი უფლებადამცველები, დასაქმების უსუსტესი პოლიტიკა თუ შეუსრულებელი სამთავრობო სამოქმედო გეგმები... საზოგადოების სიმწიფე და სიძლიერე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ზრუნავს ის თავის მოწყვლად ნაწილზე“.

რამდენიმე სატელევიზიო ეთერისა და ინტერვიუს შემდეგ 19 საათზე მივედი GAU-ში. სტუდენტები თავიანთი ხელით დამზადებული სოლიდარობის გულსაბნევებით დაგვხვდნენ. შეხვედრა შემზარავი ინფორმაციით დაიწყო: კალიფორნიის შტატის ქალაქ სან ბერნარდინოში შშმ პირთა მომსახურების ცენტრზე შეიარაღებულ პირთა თავდასხმას 14 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 21 პირი კი დაშავდა. სრული სისასტიკეა!

ინტერაქციული შეხვედრა დაეთმო შშმ ადამიანთა უფლებების, პრობლემებისა და გამოწვევების უკეთ გააზრებას, ინკლუზიური საზოგადოების მნიშვნელობის გაცნობიერებას და შშმ პირებთან ურთიერთობის ეტიკეტის ინსტრუქტაჟს. სტუდენტებმა დიდი ინტერესით გამოსცადეს საკუთარ თავზე დამხმარე საშუალებები, გადაადგილდნენ ეტლით, იმოძრავეს უსინათლოობის სიმულატორით.

ისევ მე ვუპასუხე პირველ დასმულ კითხვას: როგორ იღებს განათლებას უსინათლო და სმენის არმქონე ადამიანი.

4 დეკემბერი, პარასკევი

რამდენიმე ღამის გამოუძინებლობას ოთხი საათი ძილი ვერ შველის...

დილის 10 საათზე უკვე შეხვედრაზე ვიყავი. მიხარია, რომ მოვასწარი საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა პროექტისთვის: „საბავშვო ლიტერატურა უსინათლო და მცირემხედველი ბავშვებისთვის“. პასუხს ორშაბათს, 7 დეკემბერს ველოდები.

შეხვედრიდან გამოსულს, დამირეკა ჩემი და ლექსო ქურხულის საერთო მეგობარმა და მითხრა, რომ ლექსოს ფეხი მოუტეხავს. ორშაბათს ჩემს დროებით შშმ მეგობარს მივუტან ყავარჯნებს, რომლებითაც შარშან მე თვითონ მომიწია სარგებლობა, როდესაც თავად ვიყავი დროებით შშმ პირი.

სახლში გვიან დაბრუნებული, „თავისუფლების დღიურების“ საწერად დავჯექი და ამომიტივტივდა ფაქტები, რომლებიც ამ დღეებში ხდებოდა:

ფეისბუკზე გამოქვეყნებული წერილი მშობლისა, რომლის შშმ შვილიც, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, არსად მიიღეს ხატვაზე; ზარი მეგობრისა, რომელმაც მითხრა, რომ უარი მიიღო თავისი სმენის პრობლემის მქონე შვილის სამედიცინო მომსახურებაზე; საჯარო წერილი უსინათლო სტუდენტი გოგონასი, რომელსაც უარი უთხრეს დასაქმებაზე მისი შეზღუდული შესაძლებლობის გამო (თავისი უფლების დაცვას ის სასამართლოს მეშვეობით ცდილობს); შეხვედრა შშმ მოძრაობის აქტივისტთან, რომელმაც გულისტკივილი გამოთქვა მოძრაობის ზოგიერთ წევრის - მდგომარეობით მოსარგებლე ნაძირალების - გამო; 3 დეკემბერს მომხდარი უსიამოვნო ფაქტები: რეგიონებში პომპეზურად, ზარ-ზეიმით გახსნილი პანდუსი და საჩუქრად გადაცემული ეტლები, მოწყალებად გაღებული უფლებები... ამ რეალობის შეცვლას ჰაბენ გირმას შემართების გოგო-ბიჭები სჭირდება, მათ ჩამოყალიბებას კი - ინკლუზიური საზოგადოება. პრაქტიკულად, მოჯადოებული წრეა...

5 დეკემბერი, შაბათი

„თავისუფლების დღიურის“ წერაში ბავშვები მიშლიან და ეს ყველაზე სასიამოვნო ხელის შეშლაა... შაბათ-კვირა მათია! ჩემი 12 წლის შვილი მარიამი, დისშვილები: ოთხი წლის თიკა და წლინახევრის ელენე საერთო ენის გამონახვას ახერხებენ. სახლში ჟრიამულია.

„თავისუფლების დღიურების“ ჩაწერაზე ვაგვიანებ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG