Accessibility links

logo-print

24 აპრილი, კვირა

კვირადღე ტაძარში წასვლით იწყება, რადგან მგალობელი ვარ და ვესწრები წირვა-ლოცვას. შემდეგ ჩვეულებრივად შევუდგები ყოფით საქმეს, ოჯახის საქმეს, ძირითადად. დაკავებული ვარ მცირე ბიზნესით და შეძლებისდაგვარად ვცდილობ, რაიმე შევმატო ოჯახს, შვილებს...

შემდეგ შინ ვბრუნდები. სოფელში ვცხოვრობ, შუხუთში. თუ ამინდი მაძლევს საშუალებას, ეზოში ვფუსფუსებ დედაჩემთან და მეუღლესთან ერთად.

25 აპრილი, ორშაბათი

ორშაბათი მართლაც მძიმე დღეა! დილიდან სამსახურში ბევრი საქმეა. „ენერგოპრო-ჯორჯიაში“ ვმუშაობ. მსხვილი კომპანიაა, ერთ-ერთი მძლავრი და წამყვანი საქართველოში. ვმუშაობ ლანჩხუთის მომსახურების ცენტრში, „ბილინგის“ მენეჯერად. ჩემს რგოლს ევალება ადგილობრივი ელექტროენერგიის აღრიცხვისა და დარიცხვის წარმოება კონკრეტულ აბონენტებზე, რაც საკმაოდ შრომატევადია. თანამშრომლები, რომლებიც ჩემს რგოლში მუშაობენ, დილიდან აქტიურად საქმიანობენ. მოკლედ, მთელი დღე ვშრომობთ...

ლელოს მნიშვნელობა ძალიან დიდია − არა მარტო ჩემთვის, არამედ მთელი სოფლისთვის. ისიც ნიშანდობლივია, რომ თამაში აღდგომა დღეს იმართება. ლელოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, დაახლოებით 250 წელს ითვლის, როგორც ჩვენი წინაპრების გადმოცემით ვიცით. მიუხედავად იმისა, რომ მთელ საქართველოში იყო გავრცელებული ლელობურთი დღემდე მხოლოდ სოფელ შუხუთს შემორჩა. ერთმანეთს ეჯიბრება სოფლის ორი მხარე − ზემო და ქვემო შუხუთი.

ეს თამაში ერთგვარად ბრძოლისუნარიანობის გამომხატველიც არის. რა თქმა უნდა, ბავშვობიდან, ყოველწლიურად ვადევნებდი თვალს ლელოს თამაშს, და მეხსიერებაში ბევრი რამ ჩამრჩა: დიდი შთაბეჭდილებები იყო და ემოციურ ფონზე მიდიოდა ყველაფერი. მშობლებისგან გადმოცემით ვიცოდი ლელოს შესახებ და 16 წლის რომ გავხდი, თამაშიც დავიწყე. სკოლა დავამთავრე 1990 წელს და მაშინ ვითამაშე პირველად. მას შემდეგ ვთამაშობ. ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, წელი არ გამიცდენია...

26 აპრილი, სამშაბათი

ჩვეულ რიტმში იწყება სამშაბათიც. მე, ჩემი მეუღლე და დედაჩემი სამსახურში მივდივართ. დედა პედაგოგია შუხუთის საშუალო სკოლაში, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია. უფროსი შვილი, ჯემალი, მეოთხე კლასში სწავლობს, პატარა − ალექსანდრე − ჯერ ოთხი წლის არის და საბავშვო ბაღში მიმყავს. მერე მთელი ოჯახი ისევ ვებმებით აქტიურ საქმიანობაში.

შუხუთში ლელობურთი თითქმის ყველა მამაკაცს უთამაშია. ზოგი წლების მანძილზე ფიქრობს და მერე ებმება თამაშში, ზოგი თავს ანებებს თამაშს და მაყურებლის პოზიციაში რჩება. თუმცა, ისინიც, ვინც არ თამაშობს, ემოციურად ძალიან ჩართულები არიან, ცდილობენ, მხარი დაუჭირონ თავიანთ გუნდს, შეძახილებით იქნება, მცირედი ხელისკვრით თუ ბიძგით.

ჩემი ოჯახიდან თამაშობდა ჩემი დიდი ბაბუა, რომელიც 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. მე მაშინ 17 წლის ვიყავი. მას ბევრჯერ მოუყოლია ის სათამაშო ეპიზოდები, რაც მის მახსოვრობაში იყო ჩარჩენილი. აი, მაგალითად, ერთ-ერთი ეპიზოდი ასეთია: ზემოურების მხარეს, სადაც ღელე ჩამოდის (ღელის გადაღმა თუ გადავიდა ბურთი, ზემოურები გამარჯვებულად ითვლებიან), ბურთი უკვე ღელეში იყო და ბურთზე ვიწექი, უკვე დაღამდაო, − დიდი ბაბუა გრიგოლი ჰყვებოდა. − ერთ-ერთი მოთამაშე მოვიდა და გრიგოლო, მითხრა („გრიგოლ“ კი არა, „გირგოლ“, ასე იცოდნენ მიმართვა), მე ვარ, ესა და ეს კაციო, მითხრა და ქვემო შუხუთელის, ანუ რომელიღაც ჩემიანის სახელი და გვარი დამისახელაო. რომ ავხედე მთვარის შუქზე, ვიცანი ბესუკა ჩხაიძე იყოო. ბესუკა ჩხაიძე, მისი ტოლი იქნებოდა, ჩვენი ოჯახები დღესაც დაახლოებულები არიან. მოკლედ, ხელები შემომხვია, ღელეში ვიწექი და წყალი კისერში გამდიოდაო, ხელები შემომიძვრინა იღლიებში, მუცლის მხარეს და ბურთის წართმევა მომინდომაო. შემოვუბრუნდი და ჩახვეული რომ იყო, კისერში ვუკბინეო. გრიგოლ აფხაძე, დაგექცა ოჯახი, არც ლელო მინდა და არც შენი ბურთიო! − მომაძახა ბესუკამ და წავიდაო... ძალიან ბევრ ასეთ ამბავს ჰყვებოდა.

27 აპრილი, ოთხშაბათი

ძლიერი მოთამაშეები იყვნენ ჩვენში, მათ შორის ერთ-ერთი ბაბუაჩემიც იყო. იმასაც მიამბობდა, სენაკში ვიყავით შეჯიბრზეო. მაშინ ლელობურთს თურმე სამეგრელოშიც თამაშობდნენ. ალბათ, იქაურ ფალავნებს შეეჯიბრნენ ლელობურთის თამაშში. მაშინ სურათიც გადაუღიათ და სენაკში გადაღებული ეს სურათი ჩემს ოჯახში ეკიდა. დღეს ლანჩხუთის მუზეუმში ინახება. შარშან ვიყავი იქ, ბაბუაჩემი ამოვიცანი ფოტოზე და ძალიან გამეხარდა.

დიდი ბაბუის ტრადიცია მისმა შვილმა, ალექსანდრე აფხაძემ გააგრძელა. შუხუთისკოლმეურნეობის თავმჯდომარეიყო 18 წელი, 1958 წლიდან 70-იანი წლების ბოლომდე. ახალგაზრდობიდან ლელობურთს თამაშობდა, 30-32 წლის იყო, როცა თავმჯდომარე გახდა. ამის შემდეგ ეკრძალებოდა ლელობურთის თამაში, როგორც თანამდებობის პირს. საერთოდ, კომუნისტური წყობა კრძალავდა ლელობურთის თამაშს და ზეწოლა ბაბუაჩემზეც იყო. ზეწოლა იყო მაშინდელი უშიშროების სამსახურისა და ადგილობრივი პოლიციის მხრიდან. გამიგია, კარგი პიროვნება იყოო სამშე (გვარად, თუ არ ვცდები, მჟავანაძე) მაშინდელი მილიციის უფროსი. ბაბუაჩემს ეუბნებოდა, ალექსანდრეო, ბურთი რომ გავარდეს ხვალო, იცოდე, პარტიიდან გაგრიცხავთო და სამსახურსაც დაგატოვებინებთო. რა უნდა ეთქვა ბაბუაჩემს? პასუხობდა, ვეცდები, ბურთი არ ავარდესო. ამასობაში კი, ბიჭები მელოდნენ, ბურთი შეკერილი და სილით სავსე იყოო. საღამო მოვიდოდა და მეტყოდნენო: „ბატონო ალექსანდრე, რა ვქნათ?“ და მე თვალით ვანიშნებდი, ვითომ ვერ დავინახე და მორჩა! დასტური გვაქვს ალექსანდრესგან (საშურას ეძახდნენ), საშურასგან დასტური გვაქვსო და გავარდებოდა ლელობურთი. მერე უკვე მისი შეჩერება აღარც მილიციას შეეძლო, და აღარც სხვა ძალას. დღეს კი, ოფიციალურად იმართება ლელობურთი. საპატრულო პოლიცია ცენტრალურ მაგისტრალსაც კი კეტავს. შემოვლითი გზებით, ორღობეებში და შარაგზაზე ხდება ტრაილერებისა და ავტობუსების გატარება.

28 აპრილი, ხუთშაბათი

სამწუხაროდ, რევოლუციის შემდეგ გურულებმა ყველაზე ადრე მოახერხეს ეკლესიების დანგრევა და კომუნისტურ წყობაში ჩაბმა. შესაბამისად, ლელობურთი აღდგომიდან 1 მაისს გადაიტანეს: ამ დღეს მშრომელთა დღესასწაული იყო და „პარადი“ იმართებოდა. ლელობურთიც ვითომ ამას ეძღვნებოდა, თავისებური ინტერპრეტაცია გაუკეთეს კომუნისტებმა ლელობურთს. მაგრამ ტრადიცია, რა თქმა უნდა, ხალხში ძლიერი იყო. ჩემს დიდ ბაბუასაც უთქვამს, აღდგომა დღეს ვაგდებდით, ბაბუა, ბურთსო... დღეს ისევ დაუბრუნდა ლელო თავის პირვანდელ სახეს: აღდგომას ვარდება ბურთი!

„ლელოს შემობრუნება“ ჩვენში დამკვიდრებული ტერმინია. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ხდება და ამის მომსწრე და თანამონაწილე მეც ვყოფილვარ ორ-სამჯერ, ბოლო ოცდახუთწლიან პერიოდში. ლელოს შემობრუნებაა, როცა მოწინააღმდეგის უკიდურეს მხარეს არის ბურთი მისული, მეორე მხარეს ხელი უკვე ჩაქნეული აქვს და ჰგონია, რომ წაგებულია. ანუ ბურთი არის ან ზემოურების ან ქვემოურების მხარეს, ერთ-ერთ ღელესთან, სადაც ლელო უნდა დაიდოს. ამ დროს კი, შეიძლება მომენტალურად მოხდეს რომელიმე მოთამაშის მიერ ბურთის „მოპარვა“. ამას, როგორც წესი ის მოთამაშე ახერხებს, ვინც შედარებით დასვენებულია, ან სხვებზე ბევრად ძლიერი. იმდენად დიდია ენთუზიაზმი მოთამაშეებისაც და მაყურებლებისაც, აქაურებისაც და სტუმრებისაც, რომ ხელდახელ ყველა ეხმარება უკვე იმ მხარეს, ვინც ბურთს „მოიპარავს“. ლელოს შემობრუნება ხდება უკიდურესი ადგილიდან საპირისპირო მხარეს.

მე ქვემო შუხუთელი ვარ და, შესაბამისად, ქვემოურების მხარეს ვთამაშობ. მახსოვს, 2002 წელს, უკვე თითქმის ღელის პირას ვიყავით მისულები, ზემოურების მხარეს. და მოხდა ასეთი „ლელოს შემობრუნება“. ბაბუაჩემსაც მოუყოლია: აღდგომა დღეს ვსვამდით სახლში მე და ბესიე დოლიძეო. ბესარიონ დოლიძე ლომივით კაცი იყო, რომ იტყვიან. ახმახი, რომელიც იმდენად დინჯი იყო, თითქმის არ ლაპარაკობდა თურმე. თუმცა ბაბუაჩემმა ისიც თქვა, რომ დათვრებოდა, ბაბუა, ახალგაზრდობაში, „დავამბით“ ერთი-ორჯერო. იმდენად ძლიერი იყო, ვერ იოკებდა ძალას და ვერ კავდებოდაო... ჰოდა, ერთხელაც, ვისხედით და ვსვამდითო: მამაჩემი, ბიძაჩემი, ბესიე და მეო. ვიღაცამ ამბავი ამოიტანა, ზემოურებს მიაქვს ბურთიო, იქითაა უკვე, ღელესთანაა მიტანილიო. ავდექით და ჩამოვედით ჩვენ, ოთხი კაცი, მეხუთე მოთამაშეს არ მახსოვს, ვის ამბობდა. ჩამოვედით ჩვენ და იმდენი ვქენით, ლელო შემოვაბრუნეთ და წამოვიღეთ მეორე მხარესო.

29 აპრილი, პარასკევი

ლელობურთის თავისებურება ისაა, რომ ბურთი, რომლითაც თამაში მიმდინარეობს (რომელსაც აწ განსვენებული მეწაღე, შაქრო იმნაიშვილი კერავდა), იტენება სილით და ნახერხით და უნდა იწონიდეს მინიმუმ 16 კილოგრამს, ერთ ფუთს (ასე ვამბობთ ჩვენ, გურულები). 200 გრამიც რომ აკლდეს, ვცდილობთ, შესაბამის წონამდე მივიყვანოთ. ასეთი შემთხვევაც გვქონია: ბურთი დიდ ჯამზე დავდეთ და წყალი დავასხით. მთელი დღე წყლის ქვეშ იყო, რომ გაჟღენთილიყო და მეტი მოგვივიდა, თვრამეტკილონახევარიც გამოგვივიდა ბურთი. იმის თრევამ მოგვკლა მთელი ორი-სამი საათი.

როგორც წესი, თამაში მალე ვერ მთავრდება. შეიძლება რომელიმე მხარეს (ზემოურებს ან ქვემოურებს) მეტოქეზე ბევრად მეტი მოთამაშე ჰყავდეს. იყო წლები, როცა ბევრად მეტნი ყოფილან ზემოურები, ხან ბევრად მეტნი ვყოფილვართ ქვემოურები, მაგრამ ეს მებრძოლი ხასიათი რომ არის სოფლელებში და ამ ადამიანებში, არ ნებდებიან და ორი საათი მაინც გრძელდება თამაში. სამი საათია მაქსიმალური დრო, ამაზე მეტი არ მახსოვს.

როცა ბურთი შეკერილია, მისი შევსების, სილით და ნახერხით დატენის პროცესი ერთგვარი რიტუალია ჩვენთვის. სანამ ნახერხს და სილას ერთმანეთში გავაზავებთ, სახელდახელო სუფრა იშლება. უკვე ხსნილია, მარხვა დამთავრებულია და მოდის სუფრაზე ხაჭაპური, კვერცხი, სააღდგომო პასკა, რა თქმა უნდა, ყველი, პური, მჭადი, მწვანილი... ყველაფერი ეს პატარა, დაბალ, ძველ მაგიდაზე გვილაგია. სოფლის მამაკაცები ბურთისთვის შეკერილ ტყავს ნავის ფორმას მივცემთ, სიმბოლურად ორ-სამ ჭიქას ჩავასხამთ შიგ და აღდგომის დღესასწაულს ვლოცავთ. ზუსტად ასეთი დღე იქნება ხვალაც. ეზოში დავდგამთ პატარა მაგიდას, დაჩუტულ ლელოს ბურთსსასმისად ვაქცევთ და მივულოცავთ ერთმანეთს. მოკლედ, ხვალაც იგივე გამეორდება...

ჩამოსული სტუმრები, ხშირად უცხოელები, უკვე ყოველწლიურად ებმებიან ამ ლამაზ რიტუალში. არის ხალისი, ჟრიამული, ძველი ამბების მოყოლა, ხუმრობა. შემდეგ ამ უცხოელებიდან ზოგი კიდეც შემოგვათვრება ხოლმე...

თამაშითა და ბურთის ერთმანეთისთვის გადაწოდებით ეკლესიაში მიგვაქვს ბურთი და იქ რჩება საღამოს 5 საათამდე. 5 საათისთვის უკვე მამა საბა ააგდებს ბურთს და ბრძოლა დაიწყება.

30 აპრილი, შაბათი

დღე ოჯახში ფუსფუსით იწყება: ხვალ აღდგომაა. ჩემი მეუღლე, დედაჩემი და, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანი ჩართულები ვართ სააღდგომო სამზადისში, იქნება ეს კვერცხის შეღებვა, პასკის დაცხობა, სააღდგომო კერძების მომზადება თუ სხვა რამ... ველოდებით სტუმრებს.

აღდგომისა და, მასთან ერთად, ლელობურთის მოახლოებას დიდი სიხარულით ვხვდებით. ამ დღესასწაულს ორმაგი დატვირთვა აქვს ჩემთვის. ძალიან ემოციური და ძალიან გახალისებული ვარ, თან იმასაც ვფიქრობ, მოვიგებთ თუ წავაგებთ, როგორ იქნება თამაში... ლელობურთში აზარტიც არის ჩადებული, რა თქმა უნდა.

ახლაც ხვალინდელ დღეზე ვფიქრობ, რა იქნება და როგორ. რამდენადაც ვიცი, ზემოურები ძალიან კარგად არიან მომზადებული. ვნახოთ... ღმერთმა გაუმარჯოს ორივე მხარეს!

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG