Accessibility links

logo-print
2 სექტემბერი, კვირა
დილის შვიდი საათია. თვალი გავახილე... მივხვდი, რომ ახალციხეში ვარ. ყოველთვის ასე ხდება: გაღვიძებისთანავე ვარკვევ - „სად ვარ?“. ეს გამოწვეულია ჩემი ცხოვრების ყაიდით - ხშირად მიწევს სამუშაოს გამოცვლა და მოგზაურობა და, თუ კაცი ამას ჩემს აბდაუბდა სიზმრებსაც დაუმატებს, არ უნდა იყოს ადვილი იმის დადგენა, თუ სად ვესწრები ისეთ გენიალურ აქტს, როგორიც აისია.

წმ. მარინეს ტაძრიდან ზარის ხმა ისმის. შეგუებული ვარ: ტურისტული სეზონის დასრულებამდე ლიტურგიას ვერ დავესწრები. წყალი გადავივლე და ახალციხის ციხის ტალანებისაკენ გავწიე. რაც უნდა ადრე მივიდე, უკვე იქ მხვდება მუშებისა და დამლაგებლების ფუსფუსი. დღეს თუ ყველასთვის დასვენებაა, ჩვენი ციხისთვის და მუზეუმისთვის მძიმე დღეა. ჩემს სამუშაო ოთახს ცალკე შესასვლელი აქვს და ფანჯრები აღმოსავლეთისკენ იყურება (ისე, ჯობდა დასავლეთისკენ ჰქონოდა, მიყვარს დაისის ყურება; არ იფიქროთ, ზღვისკენ ვიხრებოდე, ჩემთვის მთა ყველაფერია. მთაში მზის ჩასვლა ყველაფერს მირჩევნია, მაგრამ ამისთვის ახლა არ მცალია).

დღეს ვიზიტორების მოზღვავება იქნება და გიდები უნდა გავაფრთხილო, რომ ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება გამოიჩინონ. განრიგს გადავხედავ და ჩემი მემართება... სანამ ხალხი მოვა, ოც წუთს მოვიპარავ და ჩემს საყვარელ საუზმეს შევექცევი: ვიღებ ჩემი საყვარელი ავტორების ერთ აბზაცს, ჩაითა და თამბაქოთი ვაზავებ და მადიანად ვილუკმები. ამ შემთხვევაში, მამარდაშვილი ვამჯობინე, მაგრამ დაგემოვნებას ვინ დაგაცდის!

შეუმჩნევლად გავიდა დრო და დილის თათბირს ვიწყებთ. მერე მთელი დღე გადარბენა. აუარებელი ვიზიტორი - არავინ დარჩეს უკმაყოფილო, აქეთ გიდს ითხოვენ, იქით კომპანია რეკავს ხვალისთვის. მეგობრებს ყურადღებას ვერ ვაქცევ და უკმაყოფილო სიტყვები ისმის ჩემი მისამართით, მაგრამ ვიცი, რომ გადაუვლით, და კვლავ საქმეზე გადამაქვს ყურადღება. ქუთაისის მუზეუმიდან გვეწვივნენ კოლეგები. აღფრთოვანებას ვერ მალავენ. საინფორმაციო ცენტრში უცხოელების შემოსევაა. მონაცემებს ვაგროვებ. კარგი შედეგია. რვა საათისაკენ დაძაბულობა იკლებს. თანამშრომლები კვლავ ვიკრიბებით და დღეს ვაჯამებთ. დამთვალიერებლები მოსეირნეებით შეიცვალა. ტერასაზე, სადაც კაფეა, მხიარულობა და ლუდის სმა მატულობს. ახალგაზრდობა თავისას მიერეკება: კარგი საყურებელია!

მე კვლავ კომპიუტერს ვუბრუნდები, რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელი. ათი საათისთვის ვამთავრებ და ქვევით ჩავდივარ. ერთი ჩემი ყოფილი მოწაფე მხვდება. ერთ კათხა ლუდს ვსვამ და ვგრძნობ ყველა მილიმეტრს, რაც ლუდმა გაიარა. მაგარი შეგრძნებაა!..

3 სექტემბერი, ორშაბათი
თვალი გავახილე თუ არა, ისევ წმ. მარინეს ეკლესიის ზარის ხმა ჩამესმა. ზარი პატარაა და შორიდან მოსული მისი ხმა რაღაცნაირ სევდას მგვრის. ამ გრძნობამ ჩემი პატარა „საკონცერტო დასი“ გამახსენა, ქიზიყში რომ მყავს გაგზავნილი „გასტროლებზე“ - ჩემი შვილები: კესო, ანასტასია და ელისაბედი ჩემს მამა-პაპისეულ სოფელში, ნუკრიანში არიან „დასის რეჟისორთან“ და „სამხატვრო ხელმძღვანელთან“ - პაპასთან და ბებიასთან. მათზე ფიქრისას რაღაცნაირი სიბრალულის გრძნობა მიჩნდება. ძალიან მომენატრნენ. მერე ჩემ თავზე მეშლება ნერვები. იმ წუთში ვდგები და ციხის ზედა კარიბჭემდე გავრბივარ. ისევ ჩემი საყვარელი საუზმე - ამჯერად, ანტონ სუროჟელს გეახლებით, რაც ნახევარ საათს გრძელდება.

ისევ თათბირი და სამუშაოს განაწილება. დღეს ერთ-ერთ ჯგუფს ქალაქის შემოსასვლელში უნდა დავხვდეთ. გიდი გადავა მათ ავტობუსში და სანამ ციხის კომპლექსზე ავლენ, ზოგადად მიმოიხილავს სამცხე-ჯავახეთის ისტორიას. ტექსტი ცხრაჯერ გადავამუშავეთ და შედარებით დაიხვეწა, რაშიც ლომის წილი მიუძღვის ჩვენს მეცნიერს - ნატო ყრუაშვილს. მაგრამ იმ დიდებულებასთან და, ამავე დროს, ჯოჯოხეთთან შედარებით, რასაც სამცხე-ჯავახეთის ისტორია ჰქვია, რა უბადრუკად გამოიყურება გიდისთვის მომზადებული ნებისმიერი ტექსტი! მაგრამ რას ვიზამთ? ტური უნდა ჩატარდეს. ისე, ბევრჯერ მიცდია ტურისტის თვალით დამენახა ეს ჩვენი მარშრუტი და ვხვდები, რომ რამდენადაც გასაოცარი და სასიამოვნოა ნანახი და გაგონილი ისტორიები პირველაღმომჩენის თვალით, იმდენად დასანანია, რომ შეუძლებელი გეჩვენება იმ ცოცხალი განცდის მიტანა ტურისტთან, შენთვის ასე ბუნებრივი და ტკივილამდე თანშეზრდილი რომ არის. ეს არაა გადაპრანჭული სიტყვები, რადგან ჩემი ბავშვობა დღესაც წრიალებს ხან აწყურისა და ახალციხის ციხეზე, ხან ზარზმისა და ვარძიის მონასტრებთან. ამიტომ, როცა გიდის მოვალეობას ვეწეოდი, დროის სიმცირის მიუხედავად, ერთ ძეგლს, მაინც ზედმეტად „ვტენიდი“ უკვე გადაღლილ და სახეშეჭმუხნილ ტურისტებს. ეს ჟესტი ბევრჯერ ყოფილა უკმაყოფილების საწინდარი ჩემსა და კომპანიის მესვეურებს შორის.

ტურმა მშვენივრად ჩაიარა. ციხის პარკინგი გადატენილია მანქანებით, გიდები ვეღარ აუდიან სტუმრებს. კაფეები და ბარები თუხთუხებენ. დღის შეჯამებისას აღმოჩნდა, რომ მიუხედავად ორშაბათისა, ორმაგად დატვირთული დღე გამოგვივიდა. უკვე ათი საათია. ვზივარ ოთახში. ტელეფონიდან - ჩემი მეუღლეა, რომელსაც ბიშოპი და ჰამსუნი გამოვგლიჯე და მათ მაგიერ პატარა „საკონცერტო დასი“ ჩავაბარე. მატყობინებს, რომ ქიზიყში „გასტროლების“ ამ დღემ წარმატებით ჩაიარა და რომ მოხიბლულები არიან „მაყურებლები“ მათი ეგრეთ წოდებული „ვონკალით“.

4 სექტემბერი, სამშაბათი
ყოველ ცისმარე დღე ახალციხის ციხე სხვადასხვანაირია. დილით რომ გამოვედი, მზე წვალობდა ღრუბლისაგან თავის დასაღწევად. ყველაფერს თავისი ისტორია და ბედისწერა აქვს. არც ეს ციხეა გამონაკლისი. მასაც აქვს ისტორია - ძალზე საინტერესო და მრავალფეროვანი... ახალციხის ციხის აღმშენებლობა ემთხვევა სამხრეთ საქართველოში ქართველთა მეფის აშოტ პირველი კურაპალატის მიერ ტაო-კლარჯეთის სამეფოს დაარსებას. მისმა უმცროსმა ვაჟმა - გვარამ მამფალმა - IX საუკუნეში სამცხეში სამი ციხე ააგო: ლომსია, ოძრხე და ჯვარი.

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, „ლომსია“ პირველად ახალციხის თავს დადგმულ ციხეს ერქვა, შემდეგ კი, როცა ამ ციხის გარშემო ქალაქი გაშენდა, ეს პუნქტი უკვე ახალციხედ მოიხსენიება. თვით ტოპონიმი „ახალციხე“ კი დაკავშირებულია ან ახალი ციხის აშენებასთან, ან ძველი ციხის განახლებასთან.

ისტორიულ წყაროებში ახალციხე პირველად მოიხსენიება 1204 წელს, ბასიანის ომის დროს. თამარ მეფის სარდლები - შალვა და ივანე ახალციხელები მოხელეობის გზით ფლობდნენ ახალციხეს. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ მეოთხეს ახალციხის ციხე ერთგულების ნიშნად სულა კალმახელიძისთვის უბოძებია.

XIII საუკუნიდან ახალციხის მფლობელი ხდება ჯაყელების საგვარეულო სახლი. ამ დროს სარგის ჯაყელი ინიშნება სამცხის მმართველად და იღებს ათაბაგის ტიტულს. სარგისი და მისი შვილი, ბექა მანდატურთუხუცესი, იწყებენ სამცხე-საათაბაგოს ტერიტორიების გაფართოებას და აღმშენებლობას, რასაც ხელი შეუწყო მათ ოჯახში გიორგი V ბრწყინვალის აღზრდამ და ტრაპიზონის იმპერატორთან, ალექსი კომნენოსთან, დამოყვრებამ. ამ პერიოდში აიგო მრავალი ციხე და მონასტერი: ზარზმა, ჭულე, საფარა. ამავე დროს შეიქმნა ბექა-აღბუღას იურიდიული დოკუმენტიც - „სამართლის წიგნი“. ჯაყელების საგვარეულო სახლის წარმომადგენლები ამ კუთხეს მე-19 საუკუნემდე ფლობდნენ.

სამცხის უკანასკნელი ქრისტიანი მმართველი იყო მანუჩარ III ჯაყელი, რომელიც მისმა ბიძამ, ბექამ, მოწამლა და თავად გახდა პირველი მაჰმადიანი მმართველი საფარ-ფაშას სახელით.

1453 წელს თურქ-ოსმალთა ტომებმა აიღეს კონსტანტინეპოლი და დაიწყეს საზღვრების გაფართოება მეზობელი სახელმწიფოების ხარჯზე. 1578 წელს ოსმალთა ლაშქარმა მუსტაფა-ლალა ფაშას მეთაურობით ჩილდირის ციხესთან მოიგო ბრძოლა და დაიკავა მთელი სამცხე-საათაბაგო. ამ პერიოდიდან ოსმალებმა დაპყრობილ სამცხე-საათაბაგოს სამთავროს ნაცვლად „გურჯისტანის ვილაიეთი“ ანუ „ახალციხის საფაშო“ უწოდეს. ხანდახან მას „ჩილდირის საფაშოს“ სახელითაც მოიხსენიებენ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს, 1828 წლის 15 აგვისტოს, რუსთა და ქართველთა გაერთიანებულმა ლაშქარმა გენერალ პასკევიჩის მეთაურობით აიღო ახალციხე. ლეგენდის თანახმად, ქართველმა გენერალმა და პოეტმა-რომანტიკოსმა გრიგოლ ორბელიანმა ზარბაზნის ერთი გასროლით ჩამოაგდო მეჩეთის თავზე აღმართული მაჰმადიანური სიმბოლო - ნახევარმთვარე.

მინდა თუ არ მინდა, ამ და სხვა ისტორიულ მოვლენებზე მიწევს საუბარი და ფიქრი. ათას რამეზე ვფიქრობ: ამ ციხის ადრინდელსა და ახლანდელ მნიშვნელობაზე, პერსპექტივებსა და გზებზე. ერთი კია, ის დღესაც არ ჰკარგავს აზრსა და მიზანს.

დაღამდა. მთვარე ისევ ისე ამოვიდა, როგორც მაშინ...

5 სექტემბერი, ოთხშაბათი
დილით ისევ ღრუბლიანში გათენდა. მზე ისევ გულმოდგინედ ცდილობს გამონათებას. სანამ მზე გაიმარჯვებს, უნდა მოვასწრო და... ვივალდის ვეცი (მიყვარს ღრუბლიანში „წელიწადის დროების“ მოსმენა). ისევ ჩემები გამახსენდნენ და მოვიწყინე. ვიცი, ახლა სამივე შვილი საუზმეს ელოდება და მანანა ორი ხელით რვის მოვალეობას ასრულებს. ამჟამად, მგონი, ისევ ბიშოპის თარგმანზე მუშაობს. კარგად გამოსდის და ჩემს თავზე ვბრაზობ, რომ ვერასდროს ვერ შევუქმენი სამუშაო გარემო. როცა ჩვენს ოჯახში ინტელექტუალური სამუშაო მიდის და „ბასტი-ბუბუ“ თავისას მიერეკება, მუდამ მახსენდება „არაჩვეულებრივი გამოფენა“. ისე, ხშირად რომ შეგვეძლოს პრობლემების იუმორში გადატანა, ცხოვრება უფრო მსუბუქი გახდებოდა.

ბიჭებმა დამირეკეს, ჩამოსვლა უნდათ. მე შევპირდი, რომ თუ ჩამოსვლას მოახერხებდნენ, სლესის ციხეს კარვებში ღამეს გავუთევდით. აქ საღამოს უკვე საკმაოდ ცივა, მაგრამ გავიხსენებდით მაშინდელს. ჩვენ ხო ეგრე ვიცხოვრეთ...

6 სექტემბერი, ხუთშაბათი
ხანდახან მგონია, რომ პროფესია ბედისწერაა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან მიმსახურია სხვადასხვა მიმართულებით, პედაგოგობის თექვსმეტწლიანი სტაჟი არ გამიწყვეტია. ვფიქრობ, ეს სიცოცხლის მუხტს მაძლევს და ცოტა გამომდის კიდეც. ის რად ღირს, რომ მოუმზადებელი არ მიდიხარ აუდიტორიასთან და ეს დეტალი ხშირად იმარჯვებს ჩემს თათქარიძისეულ სიზარმაცეზე; მერე ის, რომ ტყუილის თქმას ნაკლებად ვახერხებ და ქრისტიანობას ცოტათი მაინც ვუახლოვდები ხოლმე. მაგრამ ყველაზე ძვირფასი ურთიერთობებია, რაც, ხშირ შემთხვევაში, არ მთავრდება. წელს, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ვერ მოვახერხე სტუდენტებთან ერთად ექსპედიციაში წასვლა. ამიტომ მათ საყვედურნარევ მოკითხვას ვერიდები. ახლა მწერენ, რომ ახალციხეში უნდათ ჩემთან ჩამოსვლა. ეს იდეა ჩემთვისაც მისწრებაა! ცოტა შევცვლი რაღაცას. ჩამოვიდნენ... ავიყვან ჭულევის მონასტერში, დავცემთ კარვებს, სამსახურის მერე მეც ავალ და ერთ-ორ საღამოს ერთად გავატარებთ. მონასტრის წევრებს ხელს წავუკრავთ საჩვენო საქმეში. მესხეთში ცა ხომ ახლოსაა? დავანთებთ კოცონს და უფრო ახლოს მივალთ ჩვენც ერთმანეთთან.

7 სექტემბერი, პარასკევი
ეს დღე ერთ-ერთი მძიმე დღეა ჩემს ცხოვრებაში. ამ დღეს გარდაიცვალა ჩემი სულიერი მეგობარი, მეჯვარე და მოძღვარი, მამა დავითი. ყოველ წელს მივდიოდი მის საფლავზე, მაგრამ წელს ვერანაირად ვერ ვახერხებ. ბიჭები წავიდნენ. მე აქაურ მღვდელს ვთხოვე, რომ დილით წირვა დაგვეყენებინა მის სახელზე, დაახლოებით შვიდ საათზე. თვითონაც ასე უყვარდა: გამთენიისას, ყოველ ორშაბათს, ბოდბის მონასტერში წირავდა. ერთ რამედ ღირდა!.. ახლაც ფიზიკურად ვგრძნობ იმ განცდას, რომელსაც ვერასდროს გამოვთქვამ. რაც დრო გადის, უფრო მეტად ვფიქრობ მასზე: მოარული სიკეთე იყო, შვილებს რომ მოუყვები, ისეთი. ბოლომდე დაიხარჯა. გამიგონია, ყველაზე დიდი ქადაგება საკუთარი ცხოვრების წესიაო. ასეთები რომ არსებობენ, მერე შენც გინდება სიკეთე. ერთხელ რომ ნახავდა კაცი, მერე ვეღარ ივიწყებდა. სამსახურის შემდეგ ჭიქა ღვინოზე გავიხსენებ...

8 სექტემბერი, შაბათი
თბილისში მოვდივარ ჩაწერაზე. გზა ჩემია! მთელი ცხოვრება გზაში ვარ. ძალიან მიყვარს, როცა საჭესთან არ ვარ. მაშინ შემიძლია მოვდუნდე. ვიფიქრო, ვიოცნებო და პეიზაჟებით თვალი დავაპურო.

რაღაცნაირ გუნებაზე ვარ, რომ ვერ გითქვამს, ისეთზე. აი, სამცხის კარი, ბორჯომის ხეობა და ბოლოს ქართლი... ჩემი ნიკო სამადაშვილი ამეკვიატა:

ლოცულობს ყველა, ვისაც ჯერ კიდევ
შერჩა ხალისი და მდუმარება,
მე კი ცეცხლივით გულს მეკიდება
ჩემი ცხოვრების გადაგვარება.

ირგვლივ დარდები შემომაშენეს,
თვალის სინათლეს მწუხრნი კენკავენ,
ჩემო ლიახვო, ალბათ, მე და შენ
სამშობლოს იქით გადაგვრეკავენ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG