Accessibility links

logo-print

28 სექტემბერი, კვირა

დილას მაღვიძებს ხელოსანი გივი, ჯამბულთან ერთად. საოცარი ადამიანები არიან! მოვიდნენ, რომ გააგრძელონ წინა დღეს დაწყებული სამუშაო - ჩემთვის ძალიან ღირებული. ჩემს ახალ ბინაში მცირე ეზოა და გივი და ჯამბული ამ ეზოსთვის ღობის გაკეთებაში მეხმარებიან. ეს ყველაფერი კეთდება ჩემი შვილებისთვის, ჩემი ოჯახისთვის: მარის და თიკოსა და მათესთვის.

გაისმის ზარი, მირეკავენ სამსახურიდან (მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრიდან) და მოულოდნელად მიძახებენ სამუშაო შეხვედრაზე, რადგან თურმე ხვალ იმართება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც მედიით უნდა გაშუქდეს. მე, რა თქმა უნდა, ვბრაზდები, მაგრამ მაინც მივდივარ, რადგან ჩემთვის ეს სამსახურიც ძალიან ღირებული და ძვირფასია. როგორც არაერთხელ, ამ მომენტშიც მახსენდება აკვიატებული ფილმი: ადამ სენდლერის Click-ი, რომლის მთავარი პერსონაჟი გამუდმებულ ცაიტნოტშია, არაფერზე დრო არ ჰყოფნის, არ ჰყოფნის დრო ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის. სულ მახსენდება, ვხედავ მსგავსებას ამ პერსონაჟთან, მაგრამ მაინც არ მინდა ის პულტი, რომლითაც ვმართავ დროს.

მივედი სამუშაო შეხვედრაზე. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მართლაც მნიშვნელოვანი საქმე კეთდება, რომელიც უკვე დიდი ხანია გრძელდება და ჯანჯლდება. ეს არის მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სისტემის პროექტის შემუშავება, რომელიც მეორე დღეს უნდა გავაცნოთ ჩვენს კონსულტანტებს. პარალელურად, ტელეფონით ვესაუბრები გივისა და ჯამბულს, რომლებსაც ხან მილკვადრატი აკლდებათ, ხან ხრეში და მთხოვენ, ელექტროდი მივიტანო დროზე და მეკითხებიან რას ვფიქრობ მე?

სწორი კითხვაა: რას ვფიქრობ მე, როცა კეთდება ჩემივე ღობე. რა დროს სამსახურია?! ამაზე ძალიან ბევრს ვხალისობ და თან ვბრაზდები.

მოვდივარ სახლში და ვიცი, რომ მელის ძალიან კარგი საღამო: ჩემი მეუღლის მეგობრები და თანამშრომლები მოდიან ჩვენი ახალი ბინის სანახავად და იმავდროულად, წინმსწრებად, ჩემი მეუღლის დაბადების დღის აღსანიშნავად, რომელიც ხვალ არის. სრულიად სხვა სამყაროში აღმოვჩნდი საღამოს. ეს ადამიანები არიან ლიტერატორები, წიგნის მოყვარული ხალხი, მუშაობენ საბავშვო ბიბლიოთეკაში, არიან ძალიან პოეტურები და რომანტიკულები. მოკლედ, საღამომ ძალიან კარგად ჩაიარა.

29 სექტემბერი, ორშაბათი

ჩემი მეუღლის დაბადების დღეა. არადა, ყველანი დაკავებული ვართ მიმდინარე რუტინით. ვცდილობ, ყურადღებიანი ვიყო. ისევ მახსენდება ადამ სენდლერის Click-ი. ვულოცავ და გავრბივარ სამსახურში, მაგრამ მანამდე მათე უნდა მივიყვანო საბავშვო ბაღში.

განრიგი ძალიან დაძაბული მაქვს: 10 საათზე ვხვდები გერმანიის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს სამართლებრივი პროგრამის წარმომადგენლებს - ძალიან კარგ ახალგაზრდებს, რომლებიც თანამშრომლობენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან. მათთან ერთად განვიხილავთ ერთ-ერთ დამხმარე სახელმძღვანელოს - „სამართლის ქალაქის“ - პილოტირებისა და ჩვენს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში გავრცელების გზებს. ძალიან ნაყოფიერი, საქმიანი, კარგი შეხვედრა იყო, რომელიც კარგი შედეგით დასრულდა. კარგად ვგრძნობ თავს, რადგან ეს ინიციატივა დავაკავშირე მასწავლებლების ახლად ჩამოყალიბებულ ასოციაციასთან. ამ საქმეს ერთად მიხედავენ და მეც კმაყოფილი ვარ. მერე, ძალიან მალე, ბოდიშს ვუხდი ჩვენი შეხვედრის დროის ამოწურვისათვის, რადგან 12 საათზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს - მასწავლებელთა მომზადების, პროფესიული განვითარებისა და წინსვლის სისტემაზე, განათლების სისტემაში ძალიან მნიშვნელოვან ადამიანებთან, რომლებიც კოლეგები არიან, მეგობრებიც არიან. ძალიან დიდი ხანია, ამ ხალხთან ერთად ვფიქრობთ ამ საკითხებზე, უკვე ბევრი წელია, ერთად ვმუშაობთ,.

დღეს მხოლოდ ერთ ნაწილს განვიხილავთ: მასწავლებლების პროფესიული მომზადების, ანუ მასწავლებლების საუნივერსიტეტო მომზადების, საქმიანობის დაწყებისა და დაქირავების ნაწილს. მე, რა თქმა უნდა, ყველაზე საჩოთირო, მტკივნეული საკითხი შემხვდა: როგორ უნდა მოეწყოს მასწავლებლების დაქირავება სკოლაში, როგორ უნდა დაიწყონ საქმიანობა მასწავლებლებმა. ვსაუბრობ იმ პრობლემებზე, რომლებიც ამ სფეროში არსებობს. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის. მიწევს ისეთ საკითხებზე საუბარი და ამ აუდიტორიის წინაშე ისეთი რეკომენდაციების თქმა, რომლებიც დამსწრეთ, შესაძლოა, ისედაც კარგად ესმოდეთ, მაგრამ ფართო საზოგადოებისთვის შეიძლება მიუღებელი იყოს. რადიკალური ცვლილებები ამ სფეროში შეუძლებელია რადიკალური ღონისძიებების გაუტარებლად. მთელი ჩვენი დისკუსია ამ ადამიანებთან, უკვე მერამდენე წელია, დადის ერთ რამეზე: რატომ არ ენდობა ჩვენი სახელმწიფო მასწავლებლებს, სკოლებს და მოსწავლეებს, რომ მათ თავად განსაზღვრონ, იკამათონ და გადაწყვიტონ, როგორ ასწავლონ და ისწავლონ, რა არის მათთვის კარგი განათლება, ვინ არის მათთვის კარგი მასწავლებელი? სულ ვაწყდებით ამ ბარიერებს: სახელმწიფო სკოლებს გადაწყვეტილებების მიღებას არ ანდობს. იმავდროულად ამბობს, რომ ეს მასწავლებლები და დირექტორები ნაკლებად კვალიფიციურები არიან და მეორე მხრივ, უსაზღვრო ნდობას უცხადებს „არაკვალიფიციურად“ შერაცხულ მასწავლებლებს, რადგან მათ უვადო ხელშეკრულებებს უფორმებს. აი, ასეთ საკითხებზე ვმსჯელობთ.

საღამოს მიწევს გაქცევა კიდევ ერთ პარტნიორ ორგანიზაციასთან - PH International-თან. იქ მაქვს სამუშაო შეხვედრა სამართლებრივი კულტურის პროექტის მორიგ საწვრთნელ-სატრენინგო პროგრამაზე, რომელიც სკოლებს უნდა ჩავუტაროთ.

30 სექტემბერი, სამშაბათი

დღე ჩვეულებრივად იწყება: მათეს მიყვანით ბაღში, სამსახურში მისვლით. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში ისევ ვხვდები გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს სამართლებრივი პროგრამების წარმომადგენლებს შეხვედრაზე განვიხილავთ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში საშუალო საფეხურზე პრაქტიკული სამართლის სახელმძღვანელოს პილოტირების საკითხებს. ძალიან დაწვრილებით ვლაპარაკობთ დეტალებზე და ამას ნახევარ დღეს ვანდომებთ. შემდგომი ნახევარი დღე ეძღვნება ჩემი ნივთების გადალაგებას ერთი ოთახიდან მეორეში, რადგანაც სტრუქტურულმა რეორგანიზაციამ ოთახების გაცვლა-გამოცვლა გამოიწვია. მოკლედ, მთელ დღეს ვატარებ წიგნების ყუთებში ჩალაგებასა და გადაზიდვაში. ისევ მახსენდება ადამ სენდლერი...

საღამოს ჩემს შვილებს, ჩემს ოჯახს გამოვყავარ ამ რუტინული მდგომარეობიდან. შვილები მიამბობენ, როგორ უყვებოდა მათ მასწავლებელი გაკვეთილზე, მაგალითად, სერიალს ან როგორ მომიკითხა უფროსი ქალიშვილის ახალგაცნობილმა ვაჟმა მე, როგორ გადმომცა მოკითხვა და როგორ აინტერესებს მას ბლუზი. ამას გადავყავარ სხვა სამყაროში და თავს ადამიანად ვგრძნობ.

1 ოქტომბერი, ოთხშაბათი

კვლავ მივდივარ სამსახურში იმიტომ: ნივთების ბოლომდე გადალაგება ვერ მოვასწარი. მერე კვლავ სამუშაო შეხვედრა და 4-5 საათის განმავლობაში განვიხილავთ იმას, თუ როგორ ჩაიარა წინა დღის შეხვედრამ და როგორ მივიღოთ ამ ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ძვირფასი დოკუმენტის პროექტისთვის უკუკავშირი მათგან, ვინც კონსულტირებაზე დაგვთანხმდა. ცოტა მომაბეზრებელია. შეხვედრის ბოლოს ხვდები, რომ უკვე მერამდენე წელია, ამ საკითხებზე ვმსჯელობთ ერთსა და იმავე ხალხთან ერთად. მათ ვინც ეს ყველაფერი უნდა წაიკითხოს (მაგრამ არ კითხულობს), გადაწყვეტილების მიღება უჭირთ; ამ გადაწყვეტილებას არ იღებენ და ვერ იღებენ. ეს მაბრაზებს, ძალიან მაბრაზებს. მდგომარეობიდან გამოვყავარ ჩემი მეგობრის, გიგი თევზაძის ზარს, რომელიც მთავაზობს მეორე დღეს შეხვედრას ჩემს უმცროს შვილთან, მათესთან დაკავშირებით. მათე თავისებური ბავშვია. ეს შეეხება მისი მდგომარეობის გაუმჯობესების რაღაც ახალ მეთოდს. ეს მაბრუნებს ჩემს მთავარ დანიშნულებასთან - მოვდივარ აზრზე, რომ რასაც ვაკეთებ, რაც მგონია, რომ სასარგებლოა, საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ძალიან კონკრეტულ ადამიანებზე უნდა აისახოს - პირველ რიგში, ჩემს შვილებზე.

2 ოქტომბერი, ხუთშაბათი

სამუშაო დღე მეწყება იმით, რომ გერმანიის განვითარების სააგენტოსათვის, პილოტირებისთვის ვარჩევ სკოლებს. გადაწყვეტილება მივიღეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში როგორ განხორციელდეს ამ სახელმძღვანელოს პილოტირება, როგორ გაიწვრთნან მასწავლებლები და ა.შ. ვასრულებ სამსახურის მიმდინარე საქმიანობას - მაგალითად, მასწავლებელთა კონფერენციისათვის სამოქალაქო განათლების მასწავლებლების საკონფერენციო თემების შერჩევას. მიხარია, რომ ცხრა ადამიანმა გამოაგზავნა საკონფერენციო თემები. მზად ვარ, კონფერენციაზეყ ველა დავუშვა.

მივდივარ შეხვედრაზე გიგისთან, რომელიც ჩემი მათესთვის ძალიან სასარგებლო რჩევებს მაძლევს. ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, განათლებაზე, იმიტომ, რომ ისიც განათლებით დაინტერესებული ადამიანია და ამ საუბარში იკვეთება, რომ ჩვენ და ჩვენ გარშემო მყოფი ნაცნობი და საყვარელი ადამიანები, ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ვემსახურებით კეთილშობილურ საქმეს ჩვენი შვილების სახელით, მაგრამ თავად ჩვენს შვილებს ნაკლებად ვუთმობთ ამ დროს. რა თქმა უნდა, კვლავ მახსენდება სენდლერი.

ვცდილობ, გამოვასწორო ეს მდგომარეობა და ძალიან კონკრეტულ ადამიანს, ჩვენი მეგობრის შვილს, დავეხმარო, ჩვენსავე უნივერსიტეტში - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში - ფაკულტეტის გამოცვლის მერე, სწორად აირჩიოს საგნები და მიხარია, რომ ამას ვახერხებ. საღამოს გრძელდება სამუშაო შეხვედრა ისევ სკოლებში სამართლებრივი კულტურის პროგრამაზე PH International-ში, სადაც სამდღიანი ტრენინგისათვის ვემზადები.

ძალიან კარგი რამ ხდება დღეს ჩემს თავს: სამუშაო შეხვედრისას მირეკავს ჩემი კოლეგა და მეგობარი, რომელიც შეპარვით მეუბნება, რომ ჩემთვის ძალიან დიდი ხნის ნაცნობი და ძალიან კარგი ადამიანი ცდილობს ჩემთან შეხვედრას. ირკვევა, რომ ეს ძალიან კარგი ადამიანი, ვისთვისაც შეიძლება სასარგებლო ვიყო, ჩემი ყოფილი მოწაფეა. ბევრი წლის წინ მას სკოლაში ვასწავლიდი.

მარიამ ალანია, რომელსაც შევხვდი, უკვე დიდი ადამიანია, ორი შვილის დედაა. ძალიან გონიერია, მაგრამ ისევ ის მარიამია, რომელიც მესამე კლასში მახსოვს. ეს ის კლასი იყო, რომელშიც პირველად ჩავატარე გაკვეთილები. დღევანდელი საღამო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან სასარგებლო აღმოვჩნდი მარიამისთვის. ვისაუბრეთ ჩემთვისა და მისთვის მტკივნეულ მტკივნეულ თემებზე: როგორ ვასწავლოთ მასწავლებლებს ბავშვებში ტრავმის განეიტრალება. ათმაგად, ასმაგად მიხარია, რომ, რასაც 92-93 წლებში ვცდილობდი, როგორც ახალგაზრდა მასწავლებელი, როდესაც ტრავმირებული იყო მთელი საზოგადოება და, მათ შორის, პატარა მარიამიც, ფუჭად არ ჩაუვლია. ეს კვალი, როგორც ჩანს, მე და ჩემმა კოლეგებმა მასში დავტოვეთ და ის ახლაც ცდილობს ამ საქმის კეთებას.

3 ოქტომბერი, პარასკევი

თუ გადავხედავთ ჩემს ცხოვრებას, 3 ოქტომბერი ბოლო ათი წლის განმავლობაში შემიძლია ჩავთვალო რიგით დღედ: ვატარებ ჩემთვის უკვე კარგად ნაცნობ ტრენინგ-პროგრამას სამართლებრივი კულტურის დამკვიდრების შესახებ თბილისის ხუთი სკოლის წარმომადგენლებთან. მთელი დღე ამას ეძღვნება. ასეთ დროს მაქვს ხოლმე აღმოჩენები და ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი აღმოჩენა იყო ის, რომ ამ ხუთი სკოლის ახალდანიშნულ დირექტორთაგან (ტრენინგს ყველა მათგანი ესწრებოდა) ერთი, კითხვაზე, რა არის მისი ჰობი, გვპასუხობს, რომ მისი ჰობი არის ცელქობა. ეს პასუხი უცბად აცოცხლებს აუდიტორიას. და მერე ვაძლევთ საშუალებას, რომ იცელქოს. აღმოჩნდა, რომ ასევეა ყველა დანარჩენისთვისაც, ამ 30-მდე ადამიანისთვის - მასწავლებლებისა თუ დირექტორებისთვის. როცა მათ სიტუაციურ ამოცანას ვთავაზობთ (მაგალითად, როგორ მოიქცეოდნენ მუსიკის გაკვეთილზე მე-7 კლასში), ირკვევა, რომ ყველას ჰობია ცელქობა და ყველა ისეთივე „მოსწავლეა“, როგორიც მათი მოსწავლეები. თურმე, გადასარევად შეუძლიათ გაუგონ და თანაუგრძნონ თავიანთ მოსწავლეებს, შვილებს.

საღამოს − კვლავ სიურპრიზი: ჩემს ახალ ბინაში სუფრის თავში მხვდება ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანი, ჩემი მეუღლის მეგობარი და კოლეგა გიზო თავაძე, რომელიც არ დამელოდა და თამადობს. გვაქვს ძალიან კარგი პოეზიის საღამო, ჩვენთვის ჩვეული ფილოსოფოსობით, მოგონებებით. თუმცა, გიზოსთან ერთად მოგონებები აღმოჩნდა ისეთი, რასაც არც ერთი არ ველოდით: რატომღაც გავიხსენეთ, რა ხდებოდა ჩვენს თავს ეროვნული მოძრაობის დასაწყისში: როგორი იყო განწყობა, როგორი ექსტრემალურები და რადიკალურები ვიყავით. ძალიან ბევრს ვსაუბრობთ ზურაბ ჭავჭავაძეზე და მერაბ კოსტავაზე და ძალიან გვენანება ერთმანეთთან განშორება. დიალოგის გაგრძელება შემდგომისათვის გადავდეთ.

4 ოქტომბერი, შაბათი

დილიდან ვაგრძელებ ტრენინგს თბილისის ხუთი სკოლის მასწავლებლებთან და დირექტორებთან. ეს დღე ჩემთვის უფერულად მიდის, რადგან კარგად ნაცნობ საქმეს ვაკეთებ. თითქოს, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. მაგრამ ამ დღიდან, ამ ხალხთან ურთიერთობიდან, ის შთაბეჭდილება მრჩება, რომ ადამიანს უჭირს იმის აღიარება, რასაც არ აკეთებენ და ვერ აკეთებენ - ჩემი ჩათვლით.

XS
SM
MD
LG