Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გობრონიძე - პოლიტოლოგი


17 ივლისი, კვირა

სიცხე და ზაფხული არასდროს მყვარებია. არც ახლა მიყვარს. შესაბამისად, არც ეს დილა ყოფილა გამონაკლისი. თვალი გავახილე და პირველი, რაც გავიფიქრე, ის იყო, თუ როგორ საშინლად ცხელოდა, განსაკუთრებით აქ, ბათუმში, სადაც სიცხეს ნესტიც ემატება და ჩემნაირი ადამიანისთვის გაუსაძლისი კლიმატური პირობები იქმნება.

დღეს 17 ივლისია. შესაბამისად, დასრულდა „კავკასიური სახლის“ მიერ პროექტის − „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობისთვის“ − ფარგლებში გამართული რეგიონალური ფორუმი „ახალი გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში და ქართულ-რუსული ურთიერთობები“, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ვესწრებოდი. ღონისძიება საინტერესო გამოვიდა. ჩემმა მეგობრებმა „კავკასიური სახლიდან“ ყველაფერი გააკეთეს ამისთვის. ზოგჯერ მიკვირს კიდეც, როგორ ახერხებენ ასეთ დატვირთულ რეჟიმში მუშაობას და პარალელურად ამაღლებული განწყობის შენარჩუნებას.

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „ქართულ-რუსული დიალოგის“ ფარგლებში მიწევს შეხვედრა რუს კოლეგებთან. ყოველი შეხვედრის ბოლოს, ძალაუნებურად მრჩება შთაბეჭდილება, რომ რუსეთში გაცილებით მეტი იციან საქართველოზე, ვიდრე საქართველოში − რუსეთზე. მგონია, რომ ეს პრობლემაა. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქართველოს წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ მოსკოვიდან მოდის. თუმცა არ მიკვირს, რომ ეს პრობლემა არსებობს. საქართველოში, სამწუხაროდ, ცოტას ვმუშაობთ არა მხოლოდ რუსეთის ფედერაციის, არამედ სხვა მეზობელი ქვეყნების პოლიტიკის შესწავლის თვალსაზრისითაც. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ასეთი ნელი ტემპებით ხდება ახალი ცოდნის დაგროვება, რთულია რაიმე სერიოზულ წარმატებას მიაღწიოს სახელმწიფომ.

მიუხედავად ნესტისა, რომელიც აქაურ სიცხესაც და სიცივესაც თანაბრად აუტანელს ხდის, ბათუმი მაინც რჩება ჩემს ყველაზე საყვარელ ქალაქად. ალბათ იმიტომ, რომ აქ ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი ადამიანები ცხოვრობენ. მიხარია, რომ დატვირთული გრაფიკის პირობებშიც კი შევძელი მათი დიდი ნაწილის ნახვა.

ფორუმის მონაწილეებს ადრე ვემშვიდობები. მათთან ერთად თბილისში არ ვბრუნდები. ახალციხეში უნდა წავიდე ჩემს ქეთოსთან და პატარა მათესთან. სადგურში ამიხსნეს, რომ ახალციხისკენ მიმავალი ტრანსპორტი დილით წავიდა და იმ დღეს მეტი აღარ იქნებოდა. მომიწევს, ხაშურამდე გავყვე რაიმეს, შემდეგ კი იქიდან ვცადო ბედი.

ყოველთვის მაოცებდა რვაფეხას უნარი, გაძვრეს ნებისმიერ ხვრელსა თუ ნაპრალში. მას შემდეგ, რაც დიდი გაჭირვებით, მაგრამ მაინც მოვთავსდი სამარშრუტო ტაქსის სკამზე, მივხვდი, რომ მას ბევრით არც მე ჩამოვუვარდები. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. გზაში დავრწმუნდი, რომ ადამიანს შეუძლია, გაუძლოს ვოლფრამის დნობის ტემპერატურას, ინტენსიურ ნჯღრევას, ისუნთქოს უცნობი წარმომავლობის ამიაკით მდიდარი აირი და ცოცხალი გადარჩეს. ამის შემდეგ კი შეისვენოს სასაუზმესთან, რომელიც უფრო მეტად წააგავს ბირთვული კატასტროფის ადგილს, ვიდრე კვების ობიექტს და გაიაზროს, რომ შიმშილი მხოლოდ ლოგიკური გაგრძელებაა ამ მხიარული თავგადასავლის.

ერთადერთი დადებითი მთელი ამ ვოიაჟიდან იყო ნაზუქი, რომელიც, როგორც უკანასკნელი იმედი, ისე მქონდა ჩაბღუჯული სურამი-ხაშურის გზის მონაკვეთზე. მოკლედ რომ ვთქვა, არც მეორე სამარშრუტო ტაქსი ჩამოუვარდებოდა პირველს. ბოლოს, როგორც იქნა, მეღირსა საკუთარი ოჯახის ნახვა იმ გრძნობით განმსჭვალულს, რომ ადამიანი ყველაფერს გაუძლებს.

თავისუფლების დღიურები - გიორგი გობრონიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:11:52 0:00

18 ივლისი, ორშაბათი

დღეს ჩემი მათე სამი თვის გახდა. ვუყურებ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ეს პატარა, ვარდისფერი, მრგვალი არსება იყოს ამხელა სიხარულის მომტანი ჩემთვის. როგორი დაღლილიც უნდა ვიყო, საკმარისია, ერთხელ გაიღიმოს, რომ ყველა პრობლემა სადღაც შორს რჩება და ცხოვრება იმაზე უფრო მშვენიერია, ვიდრე ოდესმე.

დილიდან მირეკავენ მედიის წარმომადგენლები. თურქეთში მომხდარ გადატრიალების მცდელობაზე მეკითხებიან. არც კი ვიცი, რა ვუპასუხო. ეს მცდელობა არც პირველია თურქეთისთვის და, ალბათ, არც უკანასკნელი. არც რეპრესია ყოფილა მოულოდნელი, არც ის, რომ დასაპატიმრებელი ხალხის სიები წინასწარ არსებობდა. ეს ყველაფერი სავსებით ლოგიკურად მეჩვენა. ყველა კრიზისი ხომ იმავდროულად შესაძლებლობაცაა. ამდენად, ცხადია, გადარჩენილი ერდოანი ხელიდან არ გაუშვებდა შესაძლებლობას და პოლიტიკურ ოპონენტებს ჩამოიშორებდა. უბრალოდ მგონია, რომ რეპრესიებით დიდხანს შეუძლებელია ძალაუფლების შენარჩუნება, და თუ ამას მაინც მოახერხებს, მაშინ ნადვილად არ ექნება მის მმართველობას კეთილი დასასრული.

დღეს თბილისში ვბრუნდებით. მათეს თავის კალათში ვაწვენ და შემდეგ ერთად ვთავსდებით მანქანის უკანა სავარძელზე. საჭესთან ქეთოა. მე მანქანის არათუ მართვა, არამედ დაქოქვაც არ ვიცი. იგივე შემიძლია ვთქვა ყველა სხვა სატრანსპორტო საშუალებაზეც, ველოსიპედით დაწყებული, საჰაერო ბუშტით დამთავრებული. სურვილიც კი არ მქონია, მართვა მესწავლა.

გზაში რადიო თავისუფლების ჟურნალისტი მირეკავს. ამჯერადაც თურქეთზე ვსაუბრობთ. პატარამ დაინახა, ტელეფონით რომ ვსაუბრობდი. ჯერ დიდი ინტერესით აკვირდებოდა, თუ რას ვაკეთებდი, ბოლოს კი ღიად გააპროტესტა, რომ მის ნაცვლად პატარა „შავ ყუთს“ ველაპარაკებოდი და მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით ცდილობდა ყურადღების მიქცევას.

თბილისში შევდივართ. აქ კიდევ ერთხელ გამიჩნდა კმაყოფილების განცდა იმის გამო, რომ მანქანას ვერ ვმართავ. საოცარი მოძრაობაა, არავითარი წესრიგი, საყვირების გაბმული ხმა. არ ვიცი, ამ პრობლემას რაიმე თუ ეშველება. შინისკენ მიმავალ გზაზე ქალაქის მეორე უცნაურობა იპყრობს ყურადღებას. ახალი სახლები, რომელთა მშენებლობის პრინციპიც ისევე გაუგებარი და აუხსნელია, როგორც აქაური საგზაო მოძრაობის. პრაქტიკულად არც ერთ მათგანს არ აქვს ეზო. კორპუსებს შორის დაშორება მინიმალურია. თუ ასე გაგრძელდა, მალე „მზის და ვარდების მხარე“ ბეტონის ჯუნგლებს დაემსგავსება.

19 ივლისი, სამშაბათი

დილით ადრე ვდგები. მას შემდეგ, რაც მათე დაიბადა, ჩემი დილა ექვს საათზე იწყება. „იწყება“ პირობითი ნათქვამია. მართალია, ადრე ვდგები საწოლიდან, მაგრამ მხოლოდ ყავის სმის პროცესში ვაანალიზებ, რომ ნამდვილად მღვიძავს.

სამსახურში წასვლამდე მინდა პატარას გასეირნება მოვასწრო. დილის სეირნობა ჩვენთვის ერთგვარ რიტუალად იქცა.

ათი საათისთვის სამსახურში მივდივარ. უკვე ზაფხულის არდადეგებია. შესაბამისად, საქმე ბევრი არ არის.

ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ალექსიძის ქუჩაზეა. სანამ უნივერსიტეტში მივალ, აკადემქალაქის დასახლება უნდა გავიარო. აქ ჩემს ყურადღებას იპყრობს ერთი მრავალსართულიანი კორპუსი, რომლის აივნებიდან ერთი მეტრის დაშორებითაც მეორე კორპუსი დგას. აივნების მხარეს ყრუ კედელია. ასეთი რამ მხოლოდ საშინელებათა ფილმებში წარმომედგინა. გადიხარ აივანზე და შენს წინ როგორც ნაცრისფერი საფლავის ქვა, უსიცოცხლო კედელია აღმართული. სახლში მზის სხივიც ვერ აღწევს.

უნივერსიტეტში სტუდენტები არ არიან. აქაურობა ერთგვარად სევდიანი და ცარიელია. თუმცა, აქ თავს ყოველთვის მყუდროდ ვგრძნობ. თითქოს სახლში ვარ. შენობა, რა თქმა უნდა, არაფერ შუაშია. მთავარი ის ადამიანები არიან, ვის გვერდითაც მუშაობა გიწევს. ესეც რომ არა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი პირველი აკადემიური დაწესებულებაა, სადაც აუდიტორიაში შევედი სტუდენტებთან. ამდენად, აქ მოსულს ყოველთვის სხვანაირი ემოცია მიპყრობს.

მუშაობა ადრე დავასრულე და სახლში ვბრუნდები. დღეს, ალბათ, რაიმე კარგ ფილმს ვუყურებ, ან რამეს წავიკითხავ, ხვალიდან კი სტატიის წერა უნდა დავიწყო.

20 ივლისი, ოთხშაბათი

დღეს მათემ ჩვეულებრივზე ადრე, ღამის სამ საათზე გაგვაღვიძა მე და ქეთო. ჯერ შიოდა, მერე თამაში უნდოდა. ამასობაში გათენდა კიდეც და სასეირნოდ წავედით.

დღეს სტატიის წერა დავიწყე. სექტემბერში მოლდავეთში მივდივარ კონფერენციაზე, რომელიც ევროპული ინტეგრაციის საკითხებს ეძღვნება. სტატიასაც ამ კონფერენციისთვის ვამზადებ. ვწერ პოსტსაბჭოთა სივრცეში ევროპული და ევრაზიული ინტეგრაციული პროექტების კონკურენციაზე.

ევრაზიული ეკონომიკური კავშირი, ალბათ, ყველაზე უფრო საინტერესო ინტეგრაციული პროექტია, რომელიც რუსეთის ფედერაციამ შეიმუშავა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ზოგადად, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ყველაზე დიდი ნაკლი მგონია ის, რომ მან ყოფილ მოკავშირე რესპუბლიკებს ვერაფერი შესთავაზა ისეთი, რაც მათ დიდ ნაწილს რუსულ ორბიტაზე დარჩენას აიძულებდა. ჯერ იყო მკვდრად შობილი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა და მის ფარგლებში შექმნილი ორგანიზაცია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების შესახებ, ახლა კი ეს.

ერთადერთი, რის გამოც ცალკეულ პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში რუსულმა ინტეგრაციულმა პროექტებმა, შესაძლოა, წარმატება მოიპოვონ, არის ის, რომ რუსეთის ფედერაცია არ ითხოვს პარტნიორებისგან გახსნილობას, ადამიანის უფლებათა დაცვას, დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემას. შედეგიც სახეზეა: ევრაზიული ეკონომიკური კავშირი მიმზიდველი აღმოჩნდა ყაზახეთის, ყირგიზეთის, სომხეთისა და ბელორუსიისათვის.

მგონია, რომ საქართველოსთვის ამ ინტეგრაციულ პროექტში ჩართვა მისი სახელმწიფოებრიობის დასასრულის დასაწყისი გახდება. სწორედ ამის დამტკიცებას ვცდილობ ჩემს მოხსენებაში. ვნახოთ, რა გამომივა.

შთაგონების ძიებაში სამზარეულოს მივაშურე. სახლში სამზარეულო ჩემი უსაყვარლესი ადგილია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქეთი დეკრეტულ შვებულებაში გავიდა და მასში ახალი ძალით იფეთქა კულინარულმა ნიჭმა. პრინციპში, არც მე ვამზადებ ცუდად და ეს ყველაფერი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩემს გარშემოწერილობაზე.

21 ივლისი, ხუთშაბათი

იმ ადამიანთა უმეტესობისთვის, ვისი საყვარელი ადგილიც სამზარეულოა, ალბათ, არსებობს საძულველი ნივთი − სასწორი. ამ განწყობით განმსჭვალულმა შეგნებულად ავარიდე თვალი ამ პატარა ჯოჯოხეთის მანქანას და ოთახის მეორე ბოლოს დავჯექი. თუმცა, არ მტოვებდა შეგრძნება, რომ სადღაც „იქ არის“ და ბოლოს ჩემი და მისი შეხვედრა გარდაუვალი იქნება. სადამდეც შემეძლო, გავუძელი. ბოლოს კი მაინც დავდექი სასწორზე. ჯობდა, არ მექნა.

დღეს მათეს გეგმიური აცრა გავუკეთეთ. ყოველთვის მეშინოდა ნემსების. ახლა კი ისეთი შეგრძნება დამეუფლა, როგორიც, ალბათ, ბიბლიურ აბრამს, როცა თავისი ხელით მიჰყავდა ერთადერთი შვილი სამსხვერპლოზე. მახსოვს, როდესაც მათე პირველად ავცერით, ექიმმა მთხოვა, პატარასთვის ფეხი დამეჭირა. არ დამავიწყდება მისი სახე, როცა უჩხვლიტეს. იმ ღამეს მეც და მასაც მაღალი სიცხე გვქონდა. ამჯერად გადავწყვიტე, თავი დამეზღვია და ქეთის წინასწარ ვთხოვე, შეეთავსებინა ექთნის ასისტენტის ფუნქცია. ისევ ჩხვლეტა, პატარამ იტირა, შეგრძნება საზიზღარია.

პოლიკლინიკიდან უნივერსიტეტში წავედი. მაგისტრანტების საბუთები და პირადი საქმეები მქონდა მოსაწესრიგებელი. თან ვფიქრობ, რომ უკვე დროა, დავიწყო სექტემბრისთვის მზადება და წინასწარ მოვამზადო ლექციების კონსპექტები. ასე საქმეს წინ წავიგდებ. მხოლოდ განსაახლებელი მექნება უშუალოდ სასწავლო წლის დაწყებამდე. თან მინდა, რომ წელს მაქსიმალურად ბევრი ვიზუალური მასალა გამოვიყენო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყოველი ლექციის წინ ვღელავ. მუდმივად მაქვს შეგრძნება, რომ რაღაცის თქმა მავიწყდება. ალბათ კარგიცაა, ასე რომ ხდება, რადგან იძულებული ვარ, მეტი ვიმუშაო საკუთარ თავზე, იმისთვის, რომ „ფორმაში ვიყო“.

სახლში დაბრუნებული, მტრულ მზერას ვესვრი სასწორს. თითქოს მისი ბრალი იყო დილით ნაჩვენები სამნიშნა რიცხვი. შემდეგ ცოტა ხანი სტატიაზე ვმუშაობ და შემდეგ წიგნს ვიღებ ხელში. ამ ბოლო დროს ფანტასტიკამ გამიტაცა. ახლაც ფილიპ დიკის რომანს ვკითხულობ − „კაცი მაღალ კოშკში“. ალბათ, ამაღამ დავასრულებ.

22 ივლისი, პარასკევი

გუშინდელი წიგნის შთაბეჭდილების ქვეშ გამეღვიძა. ნაწარმოები ალტერნატიულ რეალობაზეა. მსოფლიოზე, სადაც მეორე მსოფლიო ომში გერმანია-იაპონიის ტანდემმა დაამარცხა მოკავშირეები. თავში ათასი მსგავსი სცენარი მიტრიალებს. რა მოხდებოდა, მაკედონელი გავგამელას ველზე რომ გაენადგურებინა დარიოს მესამეს? როგორი იქნებოდა მსოფლიო ელინიზმის გარეშე? რა მოხდებოდა, ეპირუსის მეფე პიროსს ჩანასახშივე რომ მოესპო რომი და აპენინის ნახევარკუნძულზე ბერძნული მონარქია გამხდარიყო ჰეგემონი? ასე ჩამოვყევი ჩემთვის ცნობილ ისტორიულ მოვლენებს, სანამ არ მივედი ბოლო კითხვამდე: რა მოხდებოდა, საბჭოთა კავშირი რომ არ შექმნილიყო? როგორი იქნებოდა ახლა საქართველო?

აქ ფიქრი მათეს ტირილმა გამაწყვეტინა. გუშინდელი აცრის შემდეგ სიცხე ჰქონდა და ჭირვეულობდა. საათს დავხედე. ათი ხდებოდა. ეტყობა, ქეთიმ არ გამაღვიძა. ვერასდროს ვიფიქრებდი, თუ ის ასეთი კარგი დედა იქნებოდა. მახსოვს, ორივეს ერთმანეთზე უფრო მეტად გვეზარებოდა დილით ადრე ადგომა. აღარაფერს ვამბობ სახლის საქმეებზე. ლამის იყო, „ღვთის სამსჯავროზე“ ვწყვეტდით, ვინ გადაყრიდა ნაგავს, წავიდოდა მაღაზიაში და ასე შემდეგ. ახლა კი მისი ცნობა მიჭირდა. გულის სიღრმეში მისი ენერგიის შემშურდა კიდეც. წუხანდელი ღამე თეთრად გაეთენებინა. სახეზე დაღლილობა ეტყობოდა, თუმცა არ იმჩნევდა.

რაკი თბილოდა, პატარა სასეირნოდ წავიყვანე. ჰაერზე სიცხემ დაუწია და დაეძინა. სახლში რომ დავბრუნდი, ქეთისაც ეძინა. აღარ გავაღვიძე. დავჯექი და სტატიის წერა გავაგრძელე. უფრო სწორად, ხელახლა წავიკითხე, რაც მეწერა. არ მომეწონა, წავშალე და თავიდან დავიწყე წერა.

23 ივლისი, შაბათი

დილით ამაღლებულ განწყობაზე გამეღვიძა. თვალის გახელისთანავე თავში ის აზრი მიტრიალებდა, რომ დროა, მოწევას შევეშვა, დავიცვა დიეტა და, საერთოდ, ჯანსაღი ცხოვრება დავიწყო.

ის იყო, საბოლოოდ დავრწმუნდი საკუთარი გადაწყვეტილების სიმტკიცეში, რომ ტელეფონზე „მესენჯერის“ ხმა გაისმა. ჩემი მეგობარი, სანდრო მწერდა. უფრო სწორად, პიცის ფოტოს მიგზავნიდა. დიდი ხნით ადრე დავგეგმეთ ერთად წასვლა პიცის საჭმელად. საუკუნეა, ერთმანეთი არ გვენახა და კარგი მიზეზი იყო ნამდვილად. ერთი ფოტო საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ჩემს წეღანდელ ფიქრებს შარშანდელი თოვლის ბედი გაეზიარებინა.

ამდენად, თუ არაფერი შეიცვალა, ამ საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ერთად გავატარებ და ათას ჭკვიანურ თუ სულელურ ამბავს გავიხსენებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG