Accessibility links

logo-print
23 სექტემბერი, კვირა
ჩემი კვირადღე ძალიან ადრე დაიწყო. ალბათ, უფრო სწორია იმის თქმა, რომ შაბათი არც დასრულებულა, რადგან კვირას გამთენიისას, ღამის 3 საათზე ჩამოვფრინდი თბილისში ჟენევიდან. გასულ კვირაში გაეროში ადამიანის უფლებათა საბჭოს სესია მიმდინარეობდა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად პარასკევს გვქონდა დებატები აზერბაიჯანში ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ სიტუაციაზე. ვინაიდან სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაზე ვმუშაობ, ამჯერად აზერბაიჯანზე ვაკეთებდი მოხსენებას, თუმცა ჩემი გული და გონება საქართველოში იყო... კი ვთქვი, შაბათი არ დასრულებულა-მეთქი, მაგრამ ალბათ ზედმეტი პათეტიკის გარეშე შეიძლება ითქვას, რომ გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული დღე და ღამე არეული მქონდა – დღისით ვმუშაობდი და ღამით ვერ ვიძინებდი.

ახლაც ვზივარ თვითმფრინავში და ვფიქრობ იმაზე, რაც მთელმა საქართველომ იხილა გასულ ოთხშაბათს. ჩემი თითქმის ათწლიანი სამუშაო გამოცდილების განმავლობაში წამების ძალიან ბევრ მსხვერპლთან მისაუბრია და დოკუმენტურად გამომიკვლევია, მაგრამ სულ სხვაა, როცა შენი თვალით იხილავ იმას, რასაც დაზარალებულები სიტყვიერად გადმოგცემენ. ბოლო დღეებში ბევრის რეაქცია წავიკითხე სოციალურ ქსელსა თუ ონლაინ-პუბლიკაციებში. აღშფოთება, შეშფოთება, ბრაზი, გაკვირვება, სამართლიანობისა თუ უსამართლობის შეგრძნება მრავლად იკითხებოდა. თვითგვემის მომხრეც ბევრი აღმოჩნდა, ვინც წერდა, ჩვენ ყველამ ვიცოდით, რაც ხდებოდა და ჩვენი ბრალია, რომ არაფერს ვამბობდითო! ზოგი იმასაც ამბობდა, საზოგადოების შეკვეთა არ ყოფილა და ხალხს გზები ერჩივნათ ციხის რეფორმასო... (ერთი მეორის საპირწონედ რატომ იქცა, ვერ გამიგია).

ქართული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა მართლაც იცოდა, რომ ციხეში მრავალი პრობლემა იყო და ხშირად საუბრობდა ამის შესახებ, მაგრამ გამგონი არავინ იყო. მახსენდება ევროკავშირის დაფინანსებული და ივლისში გამართული სამოქალაქო საზოგადოების ორდღიანი სემინარი, სადაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გარკვევით ისაუბრა აწ უკვე ყბადაღებულ მერვე საპყრობილეზე და იქ არსებულ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე და მის გავლენაზე საპროცესო შეთანხმების სიმრავლეზე. იქვე მყოფმა იუსტიციის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირმა მოკლე პასუხი გასცა: ეს ძალიან მძიმე ბრალდებებია და ამას მტკიცებულება სჭირდებაო. სამწუხაროდ, ვიდეო-მტკიცებულება გახდა საჭირო იმისთვის, რომ ერწმუნათ...

ღამის 4 საათზე მოვედი სახლში. კარი მეუღლემ გამიღო. მაინც შევეცადე დამესვენა, თუმცა ძილი საბოლოოდ გამიტყდა. სახლში სიცხიანი ბავშვი დამხვდა, ორი წლის დემეტრე, რომელსაც ძალიან მოვნატრებოდი და ძილს ჩემთან თამაში ამჯობინა. გამთენიისას ჩაიძინა და ჩემი კვირა დილაც დაიწყო.
მოკლე ტექსტური შეტყობინებით გავიგე, რომ 3 საათისთვის მთელი რიგი არასამთავრობო ორგანიზაციები იკრიბებიან საიას ოფისში იმისათვის, რომ იმსჯელონ მომავალ გეგმებზე, არჩევნებზე, მედიაზე, ციხეებში წამების ფაქტების გამოძიებაზე. მივედი. ბევრი ვისაუბრეთ, ბევრი ვიკამათეთ, გულიც მოვიოხეთ და რაღაც გეგმებიც დავსახეთ. იქვე შევიტყვე, რომ გახშირდა აქტივისტების ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაპატიმრების შემთხვევები. ვინაიდან ეს ის თემაა, რაზეც „ჰიუმან რაიტს უოჩი“ წელიწადზე მეტია მუშაობს, გადავწყვიტე, დეტალურად შევისწავლო ეს საქმეები და რაიმე განცხადება გავაკეთო.

24 სექტემბერი, ორშაბათი
ორშაბათი ისევ აზერბაიჯანზე მუშაობით დაიწყო. „ჰიუმან რაიტს უოჩი“ ყოველი წლის დასაწყისში გამოსცემს სქელტანიან წიგნს, სადაც მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში ადამიანის უფლებების შესახებ სიტუაციის მოკლე მიმოხილვაა მოცემული. სომხეთში, საქართველოსა და აზერბაიჯანში არსებულ სიტუაციას მე ვიკვლევ და ვწერ... თუმცა იანვრამდე ჯერ შორია, ანგარიშის რამდენჯერმე რედაქტირებას და წიგნად გამოცემას საკმაოდ დიდი დრო მიაქვს და მეც დღეს უნდა ჩავაბარო აზერბაიჯანის ნაწილის პირველადი ვერსია. დასაწერი და სათქმელი მართლაც ბევრი მქონდა და ერთადერთი პრობლემა ამ ყველაფრის ხუთ გვერდზე თქმა იყო.

დღის ბოლოსკენ კვლავ საქართველოს მოვუბრუნდი და დავიწყე ადმინისტრაციული პატიმრობების დოკუმენტირება. უკვე ვახსენე, რომ ამ თემაზე წელიწადზე მეტია, ვმუშაობ და პრობლემასაც კარგად ვიცნობ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის კოდექსი საქართველოში მოქმედი ერთადერთი კანონია, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, 1984 წელს, იქნა მიღებული. იმის თქმა, რომ ის სრულიად მოძველებულია, არაფრის თქმას ნიშნავს. ასეულობით ცვლილება, რაც ამ კოდექსში წლების მანძილზე შედიოდა, კიდევ უფრო აუარესებდა მას. დღეს ის 90 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და ამისთვის მხოლოდ პოლიციელის ჩვენება კმარა. სასამართლო განხილვა ძირითადად ფორმალურია და იშვიათად გრძელდება 10-15 წუთზე მეტ ხანს და, რაც მთავარია, ის არ შეესაბამება საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს სამართლიანი სასამართლოს შესახებ.
საღამოს რამდენიმე ადვოკატს ვესაუბრე და განცხადების წერა დავიწყე, მაგრამ საათს რომ დავხედე, მივხვდი, რომ ჯობია, ცოტა დავისვენო - ღამის პირველი საათია.

25 სექტემბერი, სამშაბათი
საქმეს დილიდან შევუდექი და გავაგრძელე განცხადების წერა. წერის დროს კიდევ ორ ადვოკატს ვესაუბრე ტელეფონით და დეტალურად გამოვკითხე, როგორ და როდის ჩაერთვნენ პროცესში და როგორ მიმდინარეობდა სასამართლო განხილვა. აშკარა იყო, რომ სასამართლო განხილვები მთელი რიგი პროცესუალური ნორმების დარღვევით მიმდინარეობდა - ადვოკატებს არ ჰქონდათ დრო, რომ სათანადოდ გაცნობოდნენ საქმის მასალებს და მოემზადებინათ ადეკვატური დაცვა; ან დრო კიდეც რომ ჰქონოდათ, მოსამართლეები უარს ეუბნებოდნენ დამატებითი მტკიცებულებების განხილვასა და ჩვენების მიმცემი პოლიციელისთვის კითხვების დასმაზე. იმ კითხვებისა, რომელიც თავად მოსამართლეებს უნდა გასჩენოდათ, მაგრამ არ, ან ვერ სვამდნენ.

რამდენიმე საათი დამჭირდა იმისთვის, რომ განცხადების ტექსტი მომემზადებინა. ფაქტების აღწერასთან ერთად, მათი სამართლებრივი შეფასებაც უნდა მომეხდინა. ეს დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, ვინაიდან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო ცალსახად ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, თუ რა კლასიფიკაციას აძლევს სახელმწიფო დანაშაულს – ადმინისტრაციულს თუ სისხლის სამართლებრივს – ის ვალდებულია, დაიცვას მინიმალური პროცესუალური ნორმები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლშია განსაზღვრული. საქართველოს შემთხვევაში არა მარტო პრაქტიკა, არამედ თვით კანონი არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს.

საღამოს გამოვნახე დრო და „ფეისბუკში“ შევედი, რათა მენახა, რამე ახალი და საინტერესო დისკუსია ხომ არ მიმდინარეობდა. უნდა ვაღიარო, რომ პოსტების კითხვა უფრო მომწონს, ვიდრე კომენტარის კეთება. კითხვისას გადავაწყდი ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც გადაღებული იყო ერთი ცნობილი ოპოზიციონერი სპორტსმენის საუბარი ერთ-ერთი სოფლის გამგებელთან (ვინაობებს განგებ არ ვასახელებ. არაა ეს მნიშვნელოვანი). სულ რაღაც 5-6-წუთიან ვიდეოში იმდენი ღვარძლი და ფობია იყო ეროვნულ თუ სექსუალურ უმცირესობებზე, რომ ჩემს აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. თავი ვერ შევიკავე და დავპოსტე კიდეც, რომ ეს ზიზღი და ღვარძლი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, თორემ ასე ქვეყანას ვერასდროს ავაშენებთ-მეთქი. განა ერთი კვირის წინ გავრცელებულმა ვიდეოებმა არაფერი გვასწავლა? განა ბოლო ოც წელიწადში ვერაფერი შევიგნეთ? ღვარძლით დაწყებული საქმე კარგად როდის დასრულებულა?! ყოველი ახალი ხელისუფალი ძველზე რევანშიზმით შეპყრობილი როგორ უნდა მოდიოდეს?!

26 სექტემბერი, ოთხშაბათი
ჩვენი განცხადების ტექსტი გუშინ ღამით გავაგზავნე სათაო ოფისში – ნიუ-იორკში და დროთა სხვაობის გამო დილით დამიბრუნდა გასწორებული. სანამ ჩვენი ორგანიზაცია რამე განცხადებას გააკეთებს, ის რამდენიმე რედაქტირებას გადის. განცხადების ტექსტს ჯერ ჩემი უშუალო უფროსი - ევროპისა და ცენტრალური აზიის განყოფილების დირექტორის მოადგილე - ნახულობს, შემდეგ ჩვენი ორგანიზაციის იურიდიული სამსახური და ბოლოს - კომუნიკაციის დეპარტამენტი. შესწორებულ დოკუმენტში უმნიშვნელო კითხვები იყო, რასაც ვუპასუხე და კვლავ დავაბრუნე იმის მოლოდინში, რომ მას შემდეგ, რაც ნიუ-იორკი გაიღვიძებს, განცხადებაც გავრცელდება.

დილით ტელეფონით დამიკავშირდნენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან და მიმიწვიეს მინისტრთან შეხვედრაზე, სადაც ციხეებზე საზოგადოებრივი მონიტორინგის განხორციელების გზებზე უნდა გვემსჯელა. უყოყმანოდ დავთანხმდი და 4 საათზე იქ ვიყავი. გიორგის დიდი ხანია ვიცნობ და შევატყვე, რომ რამდენიმე ღამის უძილო იყო. შეხვედრაზე ბევრი ნაცნობი სახე ვნახე. მინისტრმა მოგვმართა შეკრებილებს და გვითხრა, რომ სურდა ციხეებზე საზოგადოებრივი კონტროლის იმ მექანიზმების აღდგენა, რომლებიც რამდენიმე წლის წინ გაუქმდა. თუმცა, მას არ შემოუთავაზებია კონკრეტული კონცეფცია ან ფორმულა, თუ რა სახის კომისიაზე იყო საუბარი და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს სთხოვა, მოამზადონ ყველასთვის მისაღები კონცეფცია და უახლოეს მომავალში წარუდგინონ სამინისტროს. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ნაბიჯია და პრევენციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს, თუმცა იქ მყოფი ორგანიზაციების ნაწილს, აგრეთვე, სურდა, გვემსჯელა წარსული ფაქტების შემსწავლელი კომისიის შექმნაზე, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ასევე ჩართული იქნებოდა. დღეს ამაზე სამსჯელოდ სამინისტრო მზად არ აღმოჩნდა. არადა, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანია. ხელისუფლებაც აღიარებს, რომ სახალხო დამცველისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებულ წამებისა თუ არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე ის სათანადოდ არ რეაგირებდა და პროკურატურა სათანადოდ არ იძიებდა ცალკეულ შემთხვევებს. ბუნებრივია, რომ წარსულის სათანადოდ გამოსაძიებლად პროკურატურის მზაობა ახლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ გამოძიება იყოს საჯარო და მასში არასამთავრობო სექტორიც იყოს ჩართული. იმედია, ასეც იქნება.

გამოძიების მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ დამნაშავეთა დასჯა, არამედ დაზარალებულთა ფსიქო-სოციალური და უფლებრივი რეაბილიტაცია. ეს უკანასკნელიც ხელისუფლების ისეთივე ვალდებულებაა, როგორიც დამნაშავეთა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.

საღამოს 6 საათისთვის ჩვენი განცხადებაც გამოქვეყნდა. დავკავდი მისი გავრცელებითა და მედიისთვის ინტერვიუების მიცემით.

27 სექტემბერი, ხუთშაბათი
დილიდან ვნახე უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას, განცხადება, სადაც ის მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებისგან და, სადაც შესაძლებელია, სამართალდამრღვევებს ჯარიმები აკმარონ. ერთი შეხედვით, ეს ნაბიჯი ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ ეს ძირეულ პრობლემას ვერ აღმოფხვრის. მიუხედავად იმისა, თუ რა სასჯელს მიუსჯის სასამართლო დამნაშავეს – პატიმრობას თუ ჯარიმას – ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას, საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ სამართლებრივი გარანტიები თვითნებური პატიმრობისგან სრულად დაცული იყოს. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდება, ვინაიდან მათ ჩვენი კანონი არ ითვალისწინებს.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ხელისუფლებას კარგად ესმის: დღეს არსებული ადმინისტრაციული კანონმდებლობა მოძველებულია. იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი კანონპროექტი, რომელმაც ორჯერ გაიარა ევროსაბჭოს ექსპერტთა რევიზია და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებებიც შევიდა, თუმცა საბოლოოდ ხელისუფლებამ მაინც არ, ან ვერ შეძლო მისი პარლამენტში მიღება. იმის განსჯა, ეს პოლიტიკური ნების არქონის გამო მოხდა თუ, უბრალოდ, დრო არ ეყოთ, ძნელი მისახვედრი არ არის.

დღის განმავლობაში კიდევ რამდენიმე კომენტარი ჩავწერე ბეჭდურ თუ სატელევიზიო მედიასთან. ამჯერადაც არ გამკვირვებია, რომ ჩვენს განცხადებას ნაციონალური არხების დიდი ინტერესი არ გამოუწვევია. მივეჩვიე უკვე. ის კი გამიკვირდა, რომ, როცა ოთხშაბათს სასჯელაღსრულების სამინისტროდან გამოვდიოდი, ერთ-ერთი ნაციონალური არხის ჟურნალისტმა სახელით მომმართა და კომენტარი მთხოვა მინისტრის ახალ ინიციატივაზე. თურმე მცნობენ და იციან, ვინც ვარ. კომენტარის გაკეთების მერე ჟურნალისტს ისიც ვუთხარი, რომ სულ ცოტა ხანში განცხადებას გავავრცელებდი ბოლო დროს გახშირებული ადმინისტრაციული პატიმრობის ფაქტებზე, მაგრამ მას კითხვები არ გასჩენია.

აგრეთვე შევხვდი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის წარმომადგენელს და ვისაუბრეთ იმაზე, თუ რას ველი არჩევნების დღეს, და მის შემდეგ.

28 სექტემბერი, პარასკევი
ამ კვირაში ისეთი დაკავებული ვიყავი, რომ თითქმის ვერ ვხედავდი ჩემს შვილს, თუმცა მაინც „მოვახერხე“ და მისგან თვალის ინფექცია გადმომედო. თვალი რამდენიმე დღე მექავებოდა, მაგრამ არც იმის დრო მქონდა, რომ ექიმი მენახა. დღევანდელი დილა კი იმით დაიწყო, რომ თვალი ვერ გავახილე და იძულებული გავხდი, დრო გამომენახა და ექიმთანაც წავსულიყავი. მან ძალიან მისაყვედურა, აქამდე რატომ მიიყვანეო, სამი სხვადასხვა ჩასაწვეთებელი წამალი გამომიწერა და გამომიშვა.

დღის განმავლობაში ვცდილობდი, თვალი (საღი) მიმედევნებინა „კომპრომატების ომისთვის“. მთელი წინასაარჩევნო კამპანია ერთმანეთის ლანძღვა-გინებაზეა აგებული და ეს ძალიან დამღლელია. ყველა მხარე აპოკალიფსით იმუქრება - თუ მეორე გაიმარჯვებს. საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ ბევრი აღმოჩნდა ისეთი, ვისაც ქვეყანაზე გული შესტკივა და ცდილობს ამომრჩევლის გამოფხიზლებას. ღია თუ ფარული ვიდეო-, აუდიო- და ფოტოკომპრომატები უხვად ჩნდება ინტერნეტში და ხან ერთი მხარე ამბობს, „ხომ გეუბნებოდითო?!“ და ხანაც – მეორე.

კარგია ასეთი პლურალიზმი და სადღაც დემოკრატიის მაჩვენებელიც შეიძლება იყოს, თუმცა მე ის მაშინებს, რომ ქართველები მაქსიმალისტები ვართ და „გამარჯვება ან სიკვდილი“ ჩვენი პოლიტიკური უმწიფრობის მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება ერის პოლარიზაცია წინასაარჩევნოდ, ოღონდ ერთი განსხვავებით: არჩევნების მერე ყველა ცდილობს ერის გაერთიანებას, რადგან პრეზიდენტი თუ პარლამენტი მთელი ერის კუთვნილებაა, და არა რომელიმე ჯგუფის. ჩვენში კი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ვერ ასულხარ ისე, რომ პოლიტიკურ ნიადაგზე ჩხუბის მომსწრე არ გახდე. ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე და ამჯერად მაინც სხვაგვარად იყოს საქმე, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ ეს, ალბათ, მიამიტურად ჟღერს.

შაბათი, 29 სექტემბერი
კვირის ბოლო ისე მოვიდა, რომ ვერც მივხვდი, დრო როგორ გავიდა. დროის უკუთვლა უკვე დაიწყო და არჩევნებამდე 48 საათზე ნაკლები დარჩა. დღეს წინასაარჩევნო პროპაგანდა-აგიტაციაც დასრულდება და არჩევნების წინ 24-საათიანი „დუმილი“ გველის. იმედი მაქვს, რომ ეს ქარიშხლის მომასწავებელი დუმილი არ იქნება. ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა გააცნობიეროს თავისი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე და განსაკუთრებით იფიქროს ამაზე არჩევნების მომდევნო დღეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG