Accessibility links

22 თებერვალი, კვირა

თებერვლის მიწურული უკვე რამდენიმე წელიწადია, საკმაოდ რთული, ემოციური და მოვლენებით აღსავსეა ჩემთვის. ყოველ წელს, ამ დროს, ჩვენს მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად 25 თებერვლის აქცია-გამოფენისთვის ვემზადებით, რომელიც 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციას ეძღვნება. დაახლოებით ერთი თვის წინაც, ტრადიციისამებრ, ჩვენთან, ოფისში მოვიდა საზოგადოება „მემორიალის“ თავმჯდომარე გურამ სოსელია და მითხრა: „გიორგი, 25 თებერვალს გამოფენა უნდა გავაკეთოთ.“

ეს ბოლო წლებია, „მემორიალი“ ჩვენთან ერთად მუშაობს. ამ ორგანიზაციის მიერ ათწლეულების მიერ შეგროვებული უძვირფასესი დოკუმენტური და ფოტოარქივიც ჩვენთან ინახება. ბატონი გურამიც ჩვენთან დადის მას შემდეგ, რაც „მემორიალის“ არქივი საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი ინსტიტუტის სარდაფიდან გადმოვიტანეთ და დამუშავება-დახარისხების შემდეგ ჩვენს ოფისში განვათავსეთ.

ჩვენ „მემორიალთან“ ერთად გამოვიარეთ „სტალინურ სიებზე“ მუშაობის სამი წელი, ერთად ვაგროვებდით ინფორმაციას რეპრესირებულ ადამიანებზე, დავდიოდით არქივებში, რეპრესირებულთა ოჯახებში...

რატომ „მემორიალი“? დღეს, როდესაც ნინიმ მაღაზიაში სხვადასხვა რაღაცის ყიდვა დამავალა, სოლოლაკის ერთ-ერთ მაღაზიაში მომესმა ნაცნობი ხმა, რომელიც გამყიდველს მიმართავდა: „ასეთი კარტრიჯი ხომ არ გაქვთ?“. ხმაზე უმალ შემოვტრიალდი. ბატონი გურამი იყო, კარტრიჯის საყიდლად გამოსულიყო, რომელიც ჩვენი გამოფენისთვის საჭირო მასალის ამოსაბეჭდად სჭირდებოდა. ასეთია, მუხედავად იმისა, რომ სულ ვეუბნებით, რაც სჭირდება, ყველაფერს მივაწვდით, მაინც არ იშლის და თვითონ ყიდულობს. გამეხარდა ასე მოულოდნელად ბატონი გურამის ნახვა, დავგეგმეთ ხვალინდელი შეხვედრა.

საღამოს მე და ნინი ჩემმა ბიძაშვილმა „მაგთი-კლუბში“ დაგვპატიჟა, მისი ქორწილის მეორე დღე იყო, ბევრი მეგობარი და ნათესავი ვნახეთ, რომლებსაც ხშირად ვერ ვხვდები.

დილის 4 საათამდე კამათი და ბრძოლა ფეისბუკის საშუალებით. რამდენიმე „მეგობარი“ წავშალე მეგობრების სიიდან. Profession de foi − არაფერი მაქვს საერთო პუტინისტებთან და რუსეთის ხელისუფლების პოლიტიკის მომხრეებთან და მათ ვშლი მეგობრებიდან, როგორც კი ამას შევამჩნევ. აქტიური კამათი „ანტიდასავლეთელებთან“ უკრაინის საკითხზე... ვფიქრობ, დღეს ბრძოლა მოვიგე.

23 თებერვალი, ორშაბათი

დილით გამაღვიძა მაშკამ, ჩემმა ერთი წლის გოგომ, რომელიც ნინიმ გადმოაწვინა და რომელმაც ხელების სახეზე ცაცუნით გამაღვიძა. ეს წუთები ყველაზე სასიამოვნოა...

ვიცი, რომ IDFI-ში სასწაული მელოდება − ლევან ავალიშვილი, IDFI-ს თავმჯდომარე, ამერიკაში გაფრინდა და ყველაფრის კეთება მე მომიწევს. ჩემი ყოველდღიური რუტინა გაორმაგდება, საქმიანობის დაგეგმვა, ადმინისტრაციულ-საფინანსო საკითხები, პროექტების მონიტორინგი, პროექტების ანგარიშგება, ახალი პროექტების მოძიება, უამრავი წასაკითხ-გასასწორებელი...

დღევანდელი დღე კარგად არის დაგეგმილი, დილით ორგანიზაციის შეკრებაა და მერე იწყება სირთულეები, რამდენიმე ღონისძიება და საქმე ერთდროულად... ყველაზე მძიმე ის არის, ყველაფერი ისე მოასწრო, რომ არაფერი გამოგრჩეს. შეუძლებელია... ხანდახან გიწევს, პრიორიტეტულობის მიხედვით ამოარჩიო უფრო მნიშვნელოვანი, როდესაც საქმე პარალელურად არის საკეთებელი და შეუძლებელია ერთდროულად მათი შესრულება.

"სტაფმიტინგის" შემდეგ ელფოსტა. ელმიმოწერა მთელი დღე გრძელდება. დღეში, სულ მცირე, 100 წერილი მოდის, მათგან 20 მაინც − მნიშვნელოვანი. მიწევს ზოგზე მყისიერად რეაგირება, ზოგის მონიშვნა, რომ არ დამავიწყდეს.

ბატონი გურამი ოფისშია, მიმდინარეობს აქტიური მომზადება 25 თებერვლის აქცია-გამოფენისთვის.

...შეხვედრები კიდევ ერთი მძიმე შემთხვევაა. ძალიან ბევრი დრო მიაქვს. მაგრამ დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა, ჩვენი ინსტიტუტის დიდი ხნის მხარდამჭერი ორგანიზაციის წარმომადგენელთან. ამ შეხვედრის გამო ვერ დავესწარი მედიის საკითხებთან დაკავშირებულ ჩვენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას. კიდევ რამდენიმე შეხვედრა, ინტერვიუების და კომენტარების ჩაწერა სხვადასხვა არხთან. შეხვედრების შემდეგ ოფისში კვლავ საქმიანობა, ისევწერილები, პასუხები, პროექტების ანგარიშების წაკითხვა, მომავალი პროექტის განცხადების დეტალების გავლა... საქმე არ ილევა.

ხანგრძლივი საერთაშორისო მიმოწერა საქართველოში ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონპროექტზე, რომელშიც ჩართულები ვართ.

ვგეგმავთ ჩვენი ძირითადი პროექტის − საქართველოს საჯარო დაწესებულებებში ინფორმაციის ხელმისაწვდომობის − ანგარიშის დაგზავნას საჯარო დაწესებულებებისთვის და პარტნიორი ორგანიზაციებისთვის. წერილების მომზადება.

დღე ისე გადის, ვერც ვხვდები. ნინი საყვედურს მეუბნება, რადგან ორივე ბავშვს სიცხე აქვს, მე კი გვიან მივდივარ სახლში. ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო ოჯახთან ერთად ყოფნაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მეძლევა დღის განმავლობაში. სახლში მოსულს, ბავშვები დაძინებული მხვდება. ოთხი წლის ანდრიას მაღალი სიცხე აქვს. ვერ დავამარცხეთ ეს ვირუსები.

კვლავ დილის ოთხ საათამდე კამათი და ბრძოლა იმავე კატეგორიასთან ფეისბუკზე. ამდენი დრო ტყუილად არ დამიკარგავს, რამდენიმე ჩემს აზრზე გადმოვიყვანე.

24 თებერვალი, სამშაბათი

დაახლოებით თვენახევრის წინ დამიჭირეს და ჩემი ძველი პარაბელუმი ჩამომართვეს, როდესაც ის შეკეთების შემდეგ ხელოსნისგან სახლში მიმქონდა მანქანით. ბრალად იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება წამიყენეს და სრულიად უსაფუძვლოდ ორი დღე შსს იზოლატორში, „მოდულის“ შენობაში გამომამწყვდიეს. დაკავებიდან მესამე დღეს სასამრთლომ დარბაზიდან გამათავისუფლა და ჩემი დაკავება უკანონოდ ცნო. წინასწარი მოსმენა ჩემს საქმეზე 15 იანვარს დაინიშნა. ჩემივე განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე, მოვიხსენი IDFI-ის დირექტორობის უფლებამოსილება. მთელ ერთ თვეს მიმდინარეობდა კამპანია ჩემს მხარდასაჭერად. არაერთი შესაბამის განცხადებას 100-მდე ორგანიზაციამ მოაწერა ხელი. ყველა თვლიდა, რომ ბრალი არასწორად წამიყენეს. დიდი თანადგომა და მხარდაჭერა ვიგრძენი ჩემი მეგობრებისგან და ნაცნობებისგან. მხარი სახალხო დამცველმაც დამიჭირა. ბევრ სპეციალისტთან და სამართალმცოდნესთან გავიარე კონსულტაცია. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები მიცავდნენ. ყველა პროგნოზით, სასამართლოში უნდა გაგვემარჯვა. ჩემმა ადვოკატებმა სასამართლოზე პირწმინდად გაანადგურეს ბრალდების ყველა არგუმენტი და სასამართლომ უდანაშაულოდ მცნო. 15 იანვარს მომეხსნა ბრალდებულის სტატუსი. სააპელაციო სასამართლომაც არ მიიღო პროკურატურის სარჩელი. ახლა მე ვედავები პროკურატურას და შსს-ს − მორალური ზიანის ანაზღაურებას ვითხოვ. გამოძიების დაწყებაზეც შევიტანე განცხადება, ჩემ მიმართ, სავარაუდოდ, უკანონოდ განხორციელებული თვალთვალისა და მტკიცებულებების გაყალბების საკითხზე.

ეს მძიმე შემთხვევა იყო, რომელმაც მე, ჩემი ოჯახი და ჩემი მეგობრები ძალიან გვანერვიულა, მაგრამ ყველაფერი კარგად დასრულდა.

რა საჭიროა ახლა ამ ყველაფერზე საუბარი? დღეს, IDFI-ში ელფოსტის, პროექტების განხილვის და ხანგრძლივი შეხვედრების შემდგომ, დამირეკა ჩემმა ყოფილმა გამომძიებელმა და მაცნობა, რომ აპირებს ჩემი პარაბელუმის საცავიდან წამოღებას და ჩემთვის დაბრუნებას. ჩემი პარაბელუმი ჯერ კიდევ მათთან ინახება. ახლა უკვე საბუთის ასაღებად წავედი (ზუსტად ეს საბუთი არ მქონდა აღებული, როდესაც დამაკავეს. იარაღის გადატანის დროებითი ნებართვაა, რომელიც სულ რაღაც ათი ლარი ჯდება). მაგრამ საბუთის მომზადება ვერ მოესწრო, რადგან დროის მონაკვეთი იყო არასაკმარისი და მეორე დღისთვის დამიბარეს. რას ვიზამ, ამ მოუთმენლობის გამო ადრე საკმაოდ ბევრი გადავიტანე და ამიტომ ახლა საბუთს აუცილებლად დაველოდები, რამდენი ხანიც უნდა დასჭირდეს. მაგრამ მომავალი დღეები აშკარად ვერ მოვიცლი.

დღეს მომიწია კვლავ უარის თქმა თსუ-ში სალექციო კურსზე. რამდენიმე წელი ვასწავლიდი ამერიკისმცოდნეობას. ამერიკის ისტორია, ამერიკის რელიგიები, ლათინური ამერიკის ისტორია − ეს ის საგნებია, რომელებიც შარშანაც ვერ წავიკითხე. ძალიან მინდოდა, მაგრამ დრო უკვე აღარ მაქვს, ფიზიკურად ვერ შევძელი. წელსაც შემომთავაზა ჩემმა ყოფილმა ლექტორმა და ახლა ჩემმა კოლეგამ და მეგობრმა ლიკა მეძმარიაშვილმა, მაგრამ კვლავ უარი ვთქვი... ვერ ვათავსებ IDFI-სა და აკადემიურ საქმიანობას, სამწუხაროდ.

მთელი საღამოს განმავლობაში გამოფენისთვის ვემზადებოდით. ვბეჭდავდით სიებს, ვამზადებდით ფოტოებს, არქივიდან მივიღეთ კარგი დოკუმენტები და ისინიც ამოვბეჭდეთ. ასეა, მზადება დავიწყეთ ერთი თვით ადრე და ბოლო დღემდე მაინც არ ილევა საქმე. მაგრამ ყველაფერი მზად არის გამოფენისთვის.

სახლში კვლავ გვიან მივედი. ნინი სამართლიანად უკმაყოფილოა და ნაწყენია ჩემზე, ბავშვებს სიცხე აქვთ და მას დახმარება სჭირდებოდა, მე კი ისევ გვიან მივდივარ სახლში.

კვლავ ბრძოლა „რუსეთუმეებთან“ ფეისბუკზე გვიანობამდე.

ფეისბუკზე ვხვდები ლაშა ბაქრაძის პოსტს: „ეროვნული კატასტროფის დღე“ და კოლაუ ნადირაძის იმ ლექსის ორიგინალს, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს ეხება:

„თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი...“

შემდგომ იუტუბზე რამდენჯერმე ვუსმენ ამ ლექსის ტექსტს. დამწუხრებული მივეცემი ძილს და ვემზადები ხვალინდელი გამოფენა-აქციისთვის.

25 თებერვალი, ოთხშაბათი

ცხრა საათიდან რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ, გამოფენას ვაწყობთ. გუშინდელი მზიანი დღისგან განსხვავებით, ამინდი, როგორც ამავე დღეს შარშანაც, საკმაოდ ცივია. 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის დღეს, ვუძღვნით ასეთ სიმბოლურ გამოფენა-აქციას, რომელსაც ბატონმა გურამმა შესაბამისი სახელი შეურჩია: „დავიწყება განმეორების გარანტიაა“. ყველაფერი მომზადებული გვაქვს. ფოტოების ორიგინალები წინასწარ გაწყობილ სტენდებში მოვათავსეთ, მოვამზადეთ რეპრესირებულთა სიები, დიდად ამობეჭდილი ფოტოები და საარქივო დოკუმენტები, რომლებიც პარლამენტის წინ ჯებირებზე განვალაგეთ. აქვე არის მამაჩემის ბაბუის ფოტო და ამონარიდები მისი სისხლის სამართლის საქმიდან, რომელსაც ყოფილი КГБ-ს არქივში მივაკვლიე. დეკანოზი გიორგი ინაშვილი, რომელიც 1924 წლის აჯანყების შემდეგ დახვრიტეს სართიჭალაში 1 სექტემბერს, როგორც ანტისაბჭოთა აგიტატორი, მრევლის ანტისაბჭოთა აჯანყებისკენ წაქეზების გამო. მასთან ერთად კიდევ ათეულობით სასულიერო პირი დახვრიტა „ჩეკას“ სამეულმა...

IDFI-ს გუნდი სრულად აქ არის, მოდიან „მემორიალის“ მხცოვანი წევრები, მოაქვთ ყვავილები და სანთლები.

ხალხი ბევრი არ არის, მაგრამ გამვლელები ჩერდებიან და ათვალიერებენ გამოფენას. წელს, შარშანდლისგან განსხვავებით, სტალინისტები არ მოსულან, წყნარად ჩაიარა გამოფენა-აქციამ. ბევრი მოსეირნე უცხოელიც შემოგვიერთდა, ავუხსენით გამოფენის მიზანი და არსი. რამდენიმე არხს მივეცი ინტერვიუ, არა მხოლოდ აქციასთან დაკავშირებით, არამედ ლარის კურსზე, მთავრობის მიერ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების და „ქამრების შემოჭერის“ განცხადებაზე, ეკონომიკურ პოლიტიკაზე.

12 საათზე აქცია-გამოფენიდან პარლამენტში გადავინაცვლეთ თინა ხიდაშელთან შეხვედრაზე, სადაც ღია მმართველობის პარტნიორობის დიდ პროექტთან დაკავშირებულ საკითხებს განვიხილავთ. OGP ჩვენი საქმეა, ძალიან წინ წავიწიეთ ამ მიმართულებით, საქართველო უკვე OGP-ის მმართველი კომიტეტის წევრია. ახლა ღია მმართველობაში პარლამენტის როლის გააქტიურებაზე ვმუშაობთ.

საქართველოსთვის თავდადებულ გმირებს რუსთაველზე სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადავუხადეთ. პანაშვიდი ჩიტაძის ქუჩაზე, ჩემს სახლთან მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში გადაიხადა მამა საბამ. სიმბოლურია: წმინდა ნინოს სახელობის ამ ეკლესიაში 1918 წელს ჩემი დიდი ბაბუა მოღვაწეობდა. ხუთ საათზე გამოფენა ლიტერატურის მუზეუმში გადავიტანეთ, სადაც ის სამ დღეს დაჰყოფს.

ოფისში მისულებმა, მორიგი აქცია მოვიფიქრეთ. მთელმა ოფისმა ქამრები შემოვიჭირეთ და გადავიღეთ სურათები, რომლებიც ჩვენს ფეისბუკის გვერდზე დავდეთ. „ქამრების შემოჭერა“მთავრობასაც შევთავაზეთ.

რთული სამუშაო დღის წარმატებით დასრულება ოფისში აღვნიშნეთ. „ქამრების შემოჭერის“ აქციის შემდგომ მწვადები შევწვით ჩვენს ბუხარში. აი, ამის სურათები კი არ დაგვიდია ფეისბუკზე.

სახლში ისევ გვიან მივედი.

ფეისბუკზე ბრძოლა უფრო ემოციური იყო დღეს, მაინც 25 თებერვალია. კვლავ რამდენიმე გადმოვიბირე ჩემს მსოფლმხედველობაზე საგარეოპოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით.

26 თებერვალი, ხუთშაბათი

დღეს ახალი ინფორმაცია გამოვაქვეყნეთ. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, „ახალი ბომბი დავდეთ“. ისევ და ისევ პრემიები და დანამატები საჯარო სამსახურში. ჩვენი ექსკლუზიური თემაა. გამჭვირვალობაზე და ანგარიშვალდებულების თემაზე 2010 წლიდან აქტიურად ვმუშაობთ. პრემიების დარეგულირება საჯარო სამსახურში ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი შედეგია. და ახლა, ამ ეკონომიკური პრობლემებიდან გამომდინარე, როდესაც მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე ისაუბრა, 2014 წელს მინისტრებზე და მათ მოადგილეებზე გაცემული ანაზღაურების ანალიზი გავაკეთეთ და გამოვაქვეყნეთ. მედია დიდ ინტერესს იჩენს, ყველა არხმა ჩაგვწერა, ჩვენს ინფორმაციაზე დაყრდნობით ბევრი სტატია ქვეყნდებოდა მთელი დღის განმავლობაში.

მეილები, წერილები, პასუხი წერილებზე, პროექტების მიმდინარეობის ანგარიშები, საქმიანობის დაგეგმვა. ძალიან ბევრი საქმეა.

ხვალ პროექტის პრეზენტაცია გვაქვს. IDFI-მ სტუდენტებში მთავრობის კონტროლის ელუნარების შესახებ ტრენინგები ჩაატარეს თბილისში და რეგიონებში. სტუდენტებმა იაქტიურეს და ინფორმაციები გამოითხოვეს საჯარო დაწესებულებებიდან, ანალიტიკური სტატიები დაწერეს და გარკვეული შედეგებიც ჰქონდათ. გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ძალიან კარგი პრიზები გვაქვს მომზადებული, მაგრამ საჩუქრებს ჩალაგება სჭირდება. გვიანობამდე ვალაგებდით 30 სტუდენტზე გათვლილ საჩუქრებს.

თერთმეტის ნახევარზე „პალიტრა TV“-ს ეთერში პრემიებზე ვსაუბრობ.

სახლში კვლავ გვიან მივედი.

სოციალურ ქსელში პრინციპებისთვის ბრძოლა არ წყდება.

27 თებერვალი, პარასკევი

დღეს ძალიან კარგი ღონისძიება გვქონდა. პროექტში, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო უჭერდა მხარს, 60 სტუდენტი იყო ჩართული. დიდი ხანია ვმუშაობთ ელექტრონულ მმართველობაზე და ელექტრონულ დემოკრატიაზე. გამოვავლინეთ 25 სტუდენტი, რომლებიც დავაჯილდოვეთ სერტიფიკატებით პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის, დავურიგეთ საჩუქრები, ხოლო სამ გამორჩეულ სტუდენტს „კინდლები“ ვაჩუქეთ. ყველა ბედნიერი იყო! ღონისძიება USAID-ის მიერ მხარდაჭერილ მულტიმედიის განათლების ცენტრში გაიმართა. USAID-ის და ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ბევრი ვისაუბრეთ სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაზე.

მომიწია უარის თქმა პარალელურად დაგეგმილ რამდენიმე ღონისძიებაზე. სამწუხაროდ, ვერ წავედი ხიდისთავში, სადაც გაიხსნა განახლებული რეგიონული საჯარო ბიბლიოთეკა იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც პარტნიორებთან ერთად ვახორციელებთ. ასევე ვერ წავედი ეროვნული ბანკის სამუშაო შეხვედრაზე. ცხადია, ნაწყენები დარჩნენ, მაგრამ რას ვიზამ, როდესაც რამდენიმე ღონისძიება დროში ემთხვევა, უფრო პრიორიტეტული უნდა აირჩიო, მით უმეტეს, როდესაც ლევანი ამერიკაშია. როდესაც ორივე თბილისში ვართ, ერთმანეთს ვცვლით. ჩემი პარაბელუმი კვლავ შსს-შია, ისიც ვერ წამოვიღე. ნებართვის ასაღებად ვერ მივდივარ. უამრავი საქმე მაქვს ოფისში.

რამდენიმე ინტერვიუ დაიგეგმა ხვალისთვის. დღიურებსაც უნდა გადავხედო.

საღამოს მიღება გვაქვს სტუდენტებთან ბარ People-ში. ძალიან სასიამოვნო საღამოა, ბევრი ვისაუბრეთ, განვიხილეთ პოლიტიკური საკითხებიც. მალე მომიწია წამოსვლა, შევეცადე, სახლში დროულად მივსულიყავი. ეს „დროულად“ საღამოს 10 საათია.

ბავშვები კვლავ ავად არიან. ეს ვირუსები ძალიან ნერვებს გვიშლის, ნინი ნერვიულობს და დაღლილი დამხვდა. მეც საკმაოდ დაღლილი ვარ.

დღეს გადავწყვიტე ფეისბუკი დავასვენო ჩემი კამათისგან. დღეს ფილმის დღეა, წიგნსაც ვერ წავიკითხავ, თავი მტკივა.

28 თებერვალი, შაბათი

დღეს გამოვიძინე. ოფისში არ წავედი. დილა ნინისთან და ბავშვებთან გავატარე. ანდრია ძალიან ცელქობს, არ მასვენებს, მე კი დღიურებს უნდა გადავხედო. დღეს დღიურების ჩაწერის დღეა.

რამდენიმე ინტერვიუ იგეგმება მოგვიანებით. „რუსთავი 2“, რომელსაც გუშინ ტყუილად ვალოდინე, დღეს უნდა მოვიდეს ოფისში.

არ ვიცი, დღიურები რამდენად საინტერესო გამოვიდა. მაგრამ რომ გადავიკითხე, მივხვდი, რომ ნინის უნდა დავეხმარო უფრო მეტად. დღეს ადრე მივალ სახლში, იმედია. ბოლო ინტერვიუ შვიდზე მაქვს დაგეგმილი...

XS
SM
MD
LG