Accessibility links

logo-print

19 ივლისი, კვირა

დღიურის წერას ყმაწვილობაში ვცდილობდი ხოლმე. კარგი, ლამაზი ბლოკნოტებიც მქონია იმ საბჭოთა დროს. საიდან, აღარ მახსოვს, მაგრამ რამდენიმე კვირას, წლის დასაწყისში, ვერ ვცდებოდი ხოლმე და მოვეშვი. ეგ კი არა, ტერმინკალენდარს, სადაც შენი მომავალი საქმეები უნდა ჩაწერო, ყოველ წელს ვყიდულობდი, როცა ევროპაში მოვხვდი. სადღაც, იანვრის მეორე-მესამე კვირას ისევ გაფანტულ ფურცლებზე გადავდივარ. ახლა კი დამევალა, ერთი კვირა დისციპლინირებულად აღვწერო. კიდევ კარგი, მხოლოდ ერთი კვირა!

გამიგია, დიდი ფილოსოფოსი იმანუილ კანტი, ყოველ დილას, სანამ წერას დაიწყებდა ხოლმე, მასტურბირებდა. მარტოხელა კაცი იყო და, ყურადღება რომ არ გაფანტვოდა...

მე არც მარტოხელა ვარ და, რაც მთავარია, ეგეთ მაგარ რაღაცებს ვერ დავწერ, როგორც ის, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ ხოლმე.

წავედით თელავში.

თბილისში ჩემთან ერთად ამჯერად სამი ავსტრიელი ხელოვანია პატარა გამოფენის გასაკეთებლად: ჩემი ძველი მეგობარი კატი ბოლტი და ერთად მომუშავე წყვილი, ძალიან საინტერესო ხალხი.

გავჩერდით იმ უზარმაზარ, 900 წლის ხესთან, ყოველთვის სასწაული სანახავია! იქვე ახალი საპირფარეშო აღმოვაჩინე. მის წინ

მჯდომ ქალს ვკითხე, რა ღირს-მეთქი. 50 თეთრიო. გამეცინა: „ასე ძვირი?“ „კომფორტია!“ - მიპასუხა. მიყვარს თელავი და თელავური იუმორი. ადრე უფრო ხშირად ვხვდებოდი ხოლმე აქეთ. მომეწონა, რომ გასუთავებულ და მოვლილ შთაბეჭდილებას ტოვებს. მეორე მხრივ, ფსევდორესტავრაციას ვერც აქაურობა გადაურჩა...

მოვინახულეთ უნიკალური ქალი, 92 წლის ქალბატონი ელენე ლუხუტაშვილი და მისი სახელოსნო, სადაც ის მოზაიკას აკეთებს. დიდი ენთუზიაზმით გვიყვებოდა თავისი ცხოვრების და თავისივე უამრავი ნამუშევრის ისტორიას. ძალიან შთამბეჭდავი იყო. ფონად მეზობელი ფანჯრიდან მთვრალი კაცის განუწყვეტელი დედის გინება ისმოდა. მოკლედ, თელავია...

მერე ვიყავით ბაზარში, რამაც სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კარგა ხანს დავრჩით, განსაკუთრებით – ღვინის გამყიდველთან. იმდენი გვასინჯა, რომ მე კარგად შეზარხოშებული წამოვედი. თან ვკითხე, ამდენი თუ უფასოდ უსხით ყველას, რა შემოსავალი გაქვთ-მეთქი. სტუმრები ხართო, მიპასუხა, და ნაყიდ ბოთლებთან ერთად ერთი ბოთლი ჭაჭა კიდევ ჩამიდო საჩუქრად.

ბევრი რამის ნახვა ვერ მოვასწარით, კატის თბილისში ეჩქარებოდა ფოტოების გამმჟღავნებელთან. ძველ შუამთასთან ტყეში ვივახშმეთ და წამოვედით. მაინც სასიამოვნო გასეირნება გამოგვივიდა.

20 ივლისი, ორშაბათი

დილით მუცლის არეში საშინელი ტკივილით გავიღვიძე. არ ვიცი, შუამთის რესტორნის ბრალი იყო თუ ჩემი ნაქები ღვინის და ჭაჭის კახელი გამყიდველის, მე კი საშინლად ვგრძნობდი თავს.

ასე მეორედ მომივიდა, შარშანაც ავსტრიელ სტუმრებთან ერთად ვიყავი, ჯერ კახეთში, მერე – თუშეთში. სულ ვაფრთხილებდი, ფრთხილად ჭამეთ და სვით, თქვენს ევროპულ კუჭებს გაუფრთხილდით-მეთქი. ისინი ჩიტებივით იყვნენ, მე კი მოვიწამლე. წელსაც ასე გამოვიდა...

ჯერ გამოფენა უნდა ავაწყოთ, მერე 6 საათზე თანამედროვე ხელოვნების ცენტრში პრეზენტაციაა დანიშნული. ეს ცენტრი ერთ-ერთი ადგილია თბილისში, სადაც მისვლა და მის დამაარსებელ ვატო წერეთელთან საუბარი და ამბების გაგება სავალდებულო რიტუალია ჩემთვის. ახლა სამედიცინო ინსტიტუტის შენობაშია, ადრე სხვაგან იყო. გადაბარგება მოუხდათ, კიდევ უფრო კარგი და საინტერესო გამოვიდა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ისეთი ადგილების და ადამიანების არსებობა, რომლებიც საკუთარი ინიციატივით, არავის ლოდინში, ბევრ საინტერესო და საჭირო საქმეს აკეთებენ.

გამოფენაც ავაწყვეთ. კიდევ კარგი, ჩემი მხოლოდ სამი ნამუშევარი მქონდა დასაკიდებელი. თანამედროვე ხელოვნების ცენტრამდეც მივაღწიე. უნდა წარგვედგინა ჩვენი თავი, თითოს 20-20 წუთი გვქონდა, უნდა გვეჩვენებინა ნამუშევრები და ცოტაც აგვეხსნა, რა და რატომ. არაფრის თავი არ მქონდა, მაგრამ, მგონი, რაღაც მოვახერხე.

მერე ჩემი მეგობრის, ძალიან კარგი მხატვრის, ვახო ბუღაძის გამოფენა იყო სასტუმრო „რუმსში“, უფრო სწორად, მის გარაჟში. იქ წავედით.

ძალიან საინტერესო გამოფენა იყო, ეს ავტოსადგომის სივრცე, დიდი, კარგი კოლაჟები და დიმა დადიანის ხმამაღალი ელექტრონული მუსიკა. მშვენიერი იყო! ბევრი ნაცნობიც შემხვდა. ცუდი ის იყო, რომ ერთი ჭიქაც ვერ დავლიე.

ბოლო-ბოლო მივაღწიე სახლამდე.

21 ივლისი, სამშაბათი

დღეს საღამოს, 7 საათზე, გამოფენის გახსნა გვაქვს. თითქოს ყველაფერი მზადაა.

გალერეა „ნექტარი“, სადაც ჩვენი გამოფენა ტარდება ეკუთვნის ხელოვან ნინო სეხნიაშვილს. ძალიან მიყვარს და პატივს ვცემ ამ ადამიანს. 2005 წელს, ჩემ მიერ მოწყობილ სიმპოზიუმზე დავპატიჟე გარიყულაში, ისევე, როგორც კატი ბოლტი, რომელთან ერთადაც ახლა „ნექტარში“ ვეფინებით. იქ დაიწყო ჩვენი მეგობრობა, რასაც ყოველი ჩვენგანისთვის საინტერესო საკმაოდ ბევრი ამბავი მოყვა. მაგალითად, შემდეგი სიმპოზიუმები საქართველოში ავსტრიელი და ქართველი ხელოვანების მონაწილეობით, რომელთა ორგანიზებაში კატი ძალიან მეხმარება. თუ მე ვეხმარები მას, უკვე ძნელი სათქმელია. თვითონ კატი არაერთხელ იყო საქართველოში თავისი პროექტებით, ნინო რამდენჯერმე – ავსტრიაში. მათი პროდუქტიული ურთიერთობა, საერთოდ, ცალკე საუბრის თემაა. ძალიან მომწონს ნინოს ნამუშევრები და ეს ახალი წამოწყება – გალერეა „ნექტარი“ აღმაშენებლის 16 ნომერში. რაც გამიგია და მინახავს აქ, ყველაფერი საინტერესოა და გააზრებული. მხოლოდ ის მადარდებს, როგორ უნდა იარსებობს ამ გალერეამ და მისმა პატრონმა ქვეყანაში, სადაც არაკომერციული ხელოვნებისადმი ინტერესი ასე მწირია. ვერ ვხვდები...

ჩვენ, გამოფენის მონაწილეებმა, 7 საათს ოდნავ გადავაცილეთ, ერთი ათი წუთი. იქვე, რომელიღაც დუქანში, ანგარიში არ გვაღირსეს. რა იციან ხოლმე: ჯერ გალოდინებენ, მერე ყველაფერს ერთბაშად თავზე დაგაყრიან, მერე კი ანგარიშის მოტანას ისე გადაგაყოლებენ, თითქოს იქით ფულს გიხდიდნენ! მაგრამ მე წყნარად ვიყავი, მეთქი, საქართველოა და ვინ მოვა დროზე? გალერეასთან მიახლოებისას კი, თან ძალიან შემრცხვა, და თან გამეხარდა – შესასვლელთან უკვე პატარა რიგი იდგა. სტუმრებს შორის გურამ წიბახაშვილიც იყო, რომელსაც ყოველთვის ასე ვიცნობდი: არაქართულად პუნქტუალურ ადამიანად. თუმცა, ის მარტო არ ყოფილა.

მერე სულ უფრო და უფრო მეტი ხალხი მოვიდა, ზაფხულში, სიცხეში... ძალიან სასიხარულო იყო! მოვიდნენ რეზო კიკნაძე და მისი შვილი გიორგიც, გაშალეს ტექნიკა და დაიწყეს დაკვრა. არაჩვეულებრივად საინტერესო, თანამედროვე კომპოზიციები იყო, ერთი, მეორე... ხალხის დიდი ნაწილი ძალიან ხმაურობდა, მუსიკოსებს ხელი ეშლებოდათ, მე საშინლად ვღელავდი, მაგრამ რა მექნა – რამდენი ვინმე მოვიდა, ვინც 20 ან მეტი წელი არ მენახა, როგორ მეთქვა გამარჯობის მაგივრად, მოკეტეთ-მეთქი? ეს პრობლემა არა მარტო საქართველოშია. დასავლეთშიც ხშირად მინახავს, გამოფენაზე მისული ხალხის დიდი ნაწილი რთულ მუსიკას რომ ვერ ეგუება ხოლმე და გართობა ჰგონია. ბოდიში, ჩემო საყვარელო რეზო! პატივი დაგვდეთ, მოხვედით. როდის ყოფილა საქართველოში, რექტორები პატარა გალერეებში უკრავდნენ?! ჩვენ კი ვერ მოგიარეთ...

ამ უხერხულობის გარდა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ხალხის დიდი ნაწილი ნამუშევრებს ათვალიერებდა, ინტერესდებოდნენ, გვეკითხებოდნენ რაღაცებს, რამდენიმე აქტიური ახალგაზრდა ადამიანი გავიცანი არტსცენიდან, რაც ყოველთვის სასიამოვნოა.

მოგვიანებით გალერეის სარდაფში ჩავედით. მოვიდა დათო შუღლიაშვილი თავისი გიტარით, გვქონდა ცოტა ღვინო, ცოტა საჭმელი, რაც ნინომ დაგვიმზადა დიდი სიყვარულით. მოკლედ, მშვენიერი საღამო გამოვიდა. ავსტრიელ სტუმრებსაც ძალიან მოეწონათ, როგორც მითხრეს.

22 ივლისი, ოთხშაბათი

გამოფენამ ჩაიარა, დღეს უფრო წყნარი დღე უნდა იყოს, წესით. ბირგიტი და ვოლფგანგი, ავსტრიელ ხელოვანთა წყვილი და მე ჩემს დასთან, ნინოსთან, ვერაზე ვცხოვრობთ. ისინი დილით გადიან, რაღაცებს ყიდულობენ, ნინოსაც უკვე მომზადებული აქვს ხოლმე რაღაც. კატიც მოდის და დიდებული საუზმე გამოგვდის ხოლმე.

„ნადუღს ტყემალს ნუ ასხამ!“ – ვეჩხუბები ბირგიტს, – „არ უხდება!“ ეს იმას, ის – ამას... ბირგიტი იცინის და მეკამათება, მე არ ვუთმობ. ასე ვმაიმუნობთ და ვართ. საერთოდ, ეს ამბავი ვერ მოვიშალე. ამას წინათ შვეიცარიელმა ფრეცისმა, რომელიც აქ უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს, ხინკალს ისეთი რამე უქნა, პირად შეურაცხოფად მივიღე. თუ გინდა, თქვა, რომ ქართველებს იდიოტებად თვლი, პირდაპირ მითხარი, ეგ პერფორმანსი რად გინდა-მეთქი? არადა, რა ჩემი საქმეა, ნეტა? რამდენი წელია, ევროპაში ვცხოვრობ და მაინც, რამდენიმე რამეზე საშინლად ვღიზიანდები. მაგალითად, ჩემს სახელოსნოში, ვენაში, სტუმრები რქაწითელზე რომ მეუბნებიან, ტკბილიაო, იმიტომ რომ ავსტრიული ღვინის სიმჟავე არ დაჰკრავს; ან ჩემს შეთავაზებულ ხინკალს ეგრევე დანას რომ დაუსვავენ ხოლმე, სულ ვლანძღავ. ზოგი, ეტყობა, ისეთი დაშინებული მყავს, რომ ისე ხმამაღლა იწყებენ ხრუპვას, აქეთ ჩემი დასამშვიდებელი ხდებიან ხოლმე. ასეთ დღეში ვარ ხოლმე შუაგულ ევროპაში. ხალხს, ალბათ, ცოტა დარტყმული ვგონივარ, მაგრამ რა ვქნა...

დღეს ჩვენი სტუმრების ბოლო დღეა თბილისში, ხვალ მიდიან, ე.ი. ტურისტული პროგრამა გვაქვს. მივდივართ ძალიან სიმპათიურ პატარა მაღაზიაში, ვყიდულობთ წასაღებად ტყემალს, აჯიკას, რაღაცებს...

მერე ვხვდებით ლესელიძეზე, საეკლესიო მაღაზიაში, რამდენია ეგეთი მაღაზია ამ უბანში, ნუთუ ყველა ახერხებს ბიზნესის კეთებას? ვიძენთ სანთლისგან ჩამოსხმულ ფიალებს, არყის ჭიქებს, ბევრ უცნაურ რამეს, ნაკლებად რელიგიური, უფრო ეგზოტიკური ხიბლის გამო. სტუმრებს შეპირებული ვართ, რომ აქაურ კოლეგებს შევახვედრებთ. ამიტომ ჯერ ზაირა ბერელიძეს ვეწვიეთ მის გალერეაში. ძალიან კარგი სივრცეა, მშვენიერი ეზოთი. ვნახეთ გიორგი ყვავილაშვილის კარგი ფოტოგამოფენა. საერთოდ, კარგი რაღაცები ხდება ამ გალერეაში და ზაირასთან ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნოა.

გურამ წიბახაშვილთან ფოტოგალერეაში უკვე დაგვაგვიანდა გახანგრძლივებული საუზმის გამო. ეს საქმიანი კაცი დილას „იჭირება“ მხოლოდ, ვახო ბუღაძე ავად გამხდარა...

მივდივართ (და მე ეს ძალიან მიხარია) ნინო ჭილაშვილისა და კოტე სულაბერიძის სახელოსნოში. ამ მშვენიერ ხალხსაც ერთ-ერთი ჩემი სიმპოზიუმიდან ვიცნობ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. საბურთალოზე რომელიღაც კვარტალი, რომელიღაც კორპუსი, ვერასდროს ვერ ვიმახსოვრებდი ამ მისამართებს. თან გამოთაყვანებული ტაქსის მძღოლი შეგვხვდა საშინელი მუსიკით, გაფუჭებული მუხრუჭებით, სამწუხაროდ, გაუფუჭებელი სიგნალით და თან უჭკუო. ჩემს აგრესიას ვერევი, მაგრამ საშინლად მრცხვენია ხოლმე. ეს არსება კი, ეკლესიის დანახვაზე, საჭეს ხელს უშვებს პირჯვრის გადასაწერად და, შეიძლება, დემონსტრაციებზეც დადის ქართული კულტურის დასავლურისგან „გადასარჩენად“. საერთოდ, მანქანების ამბავი თბილისში, ეს დემონსტრაციები და მრავალი სხვა, არა დღიურის, არამედ დიდი გამოკვლევების თემაა. ამიტომ თავს ვანებებ ამასთან დაკავშირებით ჩემი ფიქრების გადმოცემას.

ბოლო-ბოლო მივაგენით სახლს, ფეხით ავედით ხრუშჩოვკის ბოლო სართულზე და მოვხვდით კოტეს და ნინოს მშვენიერ სამყაროში. კარგი ხალხი, ცოტა ღვინო, ყველი, პური, კარგი, უაღრესად საინტერესო ნამუშევრები, ასევე საინტერესო საუბარი, ბევრი ინფორმაცია. დრო მალე გავიდა. სამწუხაროდ, დაპატიჟებულები ვართ სხვაგან, უკეთეს სახლში, მაგრამ ნაკლებად საინტერესო სიტუაციაში. რას დავთანხმდი გუშინ მე ქლიავი?! ისევ ტაქსი, ამჯერზე წესიერი. ეგეთებიც არიან, მადლობა ღმერთს!

სტუმრობა იმდენად მოსაწყენი და მაზალო იყო, რომ მისი აღწერა არ მსურს.

დავბრუნდით სახლში, ბირგიტი და ვოლფგანგი დილაადრიან მიდიან. მაინც ისევ სამზარეულოში დავსხედით, ცოტა ღვინო და არც ისე ცოტა საჭმელი, რაც, თავისთვად, წინა სტუმრობის ხარისხზე მეტყველებს, და ვსაუბრობთ. ძალიან სიმპათიური და საინტერესო ხალხია. ინტერესიანი, კეთილი, იუმორით სავსე, ბევრის მცოდნე, სულ იმაზე ფიქრობენ, რითი შეძლებენ დაეხმარონ ამა თუ იმ ადამიანს, ვინც აქ გაიცნეს. ნეტა ხშირად იაროს ასეთმა ხალხმა აქეთ.

დავიძინეთ.

სტუმრები წავიდნენ.

23 ივლისი, ხუთშაბათი

გამომიარეს ნინომ და კატიმ, წავედით გარიყულაში. ესეც ერთ- ერთი ის ადგილია, სადაც ჩასვლა ჩემთვის აუცილებელი რიტუალია. ძალიან მომწონს და მიყვარს იქაურობა. უცნაური, ლამაზი ბუნება, არქიტექტურა, ბევრი რამ. მდინარე თეძამი, რომელშიც აუცილებლად უნდა ვიბანავო, რაც ეგრევე სამივემ შევასრულეთ, რა თქმა უნდა. მის ნაპირებზე – ნაგვის მთები, ეს უკვე სიყვარულის სფეროში არ შედის. რამდენადაც ვიცი, ნაგვის მანქანა დადის უკვე რამდენიმე წელია. საიდან გროვდება მაშინ ამდენი? ესეც ცალკე ნაშრომის თემაა. მე ვერ დავწერ, მე მხოლოდ გინება შემიძლია და ამას დღიურში ხომ არ ჩავწერ?! და, საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, წილხვედრი ქვეყანა ვართ, ისინი კი დაიწვებიან ჯოჯოხეთში: კულტურაც არ აქვთ და გარყვნილებიც ყოფილან. გადაარჩინოს ღმერთმა საქართველო გაკრიალებული მდელოებისგან, მდინარეებისგან, მოვლილი ტყეებისგან! დაინგრეს ძველი ეკლესიები, ჩვენ ათჯერ მეტ ახალს ავაშენებთ სხვაგან! გადმოგვიწიოს ერთმორწმუნე დიდმა ძმამ საზღვარი, სადაც უნდა, ჩვენ გადავიტანთ ჩვენ გზებს, სოფლებს, ქალაქებს! რა მნიშვნელობა აქვს ამას ყველაფერს? მთავარია, ჩვენ ავმაღლდებით და გავიმარჯვებთ! ვის ვებრძვით, ოღონდ, არ ვიცი..

წამიღო თეძამის გრილ წყალში წოლისას ფიქრებმა, გამიგრძელდა წერა...

„არტვილა გარიყულა“ – ჩვენი მგზავრობის მიზანი. კარგი პოლონელი ადამიანის ქმნილება, თავისი უნიკალური არქიტექტურით და გრძელი ისტორიით.

ყარამან ქუთათელაძე – ამ სახლის და ადგილის გამომაცოცხლებელი და სულისჩამდგმელი.

დიდი და რთული საქმეა, რასაც ყარამანი აკეთებს. ბევრმა მოინდომა მსგავსი რამ და ვერ შეძლო, ძალიან ძნელია. ბევრი შრომა დევს და ამას დიდი პოზიტიური შედეგი აქვს. უღრმესი გულახდილი პატივისცემა ყარამანს, იმისგან დამოუკიდებლად, რომ მეგობრები ვართ.

ორი სიმპოზიუმი გვაქვს აქ ჩატარებული და ერთ სხვასაც ვახლდი. ბევრად მეტი საინტერესო რამ მოხდა და ხდება აქ უკვე 15 წელია.

ამ იუბილესთან დაკავშირებით დაგვპატიჟა ყარამანმა, რადგან ჩვენი საერთაშორისო სიმპოზიუმი ერთ-ერთი პირველი იყო. უნდა, რომ აუცილებლად იყოს წარმოდგენილი ფესტივალზე სექტემბერში.

აქ ერთი ამბავია, მიდის მზადება და მუშაობა, კეთდება სხვადასხვა ქვეყნის პავილიონები. მიმიქარავს ვენეცია!

არც მე და არც კატი აქ არ ვიქნებით. მოსაფიქრებელია, რისი გაკეთება შეიძლება. შემოფარგლულ ეზოში პავილიონის მოწყობის იდეა არ გვხიბლავს. სამმა დავიწყეთ სოფელში ბორიალი. საკმაოდ შორს მივადექით რაღაცას რესტორნის მსგავსს. ახალი აშენებულია, მაგრამ სტრუქტურა ძველია: კუპეები და მთელი ამბავი, ბევრი უაზრო ბეტონი. დავსხედით, შევუკვეთეთ ლუდი, ვესაუბრეთ კეთილ დეიდას, რომელიც გვემსახურებოდა, და ნელ-ნელა გაგვიჩნდა აზრი, რომ შესაძლებელია, აქ გაკეთდეს გამოფენა. ჩვენი სიმპოზიუმებიდან საკმარისი მასალაა დარჩენილი აქ, თუ შესაძლებლობა იქნება, კიდევ რაღაცის მიმატებაც შეიძლება და ამ სივრცეს ავითვისებთ. უჭკვიანესი გოგოები არიან კატი და ნინო!

ცოტა შორს არის ვილიდან, თბილისიდან ფესტივალზე ჩამოსული ხალხი აქ, ალბათ, არ ჩამოისეირნებს. აქ ვინც დადის, შეიძლება არ იყოს დაინტერესებული ჩვენი ამბებით, მაგრამ ხომ შეიძლება სხვანაირადაც მოხდეს... არტვილის ჩაკეტილი, ელიტარული სივრცე იქნებ ცოტა გაიხსნას.

დავბრუნდით უკვე სამარშრუტო ტაქსით, რომლოს მძღოლმაც ფული არ გამოგვართვა. ვესაუბრეთ ყაროს, მას მოეწონა, ჩვენი წინადადება. ვნახოთ რა გამოვა...

მერე, რა თქმა უნდა, პატარა სუფრა, იქვე დამზადებული შამპანურის დაჭაშნიკება, სასიამოვნო ხალხი და ასე შემდეგ...

ღამე იქ დავრჩით.

24 ივლისი, პარასკევი

დილას ხათუნას სახელგანთქმული, ულამაზესი და მდიდრული საუზმე.

ესე იყო მთელი იმ კვირების განმავლობაში, რაც აქ გამიტარებია. რა კარგია, როცა ვინმე ცოდნით და სიყვარულით აკეთებს თავის საქმეს!

ნელ-ნელა წამოვედით თბილისისკენ. შევიარეთ კასპში, ცოტა ვიბორიალეთ, უცნაურ მაღაზიაში უცნაური რაღაცები ვიყიდეთ, ცუდ კაფეში ცუდი ლუდი დავლიეთ, ვისაუბრეთ ჩვენს გეგმებზე. ცხელა, მაგრა ცხელა! თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ევროპაში თურმე უფრო ცხელა და რა კარგია, რომ აქ ვარ ამ დროს, ვენის მაგივრად – კასპში. როდისმე რამე თუ ეშველება ასეთ ქალაქებს საქართველოში? ღმერთმა ქნას! მაგრამ მაინც მაგრა ცხელა. მერე რა, რომ ვენაში ახლა 40 გრადუსია? იქ როცა ცხელა, ველოსიპედით დუნაიზე მივდივართ ხოლმე დიდიან-პატარიანად, და ვგრილდებით. თბილისში როცა ცხელა, ზიხარ და ბუზღუნებ, რომ ცხელა. ესე იგი, მაინც, აქ უფრო ცხელა.

ჩვენი ნინო თან მაგარი მძღოლია, ამიტომ მალე ჩამოვედით თბილისში.

აუ, კარგია სახლში ყოფნა ჩემს საყვარელ დასთან, ნინოსთან ერთად, და მეტი არავინ! ცოტადავიღალე სტუმრებით და სტუმრობით. მაგარია რამდენიმე საათი არაფრის კეთება. ისე, ჩვენ კიდევ ერთი საყვარელი და გვყავს, უმცროსი – ქეთი, მაგრამ ის ამ ერთკვირიანი დღიურის მიღმა დარჩა. იმედია, მაპატიებს.

მოგვიანებით, ერთმა ძალიან კარგმა ადამიანმა, რომელსაც, სამწუხაროდ, იშვიათად ვხვდები, „პურპურში“ დაგვპატიჟა. პარასკეობით რექტორი უკრავს ხოლმე კარგ ტიპებთან ერთად. ცოტა ხალხი იყო, ეტყობა სიცხის გამო. მე კი ეს გამეხარდა: არ იყო ყაყანი, მხოლოდ ჩვენ ვყაყანებდით... რამდენიმე ჩემთვის მნიშვნელოვანი და დიდი ხნის უნახავი ადამიანიც მოვიდა. კიდევ ერთი სასიამოვნო საღამო გავატარე.

25 ივლისი, შაბათი

დღეს ბევრი საქმე არა მაქვს და არ მინდა, რომ მქონდეს. ერთი ვიცი: როდისღაც ეს დღიურები უნდა ჩავწერო და აუცილებლად დემონსტრაციაზე უნდა წავიდე „პანორამა-თბილისის“ საწინააღმდეგოდ. ძალიან განვიცდი ამ ჩვენი ოდესღაც მაგარი ქალაქის ბედს. მე მგონი, კიდევ არის გადარჩენის შანსი, ამიტომ ბევრმა ხალხმა უნდა იაროს ასეთ დემონსტრაციებზე. ყველას ყველაფერი ეხება. თუ რაღაც ცუდია, ყველასთვის ცუდია. ავსტრიაში უკვე ბევრი წელია, რესტავრაციის სფეროში ვმუშაობ. რაღაც ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა საიმისოდ, რომ დავინახო, რა როგორ კეთდება ქალაქში და რამდენად სწორად. არ მალაპარაკებს მხოლოდ დამოკიდებულება რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. ბევრი მცდარი რამ გაკეთდა ამ ქალაქში. ახლა ისევ რაღაცას ძალიან არასაჭიროს და მავნეს აპირებენ. ამიტომ მე ვთვლი, რომ იქ ყველა უნდა მივიდეთ. სად არიან, სხვათა შორის, ის ტაბურეტიანი „ბაბუაწვერები“? არც საზღვრის გადმოწევა აწუხებთ, არც ქალაქის დამახინჯება? მარტო ის, ვინ ვისთან „ქინძაობს“? უცნაური ფორმაა სამშობლოს სიყვარულის, მაგრამ ეგ ჩემი საქმე აღარ არის. დღიურის წერას კი ვამთავრებ. არც ვიცი, ვინმეს თუ დააინტერესებს ეს ჩემი ამბები...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG