Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ოვაშვილი - კინორეჟისორი


21 დეკემბერი, კვირა

ოთხთვიანი მოგზაურობის შემდეგ, მგონი, პირველი კვირა დღეა, საქართველოში რომ მიწევს ყოფნა. ამიტომ შანსს ხელიდან არ ვუშვებ და სოფელში მივდივარ, მამაჩემის სახლში. ეს ერთგვარი შესასვენებელი ადგილია ჩემთვის – გაჩერება დიდ, დამქანცველ გადასვლებს შორის.

გუშინწინ ღამით, ამერიკის კინოაკადემიის მიერ გამოცხადებულ, უცხოენოვანი ფილმების მოკლე სიაში ჩემი ფილმიც მოხვდა, რამაც მთელი გუშინდელი დღე თავდაყირა დააყენა, ყველა გეგმა ამირია. დილიდან გმირულად ვუმკლავდებოდი მედიის შემოსევას, საღამოს კი ძალაგამოცლილი მივხვდი, რომ ქალაქს უნდა გავცლოდი.

„ელოდით, რომ თქვენი ფილმი ამ სიაში მოხვდებოდა?“ – ეს არის ის პირველი კითხვა, რომელსაც, თითქოს წინასწარ შეთანხმდნენო, ყველა მისვამს. ამ კითხვას აქვს ორი პასუხი: „ველოდი“, ან „არ ველოდი“. მე ყველას ვპასუხობ, რომ არ ველოდი, და ვერ ვხვდები, რატომაა ასე მნიშვნელოვანი მათთვის, ველოდი თუ არა. რომ ვუპასუხო, „ველოდი“, რა შეიცვლება მათთვის?

მამაჩემის სოფლის სახლი ქალაქთნ ძალიან ახლოსაა, სულ რაღაც 30 წუთი და იქ ვარ.

აქ მართლაც ვიპოვე ცოტაოდენი შვება.

ახლა დილაა. მშვენიერი, დეკემბრისთვის უჩვეულო, მზიანი დილა დადგა. შემიძლია, ჩემს ოთახში განვმარტოვდე და თავისუფლების დღიურების წერა დავიწყო.

მგონი, უკვე სამი თვეა, რაც მარინა ცდილობს, რაიმე დამაწერინოს გადაცემისთვის. მეც ვპირდები... ვპირდები და ვერ ვასრულებ, ჰაერში მიჭირს წერა, მიწაზე კი ბოლო თვეებია, იშვიათად ვარ: აეროპორტი, გზა, სასტუმრო, ფილმის ჩვენება, ცოტაოდენი ძილი, შემდეგ ისევ აეროპორტი და ისევ ჰაერში. ესაა ჩემი ჩვეულებრივი დღის რეჟიმი. მოდი და დაწერე რამე!..

ღამ-ღამობით ხშირად მეღვიძება რომელიმე კონტინენტის, რომელიმე ქვეყნის, რომელიმე ქალაქის, რომელიმე სასტუმროს რომელიღაც ოთახში და დიდხანს ვფიქრობ, ნეტა სადა ვარ, რომელ ქვეყანაში, რომელ ქალაქში, და მიჭირს გავიხსენო. მერე უცებ ვხვდები, რომ იქ სულაც აღარ ვარ, სადაც მეგონა, რომ ვარ.

თავისუფლების დღიურები - გიორგი ოვაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:15:24 0:00
გადმოწერა

აეროპორტები იმითაა საინტერესო, რომ ათასი თავგადასავალი ხდება: ხან თვითმფრინავზე აგვიანებ, ხან, პირიქით, შენი რეისი იგვიანებს, ხან ვიღაც გადაგეყრება გზაარეული, რომელსაც დახმარება სჭირდება.

დღეს ერთ ამბავს მოვყვები აეროპორტზე და, საერთოდ, ვფიქრობ, ამ დღიურებში ჯობია, რაღაცებს მოვყვე, ამ ბოლო პერიოდის ამბებს, ვიდრე იმაზე ვწერო, თუ როგორ ვახელ დილით თვალებს და ვფიქრობ, როგორ მოვასწრო დღეს ის, რაც მოსასწრები მაქვს.

სტამბულში ვარ, ათათურქის სახელობის აეროპორტის ბიზნესდარბაზში ვზივარ და ჩემს რეისს ველოდები. „თურქეთის ავიახაზების“ ელიტარული მგზავრის სტატუსს ვფლობ და ამიტომაც მაქვს მსოფლიოს ყველა აეროპორტის ლაუნჯში მოცდის უფლება. აქ ყველაფერია იმისათვის, რომ კარგად დაისვენო, დანაყრდე, გაერთო და შენი მომდევნო ფრენისთვის მოემზადო.

ისეთი გადაღლილი ვარ, ამის საშუალება რომ არ მქონდეს, ალბათ საერთოდ აღარ ვიფრენდი. ჰოდა, რადგან მაქვს, ვზივარ და ველოდები ჩემს რეისს. მივფრინავ კოპენჰაგენში, კოპენჰაგენიდან შემდეგი ფრენა რეიკიავიკში მაქვს, ისლანდიაში. ვზივარ ჩემთვის, რაღაცას ვწერ, ჯერ საკმაო დრო მაქვს, რამდენიმე საათი.

მივყვები ფიქრებს, ჩავდივარ რეიკიავიკში, მერე ვბრუნდები უკან თბილისში და მერე, ზუსტად ათი დღის შემდეგ, ვიჯდები ისევ აქ, ამ დარბაზში და დაველოდები ჩემს რეისს, რადგან ათი დღის შემდეგ ოსლოში უნდა გავფრინდე. ახლა კოპენჰაგენში და ათ დღეში – ოსლოში. ეს ჩემი ფიქრებია. ვდგები და დავბორიალებ ჩემს ფიქრებთან ერთად დარბაზში, რათა ცოტა დრო მაინც გავიყვანო. კოპენჰაგენი, ოსლო, რეიკიავიკი... ტაბლოსთან ვჩერდები და უცბად... „ოსლო, ბოლო გამოცხადება, გასასვლელი 302“. წარწერა წითლად ანათებს, მგზავრები რომ ააჩქაროს.

კი მაგრამ, ეს როგორ დამემართა, როგორ გავიდა ეს დრო ისე, რომ ვერაფერი გავიგე?! ვხვდები, რომ საქმე ძალიან ცუდადაა, გასასვლელი 302 აქედან ძალიან შორსაა, როგორც უნდა ვირბინო, 10-12 წუთი მაინც დამჭირდება. ფიქრის დრო აღარ არის, კომპიუტერს ჩანთაში ვაგდებ, ჩემოდანს ვიღებ და თავქუდმოგლეჯილი გავრბივარ. ახლა რა უნდა ვქნა, რა თქმა უნდა დამაგვიანდა, რაც ნიშნავს, რომ რეიკიავიკის ფრენაც დავკარგე. რეისზეც შენი მიზეზით დაიგვიანე, ასე რომ, ავიაკომპანია ახალ ბილეთს ხვალისთვის არ მოგცემს. ჰოდა, მშვიდობით, ისლანდია! არადა, როგორ ვოცნენობდი ისლანდიაზე! ყველაფერი გადავდე, იქ რომ მოვხვედრილიყავი და აი, რა დამემართა ჩემი უყურადღებობით! თან გავრბივარ, თან ეს ფიქრები მიტრიალებს თავში. თანდათან ძალა მეცლება, მოძრავ ბილიკებზე ხალხს გვერდზე ვწევ, გამატარეთ, გამატარეთ! არა, ნამდვილად ვეღარ მივასწრებ, ალბათ ახლა უკვე კეტავენ გეიტს და მორჩა!.. მთლიანად სველი ვარ, გული ლამისაა ამომვარდეს და აი, 302-ე გასასვლელიც! ხომ ვთქვი? მოსაცდელ დარბაზში აღარავინაა, დარბაზის ბოლოს „თურქეთის ავიახაზების“ ფორმიანი გოგონა გასასვლელს კეტავს. ახლა დროა, ბოლო ძალა მოვიკრიბო. ვეძახი: „არ დაკეტოთ, არ დაკეტოთ!“ ჩერდება, მიყურებს. „ოსლო, ოსლო!“ – ვყვირი სასოწარკვეთილი. მშვიდად მელოდება. მივლასლასებ, ვფიქრობ, ახლა დავეცემი. „ოსლო?“ – ბოლოჯერ ვეკითხები. „Yes, Oslo, relax, please“. სიხარულის გამოხატვის თავიც კი აღარ მაქვს. „პასპორტი და ჩასხდომის ბარათი“ – მეუბნება. ჩანთას ვხსნი, ვიქექები, ვპოულობ და ვუწვდი. კითხულობს. „ეს ოსლოა“ – მეუბნება. „კი, კი ოსლო!“. „თქვენ კოპენჰაგენში მიფრინავთ“. „კოპენჰაგენში?!“ – და უცბად გონება მინათდება: ოსლოში ხომ ათი დღის შემდეგ მივფრინავ! მართალია: ახლა მივფრინავ კოპენჰაგენში! ეს რა დამემართა?! ხელიდან ვგლეჯ ჩემს პასპორტს და ჩასხდომის ბარათს. გაოცებულია, ვერ ხვდება, რა ხდება, შეშლილი ვგონივარ. „სად არის კოპენჰაგენი?“ – თითქმის ვუყვირი. „არ ვიცი, მგონი ჩვენ გვერდით, 303-ში, მაგრამ ტაბლოზე ნახეთ“.

გავრბივარ ტაბლოსთან: „კოპენჰაგენი – 203“. 203-ე გასასვლელი ხომ აეროპორტის სხვა მხარესაა! აბა 303-ო? მომატყუა ამ გოგომ. ახლა ხომ ნამდვილად ვეღარ მივუსწრებ, მაგრამ არა, უნდა ვცადო! და იწყება ახალი მარათონი: მივრბივარ, მივრბივარ, ვინც და რაც გზად მხვდება, ყველას და ყველაფერს ზედ ვაწყდები. ბოდიშსაც აღარ ვუხდი არავის. დავაგვიანე, დავაგვიანე... საიდან ამეკიდა ეს ოსლო, რა მინდოდა ოსლოში?! ეს შეცდომა რომ არ დამეშვა, ხომ ყველაფერს მშვიდად მოვასწრებდი! ქვედა სართულზე უნდა ჩავიდე. ჩავრბივარ ესკალატორზე. ამასობაში კიდევ 10 წუთი გადის, შანსები თითქმის ნულამდეა დასული. მაინც გავრბივარ, აი 203-ც! მაგრამ რად გინდა, გეიტი დაკეტილია, ჩასხდომა დამთავრდა, არავინ აღარაა... ვუყვირი ფორმიან ბიჭს, დაკეტილ გასასვლელთან ჩასხდომის ბარათებს რომ ითვლის: „კოპენჰაგენ, კოპენჰაგენ!“. „აბუ დაბი“ – მეძახის საპასუხოდ. „აბა, კოპენჰაგენი სადღაა?!“ მხრებს იჩეჩავს. „ტაბლოზე ნახეთ“. გავრბივარ ტაბლოსკენ. „კოპენჰაგენი – 303“. კი მაგრამ, ხომ 203 ეწერა? ესე იგი, ამ სიჩქარეში სწორად ვერ წავიკითხე, ესე იგი ის გოგო მართალი ყოფილა, ესე იგი ოსლოს გვერდითვე ყოფილა კოპენჰაგენი! აი, ბედის ირონია, ეს რომ არ შემშლოდა ხომ მოვასწრებდი? რა ვქნა, გავიქცე კიდევ 303-ისკენ? ვცადო? შევძლებ? გზაში დავეცემი ალბათ. ძალა სრულიად გამომელია, ოფლში ვცურავ, გული ალბათ ახლა გამისკდება. არა, უნდა გავიქცე, ეს ბოლო შანსია, იქნებ, იქნებ... გავრბივარ, ვეცემი, მივფორთხავ, ისევ ვდგები, ისევ გავრბივარ, მერე ვეღარ გავრბივარ, კედლებს ვეყუდები, ყველა მე მიყურებს, ახლა თითქოს უფრო გრძელდება გზა... და აი, შორს უკვე მოჩანს 303. შევძლებ, უნდა შევძლო, მაგრამ რაღა აზრი აქვს, თვითმფრინავი ხომ უკვე გაფრინდებოდა... შევდივარ დარბაზში. დარბაზი რატომღაც სავსეა მგზავრებით. ალბათ, უკვე შემდეგ რეისს ელოდებიან. როგორ დამემართა ასეთი რამე, როგორ?! მგზავრების გასასვლელთან, დარბაზის ბოლოში, ფორმიან გოგოს ვამჩნევ, სულ ბოლო ძალას ვიკრებ და გავრბივარ. ისე მოუმზადებელი აღარ ვარ, ახლა პასპორტიც და ჩასხდომის ბარათიც ხელში მიჭირავს. „კოპენჰაგენ?“ ეს კითხვა აღარაა, ეს უფრო მუდარაა. ხედავს, რომ ვკვდები, მაგრამ მაინც მშვიდადაა. „დაწყნარდით“, – მეუბნება, – „დარბაზში დაელოდეთ, გაფრენამდე საათნახევარია, ჯერ ადრეა...“

როგორღაც კედლამდე ვაღწევ და იატაკზე ვჯდები.

ეჰ ოსლო, ოსლო...

ისღა დამრჩენია, ბედნიერი ვიყო, რომ არ დავაგვიანე და იმედი ვიქონიო, რომ ათი დღის შემდეგ უფრო ყურადღებით ვიქნები, ოსლოს რეისზე მართლა რომ არ დამაგვიანდეს.

ქალაქში ვბრუნდები.

საღამოს ინგა გრიგოლიასთან ვარ „იმედის კვირაში“. ინგა პროფესიონალია, მაღალი სტანდარტებით.

22 დეკემბერი, ორშაბათი

დღეს საკმაოდ ბევრი საკითხია გადასაწყვეტი: რამდენიმე ინტერვიუ, მერე ჩემს ჯგუფთან შეხვედრა ახალ პროექტზე, ამ შეხვედრის შემდეგ კიდევ შეხვედრა და შემდეგ – კიდევ შეხვედრა.

ერთი სიტყვით, საინტერესო არც არაფერი.

ინტერვიუებში ისევ იგივე: „ელოდით თუ არ ელოდით?“

ჯგუფის შეხვედრაზე გოგონებს კასტინგის ფოტოები მოაქვთ. ვარჩევთ, ვმსჯელობთ, მიმართულებებს განვსაზღვრავთ, ვადგენთ როგორ ტიპაჟებს ვეძებთ. ვინ შეიძლება იმ სამყაროს წევრი გახდეს, რომელსაც ვქმნით და ვინ – არა.

საინტერესო ამბები მარტო აეროპორტებში კი არა, ხანდახან რკინიგზის სადგურებზეც ხდება.

13 ნოემბერია, თარიღი ზუსტად დამამახსოვრდა, რადგან ხვალ ჩემი დაბადების დღეა, დღეს საღამოს კი ჩემი ფილმის პრემიერა პრაღაში.

დილაა, მე ბრატისლავაში ვარ. წუხელ ბრატისლავის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურიში მუშაობა დავასრულე. ჩემი მატარებელი 8 საათზე გადის. პრაღაში შუადღისას უნდა ჩავიდე, რადგან პრესასთან ჩემი შეხვედრაა დანიშნული. სასტუმროდან მძღოლს რკინიგზის ცენტრალურ ვაგზალზე მივყავარ, ბაქანს მაჩვენებს, მიხსნის, რომ ჩემი მატარებელი ამ ბაქანზე ჩამოდგება და დარწმუნებული, რომ ყველაფერი რიგზეა, მიდის.

ჯერ რვას ოცი წუთი აკლია. ხუთი საათი გზაში უნდა ვიყო, ამიტომ ვფიქრობ, ჯიხურში რაიმეს ვიყიდი, გზაში შიმშილმა რომ არ შემაწუხოს. ხუთ წუთში უკანვე ვბრუნდები და ვხედავ, რომ ბაქანზე მატარებელი უკვე ჩამომდგარა.

„ინტერსიტის“ პირველი კლასის ბილეთი მაქვს, ეს შემადგენლობა კი ისეთი უბადრუკი ჩანს, ალბათ სადმე გარეუბანში თუ მიდის.

ბაქანზე ვდგავარ და მშვიდად ვადევნებ თვალს, როგორ ადიან მგზავრები ვაგონში, ზოგიერთი მათგანი გამცილებელს რაღაცას ეკითხება, ისიც მშვიდად იძლევა პასუხებს და ზოგ მათგანს თავის ვაგონზე უთითებს, ზოგს კი მატარებლის ბოლოსკენ აგზავნის.

კვირა დილაა, რვა საათი ხდება. ვცდილობ, გამოვიცნო თითოეული მათგანი სად შეიძლება მიდიოდეს. ალბათ, ზოგი აგარაკზე, ზოგი თავის სოფელში ბრუნდება, მთელი კვირა ისწავლა ან იმუშავა, ახლა კი თავის ოჯახს ნახავს. მშურს მათი, დიდი ხანია ერთი ქვეყნიდან მეორეში გადავდივარ, ასე შეუსვენებლად, დიდი ხანია, არ ვყოფილვარ საქართველოში და ჩემი ფიქრებიც სადღაც მიფრინავენ.

ამასობაში ელმავალი წასვლის სიგნალს აძლევს, ბოლო მგზავრები ვაგონებში ადიან, სულ ბოლოს – გამცილებლებიც. ავტომატური კარებიც იკეტება და უცბად ვხედავ, ბაქანზე მოხუცი ქალი მორბის, დიდრონ ბორბლებიან ჩემოდანს მოათრევს, სასოწარკვეთილი სახე აქვს, ლამისაა უკვე ბედს შეურიგდეს, რომ დარჩა. თვალს ვადევნებ, იქნებ, იქნებ მიუსწროს, იქნებ ვინ ელოდება, როდისღა იქნება შემდეგი მატარებელი, ღმერთო, მიუსწროს, რა იქნება, რომ მიუსწროს, და მატარებლის დაძვრამდე ერთი წამით ადრე მოხუცი ახერხებს და კარის გასაღებ ავტომატურ ღილაკს თითს აჭერს. კარი იღება და ძალაგამოცლილი მოხუცი ასწრებს ვაგონში ასვლას!

„რა კარგია, რა კარგი!“ – ვფიქრობ მე. ძალიან მიხარია, მადლობა ღმერთს!.. მატარებელი მიდის. კმაყოფილი, დამშვიდებული ვაყოლებ თვალს მიმავალ ვაგონებს. ესეც ასე.

და მხოლოდ მაშინ, როცა ბოლო ვაგონს კუდივით მოიქნევს მატარებელი, ჩემთვის ჩუმად ვამბობ: „ეს ხომ ჩემი მატარებელი იყო!..“

აღმოჩნდა, რომ შემდეგი მატარებელი ხუთი საათის შემდეგაა. ახია ჩემზე.

მოგვიანებით, ხუთი საათის შემდეგ, პრაღში მიმავალი მატარებელი გზაში ჩერდება, ელმავალი ფუჭდება და სანამ გამოცვლიან, მარტო პრესასთან კი არა, ფილმის პრემიერაზეც ვიგვიანებ.

23 დეკემბერი, სამშაბათი

ჩემი თანაშემწე მატყობინებს რომ აუცილებლად უნდა დავესწრო ფილმის ჩვენებებს კალიფორნიაში, პალმ სპრინგსში. პირველი ჩვენება 2 იანვარსაა, მეორე – 6-ში. ესე იგი, შეიძლება ახალ წელს ჰაერში შევხვდე. ასეც ვიცოდი. ძალიან ლოგიკურიც იქნება.

წასვლა ნამდვილად არ მინდა, მაგრამ სხვა გზაც არ მაქვს: ფილმს უნდა დავეხმარო ჩემი იქ ყოფნით.

ეს ალბათ ყველაზე რთული სამუშაოა რეჟისორისთვის, გაცილებით რთული, ვიდრე თვითონ ფილმის შექმნა.

სიამოვნებით არ წავიდოდი არც ერთ ფესტივალზე, არ დავესწრებოდი არც ერთ ჩვენებას, ჩემი ნება რომ იყოს.

კოტბუსში ფილმის გერმანულ პრემიერაზე ვარ. სავსე დარბაზი, კეთილგანწყობილი მაყურებელი. კითხვები ფილმის შემდეგ, პასუხები. ხანდახან ძალიან მიკვირს, ხალხს რომ ყველაფერი მოსწონს, ჩემი ფილმიც კი.

თუმცა არსებობს გამონაკლისიც. ჩვენების შემდეგ, დარბაზის გამოსასვლელთნ რამდენიმე გერმანელი მაჩერებს, მესაუბრებიან, ყველაფერი აინტერესებთ. მათ მიღმა აღელვებულ შუახნის ქალბატონს ვამჩნევ. ბობოქრობს, ხან გერმანულად, ხან რუსულად რაღაცას ამბობს, ცდილობს, ჩემამდე მოაღწიოს. ხელით ვანიშნებ, დამელოდოს. მერე ხალხს გაარღვევს და ჩემთან მოდის.

რუსულად მეუბნება გაღიზიანებული, აღშფოთებული: „რატომ გამოიყვანე აფხაზები იდიოტებად შენს ფილმში?“ რა თქმა უნდა, ისეთ პასუხს ელოდება, რომელიც საშუალებას მისცემს, სრულად მოახდინოს თავისი თავის რეალიზება.

მე ვპასუხობ: „იცით, რას გეტყვით? საქართველოში ზოგი მეუბნება, რომ ფილმში ქართველები გამოვიყვანე იდიოტებად“.

როგორც ჩანს, ჩემგან სულ სხვა რეაქციას ელის და საუბრის ასეთი განვითარებისთვის არ არის მზად. ფიქრობს, მშვიდდება: „პრინციპში მართალია, შენს ფილმში ყველანი იდიოტები არიან“.

„აი, ხომ ხედავთ? ახლა რა ვქნა, ყველას აქვს თავისი აზრი, მე როგორ მოვიქცე?“

ხვდება, რომ კონფლიქტის გაგრძელების შესაძლებლობას საფრთხე ექმნება, რაღაც უნდა მოიფიქროს, თორემ შეიძლება ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდეს.

„რატომ გადაიღე ფილმი იდიოტებზე?“ – ეს უკვე ბოლო შანსია, მაგრამ ეტყობა, რომ რესურსი ამოწურა, განიარაღებულია.

კეთილად ვემშვიდობები. ისიც დამშვიდებული და კმაყოფილი მიდის.

24 დეკემბერი, ოთხშაბათი

ჩემი უმცროსი შვილი, თებრონია, რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა ამერიკიდან. დღე და ღამე ჯერ კიდევ არეული აქვს. ყოველ დილით ოთხ საათზე იღვიძებს, აივანზე გასასვლელ მინის კართან დგას და ელოდება, გარეთ როდის ინათებს. მერე იწყება მისთვის ჩემი გაღვიძების ხანგრძლივი და რთული პროცესი: „მამა, აი მზე! მამა, აი მზე!“ – ეს ნიშნავს, რომ უნდა ავდგე. მერე ყველას გვღვიძავს და ველოდებით, მართლა როდის ამოვა მზე და გათენდება.

ასე რომ ძალიან მაკლია ძილი, ამის გამო ხშირად ვნახულობ საშინელებათა სიზმრებს.

ეს დღეც ჩვეულებრივად იწყება. ისევ ინტერვიუები, შეხვედრები. იძულებული ვარ, ბევრს უარი ვუთხრა. მგონია, რაც სათქმელი მქონდა, უკვე ვთქვი. მთავარია, რომ ყველას ვუთხარი: „არ ველოდი!“ ვფიქრობ, ეს პასუხი უკვე ყველამ იცის, ვისაც აინტერესებდა. ასე რომ, ახალს ვეღარაფერს ვიტყვი.

დღეს წლის ხელოვანის პრემიით დამაჯილდოვეს. „ოქროს პერგამენტი“ – ასე ჰქვია ამ ჯილდოს. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ შერჩევაში მიიღო მონაწილეობა!

25 დეკემბერი, ხუთშაბათი

25 დეკემბერია, დღეს ქრისტე იშვა ბეთლემს.

დუშეთში მივდივარ, იქაური სახალხო თეატრის სპექტაკლი – „კაცია ადამიანი“ – უნდა ვნახო.

ვნახე. სავსე დარბაზი, შესანიშნავი მაყურებელი. გიხარია, თბილისის გარეთაც რომ ხდება რაღაც.

უკანა გზაზე მე და ალექსი „პატიოსანი კაცის დუქანში“ ვჩერდებით და ხინკალს შევექცევით.

26 დეკემბერი, პარასკევი

დღეს არაფერიც არ ხდება. ყველა დღე ერთმანეთს ჰგავს თითქოს. არ მიყვარს, როცა დრო ასე გადის, რაიმე კონკრეტული მოვლენების გარეშე.

27 დეკემბერი, შაბათი

დღეს თავისუფლების დღიურები უნდა ჩავწეროთ. ვნახოთ, რა გამოვიდა. სიმართლე რომ ვთქვა, არც წამიკითხავს, რაც დავწერე. ასე რომ, როცა წავიკითხავ, ჩემთვისაც ახალი იქნება.

პირველის ნახევრისთვის შევუთანხმდი მარინას, მაგრამ უკვე პირველის ნახევარია და ჯერ ისევ სახლში, კომპიუტერს ვუზივარ.

უკაცრავად, მარინა, დაგვიანებისთვის.

XS
SM
MD
LG