Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი რამიშვილი − ასტრონომი


12 მარტი, კვირა

უდედობის მე-12 დღე

დედა უკვე თორმეტი დღეა, შვეიცარიაშია.

მირიანი ჩვეული „ოსტატობით“ იღვიძებს დილის 5 საათზე. არანაკლები ოსტატობით გაეპარა დადარაჯებულ ბებოს სამზარეულოში. ბებო ჩართული ტელევიზორის ხმამ და მირიანის აღტაცებულმა ყიჟინამ გამოიყვანა ფიქრებიდან. ეს ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. მახსოვს, ასევე, მირიანისადმი მიმართული ბებოს თბილი სიტყვები და საუზმის დამზადების დაპირება (დაპირება პირნათლად შეუსრულებია − მოგვიანებით გავიგე). შემდეგ დილის სამსაათიანი ტკბილი ძილი.

8 საათზე ჩვენს დიდ სამზარეულოში ფრიად კმაყოფილი დაპურებული დუეტი დამხვდა: ერთი კომპიუტერთან, მეორე − ტელევიზორთან. ვემზადები წასასვლელად, გადაუდებელი საქმეები მაქვს. არ ვნერვიულობ: მირიანს ორ თინათინთან ვტოვებ − ბებოსთან და 18 წლის დეიდაშვილთან. ვიცი, ჩემზე უკეთ მიხედავენ! დეიდაშვილი შუადღისთვის წავიდა, მასაც გადაუდებელი საქმეები ჰქონდა.

დღე მხიარულად გაუტერებიათ. კომპიუტერის შემდეგ ცოტა მამა-პაპური სათამაშოებისთვისაც მიუხედავთ. შემდეგ − შუადღის ძილი. საღამოს კი ვაჭრობა: თუ კომპიუტერს ჩაურთავთ, მირიანი კარგად ივახშმებს! მე ვბრუნდები სახლში და ბებო-შვილიშვილი ძლიერ კმაყოფილია! ცხადია, ყველაფერზე მორიგდნენ!

ბიჭი თითქოსდა ყოჩაღადაა, მაგრამ დაძინების შეთავაზებაზე კოსმოსური სიჩქარით მიისწრაფის ტუალეტისა და, შემდეგ, საწოლისაკენ. ძალიან თბილად გვემშვიდობება. სასთუმალთან ბავშვის ტანსაცმლის დაბინავებას ვერ ვასწრებთ: მირიანს მადიანად ძინავს! საღამოს 10 საათია. დეიდაშვილი თინათინი საღამოს დაბრუნდა: მეორე დღეს მნიშვნელოვანი საქმე აქვთ მას და მირიანს.

24 საათი − თინათინი 19 წლისაა...

თავისუფლების დღიურები - გიორგი რამიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:09:33 0:00

13 მარტი, ორშაბათი

უდედობის მე-13 დღე

მირიანი კვლავ 5 საათისთვის იღვიძებს. ამჯერად ოსტატურად გამოეპარა დეიდაშვილ თინათინს და აღმოჩნდა თინა ბებოს ხაფანგში: სამზარეულოში ჩასაფრებია, თურმე. დროულად გადაუმალავს კომპიუტერი ბებოს, მე კი მანამდე ტაბლეტიც გავაქრე. ერთსაათიანი მშვიდობიანი თანაცხოვრების შემდეგ მირიან ხანი ჩემთან შემოიჭრა და იავარქმნა ოთახი ჩემი მობილური ტელეფონის ხელში ჩაგდების მიზნით. არაფერი გამოუვიდა − ისიც საიმედოდ იყო შენიღბული. ცოტა ხანს თავი დამანება და სამზარეულოში დაბრუნდა. ნახევარ საათში თარეში განმეორდა, ისევ უშედეგოდ. შემდეგ კვლავ მოსაწყენი ნახევარი საათი ტელევიზორთან და მესამე ლაშქრობისას ტელეფონს მიაგნო, გაიტაცა, სასწრაფოდ ინტერნეტში იუტუბზე იპოვა სასურველი ვიდეოები და მხიარულად გაატარა ერთი საათი ჩემს საბოლოო გამოფხიზლებამდე.

ვემზადებით წასასვლელად. გარეთ მანქანა გველოდება. მირიანი და 19 წლის დეიდაშვილი მიდიან მეტყველების თერაპევტთან, მე მათ შუა გზამდე ვაცილებ. 13 საათზე მობილურში წერილი მომდის, რომ გაკვეთილზე ძალიან კარგი ბიჭი იყო და უკვე ბაღშია (ვალდორფის ბაღში დაგვყავს).

ბაღიდან ნანული დეიდამ გამოიყვანა, მისი პირველი ძიძა იყო და ახლა უდედობის დღეებში გვეხმარება. კარგად ისადილა ბიჭმა, მოემზადა კომპიუტერული თამაშებისთვის, მაგრამ ვინ აცალა?! დავავლე ხელი და 19 საათისთვის წავიყვანე გასართობ ცენტრში ჩვენი მეგობრების შვილის, ნიტას დაბადების დღეზე. მანქანაში მოდუნდა და მიეძინა. მისი თავი ყველა მოსახვევში წრიულ თავისუფალ მოძრაობებს აკეთებდა. ერთი-ორჯერ მჯდომარემ თავი სკამზეც კი დადო! რა მოქნილია! ნამდვილი იოგია!

გამოვაფხიზლე და ათიოდე წუთი გარეთ ვასეირნე, მაინც მოდუნებული და ცოტა უხასიათოდ დარჩა. ავიყვანე კიბით მესამე სართულზე, გასართობ ცენტრში. შეეცადა უსაქციელოდ მოქცევას და უკან გამოქცევას. დავანამუსე: ჯერ შევიდეთ და, თუ არ მოგეწონება, მაშინვე წამოგიყვან-მეთქი. უხალისოდ დამყვა. ღია კარში ცალი თვალით შეხედვის შემდეგ ისეთი სისწრაფით შევარდა დარბაზში, რომ მხოლოდ გურულობამ მიშველა, ძალიან არ ჩამოვრჩენილიყავი.

ორი საათის განმავლობაში „თავქუდმოგლეჯილი“ ხალისობდა სასრიალოსა თუ საცეკვაო მოედანზე. აქტიური მონაწილეობა მიიღო ბავშვების შეჯიბრებებსა და თამაშობებში. სერიოზულად ვშიშობდი, რომ წამოსვლაზე ჩხუბს დაიწყებდა და სირთულეებს შემიქმნიდა. აქაც გამაკვირვა. რომ ავუხსენი, ვამთავრებდით დღესასწაულს, მშვიდად წამომყვა გასასვლელისკენ. იზრდება ბიჭი!

უკანა გზაზე კვლავ განმეორდა მთვლემარი მირიანის ჩამოკონწიალებული თავის თავისუფალი წრიული მოძრაობების შეკვეცილი ვარიანტი: ჩემი ხელები იყო შეკვეცის ძირითადი ინიციატორი.

მოვედით სახლში. 21 საათი და 30 წუთია. არაფრის თავი აღარ გვაქვს. აღარ მახსოვს, რომელმა დავასწარით ლოგინში ჩაწოლა. ალბათ, მაინც მირიანი იყო პირველი: ჩემზე სწრაფიცაა და ბებოც ეხმარებოდა. მეტი აღარაფერი მახსოვს!

14 მარტი, სამშაბათი

უდედობის მე-14 დღე

კიდევ კარგი, მირიანთან ერთად დავიძინე! 5 საათზე ვერა, მაგრამ 6-ზე მაინც ფეხზე იყო! ეს დღეები დილაობით ისტერიულად მამოწმებდა: უმამოდაც ხომ არ დავრჩიო?! კიდევ კარგი, ორ-სამჯერ დედა-შვილი სკაიპით მაინც მიესიყვარულა ერთმანეთს. მირიანმა სულ ხელებითა და ტუჩებით გამიკრიალა კომპიუტერის ეკრანი!

დილიდანვე მომიგორდა გვერდით, სითბოთი და ყურადღებით დამათრო! სასწრაფოდ ისარგებლა ჩემი მოდუნებით და უმალ დაეპატრონა მობილურს. არ გავუწიე წინააღმდეგობა, სანაცვლოდ პატივი მცა და გაქრა ოთახიდან, აღარ შემაწუხა. საუზმეც უპრობლემოდ მიირთვა − ქრთამი ხელთ ეპყრა!

ბაღში წავიყვანე 9 საათისთვის. საღამომდე არც კი ვიცი, რას აკეთებდა. დღე ბუნდოვნად მახსოვს. ცოტას ვნერვიულობ: მეუღლე შვეიცარიიდან ბრუნდება და ყურადღებით ვარ, რაიმე არ გაუჭირდეს. თან მირიანიც გაფრთხილებულია, რომ მეორე დღეს დედა ისევ ეყოლება აქ, ახლოს. ბაღიდან 18 საათითვის გამომყავს. ერთადერთი რამ მახსოვს: დღეს ძალიან კარგი ბიჭი იყოო, მითხრა მასწავლებელმა... მაგრამ რატომ და რისთვის იყო კარგი ბიჭი არ ვიცი.

სახლში ყველანი დაღლილები ვართ. მირიანს სრული თავისუფლება მივეცით და დაიმხო თავზე კომპიუტერი. „გამგამ- სტაილის“ ყურებაც კი არ ავუკრძალეთ. 22 საათისთვის იძინებენ ბებია და შვილიშვილი. მე ადამიანურად დაწოლასა და დაძინებას ვერ ვბედავ, აეროპორტში ვარ წასასვლელი.

15 მარტი, ოთხშაბათი

უდედობის მე-15 დღე?

...ადამიანურად დაწოლასა და დაძინებას ვერ ვბედავ, აეროპორტში ვარ წასასვლელი. მანქანა მყავს დაბარებული. მძღოლმა მთხოვა, 3 საათზე დამირეკეო. ვფხიზლობ, ვთვლემ და ვფხიზლობ. მირიანი ძალიან კარგი ბიჭია: ძალიან ღრმად ძინავს, სულ არ მაწუხებს.

თვითმფრინავი დაგვიანებით ჩამოვიდა. უკვე 5 საათია, ცოტა მეტიც. გზაში დედა დედობას იბრუნებს და კითხულობს: მირიანს, ალბათ, უკვე ღვიძავს და ნეტავ, რას აკეთებსო. ორი კვირა დედობაში ნავარჯიშები მამა ვპასუხობ: არა მარტო ღვიძავს, ნამდვილად უკვე ჩვენს ოთახშია შესული და დაუკითხავად სრული დატვირთვით იყენებს მაგიდაზე დატოვებულ ჩემს კომპიუტერს ბებიის პასიური ზედამხედველობის ქვეშ-მეთქი. ხანდახან მეც ვგრძნობ თავს ვანგას ნათესავად: ათ წუთში ზუსტად ასეთი სურათი ვიხილეთ ცხადში!

ორი საათი ვერ ააცალეს ერთმანეთს დედა-შვილი, მე დამდეს პატივი, სასწრაფო წესით წესიერად გამომეძინა დილის 8 საათამდე. იავნანასავით მესმოდა შორიდან სასიამოვნო ჟღურტული და ელდანაცემივით წამოვფრინდი რვაზე. თურმე, შემძლებია ხუთ წუთში სრულ საპარადო ფორმაში გამოწყობა. მანქანამ მომაკითხა საზოგადოებრივ რადიოში წასაყვანად: იქაც ხომ მირიანზე და მისნაირ გულისხმიერ თბილ არსებებზე უნდა მელაპარაკა!

ნამდვილი დედის სურვილით ბაღი გავაცდენინეთ, რომ მთელი დღე ერთად ყოფილიყვნენ. არ დააცალეს, დედა სასწრაფოდ გამოიძახეს სამსახურში. მირიანისთვის ისევ თინათინებმა მოიცალეს.

საღამოს მე თამაშგარე მდგომარეობაში ვიყავი. მირიანის მთელი ყურადღება დედისკენ იყო მიმართული: ძირითადად, დედა უყვარდა და შიგადაშიგ − კომპიუტერი.

16 მარტი, ხუთშაბათი

დილიდან განცხრომაში ვარ. მირიანი არ შემაწუხებს: ჯერ ბებო მიხედავს და მერე დედიკო. 5 საათიდან ბებომ მიხედა. 7 საათისთვის შემოიჭრა ჩვენს საზღვრებში და იქამდე არ მამჩნევდა და ეფერებოდა დედას, სანამ დედამ არ მიუთითა მამიკოსაც მოეხვიეო. ეგ ათი წამი, შემდეგ − ისევ დედა. ძნელი ყოფილა მამობაც!

9 საათისთვის მირიანი დედამ წაიყვანა ბაღში. უკან ისევ ნაქები მოიყვანეს. ჩვენც კი ვიცით, კარგი ბიჭი რომ არის!

ბავშვი საღამოს ძალიან ხალისიანია: დედაც ჰყავს და ყოფილი დედაც! გამორჩეული არაფერი ხდება, უბრალოდ ყველას ძალიან გვიხარია − ერთად ვართ.

17 მარტი, პარასკევი

დილიდან ისევ გარანტირებული მაქვს განცხრომა! ისევ დამაზღვიეს ქალებმა.

9 საათისთვის დედიკომ წაიყვანა ბაღში ფეხით. ბაღამდე 1,7 კმ-ია.

13 საათისთვის რადიო „იმედში“ ვარ. ისევ მირიანზე და მის მეგობრებზე ვსაუბრობთ.

18 საათისთვის მე გამომყავს ბაღიდან და იმავე მანძილს გავდივართ ფეხით სახლისკენ. მართლაც გაიზარდა ბიჭი. ყოჩაღ, მირიან!

დაგვჯაბნა მირიანმა ბებო და მე: ჩვენი ხელიდან არც საჭმელი მიირთვა და კომპიუტერსაც დაეპატრონა. 21 საათზე ისევ დედამ გვიშველა: დააპურა და დაუყვავა. მალე მირიანი დიდი სიხარულით წაბობღდა თავისი საწოლისკენ და დაწოლა მოასწრო თუ დაძინება, უცნობია!

ხვალაც მასზე ვილაპარაკებ რადიოს ეთერში. რადიო „თავისუფლებაში“ მივიტან ჩემს ამ ნაწვალევს.

18 მარტი, შაბათი

რა ძნელი ყოფილა 70 წლის ასაკში სიგარის მოწევის დაწყება! ეს ერთ-ერთი ინგლისური იუმორისტული მოთხრობიდანაა.

რა ძნელი ყოფილა 52 წლის ასაკში დღიურების წერის დაწყება! ეს ჩემი რეალობიდანაა.

დღემდე არ მესმოდა, რატომ უნდა მეწერა დღიურები. ახლა უკვე ვიცი: რადიო „თავისუფლების“ ეთერში გასაშვებად!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG