Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი საბანაძე - არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი


2 თებერვალი, კვირა
პრესკონფერენციამდე ორი დღეა დარჩენილი. ბევრი საქმე არ გვაქვს. დრო უნდა მოვკლა რაღაცნაირად ისე, რომ ყურადღება გადავიტანო, თორემ როგორც კი ჩემ თავთან ვრჩები, შფოთვას ვიწყებ და ადგილს ვერ ვპოულობ. დიდი სირთულე ჩვენ წინ არ დგას. უბრალოდ, როცა საქმე არ გაქვს, რაღაც ხო უნდა აკეთო? ზოგი ასეთ დროს წიგნებს კითხულობს, ზოგი მცენარეებს უვლის, ზოგს სძინავს და ზოგიც - სვამს. მე ვშფოთავ.

ჩემმა ჯგუფელმა და მეგობარმა, ათასრაღაცასმოდებულმა ლევან ახალაიამ, თავის გუნდში თამაში შემომთავაზა (იგულისხმება თამაში „რა? სად? როდის?“). არ ვიცი, ეს სათაური ფრჩხილებს გარეთ ისე როგორ ჩავსვა, ყურს და თვალს რომ არ მოხვდეს. მგონი, წამგებიანია, როცა სათაურს, სახელობითის გარდა, არც ერთი ბრუნვა არ უხდება. ჩემთვის გონებაში ვაბრუნე: „მოქალაქე“, „მოქალაქემ“, „მოქალაქეს“, „მოქალაქის“, „მოქალაქით“, „მოქალაქედ“, „მოქალაქევ“. კვეცადია. „რა? სად? როდის?“ დროის მოკვლის კარგი საშუალებაა: არც „პახმელია“ იცის და არც ტალახიანი ფრჩხილები. ცოტა გაწელილი და დამღლელი კი იყო. რა ამბავია 36 კითხვა? დროს ვკლავ, თავს ხომ არა?!

ჩემთვის რთული აღმოჩნდა ისეთი კაფეს პოვნა, რომელშიც ერთდროულად თავისუფალი ადგილებიც იქნებოდა და წყალიც. ამ ძებნაში ისე გავიყინე, „განსხვავებულით“ რომ მოეწოდებინა ვინმეს ცხელი ჩაი, ვერ გავთბებოდი! ჩემი მეგობარი და „ფსიქოლოგი“ ნინო კალანდია ვნახე. რაღაც საჩუქარს მიმზადებს. მხოლოდ ის ვიცი, რომ ფოტოა.

ღამე არ დამეძინა. წრიალი რომ მომბეზრდა, კომპიუტერი მივიდგი და „თავისუფლებისთვის“ დღის ამბები მოვყევი. იმ ტექსტის ბედს ხვალინდელ დღიურში დავწერ.
თავისუფლების დღიურები - გიორგი საბანაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:07:59 0:00

3 თებერვალი, ორშაბათი
მედიასთან შეხვედრა ხვალ არის. ზუსტად ვერც ვიხსენებ, რას ვაკეთებდი მთელი დღის განმავლობაში. არ ვიცრუებ, თუ ვიტყვი, რომ ბევრი საქმე მქონდა და სულ აქეთ-იქით სიარულში ჩაიარა დღემ. ისიც კი მახსოვს, ღამე ჩემთვის რომ მიხაროდა, რა მალე ჩაიარა და ღელვა-შფოთვის დროც არ დამიტოვა-მეთქი...

რა თქმა უნდა, ეს ღელვაც მთლად უსაფუძვლო არ ყოფილა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვამზადებდი მხოლოდ გამოფენებს, რომლებითაც, ხშირ შემთხვევაში, ორი-სამი ჟურნალისტი თუ დაინტერესდებოდა. ორშაბათის საღამოს მონაცემებით, 150-მდე ჟურნალისტია დარეგისტრირებული და ზარები არ წყდება. რუსა (მაჩაიძე) ამბობს, ნუ გეშინია, ყველაფერი მაგრად ჩაივლის, აი, ნახავო. მართლაც, თითქმის ყველაფერი კონტროლის ქვეშ არის. ერთადერთი, რაც მაშფოთებდა, პრესკონფერენციების მომზადების საქმეში გამოუცდელობა იყო. ხომ შეიძლებოდა, რაღაც ისეთი გამოვარდნილიყო, რაზეც, უბრალოდ, არ გვიფიქრია.

გვიან საღამოს „რედისონში“ ყველაფერი მზად არის. წამოვედით. ქუჩაში ისე ძალიან აღარ ციოდა. გულში ორ ჭიქა „ჯეკს“ მადლობა გადავუხადე. „ჯეკმა“ აუტანელ ყინვას გადამარჩინა, მაგრამ გაციებას - ვერა. არსებული გარემოებების და გასული კვირის ამბების გათვალისწინებით, ვერსად ვიტყოდი გრიპი მაქვს-მეთქი. გზაში აფთიაქში შევიარე და ვიყიდე წამალი, რომლის დალევა, რა თქმა უნდა, დამავიწყდა.

სახლში რემონტი წინ მიიწევს. მთელი მისი ტვირთი დედაჩემს დააწვა. უმკლავდება. ის ყველაზე აპოლიტიკური ადამიანია მსოფლიოში. დღესაც ფიქრობს, რომ პრეზიდენტთან ვმუშაობ.

„ფეისბუკში“ ლიკას წავაკითხე კვირის დღიური. არ გაბედო და სადმე არ წაიღო ეს სისულელეო! ადრე ხევდნენ ან წვავდნენ. მე წავშალე.

4 თებერვალი, სამშაბათი
პრესკონფერენცია ჩემთვის იმაზე უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე მოველოდი. ყველაზე რთული, ალბათ, ჯიბეში ქაღალდის ცხვირსახოცების შეკვრიდან ერთის შეუმჩნევლად ამოღება და მისი დანიშნულებისამებრ გამოყენება იყო. ცხვირსახოცის გამოყენება არ მინდოდა და თავს იქამდე ვიკავებდი, ვიდრე შემეძლო. ვინანე, რომ ჩვენი დიპლომატიური პროტოკოლის მასწავლებლის რჩევა არ გავითვალისწინე და ჯიბეში ნაჭრის უნაკეცოდ გაუთოებული ცხვირსახოცი არ მედო. სხვათა შორის, იმავე მასწავლებელმა მეორე დღეს რუსას უთხრა, მაგას ჰალსტუხის გაკეთება ასწავლეო, ოღონდ ნუ ეტყვი, მე რომ ვთქვიო. ბოდიში, რუსა. ბოდიში, მასწ.

დარბაზში რუსა მაჩაიძე აკონტროლებდა ყველაფერს. მას „მულტიტასკინგის“ ყველაზე განვითარებული უნარი აქვს იმ ადამიანთაგან, ვინც კი როდისმე შემხვედრია.

გვიან ღამე გიორგი კეკელიძესთან სახლში ერთი ბოთლი კონიაკი დავლიეთ.

5 თებერვალი, ოთხშაბათი
დღეს ცხოვრებაში პირველად უცხო ადამიანმა საჯაროდ მიწოდა „გამოსირებული“. ამას მოველოდი, რაც ნიშნავს იმას, რომ მოველოდი ჩვენი დიდი და ჭრელი საზოგადოების ზოგიერთი წევრის მსგავს რეაქციას, მაგრამ არ ვიცოდი, როგორი იქნებოდა ჩემი რეაქცია. ახლა უკვე ვიცი. ჩემი რეაქცია: თავს ვეკითხები, რატომ ვარ „ის რაღაც“?

6 თებერვალი, ხუთშაბათი
ხუთშაბათს აღმოვაჩინე, რომ ვაკის პარკის მოპირდაპირე მხარეს რამდენიმე დღის წინ გახსნილი საშაურმე ჩემს ბავშვობის მეგობარს, ნიკიჩას, ეკუთვნის. ნიკასთან ერთად ზაფხულებს ჭრებალოში ვატარებდით. ლუდზე დაგვპატიჟა. ბავშვობა, ჭრებალო და საერთო მეგობრები გავიხსენეთ.

ბავშვობისდროინდელი სერიოზულობა შეუნარჩუნებია და დღეს მუშაობს, თან რამდენიმე მცირე საწარმო აქვს. უკანასკნელ დღეებში შაურმის ინდუსტრიაშიც შეაბიჯა ბანკის კრედიტით გამყარებული თამამი ნაბიჯებით და დღეს უკვე 25 კილოგრამი შაურმა მიყიდა ვაკელებს და ამ უბნის სტუმრებს. კაცი კი არა, ფუტკარია. სხვათა შორის, ერთადერთია ვისაც არ მოულოცავს. მიზეზი: არაფერი იცოდა. არ სცალია ტელევიზორისთვის და ინტერნეტისთვის.

არც მისაუზმია და არც მისადილია, ამიტომ ნიკას ორმა ლუდმა ჩემზე განსაკუთრებული ეფექტი მოახდინა. მაკამ და ნინომ მომაკითხეს. მანქანაში ჩემმა ტანსაცმელმა საუკეთესო გაუყინავი ღორის ხორცისგან დამზადებული შაურმის არომატი შეიყოლა.

7 თებერვალი, პარასკევი
დილით, სკამზე დაჯდომისას, ჩემი საყვარელი ნაცრისფერი ჯინსი ზედ შემომეხა. სულ არ გავბრაზებულვარ. პირიქით, ცოტათი გული ამიჩუყდა. დიდი ხნის განმავლობაში ნახმარი ჯინსი ბოლოს და ბოლოს ტანზე რომ შემოგეხევა, მისდამი მადლიერების გრძნობა გიჩნდება. თან ბოლო კვირებში ისე დავიკელი, სიარულისას ხელებს ჯიბეში თუ არ ჩავიწყობდი, უფროსი ძმის ნახმარი ტანსაცმელივით მძვრებოდა. წონაზე გამახსენდა: ისე გავხდი, რომ კეკელიძის ნაჩუქარი პიჯაკებიც კი კარგად მაქვს. ვინც ორივეს გვიცნობს, მიხვდება, რა მასშტაბებზეა საუბარი.

რადიო თავისუფლებიდან ქალბატონმა მარინა ვაშაყმაძემ დამირეკა ჩაწერის დროის შესათანხმებლად. პირველივე დღეს მივხვდი – ძალიან რთული ამოცანა დამისახეს. გულის სიღრმეში სულ მქონდა იმედი, რომ დავავიწყდებოდი. არ დავავიწყდი და უკან დასახევი გზაც არ მაქვს.

გუდას დაბადების დღე ქოქოსას ახლად ნაქირავებ სახლში აღვნიშნეთ. ქოქოსასთვის ეს მოულოდნელობა იყო, თან, მგონი, უსიამოვნო. მარტო არ იყო.

„გუდა-ფართის“ მერე ექვსი დღის დღიურები დავწერე. დღეს დამრჩა ბოლო ორი კვირის ყოველდღიური რიტუალების შესრულება:

1. „ფრენდ რექუესტების“ „დაკონფირმება“;

2. მეილზე და „ფეისბუკში“ მოსულ შეტყობინებებზე პასუხის გაცემა.

გუდა – გურანდა ბერძენიშვილს, ქოქოსა კი ქართლოს მჟავანაძეს ნიშნავს. ისინი ჩემი მეგობრები არიან.

8 თებერვალი, შაბათი
ეკონომიკის გამოცდაზე დამაგვიანდა. ის, ვინც ამ ტექსტის კითხვას დღევანდელი დღიურიდან არ იწყებს, მიხვდება ჩემი მომზადებულობის ხარისხს. მერაბ კაკულიას ლექციებიდან რაღაცები მაინც მახსოვს. მაგალითად, მოთხოვნის და მიწოდების მრუდები ხან მარჯვნივ გადაადგილდება, ხან - მარცხნივ. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩემზე მოთხოვნის მრუდმა მარჯვნივ გადაინაცვლა. მიწოდება, რა თქმა უნდა, ვერ შეიცვლებოდა. სახეზე გვაქვს წონასწორობის ახალი წერტილი. როგორ ავითვისე, მასწ?

ჯიპასა და რადიო თავისუფლებას შორის კეკელიძესთან შევირბინე. ვიდრე სტილს მისწორებდა და რჩევებს მაძლევდა, სახლი პაპიროსის ბუღით გავუვსე.

რადიო თავისუფლების მარინა ვაშაყმაძე ზუსტად ისეთია, როგორიც წარმომედგინა. ტექსტს გადახედა. კარგიაო. დარწმუნებული ვარ, ყველას ასე ამხნევებს. შაბათი არ გაქვს და დღეს ნუ ჩამიგდებო. დაჯექი და დააკაკუნეო. ვაკაკუნებ...
XS
SM
MD
LG