Accessibility links

14 აპრილი, კვირა
გუშინ დავალაგე გეგმა - უპირველეს ყოვლისა გამოვიძინებ და მერე... მერე რამეს მოვიფიქრებ. ვერაფერს იტყვი, მაგარი გეგმაა. უკვე მერამდენე კვირაა, რაც ეკლესიაში წასვლას ვგეგმავ. ვერ გადავლახე რაღაც შეუცნობელი წინააღმდეგობა, რომელიც ჩემში, სრულიად წყნარად ბუდობს. არც ვიცი რა დავარქვა, ალბათ რაღაც აბსტრაქტული არსებითი სახელი მოუხდებოდა. იგი ქედს უხრის რწმენას, ეკლესიას, ტრადიციებს, რიტუალებს, უყვარს და მეგობრობს მოძღვართან. ამავე დროს თავის მართლების დიდი ოსტატია და წარმატებით მიმსუბუქებს ქრისტიანი ქართველის ვალდებულების შეუსრულებლობის სინანულს.

არსებობს ბანალური ვალდებულებებიც, რომელთა რეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა მათი დაკავშირება პირად სურვილთან, ხალისთან და, ხშირ შემთხვევაში, ფინასურ შესაძლებლობებთან. თითქოს ყველაფერი ადგილზეა, კარგი ამინდიც ხელს მიწყობს. ამ ფიქრებით დაძინებულს, დილით ადრე ტელეფონის ზარი მაღვიძებს. საკვანძო მომენტია, დავიძინე ოჯახის გასეირნების გეგმებით აღსავსე მოქალაქე გია ვოლსკიმ და გაღვიძებისთანავე დავუბრუნდი ოფიციალური პირის სუბსტანციას.

ორშაბათიდან პარლამენტის სასესიო კვირა იწყება. არავითარი სურვილი არ მაქვს, ჩემი ჩანაწერები დეტალებით დავამძიმო. მოკლედ, სამუშაო მაქვს. ნინო მებუზღუნება, მართალიცაა. მაგარი გოგოა, საიმედო, ჭკვიანი. ჩემს უმცროსს - გიოს, უხარია კიდეც, კომპიუტერს მიუჯდა, ჩაერთო მეგობრობის ქსელში, რაღაც თამაშებს ტვირთავენ, არჩევენ, გეგმავენ, საუბრობენ, კამათობენ, იცინიან. თხუთმეტი წლისაა, სიმაღლეში გამასწრო... ვეკითხები: „რაღაც, ცოტა აგრესიული სიუჟეტი ხომ არა აქვს ბიჭო მაგ თამაშებს?“ სხვა მოთამაშეებთან საკომუნიკაციო მიკროფონს თიშავს და რბილად მპასუხობს: „საინფორმაციოებს რომ უყურებ, უფრო აგრესიული არაა?“ გარეთ გასვლაზე აღარცაა ლაპარაკი. მე ვფიქრობ - ცოტა დათბეს და მივხედავ ყველაფერს. დედაჩემი წყნარადაა, ცოტას მსაყვედურობს, ოთხმოცს მიუკაკუნა, მაგრად დგას, არასოდეს დაუჩივლია, ძნელია მეუღლის დაკარგვა...

ბუსა, ინგლისური კოკერი, როგორც ყოველთვის, მოკლე კუდს აქიცინებს და თავად სიყვარულის და მეგობრობის განსახიერებაა.
ვერც სანდროსთან, ჩემს შუათანასთან, ვერ მივდივარ. თავის მუცელდამრგვალებულ ცოლთან ერთად დილიდან ელიავას ბაზრობაზე წასულა. სახლი იყიდეს კრედიტით, არემონტებენ. უხარიათ ერთად ყოფნა, კისკისით იციან მოსვლა... დრო მოვა, დიდხანს გვაცოცხლოს ღმერთმა, ზუკასაც შევხვდებით, უფროსი შვილია, ახლა ოცდათოთხმეტის იქნებოდა.

საღამოს შეხვედრა მაქვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში ჩვენი ელჩობის კანდიდატთან. მომავალი ორი კვირა არ მეცლება. კარგი კაცია კახა იმნაძე, გამოცდილი დიპლომატი. ისევ კანდიდატად რჩება. არ აწერს ხელს პრეზიდენტი მის წარდგინებას პარლამნტის წინაშე. რა მოსაზრებით ხელმძღვანელობს, არ ვიცი. დიდხანს ვსაუბრობთ გაეროსთან ჩვენი წარმომადგენლობის საქმიანობის სპეციფიკაზე.

გვიან ღამით მაინც გავიჭერით მე და ნინო, თუმცა ახლო დისტანციაზე. ბავშვობის მეგობრებს მივაკითხეთ. აი, ოჯახიიი… ოთხი შვილი, სიძე, ორი პაწაწინა შვილიშვილი, დედა, დისშვილები, ყველანი სახლში არიან. ცოტა ულხინთ, ბევრი უჭირთ... მოკლედ, ჩვეულებრივი თბილისური, თბილი ოჯახია.

გვიანაა, უფრო სწორად, ადრეული ორშაბათი. ელექტრონულ ფოსტას ვარჩევ. მიმოწერა, ინფორმაციების მიღება, გაზიარება.

15 აპრილი, ორშაბათი
წესით, უკვე ქუთაისში უნდა ვიყო, პარლამენტი ხომ იქაა. არა, გაგიჟდება კაცი! ქალაქი წლებია უწყლოდ ცხოვრობს და სააკაშვილმა თითქმის ნახევარი მილიარდი ლარი იქ პარლამენტის შენობის აშენებაში ჩაანთხლია. უგემოვნო, არაკომფორტული, გიგანტური სათბურივით შენობაა, ვენტილაციისა და კონდიცირებისათვის საჭირო უშველებელი ხარჯით. სესია ოთხშაბათს იწყება. ზოგიერთი ქუთაისური შეხვედრა გადავიტანე, თბილისში მაქვს მნიშვნელოვანი საქმეები.

ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ვარ. რბილად რომ ვთქვათ, ირონიულია ამ კომისიისათვის „დროებითის“ დარქმევა ნაციონალური მოძრაობის მიერ, როდესაც უმრავლესობაში იყვნენ. უამრავჯერ მითქვამს და ვიმეორებ - არაფერი უღონიათ, რომ პრობლემის დროებითობა რეალობისათვის დაეახლოებინათ. იყო შედარებით წარმატებული პერიოდიც, 2004 წლის მაისიდან 2006 წლის ივლისამდე. ამ დროს ვმუშაობდი კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილედ. მინისტრი გოგა ხაინდარავა იყო. ნიჭიერი კაცი. ჩემთვის სრულიად მოულოდნელად შესანიშნავი ადმინისტრატორი და მომლაპარაკებელიც აღმოჩნდა. სწორი არჩევანი გააკეთა ზურაბ ჟვანიამ. ვფიქრობ, არც ჩემში შეცდა, თუმცა კარგად არ ვიცნობდი. მოკლედ, 2006 წლის ივნისისათვის კონფლიქტების მოგვარების პროცესებში საერთაშორისო მონაწილეობა, როგორც პოლიტიკური, ასევე ფინანსური, შეუქცევადი და მასშტაბური გახდა. რუსეთის გავლენა რეალურად დაბალანსდა და მოგვარების პერსპექტივაც გამოჩნდა ჰორიზონტზე. მოულოდნელად შეცვალა სააკაშვილმა პროცესის ვექტორი, ათასი გაფრთხილების მიუხედავად, არ დაიშალა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ დასავლელი პარტნიორების რჩევების იგნორირება. მივიღეთ ის შედეგი, რაც ასეთ შემთხვევებში გარდუვალია. სამწუხაროა, ძალიან სამწუხარო. დეტალებზე სხვა დროს, სხვა ფორმატში…

შუადღეზე რეინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრს, პაატა ზაქარეიშვილს ვხვდები. პოზიციებს ვაჯერებთ. მისი უწყების მიერ ჩამოყალიბებულ კანონპროექტს და კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს ვიხილავთ. ვკამათობთ, ვთანხმდებით, ფაქტიურად ყველაფერზე. ვემშვიდობები, თუმცა საღამოს ისევ გვიწევს შეხვედრა, ამჯერად რამდენიმე ექსპერტთან ერთად. კიდევ რამდენიმე საჭირო შეხვედრა. ყველაფერს ვიწერ. მეშინია დეტალები არ დამავიწყდეს.

და ამ დღის სასიამოვნო შეხვედრის დროც მოვიდა - შვიდი საათისათვის რადიო „თავისუფლების“ ახალი ოფისის პრეზენტაციაზე ვარ. მარინა ვაშაყმაძე გულწრფელი სიხარულით მეგებება. ბევრი ხალხია, მეჩქარება, ქუთაისისკენ მიმავალ ღამის გზას უნდა დავადგე. წავედი. მანქანას მე ვმართავ. მერიდება, რომ მძღოლი მყავს. თბილისში ვტოვებ. საერთოდ ბევრი რამის მერიდება, ისიც მერიდება, რომ ჩემს მორიდებულობაზე ვლაპარაკობ, თითქოს ვტრაბახობ, ესეც ამპარტავნობის გამოვლინების გამოვლინებაა, აბა რაა? არც ყოველდღიურობაში ვიკლებ ამ ცოდვას. შენდობის იმედი მაქვს.

16 აპრილი, სამშაბათი
აი, ნამდვილი რუტინული დღე (რამდენ უცხო სიტყვას ვხმარობთ). პარლამენტში შევდივარ, დერეფნის ბოლოს ჩასაფრებული ჟურნალისტები მეგებებიან. კამერების წინ მაყენებენ. “ცოოოტა მარჯვნივ ბატონო გია”, “ცოოოტა უკან”, მიმითითებენ პატარა გოგო-ბიჭები. ჯერ ისე არ ცხელა, შუადღისთვის გაუჭირდებათ შუშით გადახურულ დერეფნებში დგომა. როგორ კომენტარს გააკეთებთ მავანის განცხადებაზე? რას ფიქრობთ 19 აპრილს ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციაზე? ვპასუხობ. არ შეიძლება, დაუშვებელია, რომ ევროპული ღირებულებების დაცვის ლოზუნგით აქციას ატარებდეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, საერთოდ - ნაციონალური მოძრაობა. იყო ფარდა, ავანსცენაზე ლამაზი რიტორიკით, მოჩვენებითი კეთილდღეობით და დემოკრატიით, ფარდის უკან, კულისებში კი უამრავი გაუბედურებული ქართული ოჯახით და უჭკუობის თუ სტრატეგიული შეცდომების გამო რუსეთისათვის ჩაბარებული ტერიტორიებით.

ვჯდები საწერ მაგიდასთან, ვრთავ ტელევიზორს, ვამოწმებ ფოსტას. რამდენიმე მოქალაქის განცხადება და საქმიანი წერილებია შემოსული. ჩემთან ნაკლებია, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში კი, ვიცი, რომ უამრავი. ჩემი კომისიის აპარატში ორი ახალგაზრდა მუშაობს. ქუთაისელები არიან, მათ შორის ერთი აფხაზეთიდან დევნილი ოჯახიდანაა. სტაჟირებაზე იყვნენ, თანამშრომლებად ავიყვანე, მცირე ხელფასით, მაგრამ ამაყები, აბა როგორ? - პარლამენტში მუშაობენ. არა აქვთ გამოცდილება, ისევე, როგორც აქ მოფუსფუსე ახალგაზრდების უმრავლესობას, არ იციან გამართულად და საქმიანად წერა. არა უშავს, ისწავლიან, ცხოვრება წინაა. მოთმინებით და თბილად ვეპყრობი, მიფასებენ, ბეჯითობენ.

განცხადებებს ვახარისხებ, ზოგს ვშუამდგომლობ, ზოგს შეხვედრებს ვუნიშნავ. სასადილოში ავდივარ. კომფორტულია. კერძების რაოდენობა - მაღალი, ხარისხი - დაბალი. უნებურად ოპოზიციასთან ვაკეთებ ასოცირებას: ხმა - მაღალი, მარგი ქმედების კოეფიციენტი - დაბალი. არ მომწონს ფიქრების ასეთი მიმდინარეობა. კოაბიტაციისაკენ მოვუწოდებ ჩემს თავს.

დღის მეორე ნახევარში გადავდივარ საქმიანი დოკუმენტების გარჩევაზე. ახლახან, არასასესიო კვირას რეგიონებში ვიყავი. შეხვედრები მქონდა ზუგდიდში, ოზურგეთში, ბათუმში. ბევრ ხალხს მოვუსმინე კონფლიქტების მოგვარების და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებზე. ბოლოს ქუთაისში გავმართეთ შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. უამრავი წინადადება და მოსაზრებაა. საბოლოოდ, ყველაფერმა ერთ სტრატეგიულ გეგმაში უნდა მოიყაროს თავი. ძნელია მემკვიდრეობით მიღებული ჩიხიდან გამოსვლა. მეცოდება ჩემი ქვეყანა. დავუფიქრდი, იქნებ ჩემს თავს განვიცდი? არა, უფრო მომავალ თაობას. მართალი გითხრათ, ბიძინა ივანიშვილის იმედი მაქვს. ისევ დავფიქრდი, ბევრი ისეთი ადამიანია საჭირო რომელთა ენერგიის და პატიოსნების იმედი ექნება ქვეყანას, ეს ფორმულირება უფრო მართებული მგონია. ბიძინა მომწონს, იმიტომ რომ სწორედ ასე ფიქრობს.

ნაქირავებ სახლში გვიან მივედი. მე და თემურ ჭკუასელი ერთად ვქირაობთ. ქალაქის ცენტრია. ქუთაისი ადრე იძინებს.

17 აპრილი, ოთხშაბათი
თემურ ჭკუასელი ანსამბლ „ქართული ხმების“ ლიდერია, კალამიც კარგად უჭრის, ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატია, მაგარი კაცი. აბაზანაში ხმამაღლა ვმღერივარ, ისედაც შემოვძახებ ხოლმე. მერე ვფიქრობ, მეზობლებს არ ეგონოთ, რომ თემური მღერის, სახელი გაუტყდება. ამ აზრს ვუზიარებ, სიცილით მეთანხმება. თავად იშვიათად წაიმღერებს ხოლმე.

შუადღე. პარლამენტის ბიუროს სხდომა. შემდეგ სესია. ოთხშაბათი განცხადებების დღეა. როგორც ყოველთვის, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ადრე ეწერებიან გამომსვლელთა სიაში. არ არიან მიჩვეულები უმცირესობაში ყოფნას და არჩევნებში დამარცხებისაგან განცდილი სინანულის თუ სიბრაზის კომპენსირებას მწვავე განცხადებებით ცდილობენ. გარეთ კი ცხოვრება მიდის, თავისი ადამიანური პრობლემებით და იმედებით. გიოს სიტყვები მაგონდება, მართლაც რამდენი აგრესიაა პოლიტიკურ ცხოვრებაში. მთავარი საჯილდაო თემა კვლავ ომია. თურმე, ნუ იტყვით და, „ქართული ოცნება“ ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს. ასე თქვა ბიძინა ივანიშვილმაო. ტყუილი რასაკვირველია. ასეთი რამ არავის უთქვამს. პრობლემა უფრო ღრმა და სერიოზულია, გაცილებით უფრო სერიოზული და პროპაგანდისტული ფაცი-ფუცის არაადექვატური.

ვნებათაღელვა კულმინაციას აღწევს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირინა იმერლიშვილმა ახლადმიღებული ცნობები გამოაქვეყნა პრეზიდენტის მიერ მილიონობით საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვის შესახებ გართობაში, საჩუქრებში, მასაჟებში, უბრალო საყოფაცხოვრებო საყიდლებში. ამ წუთიდნ მოყოლებული, გვიან ღამემდე მედია სივრცე ამ თემამ დაიპყრო.

18 აპრილი, ხუთშაბათი
პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტიდან მირეკავენ. 21 აპრილს პრემიერ-მინისტრის დელეგაციის შემადგენლობაში უნდა გავემგზავრო სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაა. წასაღებ მასალებს ვახარისხებ, სასაუბროს ვაკეთებ, რასაკვირველია, კონფლიქტების თემაზე.

გვიანობამდე ვმუშაობ. მირეკავენ, გოგი თოფაძის დაბადების დღეა, წავიდეთო. რაღაც შემცივნული ვარ, სახლში მივდივარ. ჩავუჯექი ფეისბუკს. ფეისბუკი - ჩვენი საუკუნის შედევრი, უამრავი ადამიანის შვება. ინფორმაციის, ჭორების, მოსაზრებების ზღვა. თემურ ჭკუასელი გვიან ბრუნდება, ზუგდიდში იყო, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად დევნილებს შეხვდნენ. ომით გაუბედურებული უამრავი ხალხი მოსულა, ზღვა პრობლემები აქვთ, მაინც ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ერთად ყოფნა ძალას აძლევს ხალხს, ახალი მთავრობის პროგრამები მოსწონთ, ცვლილებებს მოითხოვენ ე.წ. აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების შემადგენლობაში. საკუთარი კანდიდატურებიც ჰყავთ. შემწეობებსა თუ დახმარებებზე „ჩამოჰკიდა“ ყველა წინა მთავრობამ ეს ხალხი, ცოტამ თუ მოახერხა ცხოვრების აწყობა.

მე და თემური ახალ ამბებს ვარჩევთ. ვაფასებთ ადამიანების საქციელს, მოვლენებს, პროცესებს, ანეკდოტების მოყოლის ტრადიციასაც ვუხდით ხარკს.

19 აპრილი, პარასკევი
უმცირესობის წარმომადგენლები პარლამენტის სხდომას არ ესწრებიან. ჯერ კიდევ ოთხშაბათს გაგვაფრთხილეს, ნაციონალური მოძრაობის აქციაზე ვიქნებით და უჩვენოდ გაართვით თავი კანონპროექტების განხილვასო. ვიღაცამ იხუმრა, გუშინ ალბათ „მარშიროვკა“ ჰქონდათო.

ასე შევრჩით უმრავლესობის კოალიცია და დამოუკიდებელი დეპუტატების ფრაქცია განსახილველ „შრომის კოდექსს“. ვიღაცეები მივლინებაში არიან, თუმცა სამუშაო კვორუმი სახეზეა. იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი პირველი კითხვით იხილება. მთავარი ამოცანა დამსაქმებელთა და დაქირავებულთა უფლება-ვალდებულებების დაბალანსებაა. აქამდე ეს ურთიერთობები ბატონყმურ პრინციპებზე იყო აგებული და სამართლიანობა მთლიანად ბიზნესის მფლობელის პატიოსნებაზე, ჩვენებურად რომ ვთქვათ, კაცობაზე იყო დამოკიდებული. ცივილიზებულ სამყაროსთან დაახლოების სურვილი ამ ურთიერთობების საკანონმდებლო დონეზე დარეგულირებას მოითხოვს.

კამათს იწვევს რამდენიმე საკითხი. ამ თემებს ღიად ვტოვებთ, კონსულტაციები გაგრძელდება. ნათლად ჩანს, რომ ნელ-ნელა ყველაფერი დარეგულირდება, შრომითი ურთიერთობებიც, სასამართლო სისტემაც და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის თემაც.

საღამოს ახალი ამბები და პროგრამები მთლიანად ნაციონალური მოძრაობის აქციაზეა კონცენტრირებული. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ კომპრომატებით დახუნძლული ეს პოლიტიკური ძალა განწმენდას ცდილობს. ეს პროცესი პირდაპირ უკავშირდება გუნდის ძირითადი შემადგენლობის გადახალისებას. წინასწარი განცახდების მიუხედავად, აქციაზე სააკაშვილი გამოჩნდა, ორატორი სიტყვას არ წყვეტს, „ახალი ეროვნული მოძრაობის“ დაარსების აუცილებლობისაკენ მოუწოდებს შეკრებილ საზოგადოებას. შემდეგ ტრიბუნას სააკაშვილი იკავებს და ისევ ჩვეული შეძახილებით ჰყვება ნაციონალური მოძრაობის წარმატებებზე და ახალი მთავრობის მზაკვრობებზე. თბილისის და ზოგიერთი ქალაქის გამგეობები დაცლილია, ყველანი მიტინგზე! ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივანი, ტოვებს აქციას. მედიასივრცის მნიშვნელოვან ნაწილს საზღვარგარეთ გაქცეული მისი ყოფილი თანაგუნდელებისა და პროტეჟეების განცხადებები იკავებს. მწვავედ და მძიმედ აკრიტიკებენ გენმდივანს, პირადულიაო გვარწმუნებს ვანო.

საღამოს რვა საათზე თბილისისაკენ ავიღე გეზი. პირველ სართულზე მცხოვრები „ხაზეიკა“ გზას მილოცავს. ვიოლეტა ჰქვია, დოჩის ეძახიან ოჯახის წევრები. კეთილი ადამიანია. თბილისში მშვიდად ჩამოვედი. მჯერა კეთილი ადამიანის დალოცვის.

20 აპრილი, შაბათი
ვემზადები სტრასბურგისათვის. ერთ-ორ მეგობარს შევხვდი დილით. ნეტა იმ დროს, მეგობრებთან შეხვედრები გართობასა და გასართობი გეგმების დაწყობასთან რომ იყო დაკავშირებული. გიოსთან მეგობრები მოვიდნენ. კომპიუტერი და პლეისტიშენი სრულადაა ექსპლუატირებული. ახლახან დაბოხებული ხმებით იცინიან რაღაცაზე. სანდროც შემოგვესწრო თავის ლიკასთან ერთად. ბუსა უბოროტო ყეფით დარბის, ჩუსტი გაიტაცა და უნდა რამეში გავუცვალოთ, მაგალითად, ყველში ან, სულ ცოტა, პურის ნაჭერში, მოსწონს ეს რიტუალი. დედაჩემი ბავშვებს აპურებს, ნინო რძალს ეჭორავება.

დეიდაჩემი მირეკავს, ნათელა მაჭავარიანი, მოგვიკითხა. გეგა და დუდუ მაგონდება... და კიდევ ის სულიერად ავადმყოფი კაცი, „ციხის კადრებიდან“, აი ის, გისოსებზე რომ იყო მიჯაჭვული და უაზრო ღიმილით პასუხობდა შეურაცხყოფას.

სიცილი და სიყვარული არ მოუშალოს ღმერთმა ჩვენს ოჯახებს. ყველაფერი კარგად იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG