Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრიგოლ გეგელია - ისტორიკოსი


22 მაისი, კვირა

თენდება კვირადღე. ამდენი ჯერ კიდევ ვიცი, თუმცა, სხვა მხრივ დროის განცდა დაკარგული მაქვს. ვიღვიძებ დაღლილი. თითქმის ათი დღეა, რაც მეტ-ნაკლებად გადაბმულად ვმუშაობ სადოქტორო ნაშრომის სამ ახალ თავზე, რომლებიც ხვალ უნდა ჩავაბარო. ჩემი ცხოვრება დედლაინების სერიაა. თომას ჰობსი ამბობდა, მე და შიში ტყუპისცალებად დავიბადეთო. მე დედლაინებზე მეთქმის იგივე. ცნობიერ ცხოვრებაში დედლაინებთან ერთად შევაბიჯე და მას შემდეგ დედლაინებთან ერთად ვცხოვრობ.

თუმცა, დედლაინს თავისი პოეტური ხიბლიც აქვს; ეს არის მომენტი, როდესაც დრო უნდა დასრულდეს. დედლაინი მარადიული სასრულობის ნიშანია, რაც ყველას ბოლოა. რენესანსის პერიოდის ფრანგი ესეისტი მიშელ დე მონტენი თვლიდა, რომ „იფილოსოფოსო, ნიშნავს ისწავლო, როგორ მოკვდე.“ დედლაინი სიკვდილის შიშს კლავს, რადგან ყველაფრისა და ყველას დროის გარდაუვალ სასრულობას აღნიშნავს. მონტენმა ეს სიტყვები თავის მამულში, კოშკში გამოკეტილმა დაწერა მას შემდეგ, რაც დაკარგა უძვირფასესი სულიერი მეგობარი, ეტიენ დე ლა ბოტი. სხვათა შორის, მონტენი პირველი ბლოგერიც იყო სრულიად თანამედროვე გაგებით: რას აღარ ეხება მისი ესეები, რომლებიც ათას გვერდზე მეტს ითვლის − დაწყებული ადგილობრივი მდინარით, დამთავრებული დასავლური ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი პრობლემებითა თუ სუნამოს განხილვით. დედლაინის წინა დღე ყველაზე უცნაური დღეა. ერთდროულად ათას რამეზე ვფიქრობ, გონებაში ვასკანერებ 150 ახალ გვერდს, ვეძებ მეტსა და მეტ ბმას სხვადასხვა არგუმენტს შორის, მახსენდება, რომ ჯერ კიდევ შესაკრავია მე-20 გვერდი პირველ თავში და გადასაწერია 35-ე გვერდი მესამე თავში, მახსენდება, რამდენი შენიშვნა და ციტატაა დასატანი მეტი სიზუსტით.

გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, ამიტომ არაფერს არ ვაკეთებ: ყავას ვისხამ და აივანზე გავდივარ. გავცქერი მზით გაჩახჩახებულ „მზიურს“, სადაც რიგითი იდიოტი ისევ თანამოქალაქის მანქანას დასჯახებია. თუმცა, არ ვიცი, შეიძლება წინა უფრო იდიოტია, რომელმაც ტიპიურად ან უკუღმა გადაუხვია, ან უცებ შუა გზაზე გაჩერება გადაწყვიტა. ასეა თუ ისე, გასაოცარია – ზოგიერთი მძღოლი ხერგილის დროსაც ვერ ახერხებს ორ დახაზულ ხაზს ისე გაჰყვეს, რომ სხვას არ დაეჯახოს. შესაძლებელია კი ასეთ ვითარებაში სახელმწიფოზე ფიქრი? მეტადრე სოციალური შეგნების მქონე სახელმწიფოზე? საერთოდ, ვინ არის „სხვა“ თანამედროვე ქართველისთვის? თანამოქალაქე, თუ საერთო დოღში ჩართული კონკურენტი? ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი კითხვაა, რაზედაც პასუხი არ გაგვიცია. „მზიურის“ გზატკეცილი ამის ერთი დადასტურებაა, მაგრამ, სამწუხაროდ, ერთი მრავალთაგანი.

„ერის მამის“ ფიქრებში გართულს, საბოლოოდ მაგონდება, რომ ჩემი თავი მაქვს მისახედი. „გასულ თვეებში გაცილებით მეტი უნდა გემუშავა და დღეს ასე არ იქნებოდი!“ − ეჩხუბება ჩემი ერთი ნაწილი მეორე ნაწილს. ყავაც თავდება. ამიტომ ვუბრუნდები საწერ მაგიდას. მუშაობა ჯერ არ დამიწყია, მაგრამ უკვე დაღლილი ვარ. თუმცა, პირველად როდია ასე. როგორც თავს ვახსენებ, მაგისტრატურა კიდევ უარესი იყო. სამაგიეროდ, როგორ გამომაწრთო! „ამასაც გავივლი და უფრო გაძლიერებული გამოვალ“, − ჩავძახი მეორე გრიგოლს, რომელიც დაღლილია და ძლივსღა მისმენს. სადოქტოროს ფურცლებზე დაუსრულებელი არგუმენტები მელიან. ვაგრძელებ წერას.

თავისუფლების დღიურები - გრიგოლ გეგელია
please wait

No media source currently available

0:00 0:22:01 0:00

23 მაისი, ორშაბათი

და აი, ისიც − გათენდა. დედლაინი უახლოვდება საკუთარ აღსასრულს. ბიბლიური დროის ენაზე თუ ვიტყვით, სადაცაა ჟამი გასრულდება. ასეთ დროს ავტორი იმ მხედართმთავარივითაა, რომელიც ომის შემდეგ დასახიჩრებულ გვამებს შორის დაიარება, სინანულის გრძნობით შეპყრობილი. ავტორიც დაძრწის ტექსტში გადარჩენილ და გარდაცვლილ აბზაცებს შორის, იგონებს მათ წარმოშობას და სინანულით აღიარებს, რომ ბევრი მათგანი შეეწირება „წაშლის“ ღილაკს. არასდროს შემიგრძნია ჩემი თავი, ჩემი ბევრი სიძლიერე და ბევრი სისუსტე, ისე ზუსტად, როგორც დიდი ტექსტის დასრულებისას.

წუხელ თითქმის არ მიძინია. უკვე შვიდის წუთები იყო, როცა სულ რაღაც ორი საათით წავუძინე. გუშინწინდლიდან მოყოლებული მხოლოდ რამდენიმე საათს მეძინა. საერთოდ, გვიან ღამით მუშაობა მიყვარს. გონება არასდროს არის ასე მარტო და ასე კარგად, როგორც ღამით. მარტოობა კი აზროვნებისათვის აუცილებელი წინაპირობაა. მარტოობაში ვგულისხმობ არა იმდენად ფიზიკურად მარტო ყოფნას, რამდენადაც სრულ მოწყვეტას სხვებისაგან, სხვების აზრისგან, ყოველდღიურობის ემოციური თუ დუნე ნაკადისგან – სააზროვნო პრობლემასთან სრულიად მარტო დარჩენას. ამ მხრივ ღამე შეუდარებელია. როცა თბილისის თავზე თენდება, აივანზე გავდივარ ხოლმე და სუფთა ჰაერზე ვეწევი. დღევანდელი დილა განსაკუთრებულად ლამაზი იყო: ნაწვიმარი, მუქ-მწვანე, ერთდროულად დღეცა და ღამეც – ამ დროს საოცარი ფერებია!

გავიღვიძე თუ არა, წერა განვაგრძე. 7 საათი და 20 წუთი დედლაინამდე. როგორც იქნა, არგუმენტები მეტად და მეტად იხვეწებოდა, მცირდებოდა საქმეც, მაგრამ, მასთან ერთად, დროც. უკვე გვიან შუადღისას, სტრატეგიული კომუნიკაცია გავაბი ფლორენციასთან. განიხილებოდა მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, კერძოდ ის, თუ ჩემი იქაური მეგობრებიდან ვის ერგებოდა ჩემი დაწერილი 250 გვერდის დაბეჭდვა და აკინძვა. რასაკვირველია, ჩემი უსაყვარლესი მემარცხენე მეგობრები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სოლიდარობის გამოხატვაში. საბოლოოდ, გამარჯვება ხვდა ბერძენ მარქსისტს, რადგან ფრანგ ანარქისტს ერთობ მნიშვნელოვან შეხვედრაზე აგვიანდებოდა. „მთელი ცხოვრება შენი მადლიერი ვარ“, მივწერე მეგობარს და ვიგრძენი, რომ ეს იყო ბოლო სიტყვები, რომელთა დაწერის უნარიც შემრჩენოდა.

დიდი გონებრივი სამუშაოს დასრულებას, ჩვეულებრივ, უცნაური მელანქოლია ახლავს ხოლმე. ამ მომენტში თან საქმის სრულყოფის შეუდარებელი განცდა გაქვს, თან მაინც რაღაც გაკლია, ოღონდ არ იცი, რა. ერთი ცხადია: ნამდვილად არ გენატრება ის ჯოჯოხეთური შრომა, რომელიც ეს წუთია, უკან მოიტოვე, მაგრამ, ალბათ, გენატრება ბრძოლისა და შექმნის პროცესი. მე სულ ასე ვარ ხოლმე.

არ მეგონა, არაფრის კეთებით ტკბობაზე მეტად ამ საღამოს რამე თუ გამახარებდა. მაგრამ ათი წუთიც არ იყო გასული, რომ ავსტრიიდან შესანიშნავი ამბავი მოვიდა. როგორც რამდენიმე წუთში ჩემს ფეისბუკელ მეგობრებს მივახარე კიდეც: „უკიდურესად დაძაბულ საპრეზიდენტო არჩევნებში საბოლოოდ დამარცხდა ულტრამემარჯვენე პუტინისტი ნორბერტ ჰოფერი, გამარჯვება კი წილად ხვდა პროფესორ ალექსანდერ ვან დერ ბელენს, პროგრესულ პოლიტიკოსს, რომელიც მწვანეთა პარტიას წარმოადგენს და ევროპის კავშირის მომხრეა.“

არჩევნები მართლაც რომ უკიდურესად დაძაბული იყო. კვირებით ადრე, არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა ავსტრიის თავისუფლების პარტიის კანდიდატმა, ულტრამემარჯვენე ნორბერტ ჰოფერმა. ჰოფერი თავის პოლიტიკას აგებს არა რაღაცის შექმნაზე, არამედ უცხოს უარყოფასა და საზოგადოებაში გავრცელებულ შიშებზე. იშვიათად მძულს რაიმე უფრო მეტად, ვიდრე ასეთი შავბნელი პოლიტიკა. ხმების პირველი დათვლის შედეგად, ორივე კანდიდატს ხმების 50-50% ჰქონდა მოგროვილი. ავსტრიის და, საერთოდ, ევროპული პოლიტიკის ბედი დამოკიდებული იყო საფოსტო ხმებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არ დაეთვალათ.

წუხელ, წერისას, პარალელურად მთელი ღამე ვამოწმებდი ახალ ამბებს. ეს იყო ყოველმხრივ უცნაური და შემზარავი მომენტი: ვიჯექი და ვამოწმებდი, აირჩევდა თუ არა ევროპული სახელმწიფო ულტრამემარჯვენე პრეზიდენტს 2016 წელს! მაგრამ გაიმარჯვა პროგრესულმა იდეებმა, საღმა აზრმა და ევროპულმა იდეამ! დამარცხებულია შავბნელი იდეების მქონე ნეონაცისტი, რომლის პარტიას პუტინმა 900 ათასი ევრო აჩუქა და რომელიც ვენაში პუტინისტურ კონფერენციებს აწყობს ხოლმე. სწორედ ეს საძაგელი პარტია ამართლებდა რუსეთის მხარეს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. პარტიის ნეონაცისტი პრეზიდენტობის კანდიდატი კი ქუჩაში გლოკის პისტოლეტით შეიარაღებული დადის, რადგან მიგრანტების გამო ქუჩები თურმე უსაფრთხო აღარაა.

მაგრამ არა – ავსტრია კვლავინდებურად უსაფრთხოა, რადგან წააგო ბოროტებამ და მოიგო პროგრესმა. პროგრესი გაიმარჯვებს ყველგან, მათ შორის საქართველოში! ავსტრიის პრეზიდენტად მემარცხენე პოლიტიკოსისა და ვენის უნივერსიტეტის პროფესორის არჩევა მართლაც რომ შესანიშნავი ახალი ამბავია! რა თქმა უნდა, სამწუხაროა თვით ის გარემოება, რომ ავსტრიელთა 50% პოპულისტ ულტრამემარჯვენეთა ანკესს წამოეგო. მაგრამ ეს გამარჯვება მაინც მნიშვნელოვანი იყო, როგორც მესიჯი მთელს ევროპას, სადაც ბოლო წლებში იმატა როგორც პოპულისტურმა ულტრამემარჯვენეობამ, ისე ულტრამემარცხენეობამაც. ორივე ჯგუფის წარმომადგენელ არაერთ პარტიას დღეს სწორედ პუტინი უცხადებს მეგობრობას, ისინი კი საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის ინტერესების წინააღმდეგ გამოდიან. პროფესორი ვან დერ ბელენი კი პრინციპული კაცია. ის მხარს უჭერს პროგრესულ და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეკოლოგიურად პასუხისმგებელ მიმართულებას ავსტრიის საშინაო პოლიტიკაში და მხარს უჭერს ევროპის ფედერაციასაც. პრეზიდენტმა პირობაც კი დადო, რომ საპარლამენტო არჩევნებში ავსტრიის თავისუფლების პარტიის გამარჯვების შემთხვევაში მათი ლიდერისაგან კანცლერობის ფიცს არ მიიღებს. საინტერესო დრო გველის.

24 მაისი, სამშაბათი

სასიამოვნოდ ინერტული დღე. ვიღვიძებ გვიან და ნება-ნება შევექცევი ყავას. უაზროდ ვარ, ამ სიტყვის ყველაზე პოზიტიური გაგებით. ალბათ შემეძლო, აქ ისიც დამეწერა, რომ თავისუფლება უაზრობაშია, არაფრის კეთებაში. მაგრამ, არ მიყვარს უაზრო განზოგადოებები. და, საერთოდ, ჩემი დაკვირვებით, ეს გადაღლილი ადამიანის ფიქრია, მაგრამ არა სიმართლე. ჩემთვის ყველაზე დიდი თავისუფლება შრომაში და შექმნის პროცესშია, ინერტულობა მაგიჟებს. ვეთანხმები ჰიჩკოკს, რომელიც ამბობდა, რომ ბედნიერება შემოქმედებით პროცესში ნათელი ხედვის გამოჩენაა. რაღაც მხრივ, შემოქმედებითია ყველა ჩვენი მოქმედება. შემოქმედებითი უნდა იყოს პოლიტიკაც, როგორც მომავლის შექმნის პროცესი. თუმცა, ჩვენთან ფსევდოპოლიტიკური შემოქმედებითობა სულ სხვა მიმართულებებით პოულობს ენერგიას, კერძოდ − ხელჩართულ ბრძოლებში. ქართული ფსევდოპოლიტიკა უაღრესად ანტიპოლიტიკურია. ვფიქრობ, ქართველი ხალხი იმსახურებს ნამდვილ პოლიტიკას.

25 მაისი, ოთხშაბათი

ბოლო თვეებში, საქართველოში ყოფნისას, ლამის ყველა დიდ სატელევიზიო არხს ვეწვიე ერთხელ მაინც. ღრმად მწამს ჩემი იდეალებისა და იდეებისათვის ბრძოლაში ყველა პლატფორმის გამოყენების. ეთერში იშვიათად კომფორტულად ვარ. რაც უფრო მეტი ოპონენტია, მგონი, უფრო მეტად და მეტად კომფორტულადაც. ხშირად მეკითხებიან, „არ გეშინია? არ ღელავ?“ მე კი ვერ გამიგია, რისი უნდა მეშინოდეს. კამერა არასდროს მაბნევდა, პუბლიკის წინაშე საუბარი კი ყოველთვის მიყვარდა. თუმცა, ბოლო თვეში ათამდე ეთერზე მომიხდა უარის თქმა მოუხერხებელი გრაფიკის გამო, რასაც ვნანობდი. ჩემთვის სწორი იდეალებისათვის ბრძოლა ჩემი პატრიოტული, მორალური და ადამიანური ვალდებულების ნაწილია. ამგვარ ბრძოლას სულ სხვანაირი სისრულე მოაქვს ცხოვრებაში, ისეთი, როგორსაც ვერც წიგნის კითხვა მოგიტანს, ვერც გართობა, და ვერც სხვა სახალისო ქმედება. ასეთ დროს, გაქვს განცდა, რომ შენ ხარ თანაავტორი შენი და შენი თანამოქალაქეების მომავლისა. მომავალს ჩვენ ვქმნით, ამიტომ მნიშვნელოვანია, ის ბოლომდე შევქმნათ და სწორად შევქმნათ.

ჩემი მედიაშესვენება „ობიექტივის“ ეთერით გავხსენი. რადგან ჩემი პოლიტიკური შეხედულებების ადამიანს „ობიექტივის“ ეთერში გაცილებით უფრო იშვიათად ნახავ, ბევრი ამრეზით უყურებს იქ გამოჩენის ყოველგვარ პერსპექტივას. მაგრამ, ნებსით თუ უნებლიეთ, ისინი ამ დროს ანტიდემოკრტიულად და ანტიპოლიტიკურად აზროვნებენ. მსგავსი აზროვნება ეფუძნება იმის გაურკვევლობას, თუ რას ნიშნავს, იყო დემოკრატია, იცხოვრო განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების გვერდით, ესაუბრო მათ. ქართულმა ლიბერალურმა და პროგრესულმა წრეებმა ჯეროვნად უნდა გაიაზრონ საუბრის მნიშვნელობა, გახსნის მნიშვნელობა. ყველა სხვა შემთხვევაში, მათი საყვარელი იდეები მხოლოდ ვიწროელიტურ წრეებს შემორჩება, ფართო რეზონასს კი ვერასდროს ჰპოვებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია საუბარი ყველა განსხვავებულ თანამოქალაქესთან, რადგან სახელმწიფო სხვა არაფერია, თუ არა განსხვავებულთა შეგნებული ერთობა, განსხვავებულთა საერთო სწრაფვა საერთო მიზნისკენ. სამწუხაროდ, მათ, ვისაც პოლიტიკა თითქოს უნდა ესმოდეს, ხშირად ანბანური ჭეშმარიტებაც კი არ ესმით. „ობიექტივიდან“ გამოსულს, „კავკასიის“ პროდიუსერი მირეკავს და მთხოვს, საღამოს ეთერს შევუერთდე. ხვალ კიდევ ერთი ეთერი მაქვს, „TV პირველზე“, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ახლა ვხვდები, რომ მომნატრებია მედია. მაისის შესანიშნავი საღამოა, მიყვარს ასეთები: თბილა, ქარი უბერავს მოტკბო ჰაერს. ელბაქიძეზე მანქანაში ვჯდები და სამძიმარზე მივდივარ. „კავკასიამდე“ უნდა მოვასწრო.

26 მაისი, ხუთშაბათი

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. ეს ყველამ ვიცით. მაგრამ ხანდახან მეჩვენება, რომ ამ პრიმიტიული ცოდნის მიღმა აღარაფერია ისეთი, რაც ნამდვილად საერთოა. ვინ რას აღნიშნავს 26 მაისს? არის კი ეს დღე ღირებული შინაარსის მატარებელი საქართველოს უმრავლესობისთვის?

26 მაისის მნიშვნელობის ბუნდოვანება, როგორც წესი, ერთი კვირით ადრე იჩენს ხოლმე თავს. წელსაც ასე იყო. „26 მაისი თუ 9 აპრილი?“ − ისმოდა მაგიური კითხვა. თუმცა, ორი ახალი წლის, ორი შობისა და ორი პარლამენტის ქვეყანაში, ეს ყველაზე უცოდველი კითხვაა. საქართველოში გვიყვარს უსაგნო საკითხებზე სერიოზულად მსჯელობა. შეიძლება ამიტომაა, რომ წლიდან წლამდე, ხუთწლედიდან ხუთწლედამდე, პოლიტიკად ვიღებთ პოლიტიკის იმიტაციას. ისინიც გვატყუებენ და აბსურდულ ან, სულაც, გამოგონილ საკითხებზე გვესაუბრებიან. ჩვენი კალენდრული პაექრობებიც სწორედ იმავე ეროვნული გაუაზრებლობის ნაწილია. სიმბოლურია, რომ ამგვარი გაუაზრებლობა, არც მეტი არც ნაკლები, სახელმწიფოს დამოუკიდებლობის თარიღზეც ვრცელდება. სიმბოლურია, რადგან ეს თარიღი შემთხვევით კი არ შერჩეულა, არამედ კონკრეტული ისტორიული პროცესების გამოძახილია. 26 მაისის შინაარსი ამ პროცესებში დევს. მისი არცოდნა კი ამ პროცესების არცოდნაა.

პირველი რესპუბლიკა, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, 1918 წლის 26 მაისს გამოცხადდა. 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელიც მოქალაქეებს ეკითხებოდა: „გსურთ თუ არა საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე?“ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობის, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის, პასუხი დადებითი გამოდგა. შესაბამისად, ხალხის ნების თანახმად, 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. თანამედროვე ქართული რესპუბლიკები პირველი რესპუბლიკის გაგრძელებაა ისტორიულ დროში. ჩვენი დამოუკიდებლობის დღე კი სამართლიანად არის 26 მაისი, როგორც საქართველოს რესპუბლიკური ისტორიის დაბადების მომენტი.

გუშინ საქართველოს ბანკისგან საჩუქრად მივიღე დროშა. ზუსტად არ ვიცი, რა პრინციპით მოვხვდი დასაჩუქრებულთა სიაში. მითხრეს, რაღაც პროექტიაო. ასეა თუ ისე, იდეა მშვენიერია და მადლობელი ვარ. თუმცა, არ ვაპირებ, გადავსინჯო ჩემი პოლიტიკური სკეპტიციზმი ბანკებისა და სხვა საფინანსო ინსტიტუტებისადმი. დღემდე არ მქონდა საქართველოს დროშა. რა ხანია, ყიდვას ვაპირებდი. სამაგიეროდ, ახლა დროშის ტარი არა მაქვს − ძიება გრძელდება.

ვფიქრობდი, 26 მაისს თან წამეღო დროშა, მაგრამ ეს 26 მაისი ჩემთვის ყველაზე ნაკლებად საზეიმოა. მაშინ, როდესაც რუსთაველზე საზეიმო ვითარებაში შეიკრიბებიან ჩვენი დიადი ელიტები, რასაც შემდეგ აუცილებლად მოჰყვება გამაყრუებელი, უგემოვნო მუსიკაც, ზუგდიდში მიწას მიაბარებენ უდანაშაულო კაცის ცხედარს, რომელიც ტანჯულია საქართველოს ისტორიის მსგავსად. გიგა ოთხოზორია უმოწყალოდ მოკლა საოკუპაციო ჯარების მოხელემ. თან საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ზედ შლაგბაუმთან, რომელიც აღნიშნავს ზღვარს, სადაც ორად იყოფა გზები ორ ხალხს შორის.

მყარად მქონდა გადაწყვეტილი ზუგდიდში, დაკრძალვაზე ჩასვლა. სამწუხაროდ, რიგი გარემოებების გამო, ვერ მოვახერხე. მაგრამ დამოუკიდებლობის დღეს შავ ფერში გამოწყობილი გავატარებ. ოთხზე ვახო სანაიას გადაცემაში უნდა ჩავერთო, „TV პირველზე“. განსაკუთრებულად საზეიმო დღეს არაფერია. დღეს ჩემთვის დამოუკიდებლობა ისევეა შეურაცხყოფილი, როგორც ბევრისთვის ის წლების განმავლობაში უშინაარსოდ ქცეულა. ამიტომ, დროშას აივანზე გამოვკიდებ და მივდივარ. როგორც ყოველთვის, ვაგვიანებ, თუმცა, იშვიათი გამონაკლისის სახით, საბურთალოზე გზები ცარიელია.

ეთერი საინტერესოა. მაქვს პატივი, სტუმრად ვიყო ისეთ გონიერ და გამოცდილ ადამიანებთან ერთად, როგორებიც არიან ბატონები გოგი ხოშტარია და ზაზა ფირალიშვილი. რა ვისწავლეთ? როგორია პოლიტიკური ელიტა? არის დამოუკიდებლობა და თავისუფლება სინონიმური? საუბარი ამ კითხვების ირგვლივ ვითარდება.

ამ საკითხებზე ხშირად მიფიქრია. საქართველო უდავოდ იბრძოდა დამოუკიდებლობისათვის და მთელი ჩვენი ისტორიაც, ფაქტობრივად, ერთი თუ მეორე სახის მუდმივი ბრძოლაა სწორედ დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ დამოუკიდებლობა არ ნიშნავს პოლიტიკურ თავისუფლებას. შესაძლებელია, სახელმწიფო იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ იქ იყოს ტირანია, ან ჩაგრულთა ერთობა. საერთოდ, თავისუფლება მხოლოდ შინაგანი ენერგია თუ იქნება, ის ვერ იქნება ვერც გარედან თავსმოხვეული და ვერც წიგნით ნასწავლი. თავისუფლებისთვის უნდა განვეწყოთ, ის უნდა იქცეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შინაგან პრინციპად. ჩვენ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ არ გვიბრძოლია პოლიტიკური თავისუფლებისთვის.

პოლიტიკური თავისუფლება კონკრეტული სოციალური და სამართლებრივი მდგომარეობაა, რომელშიც მოქალაქე იმყოფება. ის უნდა გამყარდეს ეფექტიანი კანონებითა და სწორი ინსტიტუციური წესრიგით. მიხარია, რომ ეტაპობრივად ჩამოყალიბდა დისკურსი დამოუკიდებლობისა და თავისუფლების განსხვავებულობის შესახებ, რომელსაც მე თვითონ კარგა ხანია, სხვადასხვა ფორმით ვავითარებ. დღეს გაცილებით უფრო ხშირად ვისმენთ მაღალი ეშელონებიდან, რომ დამოუკიდებლობა უნდა იქცეს თავისუფლებად, რაც გულისხმობს მათივე განსხვავებულობას და მათი სინონიმურობის შექმნის აუცილებლობას. ეს სწორია და კარგი. ამის მისაღწევად ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ.

როგორც გადაცემაშიც ვამბობ, მეჩვენება, რომ ახალი დამოუკიდებლობის დამფუძნებლურ მომენტს აკლდა მომავლის ხედვის სიცხადე. ყველა თანხმდებოდა, რომ საქართველო უნდა გამხდარიყო დამოუკიდებელი, მაგრამ ცოტას თუ ჰქონდა ხედვა იმისა, რა უნდა მოჰყოლოდა დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს; რა იქნებოდა დამოუკიდებლობა პრაქტიკაში, რა გზებით უნდა გამყარებულიყო და შენარჩუნებულიყო ის.

ქართული ნაციონალიზმი, როგორც დამფუძნებლური მომენტის მთავარი მამოძრავებელი ენერგია, საკმარისი აღმოჩნდა უკვე ისედაც დაშლის პირას მყოფი კავშირიდან საქართველოს დასახსნელად. თუმცა, ის არ აღმოჩნდა შინაარსობრივად საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ შემდეგ ათწლეულებში შემქმნელ იმპულსად ქცეულიყო და პოზიტიური დღის წესრიგი შეექმნა. ამიტომ დამოუკიდებლობა დარჩა მხოლოდ სახელმწიფოს ოფიციალურ სტატუსად, მაგრამ ვერ იქცა პოლიტიკურ თავისუფლებად, სოციალურ კეთილდღეობად, პროგრესად და სხვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სიკეთეებად. სამწუხაროდ, ამის ნაცვლად ქართული ნაციონალიზმი შინაარსისაგან დაცლილ ბანალურ ლოზუნგებად იქცა და, პარალელურად, შეეხამა საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობად მიღებულ ათასგვარ მანკიერებას. საბოლოოდ, სწორედ ამ კომბინაციამ წარმოშვა ფსევდოპატრიოტულ და ფსევდონაციონალისტურ ლოზუნგებს მიჯაჭვული საქართველო, პოზიტიური დღის წესრიგისა და მომავლის ხედვის გარეშე.

ჩვენ დღესაც ვერ გვიპოვია ახალი ეროვნული იდეა. მნიშვნელობის კრიზისი დღესაც ჩვენ წინაშეა, მისი აღმოფხვრა კი სერიოზულ ამოცანად რჩება. გარკვეული თვალსაზრისით, ეს სრულიად ბუნებრივია, რადგან საქართველო სულ რაღაც 25 წლის წინ დაბრუნდა რეალურ დროში. ამას ახლდა ომები, ტკივილი, ჩაგვრა და სოციალური უსამართლობა. ეს დღემდე გრძელდება. ჩვენი რესპუბლიკა დღემდე მრავალ უსამართლობასა და ტკივილზე დგას. დიდია სისტემური უთანასწორობისა და ჩაგვრის კოეფიციენტი. სხვა თუ არაფერი, 2016 წელსაც კი დაუცველია მშრომელთა უფლებები და დაუცველია, ზოგადად, ადამიანი. საქართველოში ადამიანი არ ფასობს, როგორც ღირებულება.

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომლის ურყევი ქვაკუთხედიც ადამიანია, მისი სოციალური და პოლიტიკური უფლებები და მისი ჯეროვანი განვითარების შესაძლებლობა. სწორედ ეს იქნება იმ ადამიანთა დიდი შრომის გაგრძელება, ვინც საქართველოს მიწაზე თავისუფალ რესპუბლიკას აშენებდა და სწორედ ეს იქნება დამოუკიდებლობისათვის საუკუნეთა მანძილზე გაწეული ბრძოლის, 9 აპრილის, რუსეთ-საქართველოს ომის მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემა.

ეთერიდან გავრბივარ რუსთაველისკენ, სადაც ჩემი ისტორიკოსი მეგობრები იკრიბებიან. გასულ 26 მაისს ამ შესანიშნავმა ადამიანებმა დანერგეს ტრადიცია, რომელიც გულისხმობს ყოველ 26 მაისს იმ თეთრი სასახლის წინ შეკრებას, სადაც საქართველოს რესპუბლიკა დაიბადა და ჩვენი ქვეყნის ისტორიის ყველაზე მღელვარე და საამაყო წუთების მოგონებას. მნიშვნელოვანია, ეროვნულ დღეს მეტი შინაარსი ჰქონდეს. დასავლეთის არაერთ სახელმწიფოში, მაგალითად, ნორვეგიაში, ეს დღე შინაარსობრივადაც და სანახაობრივადაც ულამაზესი და ღირებული დღეა. საქართველოში კი ჯერ კიდევ არა გვაქვს მართლაც რომ ეროვნული და შინაარსობრივად ლამაზი ეროვნული დღე.

მიყვარს გადაკეტილი რუსთაველი, რომელიც, ერთი დღით მაინც, ხალხს ეკუთვნის. თბილისი არ არის მოქალაქეებისთვის შექმნილი ქალაქი. მეტიც, ის სრულიად ანტისოციალურია. ეს ის ქალაქია, რომელსაც არ უყვარხარ, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ქუჩაში ვერ გამოვა და სოციალური ცხოვრების ნაწილად ვერ იქცევა და სადაც შეუზღუდავად მოძრავ პირს შეიძლება ტროტუარზე გადაუაროს მანქანამ. 26 მაისის თბილისის ცენტრი გიჩვენებს, როგორი იქნებოდა ეს ქალაქი, რომ არა დიდი ფულის სამსახურში ჩამდგარ მერთა, საკრებულოს თავმჯდომარეთა და არქიტექტორთა „დამსახურებები“.

26 მაისს, რუსთაველზე სიარულისას, ყველაზე მეტად მახარებს ხოლმე პატარა ბავშვების ნახვა, აქეთ-იქეთ რომ გადარბიან. ეს ხალხია საქართველო. პირველ რიგში, სწორედ მათთვის უნდა შევქმნათ ახალი რესპუბლიკა, რომელიც ღირებულ პოლიტიკურ აზრზე და ცივილურ პოლიტიკურ ქცევაზე იდგება.

თეთრ სასახლესთან, ანუ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან (ეს სახელი არ მომწონს!) ხალხი მხვდება შეკრებილი. მიხარია. როგორც ჩანს, ტრადიცია მართლა ინერგება. წელს გაცილებით მეტნი ვართ, ვიდრე შარშან. ამინდიც ხელს გვიწყობს. ჩემი მეგობრების შესანიშნავი ინიციატივის მიხედვით, წელს დამფუძნებელი კრების წევრთა ხელმოწერებს დავიკავებთ და შევქმნით მწკრივს სასახლის ბაღიდან მოყოლებული, თითქმის ჩიტაძის ქუჩამდე. ბევრი ვართ და გამოგვდის კიდეც ამ ტრადიციის დანერგვაც. ეს ამბავი ძალიან მახარებს. აუცილებლად მოვა ის დღეც, როდესაც პირველი რესპუბლიკის დამფუძნებლების მოგონება, სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებით, ეროვნული დღის განუყოფელი და ფართომასშტაბიანი ნაწილი იქნება.

სასახლესთან თეთრებში გამოწყობილი ხანში შესული, ელეგანტური ქალბატონი დაქრის აქეთ-იქეთ. ხან ფოტოს გადაიღებს, ხან მწკრივში ჩამდგარ ხალხს ხელმძღვანელობს. ბაბუამისსაც უყვარდა თეთრებში გამოწყობა. ქალბატონი ირენ ციციშვილი ნოე ჟორდანიას შვილიშვილია.

შემდეგ ვსაუბრობთ კიდეც, ვუყვები ჩემს პოლიტიკურ მრწამსზე, მეკითხება ჩემს სადოქტორო გამოკვლევებზე. ენით აუწერლად სასიამოვნო განცდა მაქვს, როცა ჟორდანიას შვილიშვილთან ერთად ვდგავარ, დამოუკიდებელ საქართველოში, მაისის სიმწვანეში ჩაფლულ რუსთაველზე, თეთრი სასახლის ბაღთან, ნაშუადღევს, ხუთის შემდეგ, იქ, სადაც 98 წლის წინ „კვირას, ნაშუადღევს, 5 საათსა და 10 წუთზე“, ალბათ მაშინაც ცხელსა და მწვანე საღამოს, გამოცხადდა საქართველოს პირველი რესპუბლიკა.

„1921 წელს იყო დიდი წყვეტა, რომელიც აღარ გაგრძელებულა. ჩვენ გავაგრძელებთ ბაბუათქვენის ბრძოლას“, ვეუბნები ქალბატონ ირენს. „ეგ რთული საქმეა, ხომ იცი“, ეშმაკურად მიღიმის. მის საუბარში დიდი რწმენა იგრძნობა და ეს იშვიათად დადებითი ენერგიით მმუხტავს. ნოეს თვალები აქვს, ჭროღა და მოელვარე. ვუყურებ და წამით მგონია, რომ არც დრო არსებობს, და არც ისტორია.

27 მაისი, პარასკევი

ვიღვიძებ თუ არა, მთელის სიამოვნებით მაგონდება, რომ თავისუფალი ვარ და იქვე ისიც მაგონდება, რამდენი გეგმა დავსახე არათავისუფლების ჟამს. მაგიდაზე და თაროებზე ბოლო თვეებში ნაყიდი ოცამდე ახალი წიგნი მელის. ნაწილი წავიკითხე, დიდი ნაწილი – ჯერ კიდევ არა. სანახავი მყავს დიდი ხნის უნახავი მეგობრები და სხვა საქმეებიც უხვად დამიგროვდა. ესეც შენი თავისუფლება.

მთელი დღე სახლში ვარ. მსიამოვნებს უბრალოდ ყოფნა, არაფრის კეთება. ბოლო დღეებში ჩამოვრჩი მსოფლიო პოლიტიკის ანალიზს, ამიტომ დღეს ვიწყებ ანალიზების კითხვით. ისევ ავსტრია, ისევ ნეონაცისტური პოლიტიკის აღზევების ანალიზები. კვლავ მაგონდება, რომ ევროპის კრიზისს ფონად გასდევს დროის სიმცირის იდეა. ჩემი სადოქტორო ნაშრომი ნაწილობრივ სწორედ იმაზეა, როგორ იყენებს ტოტალიტარული პოლიტიკა სწორედ დროის სიმცირის იდეას. თანამედროვე ულტრამემარჯვენე არგუმენტები სწორედ სამყაროს აღსასრულის მილენარიანულ იდეებს ეფუძნება – ბოლო ჟამის პარადიგმას. ისინი იყენებენ ჩვულებრივი ხალხის კრიზისულ შიშებს, მათთვის საკუთარი ვერაგული პოლიტიკის თავს მოსახვევად.

ნაცნობია სიტუაციაა. რაღაც მსგავსი ხდება საქართველოშიც. ამიტომ მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ისტორია ჯერ არ სრულდება. ისტორია გაგრძელდება, დრო კი არის. ისტორიას ჩვენ ვქმნით, ამიტომ უნდა შევქმნათ სწორი და ღირსეული მომავალი ჩვენი თავისა და ჩვენი თანამოქალაქეებისათვის. ხოლო პოლიტიკა, რომელიც შიშებს ეფუძნება, საბოლოოდ ყოველთვის ანტიადამიანური პოლიტიკაა.

28 მაისი, შაბათი

დღიური არასდროს დამიწერია. მით უმეტეს, დღიური საჯარო მოხმარებისთვის. წელს არაერთხელ ვაპირებდი დღიურის წარმოებას და ათასი საინტერესო ამბისა თუ ადამიანის დროისათვის შემონახვას, მაგრამ ჯერ კიდევ არ დამიწყია. არცთუ ისე მარტივი ყოფილა ამბების მოყოლა. ახლაღა მივხვდი, რამდენს ინახავს თითოეული დღიური, ისევე, როგორც ისტორია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG