Accessibility links

22 ნოემბერი, კვირა

ბოლო რამდენიმე შაბათ-კვირა გადაბმულად ვიმუშავე, აქედან ერთი თვე გადავდიოდი თვითმფრინავიდან მატარებელში, მატარებლიდან ავტობუსში, მერე ისევ თვითმფრინავში და ისევ მატარებელში. ვინ დაეძებდა კვირას ან ორშაბათს, ყველა დღე ერთნაირად განსაკუთრებული იყო − ევროპული საგამომცემლო დუღილის ეპიცენტრიდან არაბთა ეგზოტიკურ სამყაროში ამოვყავი თავი! დღეს გვიან გამეღვიძა, დასვენების დღე დადგა. საწოლის თავთან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობიდან ჩამოტანილი ამერიკული მსოფლიო ბესტსელერი მიდევს, ჩანიშნული ადგილიდან კითხვას ვაგრძელებ. საეჭვოდ ვუკირკიტებ, იქნებ ქართულად გამოცემაც მოხერხდეს?..

მოგვიანებით ჩემი და, დედაჩემი და მე მამას საფლავზე მივდივართ. აგერ უკვე ორწელიწადნახევარია, ვერაფრით ვეჩვევი უმამობას. ცხადია, ვერც ყოველ კვირადღეს საფლავზე სიარული შველის რამეს. უბრალოდ, ეს მისი დღეა ჩვენს ოჯახში. მზად ვარ, ყველა დაბრკოლებას მარტო, შიშველი ხელებით გავუმკლავდე (მივეჩვიე კიდეც ასეთ ყოფას, დღეს ხომ სულ უფრო მეტი გოგო სწორედ ასე ცხოვრობს საქართველოში), ოღონდაც ვინმეს ისეთივე ვარსკვლავები აუციმციმდებოდეს თვალებში ჩემი სიხარულის გაზიარებისას, როგორც ეს მამას შეეძლო. თუმცა, დიდი იმედი არ მაქვს. სიხარულში თანამოზიარე ჩვენი საუკუნის ყველაზე არასასურველ „პროფესიებში“ ირიცხება ჩემი პირადი სტატისტიკით.

საღამოს ნინიასთან და შოთისთან ვიკრიბებით მეგობრები. მათი შვიდი თვის ლაზარე ჩემი ნათლულია, ნინია − ჩემი უახლოესი, სტუდენტობის მეგობარი. ბავშვი ხელიდან ხელში გადადის, ვართობთ და ვერთობით, ნინია ისვენებს. მერე ერთბაშად ყველა იღლება; იღლება ლაზარეც, რომელიც ნამდვილ ქარბორბალას გვიწყობს: ტირის, წუწუნებს, იძინებს, ყოველ წუთს იღვიძებს... მშობლები რიგრიგობით ცდილობენ მისთვის ძილის შებრუნებას, აჭმევენ, არწევენ, უმღერიან −არაფერი გამოსდით. მე და ანი, რომელიც თავისუფალ უნივერსიტეტში მუშაობს, ახალი წიგნის იდეაზე ვიწყებთ საუბარს. ყველა აპროტესტებს, რა დროს საქმეზე ლაპარაკიაო. ვჩუმდებით. ლაზარე ტირის. იმ წუთას ყველას ნინიას ადგილას წარმოგვიდგენია თავი.

ჩემს დას სახლში ვტოვებ, მანქანას ისევ ვქოქავ და მივდივარ. სტრომაეს ვრთავ, დილასაც ორასჯერ ვუყურე მის ბოლო კლიპს, კიბოს დაავადებას რომ მიუძღვნა. გენიალური ხელოვანია. ჩემმა მეგობარმა, მარიკა ბაკურაძემ შემაყვარა, იმას − მერაბ ნინიძემ. ვუსმენ და ღამის თბილისში მივდივარ. დღეს უნდა ვნახო. ერთი თვე მე არ ვიყავი, მერე ის არ იყო. როგორც იქნა, გადავიკვეთეთ. მომავალი კვირა საგიჟეთი მექნება: წიგნის დღეები იხსნება, უცხოელი სტუმრები მეყოლება, ისიც უცხოელ სტუმრებს ელოდება. მომდევნო ერთი კვირის მანძილზე ეს ერთადერთი შანსია.

23 ნოემბერი, ორშაბათი

გიორგობაა, დასვენების დღე. თუმცა, სამსახურში მაინც მივდივარ. დედა, ტრადიციულად, სამსახურში წასაღებ საჭმელს მიმზადებს და შეფუთულს გასასვლელში მიდებს, სახლიდან გასვლისას რომ არ დამავიწყდეს. იცის, რომ მაინც დამავიწყდება და კარისკენ დაძრულს, უკან მომდევს, გვანცა საჭმელი არ დაგავიწყდესო! სახლში ასეთი უსუსური ვარ.

დღეს განგებ წამოვედი სამუშაოდ, ვიცი, გიორგობის მოსალოცად თუ დამირეკავს ვინმე. გამომცემელთა ასოციაციის გოგოებიც ისვენებენ, დღეს არც ისინი გამოჩნდებიან. ასოციაციის თავმჯდომარე ივნისში გავხდი. ამბობენ, უმადური საქმეაო.

ორმოცდახუთი წევრი გამომცემელი და გამავრცელებელი გვყავს. უდიდესი პასუხისმგებლობაა: ყოველდღე და ყოველ წუთს მათი ინტერესების დასაცავად, მათი პოზიციების გასამყარებლად უნდა იბრძოლო. როგორც კი თავმჯდომარის პოზიცია დავიკავე, რომელ მხარესაც არ მივბრუნდი, ყველგან ფრონტის ხაზი დამხვდა. მით უფრო, რომ ახლა ურთულესი ეტაპია ჩვენი გამომცემლების ცხოვრებაში. 2013 წელს უფასო სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტმა, ფაქტობრივად, მთელი სექტორი კრიზისამდე მიიყვანა, დღეს კი ამის შედეგებს ვიმკით. იმ წელს ბევრი უსამართლო ლანძღვა მივიღეთ, მათ შორის თავგზააბნეული მკითხველისგანაც. მოგვიანებით ბევრ რამეს ნათელი მოეფინა, თუმცა ეს ძალიან გვიან მოხდა. საქმე ახლა უზენაეს სასამართლოშია, ჩვენ კი უკვე სტრასბურგისკენ ვიყურებით.

„ინტელექტში“ დღეს სულ ოთხი კაცი ვართ. ყველა ჩვენ-ჩვენ ოთახებში ჩაკეტილები ვმუშაობთ. არც ხმაურია, არც მისვლა-მოსვლა, არც წიგნის პრეზენტაცია. ოცამდე საჭირო მეილი გავაგზავნე. თარგმანის გრანტის მოსაპოვებლად ერთი წიგნის პროექტიც მივამთავრე, რამდენიმე საჭირო ხელშეკრულებაც მოვამზადე. ასე მშვიდად დიდი ხანია არ მიმუშავია.

საღამოს ჩემი მამაოსგან მესიჯი მივიღე, გიორგობა მომილოცა. ისე შემრცხვა, მობილური მაშინვე გვერდზე გადავდე. სანამ ისევ დავიწყებას მიეცემოდა, ცოტა ხნით გამახსენდა, რომ საუკუნეა, ვეღარ დავდივარ ეკლესიაში.

24 ნოემბერი, სამშაბათი

დღეს ჩვენს გამომცემლობაში დიდი რეალიტი-შოუა: „სხვა შუადღის“ რუბრიკა „მამები“ გვყავს სტუმრად. მთავარი გმირი ზვიად კვარაცხელიაა, ჩვენი მთავარი რედაქტორი და სამი ბიჭის მამა. მოკლედ, დღეს სამმაგი რეალიტი-შოუ მაქვს: ჩემი ტრადიციული, ყოველდღიური ფეისბუკ-რეალიტი და „თავისუფლების დღიურების“ რეალიტი, რომლებსაც ახლა „მამებიც“ დაემატა. ზვიადმა ორი ბიჭი ბაღში დატოვა, გამომცემლობაში სანდრო, ანუ სანდორო მოჰყავს, გმირულად უნდა გაუძლოს მაიკოს გარეშე მთელი დღე ბავშვების მოვლას. ჩვენ ვერ ვეხმარებით, სანდორო არ გვკადრულობს. კარგი საქმეა, მომწონს, რომ მამებს შვილების აღზრდაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ, ჩვენს ოჯახში ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო და მიკვირს კიდეც, რომ ვიღაცას ამის შეხსენება სჭირდება.

დილას თეა გვასალია მოვიდა, მის მიერ თარგმნილ მარკესის ახალ წიგნებს ვამზადებთ. მოგვიანებით დიზაინერების, დამკაბადონებლების, რედაქტორების საქმიანობაც დაფიქსირდა ობიექტივში. საზოგადოების დიდი ნაწილი ნახავს, როგორ მზადდება წიგნი, რა პროცესს გადის, სანამ სტამბამდე მივა. შემდეგ იყო სანდოროს ჭამა და დაძინების მცდელობა, აქ გართულდა საქმე, ზვიადი შიგადაშიგ ოხრავს, ჩვენ გვეღიმება. ბავშვი ისევ ჯიუტად არ გვკადრულობს. შემდეგ მე და ზვიადი ჩვენს დირექტორს ვხვდებით უახლესი გეგმების განსახილველად, სანდორო იქაც გვესწრება, თავისთვის წუწუნებს და უკვე ის გვიძლებს აქეთ, ვერ გაუგია, რატომ ტანჯავენ ასე. სერგეი ჟადანზე ვლაპარაკობთ, ცნობილ უკრაინელ მწერალზე, რომელმაც უკრაინის ბოლო მოვლენებზე ძალიან კარგი წიგნი დაწერა − „მესოპოტამია“. სწორედ ამ წიგნის თარგმნა გადავწყვიტეთ. სერგეი ქართველების კარგი მეგობარია და უხარია პირველი ქართველი გამომცემლის გამოჩენა მის შემოქმედებით ცხოვრებაში. სანდორო თვალებს აცეცებს გაკვირვებული. ახლა თამაზ ჭილაძეზე ვსაუბრობთ, უახლოეს მომავალში მის რომან „ბრეიგელის მთვარეს“ არაბულ და ალბანურ ენებზე თარგმნიან და გამოსცემენ, ზვიადის და ნინო სადღობელაშვილის რომანებს კი − თურქულად. ჩვენს ავტორებს უცხოელი გამომცემლები რომ გამოუჩნდებათ ხოლმე, ამაზე მეტად არაფერი მაბედნიერებს!

ზვიადი და სანდორო მიდიან, ბიჭებთან ერთად ფეხბურთი უნდა ითამაშოს საჯაროდ. შედეგებს მომავალ კვირას ვნახავთ. სამსახურიდან გვიან გავდივარ. გზაში ისევ სტრომაეს ვუსმენ.

25 ნოემბერი, ოთხშაბათი

დილას, თვალს გავახელ თუ არა, პირველ რიგში ფეისბუკს ვამოწმებ ხოლმე. ცხრის ნახევარზე გიორგი კეკელიძის წერილი მოსულა: „ახლა მოვრჩი სტაინბეკს. ძველიც წაკითხული მქონდა. ყოჩაღ.“ „თაგვებსა და ადამიანებზე“ − ამ წიგნს გულისხმობს, ბოლოს რომ ვთარგმნე. ვფიქრობ, საუკეთესოა ჯონ სტაინბეკის შემოქმედებაში და ერთ-ერთი უძლიერესი წიგნი, რომელიც კი ოდესმე წამიკითხავს. შექება გამიკვირდა, გამეხარდა, თუმცა მანამდე პირველი ის ვიფიქრე, რა გიჟია, რომ დილის ცხრის ნახევარზე წიგნის კითხვა კი არ დაიწყო, დაამთავრა-მეთქი. შემიძლია, მთელი ღამე არ დავიძინო, ოღონდაც დილას ადრე ნუ ამაყენებ − „ღამურა“ ვარ.

უახლოეს წარსულში მთელი ჩემი არსებით ვიყავი გადაშვებული შემოქმედებით საქმიანობაში, სტაბილურად ვწერდი ლექსებს, წერილებს, ვთარგმნიდი. ახლა თანდათანობით ისე მომიცვა და შემიპყრო საქმემ და მოვალეობებმა, მუდმივი ბრძოლა მაქვს საკუთარ თავთან, რომ არ მომიწიოს, შეველიო იმას, რაშიც ამხელა ენერგია და ძალისხმევა მაქვს დახარჯული. ვცდილობ, წელიწადში ორი ან ერთი წიგნი მაინც ვთარგმნო, თუმცა ეს ორსულობის წინასწარ დაგეგმვასავითაა: ვიღებ შვებულებას და ათას რამეს ვხლაფორთობ. როცა ტელეფონი არასდროს ჩერდება და უფლებაც არ გაქვს, გამორთო, იქ შემოქმედებით განწყობაზე საუბარიც ზედმეტია.

ხვალ თბილისის წიგნის დღეები იხსნება. მილიონი საქმეა. მკითხველი ფასდაკლების კატალოგებს ითხოვს. ზეგ ასოციაციის მოწვევით ნორვეგიელი გამომცემელი, ბერნარდ მორი ჩამოდის სემინარის ჩასატარებლად. მუდმივ კონტაქტში ვართ, მისი გრაფიკის ყველა დეტალს ვათანხმებთ. სტამბაში ბოლო წუთს ახალი წიგნების დაბეჭდვა გართულდა, არადა მოლი ბლუმს წინასაფესტივალო ბლოგისთვის უკვე გავუგზავნე ჩამონათვალი. სასწრაფოდ ვწერ, რომ ცუდი ამბავი მაქვს, ვნერვიულობთ, მაგრამ, საბოლოოდ, ბლოგში განმარტების გაკეთებაზე ვთანხმდებით. მე და ზვიადი „ექსპო-ჯორჯიის“ საფესტივალო პავილიონში მივდივართ, ჩვენი გაყიდვების გუნდი უკვე მობილიზებულია − სტენდებს აწყობენ. ქეთი ჩარკვიანი ირაკლი სამსონაძისა და გელა ჩარკვიანის იტალიური გამოცემების გარეკანებს მიგზავნის, წიგნები ქეთის თარგმანებით რომში უკვე სტამბაშია, დღე-დღეზე გამოიცემა, გარეკანებს მაშინვე ფეისბუკზე ვდებ, მიხარია! ამ დროს ბერნარდი მწერს, რომ უკვე წაიკითხა ირაკლი სამსონაძის „ყურთბალიშის“ ინგლისური თარგმანი, ამბობს, რომ ირაკლი კარგი მწერალია, მისი რომანი კი − ნამდვილი ლიტერატურა. ფეისბუკზე ვასტატუსებ, ვიცი, რომ ქართველები უცხოელის ნათქვამს უფრო დაიჯერებენ. მერე ირაკლის ვურეკავ და ვუყვები. ეღიმება და, ჩვეულებისამებრ, სევდანარევი ხმით მეუბნება, შენ მე უფრო ხშირად უნდა დამირეკოო.

26 ნოემბერი, ხუთშაბათი

„პიკის საათის“ გუნდი: ეკა, ველიჯანა და ლანა ჩემი მორალური და საინფორმაციო მხარდამჭერები არიან. დღეს წიგნის დღეები იხსნება. სატელეფონო ჩართვით ვსაუბრობ ფესტივალის ფარგლებში ასოციაციის გეგმებზე. „ინტელექტის“ სტენდზე დიდი ფასდაკლება და კარგი აქციები გვაქვს, ვიმედოვნებთ, მკითხველი მოვა და ჩვენც საუკეთესოდ დავხვდებით. „ექსპო-ჯორჯიაში“ თერთმეტი საათისთვის მივდივარ. ჩვენი საგამომცემლო ჯგუფის − „ინტელექტის“, „არტანუჯის“ და „ირიათონის“ − სტენდები მზადაა. ფესტივალის ორგანიზატორებთან და მხარდამჭერებთან ერთად ვმონაწილეობ ოფიციალურ გახსნაში, ჩვენი ასოციაციაც წიგნის დღეებისმხარდამჭერია. მოკლედ ვლაპარაკობ, ვიცი, დიდხანს არავინ მომისმენს, მთავარი ცენტრალური მესიჯების გამოტანაა. ცხადია, გამომცემლებზე უნდა ვისაუბრო, მათ როლზე, უნდა გავახსენო მკითხველს, რომ წიგნებისა და ავტორების უკან სწორედ ეს მნიშვნელოვანი ადამიანები დგანან, მერე წიგნის კითხვის მნიშვნელობას შევეხო. გახსნის შემდეგ პავილიონს ვათვალიერებ, ყველა სტენდთან მივდივარ, კოლეგებს ვესალმები, მათ სიახლეებს ვნახულობ. გამოდის, რომ უფრო მეტად პრობლემებზე ვსაუბრობთ. პრობლემა ძალიან ბევრია, გამომცემლებს ნამდვილად არ ულხინთ, ქართული წიგნი და საგამომცემლო სექტორი, ფაქტობრივად, მსხვერპლად შეწირეს უფასო სახელმძღვანელოების პროგრამას, მაგრამ კვლავაც ისეთივე შემართებით იბრძვიან, როგორც პირველ წუთებში − დასაკარგი მაინც აღარაფერია. მალევე ვტოვებ პავილიონს, მოძრაობის თეატრში სოსო ბაკურაძე მელოდება, თეატრის ახალგაზრდა რეჟისორი, ნამდვილი ევროპელებივით ნახევარი წლით ადრე ვხვდებით ერთმანეთს საერთო პროექტის დასაგეგმად. ფოიეში მსახიობები იკრიბებიან, რეპეტიცია იწყება, სცენაზე ერთ-ერთი მსახიობი თავისთვის „გიჟდება“, ჩუმად ვუთვალთვალებ, ყოველთვის მიზიდავდა თეატრის შიდა სამყარო. სოსო ჩემი კარგი მეგობარია, საქმიდან ზოგად თემებზე გადავდივართ, თემა ჩემი იმდღევანდელი ფეისბუკსტატუსის გაგრძელებაა: „ვინმემ რომ მკითხოს, ქართველები რაში ხართ ყველაზე მაგრებიო, ალბათ დაუფიქრებლად ვუპასუხებ, რომ ჩვენ ერთმანეთის შრომის წარბშეუხრელად მითვისებაზე უკეთ არაფერი გამოგვდის“. სოსო ღიმილით მახსენებს ცნობილ სიმღერას: Some of them wants to use you, some of them wants to get used by you... როგორ არ მახსოვს, უბრალოდ ზოგჯერ საშინლად დამღლელია.

სამსახურის შემდეგ „თიბისი“ ბანკში მივდივარ, „საბას“ პრემიამ მოგვიწყო საინფორმაციო შეხვედრა ახალი, ელექტრონული წიგნის ნომინაციის შესახებ. ხალხი ცოტაა. რატი ამაღლობელი ამბობს, რომ ხალხს კონკურსის შედეგები უფრო აინტერესებს, ვიდრე მისი განვითარების პროცესში მონაწილეობაო. ასეცაა, მსგავსი რამეებით თავის დატვირთვა ხშირად გვეზარება ხოლმე. პრეზენტაციის მერე გოგა ჩანადირი მე და მარიკა ბაკურაძეს ჩაიზე გვეპატიჟება. მარიკას პატარა ნუცისთან და კიკისთან ერთად მივდივართ. ჩვენი მაგიდა თავისთავად ძალიან მხიარულია, ბავშვები დაუსრულებლად „ვაიბერის“ ფუნქციონირების დეტალებს განიხილავენ. გოგა ცდილობს, ეს ხმაური თავისი ახალი მკითხველთა კლუბის თემით გადაფაროს. ციმბირიდან ახალი ჩამოსულია, გადაღება ჰქონდა. ციმბირული თბილი წინდები ჩამომიტანა. გული მიგრძნობს, კარს მომდგარ ზამთარს ამ წინდებში გავატარებ.

27 ნოემბერი, პარასკევი

ეს დღე ძალიან ადრე, გამთენიის ორ საათზე დაიწყო. ბერნარდის და მისი ფოტოგრაფი მეგობრის, ფრედერიკის დასახვედრად აეროპორტში წავედი. ბერნარდმა გამარჯობის შემდეგ პირდაპირ შეკითხვები დამაყარა: რომელ წელს აშენდა ეს აეროპორტი? ვისი სახელობისაა? რატომ? რისთვის? ღამის ორ საათზეც ფორმაშია! შეგნებულად შემოვატარე მანქანით ძველი თბილისი, მინდა, ღამით განათებული ქალაქი ნახონ, პირველივე დღეს შთაბეჭდილების ქვეშ აღმოჩნდნენ. ბერნარდი ქალაქს ხან საფრანგეთს ადარებს, ხან კალიფორნიას, ხანაც − ვილნიუსს, ბოლოს კი თავის თავს აჯერებს, რომ ამდენ მკითხაობას სჯობს, აღიაროს, რომ ეს სრულიად უნიკალური გარემოა. მისი სემინარი „წარმატებული რედაქტორი კონკურენტუნარიან ბაზარზე“ დილის 11 საათზე იწყება. ათზე უკვე სასტუმროსთან ველოდები, პირველ „სელფის“ ვიღებთ. გზაში ხალხის მოსვლაზე ვნერვიულობ. იმაზე მეტი მოვიდა, ვიდრე მე და ბერნარდი ველოდით: დიდი თუ პატარა გამომცემლობები, ყველა ადგილზეა, უსმენენ, აქტიურობენ, კითხვებს სვამენ. გახარებული ვარ: ესე იგი ტყუილად არ გვიწვალია! ნათია, ასოციაციის პიარი, დიდი მუცლით, ფაქტობრივად, დაგორავს და ფოტოაპარატს აჩხაკუნებს. დეკემბერში ბავშვს ელოდება. ვუყურებ და გულში ვამაყობ, ფეხმძიმე იყო, სამსახურში რომ ავიყვანეთ, ყველანაირ სტერეოტიპს გადავაბიჯეთ. გასაუბრებაზე საუკეთესო იყო კანდიდატებს შორის, ჩვენი საბჭო დაუფიქრებლად შეთანხმდა, რომ გადამწყვეტი პროფესიონალიზმია. ბევრ დემოკრატიულ ქვეყანას შეშურდებოდა იმ წუთას ჩვენი.

მივიჩქარით კულტურის მინისტრთან შეხვედრაზე. ნორვეგიულ ლიტერატურულ ჟურნალ „ვინდუეტის“ 2016 წლის პირველი ნომრისთვის ბერნარდი წერსსტატიას საქართველოს ლიტერატურულ ცხოვრებაზე, ამიტომ, რაც შეიძლება, მეტ ადამიანს უნდა შევხვდეთ. ნინო კიკნაძე მოგვყვება, სამინისტროს თანამშრომელი. შეხვედრის დაწყება ცოტა გვიანდება (ვუხსნი, რომ საქართველოში ეს აუცილებელიც კია, ადვილად ეგუება ამ ფაქტს), სამაგიეროდ ნინო სამინისტროს კაფეტერიაში ლობიოზე და მწნილზე ეპატიჟება რამე ძალიან ქართულის დაგემოვნების სურვილით შეპყრობილ სტუმრებს. შედეგი მოლოდინს აჭარბებს. მინისტრთან ინტერვიუს მეც ვესწრები, მინისტრი საინტერესოდ საუბრობს, თავისი გახსნილობით სტუმრებზე შთაბეჭდილებას ახდენს, ეს აშკარაა. ზოგადად საქართველოში კულტურის პოლიტიკაზე მსჯელობენ; იმაზეც, რომ სურს, ხალხმა მეტად შეხედოს კულტურას, როგორც ბიზნესის კეთების საშუალებას. ასეცაა, ვეთანხმები, თუმცა მაშინვე მახსენდება ჩვენი სახელმძღვანელოები, განათლების სამინისტრო და ერის წინაშე დანაშაულად შერაცხული ბიზნესი, ნარკოდილერებს რომ გვადარებდნენ, და გუნება მიფუჭდება. ჩემი სტუმრები კმაყოფილები ჩანან, ყველა შეკითხვაზე მიიღეს პასუხი. შევიარეთ იქვე, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრში, სტუმრები გაეცნენ ცენტრის საქმიანობის მთავარ პრიორიტეტებს. სამაგიეროდ, უსაშველოდ დაგვაგვიანდა თსუ-ში, სკანდინავისტიკის ცენტრის თანამშრომელ თამუნა კვიჟინაძესთან მისვლა. თუმცა, ჩემი სტუმრები უცებ მოერგნენ ქართულ წესს და ამაზე საერთოდ აღარ ღელავენ, ახლა მე უფრო ვნერვიულობ. თამუნა ნორვეგიულიდან თარგმნის და ბრწყინვალედ საუბრობს ამ ენაზე. ასე რომ, მათი საუბრიდან, ფაქტობრივად, არაფერი გამიგია, მხოლოდ ნაცნობი მწერლების სახელ-გვარებს თუ ამოვიცნობდი.

რადიო თავისუფლებაში შოთა იათაშვილი გველოდება. საუბრობენ ქართველი, რუსი, უკრაინელი და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მწერლებთან ურთიერთობებზე, ქართველ მწერლებზე და პოეტებზე. ბერნარდი ტრადიციულ ნორვეგიულ არაყ „აკვავიტს“ ჩუქნის, დილიდან ჩანთით დაატარებდა და საბოლოოდ შეხვდა ადამიანს, რომლისთვისაც ჩათვალა, რომ ზედგამოჭრილი იქნებოდა ეს საჩუქარი. მართალიც აღმოჩნდა! დღის ბოლოს შოთამ ფეისბუკსტატუსში მომნიშნა და საჩუქრის დაგემოვნებით მიღებული სიამოვნება გაასაჯაროვა.

სახლში გვიან ვბრუნდები. ჩემი მანქანის მუსიკალური მენიუ შეიცვალა. ამჯერად ნორვეგიული მუსიკა ტრიალებს, სიტყვებს ვერ ვარჩევ. ბერნარდი მუსიკასაც წერს და ნორვეგიულ ბენდში უკრავს და მღერის კიდეც. დღის ბოლოს თავისი სიდი მაჩუქა.

28 ნოემბერი, შაბათი

გამომცემლობა „ინტელექტში“ დილა ირაკლი სამსონაძესთან შეხვედრით დავიწყეთ. ჩემი უცხოელი მეგობრები დღეს უფრო დასვენებულები ჩანან, მე კი წუხელ სულ სამი საათი მეძინა. ირაკლი ღრმა და უფრო მეტად ფილოსოფიურ საუბარში ითრევს ბერნარდს. მსჯელობენ ადამიანის პიროვნულ თავისუფლებაზე, საზოგადოებაში სულიერების ნაკლებობაზე. ირაკლი ამბობს, რომ დღეს საქართველოში ზედაპირული თავისუფლებაა, ხელოვნური. ამ თავისუფლებას თავისუფლების მონობაც კი შეიძლება ვუწოდოთო.

შუადღისას „ექსპო-ჯორჯიაში“ დათო ტურაშვილს ვპოულობთ, სხვა შეხვედრაზე აგვიანდება, მაგრამ ინტერვიუს ჩემს მანქანაში ვწერთ − გზად წერეთლიდან ანჩისხატამდე. დათო, ჩვეულებისამებრ, ენერგიულად და საინტერესოდ საუბრობს. ძირითადად, „ჯინსების თაობის“ ირგვლივ ტრიალებენ: შევარდნაძე, საბჭოთა კავშირი... ფრედერიკი დათოს გაბრიაძის კაფესთან ფოტოებს უღებს, შემდეგ ვემშვიდობებით და დღეს ბოლოჯერ ვბრუნდებით „ექსპო-ჯორჯიაში“.ჩვენს სტენდთან დიდი რიგია, მერაბ ნინიძე და მარიკა ბაკურაძე თავიანთ ახალ წიგნზე ავტოგრაფებს არიგებენ. ბერნარდს და ფრედერიკს თავიანთი გეგმა აქვთ: მთხოვენ პავილიონში შევკრიბო საგამომცემლო სფეროში ჩართული გოგოები, საერთო ფოტოს გადასაღებად. ამ ორი დღის შთაბეჭდილებით, ფიქრობენ, რომ საგამომცემლო მრეწველობაში 30 წლამდე ასაკის გოგოებს საპასუხისმგებლო პოზიციები უკავიათ, უკვირთ ქალების ასეთი სიძლიერე ქართულ საგამომცემლო სივრცეში და თავიანთ სტატიაში ამის წარმოჩენა უნდათ. ფერადი ფოტოები გამოდის.

ხვალ ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა: ჯერ წეროვნის დევნილთა დასახლებაში მივდივართ, შემდეგ − ერგნეთში, ცხინვალის საზღვართან. ჩვენს მუდმივ შემადგენლობას ამჯერად მარიკა ბაკურაძე შემოუერთდება. საინტერესო რესპონდენტს იცნობს ერგნეთში − ლია ჩლაჩიძეს, რომელიც იქაურ ვითარებაზე კომპეტენტურ პასუხებს გასცემს ჩემს ნორვეგიელ სტუმრებს. მრცხვენია, რომ წეროვნის დევნილთა დასახლებაში აქამდე არ ვყოფილვარ, ამჯერად სტუმრების წყალობით გამოვასწორებ ამ „შეცდომას“. ვიცი, ეს ერთ-ერთი ყველაზე ემოციური მოგზაურობა იქნება. მაგრამ ადამიანმა ზოგჯერ თავის ტკივილებთან ძალიან ახლოს მისვლა უნდა შეძლოს. მხოლოდ ასე თუ ვიპოვით გადარჩენის გზას...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG