Accessibility links

logo-print

2 აგვისტო, კვირა

30 წელი გავიდა ისე, რომ დღიური არასოდეს მქონია. ერთხელ ლექსიც კი დავწერე, მაგრამ დღის მანძილზე მომხდარი ამბები – არასოდეს. ახლა ვფიქრობ და ძალიან მომინდა იმ დღიურების წაკითხვა, რომლებსაც, მაგალითად, 14-15 წლის იდა დაწერდა და ცოტა გული მწყდება, რომ ამას ვერასოდეს გავაკეთებ. მიუხედავად ამისა, თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ არც 30 წლის იდას დღიურები იარსებებს, გარდა ამ ერთი განსაკუთრებული კვირისა.

ჩემი კვირა დღის განრიგის უცვლელი პუნქტი – „დილის ძილი“ –დღეს დაირღვა. მაღვიძარა 9 საათიდან რეკავს. 15-20 წუთის მერე ძლივს ვახერხებ ადგომას. ეს კვირა განსაკუთრებულია, რამდენიმე დღეში დედა ჩამოდის, რომელიც 10 წელია, იტალიაში ცხოვრობს და მუშაობს, როგორც უამრავი ქართველი ემიგრანტი.

არაოფიციალური მონაცემებით, საქართველოდან წასული მიგრანტების რაოდენობა მილიონნახევარია და მათი 65% არიან ქალები, რომელთა ოჯახების შემოსავლის დიდ ნაწილს (ზოგჯერ კი მთელს შემოსავალს) მათი გზავნილები შეადგენს, ანუ ხშირად ისინი არიან თავიანთი ოჯახების ერთადერთი მარჩენალები, და ზოგჯერ არა მარტო თავიანთი ოჯახების.

მოკლედ, ნაგავს ვიღებ და სახლიდან გავდივარ. 10 საათზე მეტროსთან უნდა შევხვდე ლალის (სახელი შეცვლილია), რომელიც სახლის დალაგებაში დაგვეხმარება. დედას დასახვედრად ვემზადებით და გვინდა, რომ სახლიც განსაკუთრებულად დავალაგოთ. ვჯდები მანქანაში და ვურეკავ. ლალი მიბოდიშებს. ის ჯერ ისევ მეტროშია, იმიტომ რომ სიცხის გამო ღამე უძილოს, დილით ჩაეძინა. უკანამობრუნებულს, დაკოც ფეხზე მხვდება და ყავას მთავაზობს. დაკო ჩემი დაა. სულ ვფიქრობ: ძალიან გამიმართლა, რომ მყავს და, რომელიც თანჩემი თანამოაზრე და მეგობარია.

ლალის ზარის მოლოდინში ფეისბუკს ვათვალიერებ. პოსტები, ძირითადად, სიცხეზეა და აქაც, როგორც ყოველთვის, ორი ბანაკია: სიცხეზე მოწუწუნეები და სიცხეზე მოწუწუნეთა მგმობელები.

დაკო ბოლო დროს კულინარიამ გაიტაცა და ხშირად ამზადებს საინტერესო კერძებს. ახლაც იღებს კულინარიის ჟურნალს, რომელიც სპეციალურად გამოიწერა, და იწყებს სადილის მზადებას სტუმრისათვის. ჯერ შუადღეა და ლალის შესახებ უკვე იმდენი რამე ვიცით, მგონია დიდი ხნის ნაცნობია. არადა, დღეს პირველად ვნახეთ. ჩვენ არაფერს ვეკითხებით, თვითონ ჰყვება და ჰყვება. ცხადია, არ ვაწყვეტინებთ. საინტერესო მოსაუბრეა. მისი ისტორია სევდიანია, ბევრი ტრაგედიითა და პატრიარქალური კულტურისთვის დამახასიათებელი სისასტიკით გაჯერებული. მაგრამ ის მებრძოლი და ოპტიმიზმით სავსე ქალია.

ღამის თერთმეტის ნახევარზე დაღლილი ლალი იქამდე მივაცილე, საიდანაც ტრანსპორტს გაყვებოდა. ლიფტში მეუბნება, რომ კარგი ხელი აქვს და მის დალაგებულ სახლში მალე აუცილებლად მოხდება დიდი ბედნიერება. მონოლოგს ამთავრებს ფრაზით: „აი, ნახავ, რომელიმე თქვენგანი თუ არ გათხოვდეს მალე!“ მეცინება და ვეუბნები, რომ ეს ის არ არის, რასაც ამ სახლის ბინადრები ჩათვლიდნენ დიდ ბედნიერებად ახლა. ნუ, სიტყვა „გათხოვებაზე“, როგორც მასკულინური კულტურის გამოვლინებაზე, სასაუბროდ დრო არ იყო და არ ჩავღრმავებივართ ამ თემას.

სახლში დაბრუნებული, თავის მოწესრიგებას ვიწყებ. ხვალ ორშაბათია.

3 აგვისტო, ორშაბათი

მაღვიძარას რამდენიმეჯერ დადუმების შემდეგ მახსენდება, რომ დღეს ჩემი ბოლო სამუშაო ორშაბათია. მომავალი კვირის ორშაბათს კი შვებულებაში გავიღვიძებ და, თანაც, მშობლიურ ახმეტაში. მიხარია, მაგრამ წინ მთელი კვირაა, საქმეები კი – ბევრი, და არც ისე ხალისით ვდგები.

ოფისში მისული, ელექტრონულ ფოსტაზე მოსული წერილების ნაწილის შემოწმებას და პასუხების დაგზავნას ვასწრებ მანამ, სანამ ორშაბათის ტრადიციული „სკაიპკოლი“ დამეწყება. გამომდინარე იქედან, რომ მე ვმუშაობ საერთაშორისო ორგანიზაციაში „ევროპელი ქალები საერთო მომავლისათვის“ (WECF), ხოლო ჩემი კოლეგების ერთი ნაწილი მიუნხენის, მეორე კი უტრეხტის ოფისებშია, სკაიპი ჩვენი კომუნიკაციის ძირითადი საშუალებაა. კვირის გეგმები გავიარეთ, პასუხისმგებლობები გადავინაწილეთ და პარასკევამდე დავემშვიდობეთ ერთმანეთს.

ამასობაში პირველი საათი სრულდება. ორის თხუთმეტ წუთზე სტომატოლოგთან ვარ ჩაწერილი. კიბეებზე ჩასვლისას ფეისბუკს ვხსნი და სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის ინტერვიუ მხვდება სათაურით: „შაბათ-კვირას და უქმე დღეებში მსჯავრდებულ ქალებს მიეცემათ საშუალება, რომ გავიდნენ ციხის ტერიტორიიდან და დრო გაატარონ ოჯახთან ერთად“. ძალიან მაინტერესებს, რას გულისხმობს მინისტრი, მაგრამ მოსმენას ვერ ვახერხებ სიჩქარის გამო. ოჯახის წევრებთან გრძელვადიანი პაემნების არარსებობა ქალთა კოლონიის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. სწორედ ამაზე საუბრობს სახალხო დამცველი 2014 წლის ანგარიშში. რამდენიმე კვირის წინ ქალთა კოლონიიდან გამოსულმა ქალთა მოძრაობის წევრებმაც ეს დაასახელეს ერთ-ერთ პრობლემად და ხელისუფლებასშეახსენეს, რომ ვალდებულია, მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სასჯელაღსრულების მე-5 დაწესებულებაში.

კონდიციონერებით აღჭურვილ სტომატოლოგის მისაღებშიც კი ცხელა. ჩემს რიგს ველოდები და თან ტელევიზორს ვუყურებ. დიდი ხანია, აღარ ვიცი, ამ დროს რა გადის ტელევიზიებით. ჯერ ინდური სერიალის, „დინასტიის“ რეკლამაა, შემდეგ – თურქული „ლამაზი სიზმრის“, მერე ისევ ინდური სერიალი „მოჯადოებულები“ და თურქული „სტამბოლის ცა“ ერთმანეთის მიყოლებით. ჩემი ახალი აღმოჩენა აქედან: ინდურ სერიალებს დაუპყრია ბაზარი და ქართველ მაყურებელთა გულები!

როცა კბილის დაბჟენის შედეგ სტომატოლოგის კაბინეტში პაციენტი და ექიმი ფემინიზმსა და ქალთა უფლებებზე საუბრობენ, ეს, ჩემი აზრით, იმის ნიშანია, რომ მოჯადოებული წრე იხსნება: ამ თემებზე საუბარი ნელ-ნელა სცდება საკონფერენციო თუ სატრენინგო ოთახებს და სხვა სივრცეებში ინაცვლებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი სტომატოლოგი, თამუნა ყურაშვილი, ქალთა მოძრაობის აქტიური წევრია. თუმცა, მე ამ ნიშნით ნამდვილად არ ამირჩევია და საერთოდაც, მისი დაბჟენილი კბილი უკვე მქონდა, როცა თამუნას ფემინისტობა აღმოვაჩინე. მე მას ქალთა მოძრაობის ბოლო შეხვედრის დეტალებს ვუყვები, რადგან თავად მოსვლა ვერ მოახერხა. ქალთა მოძრაობა გეგმავს ახალი კამპანიის დაწყებას ე.წ. „ქალიშვილობის ინსტიტუტის“ წინააღმდეგ, რადგან გასულ კვირაში კიდევ ერთი გოგონა გახდა გაუგონარი ძალადობის მსხვერპლი საკუთარი ქმრის მხრიდან. პირველ რიგში ახლა მარიამს ვჭირდებით: ჩვენი სოლიდარობითა და კონკრეტული დახმარებით უნდა ვაგრძნობინოთ, რომ ის მარტო არ არის იმ ბრბოს წინაშე, რომელიც ქალს საკუთარი სხეულზეც კი არ უტოვებს თავისუფალ არჩევანს. ამ ეტაპზე უკვე ვიცით, რომ მარიამი დროებით თავშესაფარში გადავა და რეაბილიტაციის კვალიფიციურ კურსს გაივლის.

ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი კამპანია „ქალიშვილობის ინსტიტუტის“ წინააღმდეგ. ქალთა მოძრაობის ორი შეხვედრა მიეძღვნა იმაზე მსჯელობას, თუ როგორი უნდა იყოს ეს კამპანია. შეხვედრაზე მოსული ყველა ქალი ძალიან გაბრაზებული და შეურაცხყოფილია. ამიტომაც შეხვედრები ემოციურია. გვინდა, რომ კამპანია იყოს რადიკალური და ხმამაღალი. მაგრამ ქალის სექსუალობა და სხეული იმდენად ფაქიზი თემაა, რომ ფორმის და მთავარი მესიჯის შერჩევა ძალიან გვიჭირს. მე მიმაჩნია, რომ იმ რეალობაში, სადაც ახლა ვართ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან დიდია საფრთხე, კამპანია იქცეს მხოლოდ გაბრაზებული აქტივისტების „ორთქლის გამოშვებად“, რაც ცუდი სულაც არ არის. მაგრამ ახლა ამის დრო აშკარად არ გვაქვს! მე მგონია, რომ კამპანია გასაგებ ენაზე უნდა მოეწყოს მარიამისა და მისი ტოლი გოგონებისთვის, რომლებმაც არ იციან და არც აინტერესებთ ფემინისტური ფილოსოფია თუ თეორიები. ისინიჩვენი მოკავშირეები უნდა გახდნენ, არ უნდა დავაკომპლექსოთ „მენტორულ-დამრიგებლური“ ტონით.

სამსახურში დაბრუნებულს პაატა მირეკავს და თავისი სამაგისტრო გამოცდების ქულებს მიზიარებს. პაატა ჩემი ძმაა. ის დაიმედებულია, რომ ჩააბარებს. მე კი მგონია, რომ უკეთესი ქულების მიღებაც შეეძლო.

საღამოს სამივე ერთ დროს ვბრუნდებით სახლში, რაც ძალიან იშვიათად ხდება.

4 აგვისტო, სამშაბათი

მაღვიძარას ზარამდე სიცხე მაღვიძებს. სამსახურში მიმავალს განსაკუთრებით მხვდება თვალში, რომ აგვისტოს თბილისი უკვე საგრძნობლად დაცლილია: გაჩერებებზე ხალხი კანტი-კუნტად დგას დაბევრად მეტი მანქანა დადის, ვიდრე ფეხით მოსიარულე.

ინფორმაცია მხვდება, რომ თავდაცვის სამინისტრო სკოლებში სამხედრო სწავლების ინიციატივით გამოდის. არ მომწონს და ვფიქრობ, რომ მილიტარიზმი არ გვჭირდება სკოლებში. რა ფორმითაც უნდა ჩავატაროთ სამხედრო სწავლება, ამით ომისა და იარაღის რომანტიზება მოხდება ბავშვებში.

ჩველებრივზე უფრო დატვირთული სამუშაო დღე მაქვს და ვერ მივდივარ 2 საათზე იუსტიციის სახლში დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტამბულის კონვენციის სარატიფიკაციო პაკეტის განხილვას ეხება.

საღამოს მე, დაკო, ანა ლობჟანიძე და ნინო გამისონია ჩვენს მეგობრებთან – ეკა სხილაძესთან და ეკა ელოშვილთან ავდივართ სახლში. ეკა სხილაძის მომზადებული ცივი ყავა უნდა დავაგემოვნოთ. ამ ადამიანების უმრავლესობასთან აქტივიზმმა დამაკავშირა, ამიტომ მათთან ბევრი რამ მაქვს საერთო. ცხადია, მძიმე თემებს ვერასოდეს ვუვლით გვერდს და დღესაც, ჯერ წინა კვირას მომხდარი ძალადობის ფაქტი განვიხილეთ. ეკა და ანა სახალხო დამცველის გენდერული დეპარტამენტის თანამშრომლები არიან, ამ საქმეს ისინი უკეთებენ მონიტორინგს. 20 აგვისტოს მოძალადის სასამართლო პროცესსაც დააკვირდებიან. ქალთა მოძრაობის წევრების ნაწილი სამეგრელოში ჩასვლას და მარიამისთვის სოლიდარობის აქციის გამართვას აპირებს.

სხვადასხვა, უფრო მსუბუქ თემებზე საუბრის შემდეგ ერთმანეთის საშვებულებო გეგმებიც დავაზუსტეთ და დავიშალეთ იმ პირობით, რომ თბილისიდან გასვლამდე ერთხელ კიდევ შევიკრიბებით.

სახლში ათი საათისთვის ვბრუნდებით. დღეს დედა ჩამოდის. დრო ძალიან ნელა გადის, აეროპორტში წასვლამდე კიდევ ხუთი საათია. დაკო სადილის მომზადებას იწყებს. მე თან სახლის მილაგებას ვცდილობ და თან 90-იანი წლების კადრებს ვუყურებ ტელევიზორში. ამ დროს ძალიან პატარა ვიყავი იმისათვის, რომ გააზრებული რეაქციები მქონოდა იმაზე, რაც მაშინ ჩვენ გარშემო ხდებოდა, მაგრამ მახსოვს შეგრძნებები: ირაციონალური ტკივილი, შიში და უიმედობა. მივხვდი, რომ დღეს ამის ნახვა არ მინდა და ბოლომდე არ ვუყურე.

აეროპორტში მისულმა, მანქანა ძლივს გავაჩერე. აღმოჩნდა, რომ ფრენა ერთი საათით გადაიდო.

შეხვედრამ რაღაცნაირი „მოზომილი“ ემოციების ფონზე ჩაიარა. ასე ვართ: არც მას, და არც ჩვენ სიყვარულის გამოხატვა მაინცდამაინც არ გვეხერხება.

5 აგვისტო, ოთხშაბათი

თანამშრომლების ნახევარზე მეტი უკვე შვებულებაშია და ოფისში უჩვეულო სიწყნარეა. მთელი დღე ოფისიდან გაუსვლელად ვმუშაობ.

შიგადაშიგ ვერთვები ქალთა მოძრაობის ფეისბუკჯგუფში მიმდინარე დებატში. უდროობის გამო ყველაფერს თვალს ვერ ვადევნებ. ძირითადი კამათი კამპანიის ფორმასა და შინაარსზე მიმდინარეობს.

სახლიდან მირეკავენ, რომ პაატა მოწამლულია და აფთიაქში უნდა შევიარო.

სახლისაკენ მიმავალ გზაზე ვხედავ, რომ წითელზე ჩემ გვერდით კარგი მარკის ახალი მანქანა ჩერდება. მძღოლი სასულიერო პირია. მის დანახვაზე დღეს გავრცელებული ინფორმაცია მახსენდება: მართლმადიდებელ ეკლესიას თბილისსა და კასპში უსასყიდლოდ გადაეცა მიწის ნაკვეთები. არ მესმის და ვერასოდეს გავიგებ, რატომ ვრიცხავთ ჩვენი ჯიბეებიდან, ანუ ქვეყნის ბიუჯეტიდან 25 მილიონს ამ ინსტიტუტში?! რატომ ვჩუქნით სახელმწიფო ქონებას ერთ ლარად?! დაამის მიუხედავად რატომ ვიხდით ფულს ნათლობებსა თუ სხვა საეკლესიო რიტუალებში?! ყველა მსგავს კრიტიკულ კითხვაზე ერთი ჯადოსნური პასუხი არსებობს, – „ნუ განიკითხავ“ – რომელიც, ცხადია, მხოლოდ ეკლესიისა და სასულიერო პირების კრიტიკაზე პასუხისას ახსენდებათ და ხვდები, რომ საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს.

სახლში შემოსვლისთანავე ვხვდები, რომ დედას „უფუსფუსია“. პაატა მეუბნება, რომ მთელი დღე არ დამჯდარა. თან ამატებს, ვერ გამირკვევია, ასე საგანგებოდ დალაგებულ სახლში რა საქმეს პოულობსო.

საღამოს ხინკლის საჭმელად წასვლა გვქონდა დაგეგმილი და პაატას ავადმყოფობის გამო გადაგვედო. დაკოც მოდის და სახლში ერთად ვსადილობთ.

6 აგვისტო, ხუთშაბათი

აბაზანაში ყველაფერს ერთდროულად გასდის წყალი და ფუჭდება. დილიდანვე ვურეკავ სანტექნიკოსს, რომელიც მპირდება, რომ დღესვე მოვა. დაიმედებული მივდივარ სამსახურში.

ოთხი საათისთვის ჩემი კოლეგა ანა სამველი მოდის ოფისში. ისWECF-ის საქართველოს ფილიალის დირექტორია, ანუ ჩემი უფროსი. WECF საქართველოში 2007 წლიდან მუშაობს პარტნიორებთან ერთად, მაგრამ საქართველოს ფილიალი წელს იანვარში გავატარეთ რეგისტრაციაში და წინ დიდი გეგმები გვაქვს.

ანა ჰოლანდიელია, ქართველი ქმარი ჰყავს და ფოთში ცხოვრობს. თბილისში ხშირად ჩამოდის ხოლმე. მის სათბურში მოყვანილი პომიდვრით გავაკეთეთ სალათა და მე, ანამ და ქალბატონმა რუსუდანმა ერთად ვისადილეთ. რუსუდან სიმონიძე ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „მწვანეთა მოძრაობის“ თანათავმჯდომარეა. ანა დღესვე ბრუნდება ფოთში, ამიტომ სადილი საქმიანი გამოგვდის და რამდენიმე საკითხიც განვიხილეთ.

დღეს დეიდა და დეიდაშვილები გვსტუმრობენ სადილზე, ამიტომ სამსახურიდან ცოტა ადრე გამოვდივარ, რომ 7 საათისთვის სახლში ვიყო.

7 აგვისტო, პარასკევი

დილას ისევ სანტექნიკოსთან ზარით ვიწყებ, იმიტომ რომ გუშინ არ მოვიდა. მპირდება, რომ დღეს აუცილებლად ამოვა. გადავწყვიტე, სახლიდან ვიმუშაო, რომ მას დავხვდე, იმიტომ, რომ დედამ არ იცის, სად რა დევს ამ სახლში.

ხვალიდან ჩემი და დაკოს შვებულება იწყება და ახმეტაში მივდივართ. ახმეტა ჩვენი მშობლიური ქალაქია და განსაკუთრებით მიყვარს. მთელი დღეა ბავშვობის მეგობრები გვწერენ, რომ ნაწილი უკვე ჩავიდა და გველოდებიან, ნაწილიც ამ დღეებში ჩადის. ვიცი, რომ ახმეტაში ჩასულებს დასვენების დრო ნაკლებად გვექნება, რადგან რემონტს ვიწყებთ და წარმოუდგენელია ამ დროს დაისვენო, მაგრამ მაინც ერთი სული მაქვს, როდის წავალ.

პირველის ნახევარზე „სკაიპკოლი“ მეწყება ჩვენი ერთ-ერთი პროექტის პარტნიორებთან უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან და საქართველოდან. საუბარი დიდხანს გვიგრძელდება ხოლმე და დღესაც ასე იყო: სანტექნიკოსმა მოსვლაც მოასწრო, მუშაობაც და წასვლაც.

საღამოს საყიდლებზე და მანქანის გასარეცხად გავდივარ, სახლში მოსული კი ჩალაგებას ვიწყებ. ხვალ ამ დროს ახმეტაში ვიქნები. ერთი სული მაქვს!

8 აგვისტო, შაბათი

დღეს 8 აგვისტოა... 2008 წლის შემდეგ აგვისტო ომთან და ტკივილთან ასოცირდება. რა უნდა ვთქვა, 8 აგვისტო ყველაზე მძიმე განცდების დღეა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს და ჩვენს შემდგომ თაობებსაც გავაგებინოთ, რომ რუსეთი ჩვენი უფროსი ძმა თუ მეგობარი კი არა, ოკუპანტია!

დღეიდან ოფიციალურად შვებულებაში ვარ, მაგრამ კახეთში წასვლამდე ისევ სამსახურის ამბები უნდა მოვაგვარო: ჯერ ბანკში მივდივარ, შემდეგ კი დაბეჭდილ მასალას ვაკითხავ ერთ-ერთ ფირმაში. შემდეგ ოფისში ამაქვს და იქ ვტოვებ. მოკლედ, ყველაფერს ვასწრებ და ახლა მშვიდად შემიძლია წავიდე ჩემს სახლში – ახმეტაში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG