Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იოსებ ბარათაშვილი - ადვოკატი


31 მაისი, კვირა

საჯაროდ წასაკითხად დღიურის წერა, მთლად ჩვეულებრივი მოვლენა არ უნდა იყოს. თან გულწრფელი მინდა ვიყო და თან ხალისი არა მაქვს ჩემი პირადი ცხოვრების ან პროფესიული საქმიანობის დეტალები ფართო საზოგადოების განხილვის საგნად ვაქციო.

რატომ დავთანხმდი შემოთავაზებას ერთი კვირის განმავლობაში დღიურის დაწერის შესახებ? რა თქმა უნდა იმიტომ, რომ რადიო „თავისუფლება“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს; ადრეული ახალგაზრდობიდან ვუსმენ მას; იმ დროიდან, როდესაც „თავისუფლებას“ ახშობდნენ და წარმოუდგენელ ხრიალში მიხდებოდა რადიომიმღებში ცალკეული ფრაზების გარჩევა. რადიო „თავისუფლება“ ჩემს ცნობიერებაში დაკავშირებულია დისიდენტურ მოძრაობასთან, ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობასთან და, რაც მთავარია, სიმართლის ხმასთან იმ გარემოში, რომელშიც უსამართლობა და სიცრუე იყო გამეფებული.

მახსოვს, 80-იანი წლების დასაწყისში პირველად მოვისმინე იმ დროს ჯერ კიდევ აკრძალული, გრიგოლ რობაქიძის შესანიშნავი ესე „რა უნდა აგონდებოდეს ქართველს“, გადმოცემული რადიო „თავისუფლების“ ეთერით; განსაკუთრებით ერთი ადგილი დამამახსოვრდა: „ქართველი ხდება ‘თავნება’, როცა იგი ვერ ჰპოულობს სხვაში გამოხმაურს: ასხივოსნებას. იგი ხდება ურჩი და უდრეკი. მას ვერც მოხრი და ვერც გასტეხ. ხოლო საკმარისია ‘შეასახელო’ იგი, რომ ეს ურჩი და უდრეკი მყისვე მოდრკეს და იქცეს თვინიერ. ეტყვი მას მზიური გულგადაშლით: ‘შენს მეტი ამას აბა ვინ შეასრულებს!’: და იგი, წაქეზებით ახალისებული, თავს გასწირავს, ოღონდ კი შეასრულოს დაკისრებული. აქ იმალება ‘შესახელება’. სადაა ‘სახელი’ თუ შესრულებული ბრძანების შედეგია? ბრძანებით საქართველოში ვერაფერს მიაღწევ – ხოლო შესახელებით ყველაფერს. ეს უნდა იცოდეს წინასწარ ყოველმა მმართველმა ქართველი ხალხისა.“

საქართველოს რომელიმე ხელისუფალს რომ გაეთვალისწინებინა ეს სიტყვები, იქნებ ბევრად ნაკლები უბედურება მომხდარიყო და ქვეყანაც დღეს უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო. ვინ იცის...

დღეს, ამერიკის იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელების თხოვნით, ჩემივე კოლეგების – ადვოკატების წინაშე უნდა წავიკითხო ლექცია სისხლის სამართლის პროცესის პრობლემურ საკითხებზე. საპასუხისმგებლო საქმეა. მივდივარ ამერიკის იურისტთა ასოციაციის ოფისში, ჭავჭავაძის გამზირზე. ვხვდები პროექტის კოორდინატორს, მამუკა მამაცაშვილს, და ადვოკატებს. მოხსენება, შემდეგ შეკითხვები, და საუბარი. ვგრძნობ კეთილგანწყობას კოლეგების მხრიდან. ბევრ მათგანს კარგად ვიცნობ სხვადასხვა პროცესებიდან. დიდ პატივს ვცემ მათ და ყველა იმ ადვოკატს, ვისაც, უკანასკნელ წლებში არსებული დიდი სირთულეების მიუხედავად, უკან არ დაუხევია და ყველაფერი გააკეთა თავისი დაცვის ქვეშ მყოფების დასაცავად და გადასარჩენად.

შემდეგ სახლში ვბრუნდები; საღამოს ოჯახთან ერთად ვატარებ.

დღეს სულთმოფენობაა. ყველას ვულოცავ.

თავისუფლების დღიურები - იოსებ ბარათაშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:14:12 0:00
გადმოწერა

1 ივნისი, ორშაბათი

შეხვედრა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში, მისი თავმჯდომარის, სოსო ცისკარიშვილის მიწვევით. შეხვედრას ესწრებიან ექსპერტები, აგრეთვე თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და პარლამენტის წევრი, ჩემი მეგობარი შალვა შავგულიძე.

საუბარი შეეხება ვითარებას თავდაცვის სამინისტროს ხუთი თანამშრომლის: ნუგზარ კაიშაურის, დავით წიფურიას, გიზო ღლონტის, გიორგი ლობჟანიძისა და არჩილ ალავიძის სისხლის სამართლის საქმეს დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით, ანუ „კაბელების საქმეს“, როგორც მას მედიის წარმომადგენლებმა უწოდეს. ამ საქმეს თავიდანვე მძიმე პოლიტიკური ფონი ახლდა. სამმა მინისტრმა თანამდებობა დატოვა; ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ არაერთხელ შეილახა ბრალდებულთა უდანაშაულობის პრეზუმფცია. როგორც მოსალოდნელი იყო, წინასწარი გამოძიება უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში წარიმართა; პირველი ერთი თვის განმავლობაში ბრალდების მხარე უარს გვეუბნებოდა მტკიცებულებათა ასლების გადმოცემაზე, რის გარეშეც შეუძლებელი იქნებოდა დაცვის განხორციელება. შემდეგ, როდესაც სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკული განცხადებების შედეგად, მტკიცებულებათა დიდ ნაწილს მოეხსნა გრიფი „საიდუმლო“ და ისინი ჩვენ გადმოგვეცა, პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სხვა სტრუქტურები, გამოგონილი მიზეზებით, ყველანაირად გვიშლიდნენ ხელს ბრალდებულთა სასარგებლო მტკიცებულებების მოპოვებაში, რაც კანონით დაუშვებელია. პროკურატურის მოთხოვნით, სასამართლოს მიერ ორჯერ გადაიდო წინასასამართლო სხდომა; ამის შემდეგ ზემოქმედება მოახდინეს ერთ-ერთ ექსპერტზე და უარი ათქმევინეს უკვე მომზადებული საექსპერტო დასკვნის ხელმოწერაზე. ცხადია, ყველაფერი ეს ერთ მიზანს ემსახურებოდა: გაეტეხათ ბრალდებულთა ნებისყოფა და დაერწმუნებინათ სასამართლო, რომ დაცვის მხარეს მტკიცებულებები არ გააჩნდა.

ბრალდებულთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ, მძიმე ვითარების მიუხედავად, მათ არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევიათ. ძალიან მადლობელი ვარ მათი, რომ გვენდნენ და გაიზიარეს ჩვენ მიერ შეთავაზებული მოქმედების გეგმა.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, რომელსაც ჩემთან ერთად წარმოადგენენ ადვოკატები ვახტანგ კვიჟინაძე, ლევან და გიორგი სამუშიები, უკანასკნელი შვიდი თვის განმავლობაში, უთანასწორო პირობებში, გავაკეთეთ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმი, რათა დაგვესაბუთებინა ბრალდების პოზიციის სიმცდარე და ბრალდებულთა უდანაშაულობა. ასევე კარგად იმუშავა ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან. შევძელით ჩაგვეტარებინა ექსპერტიზა, რომლითაც დადასტურდა, რომ ბრალდების მხარის მიერ გაფლანგული თანხის ოდენობის გამოთვლისას უხეში შეცდომები იქნა დაშვებული და სინამდვილეში კი არ გაიფლანგა, არამედ დაიზოგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი მილიონობით ლარი. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, არც ერთი ბრალდებული არ ყოფილა იმ თანხის მართლზომიერი მფლობელი ან გამგებელი, რომლის გაფლანგვასაც პროკურატურა ედავება მათ და არც ერთ ბრალდებულს არ ჰქონია ანგარებითი მიზანი, რასაც არც ბრალდების მხარე უარყოფს; ყოველივე ამის გარეშე, ნებისმიერი იურისტი დამეთანხმება, გაფლანგვა თეორიულადაც კი არ შეიძლება არსებობდეს.

1 აპრილს დაიწყო წინასასამართლო სხდომა, რომელიც უკვე ორ თვეზე მეტია, გრძელდება. ამის მიზეზი ის არის, რომ ბრალდების მხარის მთელი რიგი მტკიცებულებები, მათ შორის მათ მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა, კანონის დარღვევით არის მოპოვებული და ამ მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში ეს საქმე, წესით,უნდა შეწყდეს. დაიწყო ბრალდებულთა პატიმრობის მერვე თვე. წინასასამართლო სხდომის ამდენი ხნით გაგრძელება, ვფიქრობ, რეკორდია, თანაც არა მხოლოდ ქართულ მართლმსაჯულებაში. მომდევნო სხდომა 5 ივნისისთვის არის დანიშნული.

ამ საკითხებზე გვქონდა საუბარი ექსპერტთა კლუბში მე და ჩემს კოლეგებს. შევეცადეთ, მოკლედ ჩამოგვეყალიბებინა პროცესზე შექმნილი ვითარება; შემდეგ პასუხი გავეცით ექსპერტთა შეკითხვებს.

2 ივნისი, სამშაბათი

დილით წავიკითხეგამოჩენილი რუსი ფილოლოგისა და კულტუროლოგის სერგეი ავერინცევის წერილი „ტოტალიტარიზმი: ყალბი პასუხი რეალურ შეკითხვებზე“, სადაც ავტორი წერს, რომ „ტოტალიტარული წარსულის დაძლევა თეორიულად ყველა იმ ხალხის წინაშე დგას, რომელსაც ეს გამოუვლია, თუმცა, სინამდვილეში, როგორც ვხედავთ, ტოტალიტარიზმის დაძლევას ძალზე ცოტა ვინმე თუ ცდილობს.“ სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებასაც საკმაოდ უჭირს ტოტალიტარულ წარსულთან დამშვიდობება. არც არის გასაკვირი. ყოფილი ათეისტები, ერთ დღეში, ღვთისმეტყველებად მოგვევლინენ, ყოფილი ჯალათები − ადამიანის უფლებათა დამცველებად. ამას, როგორც წესი, მოსდევს ძალიან მძიმე შედეგი: ცრუ ფასეულობების დამკვიდრება, მოსახლეობაში ნიჰილიზმის ზრდა და ყველაფერზე ხელის ჩაქნევა, რაც დიდ საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნისათვის.

შემდეგ მივდივარ სასამართლო პროცესზე. განიხილება ერთ-ერთი სამოქალაქო საქმე. ვაყენებ შუამდგომლობას. მოსამართლე არ აკმაყოფილებს. პროცესი გადაიდო ერთი თვით.

საღამოს ოფისში გამომიარა ჩემმა მეგობარმა, მამუკა წერეთელმა. მივდივართ კაფეში და ვლაპარაკობთ ფეხბურთზე, პოლიტიკაზე და ათას სხვა რამეზე.

3 ივნისი, ოთხშაბათი

დილით შვეიცარიის საკონსულოში მივდივარ ვიზის მისაღებად. ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მომიწევს გამგზავრება. რამდენიმე საათის განმავლობაში რიგში დგომის შემდეგ, როგორც იქნა, ვაბარებ საბუთებს. მანქანაში რადიომიმღებით ვუსმენ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამს იმის შესახებ, რომ ქართველმა მოსამართლეებმა არ გაამართლეს, ამიტომ თურმე მათი დათხოვნა და მათ ნაცვლად უცხოელი მოსამართლეების მოწვევაა საჭირო, რათა მართლმსაჯულება სწორად განხორციელდეს. ამ სიტყვების მოსმენისას მწარედ მეღიმება. თვითონ ბ-ნი სააკაშვილი არ იყო ის ადამიანი, რომელმაც ყველანაირად ჩაახშო მოსამართლეთა დამოუკიდებლობა თავისი მმართველობის დროს და მართლმსაჯულება წმინდა ფორმალობად გადააქცია? მახსენდება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სულხან მოლაშვილის სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს, ბ-ნმა სააკაშვილმა ტელევიზიით განაცხადა, რომ პირადად ის პატიმრობიდან არ გაათავისუფლებდა ბრალდებულს. ამ განცხადებას მოჰყვამოლაშვილის მიმართ არაადამიანური მოპყრობის განხორციელება და უსამართლო განაჩენის გამოტანა. ჯერ კიდევ 2011 წელს, წინა ხელისუფლების დროს, საქართველოს მთავრობა იძულებული გახდაევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს წინაშე ეღიარებინა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ უდანაშაულობის პრეზუმფციის შელახვის, მოლაშვილის მიმართ განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის ფაქტები. გავიხსენო სხვა მსგავსი უსამართლობები? ვფიქრობ, არ არის საჭირო, საზოგადოებას ისინი ისედაც კარგად ახსოვს. უსამართლო და შერჩევითი მართლმსაჯულება იყო ის, რამაც მოსახლეობაში დაამკვიდრა უსამართლობის საყოველთაო განცდა. ამიტომ, პავლე მოციქულის სიტყვებით მინდა მივმართო მიხეილ სააკაშვილს: „კი მაგრამ, სხვებს რომ ასწავლი, რად არ ასწავლი შენსავე თავს? ქადაგებ: არა იპაროო, და იპარავ? ამბობ: არ იმრუშოო, და მრუშობ? კერპები გძაგს და მკრეხელობ? რჯულს იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ? ვინაიდან, როგორც წერია, თქვენ გამო იგმობა ღვთის სახელი წარმართთა შორის.“

4 ივნისი, ხუთშაბათი

ეს დილა, როგორც ყოველთვის, მრავალი სატელეფონო ზარით იწყება. მირეკავენ ნაცნობი და უცნობი ადამიანები. ზოგ მათგანს შეხვედრა სურს, ზოგს − იურიდიული კონსულტაცია. შემდეგ მივდივარ ჩვენს საადვოკატო ოფისში, სადაც ყოველთვის მიხარია მისვლა, რადგან აქ ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ: გივი, ვახტანგი, მარიკა, შორენა, ლევანი, გოგა, ნოდარი, ლალი და ბატონი დავითი. დღეს ლალის დაბადების დღეა, ჩვენი ოფისის მენეჯერის, ძალიან კეთილსინდისიერი და ნიჭიერი ადამიანის. ყველანი ვულოცავთ. შემდეგ − პატარა სუფრა დაბადების დღის აღსანიშნავად.

მოგვიანებით კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელთა სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ხვალინდელი პროცესისათვის ვემზადები.

5 ივნისი, პარასკევი

დღის 11 საათი. გრძელდება წინასასამართლო სხდომა „კაბელების საქმეზე“. სასამართლო სხდომაზე მოსამართლე დავით ჯუღელი თითქმის ოთხი საათის განმავლობაში კითხულობს განჩინებას, ბრალდებისა და დაცვის მხარის მტკიცებულებათა მთავარ სასამართლო სხდომაზე დასაშვებობის შესახებ. განჩინებაში, დეტალურად, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მრავალრიცხოვან პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით, განხილულია როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის პოზიცია. შეიძლება, არ ვეთანხმებოდე მოსამართლის ზოგიერთ მოსაზრებას, მაგრამ არ შეიძლება არ ითქვას, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე, საქართველოს სასამართლოებში, ასეთი დასაბუთებული განჩინება დიდი ხანია არ მინახავს. მოსამართლე აკმაყოფილებს დაცვის მხარის შუამდგომლობის იმ ნაწილს, რომლითაც ვითხოვდით ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული სასაქონლო და საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. ამავე დროს, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობის შესახებ. ეს გარემოება, ცხადია, მნიშვნელოვნად აძლიერებს დაცვის პოზიციას. შემდეგ, სასამართლო სხდომა გახსნილად ცხადდება და დარბაზში შემოდიან ბრალდებულთა ოჯახების წევრები, ახლობლები, პოლიტიკოსები. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ აუცილებლად გაასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში, ხოლო მე ვამბობ, რომ დაცვის მხარე სასამართლოს განჩინებას არ გაასაჩივრებს. წინასასამართლო სხდომა გადაიდო იმ დრომდე, ვიდრე სააპელაციო სასამართლო არ განიხილავს ბრალდების მხარის საჩივარს და საქმე კვლავ არ დაბრუნდება თბილისის საქალაქო სასამართლოში. სასამართლოდან გარეთ გამოსვლის შემდეგ ინტერვიუს ვაძლევ სხვადასხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებს და ვესაუბრები ბრალდებულთა ახლობლებს.

საღამოს კიდევ ერთხელ ვაანალიზებ დღევანდელ სასამართლო პროცესს და ვფიქრობ, მართალია, ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს ქართულ მართლმსაჯულებას გასავლელი, ვიდრე ევროპულ სტანდარტებს მიაღწევდეს, მაგრამ უსამართლობა იქნებოდა, არ გვეთქვა, რომ სამი-ოთხი წლის წინათ, განსაკუთრებით პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე, საერთოდ წარმოუდგენელი იყო იმგვარი დასაბუთებული გადაწყვეტილების არსებობა, როგორიც დღეს გამოაცხადა მოსამართლემ. ეს ქმნის საფუძველს გარკვეული ოპტიმიზმისათვის, თუმცა ყველაფერ ამას სჭირდება გაძლიერება და დიდი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან.

6 ივნისი, შაბათი

დღეს შაბათია. ვასრულებ დღიურების წერას რადიო თავისუფლებისათვის. შეიძლება უფრო მეტის თქმა მინდოდა, მაგრამ არა უშავს. ვფიქრობ, მაინც გამოვხატე რის თქმაც მსურდა; კერძოდ კი ის, რომ ჩემი პატივისცემა და სიმპათია ეკუთვნით წესიერ ადამიანებს, მით უმეტეს, თუ ისინი გაჭირვებაში არიან ჩავარდნილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG