Accessibility links

logo-print

1 მაისი, კვირა

დილით ბავშვობისდროინდელმა შეგრძნებამ გამაღვიძა: რომ ჩემი საყვარელი დღესასწაული გათენდა, ვანილის სუნი მიღიტინებს, აი, ახლა თვალს გავახელ და ატყდება კვერცხების ჩაჭახუნებები, დღეს არავის არსად ეჩქარება, უამრავი სტუმარი მოვა, ავდგები, პასკის სქელ ნაჭერს მოვიჭრი, ყავას ნელა დავლევ... თვალს ვახელ და − მსგავსი არაფერი! მარის ვაღვიძებ, ქაფქაფა ყავას ვსვამთ და სამსახურში გავრბივართ.

დღიური არასდროს დამიწერია, ამიტომ ცოტა ვნერვიულობ. არა, ვიტყუები, ვწერდი. 16 წლის ასაკში ინგლისში სასწავლებლად წავედი. სულ მარტო აღმოვჩნდი უცხო ქვეყანაში. სხვა ქართველი ბიჭები, გიორგი და გიორგი, ორი კვირის შემდეგ გავიცანი. თავს ცუდად ვგრძნობდი და დღიურის წერა დავიწყე. მეცინება, რომ მახსენდება.

დღეს ბათუმში, სახლში უნდა წავსულიყავით, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. 26 მაისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იწყება, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ განსაკუთრებულ, ყაზარმულ რეჟიმზე ვართ გადასულები. უამრავი ახალი წიგნია მოსასწრები, ღონისძიებები − დასაგეგმი.

ბოლო სამი თვეა, ფაქტობრივად, ორ ქალაქში ერთდროულად ვცხოვრობთ, რაც ძალიან, ძალიან რთულია. თბილის-ბათუმის გზას ზოგჯერ კვირაში ორჯერ ვფარავთ. ამჯერად ლეაც თბილისში გვყავს − ერთკვირიანი განშორებები მართლა აუტანელია, ამიტომ წამოვიყვანეთ. შეიძლება, მთელი დღე ვერ ვნახოთ, მაგრამ ისიც დიდი ამბავია, ღამე საბნიდან გამოყოფილ ფეხზე რომ ვკოცნი. სულ არაფერს ჯობია.

მეც და მარიც უხასიათოდ ვართ. ორივეს საყვარელი დღესასწაულია აღდგომა, განწყობას ვერაფრით ვიქმნით. მთელ ქვეყანაში მხოლოდ ჩვენ ვმუშაობთ. დილითაც ისე გამოვცვივდით, ლეას კვერცხი ვერ ჩავუჭახუნეთ. დედაჩემს ბათუმში ლეასთვის ფერადი კვერცხები შეუღებავს, ბატკნის ფორმის პასკა გამოუცხვია და გზას გამოსცქერის. იმედს სასტიკად ვუცრუებთ და ვერ ჩავდივართ.

მარი „მარსის ქრონიკის“ რედაქტორია. ძველი გამოცემა, რა თქმა უნდა, წაკითხული მაქვს, მაგრამ საბჭოთა ცენზურას რაღაც მოთხრობები ამოუღია. ჩვენ ამ მოთხრობებს ვავსებთ. დათო ბალიაშვილი და აკაკი მოსახლიშვილი თარგმნიან − ბრედბერის უკვე გამოცდილი მთარგმნელები, ჩვენი უახლოესი მეგობრები. ეს მათთვის ბრედბერის მესამე წიგნია. ძალიან ვამაყობ მათით. მარი მთხოვს, ერთ-ერთი მოთხრობა, „მესია“, წავიკითხო. ვკითხულობ და ვშტერდები. ახალგაზრდა მღვდლის ისტორიაა მარსზე, მღვდლისა, რომელიც მთელი ცხოვრებაა ქრისტეს ეძებს და მარსზე ძალიან უცნაურად იპოვის. აღდგომის ღამეს. უსაშველოდ ლამაზი, სევდიანი და დიდი, ძალიან დიდი მოთხრობაა, ჩვენთვის კი − სააღდგომო სასწაული. „მესიამ“ ნამდვილი აღდგომა მოგვიტანა.

2 მაისი, ორშაბათი

წუხანდელი ღამე მარიმ მუშაობაში გაათენა, მე მეტი მეძინა, ამიტომ ლეას აყენებაზე ჩემი რიგია. ვდგებით. მთხოვს, კარტოფილი შევუწვა. სანამ კარტოფილის თლას ვიწყებ, დედამისის კოსმეტიკის ჩანთა მოაქვს, მეც მღებავს და თვითონაც იღებება. სარკეში ვიყურებით, ბედნიერია, ცხვირს ჭმუხნის და კმაყოფილი ქშუტუნებს. ამ დროს ძალიან ემსგავსება გახარებულ კრაზანას. რასაკვირველია, არასდროს მინახავს, როგორია გახარებული კრაზანა, მაგრამ ნახვა არც მინდა, ზუსტად ვიცი, ისეთი იქნება, როგორიც ლეაა ამ მომენტში. მარიმ დიდად არ იცის გადარევა სახლის არევაზე და საღებავებში ბავშვის ამოთხუპნაზე, ამიტომ მე და ლეა მშვიდად ვაგრძელებთ ყველაფრის რბევას − მარის გაღვიძებამდე დალაგებასაც მოვასწრებ.

ზოგჯერ მრცხვენია, რომ ჩემი ყოველდღიური სალაპარაკო ორ თემამდე დავიდა: ლეა და „წიგნები ბათუმში“. წიგნები კიდევ ხო, მაგრამ ბავშვით ვცდილობ, გარშემო მყოფებს თავი არ მოვაბეზრო, თუმცა ვერ ვახერხებ. რა ვქნა, როგორც ყველა მამას, მეც მგონია, რომ ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი შვილი მყავს. თან თავს ვირწმუნებ, რომ, სხვა მამებისგან განსხვავებით, მე ობიექტურად ვაფასებ: განა სიყვარული მაბრმავებს, მართლა ეგეთია-მეთქი. ზოგჯერ, შუა საუბარში რომ დავიწყებ ხოლმე, „ლეა ასე, ლეა ისე“, მერე ცოტა მერიდება თანამოსაუბრის, მაგრამ რა ვქნა. იქაც კი, სადაც ლეა არაა, მაინც სულ ლეაა და ამას ვერც ვერაფერს ვუხერხებ და დიდად არც მინდა, მოვუხერხო.

ამასობაში მარის მაღვიძარაც რეკავს, ლეას კოსმეტიკისა და ფქვილისგან ვასუფთავებთ და ბებიასთან შესახვედრად მიგვყავს, ჩვენ კი სამსახურში გავრბივართ. მე კასანდრა კლერის „დაცემული ანგელოზების ქალაქზე“ ვმუშაობ. ცოტა ხნის წინ წიგნის ყდა გამოვაქვეყნეთ და ნაწარმოების ფანი ტინეიჯერების წერილები ჩემს ინბოქსში კიდევ არ წყდება. ყველა მკითხველი მიყვარს, მაგრამ ჩემი ფავორიტები ტინეიჯერები არიან − ძალიან თამამად, ძალიან ხმამაღლა გამოხატავენ ემოციებს, სიხარულს, მოწონებას, აღფრთოვანებას. ძალიან მკვახე და პირდაპირი შენიშვნებიც იციან, ეგრევე მაჯახებენ, თუ რამე არ მოსწონთ. თავიდან საშინლად მწყინს, − ზოგადად, ყველა წიგნზე მწყინს, მკითხველისთვის ძნელია იმის აღქმა, რომ თითოეულ წიგნში უამრავი ადამიანის სისხლი, ოფლი და მსხვერპლია − მაგრამ მერე რომ ვუფიქრდები, ისეთი ჭკვიანური შენიშვნები აქვთ... ძალიან საინტერესო ბავშვები არიან, განათლებულები და თავისუფლები, აზრის გამოხატვაში ხელს არ უშლით უაზრო ფორმალობები და ცერემონიები.

ხათუნას, რედაქტორს, ვირტუალურად ვეკონტაქტები. იშვიათად მინახავს ხათუნასნაირი ორგანიზებული, მოწესრიგებული, ჭკვიანი, მუყაითი ადამიანი. მისგან ბევრ რამეს ვსწავლობ.

ღამეა, ჩვენ კი ისევ ისე ვსხედვართ. მარი დოვლატოვის „უცხოელ ქალზე“ მუშაობს. ეს წიგნი ფესტივალზე გამოვა ახალ სერიაში „უკვდავი ბიბლიოთეკა“. ეს სერია ცოტა მაშინებს. პრეტენზია აქვს, რომ უთარგმნელი დიდი წიგნები შევა, მე-19, მე-20, 21-ე საუკუნეები. ძალიან დიდ რამეს ვეჭიდებით, უმაღლეს და მიუვალ მწვერვალებს ვეპოტინებით. ვცდილობ, მასშტაბებზე არ ვიფიქრო და ძალიან არ ჩავუღრმავდე, თორემ უკან დავიხევთ, ამის უფლება კი არ გვაქვს.

მარის ვუყურებ მუშაობის პროცესში. თვალების ქვეშ თითქმის იასამნისფერი წრეები აქვს. ძალიან მეცოდება. საკმაოდ პატარაა და უზარმაზარი პასუხისმგებლობა აქვს წამოკიდებული, მთელი ცხოვრების სამყოფი. ჩვენი წამოწყების გამო ყველაფერზე უარი აქვს ნათქვამი, რაც მანამდე ძალიან უყვარდა. რამდენი ხანია, მეგობრებს არ შეხვედრია. გიჟივით მუშაობს, ათი კაცის საქმეს აკეთებს. მაგარი გოგოა, ყველაზე მაგარი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ. მინდა, რამე გამამხნევებელი ვუთხრა. უცებ ხარხარს იწყებს: „ვაიმეეეე, გიჟია ეს კაცი, მართლა ვერაა!“ კივის. დოვლატოვზე ამბობს. აღარაფერს ვეუბნები, უბრალოდ, სიცილში ვყვები.

3 მაისი, სამშაბათი

ბათუმში კვირას უნდა ვყოფილიყავით, ჩვენ კი ისევ თბილისში ვართ. გადაცემა „ბიბლიოთეკა“ გვაქვს ჩასაწერი, უკვე ბევრჯერ გადავდეთ ჩაწერა. ძალიან მრცხვენია, მაგრამ თავს ზევით ძალა არ არის. დაძაბულობა პიკს აღწევს. მთელი ღამე გავათენეთ. უზარმაზარი წიგნები მზადდება, მოცულობითაც და მნიშვნელობითაც. არანორმალურ სიამაყეს ვგრძნობ.

დღეს თათბირია, თანამშრომლები ისევ სამუშაო რეჟიმს უბრუნდებიან. ძალიან მიყვარს ეს ე.წ. „თათბირები“. კარგი გუნდი ვართ − ჭკვიანი, ენერგიული და ახალგაზრდული. მიხარია, რომ ყველა მოტივირებულია და თითოეული გიჟდება იმაზე, რასაც აკეთებს.

პირველი, რა თქმა უნდა, ნინია იჭრება ქარიშხალივით, გვაფხიზლებს, შემოგვიძახებს. მთელი გეგმები უკვე გაწერილი აქვს. დანარჩენებიც გროვდებიან. დიმიტრი გლუხოვსკის ვიზიტია დასაგეგმი − წიგნის ფესტივალზე ჩამოდის. მკითხველიან-გამომცემლებიანად გიჟებივით ველოდებით. ნინია ყოჩაღად ანაწილებს ფუნქციებს, ვინ რა უნდა გააკეთოს ვიზიტისთვის. ბოლო დეტალებს ვათანხმებთ. ფორვე, როგორც ყოველთვის, მშვიდად ამბობს ძალიან ყურადსაღებ რჩევებს. ნინო მეილს წერს გლუხოვსკის. არ პასუხობს. პირად ფეისბუკზე ვწერ და მაშინვე მომდის პასუხი − როგორც ყოველთვის, სახუმარო, არაოფიციალური. ტიპი მილიონობით წიგნს ყიდის მთელ მსოფლიოში, უზარმაზარი მასშტაბის საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და გადაგზავნილ გრაფიკზე პასუხად მწერს, ყველაფერზე თანახმა ვარ, რაც გინდათ, ის მიყავით, ოღონდ აეროპორტიდანვე წამიყვანეთ მაგარ ხაჭაპურზე და მერე ყველაფერზე თანახმა ვარო. ჩემი საყვარელი მწერალი. ბესტსელერის ავტორი. ცოცხალი ლეგენდა. უამრავი მკითხველის ოცნება. აეროპორტიდანვე მიმყავს ხაჭაპურზე. ოკეი. გიჟური ცხოვრება მაქვს.

თათბირი, რა თქმა უნდა, „ღლიცინებით“ მთავრდება. იქ, სადაც ია ვეკუა მუშაობს, თავისი ბრწყინვალე იუმორით, ღლიცინისთვის თავის არიდება შეუძლებელია. ვგიჟდები მასთან ერთად მუშაობაზე!

ფუნქციები ყველას განაწილებული აქვს, ყველა მზადაა, ერთმანეთს დაეხმაროს, თავი არ დაზოგოს, ფესტივალამდე გიჟურ რეჟიმში იმუშაოს. მადლიერებას ვგრძნობ.

4 მაისი, ოთხშაბათი

დღეს დიდი დღე გვაქვს: ნატამ „ქარის სახელისა“ და „დიუნის“ ყდები უნდა გამოაგზავნოს. მთარგმნელებმა და რედაქტორებმა ბრწყინვალე ნამუშევრები დადეს, ჩემნაირი კირკიტაც რომ ვერ უპოვის ნაკლს, ისეთი. რომ ვკითხულობ, მეტირება. ორივე წიგნი მუსიკაა, უდიდესი, მძლავრი, დამანგრეველი და სიმსუბუქის მომნიჭებელი, ძნელიც და ადვილიც. შედევრები. ახლა ნატას ჯერია, მან უნდა გაგვაოცოს. ვიცი, ასეც იქნება.

დღეს შეხვედრების დღეა: გამომცემლობაში რამდენიმე ქართველ მწერალს ვხვდებით. მგონი, ძალიან საინტერესო ამბები უნდა დავატრიალოთ, ვნახოთ.

თსუ-სა და ჩვენი ერთობლივი პროექტის, „პლანეტა რიდმორის“ ტესტირების დღეა. ათი კვირის განმავლობაში სტუდენტები წერენ ტესტებს ჩვენს წიგნებზე, თითო კვირას − თითოზე. ისევ დიდი აქტიურობაა, მაღალი დასწრება. ძალიან მაღიზიანებს, რომ ამბობენ ხოლმე, ახალგაზრდობა არ კითხულობსო. ახალგაზრდობა ახლა ბევრად მეტს კითხულობს, ვიდრე ამ ქვეყანაში რომელიმე თაობას წაუკითხავს. ასეთი ნაკითხი თაობა არასდროს გვყოლია და სულაც არ მეშინია ამ სიტყვების. ჰაერზე ლაპარაკი ადვილია, აი, ჩემი დასკვნა კი ჰაერიდან არ მოსულა.

საღამოს მე და მარი ვფიქრობთ, სავახშმოდ გავიდეთ სადმე. ცოტა განტვირთვა არ გვაწყენს. ასეთ დატვირთულ დღეებში, როცა დაძაბულობა პიკს აღწევს, რთულია, ემოციები ოჯახის წევრზე არ გადმოაფრქვიო. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და დიდი ცდუნება გვაქვს ხოლმე, ერთმანეთზე გადავიტანოთ სამსახურის პრობლემები. ამის კონტროლი ძნელია. როცა მთელი კვირის უძილო, გიჟურ მარათონში ხარ ჩაბმული, ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი შეიძლება პირად საბოტაჟად მოგეჩვენოს. საერთოდ, ამბობენ, წყვილის ერთად მუშაობა ძნელიაო. კი ბატონო, ძნელია, მაგრამ ისეთი საინტერესო, რომ სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. საერთოდ, მგონია, რომ ჯობია, აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს და სხვა წყვილებთან შედარებით მეტი საკამათო, ვიდრე რუტინამ შეგვჭამოს და თავის კბილანებში ნელ-ნელა ჩაგვითრიოს. ახლა ეს არ გვემუქრება. გიჟებივით, ზებგერითი სიჩქარით დავქრივართ და ყოველდღე უმძაფრეს შთაბეჭდილებებს ვიღებთ.

ლეას დაძინებამდე ვამთავრებთ სამუშაოს, ამიტომ სადმე გასვლაზე უარს ვამბობთ და სახლში გავრბივართ, რომ მივუსწროთ.

5 მაისი, ხუთშაბათი

ნელ-ნელა წიგნების ყდებს ვაქვეყნებთ. მკითხველის სიხარული მართლა ყველანაირი დაღლილობისა და მღელვარების წამალია. ძალიან კარგი გამოხმაურებები გვაქვს. ყველა აჟიტირებული ვართ. ბედნიერების საიდუმლო ამოვხსენი − რაღაცაში სულს და გულს რომ დებ და გიფასდება.

ჯოჯო მოიესის „მე შენამდეს“ კითხვა დავასრულე. ამხელა კაცმა პირდაპირ სამსახურში მოვრთე ღრიალი. მაგრამ მერე რა, არ მრცხვენია, რომ ის კაცი ვარ, რომელიც წიგნებზე ხმით ტირის ხოლმე. მკითხველი თუ ხარ, ამისთვის თავის არიდება შეუძლებელია. ისე გამოდის, რომ თავს ვიმართლებ, არადა არ არის ეგრე, არ ვთვლი, რომ ცრემლები „კაცის საქმე არაა“. და არ ვთვლი, რომ კაცის და ქალის საქმე არსებობს.

დღეს ბათუმში მივდივართ. სოსოს უნდა წავეყვანეთ ჩემი მანქანით, რომ მე გზაში მემუშავა, მაგრამ ჩემი მიზეზით ვერ მოხერხდა, განრიგში ავცდით. გული მწყდება. ვდარდობ, რომ მთელი 6 საათი ვერ ვიმუშავებ, მაგრამ უფრო მეტად ის მწყვეტს გულს, რომ ძალიან მენატრება სოსოსთან საუბარი და მეგონა, გზაში მაინც მოვახერხებდი.

ლეა მთელი გზა მღერის. მარი „ილაპარაკეს“ არედაქტირებს. მე ლეას ჩემს დანჯღრეულ, ჟანგმოდებულ ხმას ვაყოლებ და ბედნიერი ვარ.

ღამე „ბიბლიოთეკას“ ვწერთ. ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავს. ლეას ბათუმში ვტოვებთ, ჩვენ კი ამაღამვე თბილისში უნდა დავბრუნდეთ. ტოტოს, სულხანის და ბაციკაძის ნახვა მინდა, მაგრამ ვერ ვასწრებ. საშინლად მენატრებიან. საერთოდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რაც გამომცემლობა დაარსდა, ვეღარავის ვეკონტაქტებით ადამიანურად. მართლა უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოითხოვა ამ ყველაფერმა, მაგრამ ეს გამომცემლობა იმხელა სიყვარული, იმხელა გატაცება და ვნებაა, რომ არაფერზე ვწუწუნებთ.

ჩაწერა გვიან მთავრდება, ამიტომ ღამე ვეღარ მოვდივართ.

6 მაისი, პარასკევი

დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. მე და მარის ღამით არ დაგვიძინია, ამიტომ დედა იღვიძებს თუ არა, მისალოცი შეძახილებით ვაცხრებით თავზე. ბევრ რამეს დავთმობდი, ოღონდ დარჩენა და მისი დღესასწაულის გაზიარება შემეძლოს, მაგრამ მკითხველს ვერ დააღალატებ. როცა არაფრიდან აღმოცენებულ, ჯერ კიდევ ჩვილ გამომცემლობას მკითხველი ამხელა ნდობას გიცხადებს, უფლება არ გაქვს, იმედი გაუცრუო.

წამოსვლამდე მალხაზს ვხვდები, კორექტურას ვაძლევ, რომ დაკაბადონებულ ვერსიაში შესწორებები შეიტანოს. მალხაზის მხრებზე გადადის ყველა წიგნი. მალხაზი რომ არ გვყავდეს, არც კი ვიცი, რა გვეშველებოდა.

ცოტა ხანს ჩვენს მაღაზიაში ვართ. ძალიან მაკლია კონსულტანტობა. მომენატრა წიგნების რჩევა. ამ ზაფხულს დანაკლისს ავინაზღაურებ − მაღაზიიდან ფეხს არ მოვიცვლი, ქვეყანაც რომ დაიქცეს.

მოვდივართ. მარი ამჯერად „ემაზე“ მუშაობს. ხვალ დილით ყველა წიგნი საბოლოოდ დასრულდება. ხვალ საკუთარ თავებს დავუბრუნდებით. ხვალ „ჯეოპარდის“ სათამაშოდ წავალთ. მარი შოპინგს გეგმავს: კომპენსაცია მჭირდებაო, განაცხადა. ხვალ სადმე ვივახშმებთ. ხვალ დავიძინებთ. კვირასაც. მერე კი ახალი დღე მოვა და მივხვდებით, რომ ორი დღე დასვენება უკვე მეტისმეტი ფუფუნებაა, რომ სასწრაფოდ მეილები უნდა წავიკითხოთ, შეხვედრები დავგეგმოთ, საფესტივალო საჩუქრები მოვიფიქროთ, თათბირი მოვაწყოთ, შეხვედრები დავნიშნოთ, გლუხოვსკის ვიზიტისთვის საბოლოოდ ყველაფერი მოვამზადოთ, რომ უკვე ახალი თარგმანები მოვიდა, რომ წარმოუდგენლად ბევრი საქმეა, არა, ნამდვილი საგიჟეთია!

და ცოტა რამაა ამაზე მშვენიერი...

7 მაისი, შაბათი

დასვენება, რა თქმა უნდა, არ გამოვიდა. ბათუმში „ზღაპრის საათის“ დღეა. ეს ერთგვარი ტრადიციაა: შაბათობით, საღამოს, ბავშვებს წიგნებს ვუკითხავთ. გამომცემლობამდე ამას მარი აკეთებდა, ახლა კი ეს ფუნქცია თამთამ და ქეთიმ გადაიბარეს, რომლებიც შესანიშნავი მეზღაპრეები აღმოჩნდნენ.

დილას ზღაპარზე შეთანხმებით ვიწყებთ. გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ზღაპრები“ ავირჩიეთ. თუ ბავშვები არჩევანს დაგვიწუნებენ, სათადარიგო ვარიანტიც გვაქვს − „ერნესტი და სელესტინი“.

გამომცემლობაში ვიკრიბებით. საფესტივალოდ ორი დიდი კონკურსი გვაქვს. ერთი ქოსფლეიერების კონკურსია. 29 მაისს ფესტივალზე ჩვენი გამოცემული წიგნების მიხედვით კოსტიუმირებული ადამიანები უნდა მოვიდნენ. მეორე კონკურსი ძალიან მრავალფეროვანია, ოთხი ნომინაციით: წერილი ავტორს, წერილი პერსონაჟს, ალტერნატიული დასასრული და ალტერნატიული ყდები. ძალიან საინტერესო ნამუშევრებს ვიღებთ! ყველაფრის გაცნობას, დახარისხებას და ორგანიზებას კი ყველას მაქსიმალური ჩართულობა სჭირდება. მოკლედ, ერთ ამბავში ვართ: ვინაწილებთ ნომინაციებს, სალომე და ფორვე ნამუშევრებს ახარისხებენ.

ძალიან მინდა, ამ დღიურში გულახდილი ვიყო. ამიტომ არ დავმალავ, რომ მეშინია. სულ მაქვს შეგრძნება, რომ ძალიან ვრისკავ, ბევრი რამ მავიწყდება, რაღაც გამომრჩება... თუმცა, ამაზე საშიში, ალბათ, გაჩერებაა. უძრაობა. დინების მიმართულებით ცურვა, ცურვაც არა − უბრალოდ, დინებას მიყოლა. ეს ფიტავს და ახმობს. მე კი არ მინდა გამოფიტვა. ასეთია მარიც, გოგო, რომელსაც ერთ ღამეს დაესიზმრა რეი ბრედბერი, რომელმაც უსაყვედურა, რატომ არავინ გამოსცემს სამეცნიერო ფანტასტიკასო, რატომ გვჩაგრავთ ფანტასტებსო. ბრედბერიმ სიზმარში სთხოვა, იქნებ თქვენ მაინც მოკიდოთ ამ საქმეს ხელიო. მარიმ დილით გაიღვიძა და სიზმრის მოყოლისთანავე გადაწყდა, რომ გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, რომლის ჩანასახი არსებობდა, აუცილებლად ექნებოდა „ფანტასტიკური ბიბლიოთეკა“. მოკლედ, შეიძლება ძაან კეკლუცად ჟღერდეს, მაგრამ ჩვენ გულის კარნახს აყოლილი ხალხი ვართ და გულს ჩვენთვის ცუდი ჯერ არაფერი უკარნახია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG