Accessibility links

logo-print

15 მაისი, კვირა

ვიღვიძებ. დიდი ხანია, სურვილი მაქვს, დილით ადრე არ ავდგე. სადღაც, გონების სიღრმეში, გვიან ადგომა იწვევს სიმშვიდისა და სიწყნარის შეგრძნებას, მაგრამ ეს კარგა ხანია, გაქრა.

პირველი აზრი და ფიქრი, რომელიც მაწუხებს, არის ის, რაიმე ისეთი ხომ არ გამოვტოვე, რასაც ჩემი ყურადღება სჭირდებოდა. პირველ რიგში, ეს ჩემებს ეხებათ ოკეანის გაღმა.

ყველაფერი მშვიდად არის, რამდენიმე შეტყობინება მხვდება, მახარებს, და დილაც კარგად იწყება.

დღეს გორში ვიკრიბებით. ორ საათზე დიდი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, სადაც შიდა ქართლის ჩვენი მაჟორიტარი კანდიდატები უნდა წარვადგინოთ. მოვწესრიგდი და მე და ირაკლი გავემგზავრეთ. ბევრ რამეზე ვსაუბრობთ, თუმცა არჩევნების თემა ძირითადია. გზაში ირკვევა, რომ ჩვენი მხარდამჭერები უკვე შეიკრიბნენ. ყველას ძალიან ამაღლებული განწყობა აქვს. რამდენიმე წუთის ინტერვალით ყველანი ადგილზე ვართ.

ღონისძიება დაიწყო, დარბაზი სავსეა. ხალხი გასასვლელებშიც ჩამომსხდარა. თითქოს კარგ ადგილზე ვზივარ, მაგრამ ჟურნალისტებისა და კამერების სიუხვე სრულად ფარავს სცენას, ვერაფერს ვხედავ, მხოლოდ ხმა მესმის. ირაკლი გამოდის, ალასანია. ჩვენს პარტიაში ბევრი ირაკლია, თუმცა ბოლო ხანს თამარების რაოდენობამაც საგრძნობლად იმატა.

ირაკლის შემდგომ ნაცნობი ხმა ისმის, უჩვეულო ტემბრით, ეს ჩვენი შიოა. წამოვდექი და ვხედავ მას, უჩვეულოდ აღელვებული, ემოციური, მაგრამ სრულიად გულწრფელი გამოსვლა აქვს. ძალიან მომეწონა მისი გამოსვლა. როგორც ჩანს, სხვებსაც მოეწონათ, დარბაზში ტაშია. ღონისძიების ბოლოს სცენაზე ავიდა ხუთივე კანდიდატი: შიო, მურადი, სანდრო, გოგი და ვახო. მიხარია, რომ ასეთ კარგ ადამიანებთან ვმეგობრობ და საერთო მიზანი გვაქვს.

ღონისძიების შემდეგ გარეთ, პარკში ვსაუბრობთ. ამ დროს ყველას მოგვდის შეტყობინება, რომ „კაბელების საქმეზე“ სასამართლოს გადაწყვეტილება ორშაბათს, ათის ნახევარზე გამოცხადდება. არავის არ მოგვწონს დრო, ასეთ დროს, როგორ წესი, სასამართლოს სხდომა არ ინიშნება.

დავბრუნდით თბილისში. ვფიქრობ, რომ დღემ კარგად ჩაირა, მაგრამ ეგრევე წამომეწია ხვალინდელი სასამართლოს სხდომის ამბავი, არ არის კარგი ამბავი!!!

16 მაისი, ორშაბათი

ორშაბათი მძიმე დღეაო, იტყვიან, მაგრამ დღევანდელივით მძიმე ორშაბათი მე არ მახსოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვიკრიბებით. ეზო ცარიელია, ხომ ვამბობდი, ასეთ დროს სასამართლოს სხდომას არ ნიშნავენ-მეთქი. პატრულის ოფიცრებიც უჩვეულოდ ბევრნი არიან, შორიახლოს დაბურულ შუშებიან მანქანებსაც ვამჩნევ, არ მომწონს. უკვე ვიცი ვერდიქტი, არ მინდა დავიჯერო.

სასამართლოს შენობის წინ ჩვენები ნერვიულად ეწევიან სიგარეტს, ნაწილი შიგნითაა. მსჯავრდებულებს მივესალმე: ნუგზარი, დათო, გიზო, გიორგი და არჩილი. ამ „კაბელების საქმის“ პერიოდში მათ დავუმეგობრდი, საკუთარი თავი დავიჭირე, რომ ისინი ჩემთვის უკვე ახლობლებად იქცნენ.

პოლკოვნიკი ნუგზარ კაიშაური ჯერ კიდევ 1999 წლიდან მახსოვს. მე მაშინ თავდაცვის სამინისტროში დავიწყე მუშაობა, ის მაშინაც გენერალურ შტაბში მუშაობდა, პასუხისმგებელი იყო კავშირგაბმულობისთვის. კარგად მახსოვს მასთან მუშაობის გამოცდილება. ქართულ ჯარში არიან ოფიცრები, ვინც ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან ერთად ყველაფერი გამოიარა: ომები, გაჭირვება, აღჭურვილობის უქონლობა, რეფორმები და უკვე ბოლოს − ჩვენი პარტნიორების უმაღლესი შეფასებები. პოლკოვნიკი კაიშაური ერთ-ერთი მათგანია, ის ოფიცერია, რომელიც ემსახურება საქართველოს, ამ სიტყვებს ბევრი ვერ იტყვის ამაყად!

გიორგი ლობჟანიძის მეუღლეს ყველა ერთად ვგულშემატკივრობთ, წინასწარი პატიმრობიდან განთავისუფლებიდან რამდენიმე დღეში გიორგის ბიჭი გაუჩნდა. ყველასათვის დიდი სიხარული იყო ამ დაძაბულობის ფონზე.

რამდენიმე წუთიღა რჩება სასამართლოს დაწყებამდე. მანდატურებმა შეკრებილი ხალხი მოიწვიეს სასამართლოს დარბაზში. მოსამართლე გამოდის, რაღაცას ამბობს, ვერ ვისმენ, მაგრამ ვხდები, რომ უკვე გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას აპირებს. თავჩაღუნული კითხულობს განაჩენს, პირველად გიზო ღლონტზე ლაპარაკობს და დამნაშავედ სცნობს. შვიდი წელი მიუსაჯა... მორჩა, ვხდები, რომ ყველანი გასწირა. დარბაზში ხმაურია. დარბაზიდან გარბის მოსამართლე და მანდატურებს უბრძანებს, დარბაზიდან ყველა გააძევოს.

ოჯახის წევრების ტკივილი უსაზღვროა, ყველას ცრემლები მოაწყდა, ძალიან მძიმეა, უყურო ამ ყველაფერს, გაბრაზება და იმედგაცრუება მაწვება. დერეფნის ბოლოში ნინო ხმაღლა საუბრობს, ყველა კამერა მისკენ არის მიმართული, კამერების განათების ფონზე მხოლოდ მისი სილუეტი ჩანს.

თითოეული ჩვენგანისათვის ეს განსაკუთრებულად მძიმეა. მძიმეა, იცოდე, დარწმუნებით იცოდე, რომ ამ განაჩენის უკან მხოლოდ პოლიტიკური მოტივია და სხვა არაფერი...

ადვოკატები გამოვიდნენ, დაგვიდასტურეს, რომ ხუთივე დამნაშავედ სცნეს, ხუთივეს შვიდ-შვიდი წელი მიუსაჯეს.

მედია დაგვეხვია, ყველა კომენტარს ითხოვს. ვხდები, რომ ახლა შეჩერებისა და გვემის დრო არ არის, უნდა ვიმოქმედოთ. ყველანი ვიკრიბებით ოფისში, ემოციები გვჯაბნის, მაგრამ გეგმაზე ვმუშაობთ.

სამ საათზე სპეციალური ბრიფინგი ჩავატარეთ, დავგეგმეთ: სამშაბათს ვხვდებით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ოთხშაბათს − დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ხუთშაბათს ვატარებთ საინფორმაციო ღონისძიებებს, პარასკევს შევხდებით მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, შაბათს სოლიდარობის აქციას ვმართავთ პროკურატურის შენობასთან.

ექვს საათზე ტელევიზიაში მაქვს ჩართვა. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, არც მომიფიქრებია წინასწარ. მივხდი, რომ გადაცემის მსვლელობის დროს ემოციები ვერ მოვთოკე, მაგრამ იმასაც ვხდები, რომ დავარცხნილი შეშფოთების დრო არ არის. ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, ვგმობ იმას, რაც არ მომწონს, დიახ, ემოცია მაქვს იმიტომ, რომ მტკივა და პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს.

გვიან ღამე სახლში დავიწყე დოკუმენტის მომზადება საერთაშორისო პარტნიორებისათვის დასაგზავნად. ოფიციალური დოკუმენტია და ვხდები, რომ ემოციების გამოხატვას ვერ ვახერხებ, საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე ვსაუბრობ. ვცდილობ, მაქსიმალურად ზუსტად და კონკრეტულად გამოვხატო „კაბელების საქმის“ უსამართლობა. ეს ინფორმაცია ბევრ ადრესატს მიუვა, მინდა, რომ ზუსტი იყოს, დეტალური და დავანახვო ყველას, რომ წარმოუდგენელია, 21-ე საუკუნეში ადამიანი ციხეში ჩასვა ისეთი დანაშაულისათვის, რომელიც არ ჩაუდენია.

მახსენდება ხუთივე სასჯელმისჯილი, ვცდილობ წარმოვიდგინო, რა გრძნობა ეუფლება მათ, და რაოდენ მძიმეა ეს მათთვის. ვერა, ამ გრძნობის წარმოდგენა, ალბათ, შეუძლებელია. ერთს ვხდები: თუ ეს ასე გაგრძელდა, ამ უსამართლობისაგან არავინ იქნება დაცული. დაცული იმისგან, რომ საქართველოს სახელით ჩაგსვან ციხეში, უდანაშაულოდ.

ისევ ოფიცრები მახსენდებიან, რამდენჯერ წარმოუთქვამთ მათ ფრაზა: „ვემსახურები საქართველოს!“, და დღეს საქართველოს სახელით მოსამართლე ბუგიანიშვილმა ისინი ციხეში გაუშვა.

17 მაისი, სამშაბათი

დაღლილს გამეღვიძა. ვფიქრობ, რამდენ ვინმეს საერთოდ არ ეძინა... წარმოუდგენელია, თავისუფლება მოგისპოს ადამიანმა. მჯერა, რომ ადამიანის არსებობის მთავარი აზრი თავისუფლებაა, სხვას არაფერს აზრი არ აქვს, თუ ადამიანი თავისუფალი არ იქნება.

ოფისში მისვლამდე გუშინდელი გამოტოვებული ზარები გავიარე. საპასუხოდ ვუკავშირდები, ყველა თანაგრძნობასა და თანადგომას გამოხატავს, მოტივაციას მიმაღლებს, ვხდები, რომ სიმართლის მხარესაა ყველა.

12 საათიც მოვიდა. ძალიან საინტერესო და კარგი შეხვედრა იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. იყო კითხვებიც და რჩევებიც. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ხედავ ახალგაზრდა, განათლებულ და მოტივირებულ ადამიანებს, ვისთვისაც მიზანი სამართლიანობა და ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრებაა. ასეთი ადამიანები ნამდვილად გვაკლია პოლიტიკაში, როგორც გადაწყვეტილებების მიმღებები.

გუშინ საღამოს ნიუ-იორკში დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. ჩემი დიანა თავის განცდებს მიზიარებს. კმაყოფილია, კარგად ორგანიზებული, ლამაზი და ხალხმრავალი ღონისძიება იყოო. დიანა დაუზარელი, მონდომებული და მიზანდასახული ადამიანია, პროფესიაშიც იმავე თვისებებს ავლენს. პატრიოტი დიპლომატია.

წინა ცხოვრებაში მეც დიპლომატი ვიყავი. მიყვარდა და მომწონდა ჩემი პროფესია. ხშირ შემთხვევაში ბევრს გამარტივებული წარმოდგენა აქვს დიპლომატებზე. მაგრამ ერთი რამ ცხადია: რაც უნდა დეტალური და ზუსტი იყოს ცენტრის − დედაქალაქის − ინსტრუქცია, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული დიპლომატების პროფესიონალიზმსა და უნარ-ჩვევებზე.

საღამოს ეთერი დაიგეგმა „კაბელების საქმეზე“, ყველანი ერთად ვიყავით. საინტერესო გამოვიდა, ამ ფორმატში არასოდეს ვყოფილვარ, თავისებური გამოცდილება იყო. განსაკუთრებით დამაფიქრა გიორგი ლობჟანიძის მეუღლის სიტყვებმა. ემოციებით სავსე, მოკლე და დამაფიქრებელი გამოსვლა ჰქონდა. მეც დავფიქრდი, რა მინდა ჩემს შვილებს ჩემზე სათქმელად დავუტოვო.

გრძელი დღე გამოდგა...

18 მაისი, ოთხშაბათი

როდესაც ამას ვწერ, უკვე ხუთშაბათია. ვცდილობ, აღვიდგინო გუშინდელი დღე. პირველი ღირსშესანიშნავი, რაც მახსენდება: გუშინ აღმოვაჩინე, რომ ბავშვებთან უკვე რამდენიმე დღეა, არ მისაუბრია და მათ დავურეკე.

ქეთუნა მოკრძალებულად მესაუბრებოდა სასწავლო წლის ბოლოს მოსალოდნელ ნიშნებზე, თუმცა იმედიანად იყო. ძალიან ენატრება საქართველო და ზაფხულის მოლოდინშია. მარიამი ახალი კბილებით მაწონებდა თავს, დიდი ხანია, ველოდებით ამ კბილებს, დაუგვიანდათ ამოსვლა, მაგრამ ახლა ყველას გვიხარია, სწრაფად ამოდის. ნიკოლოზმა ცოტა მაწყენინა, არ მოინდომა ჩემთან საუბარი. გართული იყო თავისი „თომასითა და მისი მეგობრებით“ − მატარებლები უყვარს, ყველას სახელი და მახასიათებელი იცის. თუმცა, მისი ყურადღება მივიპყარი მას შემდეგ, რაც საუბარი შეპირებულ მანქანაზე დავიწყეთ.

მანქანას რამდენიმე თვის წინ დავპირდი, მისივე მოთხოვნით. მეც მყავდა ბავშვობაში მანქანა − ლიდერი, როდესაც ის მაჩუქეს, მეგონა, სამყარო ჩემი იყო! ძალიან ტკბილი მოგონებები მაქვს ჩემს სახლზე ზუგდიდში. დღესაც ყველაზე ტკბილად ზუგდიდში მძინავს.

გუშინ, მამა ჩამოვიდა. ნერვიულობს მიმდინარე ამბებზე, მაგრამ არ იმჩნევს. საუბარში თუ დაიჭერ, ხმაზე ვატყობ. მამა ხშირად მეხმარება, მას დიდ პატივს ვცემ. მაგრამ ჯიუტია, ამ თვისების ნაწილი მეც მერგო მემკვიდრეობით.

დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შევხვდით. „კაბელების საქმეზე“ ვისაუბრეთ, შეხვედრა დახურული იყო. იყო შეკითხვებიც, გარკვეული დეტალების გარკვევაც. დეტალებზე საუბარი არ იქნება კორექტული, თუმცა ერთი რამის თქმა დანამდვილებით შემიძლია: ძალიან მაღალი დონის დასწრება იყო − საქართველოს მეგობრებს აინტერესებთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და ყურადღებით ადევნებენ თვალყურს მოვლენების განვითარებას.

19 მაისი, ხუთშაბათი

დილით დედას მინდა შევეხმიანო. ვურეკავ. უცხო ქალბატონი მპასუხობს და მიხსნის, რომ დედა ოპერაციას აკეთებს. დედა ექიმია, შეყვარებულია თავის პროფესიაზე.

როგორც წესი, ყოველდღე ვეკონტაქტებით ერთმანეთს. როგორც თვითონ ამბობს, უნდა გავაგებინო, რომ ჯანმრთელად და კარგად ვარ, თორემ მშვიდად ვერ იძინებს. ეს დღეები ვერ დაველაპარაკე. დარწმუნებული ვარ, საყვედურს მეტყვის ნახევრად ხუმრობით. მაგრამ ხომ ნათქვამია, ყველა ხუმრობაში ცოტაოდენი ხუმრობაა, დანარჩენი კი სრული სიმართლეაო...

დღეს გამოვნახე დრო სამუშაო ოთახში მისასვლელად. დაგროვილი დოკუმენტები გადავათვალიერე. კოლეგები ვნახე, ვცდილობ გავარკვიო, რა ხდება პარლამენტში კულისებს მიღმა. საჯაროდ რაც გამოდის, იმას თუ დავაკვირდებით, დიდი ამბავია საყველიეში!

საღამოს სავარჯიშოდ წავედი. სარბენი ბილიკი განტვირთვისა და ფიქრის ძალიან კარგი საშუალებაა. სირბილში ადამიანს თავისუფლების უზომო განცდა გეუფლება და გსიამოვნებს. ხომ ვამბობ, ადამიანი თავისუფლებისთვის არის გაჩენილი-მეთქი.

გვიან საღამოს ამ დღიურის წერას შევუდექი. თვალი გადავავლე წინა დღეებს. ზოგი მათგანი ზედმეტად დეტალური მგონია. ჩემი საქმიანობის საჯარო ხასიათის მიუხედავად, მკვეთრი ზღვარი მაქვს გავლებული საქმიანობასა და პირად ცხოვრებას შორის. ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც ჩემს სამყაროს ქმნის და მათ გარეშე მე არ ვიქნებოდი, მაგრამ ამაზე საუბარი არ მიყვარს, ამიტომ წინასწარ ბოდიშს ვუხდი მკითხველს თუ მსმენელს ამ დეტალების არგაზიარებისათვის. უფრო მეტიც, არ მიყვარს ოჯახის წევრებთან ჩემს საჯარო საქმიანობაზე საუბარი. ამის გამო ხშირად მსაყვედურობენ, მაგრამ ამით მინდა მათ განვარიდო ის, რასაც მეც შემიძლია, გავუმკლავდე.

20 მაისი, პარასკევი

გავიღვიძე. ისევ იგივე პირველი აზრი და ფიქრი მაქვს, რაიმე ისეთი ხომ არ გამოვტოვე, რასაც ჩემი ყურადღება სჭირდებოდა. პირველ რიგში ეს ჩემებს ეხებათ ოკეანის გაღმა. ვინც ამას კითხულობს ან მისმენს, ალბათ ფიქრობს, ამ კაცს სერიოზული ნევროზი აქვსო. არც უმაგისობაა.

დღეს ოფისში მედიის წარმომადგენლებს ვხვდებით. რამდენიმე მათგანს მე დავურეკე მოსაწვევად, ყველამ დამიდასტურა მოსვლა, ვგრძნობ დიდ ინტერესსა და გულშემატკივრობას.

შეხვედრა კარგად მიმდინარეობს. ლევანი, „კაბელების საქმის“ ადვოკატი, განმარტავს და აბათილებს იმ თითქოსდა „არგუმენტებს“, გუშინ პროკურატურამ რომ წარუდგინა საზოგადოებას. ემოციურად საუბრობს, ეტყობა, რომ შინაგანად გაბრაზებულია. ლევანი კეთილი, სამართლიანი და მებრძოლი ადამიანია, ეს თვისებები ჯერ კიდევ 2012 წლიდან მახსოვს. შეხვედრის შემდგომ სიჭისთან ვსაუბრობ, მსაყვედურობს, რაღაც თემაზე მტკიცე არგუმენტები აქვს. თეასთან განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, მასთან იყო ჩემი პირველი ეთერი 2009 წელს, მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში ჩართვა გადავწყვიტე. თვითონაც ამბობს, შენთან გასაკუთრებული ანგარიში მაქვსო.

საღამოს სატელევიზიო ეთერი მაქვს დაგეგმილი. პროდიუსერი მეუბნება, რომ ჯერჯერობით არ იცის, ვინ იქნება დებატებში მეორე მხარეს, თუმცა ჩემთვის სულ ერთია, ამით სათქმელი არ იცვლება.

გვიან ღამით სანდროს გადავეყარე. ჩემი ძმა ჩემზე რვა წლით უმცროსია, თუმცა განსაკუთრებული ის არის, რომ ჩვენ ერთი და იგივე დღეს ვართ დაბადებულები. მიხარია, რომ სანდრო ჩამოყალიბდა, როგორც კარგი პროფესიონალი და თავის საქმეში მართლაც რომ დახელოვნდა. სწრაფად გავცვალეთ ერთმანეთის ამბები და დავშორდით. სამწუხაროდ, ამ ბოლო დროს ისე ხშირად ვერ ვნახულობ.

21 მაისი, შაბათი

დილით ადრე ვდგები, დღეს სოლიდარობის აქცია გვაქვს დაგეგმილი პროკურატურის შენობის წინ. საღამოს რადიოში უნდა მივიდე ჩაწერაზე. ვიდრე ჩაწერაზე მივალ, თვალი უნდა გადავავლო დღიურებს და საბოლოო კორექტივები შევიტანო.

ერთი ადგილი ვიცი, სადაც ყველაზე გემრიელი ყავა აქვთ, ჩემი აზრით. იქ ჩამოვჯექი და გავდივარ დღიურებს. ვამჩნევ, რომ ამ დღიურში დიდი ნაწილი „კაბელების საქმეს“ ეთმობა. ბუნებრივიცაა ამ კვირაში და მომავალ კვირაშიც ეს თემა იქნება აქტუალური, ვიდრე ხუთი უდანაშაულო ადამიანი არ გათავისუფლდება. ლოგიკურიცაა, ეს ხომ თავისუფლების დღიურებია, ის ხუთი უდანაშაულო ადამიანი −ნუგზარი, დათო, გიზო, გიორგი და არჩილი − თავისუფლებისათვის იბრძვის, და მათთან ერთად ჩვენც.

ბევრი მირეკავს, გზაში არიან, მოდიან. ჩემი განსაკუთრებული ზრუნვის საგანია ზუგდიდელები, რომლებიც დღეს 700 კილომეტრს გამოივლიან იმისათვის, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ თავისუფლებისათვის მებრძოლებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG