Accessibility links

2 ნოემბერი, კვირა

გუშინ იყო ლხინი მეგობრებთან!

ამგვარ სამეგობრო შეკრებებს არაფერი, ან ბევრი არაფერი სჯობს!

შემოდგომის ფერებით დახუნძლული სოფელი, რომელშიც ნისლი ჩამოწოლილა და სადღაც ჰყეფს ბამბურა მურა; ბავშვები, კილო-კავზე ვიტყვი, „ბურჭალობენ“... შენ კი, შეზარხოშებული, ჩაუთბუნებლად გადიხარ გარეთ და, მერე, არაჩვეულებრივ ღვინოს ისევ ეძალები ოთახში დაბრუნებული... აი, ეს, გუშინდელი ამბები ამოტივტივდადილიდან!

12 საათზე ლაშამ კოტორაანთკარში დაწყებულის გაგრძელება შემომთავაზა! უკვე ერთ საათში კი მეგობრები მიდი-მოდიოდნენ, ხოლო მიმდინარე აქტუალური საკითხები ყურს და თვალს მიღმა რჩებოდა...

დღეს უპოლიტიკოდ მაინც არ გაუვლია - 2 საათი იქნებოდა, როცა გადავერთე თემებზე: „სილქნეტი“, კაბელი, ტენდერი... მეგობრები „მივატოვე“ და საქმეში უკეთ გარკვევის მიზნით, ფეისბუკს ჩავუჯექი. უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება ცუკერბერგის პროდუქტში, ამასობაში ამოგიხტება ხოლმე რომელიმე „ფრენდის“ მოწვევა რაღაც თამაშებში. ხოლო პირები, რომლებზეც გაქვს შთაბეჭდილება, რომ სერიოზულად აღიქვამენ ამა თუ იმ საკითხს, ავრცელებენ ინფორმაციას, რამდენად გაიაფდა ZARA-ს პროდუქცია!

ბოლოს, როცა ვერც „კაბელების საქმის“ დეტალებში გავერკვიე და ყვითელი ამბების ტალღამაც ლამის წამლეკა, ფეისბუკი გამოვრთე და ხსენებული „სილქნეთის“ საშუალებით ვუყურე ფილმს, რომლის სახელი არც მახსოვს. ფილმში აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის საზღვარზე მიმდინარე ამბებია აღწერილი, 80-იანი წლების ბოლოა... ჯარისკაცს, რომელიც კოშკურაზე დგას და „მტრის“ მხარეს აკვირდება, შეუყვარდება „საზღვრის“ იქით მცხოვრები გოგონა. და ისინი მუდმივად იმეორებენ: „სად ხარ ჩემო ძვირფასო... ჩემო კარგო... ჩემო...“

ფეისბუკს გვიან, ასე, 12-ზე მივბრუნდი. ცხადია, მაინტერესებდა იმ დღის ახალი ამბები, მაგრამ, რატომღაც თვალის მიმოვლებაც კი დამეზარა!

3 ნოემბერი, ორშაბათი

ლექცია 12 საათზე დაიწყო! სტუდენტებს, რომლებიც სულ უკეთ წერენ, ვუჩიჩინე, ის, რასაც, რახანია თავად აღარ ვაკეთებ: რომ კარგი ჟურნალისტი ყოველდღიურად მუშაობს საკუთარ თავზე, თვალ-ყურს ადევნებს ყველა უმნიშვნელო ამბავსაც კი; ფილტრავს, ფილტრავს, წერს, წერს, ამოწმებს, ანგრევს დაწერილს, ხელახლა წერს... დროს ისაზღვრავს... ეტევა... დროს იმცირებს!

ჩიჩინი, მგონი, ჭრის!

ლექცია სამ საათზე დასრულდა.

ორი საათი ვიყავი სახლში, ხოლო ხუთს რომ გადაცდა, კუს ტბის ასახვევის „ანტრესთან“ სკოლა „ბაქსვუდის“ არაჩვეულებრივ ავტობუსებს ველოდებოდი. ერთ-ერთს ლიზა მოჰყვება ხოლმე და ერთ საათში ფრანგულის გაკვეთილზე, შუაგულ ვაკეში უნდა იყოს. ამ დროს ვიყენებ ყველაფრისაგან გათიშვისა და მასთან გულახდილი საუბრისათვის. ახლაც ასე იყო - შევხვდით და გავისეირნეთ. შემდეგ გაკვეთილზე დავტოვე და ორ საათში მივაკითხე.

დადგა საქმეებზე გადართვის დროც, რისი სურვილიც, სიმართლე ითქვას, მქონდა, მაგრამ, სწორედ ამ დროს დამიკავშირდა ირაკლი, რომელსაც ღვინო უფრო უყვარს, ვიდრე მე. დამიკავშირდა და... ტრადიციულად ქისის „გაცრა“, ანუ დაგემოვნება შემომთავაზა!

უარი ქისზე, მით უფრო მაშინ, როცა ალტერნატივა არ გაქვს და სხვა ამბებს − წარმოსულ ღვარძლს − უნდა ჩაუკვირდე, რთული სათქმელია... თან, თუ ქისი მშვიდ გარემოში უნდა დააგემოვნო.

ადრე გადაკვრით სვამდნენ ღვინოს სავსე, მსუქანპირა ჭიქებიდან, ბოლო ხანებია, ჩვენ ვიცით, რომ ჭიქა უნდა იყოს ყელში მომრგვალებული, შედარებით ვიწრო პირით და ღვინო შიგნით უნდა აბზრიალო...

გვიანობამდე ვაბზრიალეთ ჩვენც!

ხოლო გვიან, სახლში მიბრუნებული, არხებზე ამბების ძიებისას, წავაწყდი ერთ-ერთი პოპულარული ტელეპროექტის „ნომერს“− როგორ ასრულებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ირაკლი ჩარკვიანის „საქართველოს“.

ჩვენ მოვიგებთ ომს!!! ჩვენ ნამდვილად მოვიგებთ ომს!

4 ნოემბერი, სამშაბათი

...დილით ადრიანად გამეღვიძა. საერთოდ, ეს ბოლო ხანებია, გვიან ვიძინებ და შვიდზე... ჰა, ჰა, რვაზე ვფხიზლდები. იაფი ყავა დავიმზადე, დავლიე და დილიდანვე ჩავუჯექი ახალ ამბებს. როცა წინასწარ იცი, რომ ქვეყანაში რაღაც ხდება, news-ი შედარებით უინტერესოა. მაგრამ, ახლა დინამიკა იყო საინტერესო: ვინ ვის დაასწრებდა, ვინ როგორ და რას იტყოდა? გადადგებოდა თუ არა თავდაცვის მინისტრი. გადადგებოდა თუ მოხსნიდნენ?

ასე შემოშუადღევდა! კითხულობ და წერ სტატუსებს, პასუხობ მეგობრებს. ასეც ვთქვათ: ნერვიულობ!

თორმეტი იქნებოდა, სახლიდან რომ გავედი და „ტრადიციულად“ შევიარე ყაზბეგის გამზირის „კანაპეში“: მაკამ, ქეთიმ... ხატიამაც და ნინომაც, სხვებმაც, ვინც იქ მუშაობს, უთქმელად, უსიტყვოდ იციან, რომ ყავა „ამერიკანოს“ ვეძალები, თან − „სახარინით“. ეს მეორე ჭიქა იყო დღეს...

მალევე „ჩავკალი“ ერთი პროექტის აღწერა და ბიუჯეტიც დავხვეწე! გადავაგზავნე კიდეც!

სამ საათამდე ვიმუშავე და ზუსტად ამ დროს „რემაინდერმა“ „გაქცევის“ ამბავი მამცნო. ოთხის წუთებზე ჩემი ძველი „ოპელით“ „საოცარი“ სისწრაფით მივექანებოდი წყნეთის ბოლოსკენ: სამშაბათობით, თუ ვინმეს ჩემი ნახვა სურს, წყნეთი-კიკეთის საზღვარზე, სკოლასთან, ზუსტად ოთხის ნახევარზე ვარ... და იქიდან უკან ვბრუნდები ასევე სწრაფად, რომ ლიზამ ინგლისურის გაკვეთილზე მიასწროს რუსთაველის გამზირზე!

წყნეთის დაღმართზე, როგორც წესი, იმ დღის სასკოლო ამბებს მიმოვიხილავთ... თუმცა, ლიზა ამჯერად „პოლიტიკური კითხვით“ გამოირჩა:

- გადადგება?

- ვინ? - ვკითხე მე.

- ვინ და ალასანია... გადადგება?

რუსთაველზე ვიყავით 25 წუთში.

საღამოს 6 საათზე დაინიშნა ალასანიას ბრიფინგი. ლიზა ნახევარი საათით ადრე გამოვიდა ინგლისურის გაკვეთილიდან. ამ ნახევარ საათში მე „გავქანდი“ საბურთალოზე და დავბრუნდი უკან, რუსთაველზე. მეგობრებთან ერთად, ფეხბურთს კი არა, „ფუტბოლს“ რომ ჩაუჯდები, ისე ჩავუჯექი მინისტრის დრომოკლე ბრიფინგს!

თავდაცვის მინისტრს თავისი ნებით თანამდებობა არ დაუტოვებია − მოგვიანებით პრემიერმა ღარიბაშვილმა გაათავისუფლა!

დაახლოებით შვიდის ნახევარზე, ფეისბუკზე დავწერე: „მე არ მაქვს თმენის ვალდებულება: ეს არის ბრძოლა ატლანტისტებს და არაატლანტისტებს შორის!“ დაახლოებით ათის ნახევარზე ვიყავი „რუსთავი 2“-ის შენობაში, მაგრამ ჩემთან საუბარი, საეთერო დროის სიმცირის გამო, ვერ მოხერხდა: ექს-მინისტრმა ალასანიამ თქვა, რომ ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე ემუქრება! თუმცა, სამწუხაროდ, სახელდებულად არ გამოუკვეთავს საფრთხის შემქმნელები.

5 ნოემბერი, ოთხშაბათი

დილა უპოლიტიკოდ, სხვაგვარად დაიწყო - გამეღვიძა ისევ შვიდზე, დავლიე ყავა, გავაბოლე „გოლუაზი“ და... მიმეძინა!

ათის წუთები იქნებოდა, როცა მობილურზე გაისმა ზარი: რეკავდნენ ბანკიდან! აი, დილიდანვე ბანკიდან რომ გირეკავენ, ძალზედ ცუდია! ეგრევე უჟმურ ხასიათზე დგები! ხომ იცი, რასაც გეტყვიან და მაინც პასუხობ!

− გამარჯობა! - თავიდან ყველა თავაზიანობს და მერე იწყება: − იცით, თქვენი დავალიანება შეადგენს...

ჩემმა მეგობარმა „უნივერსალური ტაქტიკა“ შეიმუშავა: დამრეკს საუბარს არ აცდის და იქით ამცნობს იმ პერიოდის მდგომარეობით არსებულ დავალიანებას, იქით აწვდის ინფორმაციას. მეც ვცადე და გაჭრა: იბნევიან და თავაზიანადვე გემშვიდობებიან!

12 საათზე გააკეთა განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ფანჯიკიძემ. მისი სიტყვა იყო საქმიანი და მართებული, თუმცა, მოადგილის, დავით ზალკალიანის ემოციური გამოსვლა უფრო მომეწონა!

დაძაბული პოლიტიკური კვირის ეს დღე სხვა მხრივაც საინტერესო იყო. უკვე დაპირისპირებულმა მხარეებმა ერთმანეთი საკმაოდ აკრიტიკეს.

მე დავლიე ტრადიციულად ბევრი ჭიქა ყავა და... 21 საათიდან ვიდრე თითქმის 23:00-მდე ველოდი ჩემს რიგს „რუსთავი 2“-ის ეთერში. მანამდე, ე.წ. „ჩართვებში“, იყვნენ სხვა სტუმრები...

ამასობაში, ვიდრე პროცესებზე ჩემი აზრი უნდა გამენდო საზოგადოებისათვის, განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. შესაბამისად, პრაქტიკულად პირველი კომენტატორი აღმოვჩნდი, ვისაც ასე სწრაფად, მყისიერად უნდა შეეფასებინა მარგველაშვილის დამოკიდებულება საკითხისადმი!

რა თქვა პრეზიდენტმა?

რა და, ევროატლანტიკური კურსი საუკუნეების წინ განისაზღვრა, მაგრამ, როგორ ვასრულებთ ამ კურსს, ეს კი, ჩანს, კითხვებს აჩენსო. პრინციპში, რთულია, არ დაეთანხმო, როდესაც ყველაზე ატლანტისტი სამი მინისტრი აღარაა თანამდებობაზე; კითხვის ნიშნები ქვეყნის შიგნითაც ისმის და ქვეყნის გარეთაც.

მოკლედ, საინტერესო დღე გადაცემაში მონაწილეობით დავასრულე!

ასე ვფიქრობ: ევროატლანტიკურ კურსს საფრთხე არ უნდა შეექმნას. და ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნებიან აღმასრულებლები! როგორ უყურებენ ისინი გამოწვევებს? მაგალითად, თითქოს რა კავშირშია და, რა სტრატეგიის აწყობას აპირებენ ამერიკისთან მიმართებაში, სადაც სენატში რესპუბლიკელები დაბრუნდნენ და, ალბათ, უფრო ხისტები იქნებიან რუსეთის მიმართ, ვიდრე მათივე დემოკრატი კოლეგები. ვინ უნდა ააწყოს ეს სტრატეგია? ვისაც ახლა დაევალა? როგორ?

6 ნოემბერი, ხუთშაბათი

დღე შედარებით უინტერესო იყო.

გუშინ თანამდებობიდან წასული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი... დაბრუნდა!

12 საათზე ვნახე დათო, ჩემი დეიდაშვილი, რომელიც უაღრესად წესიერი და ძლიერია: „ფორბსში“ ყოფილა სტატია მასზე, როგორც წარმატებულ ბიზნესმენზე. დათოს პოლიტიკა მაინცდამაინც არ აინტერესებს და ყველაფერს, ყველაფერს ხალისით აკვირდება!

პოლიტიკა უინტერესოა ჩემი ძმის, გიორგისთვისაც − ის სულ ხატავს!!! მაშინაც კი, როცა ფუნჯი ხელში არ უჭირავს! გიორგი ერთი საათით ვნახე და მასთან ერთად არაპოლიტიკური თემები მიმოვიხილე...

მისი შემოქმედება „სხვაგვარია“: ღრმა და სულში ჩამწვდომი. აკვირდები მის ანგელოზებს და ჩიტებს, ცხენებს და ცხვრებს, ფრთიან არსებებს. რა დროს ყოველდღიურობაა ამ დროს!

მამისეულ ბინაში შერბენა სხვა მხრივაც იყო ნაყოფიერი: დავამშვიდე დედა, რომელსაც სულ უფრო იშვიათად ვნახულობ: „საქმეები და საქმეები“, ვეუბნები, და მასაც „ესმის“!

დედაჩემი მარინა ჩემსავით „ნერვიულა“ როდია, მაგრამ, პოლიტიკაზე და უფრო კი ჩემზე, რა თქმა უნდა, დარდობს!

- კარგად გამოვედი? - ვკითხე თამამად.

- ძალიან, ძალიან! - ყველაფერი მოსწონს ჩემი...

დაახლოებით სამ საათზე ტელეფონით ვესაუბრე ქეთის. რასაკვირველია, თემა იყო უცვლელი: ჩვენი შვილი ლიზა და პოლიტიკა! ის ძალზედ კარგი, წარმატებული ჟურნალისტია, „სენსორებით“ გრძნობს ახალ ამბავს; სულ, აი, სულ მართებულ აქცენტებს აკეთებს!

ხუთ საათზე ვიყავი ერთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე და, დღის წესრიგის თემის ნაცვლად, ისევ პოლიტიკას და ბოლო დღეების მნიშვნელოვან საკითხს მიმოვიხილავდი კოლეგებთან ერთად.

„რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ირაკლი ალასანიამ საფრანგეთში ყოფნის დროს?“ - ეს კითხვა დამისვა ჟურნალისტმა, რომელმაც საღამოს შვიდზე დამირეკა.

„არ ვიცი!“ - ვუპასუხე მე და, ვთქვათ ასე, ვითვალთმაქცე. გარკვეული და დაუდასტურებელი ინფორმაცია ამ ხელშეკრულების თაობაზე მქონდა. და ამ კამპანიას მის წინააღმდეგ სწორედ ამ ხელშეკრულებასაც ვუკავშირებ!

გვიან, სახლში დაბრუნებულს და დაღლილს, აღარ მიმიდევნებია თვალყური ახალი ამბებისათვის!

„ატლანტისტებო ამა ქვეყნისა, შეერთდით!“ - დავწერე ფეისბუკზე და მივიძინე!

7 ნოემბერი, პარასკევი

ეს დღე მძიმეა ქვეყნისათვის! 2007 წელს რაც მოხდა, ყველამ ვიცით.

გამეღვიძა გვარიანად გვიან - დაახლოებით ათზე! მოგვიანებით მქონდა სამი შეხვედრა: ამერიკელ პარტნიორებთან მალევე, 12-ზე, მერე მირზასთან −აზერბაიჯანელ თარჯიმანთან, და გიორგისთან − კოლეგა-მეგობართან. თუმცა, დილა დაიწყო საქმიანი საუზმით სხვასთან.

− რა ხელშეკრულებას მოაწერა ხელი ალასანიამ საფრანგეთში? − ვკითხე აღელვებულმა.

მეგობრებთან გულახდილი საუბრები კარგია. პასუხიც გულახდილი იყო!

შეხვედრა შედგა ერთ-ერთ კაფეში. ახლა რომ ვიხსენებ, მანქანა გავაჩერე სადგომზე, რომელიც დანომრილია. გამეცინა: 41-იანზე შემიგორებია ჩემი „ოპელი“.

სამ საათზე ვიყავი ტელევიზიაში. მაუწყებელშივე გავიგე, რომ ხვალ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი იქნებოდა „მოამბის“ მთავარი სტუმარი!

ვინ არის ბიძინა ივანიშვილი? ამ კითხვაზე მრავალმხრივი პასუხი არსებობს. ამახვილებენ ყურადღებას მის ქველმოქმედებაზე, პოლიტიკაში მოსვლაზე და სააკაშვილის ხელისუფლების არჩევნების გზით დამარცხებაზე. ის უყვართ და არ უყვართ, მას აფასებენ და არ აფასებენ!

მაგრამ, ჩემი კითხვა სხვაგვარია: არის კი ის ამ ქვეყნის არაოფიციალური მმართველი? პასუხი, რა თქმა უნდა, მაქვს!

სახლში დავბრუნდი საღამოს 8 საათზე და მონდომებით გავაგრძელე „თავისუფლების დღიურებზე“ მუშაობა!

8 ნოემბერი, შაბათი

ერთი ძალიან ძვირფასი ახლობელი გარდაცვლილა. დილიდანვე გამახსენდა და დავუკავშირდი დედაჩემს, რომელმაც მითხრა, რომ სამძიმარზე ხვალ უნდა წავიდეთ!

მე და ლიზამ ვისეირნეთ. შაბათი დღე ამ მხრივაც მიყვარს: მე და ლიზა დიდხანს ვსაუბრობთ ხოლმე. უფრო ზუსტად, დრო საკმარისი არ გვაქვს, მაგრამ მთლიანად როცა გადავერთვები შვილის ამბებზე, ეს ერთგვარად მავსებს...

დღეს მაქვს მეორე ლექცია. დღესვე ვიწყებ სამზადისს ხვალისათვის: ირაკლის არაჩვეულებრივი ქისი აქვს! ქისი კი ძალიან მიყვარს! და კიდევ იაგოს ღვინო − გლეხური!

მაგრამ ხვალამდე კიდევ ერთი დღეა...

„ჩვენ რახანია, არ ვცხოვრობთ მშვიდ აწმყოში და სულ ვცდილობთ მოვემზადოთ მომავლისათვის“. ეს უმბერტო ეკოს აზრია. გაბრიელ გარსია მარკესის პერსონაჟი კი, როცა მას მეუღლე დაბეჯითებით ეკითხება, რას შევჭამთ მთელი ეს დროო, უპასუხებს: „ქაქს“.

მე კი, მაინც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ შესრულებულ ჩარკვიანის „საქართველოს“ ვუბრუნდები. „ჩვენ მოვიგებთ ომს“! ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ ომს!

რადგან!!!..

„თავისუფლების დღიურების“ ჩაწერამდე კიდევ საათებია. მანამდე საშაბათო გაკვეთილიდან უნდა გამოვიყვანო ლიზა, რომელმაც უკვე ძალიან კარგად იცის ინგლისური!

დღესვე როგორმე უნდა შევირბინო საბურთალოს სასაფლაოზე: ნათითი − ნათელა ბარათაშვილი − ბებიაჩემი, შარშან ამ დროს გარდაიცვალა. მამაჩემი მერაბი კი 2000 წელს, როცა ლიზა სულ რაღაც ორი კვირის იყო...

XS
SM
MD
LG