Accessibility links

logo-print
5 იანვარი, კვირა
დღეს მოვყევი ავარიაში. ამის მიუხედავად, ჩემთვის კარგი დღე იყო. უცნაურია, ხომ? მაგრამ მართალია! მე, ჩემი მეუღლე, და ჩემი პატარა გოგო მანქანით მივდიოდით ეკლესიაში. უეცრად ჩვენ წინ ტაქსი გაჩერდა. საუბედუროდ, არ იყო საკმარისი დისტანცია ჩვენ შორის, მე მანქანა გავაჩერე, მაგრამ არა დროულად. ტაქსის მძღოლმა, ბატონმა გიამ, თქვა, რომ სხვა მანქანა გაჩერდა მის წინ. პოლიციელები, საელჩოს დაცვა და სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ. პოლიციელები შთამბეჭდავი პროფესიონალები იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის და ჩვენთვის რთული გამოცდილება იყო, არავინ დაზარალებულა და მე გავხდი კანონის უზენაესობის მოწმე თბილისის ქუჩაში. ბატონი გიას ავტომობილის უკანა ფარი მალე გაკეთდება. ამ ყველაფრის დროს ჩემს პატარა გოგოს მშვიდად ეძინა. ყველაფერი მეფე დავით აღმაშენებლის ქანდაკების ჩრდილის ქვეშ მოხდა.

6 იანვარი, ორშაბათი
მთელი დღე ოფისში ვიყავი. შეხვედრები, იმეილები, სატელეფონო ზარები... ჩემი, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ახალი ატაშეს, ყოველდღიური ფოკუსი კულტურაა და ეს ნიშნავს ხალხს. ოთხ საათზე ელჩის მოადგილე ამბობს, რომ უნდა დავწერო ანგარიში ელჩისთვის დღის ბოლომდე. ის უნდა იყოს სრული, ზუსტი და მოკლე. ჩემი ნაშუადღევის გეგმა შეიცვალა: რასაკვირველია, ელჩის თხოვნა ჩემთვის პრიორიტეტია.

7 იანვარი, სამშაბათი
ვიცი, რომ აქ, საქართველოში და ბევრ ქვეყანაში დღეს შობაა. გილოცავ შობას, ლამაზო საქართველო! ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს არის მეორე შობა. რა თქმა უნდა, პირველი 25 დეკემბერს იყო, მაგრამ ძალიან მომწონს ორი შობის აღნიშვნა! 25 დეკემბრის შემდეგ შობის ატმოსფერო გრძელდება ჩვენს სახლში...

პირველი შობა იყო დიდი ზეიმი ჩვენს სახლში ამერიკელ მეგობრებთან ერთად. ეს მეორე უფრო მშვიდია. მე მარტო ჩემს ოჯახთან ერთად ვარ და ყველაფერი ლამაზად არის.

8 იანვარი, ოთხშაბათი
დღეს ამერიკის ელჩთან, USAID-ისა და MCC-ის ხელმძღვანელებთან ერთად, მქონდა შეხვედრები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. ყველა შეხვედრა ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო. დღესავით ნათელია, რომ წელს ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

შუადღეს ვმუშაობდი ერთ-ერთი პროექტის ბიუჯეტზე. ეს არის ძალიან მაგარი პროექტი, რომელიც გაზაფხულზე დაიწყება. ეს იქნება ჰიპ-ჰოპის კონკურსი მთელ საქართველოში. პროექტში იქნებიან მონაწილეები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდანაც.

9 იანვარი, ხუთშაბათი
დატვირთული დღე მქონდა. ვესტუმრე „ცისფერ გალერეას“; პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას; ლიტერატურის მუზეუმს; თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმს; ასევე ილიას უნივერსიტეტს და ორგანიზაცია IREX-ს. ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მივულოცეთ შობა და ახალი წელი. ვისაუბრეთ მიმდინარე პროექტებსა და მომავალ გეგმებზე. როდესაც სამუშაო დღის შემდეგ შინ დავბრუნდი, მეუღლემ სიურპრიზი გამიკეთა: მოამზადა უგემრიელესი ინდური საჭმელი, რომელსაც არაჩვეულებრივი არომატი ჰქონდა!

10 იანვარი, პარასკევი
ამერიკაში, ქართული ენის კლასში, ათი თვე ვიყავი. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს სპეციალური ენების ინსტიტუტი. როგორც კულტურის ატაშე, ვთვლი, რომ ენა არის გულის გასაღები. საქართველომდე დიპლომატად ვმუშაობდი მექსიკაში, არგენტინასა და ერაყში. ვლაპარაკობ ესპანურად, პორტუგალიურად და არაბულად და ეს ენები ჩემს სამსახურში ძალიან გამომადგა. ჩემი აზრით, ქართული ყველაზე საინტერესო და რთული ენაა. დღეს, დილის ექვს საათზე, როდესაც ჩემს პატარა გოგოს ეძინა, მე ვსწავლობდი ქართულს და ვწერდი დღიურს.

კულტურა და საზოგადოება ჩემი სფეროა და ვიცი, რომ თუ ვილაპარაკებ ინგლისურად, ყველა გაიგებს. მაგრამ მე მინდა ვილაპარაკო ქართულად. რატომ? იმიტომ, რომ გამოვხატო პატივისცემა ქართული კულტურის მიმართ და ვცდილობ, ქართულად ვილაპარაკო.

11 იანვარი, შაბათი
ვიყავი ქარელის რაიონში, ახალსოფელში, სადაც დავესწარი ტრიო „ბრავოს“ კლასიკური მუსიკის კონცერტს. კონცერტი გაიმართა იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში. ამერიკის საელჩომ დააფინანსა ტრიო „ბრავო“, რომ გამართოს უფასო კონცერტები იძულებით გადაადგილებულ პირთა სხვადასხვა დასახლებაში. კონცერტმა ძალიან კარგად ჩაიარა, ყველა ძალიან კმაყოფილი იყო და მეც...

საღამოს დავბრუნდი თბილისში, სადაც მელოდნენ ჩემი მეუღლე და ჩემი პატარა გოგო, კორა. მათი დანახვა ძალიან გამიხარდა!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG