Accessibility links

logo-print
9 სექტემბერი, კვირა
ფრანგი სტუმრები მყავს, ფრანგი მეღვინეები - საკმაოდ სერიოზული, „ბუნებრივი“ მეღვინეები, რომლებმაც ჩემთან სამი დღე გაატარეს და ახლა იმერეთში ვაცილებთ - ჩემს იმერელ კოლეგებს ჩავაბარე.

მერე ალავერდის მონასტერში დავხვდი 25 ბრიტანელ „ღვინის ტურისტს“. ბერების დახმარებით ვაჩვენეთ ალავერდის მონასტერი, ვუამბეთ ძველი სამონასტრო ღვინის ტრადიციაზე და ქვევრის ღვინოზე. მერე იყო დეგუსტაცია, რის შემდეგაც ვიმოგზაურეთ დანარჩენი კახეთის სხვადასხვა ადგილებში. ვიყავით იყალთოში, საღამოს კი თელავში დავრჩით. ბრიტანელი ტურისტებისთვის კვირა ღვინის რეგიონში ყოფნის პირველი დღე იყო. მანამდე მათ რამდენიმე დღე თბილისში გაატარეს. კახეთში ჩამოვიდნენ, რათა გაიცნონ ქართული ღვინის ტრადიცია, ყურძნის ჯიშები და სუფრის წესები.

საერთოდ, მხატვარი ვარ, მაგრამ საქართველოში ჩამოვედი მრავალხმიანი სიმღერის და გალობის დიდი ინტერესით. მოსმენილი მქონდა ჩანაწერები და ცოტა შევისწავლე ქართული ენა, რადგან სურვილი მქონდა ამ სიმღერების შეგროვების, ჩაწერის და შესწავლის. მერე ისე მოხდა, რომ 1996 წელს შევიძინე სახლი სიღნაღში. მაშინ მოსკოვის სურიკოვის ინსტიტუტის სტუდენტი ვიყავი და ინსტიტუტი რომ დავამთავრე, საერთოდ აქ გადმოვედი საცხოვრებლად. 1998-იდან 2006 წლამდე ჩემი ცხოვრება იყო დაკავებული იყო მხოლოდ ფერწერით, გამოფენების მოწყობით, ხალხური სიმღერებით, ჩანაწერებით და ჩემი მეუღლის ანსამბლის გასტროლებით. 2006 წელს დაფუძნდა „ხოხბის ცრემლები“ და იქიდანაც დავამატეთ ახალი ელემენტი - ტრადიციული ქვევრის ღვინო.

10 სექტემბერი, ორშაბათი
ჩემი საინტერესო, ძალიან ცოცხალი ფრანგი სტუმრები (კინაღამ დავწერე, „გადარეული“-მეთქი!) დამიბრუნდნენ იმერეთიდან და ახლა ინგლისელებთან ერთად ვმოგზაურობთ ქიზიყში. თელავიდან წავედით ბოდბის მონასტერში. მერე ჩემი მარანი, დეგუსტაცია და ბოლოს - სუფრა.

დაემთხვა ისე, რომ ჩამოვიდა ბი-ბი-სის ჯგუფი, რომელიც ტურიზმის თემაზე რეპორტაჟს ამზადებს. ამას ემატებიან ფრანგი მეღვინეები, ინგლისელი „ღვინის ტურისტები“ და ჩვენი ანსამბლი! „ანჩისხატის“ გუნდიდანაც იყვნენ ჩემი მეგობრები. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი, დიდი კახური სუფრა იყო!

11 სექტემბერი, სამშაბათი
ღამე ტერის ვაცილებთ. ფრანგი მეღვინე ტერი პუზატი და მისი სამი კოლეგა შინ ბრუნდებიან. გვინდოდა ჩვენი სხვადასხვა ვენახის დათვალიერება ინგლისელებთან ერთად. მაგრამ ამ პერიოდში, შემოდგომის დასაწყისში, სიღნაღში ხანდახან დიდი ბურუსი იცის და მიუხედავად იმისა რომ სიღნაღი ცნობილია თავისი ხედებით, დღეს თითქმის ორი მეტრის იქით არაფერი არ ჩანდა. რა ვქნათ?.. გადავწყვიტეთ, ხინკალი დაგვეხვია და ბევრ ჭაჭასთან ერთად გავატარეთ დღე. დავათვალიერეთ მუზეუმიც. იქ ხალიჩების და ფარდაგების დიდი კოლექციაა. პატარა ლექცია ჩავატარეთ: როგორ უნდა იცნო სხვადასხვა კავკასიური ხალიჩები.

მახსენდება „ხოხბის ცრემლების“ დაარსების პერიოდი. მაშინ ჩემს მომავალ პარტნიორს გელა ფათალიშვილს ძალიან აწუხებდა, რომ მრავალფეროვნებით ქართული ღვინო ბევრად უფრო მდიდარი იყო, ვიდრე იმ სახით, როგორც გადარჩა საბჭოთა პერიოდში. ძირითადად ქარხნულ წესებზე იყო გადასული საექსპორტო ღვინო და 525 ქართული ჯიშიდან ბაზარზე, ფაქტობრივად, ოთხი თუ ხუთი ჩანდა - ძალიან რთული იყო სხვა იშვიათი ჯიშების პოვნა. ასე იყო სხვა სფეროებშიც. ვთქვათ, ტრადიციულად ცნობილი 60 სახეობის ყველიდან, როცა საქართველოში ჩამოვედი, ბაზარზე სამი სახეობის ყველს თუ შეხვდებოდი. საბჭოთა პერიოდში ყველაფერი რაოდენობაზე იყო გადასული და არა ხარისხს ყურადღება არ ექცეოდა. გელას ძალიან უნდოდა, რომ ქვევრის ღვინო შეგვეთავაზებინა შიდა ბაზარზეც და გარეთაც; თანაც, არა როგორც ცოტა უხეში, არამედ ძალიან დახვეწილი, ძალიან ღირსეული და გურმანული ღვინო. ამ 525 ჯიშს შორის იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ დავიწყებული ჯიშები, რომლებისთვისაც ახალი სიცოცხლე უნდა შთაგვბერა. ეს გელას აზრი იყო და მე მომმართა, როგორც ადამიანს, რომელსაც მიყვარდა სიმღერა, გალობა და ცეკვა. რადგან სიმღერა და ცეკვა ღვინის გარეშე დიდი არაფერია. ჰოდა, აქაც ცოტა დავხარჯე ენერგია და დავიწყე.

ახლა გვაქვს საკმაოდ იშვიათი და საინტერესო ჯიშები. ყველაფერი ქვევრშია, ბუნებრივად არის მოვლილი. ახალი ჩაყრილი გვაქვს კიდევ რვა ჯიში, რომელიც დღეს ბაზარზე საერთოდ არ არსებობს. ჯერ საიდუმლოა, მაგრამ სამი-ოთხი წლის შემდეგ ჯერ თბილისი და მერე გარე სამყარო გაიცნობენ ამ ჯიშებს. გვაქვს საკუთარი ვენახებიც, მაგრამ ყურძნის ნაწილს სხვისი ვენახებიდან ვყიდულობთ. ერთი ასეთი ვენახი მანავშია - ძალიან ძველი და ძალიან მაგარი ვენახი! მის პატრონს, მოხუც პაპას, გაყიდვა არ უნდა. ამიტომ ჩვენ ვეხმარებით, ვუვლით და მისგან მთელ ყურძენს ვყიდულობთ.

12 სექტემბერი, ოთხშაბათი
გადავდივართ დასავლეთ საქართველოსკენ. გზაზე ვაჩერებთ მაქათუბანში, ბატონ ზალიკოსთან. ის მექვევრეა და სტუმრებს აჩვენებს, როგორ მზადდება ქვევრი. მერე გრძელდება გზა და საღამოს იმერელ მეღვინეებს ვხვდებით. კახეთთან შედარებით, იმერეთში ცოტა უფრო რთულია, იპოვო (არ მინდა, ცუდად ვთქვა) ჯანსაღი ღვინო, თუმცა, ჩემი აზრით, იმერეთს აქვს ყველა ის თვისება, რაც საჭიროა, რომ საუკეთესო ღვინო გაკეთდეს. უკვე გამოჩნდა კიდეც რამდენიმე გმირი ადამიანი, რომლებიც ძალიან მაგარ იმერულ ღვინოს გვთავაზობენ. უბრალოდ, იმდენად ცოტა აქვთ, რომ ღვინო ძირითადად საზღვარგარეთის ბაზარზე მიდის, ისეთ პრესტიჟულ ბაზრებზე, როგორიცაა ლონდონი, რომი, პარიზი... ბევრ ქართველს არ აქვს შესაძლებლობა, გასინჯოს ეს ღვინო.

ერთ-ერთმა ასეთმა მეღვინემ დაგვპატიჟა და გვქონდა იმერული სუფრა იმერული ღვინის თანხლებით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სადაც მივდიოდით, იმას ვჭამდით, რაც ადგილზე მოდის. ეკალას და ნიყვის სოკოს ყველაზე მეტად უხდება იმერული ღვინო. იმერულ სამზარეულოს მართლაც უხდება ჩხავერი, ცოლიკაური, ციცქა... ასევეა კახური სუფრის შემთხვევაში თავისი ქისით, მწვანით და ასე შემდეგ. ამ ინგლისელი ღვინის ტურისტებისთვის გვინდოდა გვეჩვენებინა ეს მრავალფეროვნება, ის, თუ როგორია თითოეული კუთხე, რომელსაც თავისი კილო აქვს არა მარტო სიმღერაში, არამედ სამზარეულოშიც.

13 სექტემბერი, ხუთშაბათი
ავდივართ გელათში, იქ არის ერთი ძალიან ძველი მარანი, რომელშიც ახლა არქეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს - დიდი შრომაა ჩასატარებელი.
იქიდან მივდივართ ქუთაისის ბაზარზე. თუ გაინტერესებს სამზარეულო, უნდა ნახო ინგრედიენტები - რისგან შედგება ესა თუ ის კერძი. ვსინჯავთ სხვადასხვა სუნელებს, სტუმრებს ვაცნობთ ქართულ სამზარეულოს, ვასწავლით სხვადასხვა რეცეპტებს. ისინიც ყიდულობენ თავიანთი საყვარელი კერძების შესაბამისად: ზოგი ნიგოზს, ზოგი უცხო სუნელს (რომლის შოვნა საზღვარგარეთ ძალიან ძნელია), ზოგი - რეჰანს და ასე შემდეგ.

ბაზრის დათვალიერების შემდეგ ვსხდებით მანქანაში და უკან ვბრუნდებით. გზად ვჩერდებით ჩემს საყვარელი იმერულ რესტორანში, „ზღაპარში“, რომელიც რიკოთის გვირაბის წინაა. ეს ადგილი ძალიან მიყვარს! იქაც გვქონდა სხვა იმერული ღვინოები - ჩვენმა მეგობარმა გამოგვიგზავნა. მდინარის პირას კარგად ვისადილეთ.

მერე ჩამოვედით თბილისში და საღამოს რესტორან „შემოიხედე გენაცვალეში“ წასვლა გადავწყვიტეთ. ამდენი ღვინისა და დიდი სუფრის მერე ავირჩიეთ ადგილი, სადაც მარტო ქაბაბი, ხინკალი და ლუდი იქნებოდა. მეგონა, რომ ქართველები ცოტა ღორმუცელები იყვნენ, თურმე ინგლისელები ქართველებს სულაც არ ჩამორჩებიან!

...უწინ ძალიან ბევრი სტუმარი ჩამომდიოდა სხვადასხვა ქვეყნებიდან; ალბათ, 14-15 კაცი. მე ამას „ქართულ მასპინძლობას“ ვარქმევდი, მაგრამ თანდათან მათი რიცხვი გაიზარდა და ბოლოს იმდენი ჩამოდიოდა, რომ მარტო ვეღარ ვუმკლავდებოდი. დამჭირდა თანამშრომლები და პარტნიორები და მეც დავაფუძნე პატარა ტურ-კომპანია სახელად „ცოცხალი ფესვები“. იდეა ასეთია: საუკეთესო, ნამდვილი, ნაღდი ქართული ღვინო, საუკეთესო კერძები, ეკლესიისა და სასულიერო ისტორია და, ამასთან ერთად, პირველი სიყვარული, რამაც საქართველოში ჩამომიყვანა - მრავალხმიანი სიმღერა, გალობა... რომ რეგიონიდან რეგიონში ყველაფერი ადგილობრივი კილოს მიხედვით იყოს: გურიაში - გურული სუფრა, გურული სიმღერა გურულ ღვინოსთან ერთად; რომ ადამიანი ადგეს, იქიდან წამოვიდეს და თქვას: აი, ახლა ვიცი, რა არის ლანჩხუთის სულიო. ასეთ ტურიზმს ვთავაზობთ ხალხს. ეს არ არის ყველასთვის, ერთგვარი ნიშაა. ჩვენ არ ვართ დაკავებული ექსტრიმით ან ალპინიზმით, მაგრამ ვისაც აინტერესებს ღვინო, საჭმელი, სიმღერა და სულიერება, მათთვის ჩვენი კომპანია ზედგამოჭრილია. საქართველოში ჩამოსული ტურისტისთვის ყველაზე საინტერესო არის არა ის, რომ რვა ათასი წლის წინ აქ იყო ქვევრის ღვინო. არც ის, რომ არის ათიათასობით მრავალხმიანი სიმღერა და საგალობელი; ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქართველებმა მოახერხეს ამის შენახვა და განვითარება; ის, რომ ტრადიცია მუზეუმში კი არ არის შენახული, არამედ ის ცოცხალია და ნაღდი. აი, ამით არის ყველაზე საინტერესო. ევროპასაც არ აკლია ნანგრევები და ძველი ტრადიციები, მაგრამ მათს შუა საუკუნეების მუსიკას ვერსად მოისმენ და მათს უძველეს მონასტრებში ხალხი მხოლოდ ფოტოების გადასაღებად თუ მიდის. ჩვენს მონასტრებში კი ბერები ლოცულობენ ჩვენი სულის გადარჩენისთვის და ძირძველი ქვევრის მარნებში დღემდე აყენებენ ღვინოს. ჩვენ ევროპას ვერ შევეჯიბრებით ქალაქგარეთ მოქმედი სასტუმროების ხარისხით, ვერ შევეჯიბრეთ გზებით, მაგრამ ამისთანა ცოცხალი და მრავალფეროვანი ტრადიციის ქვეყანა დედამიწაზე ძნელად თუ მოიძებნება.

14 სექტემბერი, პარასკევი
დღეს Arblaster & Clarke-ის ჯგუფის ბოლო დღეა. ვათვალიერებთ მცხეთას, სვეტიცხოველს. მერე - წმინდა ნინოს ისტორია და დეგუსტაცია „შატო მუხრანში“, ბატონიშვილის სასახლე, რომელიც ახლა აღდგენის პროცესშია, მერე კი - აქვე სადილი.

საღამოს ისევ ერთად შევიკრიბეთ ახალ რესტორან „აზარფეშაში“, რომელიც ერთმა ჩემმა მეგობარმა გახსნა, ნაწილობრივ ჩემი თხოვნით. იქ მთელი თემატიკა დაკავშირებულია ძველ საქართველოსთან და ღვინოსთან. არის სხვადასხვა დროის ღვინის ჭურჭელი, ალბათ სამი-ოთხი ათასი წლის დიაპაზონით, მთელი თავისი ევოლუციით და ასე შემდეგ. აჩვენებენ შავ-თეთრ სლაიდებს, რომლებიც ასახავს მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართულ ცხოვრებას. იქვე კონცერტი გამართა ჩემი მეუღლის ანსამბლმა „ზედაშემ“, თავისი სიმღერებითა და ცეკვებით. სტუმრებს მოვასმენინეთ ჩიბონი, თუშური გარმონი და ათასი სხვა რამ. კონკურსიც ჩავატარეთ: ამ 25 ბრიტანელს შორის ვინ იტყოდა ყველაზე უკეთეს სადღეგრძელოს. ყველას ვაჩუქეთ ყანწები...

ჩემი მეუღლე, ქეთევან მინდორაშვილი, გავიცანი 1998 წელს. ახალი დამთავრებული მქონდა სადიპლომო შრომა, ვცხოვრობდი სიღნაღში და ვხატავდი. მაშინ გაზი, წყალი, დენი საკმაოდ შეზღუდული იყო სიღნაღში. რთული პერიოდი იყო. მზე რომ ამოვიდოდა, ვიღვიძებდი და ვხატავდი, და როცა ჩავიდოდა, სანამ შემეძლო, ნავთის ლამპით ვკითხულობდი და მერე, თვალები რომ ამტკივდებოდა, ვიძინებდი. ერთ საღამოს სიმღერა მომესმა. გარეთ გავედი და ამ სიმღერის ლამაზ ხმას მივყევი. მეგრული სიმღერა იყო და გამიკვირდა, ამ შუაგულ ქიზიყში მეგრულ სიმღერას რა უნდა-მეთქი. აღმოჩნდა, რომ ჩემი მომავალი მეუღლე, ქეთევანი, მისი ძმა შალვა და კიდევ ერთი მეზობელი, მაიკო, ერთად დადიოდნენ და „ასე ჩონგურს“ ასწავლიდნენ მეზობელს. როცა გავიცანი და ვუთხარი, ძალიან მიყვარს სიმღერა და თუ არ შეგაწუხებთ იქნებ მეც ვიარო თქვენთან და მოვისმინო-მეთქი, წამიყვანა თამილა და მედიკო სულხანიშვილთან. ახლა მეგობრები არიან, მაშინ კი ჩემთვის უცნობი ადამიანები იყვნენ. მთელი ღამე გავათენეთ გალობით და სიმღერით... ცხრა თვის შემდეგ ჩვენ უკვე ჯვარი დავიწერეთ. ახლა ორი შვილი გვყავს: ლაზარე და გვანცა.

15 სექტემბერი, შაბათი
ბრიტანელი სტუმრები ჩემმა პარტნიორმა, ია თაბაგარმა, გააცილა აეროპორტში. მე კი გავიქეცი სახლში, რომ ცოტა ხნით მაინც მენახა მეუღლე და შვილები.

მგონი, მშვიდი დღე მექნება. ვნახე ბავშვები, ვნახე ჩემი მეუღლე და მერე უკვე დამიძახეს - სტუმრობა დაიწყო ჩემთან და თან სულ ისეთი ადამიანები მოვიდნენ, რომ არ შემეძლო უარის თქმა. ამ ხალხისთვის დეგუსტაცია ჩავატარე და მერე ჩემი ცოლ-შვილისთვის საჭმელი გავაკეთე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG