Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კოჟორიძე - იურისტი, საიას თავმჯდომარე


21 ივლისი, კვირა
ტრადიციულად, ალექსანდრემ გამაღვიძა. შვიდ თვეზე ცოტა მეტისაა, ყოველ დილით 7 საათზე ცოტა ადრე იღვიძებს. გაახელს თვალებს თუ არა, ცდილობს თინის და ჩემი ყურადღების მიქცევას. თუ ჩვენმა რეაქციამ დაიგვიანა, ალექსანდრე აქტიურ მოქმედებაზე გადადის. როგორც წესი, ღამე გვიან ვიძინებ, დილის ძილზე უარს ვერ ვამბობ, მაგრამ მათქმევინებენ ხოლმე - ალექსანდრე ახლა ჩვენი უფროსია.

უხდება ეს სახელი, ჩვენს სანათესაოში არავის აქვს. მამაჩემს კუკური ქვია, მახსოვს ბავშვობაში ვუთხარი, შენს სახელს ვერ დავარქმევ-მეთქი. გაეცინა. მაშინ ჩემმა ძმამ დააიმედა, მე დავარქმევო, მაგრამ მგონი მანაც გადაიფიქრა. როდესაც მამის მეგობრებმა გაიგეს, რომ შვილიშვილს პაპის სახელი არ დავარქვი, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის ძებნა დაიწყეს და ქართული ტრადიცია რომ არ დარღვეულიყო, მამაჩემს „გადაარქვეს“ სახელი და ალექსანდრეს ეძახიან. პაპამაც შეიფერა შვილიშვილის სახელი და ამ მიმართვაზე ჩვეულებრივი რეაქცია აქვს, იხედება ხოლმე.

წავედი მოსამართლეთა კონფერენციაზე. სადისციპლინო კოლეგიის დებულების მიღების საკითხი განიხილებოდა და დავესწარი. სასამართლოში დადებითი ძვრებია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა რჩება და ეს, ერთი შეხედვით, მცირე დეტალებში ვლინდება. შიდა თუ გარე გავლენებისგან საბოლოო გათავისუფლებას ჯერ კიდევ დრო და საკითხისადმი პრინციპული მიდგომა სჭირდება.

დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და მაღალკვალიფიციური სასამართლო სისტემის შექმნას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საქართველოს განვითარებისათვის. ბევრი პრობლემა, რაც ადამიანის უფლებების დაცვას, ეკონომიკურ წინსვლას თუ საქართველოს ევროინტეგრაციის კურსს უკავშირდება, ავტომატურად მოგვარდება. 2012 წლის არჩევნების შემდეგ დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნის კარგი შანსი გაჩნდა, ამ შანსს გამოყენება უნდა, ვნახოთ, რა იქნება. ჩვენ ჩვენსას ვცდილობთ, სხვებიც ცდილობენ... მთავარი სიტყვა ამ საქმეში მაინც ინდივიდუალურ მოსამართლეს ეკუთვნის, რაც კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა ითქვას. სწორედ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა იძლევა პასუხს იმ კითხვზე, თუ როგორი სასამართლო გვაქვს.
თავისუფლების დღიურები - კახა კოჟორიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:16:14 0:00

22 ივლისი, ორშაბათი
ორშაბათი მძიმე კი არა, სრულიად გიჟური დღე იყო! ტელეფონმა დილიდანვე დაიწყო რეკვა, არ გაჩერებულა, ორჯერ დავტენე. რეკავენ ჟურნალისტები, მოქალაქეები, თანამშრომლები, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვები. განსაკუთრებით ჟურნალისტები და მოქალაქეები აქტიურობენ, გეკითხებიან ყველაფერს, რაც ქვეყნის სამართლებრივ ცხოვრებაში ხდება. როცა ზოგჯერ ეუბნები, ჩვენ ამ თემაზე არ ვმუშაობთო, ან ამ საქმეზე საადვოკატო დახმარებას ვერ განვახორციელებთო, უკვირთ. მოლოდინია, რომ ჩვენ ყველაფერზე უნდა ვმუშაობდეთ, ყველა საქმეს უნდა ვიღებდეთ, ყველა კანონის ყველა მუხლი ზეპირად უნდა ვიცოდეთ.

ეს განცდა წლების განმავლობაში საიას წარმატებულმა მოღვაწეობამ გააჩინა. ორგანიზაცია თავიდანვე სწორ გზასა და კარგ რელსებზე დადგა, ბევრი კარგი საქმე აქვს ქვეყნისთვის გაკეთებული. საიას წარმატების მთავარი „საიდუმლო“ მისი თანამშრომლები არიან. ყოველთვის ასე იყო. ჩვენც ვცდილობთ, ღირსეულად გავაგრძელოთ სწორი მიმართულება. როგორ გამოგვდის, სხვამ შეაფასოს. შეფასებები კარგიც მესმის და ცუდიც. განსაკუთრებულ გულისწრომას მაშინ ვიმსახურებთ, როცა რომელიმე საკითხზე ჩვენი პოზიცია ნაციონალური მოძრაობის პოზიციას ემთხვევა. ეს რეაქცია მესმის, მაგრამ ეს ჩვენს პოზიციას ვერ შეცვლის. ამა თუ იმ საკითხისადმი ჩვენი მიდგომა მარტივია: ვამბობთ იმას, რაც კანონიერი და სამართლიანია. ძალიან მომწონს საიას დევიზი: „კანონის უზენესობა სამართლიანობისთვის“. ამ სამი სიტყვით ყველაფერია ნათქვამი. რას ვიზამთ, რომ ჩვენი პოზიცია ხან ერთი პოლიტიკური ჯგუფისთვის იქნება მისაღები, ხან მეორესთვის. ამ საკითხზე არ ვფიქრობთ. კანონიერებასა და სამართლიანობას ვერც პოლიტიკური ჯგუფების და ვერც საზოგადოების კეთილგანწყობაზე ვერ გავცვლით. სინამდვილეში, ჩვენი მხრიდან სწორედ ასეთი მიდგომა შედის საზოგადოების ჭეშმარიტ ინტერესებში, ამის ღრმად მწამს...

რამდენიმე სასწრაფო საქმის მოგვარების შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრაზე წავედით. წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. ჩვენც და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გვაქვს შენიშვნები. არის საკითხები, რომლებსაც დისკუსია სჭირდება, მაგრამ ძნელია არ დაეთანხმო არასაპარლამენტო ოპოზიციის გულისწყრომას იმის შესახებ, რომ ხელისუფლებამ გადაიფიქრა მისი და არასაპარლამენტო ოპოზიციის დიდი უმრავლესობის ხელმოწერილი მემორანდუმის შესრულება. ნდობა, დიალოგი, მიღწეული შეთანხმების თუ მიცემული სიტყვის პატივისცემა ძალიან სჭირდება ჩვენს პოლიტიკურ პროცესებს (და არა მარტო პოლიტიკურ პროცესებს). ასეთი შეთანხმების დარღვევის გამართლება არგუმენტებით თითქმის შეუძლებელია.

შეხვედრიდან სხვა შეხვედრაზე წავედი, შემდეგ საიაში დავბრუნდი. ჟურნალისტების ჯარი დამხვდა. პროკურატურამ ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე, რომელშიც საიაც ჩართულია, პრესკონფერენცია გამართა და საქმეში არსებული ძალიან ბევრი კითხვის თუ საეჭვო გარემოების ახსნა სცადა. გარეგნულად დამაჯერებელი გამოვიდა. მაგრამ შინაარსობრივად და სამართლებრივად უფრო მეტი კითხვა გაჩნდა. ჟურნალისტები ითხოვენ ჩვენს შეფასებას. ვუთხარი, შევისწავლით და ხვალ გაგაცნობთ ჩვენს პოზიციას-მეთქი. მათთვის ეს კომენტარიც მისაღები აღმოჩნდა.

წავიდნენ ჟურნალისტები, მოვიდნენ მოქალაქეები, სხვა ჟურნალისტები, თანამშრომლები... ტელეფონი სტაბილურად რეკავს, ბევრს ვერ ვპასუხობ. მძიმე იყო შავებში ჩაცმულ ორ ქალბატონთან შეხვედრა, ახალგაზრდა ბიჭები გაურკვეველ ვითარებაში დაეღუპათ. ერთი შემთხვევა შვიდი წლის წინ მოხდა და გამოძიებამ ვერაფერი თქვა. დედას ეჭვი აქვს, რომ ეს მკვლელობა პოლიციელებმა ჩაიდინეს და ამიტომაც დაიბლოკა გამოძიება. ძალიან სანდომიანი და სათნო ქალბატონი იყო, ამ ისტორიას ისე მიყვებოდა, შემძრა მისმა ტრაგედიამ. შევთანხმდით, რომ, თუ უახლოეს მომავალში გამოძიება კვლავ უმოქმედო იქნება, საია დაეხმარება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთვის მიმართვაში...

სახლში გვიან მივედი. თინის და ალექსანდრეს ეძინათ. სადილ-ვახშამი ერთად მქონდა. ცოტა ამოვისუნთქე და პასუხგაუცემელ მეილებს მივუბრუნდი.

23 ივლისი, სამშაბათი
არანაკლებ დაძაბული დღე გამოვიდა სამშაბათი. კვლავ ტელეფონი, უამრავი მეილი და წერილი, თანამშრომლები, მოქალაქეეები, ჟურნალისტები.

ბევრ მოქალაქეს ადვოკატთან არა, თავმჯდომარესთან შეხვედრა სურს, ყველას თავისი საქმე მიაჩნია ადამიანის უფლებათა დარღვევის განსაკუთრებულ შემთხვევად. ერთი მოქალაქე მოვიდა და არაფრით არ წავიდა, სანამ არ შევხვდი. მთხოვა, პრესკონფერეცია ჩამეტარებინა იმის შესახებ, რომ 15 წლის წინ სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს. უარი რომ ვუთხარით, უსაქმური გრანტიჭამიები გვიწოდა და წავიდა გაბრაზებული.

ეს უსიამოვნო ინციდენტი ერთმა წერილმა გაანეიტრალა. მოქალაქეები მადლობას გვიხდიდნენ საიას თელავის ოფისის საქმიანობისთვის. შვიდ რეგიონულ ოფისს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საიას წარმატებაში.

ჩამოვწერე, რა უნდა გამეკეთებინა, მაგრამ დღის ამბები, როგორც წესი, ცვლის გეგმებს. თითქმის ყოველდღე რაღაც ხდება ისეთი, რასაც, უბრალოდ, გვერდს ვერ აუვლი და რაც დამატებით დროს დაგახარჯვინებს.

საიას იურიდიული დახმარების ცენტრში ტრადიციული უწყვეტი რიგია. თუ ვინმეს სადმე რაიმე ჩახლართული სამართლებრივი პრობლემა აქვს და ვერ აგვარებს, ბოლო რჩევას ასეთს ღებულობს: წადი საიაში! ისიც მოდის და შემოგყურებს, როგორც ბოლო იმედს. ბევრს შრომობენ ჩვენი იურისტები. როცა წლების წინ საიაში ადვოკატად დავიწყე მუშაობა და ამდენი სამართლებრივი პრობლემის მქონე ადამიანი დავინახე, გადავწყვიტე, შესვენებებით არ მესარგებლა და მოქალაქეები უწყვეტ რეჟიმში მიმეღო. არ მომწონდა, როცა ჩემი თანამშრომლები შესვენებით სარგებლობდნენ და გარეთ მოქალაქეები გველოდებოდნენ. თანამშრომლებმა ჩემს ამ შენიშვნას ღიმილით უპასუხეს, ცოტა ხანში მიხვდები, რაშიც არის საქმეო. რამოდენიმე კვირაში ისე გადავიღალე, ვეღარ ვაზროვნებდი და იძულებული გავხდი, შესვენებით მეც მესარგებლა. მერე მივხვდი ჩემი თანამშრომლების ღიმილის მიზეზს. როგორც ჩანს, თავიდან ისინიც ჩემნაირად იქცეოდნენ, მაგრამ ბენეფიციართა დიდმა რაოდენობამ ისინი მალე დაარწმუნა შესვენების აუცილებლობაში... გადის წლები და საიაში დახმარებისთვის მოსულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება. გამკლავება სულ უფრო გვიჭირს.

იმ დღეს რამდენიმე საათი ერთ გახმაურებულ საქმეზე ვიმუშავე. 19:30-ზე პრესკონფერენცია გვქონდა, სამართალდამცველი ორგანოების კრიტიკა მოგვიწია. მათი მუშაობის მონიტორინგი ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ახლა, როდესაც საზოგადოება წლების განმავლობაში ნდობაშელახული სამართალდამცველი ორგანოების მუშაობას შეჰყურებს, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ წარსულის შეცდომები არ განმეორდეს და თუ ამის რაიმე ნიშნები გამოვლინდა, ჩვენი როლი ის არის, რომ საქმეების თეთრი ძაფით შეკერვის საშუალება არ მივცეთ. თუ ასეთმა ცდუნებამ რამდენიმეჯერ გაიმარჯვა, ეს ტენდენციაში გადაიზრდება, ასეთი ტენდენციები კი ისევ იმავე პრობლემებთან მიგვიყვანს, რასაც უარი ეთქვა. ვერ ვხვდები, რატომ არის რთული იმის მიხვედრა, რომ მსგავსი საქმეები პირველ რიგში სწორედ სამართალდამცველთა ნდობაზე იმოქმედებს უარყოფითად. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ იქ მუშაობს ვიღაც, ვინც საქმეს სპეციალურად აფუჭებს...

ის ადამიანი, ვის საქმეზეც პრესკონფერენცია გვქონდა და მისი ახლობლები გვიანობამდე საიას ოფისში დარჩნენ, გარეთ გასვლის ეშინოდათ, ამბობენ, რომ ვიღაცები მანქანებით დაჰყვებიან, მათ სახლს უთვალთვალებენ, ბავშვები მუდმივ შიშსა და სტრესში არიან. ეს უნდა დამთავრდეს...

ისინი გვიან გავაცილე, ერთი საათი კიდევ რაღაცები ვწერე და სამუშაო დღეც დავამთავრე. სახლში მივედი, ალექსანდრეს და თინის ეძინათ. ვისადილ-ვივახშმე, ფოსტა შევამოწმე, დავიძინე.

24 ივლისი, ოთხშაბათი
დღეს რამდენიმე შეხვედრა მქონდა დაგეგმილი. შევხვდი ბრაზილიისა და შვეიცარიის ელჩებს. ორივე ძალიან კარგი და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავალით დაინტერესებული ადამიანია. შვეიცარიის ელჩმა ჩემი (და არა მარტო ჩემი) ძალიან დიდი პატივისცემა დაიმსახურა 15 მარტის წერილით, რომელშიც მან ზოგიერთი ევროპელი კოლეგის არათანმიმდევრული და არასწორი პოზიციები გააკრიტიკა და ძალიან ბევრ საკითხზე სწორი ხედვა დააფიქსირა. მაშინ მომინდა, როგორც რიგით მოქალაქეს, მადლობის წერილი მიმეწერა მისთვის... შეხვედრაზე ადამიანის უფლებების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე ვისაუბრეთ. შინაარსიანი და სასიამოვო შეხვედრა გამოვიდა...

პარლამენტში აქტიური მუშაობა მიდის და ჩვენც ერთობლივად ვმუშაობთ რამდენიმე კანონპროექტზე, ვწერთ დასკვნებს. საკომიტეტო განხილვების დროს ჩვენი თანამშრომლები ცდილობენ ორგანიზაციის მოსაზრებების დაფიქსირებას და რეკომენდაციების შეთავაზებას. ამ დღეებში, სამწუხაროდ, მათ არცთუ კონსტრუქციული სამუშაო გარემო დახვდათ პარლამენტში, რამდენიმეჯერ კატეგორიულად მოსთხოვეს მიკროფონების გამორთვა. ცუდი ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ასევე მიუღებელი ცვლილებები შედის სამოქალაქო კოდექსში და კანონში სააღსრულებო წარმოების შესახებ. იმედია, ეს ცვლილებები არ გავა და სახელმწიფო უკვე დასრულებულ კერძო სამართლებრივ ურთიერთობაში არ ჩაერევა. დეპუტატებს კანონპროექტებზე ჩვენი დასკვნები გავუგზავნეთ, ვასაბუთებთ, რომ ამ ცვლილებების მიღება არ შეიძლება. ამ მოწვევის პარლამენტში, წინასთან შედარებით, ჯანსაღი აზრი უფრო ჭრის და ამის იმედი გვაქვს. თუმცა, უიმედო სიტუაციაშიც ჩვენ ჩვენსას ვცდილობთ ხოლმე...

როგორც იქნა, შედარებით ადრე მივედი სახლში - 10 საათზე. ალექსანდრეს მაინც ვერ მივუსწარი. ძლივს მოვერიე მისი გაღვიძების ცდუნებას. თინის ვუთხარი, რადიო თავისუფლებისთვის ერთი კვირის დღიურს ვწერ-მეთქი. რა პრობლემაა მერეო, მიპასუხა. აღწერე ერთი დღე და დანარჩენ დღეებში კოპი-პეისტი გააკეთეო. გამეცინა.

„მრავალფეროვნების“ მიზნით, მეილების გადახედვა და განცხადების დაწერა დილისთვის გადავდე.

25 ივლისი, ხუთშაბათი
ადრე ავდექი, ალექსანდრეს დავასწარი გაღვიძება, რაც იშვიათად ხდება ხოლმე. თინიც ადრე ადგა და აუზზე წავიდა. ალექსანდრე პაპას ჩავაბარეთ. კარგ გუნებაზე იყო, იცინოდა, მხიარულობდა, სხვადასხვა ნივთებს აქეთ-იქით ყრიდა. გემრიელად მიირთვა ფაფა, მადას არ უჩივის. საიაში წასვლამდე ათი წუთი თამაში მოვასწარი მასთან.

თინი არ შემცდარა: დღეები ერთმანეთს ჰგავს. მართალია, საკითხები განსხვავებული და მრავალფეროვანია, მაგრამ დატვირთულობა უცვლელია: ტელეფონი, შეხვედრები, იურიდიული მსჯელობები, მოქალაქეები, წერილები...

ერთი შემთხვევა დამამახსოვრდა, საიას მუშაობის რიტმს კარგად აღწერს: 2012 წლის ბოლოს, როდესაც ახალ წლამდე ორი დღე იყო დარჩენილი (ღამის საათები იყო), მე და ეკა ფოფხაძე ვმუშაობდით. შემოვიდა ერთი თანამშრომელი, რაღაც საკითხი გავიარეთ და გასვლისას გვეუბნება, მაიას ტომის კალენდარის თანახმად, ორ დღეში აპოკალიფსი იქნებაო. ეკა რაღაცას წერდა, არც აუხედავს, ისე უპასუხა: მოიცა, რა დროს სამყაროს აღსასრულია, ეს კვლევა მაქვს მოსასწრებიო...

მხოლოდ სამართლებრივ საკითხებს არა უშავს, სხვა საკითხები უფრო დამღლელია. დღეს რამდენიმე ადამიანმა დამირეკა და სამსახურის შოვნაში დახმარება მთხოვა. თუ ორჯერ-სამჯერ ტელევიზორში გამოჩნდები, არცთუ ცოტას ჰგონია, რომ საკმაო გავლენა გაქვს და „საქმეების მოგვარება“ შეგიძლია. ეს წარმოდგენა კიდევ უფრო მყარდება, თუ ჟურნალისტებთან ყოველდღიური ურთიერთობა გიწევს. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს აფხაზეთის დაბრუნებაზე მეტად სამსახურის დაწყება სურთ. ამ ვითარებაში არ მიკვირს, რომ არცთუ იშვიათია სამსახურის პოვნაში დახმარების თხოვნის შემცველი ზარები. ვუხსნი, რომ საიაში მუშაობის დაწყების გზა კონკურსია, სადაც მე და საკონკურსო კომისიის წევრი თანამშრომლები ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას და მხოლოდ საუკეთესოს აქვს წარმატების შანსი. ამაზე პასუხია, რომ საიაში თუ არ გამოდის, მაშინ სხვაგან იყოს, არაა პრობლემაო. ერთმა ნაცნობმა პირდაპირ მითხრა, ჩემს შვილს ბანკში უნდა ოპერატორად მუშაობა და იქნებ დაურეკო ბანკის მმართველსო...

ვკითხულობ და ხელს ვაწერ ჩვენი ადვოკატების მიერ მომზადებულ პასუხებს პატიმრებისთვის, რომლებიც, სამწუხაროდ, ძირითადად ამ შინაარსისაა: „მოცემულ შემთხვევაში, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი არ არსებობს. იუსტიციის სამინისტრო გეგმავს მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი სახელმწიფო კომისიის შექმნას, რა შემთხვევაშიც, სავარაუდოდ, გექნებათ შესაძლებლობა, განცხადებით მიმართოთ ამ კომისიას.“ ასეთი წერილები ჩვენი მუშაობის ყოველდღიურობაა, უამრავი ადამიანი ეძებს სამართალს. ადამიანის უფლებების კუთხით ახალ ხელისუფლებას უმძიმესი მემკვიდრეობა ერგო.

ტრადიციულად გვიან მივდივარ სახლში. თინი მწყრალი თვალებით მიყურებს (ვიცი რატომაც), თუმცა სადილ-ვახშმისთვის სუფრა გამიშალა. იცის, რომ მერე ისევ კომპიუტერს უნდა მივუჯდე. ბოლო დროს რამდენიმეჯერ მითხრა, შენ, მგონი, საია უფრო გიყვარსო. ამაზე მეცინება და ვპასუხობ ხოლმე: როგორ არ უნდა მიყვარდეს, შენ ხომ იქ გაგიცანი და შენ რომ არ გამეცანი, არც ალექსანდრე გვეყოლებოდა-მეთქი.

26 ივლისი, პარასკევი
მთელი დღე ვცდილობ, კვირის განმავლობაში დაგროვილი საქმეები როგორმე მოვასწრო. ბევრი კარგი გეგმა და იდეა მაქვს, მინდა მათ განხორციელებაზე ვიფიქრო. ყოველდღიური ამბები ხელს მიშლის, ადამიანები სამართალს ეძებენ, დახმარებას გთხოვენ და ძნელია, არც კი შეხვდე. მაგრამ რას ვიზამ, სხვაგვარად არ გამოდის და ხშირად მოქალაქეებს ვერ ვხვდები. არადა, უამრავი საინტერესო ისტორია და შემაძრწუნებელი ამბავია... რას უნდა გავხდეთ ჩვენ ამ პრობლემების ზღვაში, არ ვიცი, მაგრამ ცდას არ ვაკლებთ.

ემოციები თითქოს ცოტა ჩაცხრა, მაგრამ ბევრი მოქალაქე ჯერ კიდევ იმედის თვალით მოელის იმ ბედნიერი დღის დადგომას, როდესაც სამართლიანობა აღდგება. კოჰაბიტაცია და სამართლიანობის აღდგენა არის ის ორი საკითხი, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე ხშირად გვესმის. მაგრამ ამ სიტყვების შინაარსს, მგონი, ყველა თავისებურად ხსნის. დარწმუნებული ვარ, ის პოლიტიკოსები, რომლებიც სამართლიანობის აღდგენის დაპირებას ადრე უფრო თამამად და ახლა უფრო მოკრძალებით იძლევიან, ამ სიტყვების შინაარსს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ. ვერ ვიტყვი, რომ ამ მხრივ არაფერი გაკეთებულა, მაგრამ უსამართლობა ისეთი მასშტაბური იყო, რომ გაკეთებული, ფაქტობრივად, არ ჩანს. საჭიროა ამ ფილოსოფიურმა კატეგორიამ რეალური ფორმა შეიძინოს და ხელისუფლებამ შექმნას დოკუმენტი, სადაც გაწერილი იქნება, თუ რა იგულისხმება სამართლიანობის აღდგენაში, რა სტრატეგია აქვს ხელისუფლებას, დარღვეულ უფლებათაგან რომელი, რა მასშტაბით, რა ფორმით და როდის უნდა აღდგეს. არავის აქვს ილუზია, რომ რაც დაირღვა, ყველაფერი აღდგება, ეს შეუძლებელია. მაგრამ ხალხს აქვს უფლება იცოდეს ხელისუფლების ხედვა ამ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საარჩევნო დაპირებასთან მიმართებით. საიაში მოდის წერილები, ადამიანები ჰყვებიან თავიანთ ისტორიებს, დამაჯერებლს, დაუჯერებელს, ვცდილობთ დახმარებას, მაგრამ სათანადო მექანიზმების შექმნის, სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან სწორი პოზოციის შემუშავების გარეშე ჩვენი მცდელობები, უმეტეს შემთხვევაში, კონკრეტული შედეგების მიუღწევლად მთავრდება.

ვკითხულობ და ხელს ვაწერ წერილებს, ვეცნობი ახალ ინიციატივებს, ვგეგმავთ ახალ პროექტებს...

27 ივლისი, შაბათი
დილით ალექსანდრესთან ცოტა გავერთე და რადიო თავისუფლების დღიურის წერას შევუდექი. დროის უქონლობის გამო კვირის დღეებში მხოლოდ ფრაგმენტულად ვწერე, გამოტოვებულ ადგილებს ვავსებ. „თავისუფლების დღიურების“ დამთავრების შემდეგ თინისთან და ალექსანდრესთან ერთად სადმე ბუნებაში სეირნობას ვგეგმავ: რამდენიმე საათი თავისუფლებით ტკბობა არც მე მაწყენდა...
XS
SM
MD
LG