Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა თოლორდავა - მუსიკის კრიტიკოსი


16 ივნისი, კვირა
... ფრანგულ თეთრ ღვინოს ვსვამდი თბილისის ერთ-ერთ ღია კაფეში, მარინამ რომ დამირეკა და ჩანაწერების გაკეთება მთხოვა „თავისუფლების დღიურებისთვის“. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ბოლოს და ბოლოს, მე ხომ ვეტერანი „დღიურისტი“ ვარ (ან, შეიძლება, „უდღიურისტი“?!). 2001-ში დავიწყე, თუ არ ვცდები, და 2008-მდე დღე არ ჩამიგდია. მახსოვს კიდეც, რამ გადამაწყვეტინა დღიურების წერა - უილიამ ბეროუზის ინტერვიუს ვკითხულობდი, სადაც ის ჰყვებოდა, როგორ ყოფდა ფურცელს ორ სვეტად: ერთში, უბრალოდ, მოვლენებს აფიქსირებდა, მეორეში კი ყველა იმ აზრს, რაც თავში მოსდიოდა.

შიშისგან გული მისკდება, როდესაც ვფიქრობ, რომ ვინმე როდისმე გადაეყრება ამ დღიურებს! ისე, ცუდი არც არაფერი, მაგრამ მაინც... მერე კი, ერთ მშვენიერ დღეს, დაახლოებით 2009 წლის მარტიდან დაწყებული, მას შემდეგ, რაც „მაგნუმის“ ფოტოსააგენტოს პროექტის, „ქართული გაზაფხულის“ ადგილობრივი პროდიუსერი გავხდი, დღიურების წერას შევეშვი და იმ ცივი გაზაფხულიდან მოყოლებული, თითქმის დღე არ ჩამიგდია, მომხდარო მოვლენები ფოტოზე რომ არ დამეფიქსირებინა. უზარმაზარი ფოტოარქივი დამიგროვდა! ეგეც ხომ დღიურებია?

ნაცნობ-მეგობრების დიდი ნაწილი სულ მეჯიჯღინება, მათ რომ ვუღებ ხოლმე, თუმცა მერე ჩუმ-ჩუმად მთხოვენ თავიანთ ფოტოებს. ვერ მოგართვით! თანაც, ჩემს არქივში ყველანი დაჯღანულები ხართ! რატომ? იმიტომ, რომ თქვენკენ დამიზნებულ კამერას რომ ხედავთ, იჯღანებით და ჰყვირით: „ნუ მიღებ! ნუ მიღებ! ფოტოებზე კარგად არ გამოვდივარ!“ ვხუმრობ. თუმცა, ფოტოებს მაინც არ მოგცემთ, კარგი?! ერთადერთი, რასაც გპირდებით, ისაა, რომ ამ ფოტოებს არსად არასდროს გამოვფენ. ისიც კი არ მესმის კარგად, რატომ დავიწყე „ფოტოგრაფობა“ - ამბიცია მაწუხებს თუ გურამ წიბახაშვილი მინდა ვიყო? მეორე ვარიანტი მირჩევნია! სხვათა შორის, იმ არქივში რამეს ან ვინმეს რომ ვეძებ ხოლმე, ვხვდები, როგორ დაეტყოთ წლები ჩემს მეგობრებს და ახლობლებს. ზოგჯერ, კი როდესაც ვინმე ჩემი გარდაცვლილი მეგობარი მომენატრება, საათობით ვზივარ კომპიუტურთან და მათ ფოტოებს ვათვალიერებ. გუშინ საღამოს გიო ცინცაძის დღე იყო. ერთი კვირის წინ ისევ და ისევ ლევან რამიშვილის. ზოგჯერ მინდა, კომპიუტერის ეკრანი ავლოკო ხოლმე...
თავისუფლების დღიურები - კახა თოლორდავა
please wait

No media source currently available

0:00 0:14:01 0:00
გადმოწერა

მარინასთან საუბარს მოვრჩი და ჭიქაში ჩარჩენილი ღვინო ჩავცალე. ჰედონისტის დღიურები! თბილისში დიდებული ამინდია, თან ცხელა, თან არა. დღეს კვირაა. მე თან ვისვენებ, თან არა, იმიტომ, რომ მე სულ ვმუშაობ! ასეა მას შემდეგ, რაც „უცნობი მუსიკის“ ავტორი და წამყვანი გავხდი ჯერ საზოგადოებრივი რადიოს არხზე, მერე კი ამ ყველაფერს ამავე გადაცემის ტელევერსიაც დაემატა. ტვინი სულ ბზრიალებს. ამდენს მუსიკაზე, მგონი, მოცარტიც არ ფიქრობდა! გია ხადური და მე ალბათ სულ ორნი ვართ მთელ ქალაქში, ვისაც მუსიკაზე ფიქრი გვევალება და ამაში ფულს გვიხდიან. ზეგ ახალი გადაცემა უნდა ჩავწეროთ, ამჯერად ვიბრაფონის ისტორია უნდა მოვყვეთ და ვისაუბროთ მათზე, ვინც ამ ინსტრუმენტის საუნდი „მოარჯულა“. ამიტომაც მომდევნო რამდენიმე დღის ყველა ჩემი „საუნდთრეკი“ ვიბრაფონის ვერცხლისფერი ბგერა იქნება...

და კიდევ, მინდა, რომ ამ ჩანაწერებში ის ლამაზი ჭრელი გველი მოხვდეს, ვაკე-საბურთალოს გზაზე რომ გადავეყარე დღეს დილით, ველოსიპედით სეირნობისას. სულ ერთი წუთით შევჩერდი იპოდრომის ოდნავ ზემოთ, ბენზინის გასამართ სადგურამდე არმისული, მინდოდა, მუსიკა გამომეცვალა ჩემს iPod-ში და უეცრად, პერიფერიული მზერით, ვიღაცის თუ რაღაცის მოძრაობა შევნიშნე. გავიხედე და ის იქ იყო, ტროტუარზე, ჩემგან ერთი მეტრის დაშორებით: ჭრელი, გრძელი, დაგრაგნილი, შხამიანი. რამდენიმე წუთს ვათვალიერებდით ერთმანეთს. მერე კი გავბედე და ამოვღერღე: „წადი, შე კრეტინო, თორემ გაგჭყლეტს ვინმე!“ დამიჯერა! გრაციოზულად წამოიწია და იპოდრომის გამწვანების მიმართულებით გაცურა. არ ვიცოდი, გველებს ჩემი თუ ესმოდათ!

კვირას ისეთი აღარაფერი მომხდარა, სხვას რომ მოვუყვე...

17 ივნისი, ორშაბათი
არა, ხმამაღლა არ ვამბობ ხოლმე, მაგრამ ამ ბოლო დროს ასეთი რამ დამჩემდა: გავიღვიძებ, ლოგინზე წამოვჯდები და სადღაც, გულის სიღრმეში, ვიღაცას, ვინც ჩემი კიდევ ერთი გაღვიძებისთვისაა პასუხისმგებელი, მადლობას ვუხდი. დღეს დილითაც ასე მოხდა, მერე კი ჩემს ლოგინთან, იატაკზე მიმოყრილ წიგნებზე გამიშტერდა თვალი და აჰა, ის იქ იყო, რისაც ახლა ყველაზე უფრო „მეშინია“ – ჩემი ჯერ კიდევ ვერგამოტირებული მეგობრის, ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“. წიგნის გარეკანზე ირაკლის შავი, მკერდზე გაღეღილი ქურთუკი აცვია, შავი შლაპა ახურავს და სიგარეტს ეწევა. პირდაპირ თვალებში მიყურებს, აინტერესებს, „გავქაჩავ“ თუ ვერა. რამდენიმე თვის წინ, ვაღიარებ, საკმაოდ ნაჩქარევი თანხმობა ვუთხარი ქეთათოს, ირაკლის მეუღლეს, ქართულიდან ინგლისურად მეთარგმნა ირაკლის რომანი „მშვიდი ცურვა“. მერეღა მივხვდი, როგორ შარშიც გავეხვიე, მაგრამ ახლა უკვე გვიანაა. სულ რაღაც ორიოდე საათში მე კულტურის სამინისტროში ვიქნები და ხელს მოვაწერ კონტრაქტს, რომელიც საბოლოოდ მომიჭრის უკან დასახევ გზას. იმ წუთიდან მოყოლებული მთელი ჩემი პასუხისმგებლობა უკვე პირადად ირაკლის და არა იმ კონტრაქტის მიმართ მექნება.

„იმედია, არანაირი ფორს-მაჟორი არ მოხდება, ბატონო კახა“, - მეუბნება მოგვიანებით პროექტის კოორდინატორი იმედიანი ღიმილით. იმედია! წიგნს ვიღებ და რომელიღაც გვერდზე ვშლი. You don't know what you've got until you lose it („სანამ დაკარგავ, არ იცი რას ფლობ“) – თითქოს ჯინაზე, პირველს სწორედ ამ ფრაზას ვაწყდები. ეს ფრაზა ჯონ ლენონის სიმღერიდანაა. არ ვიცი, მგონია, რომ სანამ ირაკლი აქ იყო, ყოველთვის ვიცოდი, რასაც „ვფლობდი“. „კახა რატომ არ ახსენე შენს წიგნში?“ – უკითხავს თურმე ქეთათოს ირაკლისთვის. „იმიტომ, რომ კახა ცოხალია!“ – უპასუხია ირაკლის. ქეთათომ მომიყვა ეს ამბავი ირაკლის გარდაცვალების შემდეგ.

გარეთ მზეა. დღეს სიცხე იქნება. მე, ლოგინზე ვზივარ, ნახევრად შიშველი, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის წიგნით ხელში...

მერე კი: „დეეე, როგორ ხარ?!“ ეს კითხვა ჩემი ნებისმიერი დილის მანტრაა. ყოველდღე, ზუსტად დილის 10 საათზე, დედას ვურეკავ ხოლმე და სულ მგონია, რომ ასე გაგრძელდება უსასრულოდ. ქალბატონი დალი დღესაც კარგადაა. ქალბატონ დალის აინტერესებს, რას მივირთმევ სადილად. ქალბატონ დალის დღესაც ბევრი საქმე აქვს. უკვე კარგი დასაწყისია!

დღის პირველ ნახევარს სამშაბათის გადაცემისათვის მზადებაში ვატარებ. მოვუსმენ უამრავ ვიბრაფონისტს. მათ შორის რედ ნორვოს, ლაიონელ ჰემპტონს, მილტ ჯეკსონს, კოლ ჯეიდერს, გერი ბარტონს, ბობი ჰატჩერსონს, მათიას ლუპრის, სტივ ნელსონს, ჯეისონ ადაშევიჩს; სტივ რაიხის და ფილიპ გლასის ნაწარმოებს მარიმბასა და ვიბრაფონისთვის... მოკლედ, როგორც ამბობენ, ჩემს სტიქიაში ვარ. ჩემი სამუშაო მაგიდა სხვადასხვა დროს გამოსული ჯაზ-ჟურნალებითა და მუსიკალური წიგნებითაა გაძეძგილი. ბინიდან ისეთი კარგი მუსიკა ისმის, რომ უბნის ყველა მტრედი ჩემი აივნის მოაჯირზეა ჩამომჯდარი. ფრთების შერხევაზეც კი არ ფიქრობენ, როდესაც აივანზე გავდივარ. „ჰაა, დაგევასათ ჰატჩერსონი?“ – ვეკითხები. თითქოს მეთანხმებიან.

რა უბედურებაა ეს ლაყაფი გველებთან და მტრედებთან?!

მოგვიანებით, ჯერ დედასთან მივდივარ სადილად, მერე კი ილიას უნივერსიტეტის საჯარო ლექციაზე, რომელიც პირდაპირ ქუჩაში იმართება. „მაგარი სექსი რომ გქონდეს ამ კვირის განმავლობაში, დღიურებში შეიყვან?“ – მეკითხება ერთი ჩემი მეგობარი. სწორედ ამ დროს ვიღებ ჩემი შვილის SMS-ს. ანეკდოტია: „რატომ იღრიჭება სულ სტივი უანდერი?“ პასუხი: „არ იცის, რომ ზანგია!“ აი, რით ერთობიან მოსკოველი ტინეიჯერები! საპასუხო კითხვას ვუგზავნი: „ლუი არმსტრონგი რატომ იღრიჭებოდა სულ?“ სულ ათი წამი დაჭირდა პასუხის მოსაწერად: „იცის, რომ ზანგია და იმიტომ?“

არც დღეს საღამოს მომხდარა ისეთი რამ, სხვას რომ მოვუყვე...

18 ივნისი, სამშაბათი
მამაჩემი 2004-ის აპრილში გარდაიცვალა. მას შემდეგ ის ყველა იმ ჩემს სიზმარშია, რაც მამახსოვრდება ხოლმე. როგორც წესი, სადმე კუთხეში ზის ჩუმად და თვალყურს მადევნებს. არ ვიცი, რაზე ფიქრობს. იშვიათად თუ გამომელაპარაკება, მაგრამ გუშინ მომიახლოვდა და მისაყვედურა: „კახ, ვიცი, რომ ბევრს არ სვამ, მაგრამ მაინც, ვნერვიულობ!“ – რომ გავიღვიძე, ეს ფრაზა ჯერ კიდევ ყურში ჩამესმოდა. გრძელი და ჩახლართული სიზმარი იყო. მხოლოდ დილის შხაპის მიღების დროს შევეპასუხე: „რა გინდა ჩემგან, რომელი ალკოჰოლიკი მე მნახე?!” – ჩავიბურდღუნე ჩემთვის.

მოჟამული, თუმცა მაინც, ლამის მხიარული დილაა. დღეს გადაცემას ვწერთ. ფინჯანი ყავა და წიწიბურა. ჯერ კიდევ გუშინ საღამოს გადავწყვიტე, რომ მკაცრი „ჯარიმის“ ღირსი ვარ, რაც ნიშნავს იმას, რომ შემდეგი სამი დღის განმავლობაში მხოლოდ წიწიბურას შევჭამ. სწორედ უგემურად მომზადებული წიწიბურას ჭამის დროს გამახსენდა ფრაზა „ბჰაგავაგიტადან“, რომელსაც უკვე, მგონი, მეხუთე დღეა ვიხსენებ, მაგრამ ჯიუტად უარს ვამბობ წიგნში ჩახედვაზე: „განტოტილი და უსასრულოა მერყევთა ბუნება!“

დილის „საუნდტრეკი“ ისევ ბობი ჰატჩერსონი და მისი ალბომი Patterns-ია. მოკლედ, ეს კვირა ვიბრაფონის ბგერის კვირაა.

გია ხადური 11-ზე მოვიდა. სწრაფად დავგეგმეთ, რას და რამდენს ვილაპარაკებთ ჩაწერაზე, თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მოგვიანებით, უკვე გადაცემის ჩაწერის დროს, ფესტივალ-რესტორაცია „დივანში“, რაღაც კარგად ვერ ვეწყობით და შეუთანხმებლად ვმოქმედებთ. ხდება ხოლმე ზოგჯერ ასე, როდესაც ორ ადამიანს ბევრი აქვს სათქმელი, დრო კი ცოტაა, თანაც ჩვენს გადასაღებ მოედანზე, როგორც წესი, იმდენი ხელისშემშლელი რამ ხდება, რომ ზოგჯერ თვითონ გვიკვირს, როგორ ვახერხებთ ამდენს...

ჩაწერის შემდეგ თითქმის მთელი დღე მეძინა. მიუხედავად იმისა, რომ კამერების წინ მუშაობის არ მეშინია, შიგნიდან მაინც ძალიან ვნერვიულობ. ჩაწერის შემდეგ ნაცემივით ვარ ხოლმე. რომ გამეღვიძა, ჯერ შვილს „ვესკაიპე“, მერე კი ისევ დავწექი და ბერტრან ტავერნიეს დიდებულ Round Midnight-ს შევხედე. ვისაც ნანახი არ აქვს, უნდა გამონახოს დრო და აუცილებლად ნახოს ეს ფილმი.

მგონი, ვიცი, როგორც უნდა ავაწყო ხვალინდელი გადაცემა. ვცდილობ, არ ვიფიქრო იმაზე, რომ ჩემი შვილი ჯერ ვერ ჩამოდის თბილისში...

19 ივნისი, ოთხშაბათი
ოთხშაბათს და ხუთშაბათს გადაცემას ვამონტაჟებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ დილიდან გვიან საღამომდე სამონტაჟოში ვატარებ გიასთან და გიორგისთან, ჩვენს მემონტაჟესთან ერთად. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში ჩემთვის ეს ორი დღე სინამდვილეში ერთი გრძელი დღეა. ეს ორი დღე არასდროს მღლის, შემიძლია 24 საათის განმავლობაში შეუსვენებლად ვიმუშავო, მერე კი ფეხით წავიდე სადმე ვაზისუბანში ან გლდანში და ფოტოები ვიღო, ან, უბრალოდ, ვისეირნო და იქაურებს ვესაუბრო.

20 ივნისი, ხუთშაბათი
სულ რამდენიმე კვირის წინ(ოთხშაბათი იყო, მონტაჟის პირველი დღე) ჯერ ვიმუშავე, მერე კი ფეხით წავედი აეროპორტში, ყავა დავლიე და ფეხითვე დავბრუნდი უკან. აი, ასეთი გიჟი ვხდები, როდესაც თბილისზე მიდგება საქმე. ეს ქალაქი ამოუწურავი ინსპირაციის წყაროა ჩემთვის; დღევანდელ თბილისს ვგულისხმობ, არა ძველს. ამ კვირას ასე არ ხდება, - ვმუშაობთ, გადაცემას ვასრულებთ (რაღაცას დავამსგავსეთ, მგონი), მერე კი ჯერ დედასთან მივდივარ, იქიდან კი მეგობრებთან შესახვედრად. ჰო, ამასობაში ვიგებ, რომ ზაფხულში მე და ჩემი შვილი, ალბათ, ბულგარეთის ერთ-ერთ კურორტზე შევხვდებით ერთმანეთს. ერთი წლის წინ ლარამ, დედამისმა, რომელიღაც ფეშენებელური სასტუმროს ბოლო სართული შეისყიდა და სულ მთხოვს, ერთხელ მაინც ჩავიდე იქ დასასვენებლად. ჩვენი კარის მეზობელი ბულგარეთში ფილიპ კირკოროვია. ვინ იცის, იქნებ აგვისტოს ბოლოსთვის მე და ფილიპოკი დავძმაკაცდეთ კიდეც!

სანამ ეს მოხდება, საღამოს, მე და გია ბარაბაძე აბაშიძეზე ვსხედვართ და ვსაუბრობთ კინოზე და ღვინოზე. რაღაც მომენტში გია ასეთ ფრაზას ამბობს: „...უნდათ, რომ ქართული ღვინო შეფუთონ!“ ორივეს გვიკვირს, რატომ ვერ „შევფუთეთ“ ამდენი ხნის განმავლობაში ეს ქვეყანა, ეს სიმღერა, ეს ჩაი, ეს ღვინო, ეს ტერიტორია, ეს კულტურა, ეს სული... ვფუთე, ვფუთე, ვერ შევფუთე – ესაა საქართველო, ჩვენ კი სხვების სულთა-მფუთავები ვართ! უკვე რამდენიმე დღეა, ქართველები ერთმანეთს სიცხეს უზომავენ. ყველას აინტერესებს, უნდა შევხედოთ იმ წამების და გაუპატიურების კადრებს თუ არა...

დაძინებამდე ვკითხულობ ოლივერ საქსის „მუსიკოფილიას“. მას შემდეგ, რაც ამ ექვსი წლის წინ უარი ვთქვი ტელევიზორზე, წაკითხული წიგნების რიცხვი დღითიდღე კატასტროფულად იზრდება. ვატყობ, რომ ეს ცუდი არაა ჩემთვის, ტვინი სხვანაირად ამუშავდა. სინათლის გამოსართავად რომ გავიწიე, რომელიღაც წიგნს გავკარი ხელი. წიგნი იატაკზე დავარდა, გადაიშალა და იქიდან ძველი ფოტო გადმოცურდა. ფოტოზე მე, გიორგი თოფურია და ირაკლი კოსტავა ერმიტაჟის წინ ვდგავართ ლენინგრადში. მაშინ ოცი წლისანი ვიყავით. გიორგი ამერიკაშია, ირაკლი ცოცხალი აღარაა... ჩაძინებამდე ირაკლის აქცენტით ვამბობ: „რა იყო შეჩემა, რა დაგემართა!“

21 ივნისი, პარასკევი
მაშ ასე, კვირის „უცნობი მუსიკის“ ტელევერსია მზადაა, ხვალ დილით ხვალინდელი რადიოეთერის თემასაც მივხედავ (არ ვიცი, ან ტერი რაილიზე გავაკეთებ გადაცემას, ან სულაც პაულინ ოლივეიროსზე და მის ნელა მბრუნავ მუსიკაზე. დღეს კი ვისვენებ! რა თქმა უნდა, არა მთელი დღით. ვინ მომცა ამის ფუფუნება?! როგორ ისვენებს ძია კახა? აი, ასე: დილის ათი საათისათვის უკვე ველოსიპედზე ვარ; მარშრუტი ჯერ დადგენილი არ მაქვს, თუმცა ვიცი, რომ ძალიან შორს ვერ წავალ, ძალიან არ უნდა დავიღალო. სამაგიეროდ, ვიცი, რასაც მოვუსმენ; ეს ჯერ „ტამე იმპალა“ იქნება, ახალი ავსტრალიური ბენდი, გასული საუკუნის სამოციანი წლების ფსიქოდელიური სენსიტიურობით; მერე კი სამოცდაათიანების „პროგრესივს“ შევუდგები, რადგანაც ვიცი, რომ ადრე თუ გვიან გადაცემის გაკეთება მომიწევს ამ პერიოდზე. მარშრუტი კი შემდეგი აღმოჩნდა: თამარაშვილიდან იპოდრომის და ახალი გზის გავლით პლეხანოვზე, იქიდან პარალელური ქუჩებით ვორონცოვზე, მერე კი - საარბრიუკენის მოედნის და მშრალი ხიდის გავლით - პუშკინის ქუჩიდან თავისუფლებაზე და რუსთაველით ჭავჭავაძეზე დედაჩემისკენ, ვაკის საცურაო აუზთან. ეს „ვოიაჟები“ ცალკე დღიურის თემაა, ამ დროს თვალი და ყური ვარ, ამას კი ხუთი გვერდი, უბრალოდ, არ ეყოფა!

სამაგიეროდ, სახლში რომ ვბრუნდები, მახსენდება ისეთი რამ, რაც სრულიად ამომივარდა თავიდან კვირის განმავლობაში. ეს კარგი დასასრული იქნება ამ ჩანაწევრებისათვის. უკვე წელიწადზე მეტია, ლეონარდ კოენის ბოლო კრებულის თარგმანი მაქვს დაწყებული და ლექსს, რომელზეც ორიოდე კვირის წინ შევჩერდი, ასეთი სათაური აქვს: „საყვარელო დღიურო“. ლექსის თარგმანი დასრულებული არაა, ეს შავი ვარიანტია:

უფრო დიდი ხარ ვიდრე ბიბლია, „ჩიტების საუბარი“ და „უპანიშადები“ ერთად აღებული.
წმინდა წერილებზე უფრო მკაცრიც, ხამურაბის კანონებზე არაფერს ვამბობ.
უფრო საშიში ხარ, ვიდრე ტაძრის კარს მილურსმული ლუთერის თეზისები.
უფრო ტკბილი, ვიდრე იგავნი სოლომონისა
„გილგამეშზე“ ძლიერი
და ისლანდიურ საგებზე უფრო უფრო მამაციც.
მადლიერებით ვხრი თავს მათ წინაშე,
ვინც ცხოვრებას წირავს ყოველდღიური საიდუმლოს შესანახად.
საყვარელო დღიურო, ცუდად ნუ გამიგებ, მაგრამ ყველა წმინდა ტექსტზე წმინდა ხარ
ზოგჯერ კი ჩემი ერთი დღის უბრალო მოვლენები უფრო წმინდაა, ვიდრე ადამიანის უფლებათა ქარტია.
უფრო დაძაბულიც...

ეჰ, კიდევ რამდენი რამ მოხდა ამ ერთი კვირის განმავლობაში...

22 ივნისი, შაბათი
ყავა, „დეე, როგორ ხარ?“ და ახალი ამბები ინტერნეტში. ტიბეტელი ბერები, რომლებიც ახლა დალაი ლამასთან ერთად მოგზაურობენ, 29 ივნისს გლასტონბერის პოპ-ფესტივალზე გამოვლენ. ფესტივალის ჰედლაინერები Rolling Stones-ია. მაგრად „გაპაპსავდა“ ეს სამყარო! იქნებ ერთ მშვენიერ დღეს ქართველი ბერების სიმღერაც მოისმინონ გლასტონბერიზე მისულმა დაბოლილმა ხალხმა?! რატომაც არა? ტაბურეტკების სროლას სიმღერა არ ჯობია?

მე კი დღეს, სამ საათზე, რადიო თავისუფლებაში „გავპაპსავდები“ ამ ჩემი დღიურით...
XS
SM
MD
LG