Accessibility links

logo-print

14 თებერვალი, კვირა

ნებისმიერი საქმის დაწყება მიჭირს. ვიქმნი განწყობას. ვფიქრობ. ვალაგებ თავში. მერე გავილაწუნებ სახეში რამე მწარე სიტყვას, რომელიც გამომაფხიზლებს და ვიწყებ. აი, რომ დავიწყებ, ვეღარ ვჩერდები.

12 საათზე გავახილე თვალები. ადგომას არ ვჩქარობდი. არსად ვაპირებდი გასვლას. თან, წინა ღამეები გათენებული მქონდა და დასვენება მჭირდებოდა. ვერ ვალაგებ ჩემი დღის განრიგს ისე, რომ თავის დროზე ყველაფერი მოვასწრო და გვიან დაძინება არ მომიწიოს. ორგანიზმმა ეს გააპროტესტა და, შედეგად, წნევამ ამიწია. სამაგიეროდ, კვირა დღეს, ასე ვთქვათ, ზერელედ ვიღვიძებ. საქმეები დავამთავრე. ეს დღეები სათემო რადიოს კოდექსზე ვმუშაობდი. შემეძლო, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები „გადმომეკატავებინა“, მაგრამ ეს რადიო რიგითი მედიასაშუალება არ არის. იმდენი პასუხისმგებლობა აკისრია, თან მარნეულში! იმდენი პრობლემაა...

ოთახის კარი ღიაა. ესე იგი, დილით დედამ შემოიხედა და დამხედა. სულ ასე აკეთებს, სანამ ქვემოთ ჩავა. ტრადიციულად, ტელეფონს მოვკიდე ხელი. მინდოდა, მუსიკა ჩამერთო.

წერილი დამხვდა, სიყვარულის დღისადმი მოძღვნილი მოლოცვა. უცებ გამიხარდა, თან გულისტკივილი გამახსენა. ტყუილზე აგებული ურთიერთობა მოკლევადიანია, თუმცა მას გრძელვადიანი ტკივილი მოჰყვება.

დიდი ფუმფულა ხალათი მოვიცვი და ქვემოთ, სამზარეულოში ჩავედი. ჩაი დავისხი. ისე, სულ ყავას ვსვამ. თერმოსითაც კი დამაქვს. მაგრამ დღეს შემიძლია, თუნდაც ძილისგან გაბრუებულმა ვიარო.

დედა ლენას ესაუბრება „ვაიბერით“. ბაქოში ცხოვრობს და დღეში რამდენჯერმე ასე უყვებიან ერთმანეთს ახალ ამბებს. არზუმ ბაღში დაიწყო სიარული. ყველას ძალიან გვაინტერესებს, როგორ ეგუება ახალ გარემოს.

ჩაის სმა ჯერ არ დამისრულებია, წამებში მაგიდაზე გატარებული ხორცი და კომბოსტოს ფოთლები მხვდება. „ტოლმა???“ − განწირული ხმით ვკითხე დედას.

− ჩვენს ოჯახში ყველა დღესასწაულზე კეთდება ტოლმა! ვალენტინმა რა დააშავა? − მშვიდი, თავდაჯერებული ტონით მიპასუხა.

ბევრი ვიწვალე. ეს კომბოსტოს ფოთლები არ მემორჩილებოდნენ. თან ვფიქრობდი: „ნუთუ ასე უნდა გავატარო ეს დღე?“ თავში ვალაგებ თბილისში წასვლის გეგმას. ვეძებ მიზეზს. ჩემს მშობლებს უნდა ავუხსნა, თუ რატომ მივდივარ სახლიდან. სწავლა, შეხვედრა, ტრენინგი... ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება, მშობლიური სახლიდან წასვლის სურვილი გაგიჩნდეს. მე კი, რაც თავი მახსოვს, სულ ვცდილობ, გავიქცე და, ნაბოლარა შვილმა, მშობლების გადამეტებული ზრუნვისგან ცოტა დავისვენო.

ვალენტინმა მაინც გაამართლა. მშობლებს ვეუბნები, რომ გოგოები ვიკრიბებით, სიყვარულის დღეა, ბოლოს და ბოლოს. გულის სიღრმეში ძალიან განიცდიან ჩემს „გაუთხოვრობას“. და, ვიდრე ისინი ამბობენ: „მეცოდება, გაერთოს, სულ მარნეულში ხომ არ იჯდება ჩვენთან“, მე წასასვლელად ვემზადები.

4 საათი დაიწყო. მამა მეუბნება, მანქანა გაგირეცხეო. შემრცხვა უცებ. ორი კვირაა, ვპირდები მას და ჩემს თავს, რომ მანქანას გავრეცხავდი. დაახლოებით 10 წუთი ამაზე ლექციები მოვისმინე. ბოლოს მკითხა, მაქვს თუ არა საწვავი და მერე ოთახიდან გავედი.

ორი წელი იქნება, რაც მანქანას ვმართავ: მამაჩემის დაჟინებით, ყოველდღიური ლექციებით, დაცინვით, ხვეწნით, მე ეს გავაკეთე. შვიდი წელი იქნება, რაც ორ მისამართზე ვცხოვრობ: თბილისსა და მარნეულში. საზოგადოებრივი ტრანსპორტის ლოდინი, მთვრალი, სუნიანი თანამგზავრები, პროდუქტის ჩამოტანა და სახლამდე მიტანა... ბრრრ! მახსოვს, GIPA-ში რომ ვსწავლობდი, პირველი ექვსი თვე ყოველდღე დავდიოდი მარნეულში. ჩემმა ჯგუფელებმა მთელი ეს ექვსი თვე არც კი იცოდნენ, რომ შეიძლება ყოველდღე „რაიონში“ იარო. ლექციების დამთავრებისთანავე სადგურზე მივრბოდი, რომ სამარშრუტო ტაქსისთვის მიმესწრო. თანაკურსელებს ეგონათ, რომ უჟმური და უკონტაქტო ვიყავი. ან ჩემს ტრადიციაში არ ჯდებოდა მეგობრებთან ერთად ლუდის დალევა და გასეირნება.

მშვიდად ჩამოვედი თბილისის ბინაში. „საკონტროლო“ ზარი მამას, რომ ყველაფერი კარგად არის. დავკიდე ყურმილი და ყავა მოვიდუღე. ექვსი წელი იქნება, რაც მე და მაიკო ერთ ბინაში ვცხოვრობთ. მეხუთე სართულის დაშენებაა, ამიტომ ერთმანეთს „კარლსონები“ შევარქვით. ჩვენს მეგობრობას ცალკე დღიური უნდა მიეძღვნას.

მაიკოს მაშინვე მივწერე, დღიურების წერა შემომთავაზეს-მეთქი, ძალიან გაუხარდა... ჩემი ყველაფერი უხარია, თან ძალიან ემოციურად. პირველი, რაც მკითხა, ჩემზეც ხომ დაწერო? ჰოდა, ჯერ პირველი დღეა და მე უკვე დავწერე შენზე.

15 თებერვალი, ორშაბათი

მაღვიძარამ გამაღვიძა. რა აუტანელი ხმა აქვს, პირდაპირ ტვინში გირტყამს. მაიასჯერ ისევ ეძინა. მალე მისი მაღვიძარაც დარეკავს. უნდა ავდგე. თვალები მეხუჭება. ისევ გვიან დავიძინეთ. მე და მაიას სალაპარაკო არ გველევა. მაგრამ ახლა დიდი გეგმები გვაქვს, რომლებზეც არ მინდა ლაპარაკი.

მარნეულის სათემო რადიოს წყალობით მე ფიგაროს როლი ავითვისე და ან მარნეულიდან თბილისში მეჩქარება, ან პირიქით, თბილისიდან მარნეულში. მაიკოს კი, ჰერკულესის გარდა, სახლში არაფერი აქვს. თუმცა არა, არაჟანიც ჰქონია. როგორ მიყვარს რამე კერძის მომზადება! ჩვენი მეგობარი თამუნა სამსახურიდან რომ გამოგვივლის ხოლმე და ერთად ვვახშმობთ, ამბობს, თავი „კათარზისში“ მგონიაო. გამოცხობა დიდად არ მაინტერესებს, კერძების მომზადების პროცესი უფრო მეტი ექსპერიმენტის საშუალებას იძლევა. თავად შემიძლია განვსაზღვრო, რამდენი და რა მჭირდება იმისთვის, რომ გემრიელი გამოვიდეს.

ადგომიდან 15 წუთში მზად ვიყავი. საერთოდ, უფრო მეტი დრო მჭირდება ხოლმე, მაგრამ დღეს გადავწყვიტე, მაკიაჟი არ გამეკეთებინა. მთელი ერთი საათი დავზოგე. თბილისის საცობებს თავი დავაღწიე, რუსთავისა და მარნეულის გზაგასაყარს მივაღწიე, ამ ადგილს რატომღაც „ტეკს“ ეძახიან, არც კი ვიცი, რას ნიშნავს. იქ დგანან მოქალაქეები და ტრანსპორტს ელოდებიან. სულ მარტო დავდივარ და სურვილი მიჩნდება, ვინმე ჩავისვა. თან მეშინია, არასწორად არ გამიგონ, ვინმე ცუდი არ შემხვდეს, არ დამაყაჩაღონ. ამ სურვილით დავდივარ ყოველ ჯერზე. და ახლაც... ეს სურვილი შევადარე ცხოვრებას: შენ ხარ საკუთარი ცხოვრების მძღოლი და, ვისაც ჩაისვამ, ის გამოგყვება. ან კარგი იქნება, ან ისეთი, რომ მხოლოდ მისამართამდე მიყვანა სჭირდება. ან ისეთი, ვინც არ მოგეწონება და ერთი სული გექნება, ჩამოსვა.

პირდაპირ რადიოში მივედი. მამას ეწყინა, ჯერ სახლში რომ არ გავიარე. მაგრამ დღეს ძალიან ბევრი საქმე მაქვს. ჟურნალისტებთან ერთად პარასკევის გადაცემის თემა უნდა განვიხილო, მერე ოლღასთან ერთად პროექტი მაქვს დასაწერი. რადიოს თებერვლის ბოლოს დაფინანსება უწყდება და ახლის ძიებაში ვართ. მარტო მიჭირს წერა. „ორ გვერდზე აღწერეთ პროექტი“ − არ შემიძლია. როგორ ავუხსნა ორი წინადადებით, რომ ჩემს ჟურნალისტ ამილს ცხოვრება უკეთესობისკენ ეცვლება? ან რომ, მაგალითად, მისი ჩაცმულობა და სახის გამომეტყველება რადიოში მუშაობის პერიოდში შეიცვალა. მან დაიჯერა, რომ აქვს შანსი, არ მიჰყვეს დინებას. მისი ცხოვრების კალაპოტი იცვლება. ამილი ქართული ენის კურსებზე ჩაეწერა. მითხრა, ჩემი ბრალია, აქამდე რომ არ ვისწავლე, ახლა ნამდვილად მჭირდებაო. ამილსა და ფარვინს საახალწლოდ ზურგჩანთები ვაჩუქე. როცა ბორჯომში ტრენინგზე წავედით, ფარვინმა ტანსაცმელი პარკით წამოიღო. სხვა ყველა ჩანთებითა და ჩემოდნებით იყო. მითხრა, აწი მეც ვიყიდი, დამჭირდებაო. ახლა სამკერდე „ბეჯითა“ და ზურგჩანთით დადის და მიაჩნია, რომ ასე გამოიყურება ჟურნალისტი. ფიქრობს საკუთარ მომავალზე, უნდა, რომ უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა. ეს უკვე კარგია. მოკლედ, სათემო რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტებზე უსასრულოდ შემიძლია საუბარი. ესენი რომ არ ყოფილიყვნენ, მე ამ საქმეს ხელს არ მოვკიდებდი.

პარასკევის გადაცემის თემა იყო, რა იციან მარნეულელებმა სხვა რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზე. მაგალითად, გორელებსა და ნინოწმინდელებზე სამცხე-ჯავახეთში. სტერეოტიპებისკენ მივდიოდით... საერთოდ, უამრავ სტერეოტიპთან მიწევს ბრძოლა! ხანდახან ვფიქრობ, რომ მამაჩემი ან ძალიან მაგარია, ან მაგარია იმიტომ, რომ მე ძალიან ვუყვარვარ. დედის რელიგიის მიმდევარი გავხდი და კისერზე ჯვარი ღიად დავიკიდე; მამას არასოდეს უთქვამს, რომ ამაზე რაიონში ჭორაობენ, მის სისუსტეზე იცინიან, თითქოს ცოლმა აჯობა. მე კი სულ ვამბობ, რომ ნებისმიერი რელიგია სიყვარულია და მათი ერთობლივი თანაარსებობაც შესაძლებელია. აი, მარტივად, კულინარიის მაგალითს რომ შევადაროთ, საცივი და ბრინჯის ფლავი სუფრაზე ერთმანეთს ხელს არ უშლიან, მეტიც, თუ ბრინჯს საცივს მოვასხამთ, გემრიელ კერძს მივიღებთ.

ოლღასთან ოფისში გავედი. ის ჩემი ბიოლოგიის მასწავლებელი იყო. მერე რადიოს პროექტში შევხვდით ერთმანეთს. მაშინ გადავლახეთ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ბარიერი. ერთმანეთის კარგად გვესმის. ძლიერი მენეჯერია − მუნიციპალურ საბავშვო ბაღებს ხელმძღვანელობს, თან წარმატებულად; ამავე დროს, ექვსი შვილის დედაა, მათ შორის, სამი ულამაზესი ტყუპი გოგონასი. ოლღას ოფისში ცოტა ციოდა. ყავა მოვიდუღეთ და საქმეს შევუდექით. მე ვუხსნიდი, რას გავაკეთებ და რა მინდა, ოლღას კი მოკლე და გამართული წინადადებებით ეს ყველაფერი ქაღალდზე გადაჰქონდა. 2006 წლიდან მოყოლებული, არაერთი პროექტი დაგვიწერია იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიპოვოთ სამაუწყებლო ტალღა. გასაგებია, რომ 2006 წელს კომისიას არ ჰქონდა გააზრებული, რა არის სათემო რადიო და აშინებდა ღია მიკროფონის პრინციპი. მაგრამ ეს საკითხი დღემდე მოუგვარებელია. სულ არკვევენ, საჭიროა თუ არა მარნეულში სათემო რადიო. ადამიანს სჭირდება აზრის გამოთქმა, ინფორმაციის მიღება იმ ენაზე, რომელიც ესმის. მარნეულელები რატომ უნდა იყვნენ ჩაკეტილები? მათ უნდა ჰქონდეთ არჩევანის უფლება, სჭირდებათ ეს. რატომ იღებენ ზოგიერთები საკუთარ თავზე ასეთ დიდ პასუხისმგებლობას და წყვეტენ, სჭირდებათ თუ არა, აქვთ თუ არა უფლება?

შინ გვიან მივედი, გაყინული. მთელი დღის უჭმელი ვიყავი და ვერც კი გავიაზრე, როგორ შევჭამე ყველაფერი. მხოლოდ შემდეგ გამახსენდა, რომ დიეტა უნდა დამეცვა. მოკლედ, ჩემებს დღის ამბებს მოვუყევი. მივწექი დივანზე და გავიფიქრე, ცოტა ხანში ავდგები და ინგლისურს ვიმეცადინებ-მეთქი.

დედა რუსული სერიალების მოყვარულია. საღამოს მიუჯდება ტელევიზორს და ისე გადადის ერთი სერიალიდან მეორეზე, რომ ვერც კი ვხვდები, როდის დამთავრდა ერთი და დაიწყო მეორე. დედა დივანის კუთხეშია ხოლმე მოკალათებული, გვერდით მამა უზის. მამას არ უყვარს სერიალები. თუმცა, არც აპროტესტებს. სხვა ოთახში გასვლას ურჩევნია, მეუღლის გვერდით იყოს და უყუროს იმას, რაც არ უნდა.

ინგლისურში ბევრი დავალება დამიგროვდა. უკვე მერამდენე მცდელობაა, რომ ბოლომდე მივიყვანო. ცოტა ხანს საკუთარ თავს ვეჯუჯღუნე და ბოლოს ავსტრალიის შესახებ ტექსტის კითხვა დავიწყე.

ღამის სამი საათი დაიწყო. ხვალ დილითვე რადიოში უნდა მივიდე, მოვასწრო აუცილებელი საქმეები და საღამოს თბილისში წავიდე ინგლისურის გაკვეთილზე დასასწრებად.

16 თებერვალი, სამშაბათი

ტრადიციულად, მიჭირს დილით ადგომა. ეს გამთბარი ლოგინი ისეთი ოხერია, არ გიშვებს. ოთახის კარი დაკეტილია. ეტყობა, დედას სკოლაში აგვიანდება და ჩემთვის ვერ მოიცალა. ამ ბოლო დროს ძალიან მივივიწყე გაპრანჭვა. ისე კი ძალიან მიყვარს. ორი ჯინსის შარვალი მაქვს ამოჩემებული და ხან ერთს ვიცვამ, ხან მეორეს. მოკლე თმა მაქვს და დავარცხნა არ სჭირდება.

თერმოსში ყავა ჩავისხი და რადიოსკენ წავედი. ჩემი სახლიდან ხუთი წუთის სავალზეა. გზაში სიარულისას მუსიკის მოსმენა მიყვარს, თუმცა ამ გზაზე ერთი სიმღერის მოსმენასაც ვერ ვასწრებ. დღეს კარგი დღეა. რადიო დუღს, ყველა ადგილზეა. თვალს უხარია! ოთახში შესვლას ვერ ვასწრებ, მიყვებიან, რას და როგორ აკეთებენ, რა ხდება მარნეულში, რა ახალი იდეები აქვთ. ფარვინმა საავტორო გადაცემა უნდა ჩაწეროს. გოგოებმა ღვეზელები მოიტანეს, ჩაი მოამზადეს.

თავიდანვე მინდოდა, რადიოში მეგობრული გარემო შემექმნა. დღეს რომ ვუყურებდი, გავიფიქრე: მგონი, გამომივიდა! ფარვინს ვკითხე, ჩაწერა რომელ საათზე გაქვს-მეთქი. აღმოჩნდა, რომ არ იყო მომზადებული. არადა, თემა გასულ კვირაში დავგეგმეთ. თან თვითონ შემომთავაზა: ქალმა და მამაკაცმა ქორწინებამდე უნდა ჩაიტარონ თუ არა სამედიცინო გამოკვლევა? აქტუალური თემაა მარნეულისთვის. ჩვენთან ხომ ყველაფერში ქალია დამნაშავე...

ფარვინმა მიამბო, რომ ერთი მისი ახლობელი მეორედ გათხოვდა და შვილი ეყოლა. პირველ ქმართან ექვსი წელი ცხოვრობდა, მაგრამ შვილი არ უჩნდებოდა. და როცა ქალმა მეორე ქმრისგან გააჩინა ბავშვი, პირველი ქმარი მხოლოდ მაშინ დაფიქრდა, რომ პრობლემა შეიძლება მას ჰქონოდა. ჩვენს საზოგადოებაში ეს თემა მხოლოდ ვიწრო წრეში განიხილება. ამიტომ ჩვენ უნდა გავასაჯაროოთ და ვიმსჯელოთ.

გავუბრაზდი, რომ სულ რაღაც ერთ საათში აპირებდა გადაცემისთვის მომზადებას. წინა დღეებში ჩიოდა, რომ სოფელში საქონელს უვლიდა და ეს სუნი არ შორდებოდა. ვუთხარი, თუ ასე გააგრძელე, სულ საქონლის მოვლით იქნები დაკავებული, ნუთუ არ გინდა ამის შეცვლა-მეთქი?! ეწყინა. მე კი ჩემს თავზე გავბრაზდი, ასე უხეშად რომ ვუთხარი. წავიდა. დღეს სამსახურში აღარ დაბრუნებულა.

უკვე ხუთი საათი ხდება, თბილისში წასვლის დრო მოახლოვდა. ინგლისურის გაკვეთილი გვიან მაქვს, მაგრამ სიბნელეში მანქანის მართვა არ მიყვარს, მირჩევნია, დღისით ვიარო.

თბილისში საცობია, განსაკუთრებით − ყაზბეგის გამზირზე. სულ მაინტერესებს, ამ სისტემას რამე ეშველება თუ არა. ერთი შუქნიშანი გაფუჭდა და მთლიანად პარალიზებულია მოძრაობა.

დამირეკა ანუკამ. სამსახურიდან გამომივლის. მაია, ანუკა, თამუნა, ხათუნა − ეს GIPA-ს სამეგობროა. საოცარი ხალხია! ერთმანეთისგან აბსოლუტურად განვსხვავდებით, მაგრამ შვიდი წელია, ვმეგობრობთ. მე ანუკას შვილის ნათლია ვარ. ვხუმრობ ხოლმე: მამედოვამ მაისურაძე გააქრისტიანა! მესმის, როგორ ამოდის ანუკა კიბეზე, კარს ვუღებ. თმა შეიღება და მოვიდა, რომ მანახოს. ძალიან მიყვარს ცვლილებები. ზოგჯერ წელამდე ვიზრდი თმას, ახლა კი ნახევარი თავი გადაპარსული მაქვს. ანუკას და მაიკოს ერთი რამ სჭირთ: ეშინიათ, ვარცხნილობაში ცვლილებები შეიტანონ. კარგია, მომეწონა და გამეხარდა მისი ახალი სტილი. ცოტა ვიჭორავეთ. ნიკუშას ამბებს მომიყვა. ამასობაში ინგლისურზე წასვლის დროც მოვიდა. ბოლომდე მეცადინეობა ვერ მოვასწარი. ტატიშვილის ქუჩაზე მივდივარ. ვიწრო ქუჩაა და ძნელია მანქანის გაჩერება. ინგლისურს თუ ვერა, პარკირებას აუცილებლად ვისწავლი! ჯერ კიდევ არ გამომდის.

გაკვეთილის მერე ჩემს მეგობარ ელზას დავურეკე. მილიონი წელია, ერთმანეთი არ გვინახავს. ელზა ტელევიზიაში მუშაობის დროს გავიცანი. სამაგალითო ადამიანია ჩემთვის. მასთან სახლში ავედი. დედამ დამირეკა. ვუთხარი, რომ სახლში ვარ... მერე რა მოხდა, რომ ეს ელზას სახლია. ზეთისხილს ვჭამდით და არჩევანის უფლებაზე ვსაუბრობდით. რა თქმა უნდა, რადიოზეც მოვუყევი. დღეს მაია ვერ ვნახე. სახლში რომ დავბრუნდი, უკვე ეძინა...

17 თებერვალი, ოთხშაბათი

საკუთარი თავის მობილიზება მოვახდინე. დღეს პოტენციურ დონორს უნდა შევხვდე. ლურჯი ქვედაბოლო ჩავიცვი, ჩემს ყვითელ პალტოს მოუხდება. მაკიაჟი გავიკეთე, თვალებზე „ისრები“ პირველივე მცდელობით დავიხატე. ამან იმედი მომცა, რომ დღე კარგად ჩაივლის. ასეთ შეხვედრებზე ვნერვიულობ ხოლმე. ვცდილობ, აზრებს წინასწარ მოვუყარო თავი, მაგრამ არაფერი გამომდის. რადიოს ვრთავ და შეხვედრაზე მივდივარ. იქაც ცალმხრივი, პატარა ქუჩაა. გასაჩერებელი ადგილი ვნახე. უკან მანქანების რიგი დადგა. ღმერთო, ოღონდ პირველივე მცდელობით დამაყენებინე ეს მანქანა და არაფერს გთხოვ! ვერ გავუძლებ ამ მძღოლების ცინიკურ დაცინვას და საყვირის ხმებს. „ისრების“ არ იყოს, ესეც გამომივიდა! არა, დღეს ნამდვილად კარგი დღეა!

ოლღა ჰოლში დამხვდა. ველოდებით. ავდივართ ოთახში. საერთოდ არ მიჭირს იმაზე საუბარი, რაც ნამდვილად ვიცი და მჯერა. ეს ბოლო ხუთი თვეა, ღამღამობით რომ ვწვები, რადიოს მომავალზე ვფიქრობ. ვფიქრობ, რეალური, სწორი ნაბიჯებით ყველაფერი გამოვა. დაფინანსების შემთხვევაში, ჩვენი ორგანიზაციისთვის ეს პირველი დამოუკიდებელი პროექტი იქნება. როცა ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ მარტში, შესაძლოა, ხელფასი არ იყოს, აქეთ დაიწყეს ჩემი დაწყნარება. ალბათ, ის ამბავი გაახსენდათ, რომ მოვუყევი, ყველა გზა რომში მიდის-მეთქი, და ადვილი არ არის. ჩვენ უნდა შევძლოთ.

ვწერ ამ დღიურს და უკვე მგონია, რომ ძალიან მოსაბეზრებელი ხდება. ჩემი ყველა გზა ხომ რადიოში მიდის! კიდევ, კინოში მინდა. ამ ბოლო დროს დაქალები ვერ ვიცლით, რომ სადმე ერთად გავიდეთ. ყველა „ოსკარზე“ წარდგენილ ფილმებს განიხილავს. მე კი ერთიც არ მინახავს. საცეკვაოდაც მინდა წავიდე. ამ კვირაში ისევ არ გამოდის. ყველა ერთმანეთს ველოდებით.

მე და ოლღა კმაყოფილები გავედით შენობიდან. ოლღა განათლების რომელიღაც დეპარტამენტში მიდის, მე კი სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელს უნდა შევხვდე. კაფეში ველოდებოდი. გვერდით ოთხი გოგონა იჯდა. აზერბაიჯანულად საუბრობდნენ, ალბათ, სტუდენტები იყვნენ. როგორც ჩანს, მოსწონთ თბილისი, „სელფის“ გადაღება და ის, რომ კაფეში ჯდომით რეპუტაცია არ ელახებათ. აქ არის საშუალება, დაიკარგო, დაკარგო, იპოვო. სტუდენტობისას, თბილისში რომ გადმოვედი საცხოვრებლად, ერთმა ნათესავმა რაიონში ამბავი ჩაიტანა, კამილა ქალაქში ვიღაც ქართველთან ერთად ნახესო. ალბათ, კიდევ რამეს მიაყოლებდა, მაგრამ ჩემამდე ეს არ მოსულა. ამ ამბავს ჩემზე არ უმოქმედია, დედამ კი ძალიან ინერვიულა. ხშირად იხსენებს და მეუბნება, რომ უნდა უთხრას მის ნათესავ გოგონებზე, თბილისში რომ ცხოვრობენ ნაქირავებში.

დღესაც ინგლისური მაქვს! გაკვეთილიდან რომ მოვედი, მაიკო დივანზე მოკალათებული დამხვდა და მუშაობდა. მაღაზიაში ჩავედი. დიდი ხანია ვპირდები, რამე გემრიელს მოგიმზადებ-მეთქი. გადავწყვიტე, დღეს მოვამზადო.

მაღაზიაში გამყიდველი კარტოფილს მიწონიდა, როცა ყავისფერ ტონალურით გაზეთილი, მაღალ ქუსლებზე შემდგარი ქალი შემოვიდა. გოგონამ სთხოვა, დალოდებოდა, რასაც აგრესიის ტალღა და პრეტენზიები მოჰყვა. არადა, სულ სამი წუთი მოუწევდა ლოდინი. მეზიზღებიან ასეთები! სულ მინდა, სახლის ჩუსტი ჩავაცვა და ცივი წყლით ჩამოვურეცხო ეს ტონალური: იქნებ მის მიღმა იმალებოდეს ნორმალური ადამიანი.

ბორშჩი არ გამოვიდა. ორი ჭიქა თეთრი ღვინო დავლიე. ხვალ მარნეულში მივდივარ. პროექტისთვის რეკომენდაციებია გასათვალისწინებელი, საქმე ბოლომდეა მისაყვანი. მოკლედ, რთული დღე მელის.

18 თებერვალი, ხუთშაბათი

გზაში ვარ და მამამ დამირეკა, ექიმთან მიდის. ეს დღეები სუნთქვა უჭირს და გადაწყვიტა, წავიდეს. არ ვიცი, როგორ დაინახეს რენტგენში, რომ გული ცუდად ატარებს სისხლს. მაგრამ მამასთვის ეს უკვე არ არის მნიშვნელოვანი. ეშინია. წნევა აქვს მაღალი. ხელი უბუჟდება. მოკლედ, გულის შეტევისთვის ემზადება. ასეთი ხასიათი აქვს. აბაზანაში რაღაცას ცვლის, რომ ყურადღება გადაიტანოს.

მე და ოლღა კი ვცდილობთ, მობილიზებულად ვიმუშაოთ. მაგრამ ზუსტად დღეს მოუნდა ყველას ოლღასთან მოსვლა. ერთი ქალი მოვიდა ამბით, რომ მეგობრებს ბავშვი გაუჩნდათ დაუნის სინდრომით. გვთხოვა, გვერჩია ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც მშობლებს დაეხმარებოდნენ და დააკვალიანებდნენ. მოვუძებნეთ. თან გამიხარდა, რომ მშობლები ბავშვის სწორად აღზრდაზე ზრუნავენ.

დღის ბოლოს ვხვდები, რომ ინგლისურზე წასვლას ვეღარ მოვასწრებ. პროექტი უფრო მნიშვნელოვანია. პროექტის თავფურცელზე ღამის 12 საათზე დავარტყი ბეჭედი და ხელი მოვაწერე. ისე გავიყინე, ბოლოს ძლივსღა ვბეჭდავდი. ოლღა განიცდის, რომ მისმა გოგონებმა ისე დაიძინეს, დედამ სახლში ვერ მიუსწრო.

სახლში საშინლად დაღლილი დავბრუნდი. აბაზანაში შევედი და ძვლებმა ძლივს იგრძნო სითბო. მერე შუქი გაითიშა. მშობლები დაფაცურდნენ, აბაზანის კარზე მიკაკუნებდნენ და მიყვიროდნენ: „შვილო ნუ გეშინია!“ მეცინება ჩემს მოხუც მშობლებზე. ორი შვილი გაზარდეს და ცალკე გაუშვეს საცხოვრებლად, მე კი არ მაძლევენ საშუალებას, რომ ბავშვობას დავემშვიდობო.

გამოვედი. თბილი პლედი მოვიხვიე, შუქის მოსვლას ველოდები, თან ვთვლემ. ადრე მიყვარდა, შუქი რომ არ იყო. მამა პიანინოსთან ჯდებოდა და უკრავდა, ან კარტს ვთამაშობდით. ბავშვობაში მამა ზღაპარს მიყვებოდა თეთრ „მერსედესზე“, რომელიც მეყოლებოდა. ახლა ვეღარ დაველოდე შუქს. მითხრეს, რომ მალევე მოვიდა...

19 თებერვალი, პარასკევი

ისევ თბილისში მივდივარ. პროექტს ვაბარებ. დღეს ბებოს წლისთავია. დედას რუსთავში უნდოდა წასვლა, მაგრამ მამა ისევ განცდებშია და წნევა აწუხებს. ვწერ ძმას, რომ დაელაპარაკოს და დაამშვიდოს. ვიყურები სარკეში. თმა საშინლად გამეზარდა! იმედი მაქვს, მიშას დრო ექნება და თმას შემჭრის. პროექტი ჩავაბარე და მიშასთან წავედი. ცვლილებების დრო დადგა! თმის ფერი უნდა შევიცვალო. ჩემს ცხოვრებაში ბევრი ადამიანი გამოჩნდება და გაქრება, მაგრამ მიშა მუდამ იქნება.

მაგალითად, კლასელები გაქრნენ. ახლა მათთან ურთიერთობა ძალიან რთული მეჩვენება. ისე, რამდენჯერ უნდა გავიხსენო ეს სკოლის პერიოდი? თან, რა იყო გასახსენებელი? მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილის ახსნისას იმაზე ფიქრობდა, სად ეშოვნა ზამთრისთვის შეშა იაფად, თან ისეთი, ნესტიანი რომ არ ყოფილიყო.

სტანდარტული ფერები მომბეზრდა. კვირას მექნება სხვა ფერი, თუმცა კონკრეტულად რომელი, ჯერ თვითონაც არ ვიცი. მორიგი ექსპერიმენტი. მომწონს ჩემი განწყობა.

სახლში ავედი. რეპორტი მოვამზადე. ყავის ჭიქა არ გავრეცხე. მაინტერესებს, შეამჩნევს თუ არა მაია, თბილისში რომ ვიყავი. აღარ დავრჩი. მამა თავს უკეთ გრძნობს, როცა მის თვალწინ დავიარები. თან, შაბათ-კვირას ტრენინგი მიწევს.

ცვლილებების განწყობაზე ვარ... ჩემი ზაფხულის კაბები შევათვალიერე. ძალიან მინდა, ყვავილებიანი, ჰაეროვანი სარაფანა ჩავიცვა. ზუსტად ასახავს ჩემს განწყობას. ეს შარფები და პალტოები თითქოს მამძიმებს. მაგრამ არა... დავუბრუნდი რეალობას. ჩემი საყვარელი ჟურნალისტები ფეისბუკის დახურულ ჯგუფში ხან რას მეკითხებიან, ხან რას. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ვიდრე მუშაობის სტიმულს მივცემდი, ახლა კი ისე მონდომებულები არიან, ამოსუნთქვის საშუალებას აღარ მაძლევენ. არც კი ვიცი, სწორია ამის გამო წუწუნი? არა, მიხარია!

ახლა დავწერ ამ ბოლო წინადადებას და ჩემს მეგობარ ხათუნას ვთხოვ, გადახედოს... ჩემი რედაქტორ-მეგობარია. „თავისუფლების დღიურები“ კი ჰქვია, მაგრამ არ მინდა, რამე შეცდომა გამეპაროს.

20 თებერვალი, შაბათი

უძილო ღამემ, როგორც ყოველთვის, თავისი ჰქნა. მაღვიძარასთან ერთად კი ავდექი, მაგრამ თვალებში ყველაფერს გაორებულად ვხედავ. ამინდიც სუსხიანია, მაგრამ გარეთ გასვლა მაინც მომიწევს. ბევრი რამ უნდა მოვასწრო: რადიო თავისუფლებაში მელოდებიან ამ დღიურების ჩასაწერად, შემდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ვარ წასასვლელიტრენინგზე. დღეს მეგობრების ნახვას ვერ მოვახერხებ. საქმეებს გვიან მოვრჩები და მერე უნდა დავიძინო.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG