Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხათუნა ლაგაზიძე - პოლიტოლოგი


26 მაისი, კვირა
26 მაისი გათენდა, პირველი - „ნაციონალური“ ხელისუფლების დასრულების შემდეგ. ამინდმა არ გაგვანებივრა, მაგრამ, რაც მთავარია, არც ყოვლისწამლეკავი შიშია ჩაბუდებული სახსრებში და არც ავის მოლოდინით გაქვავებული სახეები გხვდება ქუჩაში. თუმცა, ერთი წელი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ საზოგადოებას კონსენსუსისთვის მიეღწია შარშან, 26 მაისის ღამეს დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით: ერთი ნაწილისთვის ის დღესაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აქციაა, მეორისთვის - რუსეთის მორიგი მზაკვრული ჩანაფიქრი. თუმცა, ფაქტი ერთია: საქართველოს მოქალაქეებმა განსხვავებული აზრის გამოხატვის სურვილისთვის საკუთარი სიცოცხლით აგეს პასუხი. დღეს განსხვავებული დღეა: უშიშარი, თუმცა უჟმური, წვიმიანი.

დილიდან გამოდარებას ველით მე და ჩემი ვაშლატამა; ყვავილების დღესასწაულზე ვაპირებდით დასწრებას, მაგრამ ამაოდ. საღამოს უკვე ბაზალეთზე, საზეიმო მიღებაზე წასვლის დრო დგება და აქუბარდია-ჯანგირაშვილის წყვილთან ერთად შევუყევი გზას ბაზალეთისკენ. დაგვხვდა მშვიდი და ნათელი გარემო და ყველა ერთად: „პოზიციაც“ და ოპოზიციაც, არასამთავრობო სექტორიც, მედიაც, სასულიერო (ბუნებრივია, ყველა კონფესიის) ელიტა და კულტურის მოღვაწეთა სხვადასხვა თაობა; თავისთავად, დიპლომატიური კორპუსი. რადგან დღეს კრიტიკა მომაკვდინებელ ცოდვად აღარ ითვლება, გიღიმიან ისინიც კი, ვისაც აკრიტიკებ: ზოგი გულწრფელად, ზოგიც - ნაძალადევად, უფრო მომავალი კრიტიკისგან თავის დაცვის სურვილით.

ვუსმენ პრემიერ-მინისტრს და ვხვდები, რა შორს წავსულვართ სახელმწიფოდ შედგომის გზაზე. დამოუკიდებლობის 24-ე წლისთავზე მთავრობის მეთაურის მისალოცი სიტყვის ქვაკუთხედი უმცირესობათა უფლებების დაცვის პრობლემა აღმოჩნდა.

ვბრუნდები სახლში და ვხვდები, რომ ამ ქვეყანაში ჩემი შვილის მომავლის აღარ მეშინია. თუმცა, არავინ იცის, როდემდე გასტანს სიმშვიდის განცდა.
თავისუფლების დღიურები - ხათუნა ლაგაზიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:15:06 0:00
გადმოწერა

27 მაისი, ორშაბათი
დილა, ტრადიციულად, ჩემი ბებერი ბუბას სველი ცხვირის შეხებით იწყება და ნიუსების გადახედვით გრძელდება. ანაც იღვიძებს და იწყება ბაღისთვის მზადების თავბრუდამხვევი პროცედურა. ერთი სული აქვს, როდის წავა ბაღში და შეუერთდება თავის ამერიკელ, ბრიტანელ, პოლონელ, სლოვაკ და ფრანგ ჯგუფელებს.

2 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის „რადიო 1“-ში ვარ სტუმრად ბატონ გოგი ჩოკოშვილთან. გადაცემა ძალზე საინტერესო და ინტერაქტიული გამოვიდა ათზე მეტი შემოსული ზარით. მსმენელთა ინტერესი გასაგებიც იყო: საუბარი ქვეყნის უსაფრთხოების ასპექტებს, პოლიტიკოსთა მხრიდან საზოგადოების მანიპულაციას და ამ კონტექსტში სექსუალურ და რელიგიურ უმცირესობათა პრობლემატიკის ხელოვნურად გამწვავებას ეხებოდა.

საღამოს „მაესტროში“ ვარ თეა სიჭინავასთან. განსახილველი თემა, ბუნებრივია, 26 მაისი და წინა კვირას განვითარებული მოვლენებია. ორი თანამოსაუბრე მყავს: ეროვნული მოძრაობის ლიდერები აკაკი ასათიანი და მამუკა გიორგაძე.

სახლში დაბრუნებულს, ანა დაძინებული მხვდება. ანას სიზმრებიც ისეთივე ჭრელი და ლამაზია, როგორიც მისი ბაღის ჯგუფელების შემადგენლობა; სიზმრების ენაც - ქართულ-რუსულ-ინგლისურის ნაზავი.

28 მაისი, სამშაბათი
დილა კვლავ ანათი იწყება. დღეს პირველი ტესტირება აქვს თავისი, იმედი მაქვს, წარმატებული ცხოვრების გზაზე: ინგლისურში, რუსულსა და ლოგიკაში. ტესტირებას მეც ვესწრები და ძალიან ამაყი ვარ: 100 შესაძლებლიდან დედას ანამ თითქმის 90 ქულა მოაგროვა. კარგა ხანს გამყვება ანას წარმატება დადებით საზრდოდ!

თუმცა, შუადღეზე რუსეთის მცოცავი აგრესიის ახალი ფაქტის მომსწრენი ვხდებით: ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რუსეთმა პირველად დაარღვია ტაიმ-აუტი და სოფელ დიცთან 200-300 მეტრით გადმოწია საოკუპაციო ზოლი. რუსული მხრიდან კომენტარს არავინ აკეთებს, საქართველოს ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც ეს პირველი რუსული ვანდალიზმია, დაბნეული და გაკვირვებულია და მკვეთრი კომენტარებისგან თავს იკავებს. მართლაც, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობისკენ გადადგმული ნაბიჯების და მკვეთრად შერბილებული რიტორიკის, ხოლო საქართველოს საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილში აშკარად თავჩენილი რუსეთისადმი ნოსტალგიის პირობებში, ერთი შეხედვით, სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა აწყობდეს რუსეთს საქართველოს მოსახლეობის გამოწვევა?! მომხდარ ფაქტზე საერთაშორისო რეაქციებიც არაფრისმთქმელი იყო, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს დასავლეთში საქართველოს მიმართ ინტერესის კლებაზე.

სახლში დაბრუნებულს, ჩემი 13 წლის სპანიელი ბუბა და ანა ერთმანეთს ასწრებენ, რომელი მომეგებება პირველი. ანა სადაცაა, ხუთი წლის გახდება და ბუბამ ახლახან ძლივს მისცა მოფერების უფლება, ისიც ამრეზით. დაბადებიდან პირველი ექვსი თვე კი ბუბა ანასკენ სულაც ზურგით ჯდებოდა, სიყვარულში შემცილებელი რომ არ დაენახა.

საღამოს, სოფო ხორგუანთან ერთად, მიწვეული ვარ ნინო რატიშვილის გადაცემა „ობიექტივში“. დღეს „ობიექტივისთვის“ მნიშვნელოვანი დღეა - მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყეს მაუწყებლობა მინიმუმ სამი წლით, რაც აშკარად იმოქმედებს საქართველოს ამომრჩევლის პოლიტიკურ სიმპათიებსა და განწყობებზე. ამჯერად, თემა უკვე საოკუპაციო ზოლის გადმოწევა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებია.

29 მაისი, ოთხშაბათი
პრაქტიკული პოლიტოლოგიის კურსის წაყვანა შემომთავაზეს ჟურნალისტებისთვის. ექვსი წელია, სალექციო კურსი აღარ მქონია, ამიტომ ჩემთვის ეს ახალი შესაძლებლობები და გამოწვევაა, რასაც სიამოვნებით ვიღებ.

სოციალურ ქსელში კვლავ ჩნდება ინფორმაცია 5 ივნისს რელიგიურ უმცირესობათა დაცვის მიზნით აქციის გამართვის თაობაზე. თუ ეს აქცია მართლაც გაიმართა და მძიმე შედეგით დასრულდა, დაბეჯითებით ვიტყვი, რომ მას და 17 მაისს საერთო ავტორი და რეჟისორი ჰყავდათ და შემსრულებლები მხოლოდ ბრმა იარაღია მათ ხელში. რელიგიური შეუწყნარებლობა საქართველოში არ შეიძლება არსებობდეს და თუ ვინმე ამ თემის გააქტიურებას შეეცდება, ის პირდაპირ და მიზანმიმართულად ურტყამს სახელმწიფოს უსაფრთხოების საფუძვლებს. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და ეთნიკურ-აღმსარებლობითი შემადგენლობის ქვეყანაში რელიგიური შეუწყნარებლობა სახელმწიფოებრიობის დასრულების ტოლფასია. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს აქტიური საინფორმაციო პრევენცია ამ თემის ხელოვნურად აგორების თავიდან ასაცილებლად.

უცხოურ მედიაში კიდევ ერთხელ გაიჟღერა აფხაზეთთან დაკავშირებით კოსოვოს ანალოგიის თემამ, ძალზე საინტერესო კონტექსტში, ჩვენთვის კარგად ცნობილი თომას დე ვაალის მიერ. დე ვაალი, მიმოიხილავს რა აფხაზეთში არსებულ ვითარებას, დასძენს: „მემარჯვენე ლეიბორისტები მხარს უჭერენ აფხაზური პასპორტების გაცემას და ცდილობენ, მიაღწიონ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს მხრიდან. ისინი მიიჩნევენ, რომ 20 ათასი ქართველი, რომელთაც აფხაზური პასპორტი მიიღეს, ნიშანია იმ აფხაზური სახელმწიფო პროექტისა, რომელიც თავის დროზე კოსოვოში მიიღეს - ‘ჯერ სტანდარტები, მერე სტატუსები’. კონსერვატორები კი უარს ამბობენ ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემაზე და თბილისთან რაიმე სახის ურთიერთობაზე.“ დე ვაალს აქვე მოჰყავს აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის, სტანისლავ ლაკობას კომენტარი, რომ გალში მცხოვრები ქართველებისთვის აფხაზური პასპორტების გაცემა აფხაზეთის „განადგურებას“ გამოიწვევს.

ვფიქრობ, დე ვაალის მიერ დაფიქსირებული აფხაზეთის დე ფაქტო პოლიტიკური ელიტის მიდგომები, საქართველოს ხელისუფლებისთვის არა მხოლოდ დაფიქრების, არამედ მოქმედების დიდ არეალს სახავს. მით უფრო, რომ აფხაზური პასპორტების აღიარების თემა, როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების კულუარებშიც განიხილება.

ანა გატაცებით უყვება მამას ტელეფონით თავისი „სატელევიზიო ნათლობის“ პერიპეტიებს. „მე-9 არხმა“ მოულოდნელად მთხოვა პირდაპირ ეთერში ჩართვა, ბავშვი ვერსად დავტოვე და ანა ერთი საათით „მე-9 არხის“ ყველაზე ცელქი შვილობილი გახდა: არც მაკიაჟის გაკეთება დაკლებია, არც ნიუსრუმში სირბილი და არც პროდიუსერების ყურადღება. ანას ძალიან უყვარს ტელევიზია და ჟურნალისტები, ოღონდ დღისით, ღამით კი დედა ზღაპრების წიგნით ხელში, საწოლთან ჩამომჯდარი უფრო ურჩევნია, ვიდრე ტელევიზიის ეკრანიდან მისთვის ჯერ კიდევ გაუგებარ თემებზე მოსაუბრე. მამასაც ძალიან უყვარს ჟურნალისტები, ოღონდ სტუმრად ოჯახში ან ურეკის სასტუმროში, სურს, დედამ ბიზნესს მიხედოს და არა პოლიტიკას და, მით უმეტეს, არ უნდა, პოლიტიკამ ცოლი წაართვას.

30 მაისი, ხუთშაბათი
საინტერესო ტენდენცია გაჩნდა უცხოურ გავლენიან მედიაში: სხვადასხვა გამოცემის ავტორები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება „რომის პაპზე დიდი კათოლიკეა“ ანუ მის ხელში საქართველო უფრო ახლოსაა ნატოში გაწევრიანებასთან, ვიდრე ოდესმე. მაგრამ თუ საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდა, ეს ბიძინა ივანიშვილის ბრალი კი არ იქნება, არამედ - რუსეთისა და გლობალური კონიუნქტურის. ვფიქრობ, არსებული ტენდენციის პიკანტური დაანონსებაა.

ნინო ბურჯანაძემ ოფიციალური განაცხადი გააკეთა საპრეზიდენტო კანდიდატობაზე და მკვეთრად მოხაზა ის მესიჯები და ამომრჩევლის ის ფართო სეგმენტი, რომლის მიმხრობასაც აპირებს. მისი პირველი მნიშვნელოვანი მესიჯი მოკლედ შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ: „არა გეი აღლუმს, არა პედოფილიას, არა ნარკოტიკების რეალიზაციას“, ანუ ბურჯანაძე აპელირებას აკეთებს ტრადიციულ ღირებულებებზე, ტრადიციულ კულტურაზე და ევროპას სთხოვს, მიიღოს საქართველო ისეთი, როგორიც არის. მრავლისმთქმელია მისი მეორე მესიჯიც: „დასავლეთთან კეკლუცობას თავი უნდა დავანებოთ და დავიწყოთ რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები. რეალისტები უნდა ვიყოთ. 30 წელი იმის ყვირილი, რომ ნატოს კარი ჩვენთვის ღიაა, არაფერს მოგვიტანს. ნატოს კარი ვერ იქნება ღია, თუ უარს არ ვიტყვით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რის მოგვარებაც მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობის დაბალანსებით შეიძლება.“ ასე და ამგვარად, ბურჯანაძემ თავისი ძირითადი სათქმელი მიუკიბვ-მოუკიბავად თქვა, სათქმელი, რომელიც ადვილად გასაგები და მისაღებია დღევანდელი ამომრჩევლის სოლიდური ნაწილისთვის.

არსებითად განსხვავებულია სალომე ზურაბიშვილის ბოლო დღეებში გაჟღერებული მესიჯები: „საქართველო არც დასავლეთის მარიონეტი უნდა გახდეს, და არც რუსეთის მონა... რუსეთთან ბევრი რამის გარკვევა შეიძლება, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ერთი ერთზე დარჩენილი, გავუმკლავდებით რუსეთს. ამ საკითხში ჩვენ გვჭირდება ევროპა და ამერიკა; რუსეთთან დაახლოების მცდელობები არ უნდა ხდებოდეს დათმობის ფასად.“ აი ასე, ზურაბიშვილის ნიშაც მოიხაზა: საზოგადოების პროევროპული, არაულტრარადიკალური ნაწილი, რომელსაც მიაჩნია, რომ ქვეყნის დასავლურ კურსს საფრთხე ემუქრება და რომელიც გამორიცხავს ნაციონალური მოძრაობის გაიგივებას დასავლურ მიმართულებასთან.

აშკარაა, რომ მომავალი საპრეზიდენტო მარათონი პრეზიდენტის ვინაობასთან ერთად საქართველოს საზოგადოების საგარეო ორიენტირსაც გამოკვეთს.

დღემ სასიამოვნოდ გამაოცა: ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დავით ებრალიძემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა - ოფიციალურ ფინანსურ პოლიტიკასთან მისი ხედვების შეუთავსებლობის გამო. უპრეცედენტო ნაბიჯია საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში: ჯერ ერთი იმიტომ, რომ მას თავისი გადაგომის რეალური მოტივის გამჟღავნების არ შეეშინდა და მეორეც იმიტომ, რომ თანამდებობრივ კეთილდღეობას არ გამოეკიდა. მადლობა მას ამისთვის! ასე რომ, გვაქვს საფუძველი, მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ.

31 მაისი, პარასკევი
პარასკევი ტრადიციულად „კვირის პალიტრის“ ბლოგის წერით იწყება. როგორც საქართველოს რეგიონებში არაერთმა სტუმრობამ დამიდასტურა, „კვირის პალიტრა“ არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე ნებისმიერი ტელევიზია. ამიტომ მისთვის ბლოგის მომზადება ყოველთვის საპასუხისმგებლო საქმეა. მით უფრო, რომ მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება, რომელი თემა აირჩიო, ძნელად გასარკვევია. ასეა ამჯერადაც. შევარჩიე საპრეზიდენტო კანდიდატების ძირითადი საპროგრამო განაცხადების თემა. ვფიქრობ, საინტერესო შედარება გამოვიდა. როგორ ჩანს, ყველაზე დაძაბული და კონკურენტული საპრეზიდენტო არჩევნები გველის.

უცხოეთიდან დამაფიქრებელი ინფორმაცია მოვიდა: უკრაინამ პირველი ნაბიჯი გადადგა რუსეთ-ბელორუსია-ყაზახეთის საბაჟო კავშირისკენ, შევიდა რა მასში დამკვირვებლის სტატუსით.

1 ივნისი, შაბათი
ბავშვთა დაცვის დღეა: დედობის არცთუ ისე დიდი სტაჟი მაქვს: სულ რაღაც არასრული ხუთი წელი, და ამ ხუთი წლის ყოველი წუთი ჩემი შვილის უსაფრთხოების, სიმშვიდის, ჯანმრთელობის, სოციალური გარემოს დაცვას ეძღვნება. ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ბავშვისთვის და დედისთვის და რამდენად ცოტაა პოლიტიკოსების მიერ გაწეული ძალისხმევა ჩვენი შვილებისთვის დაცული, ჯანსაღი გარემოს შესაქმნელად. არ ვიცი, რამდენად მზად არის ამისთვის, სულ უფრო მზარდ გამოწვევებში ჩაფლული ახალი ხელისუფლება.

ერთი ვიცი, რომ ყველაფერი ისევ ჩვენი, დედების, ყველაზე ძლიერ მხრებზე გადაივლის და ჩვენც ღირსეულად და ბედნიერების ღიმილით უნდა ვატაროთ ეს „აუტანელი სიმსუბუქე“. დღეს კი ჩემი თვალხატულა ნათლულები ნიკუშა და გიორგი ანანასათან ერთად კიდევ ერთხელ გავლენ ჩვენი სახლის ჭერსა და კედლებზე და ასე აღნიშნავენ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. იქნებ საღამოს ერთად მთაწმინდაზეც ავიდეთ...

ახლა უკვე გვიანია. აღრიანცელებული პატარა გურულები სახლებში დავარიგეთ და კიდევ ერთხელ ჩავუჯექი ჩემი ერთი კვირის განცდილს და ნაფიქრალს. ქაღალდზე გადმოტანილმა ერთმა კვირამაც დაადასტურა: ჩემთვის ყოველი დღე იწყება ანათი და გრძელდება და მთავრდება პოლიტიკით. ორი საყრდენი, რომელიც ჩემი ცხოვრების აზრს ქმნის: შვილის სიყვარული არავის ესწავლება, მაგრამ ცოტა მოიძებნება ადამიანი, ვისაც ჩემსავით უყვარს თავისი პროფესია და ბედნიერია ამით. ყველას ვუსურვებ ასეთ ბედნიერებას და მადლობა რადიო თავისუფლებას ამ ჭეშმარიტების კიდევ ერთხელ აღმოჩენა-გასიგრძეგანებისთვის!
XS
SM
MD
LG