Accessibility links

logo-print

25 ოქტომბერი, კვირა

მთელი ღამე არ გაჩერებულა წვიმა სოფლის სახლისსახურავზე. ეს დილა განსაკუთრებულია − ოჯახმა ერთად ვისაუზმეთ, რაც მეორე წელია იშვიათ ბედნიერებად გვექცა. ორი დღეა, გავხალისდით − ზვიადი ჩამოგვივიდა. ერთი კვირა ჩვენთან რჩება. დავიმუხტებით ერთად ყოფნის ბედნიერებით და ამ შეგრძნებებს მთელი ორი კვირა გამოვიზოგავთ. მაღალმთიანი რაჭის სოფელ უწერის სკოლაში ვასწავლი ქართულ ენასა და ლიტერატურას. განათლების სამინისტროს პროგრამის − „ასწავლე საქართველოსთვის“ − მონაწილე ვარ, სოფლად ჩემი ყოფნის მეორე წელი დაიწყო. ვერ მოვისურვილე აქაურობა. რთულია ასე ცხოვრება. რთულია, მაგრამ გადავწყვიტეთ, არ ვიწუწუნოთ. როგორც კი სიტყვა დაგვცდება, მაშინვე ორივეს გვახსენდება ჩვენი შვილები, რომლებიც ჯანსაღი საკვებით იზრდებიან, სუფთა ჰაერს სუნთქავენ და, რაც აქ ვართ, დაივიწყეს ქრონიკული ბრონქიტისა და ვირუსების არსებობა.

დღეს დედაჩემის დაბადების დღეა. ვურეკავთ და ვუმღერით. ბავშვივით უხარია! ყოველთვის მაოცებს მისი ეს თვისება: ათასი პრობლემის მიუხედავად, შეუძლია გულიანად გაიცინოს, აღფრთოვანდეს და მერე შენც გადმოგდოს ეს განწყობა. საჩუქრისთვის თადარიგი რამდენიმე კვირით ადრე დავიჭირე. სოფელში გადავაწყდი გასაყიდ სუნამოს და თბილისში გავუგზავნე. მანამდე ჩემს შარფს და ქურთუკს ვაპკურე, რომ მერე ერთად დავტკბეთ: მე, როცა სკოლისკენ სოფლის თავდაღმართზე დავეშვები, ის კი − როცა ქალაქის ერთ-ერთი სკოლისკენ გაეშურება, სადაც, ოცდათერთმეტ წელიწადზე მეტია, ინგლისურ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. მასწავლებლობა რომ გადავწყვიტე, თავზარი დაეცა. თვლის, რომ ყველაზე დაუფასებელი პროფესიაა. ჩემი მასწავლებლობის ერთი წლის შემდეგ, მგონი, მოვახერხე და აზრი შევაცვლევინე.

კვირადღე ბავშვებთან თამაშში გადის. სახურავზე ახმაურებული წვიმა და აგიზგიზებული ღუმელი შემოდგომის სევდისთვის დროს არ მიტოვებს. წვიმა სოფელში დაბრკოლებას არ ქმნის. ქართან ერთად უკანასკნელ კაკალს ძირს ყრის და ჩვენც საწვიმარმოცმულები ვაგროვებთ, გაყვითლებულ ფოთლებში მიმალულებს ვპოულობთ. პირველად გაწვიმდა ისე, რომ თეკლას და გაბრიელს ახალი რეზინის ჩექმებით გუბეებში ერბინათ და ამ სიამოვნებას არ იკლებენ. ვამტვრევთ კაკალს, გამორჩეულ ლებნებს ვაკნატუნებთ და ახალ თამაშს ვიგონებ − კაკლის ნაჭუჭებით, ფოთლებით, წვრილი ჩხირებით და პლასტელინით პატარა ნავებს ვაკეთებთ, სახელებს ვარქმევთ და თაროზე ვამწკრივებთ. ჩემს გოგოს ბაცი იასამნისფერი შარფის ქსოვა მოვუმთავრე, მოყინულ ცხვირს გაითბობს ხოლმე. ღუმელში ვწვავ ვანილმოყრილ ვაშლს. ცაცხვის ჩაის ვიდუღებ და საღამოს ბლოგზე ვმარტოვდები იმის დასაწერად, როგორ გამოგვიგზავნა ბათუმიდან სრულიად უცნობმა ადამიანმა წიგნებით სავსე ოთხი ყუთი და როგორ ვიპოვეთ წიგნებში წარწერიანი ბარათი.

ასეთი ამბების მერე სიცოცხლე ასმაგად მიხარია. რამდენი რამ მოხდა ამ ერთი წლის განმავლობაში ჩემს ცხოვრებაში! ლოკოკინასავით მოვიგდე ზურგზე ჩემი ნივთები, წიგნები და აქ გადმოვსახლდი. მიტოვებული სახლების მდუმარება სასაფლაოს მაგონებდა და მთრგუნავდა. არათუ ოჯახის წევრები, არამედ კარის მეზობლებიც კი ტკივილამდე მენატრებოდნენ. მერე მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება. უფლება არ გაქვს, იცხოვრო და მუშაობდე ადამიანებთან და არ გიხაროდნენ ისინი. როცა საკუთარ თავთან მოვგვარდი, ჩემი ყოველდღიურობა შემსუბუქდა. წელს შედარებით ადვილია ყველაფერი, ახალ გარემოსთან შეგუების რთული ეტაპი გადალახულია.

26 ოქტომბერი, ორშაბათი

ისევ წვიმს. დღეს ხუთი გაკვეთილი მაქვს. სკოლა მეორე ოჯახივით არის − როგორც კი მას ამ სტატუსს მიანიჭებ, აქყველაზე უკეთ იგრძნობ თავს. ოჯახის მსგავსად სკოლას აქვს თავისი ღირებულებები, ტრადიციები, აქაც სხვადასხვა ხასიათის ადამიანები ცხოვრობენ ერთად. დილას რომ მივდივარ სკოლაში, მასწავლებლები მოწესრიგებულები მხვდებიან, ისე, თითქოს მთელი დილა საკუთარ თავზე ზრუნვას მოანდომეს. არადა, უთენია დგებიან, რომ საქონელს მიხედონ, საძოვარზე გაუშვან, სადილი დატოვონ, მოწესრიგდნენ და სკოლაში წამოვიდნენ. უხერხულობის განცდა არ მტოვებს, რომ მეც მათი ცხოვრებით არ ვცხოვრობ. ჩემთვის ისინი გმირები არიან.

მეთორმეტე კლასში ნანუკა და ვანო მხვდებიან. ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებიან და ერთი თვეა, აბიტურიენტის ცხოვრება მოირგეს. მეც მათთან ერთად გადავსახლდი ტექსტების სამყაროში, ვმოგზაურობთ დროსა და სივრცეში. მახსენდება ჩემი აბიტურიენტობის ვნებათაღელვანი, გათენებული ღამეები, გამოცდები, ადამიანები, ვინც მასწავლიდა და მეგობრები, ვისთან ერთადაც ვსწავლობდი. ეს სულ სხვა ასაკია, სხვა ცხოვრებისეული ეტაპი, დაუვიწყარი. დღეს პროზისა და პოეზიის სახეებზე ვსაუბრობთ. მე და ნანუკას გვაოცებს ვანოს შემწყნარებლობა:თავგამოდებით იცავს თეიმურაზს, ვარსქენს, პლატონს. კვირას დაგეგმილ დამატებით გაკვეთილს სამომავლოდ ვდებთ. ვანო მებოდიშება, ჭიორადან ხარები მყავს ჩამოსაყვანი და არ მეცლებაო. სოფლად ბავშვები დაუზარლად ეხმარებიან მშობლებს საოჯახო საქმეებში, რაც მათ გამორჩეულ კეთილშობილებას განაპირობებს.

მეშვიდე კლასის ფანჯრებიდან ტყე მოჩანს. რა საოცარ გარემოში ვცხოვრობთ − ჩვენ გვერდით ტყეა, რომელიც ათას ცოცხალ არსებას იფარავს. წვიმიან ამინდში ნისლები დაცურავენ. ნაცრისფერი ცის ერთფეროვნებას აჭრელებულ ხეები ალამაზებს. ვიხსენებ ქალაქის დანისლულ კორპუსებს, გულისგამაწვრილებელი მოწყენილობა რომ შემოაქვთ ხოლმე ჩემში. სამი მეშვიდეკლასელი გოგო წერს ჩანახატებს, რომლებსაც პატარა ხელნაკეთ წიგნად გამოვცემთ და ლიტერატურულ კაფეში შეკრებილ სტუმრებს გავაცნობთ.

დრო შეუმჩნევლად გარბის. ყავა მინდება. დაღლილობისას განსაკუთრებით მენატრება ამერიკანოს მაცოცხლებელი სურნელი. ამ ბოლო დროს გამოვხსნი ხოლმე ღუმელის კარს და ნაკვერჩხალზე ვდგამ ჯეზვეს. კვამლი ყავას ერევა და განუმეორებელ გემოს აძლევს.

სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა ნაილიმ, გამოგვიყო ოთახი, სადაც წინა წლის განმავლობაში წიგნის ფესტივალზე მოგროვილი და გულისხმიერი ადამიანების მიერ გამოგზავნილი წიგნები მოვათავსეთ. ამ ოთახისთვის, რომელსაც მეოთხეკლასელებმა ჯადოსნური სამყარო დაარქვეს, გოგოებმა ზაფხულში ყვავილები შეაგროვეს და გაახმეს. თანამედროვე მედიათეკის მსგავსი გარემო მინდა შევქმნა. მოვაწყობთ ლიტერატურულ საღამოებს, თავისუფალ დროს შემოვლენ ბავშვები, წაიკითხავენ, ისაუბრებენ. ოთახისთვის ხის თაროების, სკამებისა და მაგიდის გაკეთებას ზვიადი დამპირდა.

სახლში მოსულს, ათი წლის ანიმ მომაკითხა, ანა ფრანკის ამბავი უკვე წავიკითხე და რამე წიგნი მათხოვეთო. წიგნების თაროდან თეა თოფურიას „ერთი გრძელი დღე სხვა პლანეტაზე“ გადმოვაბრძანე და სახლში გავატანე.

საღამოს ერთ უკარგეს გოგოს ვეხმიანები − ლელი შევჩენკოს. მხატვარია და მრავალი განხრით მუშაობს. ჩვენთან აპირებს ჩამოსვლას, მოსწავლეებთან ერთად მედიათეკის ოთახის ფანჯრების მოხატვას და წიგნის მიხედვით დიორამის გაკეთებას ვგეგმავთ.

თეკლა მახარებს, კიდევ ერთი ასო ვისწავლეო.

პირველკლასელი შვილის დედობა ცალკე თავგადასავალია. ზრუნავ ჩანთაზე, სასკოლო ნივთებზე, ფიქრობ სკოლის პირველ დღესა და მის თანმხლებ განცდებზე. მერე იწყება ყოველდღიური რუტინა: გაღვიძება, საუზმე, მოწესრიგება, ჩანთის ჩალაგება, მეცადინეობა. ვცდილობ, ყველაფერ ამას ისე მოვაბა თავი, რომ მის ასაკობრივ შესაძლებლობებს მოვარგო. ალბათ, ყველა დედას გვღალატობს ნერვები, როცა ჩვენი პირველკლასელი შვილი სწორი ხაზის ნაცვლად კლაკნილს უსვამს და ეს ერთხელ კი არა, ბევრჯერ მეორდება. წერით დავალებებს რომ შეეჭიდა, შევამჩნიე: როცა რამე არ გამოსდიოდა, კალამს ხელიდან უშვებდა და ხმამაღლა ამბობდა, არ გამომდის, არ გამომივაო. ამ პატარა არსების განცდები რომ გავითავისე, შემებრალა. ავუხსენი, რომ საკუთარი შეცდომებიც უნდა გვიყვარდეს, არ უნდა შეგვეშინდეს მაშინ, როცა რაღაც არ გამოგვდის. გაჭრა. შეეშლება − თავიდან იწყებს. მე მიყვარს ჩემი შვილის კლაკნილი ხაზები, მისი შეცდომები, ხაზს გადაცდენილი ასოები, კალამს შემოჭდობილი თითები.

საღამოს ერთად ყოფნით ვტკბებით: ვუყურებთ ამოჩემებულ იაპონურ მულტფილმს, ვცეკვავთ, ვკითხულობთ ზღაპრებს და მეორე დღისთვის ვემზადებით.

27 ოქტომბერი, სამშაბათი

შვიდი საათი იყო დაწყებული, რომ ავდექი. ეს ჩემი საყვარელი დროა. ღრმად ვისუნთქავ დილის ჰაერს, ვტკბები ჩიტების გალობით, ვკითხულობ, ვვარჯიშობ და თეკლას გაღვიძების დროც დგება. გარდერობს ვაღებ, თვალში მხვდება ჩემი სქელი ჟაკეტი და თეკლას თხოვნა მახსენდება: „ხვალ ჩაიცვი, რაა!..“ მიყვარს, როცა ეგ ჟაკეტი გაცვია ხოლმეო.

სკოლის შესასვლელში მე და ჩემი პროგრამის მონაწილე ელენე, ლილი მასწავლებელს გზას ვუთმობთ. დაგაცალოთ ცხოვრებამ, შვილებოო, გვლოცავს ლილი მასწავლებელი. აქ უმცროსი უფროსს გზას ყოველთვის უთმობს. ჩემმა გოგომაც აითვისა ეს წესი. დილაობით სხვა ბავშვებთან ერთად ჩამოდგება სკოლის ჭიშკართან და უფროსებს აცდის შესვლას.

ნანუკა მიყვება, ტიციან ტაბიძის ლექსი „მეწყერი“ ვერ გავიხსენე და ვანომ ასე ამიხსნა, ზავალზე რომ წერს, ის გვაქვსო. „ზავალი“ ზვავს ნიშნავს. გვეცინება. რაც აქ ვართ, ჩემი შვილების სიტყვათა მარაგიც შეივსო დიალექტური ფორმებით: აქანა, კოტინა, ჯდია, გირჩოლებს, გლახა... არც მე აღარ ვკითხულობ, რას ნიშნავს ნაკოჩილა, კოხი, გადაიკარა, ბუჭუნჭველა, კეკია, გამოფალვა, ჩოინა... აქ ყოფნისას სულ ვფიქრობ ადგილისა და სიტყვის ძალაზე, აქეთ რომ გცვლის და გიმსგავსებს.

მეექვსე კლასში ორნი არიან. მახსოვს, როგორ მტკივნეულად განვიცდიდი ამ ამბავს, როგორი უჩვეულო იყო ჩემთვის კლასში მხოლოდ ორი მერხი, ორი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. თავი გამოვიჭირე, რომ ამასაც შევეჩვიე. ის მიხარია, რომ არიან. თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, მალე საერთოდ აღარ ეყოლება სკოლას მოსწავლეები. გავურბივარ ამაზე ფიქრს. წარმოდგენაც კი მზარავს. არადა, რამდენი სოფელია მთაში, სკოლას ვინღა ჩივის, თითო-ოროლა მოხუცის იმედად რომაა დარჩენილი.

ნიკოლოზს და მარიამს ურთიერთშეფასება ვთხოვე. ერთ-ერთ მოთხრობას მონდომებით ჰყვებიან, ღელავენ. ვინც ჰყვება, თავს აწონებს მეორეს. უსაყვარლესები არიან, ისე სერიოზულად საქმიანობენ. მე და მარიამს ნიკოლოზის მოსმენა გვიყვარს. გვიყვება ჩიტებზე: წითელ და შავ კულუმბარებზე, მთის ლომიებზე, თოხიტარებზე, ღობემძვრალებზე და ამ დროს თვალები უთბება ხოლმე. მისგან ვიცით, რომ სოფლის ყველა ჯიქანგამოგლეჯილი ძროხა და დაკბილული კვიცი, ერთი სამფეხა მგლის ნამოქმედარია.

სამასწავლებლოში შესულს, ღუმელი მხვდება დადგმული. შეშა წინა კვირას დავალაგეთ. ეს ერთგვარი წინასაზამთრო რიტუალია. ყველა ჩაბმული იყო საერთო საქმეში: დირექტორი, მასწავლებლები, დამლაგებლები, მოსწავლეები. იდგა ერთი ჟრიამული, გადაძახილ-გადმოძახილი, სიცილი, ხუმრობა. თეკლაც ჩვენთან ერთად ეზიდებოდა შეშის ნაჭრებს. მასწავლებლები მზიანი შაბათ-კვირის დადგომას ნატრობენ. საშემოდგომო საქმეები აქვთ მოსათავებელი: ზოგს შეშა შემორჩა მოსატანი, ზოგი დაჩეხილი შეშის დალაგებას გეგმავს, ზოგი ვაშლისა და მსხლის ჩამოკრეფას, ზოგს ჩალა აქვს ასაღები, კარტოფილი ამოსაღები, ყანა მოსასუფთავებელი... ვინ მოთვლის ყველა იმ საქმეს, რომელთა შესრულებასაც შემოდგომა უპირობოდ აიძულებს ადამიანებს სოფლად.

მეშვიდეკლასელმა თამუნამ გაკვეთილის ბოლოს სახეზე იდუმალი ღიმილი გადაიფინა და ჩანთიდან ფრთხილად ამოიღო საჩუქარი ჩემთვის: პლასტელინით, წვრილი თვლებითა და ბრჭყვიალებით თაღი გაეკეთებინა და ზედ დაემაგრებინა ფურცელი, რომელზეც ეწერა: „ყველა წიგნს თავის ჯადოსნურობა გააჩნია“. დამილაგა „ოლივერ ტვისტიდან“ ამოღებული, დანაწევრებული ფრაზა, რომლის გამოცნობის მერე ახალი მინიშნება ამომახსნევინა. ამოწერილი ჰქონდა ერთ-ერთი წინადადება ჩვენი მიმოწერიდან და უნდა გამომეცნო დაწერის დრო და ადგილი. გამიჭირდა და კონვერტი მომაშველა წარწერით: „გამოუვალი მდგომარეობა“. სულ ბოლოს გადმომცა ხელნაკეთი დღიური და წერილი, რომელიც გემრიელ ლუკმად შემოვინახე. ხმამაღლა ვამბობ, რომ ყველაზე სასიამოვნო სამსახური მაქვს. მართლაც ასეა. სიყვარულს გასცემ და უკან გიბრუნდება.

ზვიადს შიმშილზე ვეწუწუნები და ხინკალზე გვეპატიჟება, ონში. თეკლას ცეკვის გაკვეთილის გაცდენა უწევს. განვიცდი, ცეკვას რომ ვაცდენ: იცი, უკვე რამდენი რამე ვისწავლეთო, მეუბნება. სკოლაში სასიხარულო ამბავი მოხდა: გაიხსნა ცეკვის წრე. კვირაში ორჯერ მოდის მასწავლებელი და ჩვენი ბავშვებიც გაკვეთილების შემდეგ სიხარულით რჩებიან. გზაში გაბრიელი ყველას სიყვარულს გვიხსნის. მერე სასრიალოზე წაყვანას გვთხოვს. სასრიალო, ცეკვის ჩუსტები, ტკბილეული − ქალაქში ხელმისაწვდომი საგნები და მოვლენები აქ ასმაგად სასიხარულოა ჩემი შვილებისთვის.

ონი ჩვენი სოფლიდან თოთხმეტ კილომეტრშია. შუადღეა და ხალხი მოძრაობს. საღამოს კანტიკუნტად თუ შემოგხვდებიან ქუჩაში მოსიარულეები. ამ პატარა, მაგრამ კოლორიტულ ქალაქში, მე უკვე მყავს ნაცნობ-მეგობრები. მიხარია, ასეთი ახლობელი რომ გახდა ჩვენთვის.

საღამოს სათამაშოების ჩასალაგებელს ვკერავ, ვიმარაგებ ათას წვრილმანს: ფოთლებს, გაჭრილ ვაშლსა და მსხალს, ნიჟარებს, მოჩუქურთმებულ ჩანგალსა და კოვზს, მაკრატელს − ყველაფერს ამას თეკლა და გაბრიელი რიგრიგობით უსვამენ საღებავს და ნაჭერზე გადაგვაქვს. ასე, ერთად გატარებული დრო ყველაზე დიდი სიამოვნებაა ჩემთვისაც და ბავშვებისთვისაც.

ძილის წინ ვკითხულობთ თორმეტი მოცეკვავე პრინცესის ზღაპარს. გაბრიელს ვეკითხებით, ყველაზე მეტად რომელი გოგო მოეწონა. მწვანეკაბიან უმცროს პრინცესას ირჩევს. მთელი ოჯახი ვუწონებთ არჩევანს და არის გაბადრული და ბედნიერი.

შუქს ვაქრობ. უმთვარო, მაგრამ ნათელი ღამეა. ჩემი ოთახის ფანჯრიდან ნაძვნარიანი ქედი მოჩანს. ხეების კონტურებს ნისლი სანახევროდ აჩენს. ღუმელი გიზგიზებს. ცეცხლის ალი კედელზე ციმციმებს. ვყუჩდები. მთელი არსებით ვიმახსოვრებ ამ შეგრძნებებს.

28 ოქტომბერი, ოთხშაბათი

რაც სწავლა დაიწყო, მე და თეკლა ერთად ვსაუზმობთ. რიტმს იმ ავტობუსის გრუხუნის ხმა არღვევს, ჩვენს ჭიშკართან რომ ჩამოდგება ხოლმე. უბნიდან სკოლაში წამსვლელები ვგროვდებით. ავტობუსში ასულს, მე ჩემი ცხოვრება მეწყება, თეკლას − თავისი. უკანა სკამზე იკავებს ადგილს, ბავშვებს შორის. ვცდილობ, თავისუფლება მივანიჭო, არ მინდა, მომეჯაჭვოს.

სანამ ჩვენი მძღოლი იაშა მეზობელი სოფლიდან სკოლის სხვა წევრებს მოაქროლებს, მე ვაღებ ჯადოსნური ოთახის კარს და ველოდები მოსწავლეებს. სწავლის დაწყებამდე დარჩენილ 15 წუთს „პეპი გრძელწინდას“ ვკითხულობთ. დღე რომ მოიკლებს, სწავლას ათის ნახევარზე დავიწყებთ და მერე უფრო მეტი დრო გვექნება ხმამაღალი კითხვისათვის. ყველაზე ეფექტიანი მეთოდია კითხვა ვალდებულებების გარეშე, მხოლოდ სიამოვნებისათვის. აგერ უკვე მეორე წელია, ვკითხულობთ და ინტერესი არ იკლებს. ისევ ისეთი გატაცებით მისმენენ და ერთი სიტყვა არ ეპარებათ. ამ სამკითხველო კლუბს პირველი წიგნის, ანე-კატერინე ვესტლის „დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანის“ გავლენით „სამოვრის მილი“ დაარქვეს.

დღეს იმ თავზე ვართ, პეპი გამოსამშვიდობებელ საღამოს რომ აწყობს.

„არასოდეს, არასოდეს აღარ მოვალთ“, − გაიმეორა ძმის ნათქვამი ანიკამ... წარმოუდგენელი იყო ვილა ‘ყიყლიყო’ პეპის გარეშე და ანიკამ ისევ იგრძნო, ვიღაცის ყინულივით ცივმა ხელმა როგორ მოწურა მისი პატარა გული.“ ყველას გვეცრემლება თვალები. ხმა მიწყდება. ძლივს ვამთავრებ.

ქვეცნობიერად, ალბათ, მეც იმასვე განვიცდი, რასაც ანიკა. წარმოუდგენელია ამ მზეწვიების გარეშე ჩემი ყოველდღიურობა.

დღეს თეკლას და გაბრიელს თბილისიდან ბიძაშვილები ჩამოუვიდნენ. მთელი დღე სული დაელიათ ლოდინისაგან. სანდრო და თათული პირველ კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობენ და დედას ეხვეწებიან, უწერის სკოლაში გადაგვიყვანე სასწავლებლადო. ხვალინდელ დღეს ვგეგმავთ: სკოლაში მოგვყვებიან, თეკლა აფრთხილებს, ადრე უნდა ავდგეთო.

ვწერ ამ ამბებს და მსიამოვნებს მათი ხმები, გაბრიელი დროდადრო მოდის და მკლავზე მკოცნის.

29 ოქტომბერი, ხუთშაბათი

როგორც იქნა, გადაიკარა, ანუ გამოიდარა.

თეკლა სანდრომ გააღვიძა. ბედნიერები ავტობუსს მიყვებიან. მე ფეხით მივდივარ.

ჰაერია ისეთი, ისეთი, სუნთქვით ვერ ვძღები.

მადლიერების განცდა არ მტოვებს. მადლობელი ვარ, რომ აქ ვარ, რომ ამ ზღაპრული სოფლის ჰაერით გვებერება ფილტვები, რომ ამ კოხტა სკოლაში ვმუშაობ, რომ ასეთი ბედნიერია ჩემი გოგო.

სოფელი იმჩნევს შემოდგომას. ტყე ათასფერად აჭრელდა, ორღობეები ფოთოლცვენით ერთობიან. ჰაერს კვამლის სუნი შერევია. თუნუქის სახურავზე ჩამოცვენილი კაკალი ხმაურობს. ფოტოაპარატი მიმაქვს და ვიღებ სურათებს. მინდა, შემოდგომა კადრებად დავანაწევრო და მერე ბლოგზე დავწერო. რამდენიმე თვეა, რაც ბლოგი მაქვს და, როგორც ცოცხალ არსებას, ისე აღვიქვამ. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის გამოსახატად. წერ, გკითხულობენ, უზიარებ და იზიარებენ შენს ამბებს. სოფელში ცხოვრებამ თავისთავად დამიგროვა სათქმელი და ასე დაიბადა ჩემი ბლოგი.

სოფლის წისქვილი, ერთად თავმოყრილი სახვიელი, აჭრელებული ტყე, საზამთროდ გამზადებული თივის ზვინები, ღობის შვერილებში გაბმული აბლაბუდას ქსელი და მასში არეკლილი დილის მზე, ხევში ჩაჭედილი უზარმაზარი ლოდები, ყვითლად ალივლივებული კომში, ჩამწკრივებული სკები, კლდეზე ფესვებგადმოკიდებული ნაძვები... შემოდგომის დილა ჩემს ფოტოაპარატში იდებს ბინას.

ხუთშაბათი ონის დღეა. ონის იმიტომ, რომ იქ ყოველ ხუთშაბათს ბაზარი იმართება. ხალხი ახლომახლო სოფლებიდან ჩამოდის და მთელი კვირის სამყოფ პროდუქტს იმარაგებს.

დღეს, როგორც იქნა, სუნამომ ჩააღწია დედაჩემამდე. აღფრთოვანებულია ახალი სურნელით და მიხარია.

სახლში ბავშვებთან ერთად ფეხით ვბრუნდები.

„ლელა, კარგია ბავშვებს რომ ასწავლი?“ − მეკითხება თათული. – „მეც ძალიან მინდა მასწავლებლობა“, − აგრძელებს.

„ისე, შეიძლება მეც სპორტის მასწავლებელი გამოვიდე. აბა, სხვა არაფერი გამომივა მე“, − საუბარში გვეჭრება სანდრო.

„მე დირექტორობა მინდა“, − გვაკვირვებს თეკლას სურვილი.

ორივე მოხიბლულია ჩვენი სკოლით, აქ სწავლაზე ოცნებობენ. ბავშვური სურვილები, ლოგიკა, ფიქრები, წარმოდგენები − ეს ის სამყაროა, რომელიც სიცოცხლეს მილამაზებს. ოთახში კვამლის სუნია. მთელი ზამთარი არ მომშორდება, მაგრამ ვეღარ ვგრძნობ.

ხვალ კარგი ამინდი იქნება: მთვარე კატიწვერას მწვერვალს ანათებს, ცა მოკრიალებულა და, როგორც გაბრიელი ამბობს, ზღაპრებით, ანუ ვარსკვლავებით მოჭედილა.

30 ოქტომბერი, პარასკევი

გაკვეთილების მერე ზვიოსთან ერთად თბილისში მოვდივარ. მეშვიდეკლასელმა გოგოებმა: მარიამმა, თამუნამ და კესომ წერილებით, ტკბილეულითა და ნახატებით გამომაცილეს.

უკვირთ ხოლმე, საიდან მაქვს ამდენი ენერგია, რაჭასა და თბილისს შორის რომ ვარ გადებული. არადა, ეს ჩემი ზღაპრული ოდისეაა, რომელმაც შემაჭიდა უამრავ სირთულეს, პიროვნულად გამზარდა და ჩაკეტილი სივრცის საზღვრები დამარღვევინა. ამ პროგრამაში მონაწილეობამ ჩემი ცხოვრება საინტერესო გახადა, ჩემამდე მოიყვანა უამრავი კარგი ადამიანი, ან მე მიმიყვანა მათთან. რაჭაში ცხოვრებამ აღმომაჩენინა, რომ, თუ ხშირად დადიხარ ერთსა და იმავე გზაზე, ის მოკლდება. ვტკბები აჭრელებული შაორით და მახსენდება „ელისი საოცრებათა ქვეყნაში“. ელისივით მეც ისე დავეჩვიე არაჩვეულებრივ თავგადასავლებს, რომ ცხოვრება უკვე მოსაწყენი მეჩვენება მათ გარეშე.

საღამოს ვტკბები ჩემი ბავშვობის ქუჩით, პირველად ვსტუმრობ უახლოესი მეგობრის, მაიკოს, ნანატრი მართა-გოგოს და ჩემს უსაყვარლეს ოჯახთან ერთად ვვახშმობ. უახლოეს მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან თავს მყუდროდ ვგრძნობ, სითბოთი ვივსები და გულში ვეხუტები ყველას, რომ ასე თან გამოვიყოლო ისინი.

გვიან ღამით სახლში ვბრუნდები. სახლში, რომელიც ბავშვების გარეშე ცივი და აუტანელია.

31 ოქტომბერი, შაბათი

შაბათი დილა თბილისში გამითენდა.

დღეს ბევრი რამ მაქვს მოსასწრები. მოვიმარაგებ ძაფებს, ნაჭრებს, საღებავებს და სოფლის სიმყუდროვეში დაგროვილ იდეებს რეალობად ვაქცევ.

ჩემ არყოფნაში აქ ორი გოგოს წიგნები გამოიცა. კვირას რაჭაში დავიმგზავრებ ნინო თარხნიშვილისა და სალომე ბენიძის ცხელ-ცხელ წიგნებს, როგორც თვითონ ამბობენ, ნამდვილი გოგოებისთვის დაწერილებს.

საღამოს რადიო თავისუფლებაში ჩემი რაჭული დღეების ამბები უნდა ჩავწერო. ერთ-ერთი საყვარელი რადიოპროექტია და წლებია, თვალს ვადევნებ. საინტერესო იყო საკუთარ თავში ჩაღრმავება.

მოგვიანებით მე და ზვიო რომელიმე კაფეში ჩვენი ოჯახის მეშვიდე დაბადების დღეს აღვნიშნავთ და აუცილებლად გავიხსენებთ გასულ შაბათს − მაღალმთიანი რაჭის სოფლებში, ღებსა და ჭიორაში, მოგზაურობას, დათოვლილ მწვერვალებს: შოდაკედელასა და ლოღორას, კლდეზე დაკიდებულ ხეებს, ხარების ზანზალაკების მისტიკურ ჟღარუნს, თეკლას ასკილით გავსებულ ხელჩანთას, ზღაპრულ გზას და, ქალაქში ჩამოსულებს, უკან დაბრუნება მოგვინდება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG