Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლელა ნათობიშვილი - მეწარმე


8 მაისი, კვირა

კვირაა. გამეღვიძა თუ არა, იმაზე დავიწყე ფიქრი, რომ დღეიდან ეს დღიური უნდა ვწერო.

ისე, ყოველდღიურ წიგნაკს სულ თან ვატარებ, ლამის ბოსტანსა და საქონლის სადგომშიც კი წავიღო, ისე შევეჩვიე. ყველაფერს ვიწერ, მოკლედ, მინიშნებით, მაგრამ მაინც. მიადვილებს რაღაცას, მახსენებს, გადავხედავ და მომწონს, უფრო ორგანიზებული მგონია თავი.

ვნახოთ, როგორი იქნება ჩემთვის „სხვანაირი“ დღიურის წერა.

ამაზე ფიქრში ვატარებ მთელ დღეს: დავდივარ, საქმეს ვაკეთებ და ვფიქრობ, როგორ უნდა ვწერო, რა გამოვა ბოლოს, მაგრამ ოპტიმისტურად ვამბობ გულში: გამოვა!

საღამოა. დავჯექი, დავიწყე და აი, ჩემი ერთი კვირა დღე: დილით ფიქრი, საქმე და ისევ ფიქრი. შუადღიდან ლევანს და მედეას დავუთმე დრო. დამჯერი შვილები მყავს, თან დამოუკიდებლები, ბეჯითები და ადამიანურები. ძალიან მიხარია, რომ ასეთი კარგები არიან.

მიყვებიან სკოლის ამბებს: ინგლისურის, სპორტის, ოლიმპიადის და, რა ვიცი, კიდევ რას არა... წვიმიანი ამინდია. ჯერ კიდევ ღუმელი გვინთია, გაზაფხულის სუსხია მაინც მთაში, გუზგუზებს ჩვენი ღუმელი, ვწერ და რაღაცნაირად სხვანაირად ბედნიერი ვარ: რასაც ვწერ, ხომ წაიკითხავენ ჩემი შვილები, ახლობლები... იციან, წერაზე და ლაპარაკზე მეტად საქმის ორგანიზება და კეთება მეხერხება და, ალბათ, არ დამძრახავენ, უღიმღამო დღიური დაუწერიაო. რა ვიცი, ჩემთვის კი ახალი ამბავია და გახარებული ვარ.

ვივახშმეთ. ვასიკო ნავახშმევს, როგორც წესი, ან რაიმე საინტერესო ამბებს გვიყვება, ან წაკითხულს გვიზიარებს, ან ისტორიიდან გაიხსენებს ამბავს, ან რამე სხვას გვიამბობს. ეს დრო მისი დროა. სოფლის მკვიდრი ოჯახებიდან ყველაზე გვიან, მგონი, ჩვენ ვიძინებთ.

აქ, მთაში, ხალხი ადრე იძინებს და ადრე იღვიძებს. ჩვენ გვიან ვიძინებთ და ადრე ვიღვიძებთ. ასე მივეჩვიეთ. ესეც ჩვენი წესია, რა ვქნათ.

ხვალ ორშაბათია, 9 მაისი. მგონი, ბევრი საქმე მაქვს. დავიძინებ.

9 მაისი, ორშაბათი

მზიანი დილაა, ადრეა და მზე და ნისლები ისეა მოფენილი აქაურობას, ამის ყურებას არაფერი ჯობია...

9 მაისია. ვსაქმიანობ ხან საქონელთან, ხან ეზოში, და მახსენდება, მეორე მსოფლიო ომში გარდაცვლილი გმირების მემორიალთან რომ ჩაგვამწკრივებდნენ ბავშვობაში და ლექსებს ვამბობდით ომზე, გმირებზე. ხმამაღლა უნდა წაგვეკითხა, ბოლო ხმაზე. მერე ზამბახებსა და იასამნებს ვალაგებდით მემორიალთან და ასე მეორდებოდა დიდხანს.

ახლა ასე აღარ ხდება. თუმცა, მაინც მიდიან ჩვენი სოფლის ცენტრში პატარა მემორიალთან სოფლელები, თითოდ, ორ-ორად. წელს ახალგაზრდებს დაუგეგმავთ რაღაც ღონისძიება, „მაღაროსკარობა“ დაურქმევიათ და დოღს მართავენ. ალბათ, გმირების ხსოვნის პატივსაცემად.

მოვილიე საქმეები სახლსა და ეზოში და წამოვედი. „გაღმა“ მივდივარ-მეთქი, ვამბობ ასეთ დროს სახლში (არაგვს გაღმა ვცხოვრობთ და გამოღმაა სოფლის ცენტრი, მაღაროსკარის საკრებულოს ყოფილი შენობა, სადაც ჩვენი სათემო სარესურსო ცენტრის ოფისია და სამსახურივით მივდივარ ყოველდღე. „გაღმა“ მივდივარ-მეთქი, ვამბობ. არ ვამბობ, რომ „ოფისში“ ან „სამსახურში“ მივდივარ.

ცოტა ხნით მემორიალთან შევიარე, გავჩერდი. მერე მოვდივარ ოფისისკენ და ვფიქრობ, როდის მოვაწყოთ დასუფთავების აქცია. როდის ეღირსებათ ნაგვის ურნების დადმა? როდის გვექნება განათება, რომ დიდმა თუ პატარამ უკუნ სიბნელეში ისეირნოს? როდის გვექნება სპორტული დარბაზი? და ა.შ.

ასეთი ფიქრები ცუდ გუნებაზე მაყენებს. ახლაც ასე მოხდა, თუმცა ოფისში ასულს, განწყობა შემეცვალა. სულ რაღაც ორი წლის წინ ხომ ესეც არ გვქონდა? ახლა გვაქვს, ვეუბნები ჩემს თავს. ვინ იფიქრებდა ორი წლის უკან, რომ აქაურებს ისევ გაუჩნდებოდათ სურვილი, შეკრებილიყვნენ, ესაუბრათ არა საკუთარ, არამედ საერთო პრობლემებსა თუ საქმეებზე? ახლა იკრიბებიან და საუბრობენ. მე კი მახსენდება, როგორ იწყებდა ჩვენს თემში მუშაობას ფონდი „ტასო“ და ქალთა საინფორმაციო ცენტრი. ვიყურები გარშემო: რამდენი რამ არ გვქონდა და ახლა კი გვაქვს. ვამაყობ ჩვენი მეგობრებით. მათ გარეშე ეს ამას ვერ ვეღირსებოდით.

მეილს შევამოწმებ და წავალ სახლში, დღეისთვის კმარა.

არ გამოვიდა ძალიან მძიმე დღე...

დღიურის წერაც გაადვილდა. წერ, რასაც ფიქრობ, რასაც აკეთებ, განიცდი. სულ ეგაა.

თავისუფლების დღიურები - ლელა ნათობიშვილი
please wait

No media source currently available

0:00 0:13:37 0:00

10 მაისი, სამშაბათი

გათენებულიც არ იყო კარგად, რომ გამეღვიძა. ძილის შებრუნებას აზრი აღარ აქვს, იმდენი საქმე მელოდება და იმდენი ფიქრი მიტრიალებს თავში: საქონელი, ღორი, ფრინველი მყავს მისახედი, ცოტა ბოსტანსაც უნდა შევავლო თვალი, მერე შეძლებისდაგვარად დროულად მოვიწესრიგო თავი და გავიქცე.

ასე დაიწყო ეს დღე ჩემთვის. ვასიკო მომეხმარა და საქონელს მივხედეთ, ბოსტანსაც გადავავლე თვალი და ხელი, დამისეტყვა წინა დღეებში და ახლა ვცდილობ, რაც გადარჩა, ის გავაძლიერო და ახალიც დავრგო და დავთესო.

მოვემზადე. არც ისე კმაყოფილი ვარ, სულ ვფიქრობ, რომ მეტ დროს დავუთმობ საკუთარ თავს, მაგრამ ვერ ვახერხებ. თუმცა, იმედს არ ვკარგავ...

დუშეთის სოფლის მეურნეობის საინფორმაციო ცენტრში მივდივარ, ახლად შექმნილი საბჭოს წევრობა შემომთავაზეს და დავთანხმდი. უნდა დავთანხმებულიყავი კიდეც! მართალია, დრო ცოტა მაქვს, მაგრამ საკუთარი თავს მეტის მოსწრებას ვთხოვ.

საბჭოს ნახევრად ოფიციალური (მოთელვითი) სხდომა საინტერესო გამოდგა: ახალი ადამიანები, ახალი აზრები, ინიციატივები, აზრთა გაცვლა-გამოცვლა სოფლის მეურნეობის საკითხებზე. კმაყოფილი წამოვედი, სხვადასხვა საინფორმაციო მასალაც წამოვიღე თემის მოსახლეობისთვის. დუშეთიდან მაღაროსკარამდე გზად ფიქრის დრო მაქვს, გონებაში დარჩენილ დროს ვანაწილებ.

მივედი სათემო სარესურსო ცენტრის ოფისში, მეილს გადავხედავ- მეთქი, ვიფიქრე, მერე სახლში მელოდება საქმე.

მივედი, ინგლისურის დამატებითი გაკვეთილი ჰქონდათ ბავშვებს. მე ჩემი საქმით დავკავდი, ასლები გადავიღე, რამდენიმე მოქალაქეს მაღალმთიან რეგიონში მცხოვრების სტატუსთან დაკავშირებული ფორმები გადავეცი, ცოტა კონსულტაციაც გავუწიე სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, მეილი შევამოწმე, ბავშვებსა და მათ მასწავლებელს ჩაით გავუმასპინძლდი და წავედი სახლში. სასიამოვნოდ ვარ დაღლილი, გზად სახლამდე კიდევ ნახევარი საათი მაქვს ფიქრის დრო.

ვასიკოს, როგორც ყოველთვის, შეძლებისდაგვარად ყველაფერი გაუკეთებია. ნასიამოვნები ვარ, ჩამოვისვენე, ბავშვებს და მეუღლეს ვავახშმებ, ისედაც ხშირად უწევთ უჩემოდ სადილობა და ამის გამო ვწუხვარ ხოლმე. მერე მე და ვასიკო ისევ ერთად მივხედავთ საქონელს.

მოსაღამოვდა, წავედით, ჩვენი მეურნეობის მიხედვა დილას და საღამოს საათ-საათნახევარს ითხოვს, დაახლოებით. დავაბინავეთ საქონელი. სახლში შესვლისა და დასვენების დრო დადგა ჩემთვის, ცოტა ხნით კომპიუტერს მივუჯექი. ამით ვისვენებ და ინფორმაციას ვიღებ.

ბავშვებს დაველაპარაკე, სკოლისა და სპორტის ამბები გამოვკითხე და, როცა ჯალაბი დასაძინებლად დაწვა, მეორე დღის სადილის მზადებას შევუდექი. რძით ხაჭო გავაკეთე, დამბალი ხაჭოს გაკეთება დავიწყე. ხალისით ვაკეთებ ყოველ საღამოს, იმედი მაქვს, ეს საქმეც კარგად გამოვა. გავამზადებ, დილას ისევ დატვირთული რეჟიმი მელის.

11 მაისი, ოთხშაბათი

დღეს განსაკუთრებით ვღელავ: რადიო თავისუფლებაში მივდივარ. პირველად ვარ რადიოში და, საერთოდ, რაიმეს ჩაწერაზე ან ინტერვიუ-რეპორტაჟზე. მივდივარ ჩემი ნებით და ცოტა სიხარულითაც.

როგორ ავუხსნა ხალხს, რომ ფიქრი და კეთება არ მიჭირს, პირიქით. აი, საუბარი და ორატორობა კი ჩემი საქმე არ არის... როგორ ვისაუბრებ? ეს კითხვა მიტრიალებს გონებაში.

ძალიან უშუალო და საინტერესო გარემო დამხვდა, უშუალო და რეალობასთან ახლოს მყოფი მასპინძელი.

გამიადვილდა. კმაყოფილი ვბრუნდები. ტრანსპორტს ვერ მივუსწარი. აქ, ჩვენთან, იშვიათად დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, დღეში სულ ორჯერ. შუაფხოს ავტობუსი იდგა სადგურში და მეც მოშვებული დავჯექი ავტობუსის სკამზე და თითქოს მიხაროდა, რომ უნდა ირახრახოს, ირახრახოს იმ გზებზე დიდხანს... და მეც ვიფიქრებ, დიდხანს. ეს, ალბათ, მაშინ სჭირს ადამიანს, როცა რაღაცით კმაყოფილია და ფიქრისთვის დრო და გარემო შეხვდება ხოლმე.

მაგრამ იმდენ სადარდელს ვისმენ იმ ავტობუსებშიც!.. სულ სადარდელი. იშვიათად თუ იტყვის ვინმე რაიმე სასიხარულოსა და დამაიმედებელს.

პირდაპირ სახლში მივდივარ: აღარ მინდა დღეს არაფერზე ფიქრი, გარდა კარგისა.

ვსხედვართ საღამოს და ვუყვები ჩემს შვილებს, როგორი დებიუტი მქონდა რადიოში. გაბრწყინებული თვალებით მისმენენ. მერე ჯალაბი იძინებს. სახვალიოდ დრო რომ მოვიგო, ვცდილობ, საქმეები მოვილიო. არც ისე ძნელი ყოფილა რადიოში საუბარი.

12 მაისი, ხუთშაბათი

გათენდა, ჩქარა ვაკეთებ ყველაფერს. ეს დღე დატვირთულია და ვცდილობ, მალე წავიდე ოფისში.

ყოველ ხუთშაბათს დუშეთის საკრებულოში მაღაროსკარის მაჟორიტარი წარმომადგენელი, სალომე კაკაბლიშვილი, მოსახლეობას ხვდება. ეს დღე დატვირთულია ხოლმე. მეც ვცდილობ, ამ დღეს სოფელში ვიყო. შესანიშნავად გამოგვდის თანამშრომლობა და სასიამოვნო დღეა ყველასთვის: საქმიანი, დატვირთული, მაგრამ მაინც − სასიამოვნო. ქალია, და ეს განსაკუთრებული ამბავია! როგორც წესი, მეტად ყურადღებიანი, თავგზიანი და მობილიზებულია საიმისოდ, რომ გადაჭრას და გადაწყვიტოს ნებისმიერი პრობლემა.

...კარგი დღე იყო, რამდენიმე მოქალაქე გვყავდა, რაღაც მოვაგვარეთ, რაღაც ვერა, მაგრამ დასახლების საერთო კრების ჩატარებაზე (ფონდ „ტასოს“ ხელშეწყობით ვაკეთებთ პროექტის ფარგლებში) გამგებლის ბრძანება მოგვიტანა და სიხარულით ცას ვეწიეთ!

პირველები ვართ რაიონში და, ალბათ, ერთ-ერთი პირველები საერთოდაც, საინიციატივო ჯგუფის თაოსნობით საერთო კრების ჩატარებას რომ ვაპირებთ. ძალიან გახარებული ვარ!

ალბათ, ხელს ვუშლით ბავშვებს, რომლებსაც თეკლა ინგლისურის დამატებით გაკვეთილებს უტარებს: სულ ორი ოთახი გვაქვს და ვკამათობთ, ვხმაურობთ, ვმსჯელობთ... ხანდახან უკმაყოფილოდ შემოიხედავს ხოლმე ოთახში და ვიცით, რასაც გვეტყვის: „ცოტა დაბალ ხმაზე, თუ შეიძლება, ხელი გვეშლება.“

მერე ვცდილობთ ჩაით, ტკბილეულით მოვიგოთ მათი გულები. ვცდილობთ, უკეთ ვიცხოვროთ, უკეთ იცხოვრონ ბავშვებმა აქ, მთაში. განათლება მიიღონ, არ ჩამორჩნენ და ფეხი აუწყონ საუკუნეს. და, როცა რაღაც გინდა, საქმეს გულით აკეთებ, აუცილებლად გამოგივა!

რა კარგია − ვასიკოს თითქმის მოუმთავრებია საქმეები! დაღლილი ვარ...

13 მაისი, პარასკევი

გათენებულა. ჩქარი ტემპით უნდა დავიწყო დღე. ხაჭო მაქვს გასაკეთებელი. ახალი წამოწყებაა და არ ეღალატება.

საგულდაგულოდ გავაკეთე. სულ ასე ვაკეთებ. ხაჭო არ დასკდება, კარგად გაშრება და კარგად დალბება მერე. ისე, მიფუჩეჩება ყველა საქმეს ვნებს და ალბათ ხაჭოსაც ავნებს.

სტუმრები გვყავს, განსაკუთრებით პატივსაცემი.

ჩვენს ცენტრში ბიბლიოთეკის გაკეთებას ვცდილობთ. გავაკეთეთ კიდეც! ტასოს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის, მაჟორიტარი დეპუტატის, სხვა მეგობრების დახმარებითა და შემოწირულობებით ბიბლიოთეკა აღვადგინეთ და ახლა ფონდს ვამდიდრებთ.

დღეს ჩვენი სტუმარი იყო საზოგადოება, რომელიც ზრუნავს იმ ადამიანებზე, ვისაც განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. ისინი მოვიდნენ ჩვენთან, ბიბლიოთეკისთვის წიგნები მოგვიტანეს.

ამაზე ამაღელვებელს ვერაფერს ნახავს კაცი, ამაზე დამაფიქრებელს...

თბილისში მივდივარ. დღეს სათემო ფონდს ვაფუძნებთ და ვარეგისტრირებთ. ბევრ რამეს შევცვლით უკეთესობისკენ! აქ, ჩვენს თემში მაინც, თუ უფრო დიდი მასშტაბით ვერ ვიმოქმედეთ.

საღამოა. შვიდ საათზე გამოვედი იუსტიციის სახლის ეზოდან. დაღლილი ვარ, ტრიალებს ყველაფერი. ჟინვალამდე ტრანსპორტს გავყვები, მერე ვასიკო დამხვდება, უკვე წამოვიდა სოფლიდან. აღარაფერს დავწერ. უნდა დავისვენო. სასიამოვნოდ ვარ დაქანცული.

14 მაისი, შაბათი

დღეს ჩემი დღიურები გამზეურდება. ხმა, რომელიც, ვფიქრობ, ვიღაცას დააფიქრებს ჩვენზე, ჩვენს საქმესა და საფიქრალზე. მაინცდამაინც არ ვღელავ.

რადიო თავისუფლებაში მივდივართ მე და ჩემი დღიურები. იმედია, ჩაწერასაც გავართმევ თავს. მერე უნდა გავიქცე, სტუმარი მყავს სათემო სარესურსო ცენტრში, ქალბატონი ნინო კოკოლაძე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG