Accessibility links

logo-print

1 ნოემბერი, კვირა

რით დავიმსახურე არ ვიცი, რადიო თავისუფლების მესვეურებმა გამომარჩიეს და „თავისუფლების დღიურებისთვის“ ჩემი კვირის გაზიარება შემომთავაზეს. მიუხედავად იმისა, რომ წერის და, მით უმეტეს, დღიურების წერის დიდი გამოცდილებით ვერ დავიკვეხნი, მაინც დავთანხმდი. ჰოდა დავიწყოთ.

მოდი, ჯერ ყვავილებს მივხედოთ, წყალი დავუსხათ და თან ამბებსაც მოვყვეთ. ვცდილობ, კვირაში ორჯერ მაინც მოვიცალო მათთვის. აი, ამ პატარა ბროწეულს უკვე ქოთანი აქვს შესაცვლელი, დიდია საჭირო. მიწაც დაგვჭირდება, ეგებ კვირის განმავლობაში მოვახერხო და შევცვალოთ.

დღეს კვირაა. გუშინ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 1994 წლის კურსდამთავრებულნი შევიკრიბეთ. მეორე წელია, ოქტომბრის ბოლო შაბათს ვხვდებით ერთმანეთს, ვიხსენებთ ერთად გატარებულ წლებს, ქვეყნის რთულ ყოფაში მაინც ლამაზად გატარებულ სტუდენტობას. წუხილით ვიხსენებთ იმ კურსელებსა და მეგობრებს, რომლებიც მხოლოდ მოგონებებსღა შემორჩნენ. მოკლედ, ეს დღე ჩვენია: ერთნი ვართ და ვცდილობთ, უწინდელივით ლაღები ვიყოთ. გვიანობამდე გასტანა ლხინმა, გზად სახლში კი შემოდგომის წვიმამ გამოგვაცილა.

დღევანდელი დღე ჩემს მოგონებებს იმით დარჩება, რომ ირაკლიმ, ჩემმა რიგით მე-11 ნათლულმა, ნათლულთაგან პირველმა შექმნა ოჯახი. საამაყო და საყვარელი კაცია, ჩემი კოლეგაა და აჭარის აუდიტის სამსახურში მსახურობს.

მოკლედ, კვირის კარგი და ემოციური დასასრული მაქვს და იმედია, უკეთეს კვირას გავლევთ. ყოველ დილით ბავშვების, ვიკას და სანდროს სკოლაში გამწესების გარდა, პრესის, ხოლო ორშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს პრესასთან ერთად წიგნების შეძენა ჩვეული ამბავია. წიგნის კითხვისთვის დროის გამონახვა და ნაბოლარა ქეთოსგან გათავისუფლება უკვე დიდი ხანია, პრობლემად გვექცა მეც და მაკასაც. მე და ჩემს მეუღლეს სამი შვილი გვყავს: 16 წლის ვიკა, 14 წლის სანდრო და ხუთი წლის ქეთევანი, იგივე მამას ქეთო. მე და მაკა იურისტები ვართ, სწორედ პროფესიამ დაგვაკავშირა 18 წლის წინ. ვატყობ, ვიკასაც აინტერესებს მშობლების პროფესია, მაგრამ ვცდილობთ, ვძლიოთ პროფესიულ ეგოიზმს და შვილებს არაფერი ვუკარნახოთ.

დავიწყე ჰენრი კისინჯერის „მსოფლიო წესრიგის“ კითხვა, საინტერესოა. შვედეთში შევიძინე, იქვე დავაპირე კითხვის დაწყება, მაგრამ უშედეგოდ − გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ შევძელი. სექტემბრის ბოლოს შვედეთის ადგილობრივი დემოკრატიის ინსტიტუტმა მიმიწვია მენტორად, ჩვენებურად − დამრიგებლად, საქართველოსა და უკრაინის მუნიციპალიტეტების გუნდებისთვის პროგრამების შემუშავება-განხორციელებაში დასახმარებლად. მეოთხედ ვსტუმრობდი შვედეთს, მაგრამ პატარა, ლამაზ და წყნარ ქალაქ ვისბიში პირველად ვიყავი, გოტლანდის მუნიციპალიტეტშია.

2 ნოემბერი, ორშაბათი

ორშაბათიც გათენდა, ჩვენი სასწავლო-სამუშაო კვირა დაიწყო.

დღეს ორი ეთერი მაქვს დაგეგმილი. შუადღეს „მაესტროს“ „ბიზნესკონტაქტში“ ვისაუბრებთ საპოლიციო გამოსახლების გაუქმების თაობაზე პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტზე და თანმდევ საფრთხეებზე, საღამოს კი ია ანთაძე მიმასპინძლებს ინტერაქტიული დიალოგით რადიო თავისუფლების ეთერში. გადაცემის თემა საინტერესო და აქტუალურია: საჯარო სამსახური და საჯარო სექტორში დასაქმების ზრდადი ტენდენცია.

მანამდე კი ფინჯანი ყავა დავაგემოვნოთ, მერე − სკოლა და პრესა. მედია ისევ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსა და სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლით წარმოებულ გამოძიებაზე მსჯელობს. საკმაოდ მძიმე მუხლია, შეთქმულება სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

ამ ჩანაწერებისა და ერთ-ერთი ფიგურანტის, აწ უკვე ოდესის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოწოდებებისა თუ ქმედებებით დაინტერესება სთხოვა ჩვენმა პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტს. ეს საქმე გამოსაძიებელია, პირველი სერიოზული გამოწვევაა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან რამდენიმე თვის წინ გამოყოფილი უსაფრთხოების სამსახურისთვის. როგორც ჩანს, გამოსაძიებელ-შესასწავლი საქართველოშიც და უკრაინაშიც არის: უსაფრთხოების სამსახურმა უკრაინელ კოლეგებს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა.

დღის ბოლოს, ძილის წინ, დრო ქეთოსთვისაც მოვიტოვე და ცოტა ვითამაშეთ. ძილის წინ ჩემი ბავშვობის ისტორიების მოყოლას მთხოვს ქეთო და ასე მაბრუნებს ლამაზ მოგონებებში.

3 ნოემბერი, სამშაბათი

დღეს საინტერესო ღონისძიებაა პარლამენტში: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში, ქართველ და უცხოელ სპეციალისტთა მონაწილეობით, იმართება სამუშაო შეხვედრა უსაფრთხოების სამსახურზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების საკითხზე. საინტერესოცაა და სასიამოვნოც. 1994 წლიდან პარლამენტში, სწორედ ამ კომიტეტში დავიწყე მუშაობა. 1995-99 წლებში შევქმენით კანონმდებლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. 1997 წლიდან მაკამაც პარლამენტში დაიწყო მუშაობა და ჯერ იქ, მერე კი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სულ ერთად ვიყავით.

საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, კარგი დასაწყისია. ფართო ჩართულობით დაწყებული საქმე შეცდომების ალბათობას ამცირებს. გასახარი ის იყო, რომ აქ ჩვენი დიდი ხნის უნახავი, გერმანიაში მოღვაწე მეგობარი მინდია ვაშაყმაძე ვნახე, წლების წინ ისიც პარლამენტში, საგარეო ურთიერთობების კომიტეტში მუშაობდა.

შესვენებისას ჩაიც დავაგემოვნეთ და ჩემი სამუშაო ოთახი, იმჟამად ყველასთვის ცნობილი 531-ე ოთახიც მოვინახულე. პარლამენტის შენობასთან ერთად ისიც გაუმჯობესებულია, მაგრამ კვლავ თბილი და პატარაა. აქ საინტერესო წლები გავატარე, საინტერესო ადამიანებთან. ამ ყველაფერმა რეზო ადამია გამახსენა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, შემდეგ საქართველოს ელჩი გაეროში, ჩემი მასწავლებელი და მეგობარი. ორი წელი გახდება, რაც გარდაიცვალა.

შეხვედრას დავუბრუნდით, უცხოურ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზეც ვისაუბრეთ. იმედია, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ წელიწადში მოესწრება საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება. მოკლედ, 20 წლის წინანდელ დროში ვიმოგზაურე.

სტალინის თემა იყო მედიაში მსჯელობის საგანი. არადა, ჩვენში 2006 წლიდან არსებობს მთავრობის მიერ დაფუძნებული სსიპ ი.ბ. სტალინის სახელმწიფო მუზეუმი.

დღეს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა სტატია საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ეს არის გაუმჭვირვალე, მახინჯი სისტემა, რომელსაც ყველა ხელისუფლება კომფორტულად მოერგო. აქ თითქმის იმდენივე ადამიანია დასაქმებული და სახელფასო ანაზღაურებისთვის იმდენივე თანხა გაიცემა, რამდენიც საჯარო სამსახურში. მოკლედ, სახელმწიფოს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები, არასამეწარმეო იურიდიული პირები და სახელმწიფო საწარმოები დასაქმების ბიუროებად არის ქცეული.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წილებთან და საავტორო უფლებებთან დაკავშირებულ დავაზე გადაწყვეტილება გამოაცხადა, კომპანიის ყოფილ მესაკუთრეს ქიბარ ხალვაშს უარი უთხრა საავტორო უფლებებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, მაგრამ დააკმაყოფილა მისი მოთხოვნა წილების საკუთრებაში გადაცემის, დაბრუნების თაობაზე. არადა, ქიბარ ხალვაშს, 2012 წლის ცნობილი ამნისტიის დადგენილებით, პოლიტდევნილის სტატუსი აქვს მინიჭებული, მაგრამ უფლებებში რეალური აღდგენა ვერ შეძლო. ეს აღიარა კიდეც რამდენიმე დღის წინ პრემიერმა, სამი წელია, ამ ადამიანმა მთავრობასთან კომუნიკაციით სამართლიანობა ვერ იპოვაო. ეს პროცესი მნიშვნელობით არა მხოლოდ მხარეებზე მოახდენს გავლენას, არამედ საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება საკუთრების უფლების კუთხით, სამართლიანობის აღდგენის კუთხით, სასამართლო პრაქტიკისა და პრეცედენტული სამართლის დამკვიდრების კუთხით.

საღამოს მე და ქეთომ მაკას გავუარეთ უნივერსიტეტში. მოცდა მოგვიწია და ახლად ნაყიდი „საბავშვო კარუსელის“ კროსვორდ-რებუსები ამოვხსენით, ცოტაც წავიკითხეთ და კიდევ რამდენიმე ასო-ბგერით გავიმდიდრეთ ცოდნა.

4 ნოემბერი, ოთხშაბათი

დღესაც „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული დავა არის აქტუალური. ბავშვები სკოლაში დავტოვე და შინ მოვბრუნდი, კობა ბენდელიანს, „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტს, შევპირდი ინტერვიუს.

პროცესის მიმდინარეობამ და მისმა შედეგმა ყველაზე მეტი ზიანი, შესაძლოა, ხელისუფლებას მოუტანოს. არადა, შეიძლება არსებობდეს სიმართლე, რომელიც მხარეებმა იციან და, რომელიც არის სხვაგან, და არა სასამართლო დარბაზში, თუ საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში. არ არის კარგი სასამართლოში წარმოებული დავის პოლიტიკის კალაპოტში გადაყვანა და სასამართლოს გადაქცევა პოლიტიკური ბრძოლის ველად. სახელმწიფოებრივად, ინსტიტუციურად არ ივარგებს ასე გაგრძელება. სასამართლო ხომ ერთადერთი სახელისუფლო შტოა, რომელიც პოლიტიკის მიღმაა და რომელიც დანარჩენი ორის, პოლიტიკური ინსტიტუტის შემაკავებელ-მაკონტროლებელია. ასე უნდა იყოს და ასე უნდა ავაშენოთ.

სახლიდან გასვლამდე, შუადღისას, რომელიღაც ტელევიზიაში პოლიტიკოსები მთელი შემართებით იღვწოდნენ მოსამართლეების, სასამართლოსა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს „შესაქებად“. სამზადისში მყოფმა მაკამ ყური მოკრა ამ გამოსვლებს და რიტორიკულად იკითხა: არ ჩერდებიან და ისევ არ ეშვებიან ამ თავდასხმებსო? იურისტია, იცის ძლიერი და ზეგავლენისგან თავისუფალი სასამართლო რა არის დემოკრატიისთვის, თითოეული მოქალაქისთვის. მიყვარს მაკა.

მაკა სამსახურში დავტოვე, ქეთო − ბებოსთან, მაკას დედასთან, მე კი სამსახურს, სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს მივაშურე, მნიშვნელოვან პროექტზე გვაქვს სამუშაო, დეცენტრალიზაციასა და მუნიციპალური ფინანსების მართვას რომ შეეხება. სამუშაო დღის ბოლოს ისევ მედიას და საკონსტიტუციო სასამართლოს დავუბრუნდი: საკონსტიტუციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნით შეაჩერა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების მუხლის ერთი ნორმა და ამაზე ვისაუბრეთ გადაცემა „2030“-ის ჟურნალისტთან.

სასიამოვნო სიახლეც გავიგეთ: 2016 წლიდან ბრუნვაში ლარის განახლებული ბანკნოტები შემოვაო. ახალი ბანკნოტების ცნობადობის ასამაღლებლად ეროვნულ ბანკს ახალი საიტი, ინტერაქტიული აპლიკაციაც გაუშვია: ganakhlebulilari.ge. ვსინჯე, ყველა გამოვიცანი და ექსპერტი ხარო, ასე მითხრა. მოკლედ, რამდენი წელია, ექსპერტობაა მოდა-მიმდინარეობა. იძახე რამდენიც გინდა, საყვარელი პროფესია მირჩევნია ყველაფერს, იქნებ მისი მითითება საკმარისი იყოსო. სულ ტყუილად. ექსპერტი საუკეთესოა იმასთან შედარებით, ზოგჯერ ეკონომიკის ექსპერტს რომ მიაწერენ. ამაზე მხოლოდ ვხალისობ. არადა, მაყურებელსა თუ მკითხველში ყალიბდება აზრი, რომ ვისაც ტიტრებში ან ტექსტში ექსპერტს მიაწერენ, ეს მისი პროფესიაა.

„თქვენ ექსპერტი არ ხართ?“ − მკითხა უცნობმა.

„არა ბატონო, იურისტი გახლავართ“, − ეს რომ მივუგე, დამწუხრებული, თანაგრძნობით აღსავსე გამომეტყველებით მითხრა:

„ააა, მე ექსპერტი მეგონეთ“, − თითქოს მეუბნებოდა, ეგ არაფერიო.

შინ დაბრუნებულს, ქეთოს დანაპირები შევუსრულე: სათამაშოების მაღაზიაში „ლეგოს“ სათამაშო, თოჯინას ჩასაცმელი და სათამაშო ფაფა, ჰო, სათამაშო ფაფა ვუყიდეთ ქეთოს „შვილს“. როგორც წესი, სათამაშოების ყიდვის შემდეგ მათ ერთად ვეცნობით და ვთამაშობთ. მოკლედ, გული ვიჯერეთ, დავიღალეთ და დასაძინებლად გავემართეთ. დილით ადრე, 7 საათზე გამაღვიძე, ბავშვს უნდა ვაჭამოო, დამიბარა.

5 ნოემბერი, ხუთშაბათი

დღესაც საინტერესო ღონისძიებაში მიწევს მონაწილეობა. ევროკომისიისა და ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს რეგიონული განვითარების პროგრამას, რომლის მიზანია რეგიონული განვითარების სხვადასხვა სფეროს საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება. ჩვენი გუნდი „რეგიონული განვითარების პოლიტიკების ფინანსური უზრუნველყოფის“ თემით არის დაკავებული. დღეს პოლიტიკის დოკუმენტების პირველადი ვერსიები წარედგინება ექსპერტთა კომისიას. საინტერესო რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული მოხსენებები მოვისმინეთ. კარგი საქმე კეთდება ევროკომისიის დახმარებით, მაგრამ ეგაა, რომ მთავრობის სხვადასხვა უწყებებს არ აქვთ ერთიანი ხედვა და პოზიცია რეგიონული განვითარების, დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის რეფორმის საკითხებზე. ეს კი აფერხებს პროცესს.

მაკას უნივერსიტეტში ლექციაზე ვტოვებთ და მივდივართ ჩემს მშობლებთან, სადაც მათთან ერთად ჩემი და მისი შვილი, ლელა და თედო გველოდებიან. ჩვენთან ერთად მშობლებსაც უხარიათ!

ფაშიზმთან ომში ჩემი ორივე პაპა იბრძოდა. მათგან ერთი, იოსებ ალაფიშვილი, ნაღმმა იმსხვერპლა 1943 წლის 25 სექტემბერს. მამაჩემი რომ მოევლინა ამ ქვეყანას, 1942 წელს, ის უკვე იბრძოდა. შემოუთვლია, ომარი დაარქვითო. ერთმანეთი არ უნახავთ, მამას ფოტოებზე შემორჩა მისი სახე, პაპამ კი საერთოდ არ იცოდა, როგორი იყო მისი ნაბოლარა. მამაჩემი უმამოდ გაიზარდა, მე და მამამ მამაშვილობა ერთად ვისწავლეთ.

ლია ბებომ და ომარი პაპამ გული იჯერეს შვილიშვილების ხილვა-მოფერებით, ონავარმა ოთხეულმა კი − ცუღლუტობითა და ხტუნვა-თამაშით.

შინ დაბრუნებულთ, დაგვხვდა ინფორმაცია, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სასამართლომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. მოკლედ, ამ საქმეს ბოლო არ უჩანს. სასამართლოს პრაქტიკა და განმარტებები მოვიძიე, გვიანობამდე შემოვრჩი ვირტუალურ სამყაროს და სოციალურ ქსელს. არადა, ხვალ, უფრო სწორად დღეს, ლექციაზე უნდა შევიდე სტუდენტებთან. იმედია, დამინდობენ და საზოგადოების განსჯის საგნად ქცეული სასამართლო პროცესების ირგვლივ კითხვების გარდა დრო სალექციო თემებისთვისაც დაგვრჩება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურისტებს ვუკითხავ ეროვნული უსაფრთხოების სამართალს. ხვალ შუალედური გამოცდის შედეგები და ახალი თემა უნდა წავუკითხო: ინსტიტუციური დემოკრატია და დემოკრატიული კონტროლი უსაფრთხოების სექტორზე.

6 ნოემბერი, პარასკევი

დღევანდელი დღე ნაკლებად დატვირთული იყო. დილით მე მქონდა ლექცია, საღამოს − მაკას. ლექციის მერე, შინ დაბრუნებული, ქეთოს ვეთამაშე, მერე კი ბებო-დეიდასკენ გავემართეთ სამივე: ჯენი ბებოს და ხათუნა დეიდას ჩემი შვილის ახალი ჩასაცმელი უნდა ვაჩვენოო, ქეთომ გამოგვიცხადა. საღამოს, კვლავ ჩემს მშობლებს ვესტუმრეთ და მოვილხინეთ.

საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიახლეებიც არის. პარლამენტის წევრმა, გოგი თოფაძემ პარლამენტის წევრის მანდატი დატოვა, ამბობენ დისშვილი ჩაანაცვლებსო. ალბათ, „რუსთავი 2“-ის დახურვასთან და სტალინის საჯაროდ გამოხატულ სიმპათიასთან დაკავშირებულმა მისმა გამონათქვამებმა დააჩქარა ამ გადაწყვეტილების მიღება.

იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ამერიკის ელჩის საჯაროდ დატუქსვა დააპირეს, პასუხი და ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს „რუსთავი 2“-ის საქმეზე გუშინ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების თაობაზე გაკეთებული განცხადების გამო. არადა, ამ საკითხზე ერთობლივი განცხადება, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმაც გააკეთეს, პარლამენტის თავმჯდომარემაც, მმართველი კოალიციის წევრი რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმაც, და რაღა ეს ამერიკის ახლადჩამოსული ელჩი ამოიღეს მიზანში?!

7 ნოემბერი, შაბათი

დღეს ალბათ შევძლებ, ყვავილებისთვის მოვიცალო. დილით სანდრო და ვიკა ექსკურსიაზე მიდიან კახეთში.

სარკმლიდან შევცქერი გათენებას, სინათლით სიბნელის ჩანაცვლებას, მასზე გამარჯვებას. მოჩანს საბურთალოს ამაღლების ეკლესია. გასული კვირის გახსენებისას და მომავალზე ფიქრისას, უნებურად მახსენდება ხოლმე ფრაზა დილის ლოცვებიდან, რომელსაც ყოველდღიურად ათასობით მართლმადიდებელი წარმოთქვამს: „აცხოვნე, უფალო, და შეიწყალენ ღვთივ-დაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი.“ ნეტავ, თუ იციან, ან თუ დაფიქრებულან ამაზე ჩვენი მოხელეები? მრავალი სრულიად უცხო ადამიანი დღის დაწყებისას ლოცვებში შენს სიკეთეს შესთხოვს ღმერთს. ვფიქრობ, ამის მნიშვნელობა გაცნობიერებული რომ ჰქონდეთ, პასუხისმგებლობა თუ საქმისადმი დამოკიდებულებაც უკეთესი ექნებოდათ და ეგებ მყარ საძირკველზე მდგარი სახელმწიფოც აგვეშენებინა.

90-იანი წლების შემდგომ უნდა ვიყოთ სამოქალაქო საზოგადოების − გაცნობიერებული პასუხისმგებლობის მქონე საზოგადოების − ხელახლა დაბადების მომსწრენი და შემოქმედნი და ასეთი სამშობლო უნდა გადავცეთ შვილებს. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ. მჯერა, რომ ჩემს შვილს ხუთიოდ პოლიტიკოსის მეტი არ ეცოდინება, სამაგიეროდ ეცოდინება, რომ:

თუკი ის არ იქნება თავის სამშობლოზე, სახელმწიფოზე პასუხისმგებელი; თუკი არ იქნება სამართლიანი და არ მოსთხოვს ბიუროკრატიას კანონის დაცვასა და სამართლიანობას; თუკი არ იქნება სოლიდარული სხვათა მიმართ და რაიმე ცუდი მოხდება, ეს პირველ რიგში მისი ბრალი იქნება და მერე − სხვისი.

ჩემს შვილს ვასწავლი, რომ სხვა, არც უმაღლესი იერარქი და არც მეზობელი, არ გააკეთებს მის გასაკეთებელ საქმეს: არც დაელოდოს, გააკეთოს დღესვე, რადგან „ხვალ“ ღმერთის განგებით შეიძლება აღარც იყოს.

ჩემს შვილს ძალიან უნდა უყვარდეს სამშობლო. თანამედროვე სამყარო მისცემს შესაძლებლობას, ნახოს ბევრი ლამაზი ქვეყანა, რომელიც ვერასოდეს იქცევა მის სამშობლოდ, რადგან ღმერთის განგებამ და სამშობლომ გამოარჩიეს თავის შვილად, ღირსად, შობილიყო ამ მადლიან მიწაზე − საქართველოში.

მხოლოდ ასე იქნება ჩემი შვილი სხვებთან ერთად თავისუფალი, მხოლოდ ასე იქნება მისი და ჩვენი სამშობლო თავისუფალი...

სანამ მაკას და ქეთოს ეძინათ, ცოტა წავიკითხე, მერე ყვავილებს მივაკითხე. ამასობაში, ქეთომ სათამაშოდ, ხოლო მაკამ ყავაზე მიმიწვია.

შუადღისთვის რადიო თავისუფლებაში შევივლი, მერე კი ეკლესიაში წავალთ. ავჭალის წმინდა დიდმოწამე დედოფლის, ქეთევან წამებულის ტაძარში მსახურებას დავესწარით და საღამოს ჩემს მშობლებს ვეწვიეთ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG