Accessibility links

logo-print

21 თებერვალი, კვირა

დირსიჭალის ახალ საცხოვრებელ კომპლექსს ვეცნობოდი ადგილზე. ადრე ეს სამშენებლო მოედანი რუსთავის გზიდან მქონდა გადაღებული, ანუ მეორე ნაპირიდან, რადგან მშენებლობაზე შესვლა შეზღუდული იყო და მხოლოდ გარედან „ტკბობას“ თუ დასჯერდებოდა კაცი. დირსიჭალის ახალი დასახლების ვიდეორგოლს გამუდმებით ატრიალებენ რომელიღაც არხზე, თუმცა ადგილზე დათვალიერების შემდეგ შთაბეჭდილება გრჩება, რომ ოდნავ გაუმჯობესებული მშენებლობის ხარისხის მიუხედავად, ზუსტად იმ „მშენებლების ქუჩაზე“ ხარ, ელდარ რიაზანოვის ფილმში, „ბედის ირონიაში“ რომ არის ნაჩვენები. ეს კომპლექსი კიდევ იმაზე მიმანიშნებს, რომ წინ ვერ მივდივართ და ტრიალ მინდორზეც (ყამირზეც) ისევ იმას ვქმნით, რასაც კარგა ხანია, ყავლი გაუვიდა. თუმცა „სოცკულტბიტის“ ობიექტების ნაკლებობა არ იგრძნობა, ეს ისევ ის გლდანი, მუხიანი თუ ვარკეთილია, რომელმაც მხოლოდ მოქალაქეების საბინაო პირობები გააუმჯობესა, მაგრამ ვერ შექმნა ის განუმეორებელი ურბანული გარემო, რომლის ნაშთებსაც თბილისში, გარკვეულწილად, მეც მოვესწარი, მიუხედავად ქალაქის ქსოვილზე არნახული მრავალწლიანი ძალადობისა.

უკან დაბრუნებისას, ერთი ძველი ხიბლის მატარებელი სახლი შევნიშნე და მის სანახავად გავეშურე. გავიგე, ვის ეკუთვნოდა ეს სახლი და იქვე, პატარა შუკაში, გამოველაპარაკე ხანშიშესულ ქალს, რომელიც ამ უბანში დაბადებულა და გაზრდილა. მირჩევნია, ჩემს ქოხმახში მოვკვდე, ვიდრე მაგ ბინებში გადავიდე, პატარა ფართები და ხელოვნურად შექმნილი უსიცოცხლო გარემოაო, მითხრა.

სახლში მისულმა, 1934 წლის თბილისის რუკას დავხედე. მიუხედავად ზაჰესის ექსპლუატაციაში გაშვებისა, ამ რუკაზე ჯერ კიდევ მონიშნულია ორთაჭალის კუნძულები, ქუჩებსაც ბევრად პოეტური სახელები ჰქვია: ვაშლის ჩიხი, მსხლის, მუხუდოს, სათევზაო შესახვევები; გერმანელთა ქუჩა მათი კოლონიის არსებობას ადასტურებს, თუმცა ასევე დაფიქსირებულია აქაური განაშენიანებისთვის სრულიად უცხო, საბჭოთა სახელწოდების, ქედის კომუნის მოედანი.

22 თებერვალი, ორშაბათი

დილიდან „პალიტრა ტვ“-ს ვსტუმრობ, სასაუბრო თემაა „მოდერნიზმი ქართულ არქიტექტურაში“. დამირეკა ახალგაზრდა გოგომ და მათთან მისვლა მთხოვა. წინასწარ იმ შენობების ნუსხა მომთხოვა, რომლებზეც უნდა მესაუბრა. დავუსახელე რამდენიმე და მივედი. სალაპარაკო ბევრია, დრო კი − ცოტა. ვატყობ, ცოტა აბდაუბდა დიალოგი გამოგვივიდა, თუმცა შეძლებისდაგვარად ვცდილობდი ამეხსნა, რატომ უნდა მოვუაროთ ისეთ შენობებს, როგორებიცაა, მაგალითად, პურის ქარხანა კონსტიტუციის ქუჩაზე, სპეციალისტების სახლი მერიის პირდაპირ, ლუდის ბარი „შატილი“ სანაპიროზე, უნივერმაღი „თბილისი“ რუსთაველზე, სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკა კოსტავაზე და საცურაო აუზი სატივეზე. რამდენი საინტერესო ამბის მოყოლა შეიძლება თითოეული მათგანის დაპროექტებაზე, მშენებლობაზე, მუშაობაზე, მე კი მთხოვენ, მშრალად და სწრაფად ვუპასუხო, მარტივად: რა იყო კარგი და რა იყო ცუდი საბჭოთა არქიტექტურაში. ჯანმრთელობის კერა გვინდა ავტომაგისტრალად გადავაქციოთ, ცოდნის კერა − გაურკვეველი ფუნქციების მქონე ორგანიზაციების საოფისე სივრცედ, თუ ქართველი სოციალისტების ლიდერის კუთვნილ კაზინოდ. იოლი გზით ფულის შოვნის მაძიებლებს კი რა გამოლევს ამ ქვეყანაში?! უკმაყოფილო დავრჩი, და, რომ არა სტუდიის ოპერატორთან სასიამოვნო საუბარი არქიტექტურით მის გატაცებასთან დაკავშირებით, მთლად გაწბილებული დავტოვებდი სტუდიას.

იქიდან დაბრუნებული, ვეცნობი საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის, შპს „იდეა სითის“ და შპს „იდეა მელიქიშვილის“ მიერ ორგანიზებული და თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის მხარდაჭერილი კონკურსის მასალებს. კონკურსი ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩების კუთხეში შერეული ფუნქციის მქონე სახლის აშენებას გულისხმობს. ძალიან კარგია, რომ საბოლოოდ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ არქიტექტურული კონკურსები აუცილებელია, თუმცა აქაც ცოდნის დეფიციტია. როდესაც კონკურსი გამოცხადდა, მაშინვე მივმართეთ ორგანიზატორებს რიგი შენიშვნებით, მათ შორის მთავარი იყო ამ მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის ქალაქგეგმარებითი კუთხით გააზრების კონცეფციის წარმოდგენის მოთხოვნა, რაც მათ არ გაიზიარეს. ინვესტორმა მეტად ბუნდოვანი მოთხოვნა წამოაყენა: შენობა გადაწყვეტილი უნდა იყოს კლასიკური, ან ნეოკლასიკური არქიტექტურის სტილში, რომელიც ბალანსით, პროპორციებით, სიმეტრიითა და გეომეტრიული ფორმების სიმარტივით XIX საუკუნის ევროპულ არქიტექტურას უნდა მოგვაგონებდეს; ამავე დროს უნდა ჩანდეს, რომ ის 21-ე საუკუნის პროდუქტია და წარმოადგენს ძველისა და ახლის სინთეზს, რომელიც დაგვირგვინებული იქნება „ჰაიტეკური“ არქიტექტურით, დუპლექსის ტიპის ორსინათლიანი პენტჰაუსებით და ტერასებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოთხოვნა არასავალდებულო იყო, ვფიქრობ, მან მაინც საკმაოდ დააბნია 59 კონკურსანტი. ახლა ორგანიზატორები, ჟიურის მუშაობის პარალელურად, ონლაინრეჟიმში გამოკითხვას ატარებენ საუკეთესო წინადადების გამოსავლენად. „თბილისის არქიტექტურულ ფორუმზე“ თანამოაზრეებთან ერთად ჩვენი პოზიციაც არის წარმოდგენილი და მსურველებს შეუძლიათ, უფრო დეტალურად გაეცნონ მას. ეს პორტალი ჩემი ძველი მეგობრისა და კოლეგის, ამჟამად შვეიცარიაში მცხოვრები ნინო ჩაჩხიანის თავდაუზოგავი შრომით შეიქმნა და კრიტიკული არქიტექტურული აზრის გასაზიარებლადაა მოწოდებული. ვცდილობთ, უფრო ღრმა ანალიზი გავუკეთოთ მიმდინარე პროცესებს, თუმცა ინტერაქტიული ურთიერთობისგან ჯერ კიდევ მეტს მოველით.

ექვსი საათისათვის თამრიკოს გავუარე მანქანით ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. დავიმგზავრეთ ცენტრის ვაკეში მცხოვრები თანამშრომლები, მისი დიდი ხნის მეგობრები: ნინო, დარეჯანი და მზია. ეს რიტუალი თითქმის ყოველდღიურად ეწყობა: სიძველეთა კვლევით − ისტორიულ წარსულში ყოველდღიური მოგზაურობით − დაქანცული და მაინც ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანების გამოყვანა აკადემიის გორის ლაბირინთებიდან ნამდვილად კეთილი საქმეა. დღეს ხომ აკადემიის გორაზე მიმდინარე ურბანული ბაკქანალიის გამო გზის გაგნებაც კი ჭირს. არადა, შეხედავ არქიტექტორ გიორგი ლეჟავას მიერ 60-იან წლებში შემუშავებული პროექტის მიხედვით შესრულებულ მაკეტს და გული გაგინათდება, ისე კარგადაა შენობები მორგებული რელიეფს.

23 თებერვალი, სამშაბათი

პირველ საათზე „დოკომოკოს“ სამუშაო შეხვედრაზე ვარ მიწვეული. „დოკომოკო საქართველო“ მოდერნისტული მოძრაობის შენობების, ღირსშესანიშნავი ადგილებისა და უბნების დოკუმენტაციისა და კონსერვაციის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს ეროვნული სექციაა. ბოლო ათწლეულების განმავლობაში მოდერნისტული მემკვიდრეობა განსაკუთრებით მწვავე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. 1980-იანი წლების ბოლოს მრავალი მოდერნისტული შედევრი უკვე დანგრეული ან უკიდურესად სახეცვლილი იყო. ეს უმეტესად იმის გამო ხდებოდა, რომ ისინი არ მიიჩნეოდნენ მემკვიდრეობის ელემენტებად, მათი თავდაპირველი ფუნქცია თანდათან შეიცვალა და იმდროინდელმა ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა ვერ გაუძლეს დროის წნეხს. ახალგაზრდა არქიტექტორები რუსუდან მირზიკაშვილი, ნანო ზაზანაშვილი, გვანცა ნიკოლაიშვილი, ლევან ასაბაშვილი და სხვები მოწადინებული არიან, ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიის ეს წინააღმდეგობრივი პერიოდი სათანადოდ იქნეს გამოკვლეული, დოკუმენტირებული და წარმოჩენილი. ამ ძეგლების დაცვა კიდევ უფრო რთული მისიაა, ზოგადად, ამ პერიოდის მემკვიდრეობისადმი ამრეზილი დამოკიდებულებისა და, განსაკუთრებით, მათი ახალი მეპატრონეების ფაქტორის გათვალისწინებით.

ცალკე საკითხია ინდუსტრიული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობა. 2015 წელს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დახმარებით მე და ნანომ დავიწყეთ ამ მემკვიდრეობის ნაწილის კვლევა ჭიათურა-ზესტაფონი-ფოთის ინდუსტრიული წრედის მაგალითზე. რა საინტერესო სამუშაოა, თუნდაც იმ კუთხით, თუ როგორ ხედავდნენ საქართველოს მომავალ მოწყობა-განვითარებას ისეთი გამოჩენილი საზოგადო მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები, გიორგი ზდანევიჩი. მაღაროები, გადამამუშავებელი ფაბრიკები, საბაგიროები, ფერო... ნამდვილად ბედის ირონიაა, რომ ჰარიმანის ორწლიანი მუშაობა უფრო კარგადაა ჩაბეჭდილი ჭიათურელების მეხსიერებაში, ვიდრე ასეთი ხალხის თავდაუზოგავი და მრავალწლიანი შრომა. მარტო ნიკო ნიკოლაძის მიერ ფოთის დაგეგმვის და პორტის მოწყობის ისტორია რად ღირს! მოკლედ, საქმე ბევრია და ძალიან მახარებს, ამ საქმეში რომ ვარ ჩართული.

უკვე ორწელიწადნახევარია, რაც მე და დედა ყოველდღე ერთად ვსადილობთ ზუსტად იმ დროს, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელზე „ეკონომეტრი“ გადის. დღეს სტუმრად ჰყავთ დეველოპერი თორნიკე აბულაძე, რომელიც ქალაქის ცენტრში სიმჭიდროვის კოეფიციენტის, კ-2-ის, დროებით შეზღუდვაზე საუბრობს. მერიამ გამოაცხადა, რომ ეს შეზღუდვა მხოლოდ ქალაქის ცენტრს შეეხება და იმოქმედებს ქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის დამტკიცებამდე. ისე თავდაჯერებულად გვიხსნის ეს ახალგაზრდა თავის პოზიციას, რომ, ლამისაა, ჩემი უძრავი ქონება გავყიდო იყალთოს გორაზე (საიდანაც ჯერ კიდევ ჩანს მთაწმინდა და მყინვარწვერი და აღარ ჩანს მახათას მთა და სამება) და მცხეთის ქუჩაზე ან სტუდქალაქში არსებულ ურბაციდულ გარემოში დავიდო ბინა.

შევიხედე ფეისბუკში, სადაც გია ეძგვერაძის მიერ მილენიუმის სასტუმროს ფოტოს მოწონებას კედელზე 34 კომენტარი მოსდევს. გია ჩემი თაობის ძალიან საინტერესო, ნიჭიერი მხატვარია, თუმცა ვერ დავეთანხმები მის პოსტულატს: „დღეს, პოსტ-მოდერნის ეპოქაში, სწორედ შეჭრები, ვირუსული აგრესიაა მართებული; ქალაქი მყუდრო, მოსათბობი ადგილი აღარ არის; სხვა ადამიანები მოდიან: ეკლექტური, კოლაჟური ცნობიერების მქონე.“ შეიძლება ეს სამხატვრო აკადემიის „სქელ კედლებთან“ მოგებული ბრძოლის გამოძახილი იყოს. ამას წინათ თამრიკომ მოუსმინა გიას, რომელიც „ამაოების ბაზარში“ იყო მიწვეული, და სრულიად მოხიბლული დარჩა მისი საუბრით.

4 თებერვალი, ოთხშაბათი

12 საათზე არქიტექტორ გარი ბიჭიაშვილს შევუთანხმდი შეხვედრაზე სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის შესასვლელთან. ბატონი გარი ამ შენობის ავტორია და მისგან მოსმენილი, ერთ დროს მნიშვნელოვანი, ახლა კი გაპარტახებული სამეცნიერო დაწესებულების ისტორია საინტერესო უნდა იყოს მოდერნისტული არქიტექტურის ისტორიის კუთხით. შენობამ არა მარტო „დოკომოკოს“ ყურადღება მიიპყრო − წინა თვეს საინტერნეტო გამოცემა „რეტროგრადიდან“ შემეხმიანენ, იქნებ მეტი მოგვიყვეთ ამ შენობის ისტორიაზეო. შენობა იმდენადაა იავარქმნილი, რომ მისი ორიგინალური მოცულობების შეგრძნება რთულია, თუმცა დაკვირვებული თვალი მაინც შენიშნავს ავტორისეულ ხედვას თუ მიგნებებს. როგორც ბევრი სხვა საბჭოური პროექტი, ესეც სრული მოცულობით არ შესრულებულა, რის შედეგებსაც ახლაც ვიმკით პარკინგისა და მწვანე ზონის არარსებობით. შენობა ზედმიწევნით კარგად ასახავს ჩვენი უახლესი, დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიას, თუ როგორ ვარჩიეთ განათლების კერების განვითარებას აზარტული თამაშები და როგორ ვაქციეთ სამეცნიერო ცენტრები სამორინეებად, რესტორნებად და, ღმერთმა უწყის, რა დანიშნულების ობიექტებად. ორსაათიანი საუბრის და ბევრი საინტერესო არქიტექტურული პრობლემის განხილვისა და „არაარქიტექტურული“ ამბების გახსენების შემდეგ დავშორდით იმ იმედით, რომ შენობის ნახაზები მაინც მოიძებნება და უფრო საინტერესოდ აისახება ამ პერიოდის ისტორიაში.

საღამოს 6 საათზე გოეთეს ინსტიტუტში ვარ ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ გამოცემული ლადო ვარდოსანიძის ურბანისტული ლექციების კრებულის − „ქალაქის კონტურები“ − პრეზენტაციაზე. ისე მოხდა, რომ წიგნის ავტორის სიძის, გამოჩენილი ქართველი ჩოგბურთელის, ალექსანდრე მეტრეველის გვერდით აღმოვჩნდი. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ბატონმა ლადომ და მე სწორედ ჩოგბურთის სიყვარულის გამო გავიცანით ერთმანეთი „დინამოს“ კორტებზე, სადაც წინა მთავრობამ იუსტიციის სახლი წამოჭიმა. მახსოვს „თბილისის ჰამქარმაც“ ერთ წელს მიგვიღო თავის საპატიო და რიგით წევრებად. მაშინ ცერემონიის უსტაბაშმა კოკა ამირეჯიბმა გაგვილაწუნა ლოყაზე ხელი, და რაოდენ სამწუხაროა, რომ ქალაქის ასეთი მცოდნე და მოამაგე კაცი ასე უდროოდ წავიდა ჩვენგან. ბ-ნი ლადო ყოველთვის დამაჯერებლად ლაპარაკობს, კოლეგებსაც, სტუდენტებსაც ძალიან უყვართ, თუმცა საკამათოც ბევრია მიმდინარე პროცესებისადმი მის მიდგომებსა თუ დამოკიდებულებაში. გოეთეს ინსტიტუტის და ბიოლის ფონდის „გოგოები“− ნათია მიქელაძე, ნინო ლეჟავა (მათ ნატაშა ლომოურსაც დავამატებდი მწერალთა სახლიდან) ძალიან ყოჩაღები არიან ასეთი ღონისძიებების გამართვაში!

ცხრის ნახევარზე ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს, დათო ავალიშვილს და ნიკა მჭედლიძეს ვხდები პურის მოედანზე არსებული სარდაფის დუქანში და მომავალ გეგმებს განვიხილავთ, საინტერესო კონკურსში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას და სტრატეგიაზე ვმსჯელობთ. რა სჯობს პროფესიულ საუბრებს ფურცლითა და ფანქრით ხელში, მით უმეტეს, ნიჭიერ და წარმატებულ ადამიანებთან ერთად! იმედია, იღბალიც ჩვენს მხარეზე იქნება. ამოსვლისას პროფესიული თვალი შევავლეთ უბანში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ძველი და ახალი თაობების აზრები დაემთხვა, ძველის იმავე სახით აღდგენა გვიჭირს...

25 თებერვალი, ხუთშაბათი

25 თებერვალთან დაკავშირებით ყოველთვის მახსენდება ჩვენს ოჯახში სათუთად შენახული დოკუმენტი, რომელიც 1920 წლის მაისშია გაცემული. ამ დოკუმენტის მიხედვით, ბაბუაჩემს, ისაკ კალანდარიშვილს, ხარკოვის სამედიცინო უნივერსიტეტის ახალ კურსდამთავრებულს, წითელი არმიის რიგებში მობილიზაციიდან ათავისუფლებენ და სამშობლოში დაბრუნების უფლებას აძლევენ საქართველოსა და რუსეთს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. უშიშროების არქივში არსებული მასალებით, 1922 და 1925 წელს ისევ აპატიმრებენ გურიაში ექიმად მუშაობისას და, საბოლოოდ, 1942 წელს ბაქოში სიცოცხლეს გამოასალმებენ ჰოსპიტალში შეთითხნილი ბრალდების საფუძველზე, რომელსაც მოგვიანებით, 1956 წელს, თვითონვე უარყოფენ. პირადი გამოცდილებით ვიცი, ამგვარი დოკუმენტები ძნელი წასაკითხია, თანაც ვფიქრობ, არა მარტო მსხვერპლთა, არამედ მოძალადეთა შთამომავლებისთვისაც, მაგრამ მაინც მიმაჩნია, ლუსტრაცია აუცილებელია.

დილიდან პროდუქტების შესაძენად გავედი 57-ე სკოლის პირდაპირ სახლში რომ „თაღის ქარვასლაა“. უკვე რამდენი წელია, ეს პატარა ბაზარი წარმატებით მუშაობს, ალბათ იმდენივე წელიწადი, რაც პოპულარობა დაკარგა დეზერტირების ბაზარმა, ხოლო კოლმეურნეობის ბაზარი ჯერ „პოპულიდ“, მერე ცოტა ხნით „ფუდმარტად“, და ბოლოს „კარფურად“ იქცა. ეს პატარა ბაზარი, ვფიქრობ, იმიტომაა წარმატებული, რომ ცივ სივრცეებს და კომპიუტერულ ანგარიშსწორებას ხალხს მაინც ხანმოკლე ადამიანური ურთიერთობა ურჩევნია. ერთია, რომ აქ ფასზე ვერ შეევაჭრები, რაც ნამდვილი ბაზრის აუცილებელი ატრიბუტია. ცოლეურში პროდუქტების ხარისხს აგერ უკვე მეოთხედი საუკუნეა, მკაცრად მიკონტროლებენ, ასე რომ, შეცდომის უფლება არა მაქვს. შაბათობით ფალიაშვილის 33-ში საქართველოში მცხოვრები ფრანგი ყიდის ხოლმე თავის ნატურალურ პროდუქტებს და პურს, თუმცა ფასები ცოტა „იკბინებიან“. საკამათო აზრია, შეიძლება ახალ შენობებში მეტი სისუფთავე და წესრიგია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ აღმოსავლური ბაზრის თავისებურება თბილისისნაირ ქალაქში არ უნდა დაკარგულიყო.

თბილისის მუზეუმში შემპირდნენ, რომ 12 საათისთვის მიჩვენებდნენ გუდიაშვილის მოედნის № 2 სახლის 1918 წლის ნახაზებს. სახლი ნიკოლოზ სევეროვმა და ირინა კერნმა აზომეს და გამოხაზეს. ნახაზები შესრულებულია საოცარი სიყვარულით, ასე რომ აკლია „გამორენდერებულ“ დღევანდელობას.

საღამოს მოციონი მთავრდება ახლად გახსნილ პაბში შეჭყეტვით. იქ მორიგ კონცერტს მართავს ჩემი უმცროსი ვაჟის, მიხოს როკ-ჯგუფი „ბედფორდ ფოლსი“ (ეს იმ ქალაქის სახელია, სადაც ვითარდება 40-იანი წლების თბილი და ძალიან კეთილი ამერიკული ფილმის, It's a Wonderful Life-ის მოქმედება). მამის გულის გასახარად, პაბში ხალხმრავლობაა. თამრიკოს გულის მოგებას კი მიხოს მიერ ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა სჭირდება, რაც ჯერჯერობით მიუღწეველ მიზნად რჩება.

სახლში მისულს, ამერიკიდან უფროსი შვილი ლუკა მეხმიანება სკაიპით (მის 2010 წლის თავისუფლების დღიურებამდე, ვატყობ, ბევრი მაკლია) და ქალაქ პიტსბურგის არქიტექტურის სიახლეების შესახებ მიყვება (იქ რამდენიმე დღით იყო ჩასული ბოსტონიდან). პიტსბურგი, რომელიც ერთ დროს ამერიკული მეტალურგიის ცენტრს წარმოადგენდა, ქარხნების დახურვისა და მათი რეგენერაციის შედეგად საინტერესო, მიმზიდველ ქალაქად იქცა. ეს გზა, ფაქტობრივად, ჭიათურის მომავალი განვითარების ერთ-ერთ ვარიანტად შეიძლება იქნეს მოაზრებული − როგორ უნდა შთაბერო სიცოცხლე მიტოვებულ სამრეწველო ქალაქს.

26 თებერვალი, პარასკევი

2012 წელს, როცა მოლდავეთში ვმუშაობდი, დადგა ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ყოფნა-არყოფნის საკითხი. მაშინდელმა ეკონომიკის სამინისტრომ შენობა საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შეიტანა რეკომენდაციით, რომ იქ კომერციული და გასართობი ცენტრი მოეწყოთ. საბედნიეროდ, ბიბლიოთეკას ბევრი ქომაგი აღმოაჩნდა და ჯანსაღმა საზოგადოებრივმა აზრმა გაიმარჯვა. მათ შორის, ვინც ამ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდა, იყვნენ ჩემი ახალგაზრდა მეგობრები ნანო ზაზანაშვილი და შოთა დემეტრაშვილი. მათ აქტიურობას უკვალოდ არ ჩაუვლია, ბიბლიოთეკის დირექციამაც სწორედ მათ მიმართა არქიტექტურული კონცეფციის შემუშავებაში საექსპერტო დახმარებისათვის. დღეს ბიბლიოთეკის დირექტორთან ირაკლი ღარიბაშვილთან სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა და მეც მიმიწვიეს. შენობა, რომელიც 1970 წელს გაიხსნა, მოდერნისტული არქიტექტურის გარდამავალი პერიოდის ნიმუშია (პოსტ-სტალინურიდან თანამედროვისაკენ), განსაკუთრებით საინტერესოა თხელგარსიანი გუმბათი და გადახურვის გოფრირებული კონსტრუქცია. შენობის ზერელე დათვალიერებაც კმარა იმის დასანახად, რომ ის სრულიად ავთენტურია. ვბრუნდებით დირექტორის ოთახში, ერთმანეთს ვუზიარებთ მოსაზრებებს, ვსახავთ მომავალ გეგმებს. გარეთ გამოსვლისთანავე პოსტ-მეცნიერული ეპოქის აკადემქალაქის სატრანსპორტო კოლაფსის მსხვერპლნი ვხდებით, თუმცა არაჩვეულებრივი ამინდი და პროდუქტიული შეხვედრა ყველას კარგ განწყობაზე გვაყენებს.

დედასთან მისულს, არასასიამოვნო ამბავი დამხვდა: ლევან მიქელაძის საფლავზე მისულ ალექსი პეტრიაშვილს, თავს დასხმიან და დაუჭრიათ. ალექსი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანის, ლევან მიქელაძის, უმცროსი მეგობარი და კოლეგაა. პირადად არ ვიცნობ, თუმცა ფეისბუკის მეგობრები ვართ და ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრება ერთმანეთისთვის თვალნათელია. საბედნიეროდ, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და იმედია, ალექსი მალე დაუბრუნდება ჩვეული ცხოვრების რიტმს, თუმცა ეს თავდასხმა, ისევე, როგორც ლევანის გარდაცვალება 2008 წელს, ისევ ცუდ გუნებაზე მაყენებს და არასტაბილურობის განცდას მიტოვებს. ნეტა, მოვესწრები ზალიკო ქიქოძის და ლევან მიქელაძის საქართველოს?

ვაკეში დაბრუნებულს, მხვდება მე-4 და მე-5 სართულების აივნებზე გადმოკიდებული ბანერები წარწერით: „არა პაNOრამას!“ რაა გასაკვირი, როცა შენს სადარბაზოში ისეთი ცნობილი სამოქალაქო აქტივისტები ცხოვრობენ, როგორებიც არიან ზურა, ლუკა და მარიამ ბაქრაძეები (ნინომ რა დააშავა, ვერ გავიგე). ზურამ და ლუკამ 2008 წელს მოიგეს კომპანია „იბერიას“ მიერ გამოცხადებულ გარე ავლაბრის განაშენიანების გეგმის კონკურსი, თუმცა ამ კარგ პროექტს განხორციელება დღემდე ვერ ეღირსა. დღეს „სტუდიო კამპუსში“ ლუკა მოხსენებას კითხულობს თემაზე „გაზიარებული სივრცე“. გული მწყდება, რომ ვერ ვესწრები.

26 თებერვალი, შაბათი

რას ვიფიქრებდი 1981 წელს, როცა „თბილქალაქპროექტის“ მე-5 არქიტექტურულ სახელოსნოში ვიწყებდი მუშაობას, რომ 35 წლის შემდეგ რევაზ ბაირამაშვილის, დავით მორბედაძისა და ლერი მეძმარიაშვილის მიერ ამ სახელოსნოში დაპროექტებული უნივერმაღის დამცველთა რიგებში აღმოვჩნდებოდი! „დოკომოკოს“ და „ურბან რეაქტორის“ მიერ ორგანიზებული დისკუსია − უნივერმაღ „თბილისის“ რეკონსტრუქცია: საფრთხეები და გამოწვევები“ − დღის 2 საათზე დაიწყო. მოშე ცურის არქიტექტურული ბიუროს საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა მისი მომზადებული პროექტი ძალიან მაგონებს რუსთაველის პროსპექტზე გასხვისებული შენობების სევდიან ამბებს და ასე მგონია, ისევ გაგვაცურებენ.

4 საათზე მივდივარ თავისუფლების მოედანზე, სადაც იმართება აქცია „არა პანორამას“, რომლის ორგანიზატორია სამოქალაქო მოძრაობა „ერთად“. 80-იან წლებში ტრანსკავკასიური რკინიგზის მშენებლობის საპროტესტო მოძრაობის შემდეგ აღარ მეგონა, თუ ისევ ამგვარ აქციებზე სიარული და „პარტიზანობა“ მომიწევდა, მაგრამ რეალობა ასეთია. იმედი მაქვს, 7 საათისათვის მშვიდობიანად მივაღწევ რადიო თავისუფლების ოფისს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG