Accessibility links

13 იანვარი, კვირა

დილით ქალაქგარეთ, ბიძაჩემის პატარა სახლში გამეღვიძა. ოთახი გამოსაზამთრებლად სახლში შემოტანილი ქოთნის ყვავილებითაა სავსე, ქვემოდან აგიზგიზებული ბუხრის ტკაცატკუცი მესმის. გუშინ საღამოს, მოულოდნელად ერთად შეყრილი ბიძაშვილების ნახვა გადავწყვიტე. რამდენი ხანია მენატრებოდნენ! ნახევარი ღამე ათასი საინტერესო ამბისა თუ საკითხის გახსენებასა და განხილვაში გავატარეთ.

სწრაფად ჩავიცვი, მოვწესრიგდი და კომპიუტერს მივუჯექი, შეტყობინებები მაქვს შესამოწმებელი. მრავალთაგან ერთი გზავნილი მეუცხოვა. უცნობი ადამიანი ნუგეშა მაყაშვილის გარდაცვალების შესახებ მწერდა. გული დამწყდა. ქ-ნი ნუგეშა მარო მაყაშვილის, კოჯორ-ტაბახმელასთან წითელი არმიის წინააღმდეგ ომში დაღუპული სტუდენტის და იყო. მახსოვს, შარშან უნივერსიტეტელთა მცირე ჯგუფს 90 წლის ქალბატონმა გულითადად გვიმასპინძლა და მონდომებით გვიამბო დის გმირული თავგადასავალი. თავისი მძიმე ცხოვრებისა და 20-30-იანი წლების რეპრესიულ ეპოქაზეც დავაცდენინეთ რამდენიმე სიტყვა. შედეგად, 25 თებერვალს საინტერესო მრგვალი მაგიდა ჩავატარეთ.

სამწუხარო ამბავი მეგობრებს შევატყობინე. 2 საათისათვის დიდუბის პანთეონთან დავთქვით შეხვედრა.

თბილისში მამასთან ერთად, მისი ვილი ბრანდტის დროინდელი „ფოლკსვაგენით“ დავბრუნდი. ვგიჟდები მამაჩემთან ერთად მგზავრობაზე! რატომ? ის ავტომობილს განსაკუთრებულად სახალისო სტილით მართავს - ჯერ დიდი სიჩქარით გააქანებს მას, შემდეგ კი გამორთული ძრავით ფარავს ორ-სამ კილომეტრს. ამგვარი ქცევის მიზეზი მარტივია, ეკონომიის მოყვარული ბ-ნი ალექსანდრესათვის ბენზინი ძალიან ძვირი ღირს.

დაკრძალვას რამდენიმე ათეული ადამიანი ვესწრებოდით. ალბათ, თსუ-ში არც გაუგიათ. ოკუპაციის კვირეულის აღსანიშნავად მოიკითხავენ ქ-ნ ნუგეშას, დააგვიანდებათ...

თანაკურსელებთან ერთად წერეთლის გამზირზე გამოვედი. ვსაუბრობთ, მთავარი თემა ჩვენი სტუდენტი დეკანის შიდა ქართლის გუბერნატორად დაწინაურებაა. არაკომპეტენტური და დილეტანტი ფუნქციონერის წინააღმდეგ მოქმედ აქტივისტს მის პროფესიულ წინსვლაში მადანაშაულებენ (!). სახლში ფეხით დავბრუნდი, მიყვარს ფეხით სიარული...

მეგობრებმა მომწერეს, აგარაკზე ძველით ახალი წლის ერთად აღნიშვნას მთავაზობენ. ძალიან მინდა, მაგრამ ხვალ გამოცდა მაქვს.

გვიანობამდე ვმეცადინეობდი. დაძინებას ვაპირებდი, თუმცა, დედამ საახალწლო ხეტიალი შემომთავაზა. გული ვერ გავუტეხე. ჯერ ბებიას ვეწვიეთ, მთელმა სადარბაზომ გაიგო პენსიონერ ექიმ-ჰემატოლოგთან შვილიშვილის მორიგი სტუმრობის ამბავი. ელვის უსწრაფესად დაპუწკუნებული უგემრიელესი ხაჭაპურიც მხვდა წილად. მოგვიანებით შევუარეთ ნანას, მსოფლიოში ნომერ პირველ დეიდას. აქ შოკოლადებით გამიმასპინძლდნენ. მამხიარულებს საყვარელი ტკბილეულის სახელწოდება - „წითელი ოქტომბერი“! სახლში გვიან დავბრუნდით.

14 იანვარი, ორშაბათი

დილიდანვე ჩავკირკიტებ უწესრიგოდ აკინძულ ფურცლებს, რამდენიმე საათში დემოკრატიის თეორიები უნდა ჩავაბარო. უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ ჩემი მიმინოსებრი მხედველობა გაუარესდა. სათვალეც გამომიწერეს, მაგრამ არ ვიკეთებ. სიცილით ვკვდები საკუთარ თავზე, კიდევ სათვალე მინდა?! ყველაფერი ამ „ქსეროქსების“ ბრალია! ჩვენთან ელემენტარული სახელმძღვანელოებისა და ანთოლოგიური ლიტერატურის დაბეჭდვაც კი უჭირთ. თუ სასწაული მოხდა და რომელიმე წიგნი გამოიცა, მის ეგზემპლარებს უმცირეს წრეში ინაწილებენ ან ავიალაინერ „ბოინგის“ ფასს ადებენ. შესაბამისად, სტუდენტები პირში ჩალაგამოვლებულები ვრჩებით.

სახლიდან გასვლამდე საინფორმაციო სააგენტოთა ვებგვერდებს ვსტუმრობ. ყველგან ერთ სავარძელში სიმწრით მოთავსებულ სამ ლიდერზე წერენ. სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანი ვერ მაძლევს სასურველი მომავლის მყარ იმედს. შუაში მოკალათებული მაღიზიანებს კიდეც!

გამოცდამ შესანიშნავად ჩაიარა. საგამოცდო ცენტრის კიბეებზე თანაფაკულტეტელებს შევეგებე. უმნიშვნელო შეკითხვამ მცირე ლექციის წაკითხვისკენ მიბიძგა - მომხიბვლელ მომავალ ფსიქოლოგებს ნახევარი საათი პარტისიპატორული და ელიტური დემოკრატიების შედარებითი ანალიზის შესახებ ვმოძღვრავდი. ეღიმებოდათ... ძალიან უცნაურია ადამიანებისადმი სიმპათიის ლექციის ჩატარებით გამოხატვა. თუმცა, პროფესორობაზე მეოცნებე არაორდინარული სტუდენტისგან ესეც მოსალოდნელია.

ხვალაც გამოცდა მაქვს, ამჯერად ეკონომიკაში. 1 საათამდე ვიკითხე სახელდახელოდ ნათარგმნი ჩარლზ ლინდბლომის ნარკვევები. თარგმანი არასრულყოფილია. ხშირად, ფუნდამენტური ნაშრომების ხარისხიანი გადმოქართულების მოთხოვნითაც გვიწევს ბრძოლა, რაშიც, წესით, დროს არ უნდა ვკარგავდეთ.

15 იანვარი, სამშაბათი

გამოცდა უთენია დამეწყო. კარგი საკითხები მომივიდა, რამდენიმე საათი შეუჩერებლად ვწერე, დავიღალე...

სამ საათზე პრეზენტაციაზე ვარ მიწვეული. „ლევან მიქელაძის ფონდმა“ ჩემი თანასკოლელის, თორნიკე ჭეიშვილის მიერ აგორებული კამპანიის დაფინანსება გადაწყვიტა. აუდიტორია მრავალფეროვანი საზოგადოებითა და ჟურნალისტებით აივსო. მომესალმა თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე. სადღაც გავიცანი ადრე, გონიერი პროფესიონალის შთაბეჭდილებას ტოვებს. ვერ მოვასწარი მისთვის მადლობის გადახდა - მათი უწყება საბჭოთა ანაქრონიზმის, სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმებას აპირებს. ვნახოთ...

წარდგენა საინტერესო გამოდგა. ჩემმა თანატოლებმა უნივერსიტეტისათვის ს.ს.ი.პ-ის სტატუსის აღდგენა მოითხოვეს და განაცხადეს, რომ ამ მიზნით ინიცირებულ კანონპროექტზე 30 ათასი ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ. გამახარა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტთა გააქტიურებამ. ისინი ხომ გამოუსწორებელ კონფორმისტებად მიიჩნევიან!

ინიციატივას ძალიან აგრესიულად გამოეხმაურა იურისტთა დეკანი. არ შემჭამეს ამ დეკანებმა?! მან თითქმის ყველაფერი დაიწუნა და უსაფუძვლოდ სცადა, ხაზი გაესვა საკუთარი ღვაწლისთვის. გავბრაზდი: მას არც ერთ იურიდიულ ნონსენსზე საჯაროდ არასდროს ამოუღია ხმა და თანამდებობაზე ყოფნისას სახელი მხოლოდ რუსულენოვანი ლიტერატურის აკრძალვის უშედეგო მცდელობით გაითქვა. არ ვაპირებდი, მაგრამ ირგვლივ მყოფებმა სიტყვით გამოსვლა მომთხოვეს. მეც ტრიბუნისკენ მძიმედ დავიძარი...

რამდენიმე წუთი ავტონომიაზე, უნივერსიტეტის მიმართ სახელმწიფოს ფინანსური პასუხისმგებლობის გაზრდის აუცილებლობაზე ვისაუბრე. მხარი დავუჭირე მეგობრების მონდომებას. ალბათ, ჩვენ პირველი ნაბიჯების გადადგმა გაგვიჭირდება. შეიძლება გაცხადებულ მიზანსაც ვერ მივაღწიოთ, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია ის, რომ სტუდენტები თავისუფალი სასწავლო გარემოსთვის ვმოქმედებთ და ვიბრძვით, ვცდილობთ საზოგადოებისათვის მომგებიანი მიმართულება მივცეთ პოლიტიკურ პროცესს. უმნიშვნელოვანესია ჩვენი საერთო ამოცანა - ვაგრძნობინოთ ნებისმიერ ხელისუფლებას, რომ ის ანგარიშვალდებულია რიგითი მოქალაქეების წინაშე. ამ იდეის ახსნა ვცადე ჩინოსანი პროფესორისათვის, თან ზრდილობიანად, მისი საუკუნოვანი დუმილიც შევახსენე. გამოსვლა მოეწონათ, აპლოდისმენტებითაც დამაჯილდოვეს. მხოლოდ კრიტიკის ადრესატი მიცქერდა ისე, როგორც ლენინი - ბურჟუაზიას.

შეხვედრის შემდეგ უნივერსიტეტის ბაღში დიდხანს ვსაუბრობდით. კამათობდა ორი სტუდენტი - მილიტარისტი სოციალისტი და პაციფისტი ლიბერტარიანელი. ყურები მეტკინა.

16 იანვარი, ოთხშაბათი

გვიან გავიღვიძე, დღეს თავისუფალი ვარ. თუმცა, მოგვიანებით გამახსენდა, რომ ინტერნეტ-გაზეთისათვის ფოტო უნდა გადამიღონ. არ მიყვარს, როდესაც კამერის წინ საგანგებოდ იწონებენ თავს. თან პროფესიონალი ფოტოგრაფები ჩემთვის დროის გაჭიანურებასთან, განუწყვეტელ შენიშვნებთან, მუდმივ წუწუნთან და ათას გაუგებარ ხელსაწყოსთან ასოცირდებიან. სასიხარულოდ, ახალგაზრდა ხელოვანი სრულიად საპირისპიროდ მოიქცა, კარგი ფოტოებიც გადამიღო.

ნაშუადღევს, ბაკურიანში მოსრიალე უმცროს დას დავურეკე. მარიკუნა გახარებულია, დღესაც დიდველზე ყოფილა. უკვე მენატრება.

საღამოს დედას რაიმე მოთხრობის შემოთავაზება ვთხოვე. მას კარგ ფილოლოგად მიიჩნევენ. ჰემინგუეის „პეპელა და ტანკი“ მომაწოდა. ნაწარმოები არაჩვეულებრივი გამოდგა! გაუგებარ მხიარულებასა და საშინელ სერიოზულობაზე ფიქრში ჩამეძინა. ვორჭოფობდი იმაზეც, თუ რომელი ჯგუფის მხარეს ვიქნებოდი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს. არა, „ფალანგისტი“ არავითარ შემთხვევაში არ გავხდებოდი. ფრანკოს რადიკალი მტერი, ქალბატონი დოლორეს იბარური მირჩევნია, რომელსაც უთქვამს: „სჯობს ფეხზე მდგარი მოკვდე, ვიდრე დაჩოქილმა იცხოვრო!“

17 იანვარი, ხუთშაბათი

დღე შესანიშნავად დაიწყო, ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტებმა მიუნსტერის უნივერსიტეტის ემერიტუსის, ლუდვიგ ზიპის ლექციაზე მიხმეს. იგი საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციას, განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენას, გერმანული იდეალიზმის პერსპექტივიდან შეაფასებს.

დღისით, დაბადების დღე მივულოცე უძველეს მეგობარს. ჩემდა სამარცხვინოდ, კარგი საჩუქარი ვერ მოვამზადე.

3 საათზე მეცნიერებათა აკადემიის უზარმაზარ შენობაში საუკეთესო ლექციას დავესწარი, თან სკოლაში ძირეულად შესწავლილ გერმანულ ენაზე. ხშირად, გერმანულის ცოდნის გამო დისკრიმინირებულად მიგრძვნია თავი. თსუ მხოლოდ ინგლისურის ფლობას აფასებს.

ჩემი ფავორიტი საფეხბურთო კლუბის, მიუნხენის „ბაიერნის“ მწვრთნელად პეპ გუარდიოლა დანიშნეს! ვდარდობ, შეძლებს ეს სპეციალისტი ბუნდესლიგისათვის ალღოს აღებას?

18 იანვარი, პარასკევი

8 საათზე უკვე „მე-9 არხის“ სტუდიაში ვარ, სტუდენტური საკითხები უნდა განვიხილოთ დილის გადაცემაში. ტრადიციულად, ყოველი ეთერის წინ ძალიან ვნერვიულობ... ცოტა ხანში უცვლელი უკმაყოფილების გრძნობითა და საკუთარ თავთან სერიოზული პრეტენზიებით ვტოვებ ტელევიზიას.

მე პოლიტიკურ მეცნიერებას ვსწავლობ. ყველაზე მეტად პარტიული სისტემებისა და არჩევნების თემატიკა მაინტერესებს, ამიტომაც ინტერნეტში დავარეგისტრირე სპეციალური გვერდი - „საარჩევნო მიმოხილვა საქართველოსთვის“. ამ გვერდის საშუალებით საარჩევნო ახალ ამბებს ვატყობინებ უმცირეს აუდიტორიას, ვწერ მსოფლიოში აქტიური პარტიების, მათი ლიდერების შესახებ. რომელიმე ფონდში პროექტის წარდგენას მირჩევენ. ფეხს ვითრევ, ვფიქრობ, არ მოეწონებათ! 22 იანვარს ისრაელის საპარლამენტო არჩევნებია, მთელ დროს ახალი სტატიის მომზადებას ვუთმობ. იმედია, მოვასწრებ. ურთულესი პოლიტიკური სისტემა აქვთ ჩვენს მეგობარ სახელმწიფოში.

საღამოს ტოკ-შოუ „არგუმენტების“ სტუმარი ვარ. ვიმსახურებ??? ქ-ნი თეა შესანიშნავად გამოიყურება!!! სრულიად ვიზიარებ ია ანთაძის მოსაზრებებს: ნეტავ ბევრი ასეთი ანალიტიკოსი გვყავდეს! გულზე შემომეყარა პერიფერიული აზროვნებით ნაკვები „პუბლიცისტების“ მოსმენისაგან.

19 იანვარი, შაბათი

დღეს ნათლისღებაა. ჩემს შუათანა დასთან ერთად, უახლოესი ეკლესიისაკენ წყლის მოსატანად გავემართე. გზაში ნანუკა გულიანად მაშაყირებს, როგორც ყოველთვის! რიგში ვდგებით. კეთილად მეღიმება იმ ადამიანების შემხედვარეს, რომლებიც აიაზმით ბიდონების ავსებას ლამობენ, სხვებს კი ნაკურთხი წყლის ერთი წვეთის სასწაულმოქმედ ძალაზე მკაცრად მიანიშნებენ.

ვწუხვარ, რომ დრო უმოწყალოდ მიისწრაფის წინ, მენანება თითოეული წუთი, ვერ ვეგუები ვერც ერთი წამის უკვალოდ ჩავლას. რადიო თავისუფლება ჩემი ცხოვრების საინტერესო დღეების, მათი ანაბეჭდის ხელუხლებლად შენახვის შესაძლებლობას მაძლევს. მადლობა მას! ბედნიერი ვარ...

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG