Accessibility links

logo-print

12 ივნისი, კვირა

უცხო ზარის ხმაა. ტელეფონს დავხედე, 08:00 საათია. ჩემი მაღვიძარა არ არის. უცებ ვერ ვხვდები, რა ხდება. მერე მახსენდება წუხანდელი ღამე. მარტოს არ დამძინებია. გვერდზე გადავბრუნდი და ის აქ არის... გავთიშე ზარი. ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს, როცა გეღვიძება და პირველს მას ხედავ. ათ წუთში ისევ უცხო ზარის ხმა, ისევ მაღვიძარა. ვეხუტები და ვიძინებ.

კიდევ ათი წუთის მერე ორივე ვიღვიძებთ. ვთიშავ მაღვიძარას.

მარტო დავრჩი. რა ვაკეთო? წავედი ბებიაჩემთან. თითქმის მთელი დღე მასთან გავატარე. ხან მე ვეხუმრებოდი და ვაბრაზებდი, ხან − ის. ბევრი ხვეწნა არ დამჭირვებია, რომ შოკოლადი გამოეტანა. კარგ გუნებაზე იყო. თან იცის, როგორ მიყვარს ტკბილეული.

დღეს დავიწყე დღიურის წერა „თავისუფლებისთვის“. რადგან დავიწყე, მგონია, რომ რამე ისეთი, განსაკუთრებული უნდა დავწერო, სხვისთვისრომ იყოს საინტერესო. ერთი წლის წინ რომ დამეწერა, ეს დღე მაშინაც ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული იქნებოდა, მაგრამ შარშან 12 ივნისს მოჰყვა 13 ივნისი. მერე წვიმა მოვიდა, ძალიან ძლიერი, და არავინ ველოდით, ისე ადიდდა ვერე. მერე დაიტბორა სახლები, ადამიანები გადარჩენისთვის იბრძოდნენ, ვიღაცებს ვშველიდით, ვიღაცებს − ვერა. აპოკალიფსურ სცენარში ვიყავით. თუმცა, ერთი წლის წინ რომ დამეწყო დღიურის წერა, მაინც ვერ დავწერდი ყველაფერს, რაც მაშინ მოხდა: მთელი ერთი წელი დამჭირდა იმ ყველაფრის გასააზრებლად. ახლა უფრო ზუსტად ვიცი, რა მოხდა მაშინ. უბრალოდ, ემოციები ჰგავს შარშანდელს.

13 ივნისი, ორშაბათი

მზიანი დილაა. სულ არ ჰგავს შარშანდელ 13-ს. არ მახსოვს, როგორ დაიწყო ზუსტად ერთი წლის წინ ჩემი დღე, მაგრამ კარგად მახსოვს, როგორ დამთავრდა. უბანში ჩავდივარ, სადაც ბებიაჩემი ცხოვრობს. ცხოვრების დიდი ნაწილი აქ მაქვს გატარებული. ეს სვანიძის ქუჩაა. მე აქედან ერთი ქუჩის გამოტოვებით ვცხოვრობ. ტყუპების სახლში შევიარე. შარშანაც ზუსტად აქ ველოდებოდი მთელი ერთი საათი წვიმის გადაღებას. ტყუპები ჩემი მეგობრები არიან. რომ აღარ გადაიღო, ბებიაჩემის სახლში შესვლა დავაპირე. ჭიშკართან ლექსო შემხვდა, უცნაური გამომეტყველებით. მთხოვა, მისი დები ბებიაჩემის სახლში შემეყვანა. ლექსო მდინარესთან ახლოს ცხოვრობს და მისი სახლი მთლიანად დატბორილიყო. ვერ წარმოვიდგინე, რეალურად რა ხდებოდა. ლექსოს გავყევი, დედამისს ეძებდა. შუქი არ იყო და არაფერი ჩანდა. გამიკვირდა კიდეც, რატომ იყვნენ პანიკაში.

ლექსოსგან სვანიძის ქუჩის ჰიდრომეტეოროლოგიურ ლაბორატორიასთან მივედი. მთელი ეზო წყლით იყო დაფარული. უზარმაზარი ტბა იდგა. ბებიაჩემის სახლისკენ წამოვედი, რომ გამეფრთხილებინა. სახლში რომ ავედი, ეზოში მიშო შემოვარდა, მეზობელი ბავშვი. ტიროდა, დედაჩემი დაიხრჩოო. მეგონა, სიზმარი იყო, ბოლომდე არ მჯეროდა. ეზოში რომ გავიხედე, უკვე მკერდამდე წყალი იდგა. ამ ყველაფერს სულ ხუთი წუთი დასჭირდა. მეორე ეზოდან გავედით, იმიტომ რომ წინა მხარე მთლიანად დაფარული იყო. ქუჩაზე გავედით. ეზოები უკვე იტბორებოდა. ხალხი გამოდიოდა. ერთმანეთს კითხულობდნენ. გაირკვა, რომ ვიღაცები სახლებში იყვნენ დარჩენილი. დავიწყეთ ეზოებში შესვლა და ხალხის გამოყვანა. წყლის დონე ძალიან სწრაფად იწევდა. ქუჩის ნახევარი უკვე დაფარული იყო. სიტუაცია გართულდა.

ტყუპების ეზოში შევედი. მეორე სართულზე მცხოვრებნი ფანჯრიდან იყურებოდნენ. არ აპირებდნენ გამოსვლას, არ ეგონათ, წყალი იქამდე თუ მიაღწევდა. მაგრამ დონე ისე სწრაფად იწევდა, მიხვდნენ, რომ უნდა გამოსულიყვნენ. მაგრამ მარტო ვერ მოახერხებდნენ, ამიტომ ბიჭები შევედით. რთული გამოდგა. არ ვიცოდით, საიდან დაგვეწყო. ამ დავიდარაბაში მეც არ ვიცი საიდან, ბებიაჩემის მონაყოლი გამახსენდა: როგორ ადიდდა ვერე 1960 წელს და როგორ გამოიყვანეს ხალხი სახლებიდან თოკის დახმარებით.

„თოკი!“ − ვიყვირე უცებ. არც ვიცი, ასე სწრაფად სად იპოვეს. მომაწოდეს. ახლა თოკი კი მქონდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ გამომეყენებინა. ტვინი საოცრად სწრაფად მუშაობდა. მივხვდი, რომ თოკის ერთი ბოლო რამე არამოძრავზე უნდა მიმება. ფანჯრის გისოსებს გამოვაბი. მეორე ბოლო სახლში შემქონდა და იქ ჩარჩენილებს ვაწვდიდი მერე გამოსვლაში ვეხმარებოდით და მშრალ ადგილას რომ გამოვიდოდნენ, ხელახლა შევდიოდით დატბორილ ეზოებში სხვების გამოსაყვანად.

არ ვიცი, რა მამოძრავებდა. წონით და ზომით ჩემზე ორჯერ დიდ ადამიანებს ვეხმარებოდი გამოსვლაში. ნიკაპამდე წყალში შევდიოდი. ის კი მახსოვდა, რომ ცურვა არ ვიცოდი, მაგრამ ამაზე ფიქრის დრო არ იყო.

რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. სახლები მთლიანად განადგურდა. მერე მოვიდნენ „ოფროუდერები“, გზიდან მანქანები რომ გაეყვანათ და ქვემოთ სახლის სახურავამდე ნავისთვის გაეთავისუფლებინათ გზა. იმ სახლში სახურავზე ბავშვები იყვნენ ჩარჩენილი.

მერე ტელევიზიებმაც დაიწყეს მოსვლა. ოპერატორი იღებდა, ჩვენ ხალხს ვეძებდით. მისი კამერის განათება აქეთ-იქით მოძრაობდა. მე ვუყვირე, ჩვენკენ მოენათებინა, რომ რამე დაგვენახა. ისიც კარგა ხანს იდგა ჩართული კამერით და გვინათებდა. მერე ვინანე, რომ ვუყვირე მაგრამ ემოციების კონტროლი მაშინ ძალიან ძნელი იყო.

რომ გათენდა, ყველაფერი უფრო საზარელი სანახავი გახდა. მოვიდნენ მოხალისეები, ჯარისკაცები, მეგობრები. ყველა ერთმანეთს ეხმარებოდა. ქუჩა ატალახებული იყო, სახლები − დანგრეული, დაღუპულები − დათვლილი.

ახლა, ერთი წლის შემდეგ, ისევ ტყუპების სახლთან ვდგავარ და არეული განცდები მაქვს. თან ძალიან მიმძიმს გახსენება: თან ადრენალინის შეგრძნებაა, თან მეცოდება ის ხალხი, თან მგონია, რომ იმ შემთხვევამ შეცდომებზე დაფიქრების საშუალება მოგვცა. ისიც სასიამოვნო განცდაა, რომ იმ საშინელ სიტუაციაში არ დავიბენი.

ახლა უკვე ასფალტიც დააგეს, სახლების მშენებლობა თითქმის სრულდება. ხალხი უბანში ბრუნდება. ახალი გეგმებიც კი გაჩნდა.

მოკლედ, 13 ივნისი სულ მემახსოვრება. შეგრძნებები, ალბათ, რამდენიმე წლის მერე ჩამომიყალიბდება. ერთი ვიცი ზუსტად: იმედი მაქვს, ასეთი 13 ივნისი აღარასოდეს იქნება.

14 ივნისი, სამშაბათი

დღეს უსიამოვნო დღეა. უბანში წლისთავს უხდიან შარშან დაღუპულებს. არ მომწონს ეს სუფრის გაშლა, საჭმლის მზადება. კი, ძალიან დიდი ტრაგედია იყო მთელი უბნისთვის და მთელი ქვეყნისთვისაც, მაგრამ ეს ქელეხები და წლისთავები არ მომწონს.

მაინც აქ უნდა ვიყო, სხვანაირად არ გამოდის. ეს უბანი ძალიან პატარაა, ყველა ერთმანეთს იცნობს, ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობს. ახლა საერთო დიდი ტრაგედიაც აქვთ. სვანიძის ქუჩა პატარა სოფელივითაა დედაქალაქის შუაგულში.

15 ივნისი, ოთხშაბათი

დღეს ახალი სპექტაკლის რეპეტიციას ვიწყებ. ძალიან მომენატრა თეატრი. ერთი წელია, სპექტაკლი აღარ მითამაშია. არ ვიცი, რას ნიშნავს გამოთქმა, სცენის მტვერი ერთხელ თუ ჩაგიყლაპავსო, მაგრამ, ალბათ, ზუსტად იმას გულისხმობს, რაც მე მჭირს. მგონია, რომ თუ ეს არ იქნება, ჩემი ცხოვრებაც არ იქნება. ისე, სცენის მტვერზე გაცილებით მეტი ვერეს წყალი მაქვს ნაყლაპი. მაგრამ წყალდიდობის გარეშე ნამდვილად გავძლებ. ჰოდა, დღეს ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, რომ საყვარელი საქმე რომ გაქვს, ყველაზე ბედნიერი მაშინ ხარ. ახალი სპექტაკლის პრემიერა, ალბათ, შემოდგომაზე იქნება.

საღამოს კალათბურთის ბურთი წავიღე და მეგობარს გავუარე. მინდოდა, კალათბურთი გვეთამაშა სადმე. რამდენ მოედანთანაც მივედით, ყველა დაკავებული იყო. ბევრგან არც ვყოფილვართ. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ქალაქში მეტი ადგილი იყოს, სადაც კაცი აქტიურ დასვენებას შეძლებდა.

მე რომ ქალაქის მერი ვიყო, თბილისში რაც შეიძლება მეტ სარეკრეაციო ზონას მოვაწყობდი.

კალათბურთი ვერ ვითამაშეთ. ამინდიც აირია. ძლიერი ჭექა-ქუხილი და წვიმა დაიწყო.

ერთი ფობიაც ავიკიდე შარშანდელი 13-ის მერე. სულ მეშინია, კიდევ რამე არ მოხდეს...

16 ივნისი, ხუთშაბათი

დილით ბებიაჩემის ეზოში ალუბალი დავკრიფე. ხეზე ავედი. ცოტა გამიჭირდა, მომატებული წონის გამო, მაგრამ ორ კილომდე მოვაგროვე. ალუბალზე არ ვგიჟდები, საერთოდ ხილი არ მიყვარს. ხეზე რომ ავედი, ცოტა ფეხებიც დამეკაწრა, მაგრამ მხოლოდ ერთი მოტივით ავფოფხდი. ხანდახან მგონია, რომ ჩემი უბნის მაღაზიაში რომ ხილს ყიდიან, თავიდანვე მოკრეფილი და ყუთებში ჩალაგებულია და მავიწყდება, ხეზე რომ იზრდება. მოკლედ, ხანდახან ძალიან მარტივი და ბუნებრივი რამეები საუკეთესო განტვირთვაა.

ამდენი საშუალება მაქვს, რომ დრო ბუნებაში გავატარო და იშვიათად ვიყენებ. ამას განსაკუთრებით მწვავედ მაშინ მივხვდი, როცა პავლესთან მივედი საავადმყოფოში. პავლე თითქმის ორი თვეა, გარეთ არ გამოსულა. ის ჩემი მეგობრის ძმაა და დღეს დაბადების დღე აქვს. მისი ძმა აქ არ არის, ამიტომ მე და მარადიამ მისთვის სიურპრიზის მოწყობა გადავწყვიტეთ. ჩემი დაკრეფილი ალუბლის ნამცხვარი და ნაყინი წავუღეთ. ძალიან გაუხარდა! ახლა მივხვდი, რა მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ჯანმრთელობა. პავლე რომ ჩვეულებრივად ყოფილიყო სახლში, მისი დაბადების დღის საჩუქარზე ძალიან ბევრს ვიფიქრებდით და, ალბათ, რამე უსარგებლოს შევურჩევდით. ახლა კი, როცა გარეთ ვერ გამოდის, მისთვის ყველაზე მარტივი ყურადღებაც კი, უზომოდ სასიამოვნოა.

პავლეს რამდენიმე დღეში გამოწერენ. მერე მისი ძმაც ჩამოვა და რამე კარგს მოვიფიქრებთ. მაგალითად, წავალთ სვანეთში...

17 ივნისი, პარასკევი

რეპეტიცია მალე დამთავრდა. საგრიმიოროში კარადის ქექვას რომ მოვრჩი, რაღაც ძალიან ძველ წიგნს გადავაწყდი. რუსული წიგნი იყო, ლითონის გამოდნობის ინსტრუქცია თუ რაღაც ამდაგვარი. ვერ მივხვდი, საიდან აღმოჩნდა იქ. სახლში წამოვიღე და გადავწყვიტე, ძველი წიგნები მომეგროვებინა. სხვა ქაღალდები და სკოლისდროინდელი რვეულებიც აღმოვაჩინე. კიდევ რამეს მოვაგროვებ და მაკულატურას ჩავაბარებ. ეს ახალი აკვიატება მაქვს. ვიცი, რომ მაკულატურას რომ აბარებ, წიგნებს გჩუქნიან. არ ვიცი, რას მაჩუქებენ, მაგრამ ძმები კარამაზოვების წაკითხვა მინდა. რა ვიცი, რაში გამომადგება.

18 ივნისი, შაბათი

ჩემთვის შაბათი ჩვეულებრივი კვირის დღეა: რეპეტიცია შაბათობითაც გვაქვს ხოლმე. თეატრში ცხრა წლის წინ მივედი, როცა ილიაუნიში ხელოვნებისა და მეცნიერების ფაკულტეტზე ჩავაბარე. თითქმის ყველა საგანი თეატრის დარბაზში და სარეპეტიციოში გვიტარდებოდა. ჩემი პირველი სპექტაკლი ოთარ ეგაძის დადგმული „ასტორია“ იყო. მასობრივ სცენაში ვმონაწილეობდი, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვიყავი. მას შემდეგ ამ თეატრში ვარ...

თუმცა, იყო ერთი წელიწადი, როცა არც ერთ სპექტაკლში არ მიმიღია მონაწილეობა. რა მნიშვნელობა აქვს, რატომ და რა მიზეზით. მთავარია, რომ მაშინ საბოლოოდ მივხვდი: უთეატროდ ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელია, ის ერთი წელი უსასრულობად მომეჩვენა. ახლა დავბრუნდი და რეპეტიციები დავიწყე. შემოდგომაზე უნდა იყოს პრემიერა. ერთი სული მაქვს, როდის დადგება შემოდგომა...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG