Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლია ჩლაჩიძე - სამოქალაქო აქტივისტი


20 ოქტომბერი, კვირა
დღიურების წერა, ზოგადად, მიყვარს. მუდმივად ვერა, მაგრამ როცა დროს ვპარავ საკუთარ თავს და ემოციები მეძალება, მნიშვნელობა არა აქვს, პოზიტიური თუ ნეგატიური, ვწერ. ვწერ, მაგრამ უსისტემოდ, სხვადასხვა რვეულში, ფურცელზე და ა.შ.

...წვიმიანი და ქარიანი დღე გათენდა. დიდი საქმე მაქვს მოსასწრები: ყურძენი უნდა დავწურო. ჩემი მოუცლელობიდან გამომდინარე (ორი დღე მედიაციის საერთაშორისო კონფერენციაზე ვიმყოფებოდი) დამიგვიანდა. იმის გამო, რომ ჩემს ეზოში არც ერთ ნაგებობას სახურავი არ გააჩნია (აგვისტოს ომის დროს ოკუპანტებმა გადაწვეს), ღია ცის ქვეშ მიწევს ყველაფრის კეთება - ქარში, წვიმაში, დარში თუ ავდარში; თოვლშიც კი. ამიტომ გამიჭირდა. ცივი ქარი ქრის. ცრის. გიორგი, ჩემი შვილი, რეზინის ჩექმებით ყურძენს წურავს. წვრილ ზოლად მოედინება დალოცვილი ძოწისფერი, მძიმე, სქელი სითხე. ძველებურად, მამაპაპურად ვწურავთ. ყოველგვარი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოუყენებლად. ასე უფრო გემრიელი ღვინო გამოდის. საღამოს ძლივს მოვრჩით. უზომოდ დავიღალე.

21 ოქტომბერი, ორშაბათი
დღესაც ბევრი საქმე მელოდება. ხუმრობა ხომ არაა, ბადაგი მაქვს მოსადუღებელი! ლამაზი სიტყვაა „ბადაგი“, რაღაცნაირად ქართლური, ჩვენი... და, რაც მთავარია, ჩურჩხელები მაქვს ამოსავლები. თათარას მოდუღება მთელი რიტუალია, ერთი ქალი ამას არ ყოფნის, თანაც ძალა სჭირდება, ამიტომ ჩემი რძალი შორენაც მობილიზებულია. ყველაფერს რომ მოვრჩით, ფეისბუკზე დავპოსტე: „ესეც ასე: ყურძენიც დავწურეთ, თათარაც მოვადუღეთ, ჩურჩხელებიც ამოვავლეთ სროლებისა და აფეთქებების ფონზე, მსუქან-მსუქნები გამოვიდნენ, მზისფერი, ახლა არჩევნებსაც ჩავათავებთ... და იხარე ერო, მოკვდი მტერო...“
თავისუფლების დღიურები - ლია ჩლაჩიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:12:18 0:00
გადმოწერა

წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა - კომენტარების კორიანტელი! „როგორ ასწრებთ ყველაფერს?“ „როდის გეწვიოთ?“ „ბარაქა, ბარაქა!“ „ბრავო!“ „გაგვასინჯე, ლია დეიდა!“ ჩემს შვილს სწერენ, რიგში ჩადექიო, ამდენს ყველა ვერ გაუძლებდაო, ყოჩაღო, მაგარი ხარო, გკოცნითო, შენთან მინდაო და ასე შემდეგო... არავის აზრადაც არ მოსვლია ეკითხა, როგორ ხარ, ხომ არაფერი გიჭირს, ხომ არაფერში გამოგადგებოდიო. მაია მწერს, რუსეცკაია, ახლა სტამბულში ვარ, ეუთოს მაღალი დონის კონფერენციაზე, ბევრი საუბარია კონფლიქტებზე, მედიაციაზე და სულ თქვენ მახსენდებითო (იცის, რომ ყველაზე მეტად ეთნიკური მედიაცია მაინტერესებს და შინაგანად საამისოდ ვემზადები), საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ასეთ ადამიანებზე მოთხოვნა გაიზარდოსო და თან, შეფარულად, ჩურჩხელას კი გავსინჯავდიო. მოდით, ჩემო კარგებო, ჩემო მეგობრებო, ჩემს სითბოს და ნახელავსაც გარგუნებთ, პირსაც ჩაგიტკბარუნებთ და წითელი ღვინით ჩვენი გამარჯვების სადღეგრძელოსაც დაგალევინებთ!

22 ოქტომბერი, სამშაბათი
„მაესტრო“ მხოლოდ ჩემთან აჩვენებს. ააშენა ღმერთმა ნინო ჟიჟილაშვილი, ერთ-ერთ შეხვედრაზე პრესასთან დავიჩივლე, ჩემი ტელევიზორი მხოლოდ რუსულ არხებს აჩვენებს ცხინვალთან სიახლოვის გამო-მეთქი. ეს ის დროა, როცა მართალი სიტყვა გვენატრებოდა, როცა ყოფილმა ხელისუფლებამ სატელიტური თეფშების „ომი“ წამოიწყო, როცა ყველას ართმევდნენ და კონფისკაციას უკეთებდნენ, სწორედ მაშინ განაცხადა პირდაპირ ეთერში, ქალბატონი ლიასთვის საკუთარი ხელფასიდან ვყიდულობ, ვჩუქნი და იმედია, არც მას წაართმევენ და არც მე დამაჯარიმებენო. ახლა ნახევარი უბანი ჩემთან უყურებს „დიდებულ საუკუნეს“. ამ ბოლო დროს „დიდი თურქული დასერიალება“ დაიწყო. ბრაზილიური სერიალები თურქულმა შეცვალა. არ მინდა ვიფიქრო, რომ რაიმე ფარული ზრახვაა ამაში ჩადებული. ღმერთო, გვიშველე!

23 ოქტომბერი, ოთხშაბათი
ხშირად მსტუმრობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიიდან. აინტერესებთ შემწეობა და ძალთა აღდგენა-პოსტკონფლიქტურ ვითარებებში, ქალთა საჭიროებები, უსაფრთხოება...

შემომთავაზეს, მონაწილეობა მივიღო კონკურსში, რომელიც გულისხმობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში, ერთი საუკეთესოდ დაბალანსებული და მიუკერძოებელი სტატიისათვის. დამაინტრიგეს. რატომაც არა! ჩემი ცხოვრების უდიდესი ტკივილი სამაჩაბლოს და ომს უკავშირდება, იმ ოცწლიან ომს, რომელმაც წამართვა ყველაზე ძვირფასი ადამიანის სიცოცხლე, მამის საფლავი, გადამიწვა ფუძე-კარმიდამო და დამიტოვა უდიდესი ნაცრისფერი სევდა და მოუშუშებელი იარა. რადგან ცხოვრება მაინც გრძელდება ჩემს ტკივილსა და სიხარულში, ჩემს შვილებში, გადავწყვიტე, დავწერო და მივუძღვნა ორივე მხარისთვის ყველაზე ტრაგიკულ თემას - შერეული ოჯახების პრობლემას. როგორც იქნა, დავადგი თავი...

24 ოქტომბერი, ხუთშაბათი
დღეს ზაზასთან ვიკრიბებით, გორში. რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნება გვინდა. პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარება იქნება. მხარდაჭერა გვაქვს ჩვენი ახლობლებისგან, რომლებიც ამერიკასა და ჰოლანდიაში ცხოვრობენ. რატომ სოფლის მეურნეობა? ამ ზაფხულმა დაგვარწმუნა, რომ შიდა ქართლში სოფლის მეურნეობის დარგების განვითარება ქაოსურად, ერთმანეთის წამბძველობით ხდება, ერთი დათესავს ნიორს, მთელი შიდა ქართლი ნივრის თესვას იწყებს, მეორე გააშენებს ატმის ბაღს, მთელი ქართლი ამაზე მუშაობს. არ ითვალისწინებენ ბაზრის მოთხოვნილებას, შარშან ტონობით კომბოსტო გადაყარეს, სოფლებში აუტანელი სუნი იდგა. ყურადღება არ ექცევა ინოვაციურ იდეებს, ახალი ჯიშის ხილისა თუ ბოსტნეულის გამოყვანას.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ შიდა ქართლს სარწყავი წყლის პრობლემა აქვს, რადგან ყველა სათავე-ნაგებობა (ზონკრის წყალსაცავი, სალთვისის არხის კაშხალი) ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა. კი გაკეთდა რაღაც ამ მიმართულებით აგვისტოს ომის შემდეგ, დაიხარჯა ასეულათასობით ლარი თუ დოლარი, მაგრამ ამაოდ... სიმძლავრეები არ ყოფნის, არადა ნაკლები დანახარჯით შეიძლება მდინარეების, დიდი და პატარა ლიახვის წყლის რესურსის გამოყენება ერთხელ და სამუდამოდ. ფულთან ერთად ამას სული და გული სჭირდება.

მიწები გამოფიტულია, წელს ტონობით ატამი გაუფუჭდა ხალხს, ბაღებში დაულპათ, 10 თეთრი ღირდა კილოგრამი! უამრავი დრო, ძალა, ენერგია, შრომა, სახსრები ჩადეს მის მოვლაში, და შედეგი? არ არის სამაცივრო მოწყობილობები, საჭიროა გლეხების, ფერმერების გადამზადება და მათი ცნობიერების შეცვლა იმ მიმართულებით, რომ უარი თქვან ტრადიციულ ჭაპან-წყვეტაზე და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით და განვითარებით უფრო პროდუქტიული გახადონ სასოფლო-სამეურნეო წარმოება. გვინდა შევქმნათ პრეცედენტი: აგრო-ტრენინგ-ცენტრი. მოკლედ, დიდი გეგმები გვაქვს და, შესაბამისად, ენთუზიაზმიც. ვნახოთ...

25 ოქტომბერი, პარასკევი
ღამე თითქმის არ მიძინია, მთელი ღამე ისროდნენ „იქითა მხრიდან“. ისმოდა აფეთქებების ხმა, დილით, თერთმეტის ნახევარზე, რუსეთის სამხედრო ვერტმფრენიც „გვესტუმრა“, დაგვათვალიერა და ნიქოზის მიმართულებით მიიმალა. რას ისვრიან ამდენს?! რა გაუთავებელი წვრთნები აქვთ, თანაც ღამღამობით, გაუგებარია. თუმცა, არაა გაუგებარი. უზარმაზარი სამხედრო ბაზაა დღეს განლაგებული დიდი ლიახვის ულამაზეს ხეობაში, ქართველების ხილის ბაღებისა თუ ვენახების ადგილას. თვითონ ოსებიც შეწუხებული არიან „ხელოვნურად ორგანიზებული“ საბრძოლო მოქმედებების გამო. საქმე ის არის, რომ დიდი ლიახვის ხეობაში, ჯავის მიმართულებით, რამდენიმე სოფლის მიდამოებში განლაგებულია სამხედრო პოლიგონი, სადაც ოსური მოსახლეობა გულგახეთქილია მძლავრი აფეთქებებით, ირღვევა მათი საცხოვრებელი ბინები, ჭურვები ცვივა ბაღ-ბოსტნებში, სოფლის ცენტრში, ერთ მოსახლეს სარდაფის კედელი ჩამოეშალა. ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს სოფელს მიზანმიმართულად ესვრიანო. როდესაც დიდ გენერალთან დააყენეს საკითხი პოლიგონის გადატანის შესახებ, მას ცინიკურად უთქვამს, ვისვრი, როცა მინდა და სადაც მინდაო. ჩვენ აქ სისხლი დავღვარეთ, გადაგარჩინეთ და ეს მიწა ჩვენია და როგორც გვინდა, ისე მოვიქცევითო...

რატომ ღმერთი არ გაიცინებს? ვის მიწას იყოფენ? საოცარი ამბებს ჰყვებიან. ქალაქთან ახლოს, სასმელი წყლის რეზერვუარში რუსი სამხედრო მოსამსახურეები ბანაობენო. ადგილობრივი მოსახლეების შენიშვნაზე ხელითაც შეეხნენო... მავთულხლართები გაგვიბესო, იზოლაციაში ვექცევითო... ხვდებიან ბრძენი ოსები, რა ხაფანგშიც გაყვეს თავი, მაგრამ... ეჰ, რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული, რამდენი შანსი გვაქვს ხელიდან გაშვებული...

26 ოქტომბერი, შაბათი
დრო სწრაფად გარბის, ერთი კვირა უკვე გავიდა. საოცარია, თითქოს გუშინ დავიწყე და დღეს უკვე ვამთავრებ დღიურების წერას. დილას გორში წავალ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელი ვარ სოფელ მერეთში და დამკვირვებლის დამადასტურებელი მოწმობა უნდა ავიღო. ეს ის სოფელია, სადაც შარშან საპარლამენტო არჩევნებამდე ჩავიდა ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიასთან ერთად. სოფელი, სადაც ძალიან აგრესიულად დახვდა ხალხი „ზონდერბრიგადებთან“ ერთად და დიდი გაწევ-გამოწევაც გაიმართა.

ნეტავ ახლა რა იქნება? რა განწყობაა „საზღვრისპირა ზონის“ სოფელში, სადაც ცხოვრების დონით დიდი არაფერი შეცვლილა. არჩევნებამდე 24-საათიანი „დუმილი“ გველის.

ხვალ დიდი დღეა. ხალხმა არჩევანი უნდა გააკეთოს, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც უნდა გააცნობიერონ, რომ უდიდესი პასუხისმგებლობა აქვთ ხალხის წინაშე. მმართველი პარტიის ლიდერები გვაიმედებენ, 27 ნოემბერს დამთავრდება კოჰაბიტაციაო. ვნახოთ... იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
XS
SM
MD
LG