Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიკა ბასილაია-შავგულიძე − ჟურნალისტი


9 აპრილი, კვირა

9 აპრილის შემდეგ არც ერთი აქცია თუ საზოგადოებრივი პროტესტი არ ყოფილა ბოლომდე გულწრფელი, თავგანწირული და ერთიანი ამ ქვეყანაში. მხოლოდ 9 აპრილი იყო ასეთი ჩემთვის. მეტს დღეს ვერაფერს დავწერ. კიდევ: არასდროს მავიწყდება იქ დაღუპული მზია ბაღათურია, ჩემი სკოლელის, თეონა ბაღათურიას დედა. სიცოცხლეში გადაღებულ ფოტოზე მისი თვალების მნახველი მიხვდება − იმ ღამით ის ყველაფერზე წავიდოდა თავისუფლების იდეის დასაცავად...

10 აპრილი, ორშაბათი

დილიდანვე გამომყვა სიმწრის განცდა. ღამით ბი-ბი-სი-ზე ვუყურე გადაცემას და მერე, დილაადრიან, როგორც მჩვევია ხოლმე, პოსტი გამოვაცხვე: „გუშინ ბიბისიზე ვუყურე ლატვიაში გამართულ ფორუმს. პანელში მონაწილეობდნენ აშშ-ისა და სხვა ქვეყნების ყოფილი მაღალი რანგის ოფიციალური პირები და ექსპერტები. რუსეთ-ამერიკის ურთიერთობას ეხებოდა. ყველა ლაპარაკობდა ყირიმის და აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია-ანექსიაზე. სიტყვა არავის დაუძრავს სამაჩაბლოზე და აფხაზეთზე, არც ერთი სიტყვა! მათ შორის კლინტონისდროინდელ ჯეიმს რუბინსაც კი! ეს არის დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. მესმის, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება არ გვინდა, მაგრამ რას აკეთებენ თქვენი დიპლომატები?!“

პოსტს მოჰყვა უამრავი ბრაზიანი „სმაილიკი“. მეტი არაფერი, ან რა უნდა თქვან, ისედაც ნათვამია ყველაფერი. ქმედებითაც ვერაფერს მოიმოქმედებ, მუდმივად ანჯრიო სახელმწიფო სტრუქტურები, დიდი შრომაა, დიდ ენერგიას მოითხოვს. ერთი იმის იმედი რჩება, რომ ეს უკმაყოფილება ბოლო-ბოლო სადმე თავს მოიყრის და ერთიანად ამოხეთქავს ისე, რომ ხელისუფლება შეზანზარდეს და იძულებული გახდეს, შეცვალოს პოლიტიკა.

საერთოდ, გუშინ ისე ვიყავი დაღლილი, რომ მთელი დღე ვიწექი. თან სამსახურში რაღაც პრობლემებია და იმის „მონელებაში“ ვარ ეს დღეები. იმისთვის, რომ რეალობას გავექცე და იმისთვისაც, რომ უკეთ გავერკვე რუსეთისადმი ამერიკის პოლიტიკაში. ვიცი, რომ მჭირდება ბევრი ანალიტიკური გადაცემის ნახვა, კითხვა და ფიქრი. ასეც ვიქცევი. სამი გადაცემა ვნახე ბი-ბი-სიზე და ორიც − სი-ენ-ენზე. უკვე სრული სურათი მაქვს მიმდინარე პროცესზე. თუმცა ისევე, როგორც ამერიკელ ანალიტიკოსებს, ჯერ წარმოდგენაც არ მაქვს, არის თუ არა ბაშარ ალ ასადის ავიაბაზებზე 59 „ტომაჰოკით“ იერიში უკვე ჩამოყალიბებული სტრატეგიის და სისტემური ხედვის შედეგი. არც არავინ იცის. ნეტავ ტრამპმა თუ იცის თვითონ? :)

თავისუფლების დღიურები - ლიკა ბასილაია-შავგულიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:21:17 0:00

დღეს ჩემს თანამშრომელ სუზისთან ერთად დავგეგმე მორიგი სტატიის შინაარსი: გვინდა, რუსეთის „რბილ ძალაზე“ დავწეროთ. სუზი მეუბნება: თუკი დავწერთ რომ ამ დონეზე შეაღწია მთელი დასავლური სამყაროს გავლენიან წრეებში და არჩევნებითაც კი მანიპულირებს, მაშინ გამოვა, რომ ძალიან მაგარი ყოფილა პუტინი და ჩვენ ხომ ამის თქმა მიზნად არ გვაქვსო. მე ვეუბნები, გააჩნია, კონტექსტს, რომელშიც ხალხს რუსეთს დაანახვებ-მეთქი. ანუ, თუ ვიტყვით, რომ რუსეთის სამხედრო შეიარაღების დაფინანსება 2017 წლის ბიუჯეტში 30 პროცენტით შემცირდა, თუკი ვაჩვენებთ, რომ 2012 წლიდან დღემდე 13%-ით გაიზარდა სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, ამავე დროს ვიტყვით ციფრებით და ფაქტებით, რომ რუსეთში იმპორტის ჩანაცვლების სახელმწიფო პოლიტიკამ კრახი განიცადა, მაშინ ხომ პრაქტიკულად იმას ვამბობთ, რომ რუსული პროპაგანდა, ანუ „რბილი ძალა“ სასოწარკვეთილი სახელმწიფოს ბოლო იმედია, რომ მოსკოვი რესურსებს ხარჯავს რუსეთისადმი მსოფლიო ლიდერების დამოკიდებულების შესაცვლელად. ამითაა ახსნილი შტატების არჩევნებში ჩარევა, მარინ ლე პენის პარტიის დაფინანსება იქნება თუ ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპაში თავისი საინფორმაციო საშუალებების გაძლიერება. მოკლედ, რთული და მარტივი ამბავია ერთდროულად...

მგონი, ძალიან დავამძიმე დღიურის პირველი დღე. რაზე ველაპარაკო ამ დღიურის მომავალ მკითხველს? გამოჩნდება, ალბათ, თანდათან.

უნდა დაველაპარაკო „ჭეშმარიტ ღმერთზე“... :)

მოკლედ, ამ დღეებში პრობლემები მაქვს და საბოლოოდ გაირკვა, რა არის ჩემთვის მთავარი ღირებულება. მთავარი ღირებულება არის კარგი ადამიანი. ღირებულება და ადამიანი არათავსებადია. ყველაზე მაგარია ცხოვრებაში, როცა გვერდით გყავს სწორი ღირებულებების მქონე კეთილი, გულისხმიერი და გაბედული ადამიანები. გასაჭირში ყოფნისას ასეთები თუ გყავს გვერდით, წესით უნდა გამოძვრე რთული სიტუაციიდან. სულ ეს მინდოდა მეთქვა და ეს არაა ფარისევლობა, ნამდვილად ასეა.

მინი-ჩართვა იმაზე, თუ როგორ მიყვარს ჩემი სამსახური: სამი წლის წინ დავაარსე ეს ჩემი ორგანიზაცია − „კვლევითი ჟურნალისტიკის და ადვოკატირების ცენტრი“. ვიცი, რომ გრძელი და, ცოტა არ იყოს, რთული სახელწოდებაა, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მის გადარქმევას ვგეგმავ, ვხვდები, რომ ასე ზუსტად მიზანსა და საქმიანობას ვერც ერთი სხვა სახელწოდება ვერ ასახავს. ანუ, თან საკითხებს ვიკვლევთ და თან ამ პრობლემების მოგვარებისას „ადვოკატირებას“ ვცდილობთ. საერთოდ, ამ ორგანიზაციამ მომცა საშუალება, რეალურად შემეფასებინა თავი, გამომეცადა ჩემი შესაძლებლობები, მომცა ფანტაზიის განვითარების სივრცე. პიროვნებად საბოლოოდ მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვყალიბდი, რაც საკუთარი საქმე წამოვიწყე და დავინახე, რომ ამ საქმემ გაამართლა. შეცდომები ვის არ მოსდის? (აქვე თან ფსიქოთერაპიას ვიტარებ :)

11 აპრილი, სამშაბათი

ცოტა დამძაბა ამ დღიურის წერამ და დავიწყე ფიქრი: როგორი უნდა იყოს ის, შეიძლება იყოს მხოლოდ ფიქრები? შეიძლება, უბრალოდ მიხვიდე და მოხვიდე სამსახურში, და არაფერი მოხდეს, არავინ ნახო ამ ერთი თუ რამდენიმე დღის განმავლობაში, სახლიდან უბრალოდ არ გახვიდე, მაგრამ უამრავი რამ გადაიტანო სინამდვილეში შენს „შინაგან სამყაროში“!

კიდევ კარგი, არ მივედი „ყავარზე კუდგადებულთა“ ერთ-ერთ ფორუმზე, ეგეც ფარისევლობა მგონია.

ნინოწმინდის სათემო რადიოდან გვესტუმრა ვინმე არარატ ტეტიანი. ჩემს თანამშრომელს, ბელა ნოზაძეს რომ ვუთხარი, მიდი დაელაპარაკე, ნახე რეებს ჰყვება და ინტერვიუ გააკეთე-მეთქი, იკითხა, რა ჰქვია, ტიციანიო? :) აი, რა გვიამბო ნონოწმინდის სათემო რადიო „ნორის“ დირექტორმა არარატ ტეტიანმა: ძირითადი პრობლემა ის არის, რომ მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია ევროკავშირთან დაახლოებით მიღებულ და მოსალოდნელ სარგებლობაზე. არის ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ამ თემაზე ტრენინგებს ატარებენ, ჩვენი რადიოს ეთერში ამ საკითხს გადაცემების მთელი სერია მივუძღვენით, მაგრამ მოსახლეობას დიდად არ აინტერესებსო.

ადგილობრივები, ძირითადად, სოფლის მეურნეობას მისდევენ, მოჰყავთ კარტოფილი, ან დაკავებული არიან მეცხოველეობით, მაგრამ ამ საქმიანობით მიღებული შემოსავალი მთელი წლის განმავლობაში არსებობისა და რეინვესტირებისთვის არ ჰყოფნით. ჩადებენ მიწაში ფულს, უცებ გაიხსნება თურქეთის ბაზარი, შემოვა იაფფასიანი კარტოფილი და ჩვენს პროდუქციაზე ფასი ეცემა. მოსახლეობა სამ-ოთხ თვეს საკუთარი მეურნეობითაა დაკავებული, დანარჩენ პერიოდში კი უმუშევარია. რეგიონში სამუშაო არ არის, სახელმწიფო ტენდერებში იშვიათად იმარჯვებენ ადგილობრივი კომპანიები, სხვა კომპანიები კი ადგილობრივებს არ ასაქმებენ.

ჯავახეთში მცხოვრებთა უმეტესობას რუსეთში ნათესავები ჰყავს, მათი დახმარებით იქ საშოვარზე მიდიან. ზოგადად, იდეის დონეზე, შესაძლოა, ხალხს კიდეც მოსწონდეს ევროინტეგრაცია, მაგრამ თან სურს კონკრეტული სარგებლის მიღება, მისი საქმიანობის ხელშემწყობ პროგრამებში მონაწილეობა, ასეთი პროგრამების არსებობის შესახებ კი არაფერი იცის.

სავიზო ლიბერალიზაციაზე ამბობენ, ევროპაში მაინც ვერ მოვხვდებით, იქ ვერც ჩვენს პროდუქციას გავყიდითო. ამიტომ რეგიონში მცხოვრები სომხების ეთნიკური უმცირესობა რუსეთზეა ორიენტირებული.

სუზი ეკითხება, იცით, ევროპაში სომხების ძალიან ძლიერი დიასპორა რომ ცხოვრობსო? არარატი პასუხობს, რომ არაფერი სმენია ამის შესახებ. აბა, რა უნდა ელაპარაკო შესაბამისი პროფილის ჩვენს სამინისტროებს?! რა ვქნა, მუდმივად მაქვს განცდა, რომ სინამდვილეში არ უყვართ და არ ადარდებთ ეს ქვეყანა. ალბათ უყვართ სიარული ევროპაში, სავიზო ლიბერალიზაციაც უხარიათ, დაახლოებაც, მაგრამ ვერ გრძნობენ ამ პრობლემის მასშტაბს, ვერც იმას ხვდებიან, როგორ შეგვიძლია ის გამოვიყენოთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების განსამტკიცებლად. სხვა რაიმე დასკვნის გამოტანა შეიძლება? და განა მხოლოდ სომხებით დასახლებულ ადგილებშია ასეთი „მიტოვებულობა“? აზერბაიჯანული ეროვნების მოსახლეობაშიც ზუსტად იგივე ხდება, იგივეა კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებშიც. თან იქ „რუსული ლობის ქართველი წარმომადგენლები“, ანუ ჩემეულ ენაზე „რუსეთის აგენტები“ გამუდმებით ქადაგებენ, რომ ევროინტეგრაცია და ევროპული ბაზარი ჩვენი გლეხებისთვის მიუღწეველია, რუსეთი კი აგერაა, გვერდით, და მასზე უნდა ვიყოთ ორიენტირებულიო. და ამას უსმენს კონფლიქტის ზონასთან მოსაზღვრე სოფლების მოსახლეობა. დიდი ინტერესით, სხვათა შორის. აბა, ვის უსმინოს? სხვა არავინ ჩადის და, თუ ჩადის, ჩვეულ „ბლა-ბლა-ბლას“ აწვება: რა კარგია ნატო და ევროკავშირიო! ყოველგვარი დასაბუთებისა თუ სიღრმისეული ახსნის გარეშე. ალბათ უნდათ, მერე იტრაბახონ, ამდენსა და ამდენ სოფელში და დასახლებულ პუნქტში ჩავატარეთ შეხვედრებიო. ამ დღიურში მე მაინც დავსვამ ემოციის ნიშნებს, თუმცა არჩევანი მხოლოდ სიხარულსა და წყენას შორისაა. სამწუხაროდ, სარკაზმის ნიშნის დასმა შეუძლებელია! :(

ძალიან გამიხარდა, რომ მას შემდეგ, რაც სათემო რადიო „ნორის“ დირექტორის ინტერვიუ გამოვაქვეყნეთ, დაგვიკავშირდნენ იქაურები და გვთხოვეს, დავეხმაროთ მეყველეს, რომელიც 50 ტონა ყველს აწარმოებს. თურმე ორჯერ დააჯარიმეს სტანდარტების დარღვევისთვის. გვთხოვეს, დავეხმაროთ ფინანსების მოძიებაში ახალი საწარმოს ასაშენებლად. რასაკვირველია, დავეხმარებით ამ ადამიანს, გვაქვს ადვოკატირებაში შესაბამისი წარმატებული გამოცდილებაც, მაგრამ ეს სახელმწიფო რას მიკეთებს, ნეტავ?! შე დალოცვილო, როცა აჯარიმებ, იქვე შესთავაზე ან საერთაშორისო გრანტი, ან მასთან „მისასვლელი“ გზა, ან სახელმწიფო პროგრამები გააცანი, ჰქენი რამე!

ასეთ სიტუაციებს მუდამ ვაწყდებით. აგერ, აჭარის ტელევიზიის კორესპოდენტმა ლაშა ზარგინავამაც მითხრა, ხულოში რძის გადამამუშავებელი ერთადერთი საწარმო დახურესო. რამდენიმე სოფლის რძეს იბარებდა თურმე, იქაც სტადნარტების დარღვევისთვის დაუხურავთ. ანუ, სქემა ყველგან იგივეა: ჯერ აჯარიმებენ, მერე ქარხნები წყვეტენ საქმიანობას. სთავაზობენ თუ არა რაიმე გამოსავალს, უცნობია. ყოველ შემთხვევაში, ნინოწმინდელი მეწარმის მაგალითზე ჩანს, რომ არ გააჩნიათ პრობლემის გადაწყვეტის მართლაც რომ „კომპლექსური ხედვა“, როცა მხოლოდ ერთი „უწყებრივი ტვინი“ კი არ ფიქრობს, არამედ გამოსავლის ძიებაში რამდენიმე უწყება მონაწილეობს.

ზემოთ იმას ვამბობდი, შეიძლება დღის განმავლობაში შენობიდან არც კი გახვიდე, მაგრამ უამრავი რამ გააკეთო; და შეიძლება მთელი დღე ირბინო ერთი შეხვედრიდან მეორეზე და სარგებლობა არავის მოუტანო. ამიტომ მე ვარჩევ ხოლმე, ნაკლებად ვიარო ათასგვარ ფორუმებზე და შეხვედრებზე, რადგან მიმაჩნია, რომ ნამდვილი ცხოვრება და ნამდვილი გადაწყვეტილებები სულ სხვაგანაა მისაღები −იქ, სადაც ფორუმებს არ ატარებენ.

12 აპრილი, ოთხშაბათი

რა უცნაური გრძნობაა, როცა ადამიანს ემშვიდობები, თითქოს შენი მატარებელი გადის და ის დგას ბაქანზე და გულიც არ გწყდება მაინცადამაინც, იმიტომ რომ იცი − დაიღალე, აღარაა საინტერესო, ურთიერთობა ამოიწურა და დამთავრდა. რაღაც ხომ უნდა დამეწერა ცოტა პირადულიც, თორემ მეტისმეტად რევოლუციური დღიური გამომდის... :)

საერთოდ, ბრაზიანი ქალის დღიურებს ჰგავს... რაც დრო გადის, მით უფრო მეტს მოვითხოვ ადამიანებისგან, ან იქნებ რამე სხვა მიზეზია... ალბათ ისაა, რომ, რაც „ასაკში შევდივარ“, მით უფრო ვაცნობიერებ, რომ ცოტა დრო მრჩება რაღაცის გასაკეთებლად, თუნდაც იმისთვის, რომ უკეთ ვიცხოვრო და, ალბათ, მინდა, რომ ეს „კარგი ცხოვრება“ ქვეყანაში უფრო სწრაფად დადგეს, ვიდრე რეალურად არის შეასაძლებელი...

ეს დღიური ბოლომდე გულწრფელი არ არის. მაინც ვერ მოვყვები, ასე ვთქვათ, „გულში რა ტრიალებს“ და, ალბათ, არც არსებობს საკუთარ თავთან ბოლომდე გახსნილი ადამიანი. შესაბამისად, არც დღიური. თუმცა, ნახევარზე მეტად მაინც გულწრფელია, ყოველ შემთხვევაში ის აზრები და განცდები, აქ რომ გამოვხატავ, სრული სიმართლეა. სხვა საკითხია, სხვა აზრებს რამდენად გადმოვცემ.

გარდაიცვალა ჩემი შვილის მამა, რომელიც, იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი ტკივილი მომაყენა, საოცრად საინტერესო ადამიანი იყო, ღეროვან უჯრედებს იკვლევდა. პრაქტიკულად, „პოეზიას“ მაზიარა და მას შემდეგ ჩემი ტვინი მსგავსს აღარაფერს შეხებია. მასთან ყოფნისას, სხვა სამყარო არც კი არსებობდა, იმდენად შორს ვიყავით ამქვეყნიურიდან ორივე. ერთადერთი ადამიანი იყო, რომლის კომპლიმენტით ცას ვეწიე, როცა ერთხელ გაოცებული სახით მითხრა, შენ ძალიან ჭკვიანი გოგო ხარო − რადგან თავად იყო არანორმალურად ჭკვიანი.

13 აპრილი, ხუთშაბათი

რამდენიმე დღეა, სულ ვუყურებ სი-ენ-ენის და ბი-ბი-სის ანალიტიკური პროგრამებს, რომ გავიგო, ტრამპის „მეტამორფოზა“ რამ გამოიწვია, ან სადამდე შეიძლება ეს ყველაფერი მივიდეს; და როგორ აისახება ეს ახალი რეალობა ჩვენზე, საქართველოზე; თუ ეს რეალობა ისევ არ შეიცვალა და მყარი კურსის სახეს მიიღო. ტრამპთან დაკავშირებით ერთი რამ არის ცხადი და უდავო: ადამიანებზე გავლენას ახდენს ინფორმაცია, ანუ თუ ეს ადამიანი არ ცხოვრობს, მაგალითად, კიმ ჩენ ირის რეჟიმის ქვეშ, ტვინი მუდმივად იწოვს და ამუშავებს გარედან შემოსულ ინფორმაციულ ნაკადებს და გამოსცემს ადეკვატურ „სამოქმედო გეგმებს“, პარალელურად ყალიბდება შეხედულებებიც. ანუ, გარემო უნდა იყოს თავისუფალი, ადამიანი − ნიჭიერი და ძლიერი შინაგანი ღერძით. და მაინც, გამოცანაა, როგორავხსნათ წინასაარჩევნო პერიოდის ტრამპის და პრეზიდენტ ტრამპის დღევანდელი მოქმედებები? შეიძლებოდა, ეს მხოლოდ წინასაარჩევნო რიტორიკა ყოფილიყო? ხრიკი, რომლითაც ამომრჩევლებს მოხიბლავდა? მაგალითად, ადრე ამბობდა ნატო დრომოჭმული, ყავლგასული სტრუქტურააო, დღეს კი ამბობს, არაა დრომოჭმულიო...

ამ ფიქრების ლაბირინთებში გადავაწყდი ნიკა გვარამიას: ფეისბუკის ერთ-ერთი პოსტის ქვეშ მან თქვა, ადამიანები იცვლებიანო, არავინ რჩება ერთ შეხედულებაზე, ერთ აზრზე, დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავს გულისხმობდა. რამ მომხიბლა ბოლო დროს ამ ნიკა გვარამიაში, რომელზეც რბილად რომ ვთქვათ, „არასდროს ვგიჟდებოდი“? თუ დღეს ამ ქვეყანაში ვინმე არის მძიმე წნეხის ქვეშ, ეს არის გვარამია „რუსთავი 2“-ის გამო. ჰოდა ის, თუ როგორ იცავს გვარამია ამ ტელევიზიას, და თან არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილისგან (ვიცი, ნაცმოძრაობისგანაც), ჩემთვის ძალიან მომხიბლავია − ბრძოლისუნარიანობა და ოპტიმიზმი მძიმე პირობებში ყოველთვის დასაფასებელია.

ისე, ზოგადად მაინტერესებს: ადამიანი რომ ერთხელ შინაგანი განვითარების, ცვლილების გზას გაივლის, გადააფასებს მოვლენებს, ადამიანებს, შეიძლება ისევ საწყის წერტილს დაუბრუნდეს, თუ გარემოებები ისევ შეიცვალა? არ ვიცი...

ჩვენი საგარეო პოლიტიკის „ვექტორზე“ რომ გადავიდე: კვესიტაძის გადაცემაში ლევან ბერძენიშვილმა დღეს ასე ჩამოაყალიბა ბიძინა ივანიშვილის „საგარეო პოლიტიკა“: იცის, რომ მისი ხელისუფლების გასაღები ძევს ევროპაში, ამერიკაში და მოსკოვშიო, ამიტომ კოჭს უგორებს ხან ერთს, ხან მეორეს და ხან მესამესო, ხანაც − სამივეს ერთდროულადო. ზუსტად ასეა. ამიტომაც ვყანყალებთ: თითქოს გვყავს პროდასავლური მთავრობა, თითქოს არც გვყავს. მე ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, რომ რუსეთს უთმობს მთავარში: ვითომდა „არგაღიაზიანების“ მიზნით, როგორც ჩანს, აუკრძალა ჩვენს საგარეო სამინისტროს და დიპკორპუსს საზღვარგარეთ ქართული მიწების მიმდინარე ანექსიის თემის დღის წესრიგში დაყენება. ნუ ღელავო, მეუბნება გიგი თევზაძე (ილიაუნის ყოფილი რექტორი), საქართველოს საკითხი თუ გახდა სასიცოცლხოდ ან მნიშვნელოვნად აქტუალური დასავლეთისთვის, თავად გააქტიურდება ჩვენთან მიმართებაშიო, რაშიც ხან ვეთანხები, ხან − არა. ახლა იმ ტალღაზე ვარ, რომ არ ვეთანხმები, მიმაჩნია, რომ თემა უნდა გააქტუალურდეს და მძულს ამათი პასიურობა და მორჩილება ივანიშვილის მიმართ.

ახლა მაინტერესებს, რას იზამს ბიძინა ივანიშვილი, თუ ტრამპი, რომელიც დღითიდღე უფრო მაოცებს (გაბედული ნაბიჯები ასადისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ, „დედა ბომბით“ „ისლამური სახელმწიფოს“ მიწისქვეშა ლაბირინთების განადგურება, ჩინეთის მიმხრობა ჩრდილოეთ კორეის ატომური იარაღის გამოცდის შესაჩერებლად, რუსეთის გაგიჟება სირიის თემით და ა.შ.), კიდევ უფრო „მიმწოლი“ გახდება რუსეთის მიმართ და საქართველო დასჭირდება ამ რეგიონში თავისი საგარეო პოლიტიკის განსახორციელებლად?

14 აპრილი, პარასკევი

ახლა ველაპრაკე ჩემს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მეგობარს და მითხრა, რომ უფროსმა გაუშვა სამსახურიდან. ჩემი დასკვნით, ეს გოგო იმდენად ჭკვიანია, რომ მის უფროსს, უბრალოდ, შეეშინდა, რადგან ამ უფროსის უფროსებს ძალიან მოსწონდათ ბოლო დროს ამ ჩემი მეგობრის ნამუშევარი. მოკლედ, დასკვნა ის არის, რომ საქართველოში იმდენად მცირე კონკურენციაა კომერციულ სექტორშიც და, საერთოდ, ყველგან, და ადამიანს იმდენად ეშინია თავისუფლად, შემოქმედებითად, ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანების, რომ ურჩევნია, ასეთები, უბრალოდ, გააქროს, თორემ აბა, დიდი კონკურენცია რომ იყოს, პირიქით, ასეთებით შეეცდებოდნენ სხვების დაჯაბნას. არ ურჩევნიათ, თბილად, გარანტირებულად ერთსა და იმავე კომპანიაში იმუშაონ „დირექტორებად“ სიბერემდე და ჰყავდეთ მორჩილი, საშულოზე ოდნავ მაღალი ინტელექტის თანამშრომლები? ან ჭკვიანი, მაგრამ მორჩილი ხელქვეითები? თუმცა ასეთები, მგონი, იშვიათობაა.

სინამდვილეში კარგი რამ მოხდა: ახლა ეს ჩემი მეგობარი თავის კომპანიას გააკეთებს, რადგან ზუსტად ჩემნაირი ხასიათი აქვს, ვერ იტანს იდიოტ უფროსებს! :)

კიდევ იმაზე მინდოდა დამეწერა, თუ რა გასაოცარია წერის პროცესი, როცა იწყებ და უცებ საიდანღაც („კეფის ქვემოდან“) ამოდის აზრების ნაკადი. არც ვიცი, რა დავარქვა − თვითონ მართავს ამ ფიქრების დინებას, შენ კი თითქოს მხოლოდ აკვირდები, ანუ შენზე აღარაფერია დამოკიდებული. წერის პროცესი არის მაგია და საკვირველია ისიც, რომ, როგორც კი წყვეტ წერას, ახალი აზრების ნაკადიც წყდება... ილუზიაა, რომ სადღაც ტვინში შეგიძლია დროებით „დააკონსერვო“ ეს აზრები. თუ მაშინათვე არ გადმოეცი, პრინციპში ყოველთვის ქრება და, შესაძლოა, დაიკარგოს უნიკალური შინაარსი, თუ იზარმაცე და დროზე არ გადმოეცი.

15 აპრილი, შაბათი

ამას წინათ დავწერე სტატუსი ფეისბუკზე, ძველი პარტიები უნდა გაქრნენ და ახლები გაჩნდნენ-მეთქი. გიო გახელაძემ საინტერესო იდეა დაწერა იქვე. იდეა ის არის, რომ, მისი თქმით, მსოფლიოში თითქოს ახალი ტენდენცია გაჩნდა, რომელიც არა პარტიების, არამედ სოციალური ჯგუფების პოლიტიკურ აქტივობაზეა დამყარებული. ძალიან საინტერესოდ მეჩვენება ეს იდეა. რამდენად მსოფლიო ტენდენციაა, არ ვიცი, გავარკვევ. მე პირადად ე.წ. „ელექტრონული მმართველობით“, ანუ პრესინგით მომიგვარებია რამდენიმე კონკრეტული საკითხი. საზოგადოებრივ აზრსაც ძალიან კარგად აყალიბებ და ძალიან ბევრი თანამოაზრეც შეგიძლია გაიჩინო სოციალურ ქსელში: პასიურიც, რომელიც უბრალოდ კითხულობს და ჩუმად არის, და ძალიან აქტიურიც. ეს არის რესურსი, რომელსაც წლების განმავლობაში ამზადებ და ერთ დღეს სწორედ ეს რესურსი შეიძლება გახდეს ახალი პარტიის საფუძველი. ძალიანაც ჭკვიანურია! მერე თოვლის გუნდასავით გაიზრდება ეს „ერთობა“ და მიიმხრობს ახალ ადამიანებს, მაგრამ მთავარი ბირთვია. ბირთვი, რომელიც წლების განმავლობაში ვირტუალურ, ზოგჯერ პირადაპირ კომუნიკაციაში იყო შენთან. ამ ბირთვმა შენზე ყველაფერი იცის, რადგან წლებია, გაკვირდება და უკვე შეფასებული ჰყავხარ.

კვირას აღდგომაა. რაღა კვირადღეს უნდა გავიდეს ეთერში ეს ჩემი დღიური, პოლიტიკურად ასე დამუხტული? რა ვქნა, რაც მედარდება, იმას ვწერ, ხომ არ მოვიგონებ რაღაცებს! ვნერვიულობ, რადგან კიდევ ბევრი რამ ან ვერ დავწერე, ან არ გამომივიდა კარგად. ყოველ შემთხვევაში, მგონია, რომ ასე შევაფასებდი ამ ჩანაწერებს: საშუალოზე ცოტა მეტად გულწრფელი ვიყავი, დანარჩენი გულში დავიტოვე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG