Accessibility links

logo-print

28 თებერვალი, კვირა

წუხელ ისევ ქუთაისში დავრჩით. გამთენიისას ვიღვიძებ. მინდა, ტყიბულში ჩასვლამდე რამდენიმე საქმე მოვასწრო. დღეს ტყიბულში დიდი აქციაა 2 საათზე. მეშახტეებს შევპირდით, რომ ადრე მივალთ და ორგანიზებაში დავეხმარებით.

ტყიბულში ჩასულებს, აქტივისტები გვხდებიან. ტრანსპარანტებს ამზადებენ. მე და ლაშა საზოგადოებრივი საგაფიცვო ფონდის შექმნას ვუთანხმებთ მუშებს. მნიშვნელოვანია, აქციაზე ბევრი ხალხი მოვიდეს. საწარმო მანიპულირებს, რომ გაფიცვა მეშახტეთა მცირე ჯგუფის ინიციატივაა. მეშახტეებმა გადაწყვიტეს, საწარმოს უპასუხონ და კიდევ ერთხელ აჩვენონ ხალხის რაოდენობა.

აქციაზე ბევრი მოდის. მეშახტეების გარდა, იკრიბებიან მოხუცები, ქალები და ბავშვებიც. ვხედავ, რომ საწარმოს ადმინისტრაციასთან გუშინ გამართული დამღლელი მოლაპარაკებების შემდეგ მეშახტეებს ძალები აღუდგენიათ. თავიანთ გამოსვლებში ისინი აკრიტიკებენ სახელმწიფოს უუნარობას, შექმნას მათი ბაზისური უსაფრთხოების გარანტიები, და საწარმოს მიმთვისებლურ პოლიტიკას, რომელიც მთლიანად მოიხმარს მათ ძალებს, სასიცოცხლო ენერგიას, გარემოს, მთელ რეგიონს. გამოსვლებში საგაფიცვო კომიტეტის წევრები უპირისპირდებიან სისტემას, რომელიც შესაძლებელს ხდის სიმდიდრის უსამართლო განაწილებას და საერთო სიკეთის მოხმარებას მცირე ჯგუფების მიერ. ისინი ყველას სთხოვენ, გაბედონ და თვითონაც თქვან სათქმელი. მიკროფონთან მოხუცი მეშახტე მიდის. ამბობს, რომ შახტაში 46 წელი იმუშავა და ჯანმრთელობა შახტას შესწირა, ახლაც იქ მუშაობს. ამბობს რომ არავის უნდა შახტის დახურვა, უნდათ, რომ იმუშაონ ისე, რომ არსებობა მაინც შეძლონ. ძალა არ ჰყოფნის და ამთავრებს გამოსვლას. ბოლოს მაინც ახერხებს, გაამხნევოს სხვები და შესძახებს, რომ „არაფრის გულიზე ხალხი შახტაში აღარ შევა!“

გაფიცულებს ლევან ლორთქიფანიძე და გიორგი სოფრომაძე მიმართავენ. რუსლანი, საგაფიცვო კომიტეტის ერთ-ერთი წევრი, შეკრებილებს მოუწოდებს, მსვლელობით გადაინაცვლონ საწარმოსთან. ქუჩა ივსება დემონსტრანტებით, რომლებიც სკანდირებენ და ერთმანეთს ასე გადასცემენ სათქმელს. მეც მივყვები ხალხის ნაკადს, ვაკვირდები მათ ხმებს, სიტყვებს, და ვცდილობ გავზომო, სადამდე ეყოფათ ძალა და ენერგია. ვიღაც მეუბნებოდა, ტყიბული ძალიან ლამაზიაო. ახლა დაცარიელებულ ქალაქს ჰგავს, მიტოვებული და დანგრეული შენობებით, „ფეჩისგან“ ჩაშავებული ფასადებითა და ბავშვებით, რომლებსაც რამდენიმე ზომით დიდი ჯემპრები აცვიათ.

ვიღაც ქალი მიახლოვდება. მიყვება, რომ მისი შვილი რამდენიმე წლის წინ „დამარცხდა“ შახტაში. ასე ეძახიან ადამიანის დაღუპვას ან დაშავებას შახტებსა და მაღაროებში. საწარმო რეაბილიტაციისთვის საკმარის თანხას არ აძლევს ოჯახს და არათანმიმდევრული მკურნალობა შედეგს არ აძლევა. ამბობს, რომ მის შვილს ახლაც სულ ამ ბიჭებთან უნდა ყოფნა, მაგრამ მესამე სართულიდან ყოველდღე მისი ეტლით ჩამოყვანა რთულია. აქციაზე რამდენიმე ეტლით მოსარგებლეს ვხედავ. ყველა შახტაშია დამარცხებული.

ხალხში ვპოულობ ლევანს, საგაფიცვო კომიტეტის წევრს. ვეუბნები, რომ თბილისში მივდივარ, მაგრამ ხვალ სხვა ჯგუფი ჩამოვა EMC-დან. რწმუნდება, რომ მათ მხარდაჭერას ბოლომდე ვაპირებთ და მემშვიდობება.

საღამოს აქტივისტებთან ერთად თბილისში ვბრუნდები.

29 თებერვალი, ორშაბათი

გაღვიძებისთანავე ვერ ვიხსენებ, სად ვარ. რამდენიმე წამი ვცდილობ, აღვადგინო მოვლენები. ნელ-ნელა ყველაფერი ლაგდება. 11 საათზე შეხვედრა გვაქვს ოფისში. უნდა დავგეგმოთ, როგორ ვაპირებთ ამ პროცესების გაგრძელებას. ამასობაში ოთახში თათია შემოდის. ერთი კვირაა, არ მინახავს. საუზმეს მიმზადებს. გაციებულია, მაგრამ მაინც თვითონ ზრუნავს ჩემზე. რამდენიმე თვეა, მასთან და ნათიასთან ერთად ვცხოვრობ.

კომპიუტერს ვრთავ და სიახლეებს ვკითხულობ. ტყიბულში დღეს ეკონომიკური საბჭოს ხელძღვანელი, იგივე ბიზნესომბუდსმენი ჩადის. ეს ნიშნავს, რომ მოლაპარაკებების გადამწყვეტი ფაზა იქნება, რაც სარისკოა. ანანო, ლელა და შოთა ტყიბულში მიდიან. აზრებს ვცვლით და ვთანხმდებით, რომ მუდმივად კონტაქტზე ვიქნებით.

EMC-ის შიდა შეხვედრა რამდენიმე საათს გრძელდება. ყველა ვცდილობთ, კრიტიკულად დავინახოთ ჩვენი თავი ამ პროცესში. ვგეგმავთ უფრო აქტიურ კამპანიურ მუშაობას და საქმეს ვინაწილებთ.

„საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფი“ დილიდან აცხადებს, რომ საწარმოო პროცესის შეჩერებამ აფეთქების საფრთხე წარმოქმნა და კომპანია იძულებულია, მიიღოს შახტების კონსერვაციის გადაწყვეტილება. ეს საგაფიცვო პროცესში კომპანიის მესამე და გადამწყვეტი სტრატეგიაა. პირველად ის კონტაქტზე არ გამოდის მეშახტეებთან, შემდეგ მედიაში წარუმატებლად ცდილობს გაფიცულთა მარგინალიზაციას, დღეს კი მეშახტეების ერთადერთი სამუშაო ადგილის გაქრობით იმუქრება და ამაზე პასუხისმგებლობას გაფიცვის მონაწილეებს აკისრებს.

ანანო მწერს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, რომელიც აქამდე გაფიცულების გვერდით იდგა და მთლიანად იზიარებდა მათ მოთხოვნებს, დილიდან ცდილობს გამოიყენოს დარწმუნების და ზეწოლის ყველა მეთოდი, რათა მეშახტეები დაითანხმოს საწარმოს წინადადებაზე − ხელფასების 5%-იან გაზრდაზე. პარალელურად ტყიბულში გაერთიანებული პროფკავშირის ხელმძღვანელი პირები ჩადიან. დღემდე პროფკავშირი პროცესში არ იყო ჩართული და მხოლოდ სიტყვიერი მხარდაჭერით შემოიფარგლებოდა. მაქვს განცდა, რომ გაფიცვა დღეს დამთავრდება და ყველა სუბიექტის ტყიბულში მობილიზება სწორედ ამას უნდა ნიშნავდეს.

საღამოს კიდევ ერთხელ ვხვდებით. ვფიქრობთ, რომ დილას დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, დიდი დემონსტრაცია თბილისში, უნდა შევაჩეროთ და ტყიბულის შეხვედრის შედეგებს დაველოდოთ. ანანო მწერს, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე საათია, დაიწყო. თავში მიტრიალებს სამი დღის წინ, კომიტეტის ერთ-ერთი წევრის ნათქვამი, რომ მოლაპარაკების პროცესს ვეღარ უძლებენ. ვშიშობ, რომ სახელმწიფომ ამ პრობლემის დღესვე მოგვარება გადაწყვიტა, ნებისმიერ ფასად. დაღლილ, უძინარ და დიდი წნეხის ქვეშ მყოფ მუშებს ჩიხში იოლად მოიმწყვდევენ და დაითანხმებენ. კაზრეთის განმეორების მეშინია, წარუმატებლობისა და იმედგაცრუების.

„ტაბულიდან“ მირეკავენ და ტყიბულის საკითხზე დებატებში მონაწილეობას მთხოვენ. დაახლოებით წარმოვიდგენ, როგორი იქნება წამყვანის და სხვა სტუმრების პერსპექტივა. ვთხოვ, რომ გადაცემა დაბალანსებული იყოს. წასვლამდე სოფოს და თამთას ველაპარაკები. მიზიარებენ იმ მხარდაჭერას და კრიტიკას, რაც ტყიბულში მიმდინარე ამბებში ჩვენს მონაწილეობას მოჰყვა. ამასობაში ვიგებთ, რომ ადიგენში დაიწყო რელიგიური დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის. თამთა ინფორმაციის მოძიებას იწყებს და ხვალ ადგილზე გასვლას გეგმავს.

სანამ „ტაბულის“ ეთერში ვარ, ანანო მწერს, რომ შეთანხმდება შედგა. უთანასწორო და უსამართლო პროცესში მუშათა მცირე ნაწილი დათანხმდა წინადადებას. ამით ყველას სახელით შეწყდა გაფიცვა და აღდგა სამუშაო პროცესი. მახსენდება ყველა მეშახტე, რომელიც ხვალ 12 საათზე ისევ დაიწყებს კატორღულ შრომას ერთი განსხვავებით, რომ ამაში 20 ან 30 ლარით მეტს გადაუხდიან. ვცდილობ, გავერკვე, რა არის ამ ამბავში მარცხი და რა − გამარჯვება. ეს ორი წინააღმდეგობრივი შედეგი ერთდროულად დადგა, მაგრამ ჯერ ვერ ვათავსებ ამბებს ამ კატეგორიებში. დაღლა და ბრაზი ერთად მერევა.

გადაცემის მერე ვახუშტის ვნახულობ. ცრემლებს ძლივს ვიკავებ. გვიან ღამემდე არ მეძინება.

1 მარტი, სამშაბათი

დილას თამუნა გურჩიანის ზარი მაღვიძებს. მეკითხება, როგორ შეუძლია თანხის გადარიცხვა ტყიბულის საგაფიცვო ფონდში. გაფიცვა დამთავრდა და ვფიქრობ, თამუნაც ამას გაიგებდა. არ ვახსენებ. ალბათ, მაინც გადაწყვიტა, ასე გამოხატოს მხარდაჭერა. ვპირდები, რომ ბმულს მივწერ.

დღის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს. საღამოს ანანო, ლელა და შოთა ბრუნდებიან ტყიბულიდან და დეტალურად გვიყვებიან მოლაპარაკების მთელ პროცესს. ანანო დაჟინებით იმეორებს რამდენიმე ეპიზოდს, სადაც არ ჩაერია და ახლა არ იცის, სწორად მოიქცა თუ არა. მე ვარწმუნებ, რომ ორივე შემთხვევაში სწორი გადაწყვეტილება მიიღო. ძალიან კარგად იმუშავეს ტყიბულში, ბევრი ძალა და ენერგია დახარჯეს ამ ამბებში და ახლა იმედგაცრუებას გრძნობენ. მესმის მათი, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ გაფიცვას შედეგი არ მოჰყოლია.

ვიაზრებ რომ, დასაქმებულებს ბევრი გარემოება უშლიდა ხელს უკეთესი შედეგის მიღწევაში. მოცემულობა ასეთი იყო: მთავრობა, რომელსაც არ აქვს ნება, ცოდნა და უნარი, ადეკვატურად უპასუხოს ამგვარ კრიზისებს; საწარმო, რომელიც ცდილობს, თავისუფალი ბაზრის ლოგიკის პირობებში მიიღოს იმდენი, რამდენსაც შეძლებს; მედია, რომლისთვისაც ეს თემა სრულიად უცხოა; და მცირე გავლენის მქონე პროფკავშირი, რომელიც ტყიბულის გაფიცვაში ბოლო მომენტამდე ჩართულიც არ იყო.

თუმცა, ტყიბულის მოვლენების ღირებულება არ არის ლოკალური, ისევე, როგორც თვით პრობლემა, რომელიც ამ პროტესტის საფუძველი გახდა. მგონია, რომ ტყიბულის გაფიცვა არის დასაქმებულთა წინააღმდეგობის მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელმაც ნათელი გახადა მძიმე მრეწველობაში დასაქმებულთა ექსპლუატაციის პრაქტიკა და ის შედეგი, რაც არსებულ ეკონომიკურსა და სოციალურ სისტემას მოაქვს. ეს საკითხები ერთი კვირით პოლიტიკის ნაწილად იქცა.

მახსოვს, ტყიბულში ზაფხულში ვცადეთ მუშაობა, მაგრამ ვერ ვიპოვეთ ადამიანი, ვინც ღიად ილაპარაკებდა პრობლემებზე. არც მეგონა, თუ ამ ქალაქში რაიმე მსგავსი ოდესმე მოხდებოდა. შევცდი და ცდება ყველა, ვისაც ჰგონია, რომ უკმაყოფილების და უსამართლობის დაგროვება არ გამოიწვევს მოულოდნელსა და უკონტროლო წინააღმდეგობებს.

გვიან საღამოს ვახუშტისთან მივდივარ.

2 მარტი, ოთხშაბათი

სამსახურში ვაგვიანებ. ვიგებ რომ ადიგენში კონფლიქტი ამოიწურა და მუსლიმებს ამდენი შეურაცხყოფის და დამცირების შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, ექნებათ სასაფლაო საკუთარ სოფელში. არაფერია სასიხარულო. გულისრევას ვგრძნობ.

დღეს, წინა დღეებიდან გამომდინარე, ბევრს ვფიქრობ EMC-ის როლზე და ადგილზე. მესმის, რომ EMC-ის დღევანდელი სხეული გაუგებარია, რადგან ის ცვლის არასამთავრობო ორგანიზაციის მუშაობის აქამდე არსებულ გამოცდილებას. EMC-იმ შექმნისთანავე უარი თქვა მხოლოდ ადამიანის უფლებათა სტანდარტებით და კანონიერება-უკანონობის დიქოტომიით საუბარზე და თავისი ენა პოლიტიკური გახადა. დღეს კიდევ უფრო ნათელია, რომ თავის მოსაზრებებს EMC იდეოლოგიურ პლატფორმაზე აფუძნებს. ის არ არის ნეიტრალური მოთამაშე. მას აქვს პოზიცია და იქ დგას, სადაც სტრუქტურული ჩაგვრა ანადგურებს ადამიანს.

საღამოს „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებს ვხვდებით. მგონია, რომ ეს ბოლო დროის ყველაზე ზუსტი და მნიშვნელოვანი მოძრაობაა.

გვიან Soap&Skin-ის კონცერტზე მივდივართ მე, ნათია, თათია და ქრისტინე. აღმოჩნდა, რომ ერთი საათით გვიან იწყება, ვიდრე გვეგონა. გარეთ გამოვდივართ და დრო გაგვყავს. კონცერტი ორ საათს გრძელდება. ვინც მიცნობს, იცის, რომ კარგ და ნიჭიერ გოგოებზე მეტად არაფერი აღმაფრთოვანებს. ანია ასეთია. მის ყველა ბგერაში და მოძრაობაში კითხულობ შიშებს, სასოწარკვეთას, შიზოფრენიას. გრძნეულს ჰგავს. გამოსვლას „დორსის“ შამანური როკვით, The End-ით ასრულებს. სწორი გადაწყვეტილებაა ასე დამთავრება.

ყველა ერთად ვბრუნდებით სახლში. ქრისტინე ჩვენთან რჩება.

3 მარტი, ხუთშაბათი

შედარებით გვიან ვიღვიძებ. თვალდახუჭული ვეძებ ლეპტოპს და მუსიკას ვრთავ. ქრისტინე Soap&Skin-ის An Angel-ზე ფხიზლდება, ძილბურანში გამოსცემს ხმებს და ცდილობს, ტექსტს აჰყვეს. მერე ყველა ერთად ვსაუზმობთ, ფეხებს სკამზე ვიკეცავთ და ყავას ვსვამთ. ასე ამ ბოლო დროს იშვიათად ვახერხებთ.

დატვირთული დღე არ მაქვს, დასვენებაა. ფეისბუკის News feed-შიც დედის დღეა. დედაჩემი შეჩვეულია, რომ ასეთ დღეებს არც კი ვიმჩნევ. არ აპროტესტებს. მსუბუქად თუ ვიტყვი, დღესასწაულები არ მიყვარს. ადამიანების დაბადების დღეებიც ძნელად მახსენდება. ამას ყველა მიეჩვია. დედის დღე განსაკუთრებულად არ მიყვარს. მგონია, რომ მისი მიზანი ქალის რეპროდუქციული ფუნქციის კვლავწარმოებაა და არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან.

მინდა, დღეს დედაჩემს გავუარო. კვირაზე მეტია, არ მინახავს. ვახერხებ მასთან შევლას ნახევარი საათით. ამ დროით სარგებლობს და ვაჩეს, ჩემი პატარა ძმისშვილის, ამბებს მიყვება. შუადღისას თამთასთან და სოფოსთან ერთად, აუცილებლად გასაკეთებელი საქმეების სიას ვადგენ და მომავალი კვირისთვის რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრას ვგეგმავ. ნაშუადღევს ვახუშტისთან მივდივარ. ერთად ვსადილობთ. რამდენიმე დღით მივლინებაში მიდის.

საღამოს ვხვდებით EMC-ის სამოქალაქო აქტივიზმის პროგრამის თანამშრომლებს. ეს ჩვენი საქმიანობის ახალი მიმართულებაა, რომელმაც უნდა გააძლიეროს აქტივისტური მუშაობა და რეალურ, სოციალურ ჯგუფებთან კომუნიკაცია. ჯერჯერობით ნათლად ვერ ვხედავთ მისი საქმიანობის ფარგლებსა და მიზნებს, მაგრამ ვფიქრობთ, EMC-ის აქვს რესურსი უფრო ინკლუზიურ პლატფორმად იქცეს და ბევრი იდეა თუ ჯგუფი დაიტიოს. უნდა ვცადოთ.

შეხვედრა გრძელდება და ვარჯიშზე წასვლა მავიწყდება.

4 მარტი, პარასკევი

9 საათზე სამსახურში ვარ. ბევრი საქმე უნდა მოვასწრო და შემდეგი კვირის სამუშაო გეგმა გავწერო. ტყიბულის მოვლენების გამო, მთელი პროგრამის საქმიანობა გადავაწყვეთ და საგანგებო რეჟიმში ვიმუშავეთ. იმდენი მიმდინარე საქმე დაგროვდა, არც კი ვიცი, როგორ უნდა გავუმკლავდეთ. მთრგუნავს იმაზე ფიქრი, რომ არაფერი არასდროს არ მთავრდება. ზოგჯერ ვერც კი ვხვდები, როგორ ვახერხებთ, ამდენ რამეს გავწვდეთ. EMC-ში ყველა შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობს. დროდადრო მგონია, რომ ბევრს ვთხოვთ თანამშრომლებსაც და საკუთარ თავსაც.

დილიდან ცუდ გუნებაზე ვარ. სიზმრები საშინლად მძაბავს. ვერ ვიტან იმ ღამეებს და დილებს, როცა სიზმრებს ვნახულობ. ადრე მათ მართვას ვახერხებდი. ახლა დამავიწყდა, ეს როგორ უნდა გავაკეთო.

ვავრცელებთ შემაჯამებელ განცხადებას ტყიბულზე. შემდეგ ვგეგმავთ დისკუსიას აქტივისტური ჯგუფების მონაწილეობით. თათული მიმოიხილავს მძიმე მრეწველობაში დასაქმებულთა სოციალური დაცვის გარანტიებს, ცდილობს, გაერკვეს სოციალური დაცვის კომპლექსურ სქემებში, პერიოდულად გვიზიარებს და გვეკითხება, ჩვენთან როგორაა. გვეცინება. არანაირი სქემა არ არსებობს. მძიმე, მავნე და საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე დასაქმებულებისა და ყველა დანარჩენის შეღავათებს შორის განსხვავება დამატებითი ათდღიანი საშვებულებო პერიოდია. ვფიქრობთ, დასაქმებულთა სოციალური დაცვის სისტემის კვლევა უნდა გავაგრძელოთ და მოვახერხოთ რეალისტური, ადეკვატური მოდელების შემუშავება.

საღამოს წვიმა იწყება და მე ფეხით ვბრუნდები სახლში.

5 მარტი, შაბათი

დღეს რამდენიმე პირადი საქმე უნდა მოვასწრო და, პირველ რიგში, ექიმთან მივიდე. რეგულარული კონსულტაცია გამოვტოვე და საკუთარი გადაწყვეტილებით ვაგრძელებ მკურნალობას. ექვსი წლის წინ მტვერზე ალერგია დამიდგინეს. პერიოდულად მიმწვავდება და მირთულდება, მაგრამ, მკურნალობას მეტ დროს რომ ვუთმობდე, უფრო ასატანი იქნებოდა. დიაგნოზით ცხოვრება არ მგონია ტვირთი. პირიქით, საინტერესოც შეიძლება აღმოჩნდეს. მთავარია, შენს დაავადებასთან ურთიერთობა ისწავლო. ჩვენ ჯერ ვერ დავმეგობრდით.

დღიურის ჩაწერის მერე მინდა მივიდე ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე, სადაც გენდერულ თემატიკაზე რუსი მხატვრის, ვიქტორია ლომასკოს ნამუშევრებია წარმოდგენილი. ჩემი ბოლოდროინდელი რეჟიმის გამო ვერ მოვახერხე მისი გაცნობა, თუმცა, ვიქტორია EMC-სთვის უსახლკარო ქალთა საკითხებზე გრაფიკული რეპორტაჟის შექმნაზე მუშაობს. ვნახოთ, როგორი გამოვა.

მინდა, კვირას დასვენება მოვახერხო და ძალები აღვიდგინო. ხშირად მინდა ვიწვე, ჭერში ვიყურებოდე და არაფერს ვაკეთებდე. ჩემი ნება რომ იყოს, ასე ყოფნას ავირჩევდი. კარგია, რომ ყოველთვის მოდის ორშაბათი და მაიძულებს, უარი ვთქვა „არაფრის კეთების“ სურვილზე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG