Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუბა გოლოვინა – სპორტსმენი


21 აგვისტო, კვირა

დილით ვიღვიძებ და სანდროს ვხედავ. ვხვდები, რომ უკვე თბილისში ვარ. ისე მომენატრა, რომ, რაც ჩამოვედი, სულ ვცდილობ, ჩემს შვილთან ვიყო. წლის და ცხრა თვის არის და უკვე ამბობს „დედა“, „მამა“... რიოში რომ ვიყავი, სანდრიკა დედასთან მყავდა დატოვებული. სკაიპითაც ვერ ვხედავდი, რადგან, ჩვენ რომ გვეღვიძა, თბილისში ღამე იყო და სანდროს ეძინა.

მოკლედ, თბილისში ვარ. ნახვამდის, რიო-2016 და გამარჯობა, ტოკიო-2020! უცბად გაირბინა თავდაუზოგავი შრომის ოთხმა წელიწადმა, წავიდა ტკივილის, ტრავმების, მარცხის, სიხარულისა და გამარჯვების დღეები. და ახლა ყველაფერი თავიდან იწყება. ახლა ოთხი წელი გველის და ყველაფერი ისევ თავიდან განმეორდება. სამწუხაროდ, ოთხწლიანი შრომის შემდეგ, შეჯიბრების ერთი დღე წყვეტს ყველაფერს – სულ სამი ცდა გვაქვს, და ეს სამი ცდა, ეს ქულები გადაწყვეტს ხოლმე ჩვენს ბედს.

ადვილად არაფერი მეძლევა. ახლაც ასე მოხდა. ოლიმპიურ სოფელში ჩასვლისას, ისევ იჩინა თავი ძველმა ტრავმებმა და ამას ფეხის ტკივილიც დაემატა. ძალიან რთულია, როცა ასეთი ტკივილით გიწევს ვარჯიში. ეს ტკივილი სიარულის დროსაც გაწუხებს და ამოდენა სიმაღლეზე რომ ხტები, თითქოს გონება გეკეტება დახტომისას. ითმენ, ცრემლები თავისით ჩამოგდის. მაგრამ იმ მომენტში იმ ერთ დღეს და იმ ერთ შეჯიბრზე, ტკივილზე ფიქრის დრო არ არის და ყველაფერი უკან გადადის...

22 აგვისტო, ორშაბათი

ისევ სანდროსთან ერთად ვიღვიძებ, მაგრამ ფიქრით ჯერ კიდევ რიოში ვარ.

ზუსტად ათი დღის წინ, 12 აგვისტოს იყო ეს ამბავი. სამწუხაროა, მაგრამ ამბავი ისე არ დასრულდა, როგორც ველოდი. დღეს ვცდილობ, არ ვიფიქრო და არ ვიტირო იმ დღეზე. შეჯიბრის მერე, ერთდროულად ორმაგი განცდა მქონდა: თან ძალიან მომინდა თბილისში წამოსვლა, სანდრიკუნასთან ჩახუტება, რადგან მაშინ მისი არსებობა იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ნუგეში. და, ამავე დროს, თითქოს დაბრუნებაც აღარ მინდოდა, ისე მაწუხებდა ფიქრი, რომ ჩემი გულშემატკივრების მოლოდინი ვერ გავამართლე. პირველ რიგში დედაზე ვფიქრობდი – დედაზე, რომელიც ჩემი მწვრთნელიც არის და რომელსაც ასეთი იმედი ჰქონდა, რომ მედლით დავბრუნდებოდი. ალბათ, სირცხვილის გრძნობაც იყო. ასე მეგონა, თბილისისქუჩებში რომ გავივლიდი, ყველა იტყოდა: „აი ის გოგონა, რომელმაც მედალი ვერ მოიპოვა...“

ჩემზე მეტად არავის უნდოდა, მედლით ჩამოვსულიყავი საქართველოში,მაგრამ ჩემი დრო, ალბათ, ჯერ არ დამდგარა. ამაზე ფიქრი უფრო დიდ სტიმულს მაძლევს. ბევრს ვივარჯიშებ, ძალიან ბევრს, და ვეცდები, შეცდომები აღარ დავუშვა.

დღეს მე, სანდრიკა და დედაჩემი ზოოპარკში ვიყავით. სანდრიკუნას ძალიან უყვარს ცხოველები და სულ მთხოვდა, რომელიმე ხელში ამაყვანინეთო. საქანელებზე აღარაფერს ვამბობ – ერთიც არ გამოგვიტოვებია!

ჩემი მეუღლე ახლა კანადაშია, იქ ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს. სანდრიკა მასაც ძალიან ენატრება და ყოველდღე სკაიპით ვლაპარაკობთ. რიოში ჩამოსვლას აპირებდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შეძლო. კანადიდან მამხნევებდა და მეუბნებოდა, არაფერზე იდარდო, ძალიან კარგი შედეგიაო.

თავისუფლების დღიურები - ლუბა გოლოვინა
please wait

No media source currently available

0:00 0:08:28 0:00

23 აგვისტო, სამშაბათი

დღეს ნორმალურად გამეღვიძა. რიოდან ჩამოსვლის მერე, პირველ დღეებში, საერთოდ ვერ ვდგებოდი, ისე მქონდა დღე და ღამე არეული. სანდრო კი დილიდან გაუჩერებლად დარბის და მეძახის. უხარია, რომ დავბრუნდი. ეს დღეები სულ ერთად ვართ. დილა თამაშით გვეწყება: ან გარეთ გამყავს და ფეხბურთს ვთამაშობთ, ან ველოსიპედზე შემოჯდება და დაქრის. ყველაფერი სანდრიკუნას გარშემო ტრიალებს...

18 აგვისტოს დავბრუნდი თბილისში და ახლა არსად მიშვებს. მეც ვცდილობ, ავანაზღაურო ის დღეები, რომლებიც დარბაზში გავატარეთ ვარჯიშის გამო: როცა ვემზადებოდი, სანდროც თან დამყავდა და სულ დარბაზში უწევდა ყოფნა. ეს ოლიმპიადა სანდროზეც აისახა, რადგან, მარტო ჩემი იქ ყოფნა კი არა, რაც დავბრუნდი, ყოველდღე ოლიმპიური თამაშების ყურებაში ვართ ჩართული. სანდრიკუნას ძალიან მოეწონა კრივი და, რასაც ხედავდა, ყველაფერს იმეორებდა. ახლაც ყოველდღე „ბოქსაობს“, მაგრამ მარტო კრივის ილეთებს კი არ ბაძავს, ყველაფერს იმეორებს, სპორტის რა სახეობასაც ნახავს. მე და ჩემს მეუღლეს გვინდა, რომ მოცურავე ან ჩოგბურთელი გამოვიდეს. ვნახოთ, რას აირჩევს. ჯერ წლის და 9 თვისაა და უკვე ორივე მოსწონს. სახლში ვერ ვაჩერებ ჩემს სპორტსმენს და გასართობ ცენტრში დამყავს ხოლმე, რომ ენერგია დახარჯოს. ჩამოსვლის მეორე დღეს წავედით და მეც ბავშვივით გავერთე. დროებით დამავიწყდა ის რთული დღეები. შეიძლება სასაცილო იყოს, მაგრამ მეც კარგად ვერთობი საბავშვო ცენტრებში. მიყვარს რბილი სათამაშოები და პატარა ბავშვივით მიხარია ზოოპარკში წასვლა.

24 აგვისტო, ოთხშაბათი

უკვე 24 აგვისტოა. დრო გადის და ყველაფერი უკან რჩება. ძმისშვილებს შევპირდი და სანდროსთან ერთად, დილიდანვე წავიყვანეთ აკვაპარკში, სადაც ძალიან მხიარულად გავატარეთ დრო: ვიცურავეთ, ხელოვნურ ტალღებზე ვისრიალეთ და, რაც ყველაზე მეტად გამიკვირდა საკუთარი თავისგან, ის იყო, რომ უარი ვთქვი სასრიალო მილებზე. ალბათ, ისე დავიღალე „ექსტრემისგან“, რომ აღარ მომინდა ჩამოსრიალება. სასიამოვნო დღე იყო და, რაც მთავარია, ბავშვებმა კარგი დრო გაატარეს. სანდრიკა ემოციებისგან ისე დაიღალა, რომ სახლში მოსვლისთანავე ჩაეძინა, რამაც შესაძლებლობა მომცა, ცოტა ხნით ჩემ თავთან მარტო დავრჩენილიყავი.

25 აგვისტო, ხუთშაბათი

დღეს განტვირთვის დღე გვქონდა და მთელი დღე სახლში გავატარეთ მულტფილმების ყურებაში და „ბოქსის“ თამაშში. ჩემს ექიმთან ჩავეწერე მიღებაზე, რადგან დიდი რიგი აქვს. ოთხი წლის წინ მივედით მასთან წელის პრობლემით, პრობლემაში კი ვგულისხმობ თიაქარს ხერხემლის მალებს შორის. ვლადიმერ ხოროშუხინის პროცედურების შემდეგ დავიწყებული მქონდა, რა არის წელის ტკივილი, ახლა კი ისევ შემახსენა თავი. სანამ დრო მაქვს (ანუ, ჯერჯერობით წინ არ გვაქვს შეჯიბრი), მკურნალობა უნდა მოვასწრო.

26 აგვისტო, პარასკევი

დღეს შეხვედრების დღეა. ოლიმპიელებს ჯერ პრეზიდენტთან გვქონდა შეხვედრა – სასახლეში შევიკრიბეთ. მოგვილოცა, მედალოსან ბიჭებს ღირსების ორდენები გადასცა. მერე სურათები გადავიღეთ, ერთმანეთს მივულოცეთ, ბევრი ყვავილი გვაჩუქეს და წამოვედით გახარებულები.

საღამოს პრემიერ-მინისტრს შევხვდით. რვის ნახევარზე ლისის ტბაზე შევიკრიბეთ. მოგვილოცეს, ჩვენთვის საგანგებო კონცერტი გამართეს, ლამაზი საღამო იყო. სანდრიკაც მყავდა წაყვანილი, დარბოდა მწვანე ბალახზე. ძალიან კარგი დრო გაატარა.

სახლში გვიან დავბრუნდი.

27 აგვისტო შაბათი

შაბათია და დილიდან სალონში ვარ. მანიკიურს ვიკეთებ. რაც ჩამოვედი, ამისთვის ვერ მოვიცალე და აი, ძლივს მოვახერხე მოსვლა.

სანდრიკა დედასთან არის, მარტო მასთან რჩება, ძიძა არა გვყავს და არც მინდა, რომ ძიძასთან გაიზარდოს.

დედა და მამა, ჩემი მწვრთნელები არიან: ლუდმილა და ვლადიმერი. მაგრამ დარბაზში დედა და მამა არ არსებობს, დარბაზში მხოლოდ სპორტია. ამიტომ მამაჩემი, რომელიც ცხოვრებაში მოსიყვარულე მამაა, დარბაზში ძალიან მკაცრი მწვრთნელია. დედა მაინც უფრო რბილია და ამიტომ დედასთან მიადვილდება ვარჯიში.

სალონის კარი იღება, მამა და სანდრიკა შემოდიან. მაინც ვერ გაძლეს უჩემოდ. მამა მეუბნება, რა ვქნა, სანდრიკამ წამომაყვანინა თავიო. სახლში დედა და ჩემი ძმა ანდრეი გველოდებიან. ანდრეი ყოფილი სპორტსმენია – წყალში მხტომელი იყო. დღევანდელი დღე ერთად უნდა გავატაროთ. საღამოს ლადოც შემოგვიერთდება კანადიდან, სკაიპით...

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG