Accessibility links

logo-print

6 ნოემბერი, კვირა

უკვე რვა წელია, ჩემი დილა დილის 6 საათზე იწყება. მაგრამ მას შემდეგ, რაც ტყუპები შემეძინა, რაღაც ცვლილებები მაქვს.

ერთმა პატარამ გაიღვიძა. მეორეს რომ არ გაღვიძებოდა, ჩუმად ვითამაშეთ, მაგრამ 20 წუთში მეორემაც დაჭყიტა თვალები. 8 საათისთვის მოვაწესრიგე, გამოვუცვალე, თბილად ჩავაცვი და საჭმლის მომზადება დავიწყე.

რადგან კვირაა, ჩემი დრო მთლიანად შვილებს ეკუთვნით. ჭამის შემდეგ ვითამაშეთ. დაახლოებით ორ საათში ისევ დავაძინე. დღეს მეუღლე მუშაობს, მეუღლის დედას დავუტოვე ბავშვები. თავი მოვიწესრიგე, ბავშვების ტანსაცმელი გასარეცხად შევყარე, წიწილა დავადგი მოსახარშად და ჩემთვისაც დავიწყე საჭმლის მომზადება. მერე გაიღვიძეს, რიგრიგობით ვაჭამე ფაფა.

დღეს წვიმს და სასეირნოდ არ გამიყვანია. ბენდიერებისგან მიბრწყინავს თვალები, ვუყურებ ორ ერთნაირ ანგელოზს, რომლებსაც ჩემი შვილები ჰქვიათ და რომლებიც მაბედნიერებენ. ამათ გამო არ უნდა დავნებდე ცხოვრებას და ამათ გამო უნდა ვიბრძოლო. გავზარდო, გზაზე დავაყენო, მივცე ყველაფერი საუკეთესო.

ამ ფიქრებში ვარ და ისევ ჭამის დრო მოდის. გავუმზადე მოხარშული წიწილა და ბრინჯი და ისევ ძილის დრო მოვიდა. მერე ოჯახის საქმე: სახლი მივალაგე და... ისევ გაიღვიძეს. დარბიან ოთახში, ყვირიან, ტიტინებენ. დე-დეეეე-ს გაიძახიან, ერთი მამა-მამას ამბობს. ვერთობით, ვთამაშობთ. დღეს კვირა დღეა და ვარჯიშისგან ვისვენებ.

საღამოს 10 საათიდან დავიწყე მომზადება ხვალისთვის, დავსახე გეგმა, თუ რა უნდა ავუხსნა ბავშვებს. სკოლა „ფარნავაზში“ გავხსენი კიოკუშინის ჯგუფი, სადაც უკვე 12 მოსწავლე მყავს. ხვალ მეც უნდა ვივარჯიშო და სკოლაში ბავშვებიც უნდა ვავარჯიშო.

ხვალ დილას მეუღლე დაბრუნდება სამსახურიდან. ბევრ რამეში მეხმარება. მუდამ გვერდში მიდგას.

სიჩუმეს წვიმის წვეთების ხმა არღვევს. ვუსმენ მუსიკას, ვფიქრობ პრობლემებზე, მეუღლესთან „მესიჯობაში“ ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ძილი მერევა...

7 ნოემბერი, ორშაბათი

გათენდა. დიდად არ მსიამოვნებს მაგრამ, ორშაბათს ვერ გავექცევი. 6-ზე ავდექი, ლოცვები წავიკითხე. ნელ-ნელა დავიწყე ორგანიზმის გამოფხიზლება, ჩემი პროგრამის მიხედვით მივყვები ვარჯიშს. 1 საათამდე მივაღწიე, დაჭყიტეს თვალები ტყუპებმა. რადგან მეუღლე სახლში იყო, გავაგრძელე. მიყურეს ბავშვებმა, იტიკტიკეს, იცინეს, იკივლეს. ამასობაში მათი მოწესრიგების და ჩაცმის დროც მოვიდა. გამოვუცვალე, მოვაწესრიგე, მეუღლეს შევატოვე, გავუმზადე საჭმელი. ერთს მე ვაჭმევ, მეორეს − მეუღლე. ამასობაში „ძილის მინისტრებმა“ მოგვიკაკუნეს. ბავშვები მეუღლეს დავუტოვე და სამზარეულოში გავედი.

ოჯახის სხვა წევრებმაც გაიღვიძეს. ყველა ჩუმად დადის, რომ პატარები არ გააღვიძონ. გავუმზადე საჭმელი, ორივეს შია, ორივეს დედა უნდა, ერთს მამამ აჭამა, მეორეს − დედამ. ასე, ერთობლივად, უცებ მოვაწესრიგეთ. მერე მეუღლის დედას (სიტყვა „დედამთილი“ არ მიყვარს) და ემზარს (მაზლს) დავუტოვეთ ბავშვები. სავარჯიშოდ წავედით ზღვაზე. ერთ საათში დავბრუნდით და ვარჯიში დარბაზში გავაგრძელეთ.

სკოლაში რომ მივედით, ბავშვები უკვე იქ დაგვხვდნენ. იოლი არ არის მათთან მუშაობა. თითოეულს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე. მათ ესმით ჩემი და ეს მახარებს. დავამთავრეთ ვარჯიში და გამოვიქეცი. ერთი სული მქონდა, სახლში როდის მოვიდოდი, ძალიან მომენატრა ტყუპები. ემზარიც და დედამთილიც დავასვენე, გადმოვიბარე ბავშვები. ახალი სათამაშო მოუტანია ბებიას და ერთმანეთს დაერივნენ. მოვამზადე ყველაფერი და რიგრიგობით ვაჭყუმპალავე ორივე. ისევ ჭამა და, როგორც იქნა, ძილი. ვგრძნობ, მომერია დაღლა. ოთახში სიჩუმე ჩამოწვა, ეზოში ძაღლების ყეფა არღვევს სიმშვიდეს. დატვირთული დღე მქონდა. ხვალ მეუღლე სამსახურში მიდის. არ მიყვარს ის დღე, როცა ჩვენთან არაა.

ეს კვირა მიხარია! ჯერ ერთი, ამ კვირაში ჩემს დას ველოდები. ბედნიერებისგან ფიქრშიც კი ვკარგავ მოსვენებას. ჩემი და ბავშვობიდან ჩემი გამზრდელია, ახლა კი ჩემი შვილების გამზრდელიც გამოვიდა. როცა ჩამოდის, მას ვუტოვებ ბავშვებს და მშვიდად ვვარჯიშობ.

კიდევ იმიტომ მიხარია, რომ რამდენიმე კვირა დარჩა შეჯიბრებამდე და უკან დახევის უფლება არ მაქვს. სპორტია, წინასწარ ვერაფერს გათვლი, მაგრამ ძალ-ღონეს არ დავიშურებ. ვფიქრობ, ჩემი შრომა უნდა დაფასდეს

თვალები მეხუჭება. ფიქრი, ფიქრი და ისევ ფიქრი ჩემპიონატზე...

8 ნოემბერი, სამშაბათი

გათენდა, ნახევრად მძინავს. პატარა გამიცივდა, საწოლში წრიალებს და გულზე დავიწვინე. 6 საათზე ავდექი, ფრთხილად გადავაწვინე და შევუდექი ჩემს საქმეებს.

ვუყურებდი ბავშვებს და ვტკბებოდი: რა მალე გაირბინა დრომ, რამდენიმე დღეში ერთი წლის ხდებიან. ორივე ერთად გამორბის, ორივეს ერთ დროს უნდა ხელში აყვანა, ორივეს ერთად უნდა დედა...

სავარჯიშოდ გავედი. სანამ გაიღვიძებენ, უნდა მოვასწრო. სანამ გავიდოდი, შუადღის საჭმელი დავდგი მოსახარშად. 3-ზე ისევ ჭამა აქვთ. ჩვეულებრივ, ჩემი პროგრამის მიხედვით დავიწყე ვარჯიში. ამ ვარჯიშის დროს მუსიკა ჩავრთე ტელეფონში, რომელსაც ენერგიაზე მოვყავარ. თვალწინ მიტრიალებს მსოფლიო ჩემპიონატი, ბრძოლები. როგორ ჩაივლის ეს ყველაფერი? ჩემ გვერდით დგანან ადამიანები, რომლებიც მაძლევენ იმის საშუალებას, რომ ვიბრძოლო, მეხმარებიან, და მეც მინდა, გავამართლო მათი იმედები. ამ ჩემპიონატისთვის მზადებისას უფრო ვიგრძენი ეს მხარდაჭერა. გახუთმაგებულად ვვარჯიშობ და იმედი მაქვს...

ბავშვებთან თამაშის დროს მივხვდი, დაღლილი ვიყავი და ბევრს ვერ ვეთამაშებოდი. ავიღე გიტარა, რომელზეც ჩემი შვილები გიჟდებიან, და დავუკარი. ხელები იქნიეს, იტიტინეს. გიტარა დავდე თუ არა, მორთეს ტირილი... ახლა ფანდური ავიღე, ამაზეც გიჟდებიან, მოითხოვეს, მომეციო. ორივემ ერთდროულად მოინდომა ფანდურით თამაში. ბოლოს ყველაფერი ტირილით დამთავრდა.

ეზოში გავედი. დილიდან მინდოდა ყვავილების მოკრეფა, მაგრამ ვერ მოვიცალე. ყვავილები დავკრიფე და ლარნაკში ჩავაწყვე.

ბავშვები დავბანე და დავაწვინე. მერე თავი მოვიწესრიგე. ხვალ ვარჯიში მაქვს სკოლაში. გადავხედე პროგრამას. გავამზადე ჩანთა. ვგრძნობ, ნელ-ნელა მეცლება ენერგია. როგორი დამღლელია, როცა ნუგო არ არის სახლში. არადა, რა ჰქნას, იმასაც უჭირს უჩვენოდ. დღეში რამდენიმეჯერ მირეკავს. ჩვენ შორის არაფერი შეცვლილა: რაც იყო შეყვარებულობის დროს, ისევე „ვმესიჯობთ“ და ისეთივე ძლიერი გრძნობა გვაკავშირებს. ერთი სული მაქვს, როდის გათენდება: ადრე მოვა და გავიხარებ.

ამ წამს მოვიდა ნუგოს მესიჯი: ტკბილი ძილი მისურვა, ბავშვებს კოცნები გამოუგზავნა და ყოველი დღის ფრაზა გამიმეორა: „მიყვარხარ“...

9 ნოემბერი, ოთხშაბათი

ექვსის წუთებზე პატარამ დამიჭყიტა თვალები. ჩამივარდა ვარჯიში... ეს ბოლო თვე განსაკუთრებით დაძაბულია, აწეულია ვარჯიშის ტემპი. 12 დღეში უკვე უნდა გავემგზავრო.

როგორც კი ბავშვებს ვაჭამე, მაშინვე გამოვიცვალე და დავიწყე ვარჯიში. ბავშვები თან მიყურებენ, თან ჩემკენ გამორბიან. ჰგონიათ, ვეთამაშები. ამასობაში მათი ძილის დროც მოვიდა. რომ დაიძინეს, ისევ გავაგრძელე მზადება. 11 საათზე მეუღლე მოვიდა სამსახურიდან და წავედით ზღვაზე სავარჯიშოდ.

სახლში რომ დავბრუნდით, სტუმრები მოვიდნენ, გარე ბიძაშვილები. დავფაცურდი, კოხტა სუფრა გავშალე. ცოტა ხანს მათთან ვიყავი, მერე − ბავშვებთან. მერე სტუმრებს მოვუბოდიშე, ემზარი სტუმრებთან დარჩა, დედამთილი − ბავშვებთან, მე და ჩემი მეუღლე კი სკოლაში წავედით.

სკოლაში ბავშვებმა იციან, რომ ყოველდღე ახალი ილეთებისა და წესების ახსნა იქნება. თან შემომციცინებენ, კარატეს მასწავლებელი მონსტრი ჰგონიათ, როდესაც დისციპლინაზე საუბრობ, მაშინ − განსაკუთრებით. საკმარისია, ცოტა გავეხუმრო, მაშინვე მოეშვებიან.

ჩვეულებრივად ჩაიარა გაკვეთილმა. უკანა გზაზე აფთიაქში გამოვიარეთ და ფაფები ვუყიდეთ ბავშვებს. გველოდებოდნენ: ერთი ემზარს ეჭირა, მეორე კი − დედამთილს. მოკლედ, სულზე მივუსწარით.

საღამოს, რომ დაიძინეს, დავილაპარაკეთ, ხვალინდელი დღის გეგმები დავაწყვეთ. ვგრძნობ, ძალიან დავიღალე. მივალაგე არეული სათამაშოებით სავსე ოთახი. გავანიავე, ლოცვები წავიკითხე და დასაძინებლად მოვემზადე. ხუთი წუთით ფეისბუკში შევიჭყიტე. დამხვდა ჩემი მეჯვარის მესიჯი, რომ 21-ში ჩამოვა. 23-ში ჩემს ტყუპებს დაბადების დღე აქვთ, მაგრამ, რადგან 23-ში ჩემპიონატზე მივფრინავ, ორი დღით გადმოვწიეთ. ჩამოვალო, მწერდა. ამ ამბავმა ძალიან გამახარა!

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ, მაინც ფიქრები მითრევს. ძილის წინ ჩემს საყვარელ ადამიანებს შემოვუფრენ ხოლმე ფიქრებში. მენატრებიან მშობლები, რომლებიც ერთი თვეა, არ მინახავს. დედაჩემი განსაკუთრებული ადამიანია, ჩემთვის მისაბაძი და სამაგალითო. მან ძალიან ბევრი მოგვცა შვილებს და ძალიან ბევრი შრომა ჩადო ჩვენს აღზრდაში. მამა, რომელმაც სამივე შვილს უმაღლესი განათლება მოგვცა, არადა ჩვენი ოჯახი 17 წელი ნაქირავებში ცხოვრობდა. თავგანწირული შრომით დაგვაყენა ცხოვრების გზაზე. რომ არა ჩემი მშობლები, არ ვიქნებოდი ის, ვინც დღეს ვარ და არც ჩემი სპორტი იქნებოდა.

10 ნოემბერი, ხუთშაბათი

ხუთშაბათი ჩემი საყვარელი დღეა. დილას 8 საათზე გაიღვიძეს ჩემმა გვრიტებმა. იქამდე რაღაც-რაღაცები გავაკეთე. ბავშვებს ვაჭამე და ვარჯიში დავიწყე. 1 საათზე გავასეირნე, თბილად ჩავაცვი. ერთი ბიძამ წაიყვანა, მეორე − მამამ. დედამთილმა სახლის საქმეებს მიხედა, ბებიას ცალკე ყურადღება უნდა, ათასი საქმეა ოჯახში.

დიდი პასუხისმგებლობა ავიკიდე. ვიცოდი, რაც იყო, უბრალოდ, ძალიან რთული აღმოჩნდა ბავშვებთან ერთად ამ საქმესთან შეჭიდება. მაინც არ დავნებდები: ჩვენს სპორტში გვაქვს ასეთი სიტყვა − „ოს“, რაც ნიშნავს: „არასოდეს დანებდე!“ კიოკუშინი ხელების ქნევა არ არის, ეს ხელოვნებაა, სპორტი, რომელიც ყველგან ყველაფერში გაძლევს შანსს, იყო ძლიერი. ამ რეჟიმით, სწორი პრინციპით მოვედი აქამდე. არ ვნებდები და ვფიქრობ, შვილებსაც ვასწავლი ამ ყველაფერს.

ხვალ მეუღლე ისევ მუშაობს და უფრო მობილიზებულად მომიწევს ყოფნა. ვარჯიშს ვერ გავაცდენ, დილას უნდა ვივარჯიშო. მერე ჩემი გასვლა აღარ შეიძლება, ბებიას მარტო ვერ დავტოვებ. თან ბავშვებმა ჭოჭინიდან ამოძრომა ისწავლეს და ორის დევნა ჩემი დედამთილისთვის ცოტა რთულია. გულს უხეთქავენ, იმდენად ცელქები არიან.

რაღაც, ღრუბლიანი დღე იყო დღეს. ცოტა არ იყოს, მოვიწყინე. ბავშვებთან თამაშიც დამეზარა. ამიტომ გიტარის დაკვრა დავიწყე. დღემ უღიმღამოდ ჩაიარა. ერთი ჩვეულებრივი დღე იყო...

11 ნოემბერი, პარასკევი

დილიდანვე გეგმას მივყევი. დღეს მოდუნება არ შეიძლება. ქალები ვართ სახლში. 9-ზე გაიღვიძეს ჩემმა პრინცესებმა. მომზადება, ჩაცმა, დახურვა, ჭამა და სასეირნოდ გასვლა. ამ სეირნობაში 12 საათიც გახდა.

დღეს სკოლაში მივდივარ და დაგვიანება არ შეიძლება. თუ ბავშვებს პუნქტუალობისკენ მოუწოდებ, მასწავლებელმა არ უნდა დაიგვიანო. ჩქარ-ჩქარა ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და სკოლისკენ გავუდექი გზას. სკოლის ვარჯიშიდან ადრე დავბრუნდი. უკვე გაღვიძებული დამხვდნენ. იზო ბებოც გადმოსულა. ცოტა დავწყნარდი. იზრდებიან და უფრო ცელქები ხდებიან.

დღეს მზიანი ამინდი იყო, ხალისიანი, თბილი, ლამაზი... ცოტა დაძაბულიც. ცხოვრება ასეა, ხან აღმართია ხან − დაღმართი. უკვე გაცნობიერებული მაქვს. როცა კარგად ვარ, მზად ვარ ცუდისთვისაც.

მეზობელმა მთხოვა, გადამეხვია წინა დღის ტელეპროგრამა. რაღაც ფილმის ყურება უნდოდა. ფილმის მერე დაიწყო გადაცემა, რომლის სტუმრებს ეკითხებოდნენ: „რა არის ბენიდნიერება და ხართ თუ არა ბედნიერი?“ მერე ჩემთვის ვლაპარაკობდი, აბა, მე შემეკითხოს ვინმე-მეთქი. ნამდვილად ბედნიერებაა, რომ მყავს ჯანმრთელი შვილები, მყავს მეუღლე, მაქვს ლამაზი ოჯახი და ვაკეთებ საქმეს, რომელიც მსიამოვნებს, მაქვს მიზანი, რომლის მისაღწევად ვწვალობ ამდენს. კარგად მყავს მშობლები, მეგობრები, მიყვარს და მათაც ვუყვარვარ.

დაღამდა... ახლა დღიურს ვწერ. სძინავთ ჩემს შვილებს და ვემზადები ახალი დღისთვის, რომელსაც შაბათი ჰქვია და რომელიც ძალიან მიყვარს.

12 ნოემბერი, შაბათი

შაბათი დილა, როგორიც უნდა იყოს − წვიმიანი, ქარიანი თუ თოვლიანი − მაინც მიყვარს. მუდამ კარგ განწყობაზე ვარ, როცა შაბათია. ჩვენი რეჟიმის მიხედვით მივყვებით ყველაფერს. 11-ზე მეუღლე მოვა, დამეხმარება. დღეს დავისვენებ. ბიძაც მოვა სამსახურიდან. ბავშვებს მიხედავს. დღეს ბათუმში უნდა წავიდე. ვფიქრობ, ჭამას ვერ მივუსწრებ. შევუდექი ვარჯიშს, რომ არ გამიცდეს.

მოვწესრიგდი, ბავშვებს ვაჭამე, და გავუდექი გზას მეუღლესთან ერთად. გზაში ათასი აზრი მომდიოდა, ამ ფიქრებში ხან სად აღმოვჩნდი, ხან − სად. ძალიან რთულია ეს ყველაფერი. ვინც კი გაიგო, რომ ჩემპიონატისთვის დავიწყე მზადება, გაოცებას ვერავინ მალავს. მხოლოდ სამი ადამიანი იყო დარწმუნებული, რომ ვარჯიშს გავაგრძელებდი. პირველი ჩემი მწვრთნელია, რომელიც ძალიან მიყვარს და რომელიც ჩემთვის მშობელივითაა. დიდი ამაგი აქვს ჩემზე, იცის ჩემი პრინციპული ხასიათი. მეორე ჩემი დაა, რომელიც ჩემი გამზრდელია და ჩემს პრობლემას და ყველა სიხარულს ჩემთან ერთად იზიარებს. და ბოლოს ჩემი მეორე ნახევარი, რომელიც ჩემი დიდი პოზიტივი, დასაყრდენი და იმედია, რომლის გარეშეც ეს ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა.

ამ ფიქრებში გართული მივედი დანიშნულ ადგილამდე. ისევ ბავშვები, ისევ ამათ რეჟიმს უნდა მოვერგო და ისევ ისე, როგორც ყოველდღე, იწყება თამაში, სიმღერა, ტირილი, წუწუნი და დაუსრულებელი ცელქობა.

მადლობას ვუხდი თითოეული დღისთვის და ყველაფრისთვის, თითოეული განსაცდელისთვის უფალს. მე მიყვარს სიცოცხლე!

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG