Accessibility links

3 აპრილი, კვირა

დღეს რატომღაც გვიან გავიღვიძე. საშინელი ქარია. სულ მეშინია, ვინმე ჩემიანს რამე არ დაეცეს თავზე, ან მანქანა არ გადააბრუნოს ქარმა, ან, ან, ან... მიკვირს, ასეთ ამინდში თავი რომ არ მტკივა. საერთოდ, ქარი მაფორიაქებს, მაგრამ ახლა „თუმანიშვილში“ ჩემი დადგმის გამო უფროვარ აფორიაქებული: შარშან ქეთი დოლიძე ჩამაცივდა, გინდა თუ არა, შენი იგავების მიხედვით პიესა უნდა დაწეროო. რომელი ბეკეტი ან კლდიაშვილი მე მნახა?! მართალია, რამდენიმე პიესა მაქვს, მაგრამ ესუფრო ლიტერატურული პიესებია და მხოლოდ წასაკითხადაა გამიზნული.

მოკლედ, ქეთის წავუყრუე. გავყუჩდი. მივიმალე. მაგრამ შენც არ მომიკვდე! ისე ჩამაცივდა, ისე, რომ სხვა გზა არ დამიტოვა! თან მითხრა, წელსვე უნდა ჩამაბარო, რომ 2016-ის გეგმაში ჩავსვა დასადგმელადო! კი მაგრამ, რა იცოდა იმ დალოცვილისშვილმა, გამომივიდოდა ეს პიესა თუ არა? ქეთი რის ქეთია, თუ თავისი არ გაიტანა!

დასახმარებლად ნინია სადღობელაშვილსა და კატო ჯავახიშვილს ვუხმე და თებერვალში ვეცით წელში ჩემს იგავებს. ერთი მთავარი თემა ავირჩიეთ და იმის ირგვლივ დავიწყეთ პიესის შენება. როგორც იქნა, ავაშენეთ. ახლა შენ უნდა მიხედო მაგ საქმესო, მითხრეს გოგოებმა და, რომ დაასრულებ, მერე ჩვენ „გადავუვლით კატოკივითო“!

აგვისტოში ბათუმში წავედით მთელი „კამანდა“. წარვიტაცე თან პიესა სამუშაოდ. რას მიმქონდა ბათუმში ნეტა, ხომ ვიცოდი ჩემი კირკიტა თავის ამბავი? ვიცოდი. რა ვქნა, ასე ვარ მოწყობილი: თუ შევპირდი ვინმეს რამეს, მოვკვდები და პირობას არ გავტეხ! ასეც მოხდა: ზღვა თვალით არ მინახავს. მხოლოდ ჩასვლისას დავუქნიე ხელი, ეს მე ვარ, ჩამოვედი-მეთქი, და წასვლისას დავემშვიდობე. დილის შვიდი საათიდან გვიან ღამემდე თავაუღებლივ ვწერდი და ვწერდი... კრუხივით ვაჯექი ამ პიესას. რაღაც გამოიჩეკა. შემდეგ კატომ და ნინიამ გადაუარ-გადმოუარეს. მეგონა, ამით დამთავრდა ჩემი მისია, მაგრამ, ნურას უკაცრავადო, თქვა დოლიძემ და ახლა დადგმა შემომთავაზა.

გული ლიფტებად ადი-ჩამოდის. ვღელავ. ვიცი მსახიობების ამბავი. თუ ბიჭი ხარ, გაბედე და ერთხელ მაინც მიდი მოუმზადებელი. შეგახრამუნებენ! პრობლემით დაიწყო. ქეთი დილიდან რეკავს და მეუბნება, რომ მსახიობი ბიჭების პრობლემა გვაქვს. ყველა, ვინც მე ავირჩიე სპექტაკლისთვის, „ლირშია“ დაკავებული. მე ხომ მე არ ვიქნებოდი, ყველაფერი აბრეშუმივით რომ მისრიალებდეს ჩემს ცხოვრებაში. კიდევ კარგი, გოგოების ჯგუფია უცვლელი, მაგრამ ხუმრობაა, ოთხი კაცი თავიდან რომაა მოსაძებნი?

ქეთი კვლავ მირეკავს და ახლა გარედან მოწვეულ მსახიობებს მთავაზობს. მსახიობები მოიძებნა. ქეთი ხვალ, 2 საათისთვის მიბარებს. ხელშეკრულება და რაღაც ქაღალდებია გასაფორმებელი. ზეგ, 12 საათზე, უკვე მსახიობთა ჯგუფს უნდა შეხვდეო! როგორ შევხვდე, თუკი ნახევარს პიესა წაკითხულიც არა აქვს? აუცილებლად უნდა შეხვდე, მერე რა, რომ წაკითხული არ აქვთ, შენ თავად წაუკითხეო! მოკლედ, ასე და ამგვარად, გადაწყდა! ტექნიკურ ასისტენტად თამარ სესიაშვილი დამინიშნეს და ახლა მის ზარს ველი.

ჯანაშიას 22-ში დავიდე ბინა. მყუდროა, დიდი და ნათელი. უკვე ერთი კვირაა, აქ ვარ, მაგრამ ვერ გავითავისე. მთავარია, მშვიდად და ღრმად მძინავს. ბინას კარგი აურა აქვს. ჩემი უბანი მაინც ვაკეა! ყველა უბანს თავისი მენტალიტეტი აქვს. ჰოდა, მე ვაკე უფრო მომწონს. ვერელებს არ მოეწონებათ, ვიცი, მაგრამ რა ვქნა, ასეა!

ღმერთო ჩემო, რად მინდოდა ან ეს პიესა, ან ეს დადგმა?! თავის ტკივილი მაკლდა ვითომ ცხოვრებაში? მაგრამ რა ვქნა, თუ „ექსტრიმის“ გარეშე არ შემიძლია? რას ვეტყვი მე ჩემს მსახიობებს და რას მეტყვიან ისინი მე? მეტყვიან კი არა, შე-მა-ხრა-მუ-ნე-ბენ! ჩემი მობილური არ ჩერდება. ქალბატონი თამარი, ტექნიკური რეჟისორი, ხან რაზე მირეკავს, ხან რაზე...

ჩემთან სტუმრად ბროწეულა და კატო მოვიდნენ. კატო „კენდი კრეშს“ თამაშობს მობილურში. ბროწეულა კი თავის ყოფილ ბინის მეპატრონეს „სილქნეთის“ გადასახადზე ედავება. მეპატრონეს უნდა, რომ 120 ლარი შეაწეროს, ბროწეულა კი არ ნებდება. რატომაა, რომ ყველას სურს, თავისი პრობლემა და ვალი სხვას აჰკიდოს?

გოგოებმა, ჩემი მჟაუნას სუპი „ათიანზე“ შეაფასეს! კატომ ტვინი გაგვიხვრიტა, მაღაზიის გახსნა სურს ჩვენთან ერთად, მაგრამ ჯერ არ იცის, რას გაყიდის. ჩვენ ვეუბნებით, რომ ამ ყველაფერს კონცეფცია და ბიუჯეტის შედგენა სჭირდება. მთავარი გამორჩა კატოს, ფული სჭირდება ამ ყველაფერს! დაავიწყდა, უფულოდ დღეს ჩიტიც რომ აღარ ჭიკჭიკებს.

მთელი დღე დეტექტივის ყურება მინდა და ვერაფრით ვერ მოვახერხე. ტვინი მიდუღს ამდენი ფიქრისგან. დავიღალე. აღარ მსურს ინტელექტუალური გამოფენები, ოპერა, ბალეტი, ლიტერატურა და ა.შ. და ა.შ. ვიტყოდი, არც თეატრი მინდა-მეთქი, მაგრამ უკვე მახეში ხარ, მენაბდე, და ჯობია, ამ აზრს შეეგუო, მპასუხობს შინაგანი ხმა.

ქარი ცოტა ჩადგა, მაგრამ ჯერ კიდევ ცივა. რაღაც სასუსნავი მომინდა. მაღაზია „ლუქსში“ გავედი. აქვეა, ჩემს სახლთან, სამი წუთის სავალზე. ვიყიდე: პური, ძეხვი, „პანტენის“ შამპუნი (რომელიც გამყიდველმა გოგონამ მირჩია), „ნუტელა“ და შაქარმოყრილი ხრაშუნა „ენა“, სკოლაში რომ ვყიდულობდი ხოლმე. მანეთად რამდენი რამე მოდიოდა! ეს „ენა“ ჯოხებივითაა. ის კი, სკოლისა, ნამდვილ ენას ჰგავდა. ძველი სახელი მაინც შემორჩა. კიდევ, მზესუმზირა დავამატე ჩემს სანოვაგეს. ერთი მხედავდნენ ჩემები, მზესუმზირას რომ ვაკნატუნებ. ჩვენს ოჯახში ცუდ ტონად ითვლებოდა. ბოლო ათი წელია, ავიწყვიტე... არა, არა, რა თქმა უნდა, მხოლოდ სახლში ვჭამ.

შამპუნი „პანტენი“ თმის ბალზამი გამოდგა. ამას უკვე აბაზანაში მივხვდი, როდესაც თავზე დავისხი. არაპროფესიონალიზმი მაგიჟებს! სულ სადარაჯოზე როგორ უნდა იყო? თუ ოდნავ მოეშვი, ცხვირის წვეთების მაგივრად შეიძლება რამე საწამლავი მოგცენ და მერე უყარე კაკალი... რანაირად უყრი? ფეხებს გაფშეკ და ეგაა!

ახლა მურაბიან ჩაის დავლევ და დავწვები.

4 აპრილი, ორშაბათი

ადრე გამეღვიძა. 2 საათამდე თავისუფალი ვარ. დღეს თეატრში პირველი საქმიანი შეხვედრა მექნება ტექნიკურ რეჟისორთან და დოლიძესთან. საბოლოოდ დაზუსტდება, ვინ იქნება სპექტაკლში დაკავებული. ბიჭების პირველ შემადგენლობას გამოვეთხოვე. არავის ვიცნობ. ასე ბრმად, სხვისი რეკომენდაციით ამყავს ახალი შემადგენლობა! აბა, რა ვქნა? გინდ განიცადე, გინდ არა! ამიტომ, ტყუილ განცდებში ვერ ვიქნები. როგორც ჩემი იგავების გმირი, ჯობია, მეც ბედს მივენდო. რაც ჩვენს მსახიობებში ყველაზე მეტად მაშინებს, პათოსია. როგორ დავძლევ ხასიათის ამ მხარეს მათში? არ ვიცი. ალბათ, ძალიან გამიჭირდება. ქართველები არტისტული ბუნების ხალხი ვართ. ყველაფერი გადამეტებული გვაქვს. თან, ყველას პირველობა გვსურს. პიესაში მთავარი გმირი არ მყავს. პირობითობა და ირონია მჭირდება. ძნელია უბრალოებისა და ირონიის ზღვარზე თამაში. სხვაგვარად სპექტაკლი არ გამოვა! აი, ძველებს, ჩვენს უნიკალურ მსახიობებს: ალექსანდრე ჟორჟოლიანს, აკაკი კვანტალიანს, სესილია თაყაიშვილს, ეროსი მანჯგალაძეს ჰქონდათ ის, რაც ახლა მე ამათ მინდა მოვთხოვო.

თეატრის ბუფეტში შევედით მე, ქეთი და სალომე ქორიძე. რა თქმა უნდა, ქეთი ქოთქოთებს. ახლა ორი რამ აწუხებს, პირველი: რომ თეატრის ბუფეტში „არათეატრის“ ხალხი დადის და მეორე: ორმო თეატრის წინ. ამ ათიოდე დღის წინ ვიღაც ტიპი ბულდოზერით მიადგა თეატრს და ორმოს ამოთხრა დაიწყო ჯიხურისთვის. გადაწყვიტა, თეატრის წინ ჯიხურის წამოჭიმვა. იმიტომ კი არა, რომ უფლება მისცეს, არა (ჯიხური გვერდით უნდა დაედგა, თეატრისაგან მოშორებით)უბრალოდ, ადგილი მოეწონა და თავად გადაწყვიტა ასე! მოკლედ, ორმო ამოთხარა, ჩემო ბატონო. ქეთიმ ისეთი შუხური ატეხა, რომ ეს ტიპი, თავის ბულდოზერიანად, გაიქცა. ორმო კი დარჩა. ახლა ქეთი ტელეფონით რომელიღაც კომპანიის უფროსს დასჩხავის, ვინ მოგცა თეატრის წინ ორმოს ამოთხრის და ჯიხურის დადგმის უფლებაო! მაგრამ კომპანიის უფროსი უარზეა, არაფერი ვიცი ამის შესახებო! ორი დღის წინ ვიღაც ქალს ორმოში ფეხი ჩავარდნია. კიდევ კარგი, არ მოიტეხა, თორემ დაზღვევის გადახდას თეატრს დააკისრებდნენ. მოკლედ, ეს ამბავი ათი დღეა, გრძელდება, მაგრამ ორმო ჯერაც ამოუვსებელია. ქეთი თავისი ჩახლეჩილი ხმით კომპანიის უფროსს მოხსნას უქადის! თუ კარგად არ მოიქცევა ვიღაცაა, მართლა ასე იზამს დოლიძის ქალი! ამასობაში ჩემთვის კატლეტი და პიურე მოაქვთ. გემრიელად გეახელით და ზედ კომპოტიც დავაყოლე.

ქეთის კაბინეტში ვბრუნდებით. ქეთი დაჟინებით მოითხოვს, რომ ხვალ ჯგუფი 12 საათისათვის დავიბარო და რეპეტიცია დავიწყო. ადექი და შენ თვითონ წაუკითხე პიესაო, მეუბნება. მერე მოისმენ თითოეული მათგანის აზრსო. მერე პიესაზე ხელს მოუწერ და მომდევნო რეპეტიციას დანიშნავო. სხვა რა გზაა, თუკი თეატრის მთავარი რეჟისორი ბრძანებს! ბოლოს და ბოლოს ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს. ქალბატონი თამარი ხვალ 12 საათისთვის იბარებს ყველას.

ტაქსით გავდივარ მარჯანიშვილამდე. საღამოს ბათუ დანელიას პოეტური საღამოა. ახლა მასთან მივდივარ რეპეტიციაზე. საცობში გავიჭედეთ მე და ჩემი ტაქსისიტი. თავს ვაბრუნებ და რომელიღაც შესახვევთან ხელგაშვერილი ქალი დგას შავებში, ფულს ითხოვს. ისე უხერხულად ითხოვს მოწყალებას, თითქოს არც ითხოვდეს. ცოცხალ ქანდაკებს ჰგავს. წარმომიდგენია, როგორ უჭირს მოწყალების თხოვნა. დგას შავებში ჩაცმული ქალი ჩრდილისა და სინათლის ზღვარზე, კინოსავით კადრია... ჩემი ხნის იქნება. მე რომ ვიყო ამ ქალის ადგილას? სუნთქვა მეკვრის. მანქანა სლოკინ-სლოკინით წინ მიიწევს. და „მოწყალების და“ თვალს ეფარება.

რეპეტიციაზე გიორგი არაბული და კატო ჯავახიშვილი მხვდებიან. ჩემი სირცხვილი, რომ ასე ზერელედ ვიცნობდი ამოდენა პოეტს და ლიტერატორს ბათუ დანელიას. მე კომპი მოვიტანე. რაღაც ვიდეოს გაშვება სურს ბათუს. გადამყვანი არ მაქვს და არაფერი გამოვა. თან შანსი არ არის, ახლა ვერსად ვიშოვით. უკვე შვიდის ნახევარია. პიკის საათია. 8 საათზე კი საღამო იწყება. მე და არაბული მაინც მივდივართ გადამყვანის საძებნად. კოლმეურნეობაზე გადავწყვიტეთ გასვლა − „ეპლში“, ჭავჭავაძეზე, ახლა ვერ მოვხვდებით ხერგილის გამო. ეჭვი მეპარება, რომ გადამყვანს იქ ვიყიდით. ხელცარიელი ვბრუნდებით. კიდევ კარგი, ტომატის წვენი მაინც ვუყიდე ქეთი და მანანა დუმბაძეებს! ეგეც სასირბილო გამიხდა, არც ერთ მაღაზიაში არ იყო. ბოლოს ჩემი გავიტანე და „კარფურში“ ვიყიდე.

რეპეტიცია მორჩა. ყველანი მეზობელ ოთახში შევედით და გემრიელად გეახელით ქეთის მოტანილი თონის პურს, ძეხვსა და სულგუნს. ბათუმ თავისი სახლის არაყი შემოიტანა. ჩემ გარდა ყველამ დალია. ხელოვანი უნდა სვამდესო, შემომიჩნდა ბათუ, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. თავად, მგონი, ზომაზე მეტი მოუვიდა დალევა. ისე არ ეტყობა, მაგრამ გამოსვლის წინ? რავიიი...

საღამო მშვენივრად ჩატარდა. ლექსებს ბათუ კითხულობდა, პროზიდან ამონარიდებს კი − 22-23 წლის ახალგაზრდა მსახიობი ბიჭი. მშვენივრად გაართვა თავი. მომეწონა! შუა საღამოს დროს ბროწეულა მოვიდა. თმები გადაიღება და ახლა იასამნისფერია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, „იასამანს“ ნამდვილად ვერ დავუძახებ. უნდა დაუბრუნდეს პირვანდელ სახეს და თმა ისევ წითლად გადაიღებოს. ყველა „წითელს“ ეძახის, მე კი „ბროწეულა“ შევარქვი.

საღამოს შემდეგ ათმა კაცმა „შემოიხედეში“ გადავწყვიტეთ წასვლა ხინკალზე. მაგრამ გზაშივე ნელ-ნელა დავიშალეთ. ჯერ ჯორჯანელი გამოგვაკლდა, არ ვსვამო. რავი, ვინ აპირებდა დალევას ნეტა? მერე ანა გრიგი, შემდეგ კატო. თავი ასტკივდა ისე, რომ ვერაფერს ხედავდა. მოკლედ, ასე დავიშალეთ მარტივ მამრავლებად.

ვღელავ ხვალინდელი შეხვედრის მოლოდინში. ასე ღელვაში ვიძინებ.

5 აპრილი, სამშაბათი

ისევ 8 საათზე გამეღვიძა. შინაგანად უნდა მოვემზადო მსახიობებთან შესახვედრად. დღეს მარტო პიესის კითხვა და მის ირგვლივ საუბარი მექნება. საინტერესოა, რას იტყვიან და საით წავალთ.

ვერაფრით ვერ დათბა. მარტის შუიდან სულ ქარი და სიცივეა. ასე თქვეს, ნასესხებიაო. რად უნდა, რომ სესხულობს ამ თებერვლიდან, ნეტა? რა ნახა სესხებაში კარგი? ისე, აქამდე კი უნდა მივმხვდარიყო, რომ სხვისას ხარჯავს, და მერე თავისი უნდა დაუბრუნოს.

ახლა პიესას გადავავლებ თვალს, ვისაუზმებ და ამასობაში 12 საათიც მოვა.

დილიდან ქალბატონმა თამარმა უკვე „მახარა“, ერთი მსახიობი გამოგვრჩა მხედველობიდან და სიაში არ შეგვიტანიაო. კი არ გამოგვრჩა, ჯერ არ ვიცი, კახა შარტავა დამთანხმდება თუ არა, ქორეოგრაფიც იყოს და მსახიობიც.

ფანჯრიდან ნაცნობი (უბნელი) კატა დავლანდე. „ნაცნობი“-მეთქი, იმოტომ ვამბობ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ სახლთან შემომხვდა. მზემ გამოანათა და, ალბათ, ამიტომაც გადაეწყვიტა უბანში გასეირნება. ზანტად და ზმორებ-ზმორებით მოაბიჯებდა, ზუსტად ისე, როგორც ვერელი და, საერთოდ, ქართველი კაცები დაიარებიან ხოლმე. ჩუმი ქუჩაა. თუ მხედველობაში არ მივიღებთ, რომ დროდადრო ისტერიულად აპიპინებენ. ამ სახლის ქვეშ გარაჟია და, როცა ვიღაც გარაჟის გასასვლელს ჩაკეტავს ხოლმე, ერთი ამბავი ტყდება! მძღოლისაც მესმის, მაგრამ ეს უეცარი პიპინი ადამიანს სრულ კოლაფსში აგდებს. გუშინ კი მოპირდაპირე სახლში ისეთი ჩხუბი მოხდა, სულ ილეწებოდა ჯამ-ჭურჭელი და ჭიქა-საინები. ყველაფერი! ქალის კივილს მიჰქონდა მთელი უბანი. ალბათ კაციც პასუხობდა რაღაცას, მაგრამ, როგორც ეტყობა, ქალს ვერა და ვერ „გადააყვირა“. იქნებ, გაიხურა კარი და იქაურობას გაეცალა. ეგ უკვე კადრს მიღმა დარჩა: არავინ იცის, მართლა რა მოხდა. მაგრამ ისევე უეცრად ჩაცხრა ეს ყველაფერი, როგორც დაიწყო.

მიუხედავად ქარისა და სიცივისა, ჰაერში მაინც გაზაფხულის სუნი ტრიალებს. სხეულში მოთენთილობა მაქვს ჩაღვრილი. ასეთ დროს ყოველთვის მახსენდება ჩემი სახლი, ბებიები, დედა, მამა და მამიდა. ისე მინდა, ჩავუყვე ჯანაშიას ქუჩას, ქვევით, ელბაქიძემდე, 12 ნომერ ტრამვაიში ჩავჯდე და „დინამოს“ სტადიონამდე ჩავრიხინდე! შემდეგ სტადიონის პირდაპირ რომ პატარა ბაღია, ის გადავჭრა (ახლა იქ ჭიანი კბილებივით უღიმღამო ჯიხურები და გაუგებარი მოუნივერმაღო „კიდობანი“ დგას). ბაღიდან პატარა ქუჩას მივუყვები ორჯონიკიძის ქუჩის კუთხემდე და იმის მიხედვით, როგორ გუნებაზე ვარ, სახლში ან ეზოდან შევდივარ, ან სადარბაზოს მხრიდან. ზარს ვრეკავ. კარს იქით ისმის ფლოსტების ფრატუნი და ზუსტად ვიცი, რომ თამარა ბებია გამიღებს. მართლაც, იღება კარი და ზღურბლზე ბებია დგას.

„შენა ხარ, შენ შემოგევლე?“ − სიხარულით მეუბნება. დედა, მის ზურგს უკან, პატარა ბავშვივით დგას და ორივე, ჩიტებივით უკან თავგადაგდებულნი, თითქოს ჟღურტულს აპირებენო, სიყვარულით შემომცქერიან. მე ჯერ უდარდელი ვარ. ყველაფერს სხვა ხიბლი და გემო აქვს ჩემთვის და ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ 12 ნომერი ტრამვაი აღარ იქნება, ქუჩებსაც გადაერქმევათ სახელები, ჩემს მშვენიერ ქალაქში ჩაიდგმება არაფრისმთქმელი, უაზრო მრავალსართულიანი სახლები, რომ 9 აპრილი გააწითლებს ჩვენს ლამაზ ქუჩებს, რომ აფხაზეთის უაზრო ომში დაიღუპებიან ჩვენი ლამაზი და მაგარი ბიჭები, რომ 8 აგვისტო ჩაცხრილავს ჩვენს მშვიდობიან გულებს, ჩაგვიშავებს კაბას და თვალებს; რომ ყველაფერი ის, რაც გვიყვარდა, აღარ იქნება. ჰოდა, ამიტომაც, ასე უდარდელი ვჯდები 12 ნომერ ტრამვაიში. შემდეგ ხალისით ვჭრი ბაღს და ჩემს ჩიტუნებთან მივდივარ. დაღლას ვიგონებ, რომ კიდევ უფრო თავდადებით აფუსფუსდნენ ჩემ გარშემო დედა და ბებია. ტახტზე ტკბილად მიმეძინება, სანამ ჩემი ჩიტუნები ლობიოს არჩევენ... პლედგადაფარებულს მეღვიძება. სუფრა უკვე გაშლილია. ამასობაში თინიკო სკოლიდან ბრუნდება, მამა − სამსახურიდან. სუფრას ვუსხდებით. მამა თიხის ხალამიდან თავის დამწნილებულ კომბოსტოს იღებს. მერე მამა, დედა და ბებია ერთად მღერიან, მე და თინიკოც ვუერთდებით და ცხოვრებას სულ სხვა აზრი და ფერი ეძლევა! დღე თეთრი ანგელოსივით უჩინარდება მაისის ღამეში...

თეატრში ნახევარი საათით ადრე მოვედი. ყველა ადგილზეა. არავის დაუგვიანია. ცოტაოდენი საკუთარ თავზე ვუამბე ახალგაზრდებს. მოვყევი, როგორ დაიწერა პიესა. მერე პიესა წავიკითხე. ბოლოს ყველამ თავისი აზრი გამოთქვა.

ვფიქრობ, პირველმა დღემ თეატრში წარმატებულად ჩაიარა. ხვალ კვლავ 12-ზე ვხვდებით. ჯგუფი მომეწონა! ტექნიკური რეჟისორითაც კმაყოფილი ვარ. მოწესრიგებული და ზუსტი ადამიანია. თავისი საქმე ბრწყინვალედ იცის! მეტი რა მინდა ნეტა? ლაპარაკს მოევლება.

განათლებული მსახიობი კარგია, მაგრამ ცუდია, თუ მსახიობმა რეჟისორზე გაცილებით მეტი იცის. მოკლედ, კარგი კოლექტივი შეიკრა!

ტაქსის მძღოლმა მიცნო და უფულოდ მომიყვანა. არ მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე, არ იწყინოს-მეთქი. სახლში ჩემსავე მჟაუნას წვნიანს გეახელით და სოსისი მოვიხარშე. მერე მურაბიანი ჩაიც დავაყოლე. სანამ წვნიანს ვიცხელებდი, მთელი ბინა მტვერსასრუტით დავაკრიალე. მერე კატო მესტუმრა და ელექტროჩაიდანი და ფენი მომიტანა საჩუქრად. ღმერთო ჩემო, რამდენი ფული დახარჯა ამ ყველაფერში! არ ჯობს, თავის შვილს მოახმაროს ეს ფული? ისეთი ჯიუტია, რომ შეწინააღმდეგებას აზრი არ აქვს. მაინც ისე გააკეთებს, როგორც სურს. მე, მაგალითად, საოცრად დამჯერი ვარ. შეიძლება, არ ჩანს, ასე რომაა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება! ჰო... კიდევ რაღაც გამჭვირვალე, ათად დაკეცილი „კლიონკა“ მოიტანა შუშის მაგიდაზე გადასაფარებლად. ასეთი „კლიონკა“ სუფრად არ გამოდგება. რა საშინელი სიტყვაა „კლიონკა“. ჰოდა, დევს ახლა ეს „კლიონკა“ უქმად თავისთვის. მოწყენილი და გულდაწყვეტილია თავისი არაფრობის გამო. გრძნობს, რომ ასე წელში მოხრილსა და ათად მოკეცილს, დიდხანს მოუწევს ერთ ადგილზე უსაქმოდ გდება.

6 აპრილი, ოთხშაბათი

დილის ექვსზე ვიღვიძებ. ოთახიდან ოთახში დავბოდიალებ. მერე ძილს ვიბრუნებ და რაღაც აბსურდი მესიზმრება. თითქოს ომი უნდა დაწყებულიყო და მე საოცარი სისწრაფით უნდა შემეგროვებინა ყველაზე საჭირო ნივთები, ჩამეწყო ჩემოდანში და სხვებთან ერთად იქაურობას გავცლოდი. ქალაქი არ ჰგავდა არც თბილისს, არც მოსკოვს, და არც ბერლინს. სწორედ ისე არ ჰგავდა, როგორც, საერთოდ, სიზმარში იცის ხოლმე არმგვანება. ყველაზე საშინელი ის იყო, რომ დრო არ მყოფნიდა და თავს ვერ ვუყრიდი საჭირო ნივთებს. დრო კი რაღაც კატასტროფული სისწრაფით მცირდებოდა და მცირდებოდა. კიდევ კარგი, მაღვიძარამ დარეკა და ამ აბსურდიდან გამომიყვანა.

დღეს, 12 საათზე, მეორე რეპეტიცია მაქვს მასახიობებთან. ბათუ დანელია ბროდსკის თავისეულ თარგმანს შემპირდა. ძალიან მაინტერესებს. გულის სიღრმეში დარწმუნებული ვარ, რომ კარგი იქნება! დამირეკა და 3 საათზე თუმანიშვილის თეატრთან მოსვლას და წიგნების მოტანას შემპირდა. ბროდსკი საოცრად მიყვარს. პოეზიიდან პროზამდე თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული: ყველაფერი, რაც მასზე დაბეჭდილა და გამოსულა, ბოლო ერთი წიგნის გარდა. დიდ ხანი არ არის, რაც გამოვიდა ამერიკაში მცხოვრებ ლიუდმილა შტერნის მოგონებები ბროდსკიზე. «Ося, Иосиф, Joseph» − ასე ჰქვია წიგნს. მალე ჩავიგდებ ხელთ. ამბობენ, საინტერესოდ არის დაწერილიო. ვინც წაიკითხა, უკვირთ, რატომ არის ამ სათაურით გამოსული ეს წიგნი, თუკი ბროდსკი ამ წიგნის ერთ-ერთი გმირია. შეიძლება იმიტომ, რომ წიგნი კარგად გაყიდულიყო? ეჭვი მეპარება.

რეპეტიციამ გუშინდელზე უკეთ ჩაიარა. კმაყოფილი ვარ. სულ ახალგაზრდების ჯგუფი შეიკრა. ჯერ სამი ბიჭი მყავს: ცოტნე მეტონიძე, ილიკო ჭეიშვილი, ნიკა ჩხაიძე. გოგონა ოთხია: თამარ ბზიავა, ანა მატუაშვილი, ანა ნიკოლაიშვილი და ირინა გიუნაშვილი. ანა მატუაშვილი ჩემი საყვარელი მხატვრის, შალვა მატუაშვილის ქალიშვილია. 88 წელს, რუსთაველზე, გალერეაში, მოვხვდი გამოფენაზე, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა მხატვრის ნამუშევრები იყო გამოფენილი. მათ შორის შალვა მატუაშვილიც იყო. ძალიან მომეწონა. გადავწყვიტე, მივსულიყავი მასთან და ხატვის გაკვეთილები ამეღო. შემდეგ გაირკვა, რომ შალვა, რომელსაც სამხატვრო გაერთიანება ჰქონდა თემო გოცაძესთან, სამწლიან კურსებს ხსნიდა. ჯგუფი უკვე დაკომპლექტებული იყო. მსმენელად მიმიღო. ასე გახდა ჩემზე ათი წლით უმცროსი შალვა მატუაშვილი ჩემი მასწავლებელი. ბევრი რამ ვისწავლე ორი წლის განმავლობაში. შემდეგ კი ბერლინში „გადავცხოვრდი“. 25 წლის შემდეგ მატუაშვილს შემთხვევით გადავეყარე ზემელზე. ეს შარშან გაზაფხულზე მოხდა. საოცრად გავიხარეთ ერთურთის ხილვით! მერე, ერთ მზიანსა და საოცარ დღეს, შალვამ თავისი ჯიპით გამომიარა, ულამაზესი გრძელყელიანი თეთრი ვარდები მომართვა და, სანამ სახელოსნომდე მივიდოდით, ჩემი კასეტა ჩამირთო მანქანაში. ჩემი დისშვილი დათუნაც წავიყვანე შალვასთან. გავაცანი. რაზე აღარ ვისაუბრეთ და ვიკამათეთ. ახლა კი მე მისი შვილის პედაგოგი ვარ. საოცარ სიურპრიზებს გვიწყობს ცხოვრება!

16 საათზე „არტარეადან“ გამომივლიან და „ვარდების ბაღში“ წამიყვანენ. „მტკვარზე მოყოლილი ამბები“ − ასეთი რუბრიკა აქვთ. რაღაც თბილისურ, ქალაქურ ამბავს უნდა მოვყვე. ვერაფერს ვიხსენებ. თითქოს არც არაფერი გადამხდენოდეს თავს. დაღლის ბრალია. თინიკოს ვურეკავ, იქნებ რამე გამახსენოს. რაღაც გაიხსენა ბიძაჩვენ ვახტანგ ჭყოიძეზე. ბევრი ვიცინეთ. ჩვენ კი ვიცინეთ, მაგრამ სხვასაც ხომ უნდა გაეცინოს. მერე ჩემს დეიდაშვილს, ვახტანგის ქალიშვილს, მაკა ჭყოიძეს დავურეკე. თინიკოს მოყოლილი ამბავი ზუსტად გამიმეორა, იმ განსხვავებით, რომ ძაღლის მაგივრად ცხენი ყოფილა.

მაკასთან ავდივარ. როგორც ყოველთვის, დატრიალდა და დამაპურა. მერე ნარდი ვითამაშეთ. დღეს მისი დღე არ იყო − 1:5 წააგო. ძალიან ამაყი და კმაყოფილი წამოვედი მაკასგან. ნინიასთან ავედი ალ. ჭავჭავაძეზე. კატოც იქ დამხვდა. მოისურვეს რეპეტიციებზე დასწრება. რა თქმა უნდა, დავასწრებ. ეგ პიესა ხომ მაგათიცაა! ნინიამ კომიქსები დამათვალიერებინა თავისი ზღაპრის მიხედვით. ახლა ინგლისურად თარგმნიან თურმე. ძალიან კარგადაა გაკეთებული!

გრძელი დღე იყო. მოვშინაურდი. კომპი ჩავრთე და ფილიპ გლასს ვუსმენ. მიხეილ თუმანიშვილის პატარა ესე მაჩუქა ქეთიმ: „მიმართვა მსახიობებისადმი“. ისეთი გულისტკივილითაა დაწერილი, ისეთი სიმართლეა, რომ კითხვისას ჟრუანტელი მივლიდა: „...ძირს ყველა სისტემა! ყველა რეჟიმი! მხოლოდ თავისუფლება. მაგრამ გავიწყდება, რომ რწმენამ და მცნებამ შექმნა ქრისტიანული რელიგია. ეს კი სრულიად არ გახლავს დროდადრო ეკლესიაში შერბენა და გულზე ჯვრის ტარება. ჯვარი ხომ სისტემის ნიშანია. სულის წესრიგი − ეს არის რწმენა. ჯვარი სულში უნდა იყოს, და არა ძაფზე. რა აზრი აქვს ამას მეძავის, ქურდის, მკვლელის მკერდზე. რის მაქნისია?! სცოდავენ და ინანიებენ. ყველა ნებაყოფლობით ირჩევს თავის რწმენას. მე თეატრი ავირჩიე. თქვენ იქნებ ტაძარში ვაჭრობა გირჩევნიათ. მაშინ სხვა ტაძარი მოძებნეთ.“ ამას რა კომენტარი შეიძლება გაუკეთო, ან რა ეპითეტი მოუძებნო? ყველაფერი ცხადზე უცხადესია.

უკვდავი ბილ ევანსი უკრავს. მთელი დღის ფორიაქისა და წანწალის შემდეგ ვუსმენ და ვმშვიდდები. თავზე ღამის სამი საათი წამომადგა და ლოგინისკენ მექაჩება.

7 აპრილი, ხუთშაბათი

დილის 8 საათზე ვჭყიტე თვალები. დღეს ხარებაა... ლელა კავთელაძის დაბადების დღეა. ვაიბერით და „ფეისით“ მივულოცე ამ არაჩვეულებრივ და გამორჩეულ ადამიანს. ძალიან შემაყვარა თავი! არ მეგონა, რომ ახალ მეგობარს შევიძენდი და, თანაც, ასეთს. ბედნიერებაა ნამდვილი! კიდევ ნინო, კიწი და კესო შელიები არიან მოსკოვში ჩემი სულის წიწმატები და ტარხუნები. საოცარი ხალხია. ჩემი ნიკუშა კი საფრანგეთს გაემგზავრა. სწავლა უნდა და უნდა ისწავლოს, აბა რა უნდა ქნა? რა კარგია ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა და ერთ ენაზე საუბარი!

დატვირთული დღეა. რეპეტიციამდე ბევრი წვრილმანი მაქვს მოსაგვარებელი. უნდა მოვასწრო, სხვა გზა არ არის. 15 საათზე კახა შარტავას ვხვდები ქარვასლის მუზეუმის საგამოფენო გალერეაში, ჩემი გამოფენის ნახვა მოინდომა. დღეს გაირკვევა, დათანხმდება თუ არა, სპექტაკლში მსახიობადაც იმუშაოს. გარდა ამისა, „არტარეას“ კორესპონდენტის, თამთა გრძელიშვილის დატოვებულ კითხვებს უნდა ვუპასუხო. გამომეცნაურა: ის ვარ, შარშან აღმაშენებელზე რომ გაგაჩერეთ და გამოგეცნაურეთო. გამახსენდა. დღეს პასუხებს მოვამზადებ. ოღონდ, ნამდვილად არ ვიცი, როდის...

დილა ბროდსკის ბათუ დანელიასეული თარგმანებით დავიწყე. წინ ბროდსკის ორი წიგნი მედო. პირველი გადავშალე და, ჰოი საოცრებავ, „ძილისპირულით“ იწყება. ბროდსკის ამ ლექსზე − «Колыбельная» − სიმღერა მაქვს დაწერილი. ეს ლექსი ბროდსკის „საშობაო ლექსებიდან“ არის: ღვთისმშობელი პატარა იესოს იავნანას უმღერის:

უდაბნოში უქმად არ გშვი -

ვცნობ ამ არეს:

აქ ხელმწიფის ხსენებაც კი

არსად არის.

აქ არ ძალუძთ შენი ძებნა,

ვერვინ სცოდავს:

აქ ზამთრობით სივრცე ხდება

სუსხზე ცოტა.

სხვებს თამაშით რა არ ართობთ!..

კოშკიც აქვთ და...

სათამაშო შენთვის მარტო

ქვიშა გახდა.

ვკითხულობ ბათუს ამ თარგმანს, ფიქრით კი ორიგინალს მივყვები. ყველაფერი შენარჩუნებულია. გასაოცარი თარგმანია! ბროდსკი ჩემთვის რუსული პოეზიის რასტრელია.

აი, თავად ბათუ დანელია, როგორც პოეტი:

ნოემბრის თაღმა მოთოვა ყველგანდა

ყოველგან თოვლის გაისმის ბელკანტო.

თბილისს რა ჭირს? თბილისში რად არ თოვს −

ბუნება რად იქმს ბავშვების სადარდოს?

წვიმას რომ უშვებს, ონკანი გადართოს! −

თბილისიც ელის სამოთხის სადარდოს!

საოცრებაა ნამდვილი! კიდევ ერთი გიჟური ფრაგმენტი იმავე ლექსიდან:

მე თოვლის გუნდა − ცისგულად მიჭირავს

და ტკბილი სუსხის ურიცხვი ჭრიჭინა

ჟრუანტლად მივლის დაჟანგულ სხეულში,

მე ბევრჯერ თოვლის ტაძარშიც შევუშვი

სული და ღმერთიც დავლოცე თოვლშიდა...

ახლა კი თოვლი უსაზღვროდ მომშივდა...

ყველაფერი მოვაგვარე. გარეთ 25 გრადუსია. მე ისე თბილად მაცვია, ვიწვი. მამუკა მეტრეველი მოვიდა, სპექტაკლის მხატვარი, და მას ფეხდაფეხ მოჰყვა დათო თავაძე, რომელსაც ამ პიესის არანჟირებები დავავალე. საბოლოოდ, ბევრი საუბრის შემდეგ, მე და მამუკა ცალ-ცალკე მივედით იმ დასკვნამდე, რომ რენე მაგრიტის ესთეტიკაში უნდა გაკეთდეს მთელი სპექტაკლი. დათომ ხორუმზე გაკეთებული თანამედროვე არანჟირება მოგვიტანა. საერთო ჯამში ძალიან მომეწონა! შენიშვნები მქონდა, მაგრამ პირველი ცდისთვის კარგია.

ეკამ დამირეკა. მოდი-მეთქი. რაც ჩამოვედი, არ მინახავს. გვიანია, მაგრამ მოვიდა. პირველად მოახერხა ჯანაშიას ბინის ხილვა. მოეწონა. ბევრი ვიქაქანეთ, მაგრამ დაღლისგან ორივეს გვეყვინთებოდა. ეკა წავიდა, მაგრამ საქმე იმდენი მქონდა, რომ მაინც ღამის სამ საათამდე ვერ მოვახერხე დაძინება. მოუმზადებლად ვერ მივალ რეპეტიციაზე. ხვალ „არტარეადან“ მოდიან და ჩემი პასუხები (თუ „მოძღვრებები“) გადასათეთრებელი მაქვს.

ჩავწექი და დავიწყე კატოს ბოლო ლექსების კრებულის − „იავნანა კაცებისთვის“ − კითხვა. აი, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლექსი, „მერცხალი“:

გაფრინდი. მერცხალო.

გაფრინდი. შავო.

მიწაა. შავპირა.

სამშობლო. სადღაც.

გლეხი და კურცხალი.

სახლები ნაშალი.

აქ - გზა და მარილი.

გაფრინდი. გაღმა

ხელები უნდა ავწიოთ ყველამ, ვისაც გზა ჯერ არ შემოგვხვდა.

გაღმა მუხლები უნდა მოვრკალოთ ყველამ, ვინც გზაზე ვერ დავიღალეთ.

გაღმა მიწიდან უნდა წამოვდგეთ, ვინც ვერ ვიპოვეთ ჩვენში სამოთხე.

და მდაბალს − მდაბლის. მაღალს − მაღლის გვაკლდა სიმაღლე.

გაფრინდი, მერცხალო.

გაფრინდი. შავო.

კაცი დგას გზისპირას.

გაზაფხულს ჩემობს.

ხელი და მარცხენა.

ხელი და ... გიშვებ.

ხელი და აპირებ

გაფრენას. ჩემო...

აქ კი − თვალები უნდა დავხაროთ ყველამ, ვინც ერთურთს უკვე ვიცნობდით.

აქ კი − თვალებით უნდა დავთხაროთ ვაზი, რომელმაც ვერ გაიხარა.

აქ კი − არ არის სამშობლო და არც მიწაა, არც კაცი და არც ვინ ნაცნობი.

გაფრინდი, ჩემო. გადაფრინდი. სადმე. მზის მხარეს

რომ აქ:

კაცმა იტიროს ყველა მკვდარი.

ყველა მკვდარი შეჭამოს მიწამ.

კაცმა საბანი გადიხუროს.

გადახადოს საბანი მიწამ.

კაცმა შინ ფიჩხი მოიტანოს.

ფიჩხი მალებად ამტვრიოს მიწამ.

კაცი ეძებდეს გახსნილ კარს და

ყველა კარს ჩუმად მოადგეს მიწა.

ამ წიგნში კიდევ ასეთი თავია: „პროცენტები“. რამდენიმე ამონარიდი:

%

როგორღა უნდა დავმარცხდეთ ახლა,
თუ უკვე ჩვენ-ჩვენ ომებში ვდგავართ
და გზას ვიმოკლებთ.

%

სად უნდა დავდგე, რომ არ დავბერდე,
შენს სიცოცხლეში,
მომავალში,
თუ ჩემს სიკვდილში?.

%

გზაზე საკუთარი თავი შემომხვდა და
წინდასავით ამოვტრიალდი.

უეცრად ვიღვიძებ. ნახევრად წამომჯდარი, სათვალით ცხვირზე. კატოს წიგნი გულს მასვენია. ანთებული ნათურა მემუდარება, ადამიანი არ ხარ, გადავხურდი, ჩამაქრეო. საათს დავხედე − დილის ხუთი საათია. სინათლეს ვაქრობ.

8 აპრილი, პარასკევი

თავის ტკივილმა გამაღვიძა. რაღაც ჩავიგდე პირში, ცარიელ კუჭზე წამლის მიღება არ ვარგაო.

მოსკოვის ვიზამ გამაგიჟა! ყველაფერში ხელს მიშლის. მთავარი მსახიობი დეკრეტშია. სპექტაკლები არ არის, რადგან ჩვენს თეატრში შემცვლელი დასი არ არის. კონცერტები და ჩემი სპექტაკლები უკვე ჩავატარე და... ფულს არ მიხდიან, თუ ადგილზე არ ვარ. ტყუილად რა დამსვამს ნეტა და ბუზებს ხომ არ დავითვლი ჭერში? მაგრამ მაინც ისე ეწყობა ყველაფერი, რომ საქმეში ხელი მეშლება. რაღაც დებილური ვიზისთვის უნდა ჩავიდე იმიტომ, რომ სახელმწიფო ყველაფერს ართულებს. ჩვენს სივრცეში ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ადამიანმა დათრგუნვილად იგრძნოს თავი. ერთი თვე უნდა ვიჯდე მოსკოვში, რეპეტიციები შევაჩერო თეატრში და რაღაც სულელურ ვიზას ველოდო, რომელიც ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხუთ დღეში კეთდება.„ციტოში“ დავრეკე, ანუ კლინიკაში, სადაც საზღვარგარეთ წარსადგენ ცნობებს იძლევიან და მის საფუძველზე ვიზას გიგრძელებენ. არაფერი გამოვიდა.

სულ არ რცხვენია „აირზენას“! თვენახევრით ადრე აღებულიფიქსირებული ბილეთი 808 ლარი ღირს! როგორ იარსებოს ადამიანმა? გაუგებარია. შენიანი თუ ასე გყვლეფს, სხვა რას გიზამს?! მომბეზრდა. მერე გამოდგებიან და სხვებზე ილაპარაკებენ, ასე და ისეო... ჩვენ ვინ ვართ თავად? საით მივექანებით? რა გვსურს? თუნდაც ქალაქი ავიღოთ: ასეთი სიმშვენიერე როგორ გავანადგურეთ და დავაქციეთ! ქალაქი სახეს კარგავს და ეს არავის ენაღვლება. რატომ ვახრჩობთ ქალაქს ამ გველეშაპ შენობებში და სულს ვუხუთავთ? დიღმიდან დაიწყო ეს ყველაფერი, როცა ქალაქს სასუნთქი არტერია გადაუკეტეს და ეს მონსტრები ააშენეს. აზრიანად მაინც დაეგეგმათ. ჰაერი გადაუკეტეს ქალაქს. საბოლოოდ საკუთარ გამონაბოლქვშივე ჩავიხრჩობით.

ნუთუ, არ მოვა ვიღაც ისეთი, ვინც ქალაქზე და ხალხზე იფიქრებს და მარტო თავისი ჯიბის სისქე არ დააინტერესებს?

„არტარეადან“ მოვიდნენ და თბილისელები „დავმოძღვრე“.

ახლა კი დროა, მოვემზადო რეპეტიციისათვის!

ტაქსის ვიჭერ. ტაქსისტი მცნობს. მეუბნება, რომ პროფესიით რეჟოსორია და ტაქსაობა უწევს. ისე ცდილობს, ხერგილებს ამარიდოს, რომ კინაღამ რეპეტიციაზე დამაგვიანა. გზად ქალბატონი თამარისთვის იასამნებს ვყიდულობ! რეპეტიციაზე კახა შარტავა და მამუკა მეტრეველი მოვიდნენ. კახა მსახიობიც იქნება და ქორეოგრაფიც.

მშვენიერი რეპეტიცია იყო! შემდეგ მე და კახამ პიესაზე ვისაუბრეთ. ნიჭიერი ადამიანია. კატო „მაჭახელადან“ რეკავს, ბათუ გეპატიჟება ხინკალზეო. მე და კახა „მაჭახელასკენ“ გავეშურეთ. იქ დაგვხვდნენ ქეთი და მანანა დუმბაძეები, თავად ბათუ, კატო ჯავახიშვილი, ანა გრიგი, ანას მეგობარი ახალგაზრდა ქალი და ირმა ბერიძე. ანა და მისი დაქალი მალევე წავიდნენ. შემდეგ მანანა დუმბაძე, შემდეგ − ქეთი, მერე − ირმა ბერიძე, და შევრჩით კატო, კახა, მე და ბათუ. ხინკალი უკვე რამდენი ხანია, შეკვეთილი გვაქვს. არავის მოაქვს და არც არავინაა ჩვენი გამკითხავი... ლოდინად და შიმშილად გადავიქეცით. კატო და კახა განცალკევდნენ. მე და ბათუმ მილიონ რამეზე ვისაუბრეთ. სოფელში თურმე მარტო ბათუს მოჰყავს ვენახი და წურავს ღვინოს. ყველა ჩემთან მოდის და მე მთხოვს სასმელსო, მეუბნება გაკვირვებული. მე, ქალაქელი კაცი უნდა ვუვლიდე ვაზსო? ერთ უნიკალურ ჯიშზე მესაუბრა, რომელიც, თურმე, უხსოვარი დროიდან მოდის, და „დუნდღუში“ ჰქვია. კოლხური ვაზის ჯიში ყოფილა. ერთ მტევანზე თურმე სხვადასხვა ფერის მარცვლებს ისხამს. ბათუ რევოლუციისდროინდელ ტელეფონს აძრობს ჯიბიდან და დუნდღუშის ფოტოს მაჩვენებს. საოცრებაა!

ხვალ 9 აპრილია. ეს რიცხვი თავსა და გულში მიტრიალებს.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში არ ვიყავი. ორი თვით ადრე ფილარმონიიდან საგასტროლოდ ვიყავი წასული უკრაინაში. მასმედია დუმდა. არავითარი ინფორმაცია არსად არ გაჟღერებულა 9 აპრილზე. რუსეთი ბლოკავდა თბილისის ამბებს. ხუთი-ექვსი დღე ვერ მოვახერხე თბილისში დარეკვა და შიში დამეუფლა. მერე მეგობრებმა „ბი-ბი-სის“ მეშვეობით გაიგეს თბილისის ამბები და მეც გამაგებინეს.

რამდენიმე დღეში ჩემი სიძის, კოტე თოლორდავას წლისთავია. რა სწრაფად გადის დრო... ცუდ გუნებაზე ვარ.

ღამის 3 საათზე დავწექი. ბათუ დანელიას ბროდსკის თარგმანებზე ჩამეძინა.

9 აპრილი, შაბათი

უკომენტაროდ ვტოვებ ამ დღეს. ერთს ვიტყვი. ჩემი მეგობარი მზია ჯინჭარაძე დაიღუპა 9 აპრილს. თავის ქალიშვილს გადაეფარა და საომარი ნიჩბით ჩაჩეხეს. თემო ჯორჯაძე და მისი კარატისტი ბიჭები დაუხვდნენ და ძალიან ბევრი შეაკავეს რუსი სალდათებიდან. მაგრამ მაგათ რა შეაჩერებდა?! მზიასთან ერთად კიდევ 20 კაცი გამოასალმა „მერვე პოლკმა“ სიცოცხლეს: აზა ადამია, ნათია ბაშალეიშვილი, ეკა ბეჟანიშვილი, ნატო გიორგაძე, თამუნა დოლიძე, თინა ენუქიძე, ნინო თოიძე, ზაირა კიკვიძე, მანანა ლოლაძე, თამარ მამულიშვილი, ვენერა მეტრეველი, მამუკა ნოზაძე, ნანა სამარგულიანი, შალვა ქვასროლიაშვილი, მარინა ჭყონია-სამარგულიანი, ელისო ჭიპაშვილი, თამარ ჭოველიძე, ნოდარ ჯანგირაშვილი, მანანა მელქაძე, გია ქარსელაძე.

უფალმა გაანათლოს თქვენი სულები...

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG