Accessibility links

21 ივნისი, კვირა

მე და თინა ადრიანად ვიღვიძებთ. თინა ჩემი საუკეთესო მეგობარია. უცნაურია, ერთმანეთს არაფრით ვგავართ, ყველაფერი განსხვავებული მოგვწონს და გვაინტერესებს, და მაინც ჩემი ერთ-ერთი უახლოესი ადამიანია. შაბათს ერთმანეთის საფუძვლიანი ნახვის დღე გვქონდა, რაც იშვიათად გამოგვდის ხოლმე. „მტკვარზე“ ვიყავით. ამ ტრაგიკული კვირის შემდეგ გასართობად წასვლას არც გადავწყვეტდით, მაგრამ ჩემი საყვარელი კლუბის მენეჯერები და ჩემი მეგობრები ქეთა და ბერო ზუსტად ისე მოიქცნენ, როგორც მათგან ველოდი. ამ ღამით შემოსული თანხა მთლიანად სტიქიით დაზარალებულებს გადაურიცხეს. გვიან მოვედით და კიდევ უფრო გვიან დავიძინეთ, ამიტომ მიკვირდა, ასე ადრე რამ წამომახტუნა-მეთქი.

როგორც წესი, დილით, თვალის გახელისთანავე, დღის გეგმებს ვაწყობ. თავში პრიორიტეტების მიხედვით ვალაგებ საქმეებს და შემდეგ მათ კეთებას ვიწყებ, თუმცა ამჯერად ყველაფერი სხვანაირადაა. ბოლო რვა დღე ერთი გაბმული შემზარავი სიზმარივითაა, რომელშიც უკან დაბრუნება და რამის შეცვლა არ შეგიძლია, თან ბოლომდე ვერც იმის გააზრებას ახერხებ, სინამდვილეში რა მოხდა. ყველა საინფორმაციოს ყურება, ფეისბუკის მუდმივი სკროლვა, ხან ისტერიული ტირილი, ხან − შოკური სიცილი ჩემი ცხოვრების წესად იქცა და მისგან თავის დაღწევა მიჭირს. არც მინდა.

13 ივნისის ღამეს დიდხანს ველოდი. ჩემი საყვარელი მეგობრის, თეოს დაბადების დღეა. თეოსთვის წინასწარ ნაყიდი საჩუქრის, ჩვენი საყვარელი წიგნის, სილვია პლათის „ზარხუფის“ ინგლისურენოვან გამოცემაში იუბილარისთვის საგანგებოდ დაწერილი წერილი ჩავდე და წავედი. გეგმა ასეთი იყო: დიდი ხნის უნახავი მეგობრები უნდა შევკრებილიყავით და შემდეგ სადმე დილამდე გვეცეკვა. რომ გაწვიმდა, მახსოვს ყველა ვანუგეშე, ძალიან მალე გადაიღებს-მეთქი. მოგვიანებით, როდესაც აივანზე წყალი დადგა და კარები ჩავრაზეთ, მივხვდი, რომ მალე არ გადაიღებდა. ზოოპარკიდან ვეფხვი გაიქცაო, ვიღაცამ რომ თქვა, სასაცილოდ არ მეყო. ოდნავ მოგვიანებით, სასხვათაშორისოდ, ფეისბუკზე სიახლეებს ჩამოვუყევი. დაუჯერებლად ჟღერდა ის, რასაც ვკითხულობდი და ვფიქრობდი, ორმა ჭიქა ღვინომ ასე როგორ დამათრო-მეთქი. მერე შუქი ჩაქრა. როცა 20 ადამიანი ჩემს აიფონში „კურიერის“ საყურებლად შევგროვდით და პირველი კადრები ვნახეთ, მართლა არ მახსოვს, რა ვიფიქრე. არც ის მახსოვს, როგორ მოვედი სახლში.

დილას შუქი არ იყო. მარტო ვიყავი, ჩემი მეგობარი სალომე ადრე გავიდა და მომწერა, „სმარტი“ არ მუშაობსო. ტელეფონი მეთიშებოდა, ინტერნეტი არ მუშაობდა. დილიდან ნათესავები მირეკავდნენ და მაფრთხილებდნენ, გარეთ ფეხი არ გამედგა. ამ დღიდან ბევრი არაფერი მახსოვს გარდა იმისა, რომ მთელი დღე სრულიად უუნაროდ ვიწექი. მეორე დღეს მივხვდი, რომ ასე არ შეიძლება, რომ დიდი ეგოისტობაა ახლა საკუთარ თავზე ფიქრი. ზუსტად ამ დროს ფეისბუკზე 13 ივნისის საორგანიზაციო ჯგუფში დამამატეს, ჰეშტეგებით მონიშნულ უახლეს დავალებებს მალევე გავეცანი და წყლით მომარაგებული გმირთა მოედანზე წავედი. ხალხი უკვე იშლებოდა, თავი ისევ ძალიან უსუსურად ვიგრძენი,რომ ისევ ვერაფერს ვაკეთებდი. ამ დროს ყვავილების მაღაზიის წინ ქალი დავინახე და წყალი ხომ არ გინდათ-მეთქი, ვკითხე. შენ გაიხარე, დიდი პრობლემაა აქ წყალიო − მითხრა და სახე გაუნათდა. გამეხარდა, რომ ერთ ადამიანს მაინც გამოვადექი. მერე წყნეთის ქუჩაზე წავედით, ვითარება უნდა მენახა და ჯგუფისთვის ინფორმაცია მიმეწოდებინა. უკვე იქაც სიმშვიდე იყო.

მეორე დღეს ჩემმა მეგობრებმა და მე „მზიური“, სვანიძის ქუჩა და ვაკის გამგეობა მოვიარეთ. ყველგან სასმელი წყალი მივიტანეთ. გული მწყდება, რომ ხელებში ფიზიკური ძალა საერთოდ არ მაქვს,ყველა ამ ადგილას მოხალისეები თავდაუზოგავად ასრულებდნენ ძალიან მძიმე ფიზიკურ სამუშაოს. თავი იმით ვინიგუშე, რომ, რაც შემიძლია, იმას ვაკეთებ.

საღამოს ქეთა გაბუნიამ მომწერა. მე და ქეთა ცოტა ხანია დავმეგობრდით, მაგრამ ასე მგონია, ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს. ბევრი საერთო ინტერესი და საქმე გვაქვს. მითხრა, რომ ხვალ დილიდან ვაკის გამგეობაში ვჭირდები, მოხალისეების ორგანიზებაში უნდა დავეხმარო.

17 ივნისი, ალბათ, არასდროს დამავიწყდება, იმ ადამიანებისა და ამბების გამო, რაც იმ დღეს მოხდა და ვის გარემოცვაშიც ვიყავი. ქეთა ძალიან მობილიზებულია, გაუჩერებლად ლაპარაკობს ტელეფონზე და თან ჩემს ამოცანას მიხსნის, ჩვენს მოხალისეებს უნდა დავურეკო და ვთხოვო, მოვიდნენ, შემდეგ მათ სხვადასხვა ობიექტზე გავანაწილებთ. ბევრი მეუბნება, რომ მოვა, ბევრიც ბოდიშს მიხდის, რომ სწავლა ან სამსახური აქვთ. ამ ფონზე ვერაფრით ვიგებ ისედაც გაუგებარ რამეს − ამ კოლაფსში რატომ არ აცხადებს მთავრობა საგანგებო მდგომარეობას, და კიდევ ერთხელ ვბრაზდები.

შემდეგ ნიკას ვხვდები, ნიკა „პარტიზანული მებაღეობის“ აქტივისტია. „პარტიზანული მებაღეობა“ და „წითელი ჯვარი“ ძირითადი გამწევი ძალა არიან მთელ ამ პროცესში. ნიკას კომპიუტერული ქსელები და ლოგისტიკა აბარია, ცოტა ხანს ერთად ვმუშაობთ. სრულად კონცენტრირებული და ძალიან საქმიანია. გამგეობის ერთ-ერთ ოთახში სახელდახელოდ მოწყობილ „ოფისში“ ისე მოწესრიგებულად მუშაობს, გაოცებას ვერ ვმალავ. მალევე ანანო ბაკურაძეს ვხვდები. პირბადე უკეთია, მაგრამ თვალები უცინის. ძალიან ცუდ გუნებაზეა, მაგრამ თვალები აქვს ასეთი. ანანოს აქამდე მხოლოდ ფეისბუკით ვიცნობდი, რეალურად პირველად ვხედავ. ახლა ერთად უნდა ვიმუშაოთ: საკვები და ჰიგიენის ნივთები დავახარისხოთ და შემდეგ გავანაწილოთ. უცბად გავუგეთ ერთმანეთს, დროდადრო ვისვენებთ და ერთმანეთს ვაცნობთ თავს. აღმოჩნდა, რომ ტოლები ვყოფილვართ, ერთი პროფესია გვქონია, საერთო მეგობრები გვყოლია. თანაც, თურმე, ერთნაირი რამეები მოგვწონს.

მერე გიო მოდის. გიო შენგელია დიჯეია. მე, როგორც ღამის კლუბების მოყვარული, მის უამრავ სეტზე ვარ ნამყოფი და აქამდე ვიცოდი, რომ კარგი დიჯეია, მაგრამ ახლა ბევრი რამ შეიცვალა: ჯერ საორგანიზაციო ჯგუფში მისმა აქტიურობამ და საქმეში მისმა მუდმივმა ჩართულობამ მიიქცია ჩემი ყურადღება, მერე კი გამგეობაში მოსული და წყლის რიგში ჩამდგარი რომ დავინახე, გული ძალიან ამიჩუყდა. ძალიან მაგარია, კარგი არტისტი კარგი აქტივისტიც რომაა! ჩემ გარშემო რამდენიმე მანამდე უცნობი ადამიანი ერთ დღეში ჩემი თანამოაზრე გახდა და, რაც ყველაზე ამაღელვებელია, ჩვენ სხვებზე ზრუნვამ გაგვაერთიანა. ვიდექი გარეთ და დროდადრო ვიცრემლებოდი, ძალიან ემოციური დღე იყო.

ქეთა, მე და მისი მეგობარი ნინო გამგეობიდან საღამოს გამოვდივართ და ჯერ ის არ გვაქვს გააზრებული, რომ რიგის ქუჩაზე (სავარაუდოდ) ვეფხვი დაინახეს, როცა ვიგებთ, რომ ზოოპარკის დირექტორი ზურა გურიელიძე დაკითხვაზე მიჰყავთ. გაოგნებულები ვუყურებთ და უამრავ კითხვას ვაყრით ერთმანეთს. ტელევიზორში აჩვენებენ გაურკვეველი შეხვედრიდან თუ დაკითხვიდან გამოსულ ზურა გურიელიძეს, რომელიც ამბობს, რომ „ყველაფერი მისი ბრალია“. ფეისბუკზე შევდივარ და უკვე მხვდება ორი აქცია ზოოპარკის დირექტორის მხარდასაჭერად. საათს ვუყურებ, შვიდის ოცი წუთია. ერთ-ერთი აქცია ჩემი მეგობრისა და ჩემთვის სამაგალითო მოქალაქის, პაატა საბელაშვილის ორგანიზებულია. მეშინია, რომ ქალაქში მორბენალი ვეფხვის და საცობების გამო ხალხი არ მოვა. ვწერ კიდეც, იქნებ ხვალისთვის გადაგვედო აქცია, მეტი ხალხის მობილიზება უკეთ გამოვა-მეთქი, მაგრამ უამრავი პოსტი მხვდება: ზოგი გზიდან წერს, ზოგი სამსახურიდან, ზოგი უნივერსიტეტიდან, ყველა მოდის. გავდივართ, ვხვდებით დიდ საცობში, რომელსაც ბოლოს და ბოლოს, თავს ვაღწევთ და რვის წუთებზე კანცელარიის წინ ვართ. უკვე ბევრი ხალხია, სასტვენის ხმა მესმის. უკან ვიხედები. რა თქმა უნდა პაკოა.

დაახლოებით ერთ საათში კანცელარიის წინა და მიმდებარე ტერიტორია მთლიანად ივსება, იმდენ ნაცნობს ვხვდები, მათ მოკითხვას ვერც კი ვასწრებ. აქციის დამთავრებამდე ვიგებთ, რომ პრემიერ-მინისტრი ზოოპარკის დირექტორის პირველი დამცველი იქნება. მიზანი მიღწეულია: როდესაც შენი ხელისუფალი ცდილობს, პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და სრულიად უდანაშაულო გამოვიდეს, შენ უნდა აჩვენო, რომ თვალები ფართოდ გაქვს გახელილი და უსამართლობას არ დაუშვებ.

22 ივნისი, ორშაბათი

დღეიდან Tbilisi Open Air-ზე ვიწყებ მუშაობას, დღეიდან 7 ივლისამდე. Tbilisi Open Air ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი მუსიკალური ფესტივალია, რომელსაც AlterVision Group-ი აწყობს. მედიასთან ურთიერთობა ჩემს მეგობარს, სოფო ებრალიძეს აბარია, წელს მის ასისტენტად ვმუშაობ. ძალიან საინტერესო გამოცდილებაა ჩემთვის, შევძლებ, შიგნიდან დავაკვირდე, როგორ მზადდება მუსიკალური ფესტივალი, მით უმეტეს, რომ წელს რამდენიმე ისეთი გამორჩეული ჯგუფი ჩამოდის, რომ გახსენებაზეც სუნთქვა მეკვრება: Placebo, Archive, The Tiger Lilies... არ ვიცი, რომელი ერთი გავიხსენო.

სოფოსთან მივდივარ. გარეთ აუტანლად ცხელა, აივანზე ვსხედვართ, ქვემოთ ვიხედები და ისევ წინა კვირაში ვბრუნდები, ჩიქოვანის ქუჩიდან ზოოპარკის დატბორილი ნაწილი და განადგურებული ახალი გზა ჩანს, ამ სიმაღლიდან პირველად გადავხედე ამ მონაკვეთს. ალბათ, ბოლო წამამდე არ მჯეროდა, რა მოხდა და სტიქიამ რა შედეგები მოიტანა. ფარდას ვწევთ. მთელი დღე ჟურნალისტებთან რეკვაში გადის, იმ დღეს, ალბათ, ასჯერ მაინც გავიმეორე ეს ფრაზა: „სალამი, Tbilisi Open Air-იდან გირეკავთ აკრედიტაციასთან დაკავშირებით“. დროდადრო გვართობს სოფოს პატარა შვილი, მიქაელი, რომელიც ძალიან სასაცილოდ ლაპარაკობს და უწყვეტ რეჟიმში „სათამაშოების ისტორიის“ ჩართვას მოითხოვს.

სიიდან ბოლო ჟურნალისტს ვურეკავ და საათზე ვიხედები. უკვე 18 საათია, საჩქაროდ ვიძახებ ტაქსის და ილიაუნისკენ მივქრივარ. ჩიქოვანიდან ჭავჭავაძემდე მისვლას 45 წუთს ვანდომებ, ყველგან საცობია. გზაში ფეისბუკით რამდენიმე საქმეს ვაგვარებ და წიგნის სახლ „ლიგამუსში“ შევრბივარ. უკვე წელიწადნახევარია, ილიაუნიში ვმუშაობ. ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში ყოველ ხუთშაბათს ვიწვევთ მწერლებს, პოეტებს, კრიტიკოსებსა და მკითხველებს, და რომელიმე კონკრეტულ ავტორზე ან წიგნზე ვსაუბრობთ. გვინდა, რომ კლუბში მოსული სტუდენტები წასვლისთანავე წიგნის მაღაზიას ესტუმრონ ან სახლის ბიბლიოთეკები გადაქექონ იმ წიგნის ძიებაში, რომელზეც ჩვენმა სტუმარმა ისაუბრა.

დღეს განსაკუთრებული შეხვედრა გვაქვს. კლუბს ევროპაში ყველაზე წარმატებული გერმანულენოვანი ქართველი მწერალი, ნინო ხარატიშვილი სტუმრობს. გასულ ზამთარს, ბერლინში მისი ბოლო რომანის საჯარო კითხვაზე აღმოვჩნდი და სიამაყისგან მთელი საღამო ვცქმუტავდი. შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა. ნინომ თავის სამ რომანზე ისაუბრა. პირველი, „ჟუჟა“, უკვე გამოიცა, ის თარგმნეს ნატალია ნადირაშვილმა, ეკატერინე რაისნერმა და მანანა თანდაშვილმა; მსახიობი ნინო ბურდული თარგმნის ნინოს მეორე რომანს − „ჩემი ალერსიანი ტყუპისცალი“ − და მომავალში მისი მესამე და, ჯერჯერობით, ბოლო რომანის − „მერვე სიცოცხლე (ბრილკასთვის)“ − თარგმნასაც აპირებს. მსახიობებმა ნინო ბურდულმა და თამრიკო მამულაშვილმა ნინოს პიესებიდან ნაწყვეტებიც წაიკითხეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ერთი იმაზე მწყდებოდა გული, რომ მე და ნინომ ვერა და ვერ მოვახერხეთ „ჩვენებური ჩამოსხდომა“ და მთელი წლის ამბების გაზიარება, რაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რიტუალია, მაგრამ ნინოს ისეთი გადარბენა აქვს, „ჩამოსხდომას“ შემდეგი ჩამოსვლისთვის ვდებთ.

23 ივნისი, სამშაბათი

დღეს მანქანის მართვის პრაქტიკული კურსის პირველი გაკვეთილი მაქვს. მირეკავს მასწავლებელი, ერთმანეთს „სმარტის“ ეზოში ვხვდებით და ნუცუბიძის პლატოზე ავდივართ. როცა მასწავლებელი ადგილს მიცვლის და მეუბნება, ახლა შენი ჯერიაო, ჯერ მეცინება, შემდეგ კი საქმიანად გადმოვდივარ მანქანიდან. მართალია, ცოტა მეშინია, რადგან ცხოვრებაში პირველად ვჯდები საჭესთან, მაგრამ თან იმდენად მაინტერესებს, როგორ მუშაობს ეს სისტემა, რომ ვერ ვითმენ. სერგო მასი აუღელვებლად მიხსნის, რა რის შემდეგ უნდა გავაკეთო და მანქანას ვძრავ. პირველი მოსახვევი, გადარბენილი ბავშვი და გადამსწრები ტაქსი არასდროს დამავიწყდება, თუმცა, როგორც ველოდი, მანქანის მართვა ძალიან აზარტული აღმოჩნდა.

უკვე რამდენიმე დღეა, ქალაქში მარტო დავრჩი. ჩემი ოჯახის წევრები, ტრადიციისამებრ, ივნისის შუა რიცხვებში გურიაში მიდიან და სექტემბრის ბოლომდე იქ რჩებიან. მართალია, სახლის საქმეების კეთება დიდად არ მიყვარს, მაგრამ ახლა მიწევს და მსიამოვნებს კიდეც. დედაჩემი რომ მხედავდეს, როგორი მონდომებით ვაკეთებ საჭმელს, ვალაგებ, ვრეცხავ, ვფენ და ვაუთოებ, ძალიან გაუხარდებოდა, თუმცა, როგორც განებივრებული და მუდმივად „სახლიდან გავარდნილი“ შვილი, მისი აქ ყოფნისას სახლის საქმეებს იშვიათად ვაკეთებ და ჩემს უეცარ სახეცვლილებას, ალბათ, ძნელად დაიჯერებს.

მთელი დღე ყველა საქმის პარალელურად ფეისბუკს ვსკროლავ, ეს ჩემი ბოლოდროინდელი მავნე ჩვევაა, თუმცა სტიქიის შემდეგ განსაკუთრებით ინტენსიური გახდა. არც ერთი ცხოველი არ უპოვიათ. თუ ერთი წამით მაინც გამოვრთავ თავდაცვის ქვეცნობიერ ინსტინქტს, გამოდის, რომ სადღაც, აქვე, ერთი დათვი, ერთი ვეფხვი და ერთი აფთარი დასეირნობენ, თუმცა ამაზე ფიქრს დაწყებისთანავე ვახშობ და ისევ ისეთ უტოპიად ვტოვებ, როგორც აქამდე. ვცდილობ, რამეს ვუყურო, ტელევიზორში რაღაც სულელური მუსიკალური შოუ გადის. ცალი თვალით ვუყურებ და მეძინება.

24 ივნისი, ოთხშაბათი

დილით მე და სერგო მასი ისევ „სმარტის“ ეზოში ვხვდებით. გარეთ დგას. მძღოლის მხარეს არ ჯდება, მეუბნება, რომ დღეს მე უნდა ვატარო. რუსთაველიდან ვიწყებ: კოსტავას, პეკინის, ვაჟა ფშაველას, ყაზბეგს, თამარაშვილს და ჭავჭავაძეს გავდივარ და დანიშნულების ადგილამდე მივდივარ. თავი შუმახერი მგონია! ძალიან ცხელა. გონს მოსასვლელად ჩემს ნათლიასთან, ქეთისთან ავდივარ. ამ სახლში როდიდან დავდივარ, არც მახსოვს. როგორც მიყვებიან, თვეების რომ ვიყავი, იმ ხანიდან. ეს ერთადერთი სახლია, საკუთარის გარდა, რომელში მისვლის წინაც თითქმის არასდროს ვრეკავ, რადგან ყოველთვის ვიცი, ან ქეთი იქნება ან მისი ოჯახის რომელიმე წევრი და მე, მშიერს, მწყურვალს, დაღლილს, გულნატკენს ან ძალიან გახარებულს შესაბამის დახმარებას გამიწევს. ახლაც ასე ხდება. ქეთი სახლშია.

საღამოს ვიგებ, რომ აფთრის ლეში იპოვეს. ძალიან მიჭირს იმის აღიარება, რომ სადღაც გულის სიღრმეში გამიხარდა. ახლაც რომ ვწერ, ძალიან მრცხვენია.

ამ სიახლესთან ერთად ზურა გურიელიძის დღიურები მხვდება. კითხვას ვიწყებ და მგონია, რომ ფენტეზის ჟანრის რომანს ვკითხულობ, თან უჩვეულოდ სადად და გულწრფელად დაწერილს. არც კი ვიცი, ამ კვირაში რამდენი ვიფიქრე მასზე. ეს დღიურები ჩემს ფანტაზიას კადრებად ალაგებს და კიდევ ერთხელ ვცდილობ წარმოვიდგინო, რა გაიარა. არ გამომდის.

საღამოს კარგი ამბავია ჩვენ თავს. კუს ტბაზე კაფე „ვიტამინი კუბები“ იხსნება, მენიუ ჩემი უსაყვარლესი მეგობრის, თამარ ბაბუაძის გაკეთებულია. მისი სიყვარულით და მხარდაჭერის სურვილით აღვსილი მე და ჩვენი საერთო მეგობარი, როგორც მე მას ვეძახი, „ლამაზი, ჭკვიანი, წარმატებული“ ნინო ლომაძე, ბავშვებთან ერთად, კუს ტბაზე ავდივართ. პირველი სიგრილე გვაბედნიერებს, შემდეგ ამას უგემრიელესი საჭმელი და ცინცხალი კენკრის ლიმონათი ემატება. ნინოს გამორჩეულად კარგად აღზრდილი შვილები ჰყავს, ამიტომისინი წყნარად თამაშობენ, ჩვენ კი მედიის ახალ გამოწვევებზე, იდეებზე, ინსპირაციებზე და ათას რამეზე ვსაუბრობთ.

ცოტა ხნით ნუცა-სანდროსთან შევრბივარ. სანდრო ჩემი ძმაა, მართალია, ის კაკულიაა და მე − სამადაშვილი, მეტიც არც ერთი წვეთი საერთო სისხლი არ გვაქვს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ასე გადაწყდა: სანდრო თავისი სერიალის ბოლო სერიას წერს და თან სიცხისგან ზანტად მოძრაობს, ელენე (ნუცა-სანდროს შვილი) გასაოცარ შეგნებას იჩენს და სანდროს აძინებინებს თავს, ნუცას მაშოსთან ლაპაკი ენდომებაო, ნუცა და მე კი აივანზე ვსხედვართ და ათას საჭირბოროტო ამბავს ვარჩევთ, წვიმა იწყება, გარეთ შეშინებული ვიხედები, მაგრამ მსუბუქად წვიმს, მხოლოდ იმდენად, რომ სუნთქვა შესაძლებელი გახდეს.

სახლში გვიან ვბრუნდები, გზად ტაქსის მძღოლი მეჩხუბება, შორიდან მოვბრუნდი, რატომ არ იღებდი ტელეფონს, ასე გიყვართ ადამიანების წვალეობაო − მადანაშაულებს. ძალიან ვმწარდები, ვუხსნი, რომ ქვეყანაში სტიქიაა და ქსელები ცუდად მუშაობს, მაგრამ არ მეშვება, რაღა თქვენთან გაჭირდა დარეკვა, ახლა გადავამოწმებ ცენტრთან, მარტო თქვენ ხართ ასეთი განსაკუთრებული თუ სხვებიცო, თუ მეშლება ბოდიშს მოგიხდითო, მეუბნება. ამოწმებს. ცენტრი ეუბნება, რომ დღეს კლიენტებთან დაკავშირება ჭირს. უკვე სახლთანაც მოვედით. ბოდიშს არ მიხდის.

25 ივნისი, ხუთშაბათი

დღეს კლუბის ბოლოსწინა შეხვედრაა. გამომცემლობა „დიოგენესთან“ ერთად წარმოვადგენთ ჯეფრი იუჯინიდისის რომანს „თვითმკვლელი ქალწულები“ (მთარგმნელი: თამარ ლომიძე). ეს წიგნი სერია „ამერიკელების“ მე-14 გამოცემაა. ამ სერიაში თანამედროვე ამერიკელი მწერლების გამორჩეულად მნიშვნელოვანი ტექსტები შედის და, ერთი გამონაკლისის, სილვია პლათის „ზარხუფის“ გარდა, ყველა მათგანი პირველად ითარგმნება ქართულ ენაზე. ეს ერთ-ერთი ჩემი საყვარელი სერიაა და ძალიან მიხარია, ამ პრეზენტაციას ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და წიგნის სახლი „ლიგამუსი“ რომ მასპინძლობენ. იმდენად ცხელა, რომ ვღელავ, ხალხი მოვა თუ არა, თუმცა ხალხიც ბევრი მოდის და მომხსენებლებიც ძალიან საინტერესოდ საუბრობენ. ეს რომანი ჩამთრევი და ძალიან საინტერესო სიუჟეტით გამოირჩევა, რომელსაც განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის დეტექტიური ელემენტები. მოკლედ, „თვითმკვლელი ქალწულები“ წასაკითხი წიგნია.

26 ივნისი, პარასკევი

დილიდან მანქანის მართვის ერთი გაკვეთილი, მეორე გაკვეთილი. მერე სამღებროში და ბანკში შერბენაც უნდა მოვასწრო და ორ საათზე უნივერსიტეტში ვიყო. „სცენარის წერის თეორიული და პრაქტიკული კურსის“ ბოლოსწინა ლექცია მაქვს. ერთი წლის განმავლობაში „ჩემი ცოლის დაქალების“ სცენარისტი ქეთი დევდარიანი სცენარის წერას გვასწავლიდა. რა გამოვა ჩვენგან, არავინ იცის, მაგრამ იქნებ ერთ დღეს შევიცვალო სამუშაო სფერო და ამ საქმეს მივყო ხელი. ქეთიც სკოლაში გერმანულის მასწავლებელი იყო, ვიდრე 35 წლისამ სცენარის წერა არ დაიწყო.

იქიდან წვრილ-წვრილ საქმეებზე გავრბივარ, ძალიან ცხელა, მაგრამ გადავწყვიტე, ამაზე არ ვიფიქრო, ასე უფრო მიადვილდება. ამასობაში ექვსის ნახევარი ხდება, პაკოს უნდა შევხვდე. ზუსტად არ ვიცი, სად არის ე.წ „ნარკოლოგიური“, ამიტომ მასთან ერთად მივდივარ. ქუჩის ნარკოტესტირების წინააღმდეგ აქციას მართავენ „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელი (GeNPUD) და „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელი“. აქციის მთავარი მოთხოვნა ქუჩის ნარკოტესტირების სრულიად არაეფექტიანი და შეურაცხმყოფელი პრაქტიკის გაუქმება და სისხლის სამართლის კოდექსიდან 273-ე მუხლის ამოღებაა. თუ ეს მოხდა, მაშინ გაუქმდება ნარკოტიკების მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც. სულ რამდენიმე მოქალაქე და ის ადამიანები არიან, ვინც ამ სფეროში მუშაობს. გული მწყდება. მეტს ველოდი, მაგრამ არა უშავს...

27 ივნისი, შაბათი

ლიზიკო ჩამოვიდა. ლიზიკო ჩემი 17 წლის დაა. სულ რამდენიმე დღეა, არ მინახავს და ძალიან მომენატრა. მის მკაცრად გაწერილ ორდღიან ვოიაჟში ჩვენი საერთო დრო შაბათი დღის მეორე ნახევარია. Lisi Wood-ზე მივდივართ. დასვენების დღეს ჰაერს, მეგობრებს და ცეკვას, ჩვენი აზრით, არაფერი სჯობს. მიხარია, ლიზიკოს და მე გართობის ერთნაირი სახეობები რომ მოგვწონს: მარტო რომ დადიოდეს, ვინერვიულებდი და, ერთად რომ ვართ, თან წყნარად ვარ და თან ვგრძნობ, რომ ლიზიკო უმცროსი დიდან ჩემს მეგობრად იქცევა. ვიცი, რომ გზად იმდენ ამბავს და ისეთ ტემპში მომიყვება, თავბრუს დამახვევს. მიხარია.

თუმცა, მანამდე გაკვეთილი მაქვს. ცურვაზე და აკვაერობიკაზე დავიწყე სიარული. წინ ცხელი და გრძელი ზაფხულია ბევრი საქმით − სუნთქვა უნდა მეყოს. მერე ნანატრი შვებულებაც მოვა. მთავარია, მშვიდობა იყოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG