Accessibility links

logo-print
9 ივნისი, კვირა
ემოციურად მძიმე დღეა. საერთოდ, ეს დღეებია ძალიან დამთრგუნველი. ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცები ჩამოასვენეს. დილას ტელევიზორს ვრთავ. ერთ-ერთი დაღუპული ჯარისკაცის დედას აჩვენებენ. ტელევიზორს ხმას ვუთიშავ და ისე ვუყურებ კადრებს. არ მინდა კომენტარების მოსმენა. წინასწარ ვიცი, ვინ რას იტყვის. განსაკუთრებით, ზოგიერთი პილიტიკოსი. ვიცი, რის სათქმელად გამოიყენებს ამ ტკივილს.

ისევ ლიზის, ჩემი 11 წლის ქალიშვილის, უცვლელი დღის წესრიგი მშველის: დედაენის ბაღში ველოსიპედით სეირნობა, პიცა ან „მაკდონალდსი“, მუსიკის მასწავლებელი. მანქანაში ცხოვრებაზე ვსაუბრობთ და ეს მიმსუბუქებს მძიმე განწყობას.

10 ივნისი, ორშაბათი
დილიდან სტუდენტების საკურსო თემებს ვკითხულობ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა კვლევების კურსის ფორმატში ლექციები მაქვს. მახსენდება, აკადემიური წლის დასაწყისში, ამ კურსის სტუდენტებს შემდეგი აბრევიატურების გაშიფვრა დავავალე: სსრკ, სკკპ, ჩეკა, ენკავედე, კომინტერნი, კაგებე, მეცკომი, ისტმატი, დიამატი. ვერ გაშიფრეს. ერთ-ერთმა სტუდენტმა გოგონამ ისიც თქვა, ისტმატი და დიამატი, მგონი, რუსული გინებააო. თან შემშურდა მათი და თან შევწუხდი. შემშურდა იმიტომ, რომ ჩემი თაობისგან განსხვავებით, მათ ამ აბრევიატურებში არ უცხოვრიათ. შევწუხდი იმიტომ, რომ კურსი სავალდებულოა და არ ვიცოდი, რამდენად დაუდებდნენ გულს. როგორც ჩანს, ტყუილად ვღელავდი. კარგად წერენ, თავისუფლად. საბჭოთა კავშირი მათთვის აკადემიური საგანია და შესაბამისად ეპყრობიან. მთავარია, რომ ლიტერატურა, რომელიც მივეცი, წაიკითხეს. დღეს კურსი მთავრდება და საბოლოო შეფასებები უნდა მივცე. სხვათა შორის, მათი კიდევ ერთი თვისება მომწონს: ქულებზე უკომპლექსოდ „გევაჭრებიან“. იციან, რა უნდათ, რისთვის და რამდენი. რამდენიმეს ალბათ დამატებით დავიბარებ. უმეტესობას მაღალ ქულებს დავუწერ. ალბათ.

12 საათზე ALPE-ში თათბირი მაქვს. ფონდი ALPE არასამთავრობო ორგანიზაციაა. სამართლებრივი და სამოქალაქო განათლების საკითხებზე მუშაობს. დღეს არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულებისა და აბიტურიენტების საინტეგრაციო პროგრამის დაზუსტებაზე ვიკრიბებით. ვიცი, ვიღაც ირონიულად ჩაიცინებს: „ო, ეს ინტეგრაცია, ენჯეოშნიკების საყვარელი თამაშები“. არცთუ უსაფუძვლო ირონიაა. თუმცა, მაინც აუცილებელი საქმიანობაა. ბოლო წლებში მართლა ხელშესახები პროგრესია. უმაღლესი განათლების სივრცეში არაქართულენოვანი სკოლების კურსდამთავრებულების ასეთი რაოდენობით შემოსვლამ მართლა შეცვალა ვითარება. ორი კვირის წინ ქვემო ქართლში ვიყავით. არაფორმალური გამოკითხვა ჩავატარეთ სკოლის მოსწავლეებს შორის. 50 გამოკითხული მეთერთმეტეკლასელიდან 35 საქართველოში აპირებს სწავლის გაგრძელებას. უნივერსიტეტები და ინსტიტუტები სერიოზულად უნდა მოემზადონ. განსაკუთრებით ჯავახიშვილის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტები, რადგან უმეტესობა ამ უნივერსიტეტებზეა ორიენტირებული. მოკლედ, ამ საკითხებზე ვიმსჯელეთ. კარგი ინტერნი სტუდენტები გვყავს, მარნეულიდან და ახალციხიდან არიან; კარგად ესმით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების, და საინტერესო იდეებს გვთავაზობენ.

ტოლერანტობის ცენტრი და გაეროს ასოციაცია ფოტოგამოფენაზე მეპატიჟებიან. მიყვარს ფოტოგრაფია, ალბათ იმიტომაც, რომ ცხოვრებაში ვერც ერთხელ წესიერი ფოტო ვერ გადავიღე. ახალციხელი ფოტოგრაფის სერგო ფიდანიანის ნამუშევრებია. ადამიანს თუ ნიჭი აქვს, აქვს და მორჩა! ყველა აღტაცებულია, მათ შორის ზურგსუკანაც...

ილიაუნიში მივედი ლექციაზე. საკურსო თემებზე სტუდენტებს მოსაზრებები გავუზიარე. დამეთანხმნენ. სავარაუდო ქულები ვუთხარი და ამაზეც დამეთანხმნენ. არ ვიცი, სამართლიანი ვარ თუ რბილი?  ასე დავიშალეთ.

ერთ-ერთი სტუდენტი ძალიან დაინტერესდა ვოსლენსკის წიგნით, „ნომენკლატურით“, და ფიქრობს მომავალ წელს სადიპლომო თემად საბჭოთა ნომენკლატურა აიღოს. მომავალ წლამდე დიდი დროა და შეიძლება სხვა თემამ უფრო დააინტერესოს. მაინც კარგია, რომ ეს თემატიკა აინტერესებს. დამატებით ბიბლიოგრაფიას შევურჩევ.

უნივერსიტეტის პროფესორი სერგო რატიანი შემხვდა (მე მას ჯერ კიდევ უნივერსიტეტის პროფესორად უფრო აღვიქვამ, ვიდრე დეპუტატად). მასაც ბოლო ლექცია აქვს და ეჩქარება. მითხრა, ლექციის მერე დაგირეკავ და შევხვდეთო. არ დაურეკავს. სამაგიეროდ, დამირეკა პროფესორმა გიგა ზედანიამ და დიდხანს ვილაპარაკეთ. რაზე? ერთი სიტყვით რომ ვერ იტყვი, იმაზე.

11 ივნისი, სამშაბათი
როგორც იქნა, დავიწყე დანიელ ს. ჰალინისა და პაოლო მანჩინის წიგნის თარგმნა. ეს წიგნი ჩემმა მეუღლემ, თამარ კინწურაშვილმა მომცა წასაკითხად და თარგმნაც მისი იდეაა. დიდხანს ვერ მოვაბით თავი. ახლა ილიაუნიმ თავის საგამომცემლო გეგმაში შეიტანა ეს წიგნი და მისი გამოცემით ამერიკის საელჩოც დაინტერესდა. საგამომცემლო დეპარტამენტის უფროსი გიგა კეკელია საავტორო უფლების მოსაპოვებლად მიმოწერას ახორციელებს და საქმეს, ალბათ, ბოლომდე მივიყვანთ. „მედიასისტემების შედარება“ - ასე ჰქვია წიგნს. რატომ მიმაჩნია აქტუალურად მისი თარგმნა? ავტორები ძალზე კვალიფიციურად აანალიზებენ მედია და პოლიტიკური სისტემების ურთიერთკავშირებს კონტინენტურ ევროპასა და ანგლო-ამერიკულ სამყაროში. კარგია, თუ გვეცოდინება, რომ ყველა ის სირთულე და მიღწევა, რომელიც ჩვენი მედია და პოლიტიკური სისტემებისათვის არის დამახასიათებელი, თურმე სადღაც უკვე ყოფილა და გაანალიზებულა. არაფერი განსაკუთრებული ჩვენს თავს არ ხდება. ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა. :-) ვფიქრობ აქტუალური ტექსტია, არა მარტო სტუდენტებისათვის.

საღამოს მაგისტრანტებთან მაქვს ლექცია. ხუთი წუთი მაგვიანდება და აუდიტორიაში შესულს, ცხარე კამათი მხვდება. დისკუსიის თემა: 17 მაისი. ამ დღეს მოქალაქეთა დიდმა ჯგუფმა დაარბია ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად შეკრებილ უფლებადამცველთა მცირერიცხოვანი ჯგუფი.

კამათში არ ვერთვები. მაინტერესებს, თვითონ რას იტყვიან და როგორ იკამათებენ. კამათობენ კორექტულად :-) და არგუმენტისათვის კანონებს და პოლიტიკური ისტორიის მაგალითებს იხმობენ. კამათის სცენარი ნაცნობია: სექსუალური უმცირესობების უფლებები; სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა; დასავლური ფასეულობები. ჩანს, რომ ეს საკითხები მათთვის ძალიან აქტუალურია.

კამათის პირველ ფაზაში ძალთა ბალანსი დარღვეულია: რვიდან ხუთი აცხადებს, რომ სექსუალური ორიენტაცია პირადი საქმეა და საჯარო სივრცეში არ უნდა გამოდიოდეს. თუმცა ძალადობა დაუშვებელია. სამი სტუდენტი გამოხატვის თავისუფლებაზე აპელირებს და ცენზურის საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას. მეორე ფაზაში ძალები თანაბრად იყოფა, თუმცა თემა ოდნავ ვიწროვდება. პრაქტიკულად, ეკლესიისათვის სახელმწიფო დაფინასების კანონიერებასა და მიზანშეწონილობაზე კამათობენ. მესამე ფაზაში კონსენსუსია. ყველა თანხმდება, რომ ჩვენ ვართ ქართველები, მაშასადამე ევროპელები. ყოველ შემთხვევაში, ასე გვინდა, რომ იყოს. ყოველ შემთხვევაში ამ ჯგუფში. მე კამათში მაინც ვერ ჩამითრიეს. დრო ამოიწურა, საკურსოებზე ვერ მოვასწარით საუბარი. შემდეგ კვირაში შეხვედრაზე შევთანხმდით.

12 ივნისი, ოთხშაბათი
დილიდან ილიაუნიში მივდივარ. დღის და, როგორც ჩანს, კვირის მთავარი თემა: უმაღლესი განათლების კანონში შესატანი ცვლილების პროექტი. ამაზე დიდ ხანია მიდის მსჯელობა, თუმცა ამ კვირაში პროცესი დინამიკური გახდა. სანდო წყაროზე დაყრდნობით (ქართულ გაზეთებს უყვართ ასეთი მინიშნება) ცნობილია, რომ ამ თემაზე საპარლამენტო უმრავლესობაშიც არ არის ერთსულოვნება. ცვლილების პროექტს საერთაშორისო ორგანიზაციები და ელჩებიც ეჭვის თვალით უყურებენ (ესეც სანდო წყაროზე დაყრდნობით). ეს, როგორც ჩანს, განათლების სამინისტროზეც აისახება. მის მესვეურთა განცხადებებს დამაჯერებლობა აკლია. არგუმენტებიც ბუნდოვანია. მთავარი საჯილდაო ქვა (უნივერსიტეტებზე საუბრისას რატომღაც ხატოვანი შედარების სურვილი გამიჩნდა), რექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის წესია.

უნივერსიტეტებს ისედაც კარგი „საჩუქარი“ დაუტოვა წინა პარლამენტმა რეგენტთა საბჭოს სახით და ახლა კიდევ ეს „ინტერვენცია“!

სტუდენტები აქტიურობენ. პროფესორ-მასწავლებლები არგუმენტირებული განცხადების დაწერას აპირებენ და საღამოს ვაკის პარკის მედიათეკაში შეხვედრას გეგმავენ.

დღის მეორე ნახევარში ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი აკეთებს განცხადებას თანმდებობიდან გადადგომის თაობაზე. რექტორის მოვალეობის შემსრულებლად რჩება და აგვისტოში ახალი რექტორის არჩევნებს ნიშნავს. სწორი ნაბიჯია. პოზიციური ბრძოლები დაიწყო.

ვაკის მედიათეკაში იკრიბებიან უნივერსიტეტელებიც და არაუნივერსიტეტელებიც. იშვიათად მინახავს ასეთი ერთსულოვნება. სტუდენტებიც საკმაოდ კონსოლიდირებულები არიან. ვნახოთ, რა იქნება. პროგნოზი უმადური საქმეა, თუმცა ჯავახიშვილის უნივერსიტეტის მართვაზე გავლენის მოპოვება იმდენად მიმზიდველი რამეა, რომ მასზე უარს არც წინა ხელისუფლება ამბობდა და არც ახლანდელი იტყვის. დანარჩენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში როგორ წავა პროცესი, ეს თანადათან გამოჩნდება. იმ დროისათვის, როდესაც ეს ტექსტი მსმენელამდე თუ მკითხველამდე მივა, ბევრი რამე უფრო ცხადად გამოიკვეთება.

ჩემი ყოფილი მაგისტრანტი მოვიდა და მითხრა, რომ დოქტორანტურაში აპირებს სწავლის გაგრძელებას, საბჭოთა კვლევების მიმართულებით. ძალიან გამიხარდა! გონებაგახსნილი და შრომისუნარიანი ახლგაზრდაა. მთხოვა, ბიბლიოგრაფიის შერჩევაში დავეხმარო. სიამოვნებით! შაბათს შეხვედრაზე შევთანხმდით. ვთხოვე, ერთი ფილმი ნახოს მანამდე. ძალიან მაინტერესებს მისი აზრი. გერმანელების გადაღებული ფილმია - „სონატა კარგ ადამიანზე“. ცნობილი გერმანელი მწერლის რომანის ეკრანიზაციაა. მოქმედება აღმოსავლეთ გერმანიაში, გდრ-ში ვითარდება. სპეცსამსახურის, „შტაზის“ აგენტს ერთი მწერლის თვალთვალს ავალებენ, რადგან ეჭვი ეპარებათ მის კეთილსაიმედოობაში. გამოცდილი აგენტი იწყებს მეთოდურ თვალთვალს და ამ მწერლის ცხოვრების ნაწილი ხდება. ბუნებრივია, მწერალმა არაფერი იცის, აგენტი მის ცხოვრებას სრულად აკონტროლებს. თანდათან აგენტი მწერლის თანამოაზრე და მისი მფარველი ხდება. ის ხელს შეუწყობს მწერლის ხელნაწერების დასავლეთში გამოქვეყნებას, გადაარჩენს მწერალს დაპატიმრებისა და ფიზიკური განადგურებისაგან. ყველაფერი ისე ხდება, რომ მწერალს ეს კაცი თვალითაც არ უნახავს. აგენტს კარიერა უფუჭდება. მის მიმართაც ეჭვი ჩნდება და აქვეითებენ. მალე ბერლინის კედელი ინგრევა და მწერალი ამის შესახებ „შტაზის“ არქივში, საკუთარი დოსიედან იგებს. მოკლედ ასეთია ფაბულა. ხშირად ვფიქრობ: გერმანიაში, სადაც საზოგადოებას, რომელიც შეთანხმდა და დაგმო ნაციზმიცა და კომუნიზმიც, საზოგადოებრივი და სამართლებრივი ვერდიქტი გამოუტანეს იმათ, ვინც ამ რეჟიმებთან თანამშრომლობდა, შეიძლება ხალხს შესთავაზო „შტაზის“ აგენტი, როგორც კარგი ადამიანი. მაგრამ თუ ამის პროეცირებას პოსტსაბჭოურ სივრცეზე, თუნდაც კონკრეტულად, საქართველოზე მოვახდენთ, ისმის კითხვა: რამდენად სწორია, საზოგადოებას, რომელსაც კომუნიზმი კი არა, როგორც ბოლო დროს ვატყობ, ნაციზმიც არ დაუგმია, შესთავაზო, კაგებეს აგენტში „კარგი ადამიანი“ დაინახოს? მესმის, რთული პარადიგმაა: ერთი მხრივ, მანკიერი სისტემა და მის სამსახურში ყოფნა, მეორე მხრივ - ინდივიდის ზნეობრივი განცდა და საქციელი. მოკლედ, მაინტერესებს აზრი ახალგაზრდა მკვლევრისა, რომელიც ახლა იწყებს ამ თემატიკაში შესვლას.

13 ივნისი, ხუთშაბათი
არ ვიცი, სხვებსაც თუ ემართებათ ასე: მთელი დღე გადარბენაზე ხარ და დღის ბოლოს რომ გკითხავენ, რას აკეთებდიო, კონკრეტულს ვერაფერს ეუბნები. სწორედ ასეთი დღე იყო.

ავტოპროფილაქტიკაში „ხადავიკმა“ ვერ ამიხსნა, რატომ ჭრიალებს ჩემი მანქანა „პავაროტებში“ (მგონი, თვითონაც ვერ გაიგო). ბანკში ვერ ამიხსნეს, სესხზე დამატებითი ხუთი აშშ დოლარისა და 60 ცენტის დავალიანების წარმოშობის მიზეზი (არადა, ექვსი მესიჯი მომივიდა, დროზე გადაიხადეო). მე ვერ ავუხსენი ლიზის, რატომ არ მინდა ძაღლის მოყვანა მიუხედავად იმისა, რომ ძაღლები ძალიან მიყვარს. მეტს დღეს ვერაფერს დავწერ. :-)

14 ივნისი, პარასკევი
მოვლენებით გადატვირთული დღე იყო. ეს დღიურიც გვიან, ძილის წინ გამახსენდა და ახლა თავს ძალას ვატან, რომ მისი წერა ხვალისთვის არ გადავდო.

დილას გიორგი ტუღუშმა თავის ოფისში მიმიწვია. ის და თამარ ხორბალაძე ერთობლივ პრესკონფერენციას მართავდნენ. გიორგი ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ ხელმძღვანელია, თამუნა - მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ამ ორგანიზაციის მომზადებულ ყოველკვირეულ ბიულეტენებს რეგულარულად ვკითხულობ. კარგ და კვალიფიციურ მედიამონიტორინგს ახორციელებენ. ძალიან მნიშვნელოვან საქმეს იწყებენ. უნდათ შექმნან სამოქალაქო პლატფორმა, რომლიც პოლიტიკაში დამკვიდრებულ ქსენოფობიურ რიტორიკას აღუდგება წინ. ჩემი ორგანიზაციაც მუშაობს ამ თემაზე. ეთნიკური, რელიგიური, რასობრივი შეურაცხყოფებითა და ჰომოფობური განცხადებებით არის სავსე ქართული ბეჭდური მედია; ელექტრონულიც ცოტათი თუ ჩამორჩება ამ საქმეში. მაგრამ მთავარი ის არის, რომ შემთხვევების 95 პროცენტში მედია პოლიტიკოსების, ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრებისა და მათი მხარდამჭერების რიტორიკას აღწერს. ჟურნალისტიკა თვითონაც ცოდავს ამ მიმართულებით, მაგრამ პოლიტიკოსებს ვერ გაეჯიბრება. აუცილებლად ჩავერთვებით ერთიანი პლატფორმის შექმნაში.

მირეკავენ, რომ ილიას უნივერსიტეტთან აქცია დაიწყო. მივდივარ. ბევრი სტუდენტია გამოსული და ცოცხალი ჯაჭვით განათლების სამინისტროსკენ მიდიან. ჩემს პესიმისტურ პროგნოზებს გადავხედე, მაგრამ ჯერ მაინც არ შევცვალე. ხელისუფლება მტკიცეა თავის გადაწყვეტილებაში.

ვაკიდან მეიდანზე, თბილისის ჯუმა-მეჩეთისკენ მივდივარ. დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მესამე კვირაა ადგილობრივი მოსახლეობა, სავარაუდოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლი, საშუალებას არ აძლევს ადგილობრივ მუსლიმებს, პარასკევის ლოცვა ჩაატარონ. დღეს იქ უფლებადამცველები და რეინტეგრაციის მინისტრი ჩავიდნენ. აქ დარჩენილი უფლებადამცველები კი თბილისიდან ვუცხადებთ სოლიდარობას ლოზუნგით: „ყველას აქვს ლოცვის უფლება“. სულ ნაცნობი სახეებია. შთაბეჭდილებებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ერთ-ერთი უფლებადამცველი მეგობარი შენიშვნას მაძლევს, ხმამაღლა ნუ ლაპარაკობ, მლოცველებს ხელს უშლიო. მეორე უფლებადამცველი მეგობარი კი მექომაგება: არა უშავს, ღმერთს მაინც ყველაფერი ესმის და ყველაფერს ხედავსო.

სამთაწყაროში ლოცვა მშვიდობიანად დასრულდა. როგორც მერე ტელევიზიით შევიტყვე, სოფელში მცხოვრები მუსლიმები ლოცვაზე მაინც არ მისულან და მხოლოდ ჩასულ მუსლიმებს ულოციათ. ძალიან ცუდია.

15 ივნისი, შაბათი
დღეს დღიურის წერის ბოლო დღეა. 12 საათზე ლიზი ბაირონის სკოლაში მიმყავს. 3 საათზე რადიო თავისუფლებაში დღიურს მივიტან, იქიდან მუსიკაზე წავალთ. მერე დედიკოს გამოვუვლით, გზაში ცხოვრებაზე ვისაუბრებთ და ყველაფერი კარგად იქნება. :-)
XS
SM
MD
LG