Accessibility links

logo-print

6 დეკემბერი, კვირა

6 დეკემბერს ალექსანდრე დაიბადა, მარიამი დედა გახდა, მე − ბაბუა. დღიურის წერა რატომ ავიღე ჩემს თავზე, ჯერ არ ვიცი. დიდი ხნის წინ მართლაც ვაკეთებდი რაღაც ჩანაწერებს და სადღაც მოგროვილიც მქონდა. 1996 წლის ერთ დღეს, სავსე მთვარობაზე დავწვი. ესეც სადღაც წავიკითხე, რომ ასეთი ტიპის ბოდვისებურ ჩანაწერებს თუ სავსე მთვარეზე დაწვავ, შენი ჭირიც წაუღია: თავისუფლდები ზედმეტი ტვირთისგან და წარსული უფრო მსუბუქი და ასატანი ხდებაო. მე დავწვი სამი დიდი ჩანთა ბოდვებისა და ეს ძალიან კარგი შეგრძნებაა. დღიურებს უკვე იმდენი ხანია არ ვწერ, რომ არც მახსოვს, ბოლოს როდის დავწერე, მაგრამ რომ დავწვი, მახსოვს. რვეულები, ბლოკნოტები, თაბახის ფურცლები, ზოგჯერ ილუსტრაციებითურთ...

დღეს ბაბუა გავხდი. ამას წინათ 50 წელი შემისრულდა. დღიურს რატომ წერენ, მე არ ვიცი... „სამყარო ნელ-ნელა ემსგავსება უკაცოდ დარჩენილ ოჯახს“ − ტარიელ ჭანტურიას ლექსიდანაა. ჰო, აი დღეს ეს შეგრძნებაა.

სიხარულში ყოველთვის არსებობს სევდა იმისა, რომ ეს სიხარული გავა და გაივლის და მას შეცვლის სხვა რამ უფრო მოულოდნელი. მაგრამ შვილიშვილის დაბადება დიდებული ამბავია! ეს ის სიხარულია, სულ რომ იქნება, უკვე თავისთავად, ყოველთვის...

ალექსანდრეს დაბადების დღეა და დღეს პირველად ვუბრუნდები დღიურის ფორმატს. რატომ დავთანხმდი, რომ დავწერდი და რადიო თავისუფლების ოფისში რომ ვიყავი, რატომ მომეჩვენა, რომ დღიურების დაწერას შევძლებდი, ვერ ვხვდები. ამიტომაც ვაიძულებ ჩემს თავს, დავწერო ეს დღიური... დაწერე, მიდი!

ესე იგი, ვიწყებ!

ვენაში ვარ და ნისლიანი დღეა. ორი დღეა, ცრის. დღის 11 საათისთვის გავდივარ სახლიდან, ვუხვევ მარცხნივ, ავდივარ მაღლა გეორგენბერგზე და ტყისკენ ვეშვები. ერთი სამი საათი დავდივარ, მავიწყდება, საათს დავხედო, მაგრამ ადრე ღამდება. ასე რომ, 3 საათისთვის უკვე ბინდი დადგება და ისევ უკან ჩავალ

ნისლიან ტყეში დალაგდება დღე... და ამ დღეში დალაგდა მთელი თვე და ჩაისუნთქე ამოისუნთქე უკვე ნაცხოვრები ნახევარი ცხოვრება, ежик в тумане...

7 დეკემბერი, ორშაბათი

ერთი დღის ალექსანდრეს ფოტოები და დილამდე ვაიბერით იმის განხილვა, ვის ჰგავს ან რატომ გამოვაკლდი მე ამ ყველაფერს და არ ვიყავი თბილისში.

12 საათისთვის გახმოვანებაზე მივდივარ. ერთი საათი მჭირდება სტუდიამდე მისასვლელად. ასე იცის ტყეში ცხოვრებამ! გახმოვანება კარგად მიდის, აქ შეყვარებულ კბილის ექიმს ვთამაშობ. ჰო, და ერთ-ორ სცენას მოვკარი თვალი, შეიძლება ცუდი არ იყოს. ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა შორიდან. გასახმოვანებელი ბევრი არ იყო − სულ ნახევარი გვერდი, ასე რომ, სხაპა-სხუპით „ჩავარიხინე“ სულ რაღაც 20 წუთში. მივდივარ Barmherzige Brüder-ის საავადმყოფოში, სადაც დეიდაჩემი მიღიმის პალატაში შესულს, და მერე ერთად დავყურებთ მანანას, დედაჩემს, რომელმაც ბოლო სამი თვე რეანიმაციაში გაატარა. რამდენიმე დღეა, რაც თვალი გაახილა და ახალდაბადებული ბავშვივით დიდხანს აკვირდება ყველას და ყველაფერს და ხანდახან გვიღიმის ონავრულად. შემდეგი ეტაპია, რომ დაილაპარაკოს. ნელ-ნელა უკვე ამასაც ახერხებს.

საავადმყოფოდან გამოვდივარ. ისევ ჟინჟლავს, ვსველდები. სამაგიეროდ, აიპოდს ვრთავ, ხიდზე გადავდივარ და „212“ ყურებში! ყველა ან მობილურით ლაპარაკობს ან მობილურს ჩასცქერის და ჩასციცინებს. არავინ უყურებს ერთმანეთს, ყველა ნაწილობრივ გადასულია სხვა განზომილებაში. მე აიპოდი უოკმენის და ფოტოაპარატის ფუნქციამდე დავიყვანე და ხუთი სხვადასხვა აპარატი მაქვს: ორი ტელეფონი − ერთი ძველი ჩამტყდარი „ნოკია“, ერთი ლითონის „ნოკია“ ქართულენოვანი მენიუთი; ერთი აიპოდი ფოტოაპარატია და მეორე აიპოდი − უოკმენი. ოთხი გამოვიდა, მეხუთე ექსპირიაა და არ ვთვლი. იმას იშვიათად ვრთავ, მაქსიმუმ წელიწადში ორჯერ. ასე გამოვიდა. მე არ ვიყურები სმარტფონში და სხვებს არ ვადევნებ თვალყურს სოცქსელებში. ტელევიზორს არ ვუყურებ... რას მოვაყოლე? ჰო, იმას, რომ მეტროში ვარ და ვაგონი მიქრის... სამაგიეროდ, იუტუბზე პლეილისტების გაკეთება რომშეგიძლია, კარგია. ინტეგრირებული ხარ და შენ მართავ, შენ ალაგებ პროგრამას, შენი ტელევიზიაა. გუშინდლისგან განსხვავებით, დღეს სამყარო ნელ-ნელაემსგავსება უქალოდ დარჩენილ ოჯახს...

დღიური არის მარტოობის მანიფესტი: მე ის ვქენი, იმან ის ქნა, მე ეს მეგონა, მერე ეს ვიგრძენი, მერე მეწყინა, მერე გავბრაზდი, ღმერთებს ვეკამათებოდი... და მაინც, რატომ ვუთხარი, დავწერ-მეთქი? ალბათ იმიტომ, ჩემს თავს რომ ვიცნობდე უკეთ, ვიცოდე, ვინ ვარ, ანუ ვცადო, გავიგო. ალბათ, ეს აწერინებს ადამიანს დღიურებს, ან იქნებ ყელყელაობის და ნარცისიზმის „დრაივი“, რომ ამ ყველაფერს ვიღაც იპოვის, წაიკითხავს და იფიქრებს: ვაა რა cool არისო! ლაშამ მაჩუქა მათი გამოცემული იოსებ მჭედლიშვილის დღიურები, ამის კითხვას ვიწყებ. აიპოდში ფოტოკამერის რგოლს თუ ჩახედავ, უსიტყვებო დღიურია −ყველაფერს „ფოტკავ“ და სულ „გფოტკავენ“. ვინ სად „დაგფოტკავს“, არ იცი...

ამასობაში მოვედი სახლში. 5 საათია და უკვე ღამეა. მანანა სულ უყურებდა ონლაინ ქართულ ტელევიზიას. სამზარეულოში თავისი ლეპტოპი ედგა და ხანდახან თვალს მოვკრავდი რაღაც უცნაურ გადაცემას, ტელეწამყვანები ქურუმებივით რომ ღაღადებდნენ. ასე ჩამითრია თავის დროზე „ჩემი ცოლის დაქალებმა“. მანანა უყურებდა და თემიკოს ლოცავდა. ისე ამაყობდა, რომ თემო ამ სერიალშია და ასეთ როლს თამაშობს, ასეთ რომანტიკულ პერსონაჟს...

ალბათ წერაში გავარჯიშებაცაა დღიური, და ასე რომ მიუდგე, შეიძლება სიტყვის ოსტატიც გახდე ადამიანი. „ანე ფრანკის დღიური“ ერთ-ერთი დღიურია, რაც წამიკითხავს.

8 დეკემბერი, სამშაბათი

სხვანაირად იყო დაგეგმილი. 1 საათზე ნანას უნდა შევხვედროდით მე და მახარე, მაგრამ თბილისიდან მეილი მომივიდა პროდიუსერისგან, რომელიც მიხსნის, რატომ აგვიანებს ამდენ ხანს ჰონორარის ჩარიცხვას. წერილი გრძელია, რადგან მე მწერს, და არა ჩემს აგენტს; ესე იგი, ცდილობს, სამზარეულოში ჩამახედოს. წერილის მიზანია, რომ გავუგო მათ, თუ რატომ გვიანდება ამ ფულის გადმორიცხვა ასე უსაშველოდ. ამ მეილს პასუხი უნდა გავცე, ისე ვერსად წავალ. ნანას ვურეკავ და ვეუბნები, რომ არ დაგველოდოს. ვწერ პასუხს. ვცდილობ, მოკლე იყოს, მაგრამ გასაგები. ამიტომ ბოდიალის გარეშე ვუხსნი ჩემს მდგომარეობას, ვცდილობ, ლოიალური ვიყო, მაგრამ ზომიერად. ფულს უნდა სდიო თურმე. ასე უყვარს ფულს − აი, რომ დასდევენ...

ამ ფილმის ამბავიც ცალკე თემაა. როგორ ჩამიყვანეს თბილისში რამდენჯერმე, ჯერ კიდევ მოსამზადებელ პერიოდში. „საკაიფოდ“ მამუშავეს, მერე გადაღება დაიწყო და მეორე დღეს რეჟისორმა როლიდან დამითხოვა და სხვა აიყვანა. მიხვდა, რომ მის ფილმს ის სხვა უფრო შეეფერებოდა, ვიდრე მე. ასეთი რამეები ხდება, ეს არაა მთავარი პრობლემა. ეს შეიძლება დაგავიწყდეს და გაატარო, მაგრამ აი, ფულს და გაფორმებულ ხელშეკრულებას ვერ დაივიწყებ...

ველით ფულს, ფულს ველით. ველით ფულს, ფულს ველით, ველით ფულს... როგორ უყვარს, რომ გალოდინებს! და ისიც უყვარს, რომ დასდევ. ავდივარ ბანკში და ვიწყებ თვლას. ვცდილობ, არსებულ ბიუჯეტს და რეალობას თვალებში ჩავხედო ისე, რომ არ დავახამხამო. ველოდებით ფულს...

ერთი ამბავი გამახსენდა. ვენეციის ბიენალეზე, თუ არ ვცდები, 70-იანებში, ერთი ხელოვანი დაპატიჟეს. მისი პროექტი ასეთი იყო: ის რუმინეთის მიყრუებული სოფლიდან ვენეციაში ჩადიოდა ფეხით და გზად საფოსტო ბარათებს, ანუ პრეინტერნეტული ეპოქის მესიჯებს გზავნიდა ვენეციაში. საბოლოოდ, ეს ღია ბარათები პავილიონში იფინებოდა და ფასდებოდა ხელოვანის მიერ ფეხით გავლილი გზა −რამდენიმე ათასი კილომეტრი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ამ კაცმა პრიზი აიღო და მაშინვე ამხილეს იმაში, რომ ვენეციაში ფეხით კი არ ჩასულა, არამედ მის მიერ დაწერილ ღია ბარათებს დაქირავებული პირები გზავნიდნენ, ის კი ამასობაში ჰონორარს მიუნხენის ბარებსა და რესტორნებში „აბანდებდა“... როგორც კი ამხილეს, ჯილდოც ჩამოართვეს და რუმინეთში გაუშვეს − ამჯერად ავტობუსით.

9 დეკემბერი, ოთხშაბათი

ისეთი დღეა, სახლიდან რომ არ გახვალ. ზიხარ, წევხარ, დაბოდიალებ სახლში ნახევრადჩაცმული. დღის უმეტეს ნაწილს დუმილში, ანუ აქტიურ ფიქრში ვატარებ. ვფიქრობ ყველაფერზე ერთდროულად. მინდა, რომ არაფერზე ვიფიქრო. უბრალოდ, ვუყურო რაღაც კონკრეტულს და მხოლოდ ამ კონკრეტულ რამეზე ვიფიქრო. მუშაობის დროს ეს გამომდის, ყოველდღიურობაში − არა. ჩვევები მასწრებენ და იმ ჩემს მეორე ხმას კონცენტრაციისა და მედიტაციისკენ რომ მომიწოდებს, იგნორირებას ვუკეთებ, ხელიდან ვუსხლტები, როგორც უზნეო ბავშვი. „რასაც მინდა, იმას ვიზამ“ − თითქოს ასე ვეუბნები.

მახარე სკოლაშია და შემიძლია, ისევ ძილს მივეცე. ასეც ვიქცევი: ბალიშთან მივდივარ და ვეხუტები. არ მეძინება, ახლა უფრო მეტ რამეზე ვფიქრობ. დაწოლილ ფიქრს ისევ მოარული ჯობია. ვდგები და ვაგრძელებ ბოდიალს. დღეს ტელეფონს არ ვიღებთ, ასე გადაწყდა. ამიტომ ყველა ტელეფონი სხვა ოთახში გამაქვს და კარს საფუძვლიანად ვკეტავ. ვერ ვისვენებ. ჯერ კიდევ არ ვიცი, როდის მომიწევს თბილისში წასვლა. ამასობაში 10 რიცხვი მოახლოვდა, ისე რომ ჯერ კიდევ არ გარკვეულა ჩემი წასვლის ამბავი. არადა, ბევრი დაუმთავრებელი საქმე, რაც თბილისში დავტოვე, მინდა წინ წავწიო. ამიტომ იქ უნდა ვიყო და აქ რატომ ვარ, ვერ ვხვდები. ქუჩიდან ხმამაღალი გერმანული ლაპარაკი მესმის, ფანჯრიდან ვიყურები. აღარ წვიმს.

ახალგაღვიძებულზე სიგარეტის მოწევა დეკადენტური საქციელია. სხვას რომ ექნა, შენიშვნას მივცემდი, მაგრამ მე ჩემს თავს შენიშვნებს არ ვაძლევ და არც რაიმე კანონებს ვუწესებ ჯანსაღი ცხოვრების სტილის სფეროში. დღიურის წერა უნდა გავაგრძელო... ჯერ მოვწევ, ფლიზ, რა! ხომ არ შევიდე ფეისბუკში და ვიბირჟაო იქ ნაცნობებთან ერთად და ვალაიკო მათი პოსტები ან უცნობებს შეველაზღანდარო? ამასობაში რამდენიმე საათი გავა.

ფეისბუკი უნდა გავაუქმო! სულ ვამბობ და არ ვაკეთებ. არა ფეისბუკს! მუსიკას ვრთავ და ჩარლი ჰეიდენის ორი ალბომი ერთმანეთზე მიბმული გამეორების რეჟიმში იწყება. ჩარლი ჰეიდენი და გონსალო რუბალკაბა და მერე ჩარლი ჰეიდენი და ჯიმი ჰოლი − ერთგან ბასი და ფორტეპიანო და მეორეგან ბასი და გიტარა. ცხონებაა ეს ბასი, თითქოს გულისცემაა. როგორ შეუძლია ასე დაუკრას, ინსტრუმენტს მისცეს თავისი სულის ნაწილი და გააცოცხლოს კონტრაბასი? ეს გონსალო რუბალკაბა კიდევ ლირიკოსია, ამბებს ჰყვება ბგერებით და პირდაპირ გულში „გარტყამს“. გგონია, რომ ცოტაც და აქვითინდები. სპაზმი გაწვება ყელში და იქვე მოდის შვება, გეგონება უცებ, უნებლიეთ გული გადაგეხსნა, შემდეგი ბგერა და აკორდი უკვე განუგეშებს და სევდა, სითბო, სიახლოვე... ყველაფერი ერთადაა შენში და შენ გარშემო. მერე ისევ ჰეიდენის სოლო. ეს უკვე ექსტაზია, ცეკვა მოგინდება! ხომ არ ავყვე?

ორი კვირის წინ, ვენაში რომ დავბრუნდით ხუთი კვირის არყოფნის შემდეგ, სახლი ისეთ მდგომარეობაში დამხვდა, რომ მაშინაც ტირილი მომინდა და თან ხმამაღალი გინება. ჩემს ერთ მეგობარს დავუტოვე გასაღები, რომ მცენარეებისთვის წყალი დაესხა. მცენარეები უკვე სიკვდილის პირას დამხვდა და მაცივარი − მკვდარი. სარეცხის მანქანაც კაპუტ... იმ მეგობარს ერთი გოგო შეუყვარდა და მას გაყვა თან. ჩემი ბინის გასაღები კი საფოსტო ყუთში ჩააგდო წერილობითი ბოდიშით: „შეყვარებული ვარ, ესპანეთში მივყვები ნაშას...“ რა მაგარია, გილოცავ! მეორე დღესვე დამლაგებელმა საუკუნის ხეხვა მოაწყო ჩვენთან სახლში და ერთადერთი, რაც ვერ გააკეთა, სარეცხი მანქანაა. მაგას ეშველება...

10 დეკემბერი, ხუთშაბათი

დილით მირეკავს ჩემი აგენტი დანიელა. ეს კარგი ნიშანია. დღის ბოლოს თუ მირეკავს ხოლმე, ეს „ისე რას“ ნიშნავს. ახალი ცხელი ინფორმაცია ყოველთვის დილით ზიარდება. დიდხანს ვლაპარაკობთ საქმეებზე, მომავლის გეგმებზე, ყველაფერზე. ის არის ჩემი, ასე ვთქვათ, „პატრონი“ და მალე 20 წელი გახდება, რაც მისი კლიენტი ვარ. ის არის ჩემი ოფიციალური წარმომადგენელი და მართავს დაგეგმარებას, ფინანსურ მხარეს, კოორდინაციას, პრესასთან ურთიერთობას და ყველაფერს, რაც მე მეხება. მე ვარ შემსრულებელი, ის არის ორგანიზატორი. ერთად მუშაობის სტაჟი უქვე იმოდენაა, რომ, ბუნებრივია, ერთმანეთს ოჯახის წევრებივით ველაპარაკებით. მომდის ახალი პროექტის სცენარი, იანვარში რომ უნდა გავაგრძელო. პილოტი ახლახან გადავიღეთ და ამ ჩემი პერსონაჟის ამბავი როგორ ვითარდება შემდეგ სერიებში, ამას რეჟისორის ასისტენტი ბერლინიდან სკაიპით მიყვება და მიგზავნის დიალოგების სულ ბოლო ვარიანტს. ვკითხულობ და მომწონს. მართლა კარგადაა დაწერილი, მსახიობისთვის კი კარგად დაწერილი სცენა და დიალოგი არის... რას შევადარო? აი, თითქოს ზურგზე წევხარ და ისე მიცურავ.

ვურეკავ რეზოს, რომ გავიგო, გაირკვა თუ არა, როდის დანიშნეს გადაღების დღე თბილისში. ერთმანეთის ხმა რომ გვესმის, ორივე კარგ გუნებაზე ვდგებით. ახლა ყველაფერს დავაზუსტებ და არაუგვიანეს ხვალისა მოგწერო. ესე იგი, ხვალ მეცოდინება. უკვე კარგია.

შობა ახლოვდება, აქ კი 12 გრადუსი სითბოა და უღრუბლო ცა. ოთახში დიდი, ჯიშიანი ბუზი გაჩნდა. ხმაურობს და ყველაფერს ეხეთქება. ამის დევნა მეზარება და მინდა, რომ ჩაეძინოს სადმე, ან, უბრალოდ, თავისით მოკვდეს. პარალელურად მომდის კითხვარი ერთი ქართული ჟურნალიდან. ასეთი შეკითხვებია: „რა გჭირდებათ ბედნიერებისთვის?“ ან „ვინაა თქვენი საყვარელი მწერალი?“ ამას არა უშავს. „რა არის სიყვარული?“ კარგი, რა! „რას ნიშნავს, იყო თავისუფალი?“ ამ ბოლო კითხვაზე პასუხი მომენტალურად იბადება და ვწერ: „თავისუფალი იყო, ნიშნავს, რომ მართლა გეკიდოს, ვინ რას ფიქრობს შენზე. ჰო, მგონი მართლა ეგრეა, მგონი მოვარტყი. „მეოცნებე ხართ?“ „უთხარით მათ, რომ მეოცნებე ვარ.“ ჯონ ლენონმა ჩემ მაგივრად თქვა...

მეგობრობის დღიურს რომ ავსებ და რომ არ გინდა, ის გამახსენდა. ეს მეგობრობის დღიურები სკოლაში ყოველთვის მეგოიმებოდა. ისე, ახლა ხელში რომ ჩამივარდეს მე-7 ან მე-8 კლასში შევსებული მეგობრობის დღიურები, დღევანდელი პერსპექტივიდან ხელოვნების ნიმუშად მომეჩვენებოდა. კადრივით გაიელვა პირველი სკოლის ფიზიკის აუდიტორიაში კლასელი გოგოების აღტაცებულმა სახეებმა, როგორ აკითხებდნენ ერთმანეთს, რა ჩაუწერეს ბიჭებმა.

ჩემი „ბიზნესსაათები“ დღევანდელი დღისთვის მორჩა. ახლა 1-დან 2-მდე შესვენება და არჩევანი: ან ორამდე სახლში დავრჩე და ლექსებზე და „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგზე ვიმუშაო ანუ ხმამაღლა ვიკითხო და დავხვეწო (შორეულ გეგმაში მაქვს „ვეფხისტყაოსნის“ მთლიანად წაკითხვა, როგორც მარათონის, და ამ საჯარო კითხვისთვის ნელ-ნელა ვემზადები; თან ეს ხმამაღლა კითხვა შემოქმედებით ტრანსში მაგდებს. ძალიან კარგი მდგომარეობაა!). მეორე ვარიანტია, ვისარგებლო ამინდით, შევახტე ველოსიპედს, რომელსაც ნინუკა ჩემს ცხენს ეძახის, და ერთი საათი, როგორც ის იტყოდა, „ვაჭენო“. ამასობაში, მახარე სკოლიდან დაბრუნდება და 5 საათზე საპარიკმახეროში მივდივართ. ვდგები. ნახევარი საათი „ვეფხისტყაოსანს“ ეთმობა, მეორე ნახევარი საათი − ველოსიპედს. საღამოს ჩემს ორ მეგობარს ვხვდები ბარში სახელად „დონაუ“. მარიაჰილფერშტრასეს კუთხეში ეს ბარი, ალბათ, ერთადერთი ადგილია ვენაში, სადაც ერთგულად დავდივარ 20 წლის მანძილზე. შეიძლება, ცოტა დავლიო. ვნახოთ...

11 დეკემბერი, პარასკევი

დღიურის წერა გახდა ჩემი მთავარი საქმიანობა ამ ერთი კვირის განმავლობაში. ვინ იფიქრებდა? ლელის მესიჯი მომდის თბილისიდან: „20 დეკემბერს ვიღებთ სასამართლოს სცენას, ბილეთი რომელ რიცხვზე აგიღოთ?“ 18-ში მაშინ. ვპასუხობ მე. ერთ კვირაში იქ ვიქნები, მაგარია!

ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება. დღეს საავადმყოფოშიც უნდა მოვასწროთ წასვლა. მანანა ორი დღეა, აღარ გვინახავს მე და მახარეს. მახარე სკოლიდან ადრე ბრუნდება და საავადმყოფოს რომ ვუხსენებ, ჯერ არ მომყვება, საქმეები მაქვსო, და მერე თვითონვე ამბობს, წამოვალო. მომყვება. გზაში მელაპარაკება მესამე მსოფლიო ომზე, დღევანდელ სიტუაციაზე, მთელ ჩვენს პლანეტაზე, „ისლამურ სახელმწიფოზე“, რუსეთზე, ამერიკაზე, ტერორზე, ომზე, ეკოლოგიაზე... რამდენი რამ იცის და როგორ მსჯელობს... ვხვდები, რომ მასთან შედარებით არაკომპეტენტური ვარ და ცოტა დარცხვენით ვუსმენ. ამ 12 წლის კაცმა შესაშური სიზუსტით იცის, რას ამბობს.

საავადმყოფოში ნანა გახარებული გვხვდება. მის გარშემო რამდენიმე ქალი დგას (პალატაში მეზობელი პაციენტის შვილები და შვილიშვილები), დღეს და ღამეს ათენებენ საავადმყოფოში ეს ქალები და მათი დედის და ბებიის ხელი უჭირავთ. მეტით ვერაფრით შველიან ამ კრიტიკულ სიტუაციაში. ნანა გაკვირვებულია, ამბობს, რა უცნაურია, რატომ ამბობენ, დასავლეთში ოჯახს არ აფასებენო? მე ამაყი ვარ და მიხარია, რომ ევროპას ქულა დაეწერა და შეაქეს. მანანა დღეს უფრო დაღლილი მეჩვენება. მომვლელი მეუბნება, რომ პროგრესი ნელა მიდის, მაგრამ მიდის. ამასობაში უნდა წავიდეთ. ნინუკას გავუარეთ, იქვე ცხოვრობს. ნამცხვარი დაგვახვედრა და ყველანი თან ვილუკმებით, თან ჩქარ-ჩქარა და ბევრს ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ ერთ საათში ისიც საქმეზე უნდა წავიდეს და ჩვენც. ნინუკაც ჩემსავით პოსტკომუნისტური ხანის ეგზისტენციალისტია და გარკვეულად უფრო უარესი ნონკონფორმისტიც, იმიტომ რომ ჩემი შემდეგი თაობაა, ანუ 90-იანებში ბავშვი იყო. ჩვენი დიალოგები სახელმძღვანელოებსაც დაამშვენებდა და პირდაპირ ეთერსაც... ჯერ სადა ხარ?! ნინუკა კარლსპლაცამდე გვაცილებს და იქ ვემშვიდობებით ერთმანეთს. საშობაო დეკორაცია და განათება ისეთი განზომილებისაა, რომ თვალს გვჭრის და, მიუხედავად იმისა, რომ ღამეა, ვნანობთ რომ არც ერთს მზის სათვალე თან არ გვაქვს. გზაში მახარე ალექსანდრეს ახალმიღებულ ფოტოებს აკვირდება. იანვარში არდადეგები რომ მექნება, თბილისში უნდა წავიდე, რომ ვნახოო, მეუბნება. წავალთ-მეთქი, მეც ვპასუხობ...

შინ ვბრუნდებით. მაიას გამოგზავნილ ვიდეოს ვხსნი, სადაც ალექსანდრეს სძინავს. მის სუნთქვას ვუსმენ დიდხანს. მაია იქვე ლინკს აგდებს: გურული იავნანა. ვაჭერ თითს, იწყება. პირველად მესმის ეს შესრულება, ქალები მღერიან ძალიან შინაურულად...

12 დეკემბერი, შაბათი

დღეს ყოფილა ბოლო დღე დღიურების ჩასაწერად. გაუგებრობა მოხდა და რადიო თავისუფლების რედაქცია თურმე დღეს მელოდება, რომ ეს ყველაფერი ჩავწეროთ. მე ვენაში ვარ, როგორ უნდა ჩავწერო?! სანამ მიკავშირდებიან, რამდენიმე საათი გადის: ტელეფონი პალტოს ჯიბეში ჩამრჩა, ისიც − ხმაგამორთული! რაღაც დროის შემდეგ ტელეფონს რომ ვიღებ ჯიბიდან, 12 გამოტოვებული ზარი მხვდება თბილისიდან. აუ, რა სირცხვილია! ეგრევე ვგზავნი მესიჯს, რომ ცოცხალი ვარ და რამეს მოვიფიქრებთ. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ მარინა მირეკავს და ვთანხმდებით, რომ მე ჩავწერ ჩემს აიპოდზე მხოლოდ აუდიოს და თბილისში რომ ვიქნები მომავალ კვირას, უკვე ჩავწერთ, როგორც წესი და რიგია, რადიო თავისუფლების სტუდიაში.

დღეს მუზა გამექცა, დამტოვა... არა უშავს, იმისთვისაც მადლობა, რომ ეს დღეები არ მტოვებდა და ღამეებს ჩემთან და ჩემი ლეპტოპის კლავიატურასთან ატარებდა.

ნანა მოვიდა დღეს ჩვენთან და მანანას ამბებს გვიყვება. საავადმყოფოში ყველა პალატის კარი გაუღიათ და მთელი სამედიცინო პერსონალი პაციენტებს თურმე საშობაო სიმღერებს უმღეროდა. ისე კარგად მღეროდნენ, მეგონა მომღერლების გუნდი მოიყვანეს, არადა თურმე საავადმყოფოს თანამშრომლები ყოფილანო, ამბობს და თვალები უბრწყინდება. ექიმები პაციენტებს უმღერიან! რა მაგარია ნანა! აი, ხომ ხედავ, არაა ისეთი საშინელი ეს ევროპა, როგორც საქართველოში ჰგონია ზოგს. მიხარია, რომ ნანა აქ არის და დღეს მე ვიღებ ჩემს თავზე ვახშმის გაკეთებას. ნანა მჭადს აცხობს, თან ვფიქრობ, როგორ ჩამთავრდა დღიური და ეს ერთი კვირა და რა კარგია, რომ იმ დღეს რადიო თავისუფლების ოფისში მომეჩვენა, რომ შევძლებდი დღიურის დაწერას და რა კარგია, რომ არ ვუთხარი უარი. ახლა ტექნიკურ საკითხს უნდა მივხედო და მალე ამ ყველაფრის ჩაწერა დავიწყო. ეს ღამეც უძილო იქნება, მე მგონი. ნახვამდის, დღიურო, მუზავ და ჩემი ლეპტოპის კლავიატურავ!..

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG