Accessibility links

logo-print
21 აპრილი, კვირა
დღიურები არასოდეს მიწერია, ყველაფერი მქონდა თავში დამახსოვრებული. მერე, დრო რომ გავიდა და ხანში შევედი, ვიფიქრე, რაკი დღიურები არ დამიწერია, რაც თავში მაქვს და რაც ჯერ კიდევ მახსოვს, იმას მაინც დავაფიქსირებ-მეთქი, რომ დავუტოვო ჩემს მემკვიდრეებს - იცოდნენ მაინც, რა გავაკეთე. ასე წარმოიშვა სურვილი, დამეწერა მოგონებების წიგნი. ძალიან რთული ყოფილა! მე მიჩვეული ვარ მუსიკის წერას, პროზის წერას კი - არა. არასოდეს მიწერია და აღმოჩნდა, რომ ძალიან რთულია. ერთი სიტყვით, გავაკეთე ეს წიგნი და პირველი გამოცემა მთლიანად დარიგდა. ახლა უკვე მეორე გამოცემაც მიმთავრდება. ჩემი მოგონებების წიგნია. ჩემს შემოქმედებაზე და ჩემს პირადულ ამბებზე ნაკლებად ვყვები, მაგრამ ვყვები იმ ხალხზე, ვინც ჩემს გარშემო იყო. ბევრი მათგანი ცოცხალი აღარ არის.

დღეს კვირაა. კვირა ყველას სხვადასხვანაირად აქვს დაგეგმილი, ძირითადად ესაა დასვენების დღე. მე ძალიან მიჭირს რომელიმე დღის გამოყოფა, იმიტომ რომ ისე ჩამოყალიბდა ჩემი რეჟიმი, რომ ერთი დღე მეორეს ჰგავს. არა აქვს მნიშვნელობა, კვირაა თუ შაბათია: რაც ამ დღისთვის მაქვს ჩაფიქრებული, უნდა შევასრულო. ძირითადად, ეს შემოქმედებას უკავშირდება. ახალგაზრდობიდან მოყოლებული, ჩემს საქმეს დილის საათებში ვაკეთებდი. მერე, როცა დავოჯახდი და სახლის საზრუნავი წამოვიდა წინ, მაინც დილის საათებს ვარჩევდი...

დილით უკეთ ვაზროვნებ. ჩემს მეუღლეს რომ გავუშვებდი სამსახურში და შვილს - უნივერსიტეტში, აი, ის საათები იყო ჩემი. მხოლოდ რამდენიმე საათი. ახლაც ვაგრძელებ ამას. კვირა დღეს რომ ავდგები, დილას ვიწყებ იმით, რომ გავდივარ სახლიდან და დავდივარ. ფეხით სიარული ჩემი ერთ-ერთი ჰობია, რომელსაც მთელი ცხოვრება მივსდევ. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ სიარულზე უკეთესი ფიზკულტურა არ არსებობს. და თუ მოხუცებულობამდე მოვაღწიე, სწორედ იმიტომ, რომ მთელი ცხოვრება ფეხით დავდივარ. ოღონდ, ქალაქში სიარული არც ითვლება - ქალაქში არ არის სუფთა ჰაერი, ძალიან დაბინძურებულია მანქანებისაგან. აი, ქალაქგარეთ სულ სხვაა! ისეთი არაჩვეულებრივი და მადლიანი ქვეყანა გვაქვს, რომ მის მიწაზე სიარულს რა ჯობია!

ახლა შორს ვეღარ წავალ, მაგრამ მთაწმინდაზე მაინც ავდივარ. მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ უკვე მოვიტეხე ფეხი, მაინც ავდივარ ყოველდღე. მერე ვბრუნდები სახლში და შემდეგი საათები უკვე შემოქმედებას მიაქვს - ათასი რაღაც მაქვს დასაწერი. მერე რამდენიმე საათი აუცლებლად ოჯახს უნდა მოვახმარო. იმიტომ, რომ ჩვენები წასული არიან სამსახურში, ათასი საქმე აქვთ და მეცოდებიან. რომ მოვლენ დაღლილ-დაქანცულები, ხომ უნდა დავახვედრო რაღაც.

საღამოს ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ, ვზივარ ტელევიზორთან. ძალიან მიყვარს რადიოც. მთელი ჩემი შემოქმედება რადიოდან დაიწყო და ჩემი მუსიკის პოპულარობაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით რადიოს თანამშრომლებს. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, ტელევიზიაც ჩერთო.

მერე ძილის დროც მოდის. გვიან საღამოს უკვე აბსოლუტურად თავისუფალი ვარ ყველაფრისგან: რაც მინდა, იმას ვაკეთებ. ღამის განმავლობაში ორი-სამი საათი რომ არ ვიკითხო, არ შემიძლია. ასეთი ღამე არც ყოფილა. ესეც ჩემი ერთ-ერთი ჰობია - კარგი წიგნი.

22 აპრილი, ორშაბათი
დილით ისევ სასეირნოდ მივდივარ. მერე ვბრუნდები და ვმუშაობ. მოსწავლეებიც მოდიან ჩემთან - ჯერ კიდევ ვასწავლი ნიჭიერთა ათწლედში. კონსერვატორიაშიც ვასწავლიდი, მაგრამ იქიდან წამოვედი, რადგან ფეხი მოვიტეხე და მერიდებოდა იქ ფეხმოტეხილი სიარული. ახლა ათწლედის ბავშვები ჩემთან დადიან. ძალიან მიხარია მათთან მუშაობა. ძალიან საინტერესოა! ბავშვებთან ურთიერთობა ყოველთვის ძალიან მიყვარდა. ვცდილობ, მათ არა მარტო მუსიკა ვასწავლო, არამედ სხვა საკითხებიც, ცხოვრებისეული... მოკლედ, ყველაფერს ვასწავლი.

23 აპრილი, სამშაბათი
რაღაც საოცრება ხდება! არ ვიცი, როგორ იბადება ის პირველი მუხტი, პირველი მოტივი... ჩემგან არ მოდის ნაღდად. ან რატომ მაინცდამაინც ასეთი სახით, და არა სხვა სახით? ის პირველი მუხტი რომ დაიბადება, მერე საქმეში ერთვება ჩემი ოსტატობა, ცოდნა, გემოვნება... ეს ყველაფერი უკვე მერე ერთვება - გამოცდილი ვარ და ვიცი, როგორ უნდა განავითარო ეს ყველაფერი.

კონსერვატორია დავამთავრე საფორტეპიანო კონცერტით და ეს ნაწარმოები მოგვიანებით კომპოზიტორთა კავშირში შესვლაშიც დამეხმარა. არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა, ანდრია ბალანჩივაძე - კომპოზიტორი, არაჩვეულებრივი პედაგოგი და არაჩვეულებრივი ქართველი. არაჩვეულებრივი პატრიოტი იყო! ვუყურებდით და ვცდილობდით, მაგალითი აგვეღო მისგან. საუკეთესო ჯგუფი ჰყავდა შემოკრებილი. მეც მის მოწაფეებს შორის ვიყავი და ბედნიერი ვარ, რომ ბედმა ამ კაცს შემახვედრა.

24 აპრილი, ოთხშაბათი
მუდამ ვცდილობდი, დამოუკიდებლად მემუშავა. არავის არასოდეს არ ვაჩვენებდი, რასაც ვწერდი. მაინც ვარ ქალი და რაც უნდა გამეკეთებინა, იწყებოდა მითქმა-მოთქმა: ამის გავლენით გააკეთა, იმის გავლენით გააკეთაო... როგორც იციან ლაპარაკი ჩვენში. მით უმეტეს, თუ გათხოვდი, მტრისას! ამხანაგებს ვეუბნებოდი, იცოდეთ, რომ კომპოზიტორს არასოდეს გავყვები ცოლად, იმიტომ, რომ მერე იტყვიან იმან დაუწერაო.

ჩემი პირველი დამოუკიდებელი ნაწარმოები იყო საფორტეპიანო „ხორუმი“. ეს ნაწარმოები 1945 წელს დაიწერა და დღემდე ცოცხლობს. მრავალი შემსრულებელი ჰყავდა მთელს მსოფლიოში. ასე მივყევი მთელი ცხოვრება, სულ ვწერდი. წერას კი დრო უნდოდა. ამით იყო შევსებული ჩემი ყოვლედღიური ცხოვრება, ყოველი დღე. სხვადასხვა ჟანრში ვმუშაობდი, გააჩნია, რას ჩავიფიქრებდი ან რა სამუშაოს შემიკვეთდნენ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, 1956 წელს მიმიწვიეს კინოსტუდიაში, სადაც ძალიან ბევრი ვიმუშავე. ოცამდე მულტიპლიკაციური ფილმი მაქვს გაფორმებული. საუკეთესო რეჟისორებთან ვმუშაობდი. მათ შორის იყო არკადი ხინთიბიძე, რომელთანაც გავაკეთე „ჩხიკვთა ქორწილი“, „წუნა და წრუწუნა“, „მტრობა“, „ნახევარქათამა“. მერე ვიმუშავე ისეთი გენიალურ რეჟისორთან, როგორიც იყო მიხეილ ჭიაურელი. მასთანაც ხუთი სურათი გავაკეთე. ჩემთვის ეს უდიდესი სკოლა იყო.

ერთხელ არკადი ხინთიბიძემ მითხრა, რატომ ოპერას არ წერო და თემაც შემომთავაზა. ასე შეიქმნა ოპერა „ქაჯანა“, რომელიც დაიდგა კიდეც ჩვენი ოპერის სცენაზე.

ისე, კინოსტუდიამ ძალიან დიდი როლი შეასრულა თანამედროვე მუსიკის განვითარებაში. მის ორკესტრს ოდისეი დიმიტრიადი ხელმძღვანელობდა. აი, როგორი დონე იყო! მღეროდნენ ზურაბ ანჯაფარიძე, ნათელა ტუღუში, თენგიზ ზაალიშვილი, მერი ნაკაშიძე - საუკეთესო მომღერლები! მერი ნაკაშიძის ჩანაწერებიდან ცოტაა შემორჩენილი. ერთ-ერთია „ჩხიკვთა ქორწილში“ მისი შესრულებული ქეთევანი. ეს ნამდვილად შეიძლება უნიკალურ ჩანაწერად ჩაითვალოს.

25 აპრილი, ხუთშაბათი
ორი ოპერა დავდგი: „ქაჯანა“ და „ნაცარქექია“. „ნაცარქექიაში“ რუსთაველის პრემია მივიღე. ცუდი რომ ყოფილიყო, ხომ არ მომცემდნენ?! მიკვირს, რომ დღეს ასეთი ოპერები აღარ იდგმება, ძალიან მიკვირს. საბავშვო თემატიკაზე არაფერი კეთდება. არადა, მთავარი ბავშვებია. თუმცა, მე არ ვაპირებდი, საგანგებოდ საბავშვო კომპოზიტორი გამოვსულიყავი.

ბავშვები ძალიან მიყვარს, ძალიან საინტერესო ხალხია! მახსენდება რამდენიმე საინტერესო ეპიზოდი. ის პერიოდია, როცა „ქაჯანას“ ვწერ. მივდივარ რუსთაველზე და მოდის ნაცნობი და მოჰყავს პატარა ბიჭი. გამაჩერა, მომესალმა, ბავშვს აუხსნა, იცი, ეს ვინ არისო... შემომხედა ამ ბიჭმა, მიყურებს დაკვირვებით და მერე უცებ მეკითხება: კურდღლის სიმღერა იქნებაო? ვაიმე. მე კი წარმოდგენა არა მაქვს ამ დროს, ოპერას ვწერ. მოვვარდი სახლში, გადავფურცლე ნიკო ლომოური და რას ვხედავ: თურმე უწერია, ქაჯანა კურდღლის სიმღერას მღეროდაო! აი, ბავშვმა ყურადღება მიაქცია, მე კი გამომრჩა. სასწრაფოდ დავწერე კურდღლის არიოზო და ჩავსვი ოპერაში. ეს ამ ბავშვის დამსახურებაა!

26 აპრილი, პარასკევი
თავისი ოჯახი ყველას უყვარს. დედამ და მამამ ძალიან კარგი ოჯახი შექმნეს, მე და ჩემს ძმას არ გვანებივრებდნენ. ყველაფერს გვასწავლიდნენ, როგორც საჭირო იყო. სიარული რომ დავიწყე და ბევრს დავდიოდი, მამაჩემის დამსახურებაა. პატარობიდანვე დავყავდი ყველგან.

მუსიკის სწავლაც მან დამაწყებინა. ექვსი წლისა წამიყვანა კონსერვატორიაში. იქ იყო პირველი სამუსიკო სკოლა. შევედით თუ არა, შეგვხვდა ერთი თავმოტვლეპილი ძია, რომელიც მამაჩემს შინაურულად გამოელაპარაკა, სახელით მიმართა, შალვაო. მერე ხელი მომკიდა: ეს რა პატარა მოგიყვანია, ცოდო არ არისო? ხელი რომ მომკიდა, მოეჩვენა, რომ ძვლები ჯერ რბილი მქონდა. ცოდო არ არის ამის სწავლაო? მამამ უთხრა, რა ვიცი, მაინც გასინჯეთ, ნახეთ, როგორი სმენა აქვსო. იმ კაცმაც მომკიდა ხელი და შემიყვანა გამოცდაზე. გამოცდაზე ყველაფერი გამოვიცანი, რაც მკითხეს. მოკლედ, მიმიღეს.

მერე უკვე, სკოლაში რომ ვსწავლობდი, მივედი და დავინახე, რომ კონსერვატორიის დარბაზში დასვენებულია ვიღაც გარდაცვლილის ცხედარი. რომ დავაკვირდი, მივხვდი, რომ ეს არის სწორედ ის ძია, რომელმაც სკოლაში მიმიღო. მაშინ გავიგე რომ ეს ზაქარია ფალიაშვილი ყოფილა.

ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქუთაისში. ქუთაისი არაჩვეულებრივი ქალაქია. არაჩვეულებრივი! ამდენი ზრდილობიანი და თავმდაბალი ხალხი... ძალიან უყვართ ხელოვნება, აფასებენ მას. მამაჩემმა ისე გაიხარა, რომ სულ არ ნანობდა ქუთაისში გადასვლას. ცოტა ხნით გადავიდა, მაგრამ კარგა ხანს დარჩა. მერე გადმოვიდა უკან, თბილისში, მე კი ქუთაისში იქ განვაგრძე სწავლა, იქ დავამთავრე სკოლა. მერე კონსერვატორიაში მოვედი. კარგი მეხსიერება მქონდა, მუსიკაში -იდეალური. გარდა ამისა, ყველაფერი, რაც საქართველოს ეხება, გინდა ისტორია, გინდა მისი მთა-გორები, მისი გზები, უღელტეხილები, სულ ზეპირად ვიცი. ვერ ვიმახსოვრებ მხოლოდ ადამიანის სახეს. ასეთი უცნაური რამ მჭირს. როდესაც ჩემი მეუღლე გავიცანი, მითხრა: რა მნიშვნელობა აქვს, რომ გაგიცნოო, მესამედ გეცნობი და ვერ დამიმახსოვრეო. აი, მაშინ კარგად დავიმახსოვრე! ეს იყო იდეალური ადამიანი. არც შემხვედრია მისი მსგავსი ჩემს ცხოვრებაში. იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ჩემი ქმარი იყო. რამდენი ხნის წასულია და აქამდე ახსოვს ხალხს.

27 აპრილი, შაბათი
ამ ბოლო დროს ძალიან გამიტაცა ანა კალანდაძემ. მის ტექსტებზე უწინაც ბევრი მიმუშავია. საერთოდ, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ტექსტს. უხეირო ტექსტზე არ შემიძლია მუსიკის წერა, არ გამომდის. ტექსტმა, რომელსაც წავიკითხავ და რომლის ახმიანებასაც ვაპირებ, რაღაც უნდა აამოძრაოს ჩემში, უნდა მომცეს შემოქმედებით მუხტი. თუ ტექსტს ასეთი რამ არ აქვს, მუსიკას ვერ ვწერ. მივადგები ისევ ანას და ვწერ და ვწერ ანას ტექსტებზე. ერთი ოთხი ციკლი მაქვს მარტო ანასი. თითო ციკლში ოთხი-ხუთი რომანსი შედის.

ანასთან ვმეგობრობდი. ქუთაისში ერთ სკოლაში ვსწავლობდით და იქიდან დიდი სიყვარული გამოგვყვა. ანას ლექსებზე რამდენიმე ახალი ციკლი მაქვს დაწერილი.

ამას წინათ ერთი ახალციხელი პოეტის კარგი ტექსტი ჩამივარდა ხელში და მის მიხედვით დავწერე ნაწარმოები გუნდისთვის და სოლისტისთვის. შოთა რუსთაველი სთხოვს ღმერთს, საქართველო გადამირჩინეო. სულ ახლახან კი ისევ ანას ტექსტზე დავწერე ნაწარმოები: თამარი ომში აგზავნის თავის ჯარს, თვითონ კი ფეხშიშველი მიდის სალოცავად ტაძარში და ღვთისმშობელს სთხოვს, გაგვამარჯვებინეო.

„მიმწუხრისას, მზეჲ როცა დაცხრა,
დედოფალი ლოცვად იდგა ტაძრად:
- გადმოგვხედე, ღვთისმშობელო დედაო,
გაგვიმარჯვე ქართველთ მტერთა ზედაო:
საქართველო შენი წილმიმხვდარია...
გაგვიმარჯვე, ღვთისმშობელო მარიამ... –
მიმწუხრისას, მზეჲ როცა დაცხრა,
თამარ მეფე ლოცვად იდგა ტაძრად...“

ეს ორი ნაწარმოები შედარებით ახალი დაწერილია. მოკლედ, ისევ ვოკალურ მუსიკას ვწერ.

არცთუ დიდი ხნის წინ კი მეწვია ჩვენი გამოჩენილი ბალერინა, ნინო ანანიაშვილი, და მითხრა, თქვენს ნაწარმოებებზე გვინდა ბალეტის დადგმაო. აი, ახლა ამაზე ვმუშაობთ.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG