Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მონაზონი სიდონია (ნატალია ყაჭეიშვილი)


10 ნოემბერი, კვირა
დღეს კვირაა. წირვიდან მოსული, ვცდილობდი ჩემი საყვარელი დაიკოსთვის დამერეკა და მიმელოცა დაბადების დღე, მაგრამ არ პასუხობს. ალბათ, გვიან მთავრდება წირვა.

სულ მალე მარი ნაკანი-მამასახლისი და გიორგი მამასახლისი მოვლენ, ჩემი ნამუშევრები უნდა გადავიღოთ. მარის ერთი ფოტოაპარატით ველოდი და კიბეზე რომ გავხედე და სრული აპარატურით აღჭურვილი რომ დავინახე, გაოგნებული დავრჩი.

დილას გამოფხიზლება მიჭირს, მაგრამ მომენტალურად გამოვცოცხლდი, როცა ჩემს დროებით კელიაში ფოტოსტუდია მომიწყვეს. ალბათ, ასეთი კეთილსინდისიერი უნდა ვიყოთ ყველა ჩვენს საქმიანობაში. ცოტა თუ შემხვედრია პასუხისმგებლობის ასეთი გრძნობით სავსე ადამიანი, ასე რომ დააფასონ სხვისი შრომა! საოცარი სიყვარულით, ფაქიზად ეპყრობოდნენ ჩემს ნამუშევრებს. ეს ქმნის სამყაროში პოზიტივს, ესაა ადამიანობა, რომლის დეფიციტიც ასე შეიმჩნევა დღეს.

გადაღების საათები და მათთან ურთიერთობა ისეთივე ფერადი იყო, როგორიც ჩემი ნამუშევრებია, რომლებსაც იღებდნენ.

ცოტა ხნის წინ ჩემი ნამუშევრების პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო. ახლობლების თანადგომით გალერეა „შარდენში“ ლამაზი, თბილი და ემოციური საღამო მოეწყო. ეს იყო მცდელობა ჩემი საყვარელი ქართველებისთვის სიხარული და სიფაქიზე მომეტანა, ეს ერთი საღამო ყოფილიყო განტვირთვისა და სიმშვიდის. ეს იყო ჩემი სურვილი, თუმცა არ ვიცოდი, როგორ დამეგეგმა და წარმემართა საღამო. ვაკეთებდი იმას, რაც ჩემს ძალებში იყო, ვათენებდი ღამეებს, რომ საექსპოზიციოდ რაც შეიძლება მეტი მრავალფეროვნება და ნაირსახეობა შემეთავაზებინა მნახველისთვის. ყველაფერი თავისთავად გვარდებოდა, ჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებსაც სურდათ, ეს ფერადი საღამო შემდგარიყო. საღამოს უმშვენიერესი ნათია ჩიქოვანი უძღვებოდა.

ეს იყო ნოსტალგიური მცდელობა, ცოტა ხნით მაინც გადავსულიყავით იმ მონატრებულ დროში, როცა ადამიანებს ერთმანეთი უხაროდათ და უყვარდათ, იყო მეტი სილაღე. ალბათ, ეს გზავნილი იმდენად გულწრფელი აღმოჩნდა, რომ გამოფენამ აშკარად გაამართლა თავისი სახელი - „მე დღეს ჩემი ფერებით გესაუბრებით“ - და ეს ჩემი „საუბარი“ არ აღმოჩნდა მონოლოგი, არამედ შედგა დიალოგი. ყველა სტუმარი ბედნიერი და ლაღი ჩანდა, არავინ არავის არაფერს უმტკიცებდა, ყველა ერთმანეთს უღიმოდა... მინდოდა, ყველას მოვფერებოდი, მინდოდა, აღარ დასრულებულიყო ეს ფერები. როგორ მინდა, ეს შეგრძნება დიდხანს შევინარჩუნო...
თავისუფლების დღიურები - მონაზონი სიდონია
please wait

No media source currently available

0:00 0:12:46 0:00

დღევანდელი გადაღებაც სწორედ ამ გამოფენის გაგრძელებასავითაა და მუხტიც - ზუსტად იგივე.

დიდი მადლობა ყველას, ვინც მხარში ამომიდგა, დიდი მადლობა ყველას, ვინც ადამიანურ თვისებებსა და ღირსებებს, გულისხმიერებას ინარჩუნებს! ეს ისე ლამაზს ხდის სამყაროს... მადლობა ძალიან თბილ და საყვარელ ადამიანებს იმისათვის, რომ ეს შემაძლებინეს! მადლობა ყველას, ვინც გამოფენის მოწყობაში თუნდაც მცირედი მონაწილეობა მიიღო.

გადაღების მერე ნათია ფანჯიკიძის მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე ვიყავი მიწვეული. უნდა წავსულიყავი, რადგან გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფსიქო-სოციალურ ცენტრ „კამარას“ „ნივთიერებაზე ყოფილ დამოკიდებულთა“ ნამუშევრები. სახელიც შესაბამისი ერქვა: „მე დავბრუნდი“.

11 ნოემბერი, ორშაბათი
დღეს დილიდან კელიის დალაგება დავიწყე. კელიაა, აბა რა! კურთხევა მაქვს, სანამ გამოვჯანმრთელდები, აქ ვიცხოვრო. მაქვს განსაზღვრული ტიპიკონი და იგივე საქმიანობა, რაც მონასტერში ჩემს კელიაში: ლოცვა, ხელსაქმე და კითხვა. კითხვა იძულებითაც მიწევს, რადგან საბერძნეთში უწმინდესის კურთხევითა და ბერძენი არქიმანდრიტის დიონისეს ხელშეწყობითა და მონდომებით, იქაურ უნივერსიტეტში აგერ უკვე მეხუთე კურსის სტუდენტი ვარ ისტორიის, არქეოლოგიისა და სოციოლოგიური ანთროპოლოგიის ფაკულტეტზე. ძალიან საინტერესო საგნებია, სწავლება დაუსწრებელია და პროგრამებს ინტერნეტის საშუალებით, უნივერსიტეტის ვებსაიტზე ვეცნობით. ამან განაპირობა ის, რომ მაქვს პატარა, მოკრძალებული ნოუტბუკიც. თავიდან, როდესაც საბერძნეთში ჩავედი, ცოტა გამიჭირდა გამეგო, რა საჭირო იყო მონასტერში კომპიუტერი, მაგრამ ნელ-ნელა გავიაზრე, რომ ამ ნივთს იმ რეალობაში თავისი დატვირთვა და დანიშნულება ჰქონდა; ძირითადად - ფოსტისა, რადგან მონასტერი მისიონერულია და უამრავი უცხოელი ჩამოდის, დასამუშავებელია მათი საბუთები და სხვა... მონასტერი ჩვეულებრივად ექვემდებარება სახელმწიფოს კანონებს და იურიდიული პირია.

ცხრა წელია, წასული ვარ. ახლაც დროებით ჩამოვედი და მკურნალობის გამო გამიხანგრძლივდა აქ გაჩერება. საბერძნეთში მისი უწმინდესობის კურთხევით წავედი. იმ პერიოდში სერიოზული დაავადება გადავიტანე და მირჩიეს, ერთი წელი სარეაბილიტაციოდ სიტუაცია შემეცვალა.

საბერძნეთში რომ ჩავედი, ორად ორი ბერძნული სიტყვა ვიცოდი. ამის გამო ძალიან მიჭირდა კომუნიკაცია და ძალა არ დავიშურე, სწრაფად შემესწავლა ენა და ამით მომეხსნა უხერხულობა. მონასტრის წინამძღვარმა ჩემი მონდომება რომ დაინახა, მასწავლებელიც მომამაგრეს და მათდა გასაკვირად სამ თვეში უნივერსიტეტში გამოცდებიც ჩავაბარე. იმ ეტაპზე ეს სირთულეების გადალახვის საშუალება იყო, შანსი, ჩემს თავში მეპოვა ძალები ახალი ცხოვრების დასაწყებად. მონასტერი მრავალეროვანი, მრავალფეროვანი და საინტერესოა, შესაბამისად, სირთულეებითა და სიახლეებით აღსავსე. ეს იყო მართლაც ახალი ეტაპი ახალი ამოცანებით. მაშინ ქართველი მხოლოდ მე ვიყავი და ძალიან მიხაროდა, როდესაც აღნიშნავდნენ, რომ ჩასულთაგან ენა ყველაზე სწრაფად მე ვისწავლე. მიხაროდა, რომ ამას ამბობდნენ ქართველზე!

იქ უამრავი უცხოელი მომლოცველი ჩამოდის, ზოგიც - მართლმადიდებლობის გასაცნობად. ხშირად ინათლებიან და ზოგი ჩამოსული მონასტრულ ცხოვრებასაც კი ირჩევს.

ერთხელ ერთმა ამერიკელმა ქალმა იკითხა, გვქონდა თუ არა თბილისში უნივერსიტეტი; გვქონდა თუ არა მეტრო, სუპერმარკეტი... საშინლად მომდიოდა გული ასეთ შეკითხვებზე და სულ რუსეთს ვაბრალებდი იმას, რომ მსოფლიოში ჩვენ შესახებ არაფერი იციან. მივხვდი, რომ იქ, იმ გარემოში, ჩემი დაავადებითა და განცდებით დაკავების დრო არ იყო და ჩემი ერის სახე უნდა ვყოფილიყავი, ეს კი მობილიზებას და ბევრ შრომას მოითხოვდა. არ იყო იოლი ეტაპი, მაგრამ ნელ-ნელა გამოვიმუშავე ეს უნარი.

თესალონიკიში მიხეილ ჯავახიშვილის შვილთაშვილებიც ცხოვრობდნენ და სწავლობდნენ, მათი გაცნობის შემდეგ ბევრი რამ გამიადვილდა. საოცრად კარგი გოგონები არიან რუსა და ქეთევანი, პერიოდულად სტუმრობდნენ მონასტერს და მახარებდნენ.

ეს მონასტერი იყო ნამდვილი ახალი იერუსალიმის მოქალაქეების, რადგან აქ ყველა ეროვნების მართლმადიდებელს იხილავდი, რომლებსაც ერთი უფალი, ერთი სწავლება აერთიანებდათ.

ხვალ მორიგი გამოკვლევისთვის ვემზადები. როგორ არ მიყვარს სამედიცინო დაწესებულებები და თეთრხალათიანები, მაგრამ რას იზამ... მადლობა ღმერთს, რომ არსებობენ! საღამოს ინგა გრიგოლიას გადაცემა „დიდი პოლიტიკიდან“ დამირეკეს და მიმიწვიეს. თემა: „ეკლესია და პოლიტიკა“. თავიდან გამიხარდა, რადგან მიმდინარე პროცესებისადმი გულგრილი არ ვარ, მაგრამ როცა დავფიქრდი, გადაცემაში მონაწილეობისგან თავი შევიკავე, მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო იერარქი, რომელსაც ვენდობი, მირჩევდა წავსულიყავი. იქვე ისიც მითხრა, რომ ეს მაინც ჩემი გადასაწყვეტი იყო. თავი შევიკავე, რადგან არ ვთვლიდი, რომ ჩემი იქ ყოფნა საჭირო იყო.

12 ნოემბერი, სამშაბათი
დღეს ხელსაქმით ვარ გატაცებულ-დაკავებული. ველოდები ინგას გადაცემას, რადგან მამა ალექსანდრეა მიწვეული და მაინტერესებს, როგორ გამოვა. საკითხები მართლაც აქტუალურია.

საღამოს რამდენიმე გოგონა და რეზი მესტუმრნენ, ერთად ვუყურეთ გადაცემას. რეზი ისე ჩაერთო, პერიოდულად საკითხებს აპროტესტებდა და ქოთქოთებდა. შვიდი წელია, საქართველოში არ ყოფილა. ამ ხნის განმავლობაში მშობლებთან ერთად ათენში ცხოვრობდა, აქ ამ ზაფხულს ჩამოვიდა უნივერსიტეტში ჩასაბარებლად, ბევრი მისთვის უცხო ჩვევა დახვდა აქ და თავიდან ძალიან უჭირდა...

მამა ალექსანდრე გადაცემაში მისთვის სახასიათოდ დინჯი და ზომიერია. მასთან 20 წელია, ვახლობლობ ჩემი სულიერი მამის, არქიმანდრიტ რაფაელის კურთხევით, რადგან თვითონ, ასაკისა და უძლურების გამო, ხშირად ვერ ახერხებდა მრევლთან კონტაქტს, მეუბნებოდა, მამა ალექსანდრესგან ბევრს ისწავლი და, როგორც უფროსი ძმა, ისე იგულეო.

გადაცემის ერთ-ერთი თემა სასულიერო პირისგან მოსმენილი გაუგონარი შინაარსის წყევლა იყო. ეს იმდენად შეუსაბამოა ქრისტიანული იდეოლოგიისთვის, რომ...

გული მწყდება, რომ ხშირად მიდრეკილი ვართ სულ ცუდზე ვაკეთოთ აქცენტი და ვერ ვხვდებით, როგორ ვიმძიმებთ ამით სულს. კარგი მოვლენები ცხოველი განხილვის საკითხი, რატომღაც, არ ხდება ხოლმე. გავიხსენოთ თუნდაც 2008 წლის ომი, სადაც სასულიერო პირებმა საოცარი გმირობა გამოიჩინეს. რატომ გვიჭირს კარგსა და კეთილშობილზე საუბარი? ეს ხომ მეტ სიმსუბუქესა და სიმშვიდეს მოუტანს ჩვენს სულებსაც და სამყაროსაც...

ზოგადად, ბოლო ხანს ძალიან ვიმეტებთ ერთმანეთს, გვეთაკილება ერთმანეთის გაგება და შეწყნარება. ქრისტიანული ქცევა ჩემთვის იგივეა, რაც ადამიანის ქცევა, ქრისტიანული სწავლება სწორედაც სრულყოფს ადამიანის ბუნებას. არ შეიძლება, აღიარებდე რომელიმე რელიგიურ მრწამსს და არ იცნობდე მის იდეოლოგიას. დაახლოებით სამასი წლის წინ იერუსალიმში მოღვაწე ერთ-ერთი უკანასკნელი ქართველი მონაზონი, მართა, თანამემამულეებს საგანძურის შენარჩუნებისკენ მოუწოდებდა: „თუ იერუსალიმი დაგეკარგვნიან, რასღა სჯული და რასღა პირჯვრისწერა გექნებათ“. ვფიქრობ, დღეს ეს სიტყვები ისევე აქტუალურია, როგორც მაშინ იყო, ოღონდ დღეს ისინი სიყვარულის დაკარგვას შეგვახსენებს.

ერთმანეთზე საუბარი და ერთმანეთის განსჯა-განკითხვა ძალიან სახიფათო და აბსურდულია, რადგან ჩვენთვის ბევრი რამაა დაფარული. „რომც ნახო ვინმე, რომელიც თვით სულის ამოსვლის დროს სცოდავს, მაშინაც კი არ განსაჯო იგი, რადგან ღვთიური სამართალი კაცთათვის მიუწვდომელია“. და კიდევ: „თუ ჭეშმარიტად გიყვარს მოყვასი, როგორც ამბობენ, ცუდს კი ნუ იტყვი მასზედ, არამედ ილოცე საიდუმლოდ; რადგან სიყვარულის ამგვარი გამოვლინება სათნოა ღვთისთვის“, შეგვაგონებს წმინდა იოანე სინელი.

13 ნოემბერი, ოთხშაბათი
დილიდან ექიმთან ვიყავი, საოპერაციოდ ვემზადები. რა კარგია, რომ დღეს თავისუფალი ვარ! შემიძლია, მთელი დღე წიგნი ვიკითხო. გამოფენის ორგანიზებით გადაღლილმა, დასვენება ვერ მოვასწარი.

14 ნოემბერი, ხუთშაბათი
ყელის ტკივილმა გამომაღვიძა. გუშინ სამოსი გავირეცხე, გაშრობა ვერ მოასწრო და ნესტიანი ჩავიცვი. გაციებული ვარ, სიცხე ნელ-ნელა ზემოთ ადის და ყველაფრის ხალისს ვკარგავ.

მოვიდა ნათია. ნათია ამ ზაფხულს, ქარგვის წრეზე გავიცანი. იმდენად გულისხმიერი ადამიანი აღმოჩნდა, წრის დასრულების მერეც გავაგრძელეთ მეგობრობა. ქარგვის წრემ კიდევ ერთი კარგი ადამიანი მაჩუქა, ნინო ამირეჯიბი. ეს ორივე გოგონა გამოფენის მზადებაში გვერდიდან არ მომშორებია, მადლობა მათ.

ქარგვის წრე პირველად ბორჯომის რეზიდენციაში ჩამოვაყალიბეთ მეუფე სერაფიმეს სურვილითა და კურთხევით. უამრავი ახალგაზრდა დაინტერესდა ამ საქმით. ძირითადად მაინც 11-დან 18 წლამდე ასაკის გოგონები მოდიოდნენ. ვასწავლიდით ქართული ქარგვის ხელოვნებას, მეუფე აწყობდა ექსკურსიებს ხელოვნების მუზეუმებში, გაკეთდა რამდენიმე სიუჟეტიც ამ გოგონების საქმიანობაზე. ეს იყო ჩემი ცხოვრების ულამაზესი და უფაქიზესი ეტაპი, ამ პატარა ანგელოზ გოგონებთან ურთიერთობა დაუვიწყარია! სწორედ ამ დროს მოიქარგა წმინდა დავითისა და კონსტანტინეს ლუსკუმის გადასაფარებლები, რომლებიც ჩემს პერსონალურ გამოფენაზე იხილა დამთვალიერებელმა.

15 ნოემბერი, პარასკევი
დილიდან ისევ გაციებულმა გავიღვიძე, მაგრამ მოვიკრიბე ძალა და არ გადავდე ის მინიოპერაცია, რომელიც დაგეგმილი მქონდა. ძალიან კარგი კლინიკაა გასაოცრად ყურადღებიანი და პროფესიონალი პერსონალით.

მახლდა ჩემი უსაყვარლესი მუშკა - მარიამ ჭელიშვილი. მუშკა სულ ციცქნა გავიცანი, როცა მისმა მამიდამ ბორჯომის მონასტერში ჩამოიყვანა ჩემთან. იშვიათად გულისხმიერი ადამიანი გაიზარდა მუშკა! ისეთი თბილი და მშვიდია, ოპერაციაზე ნარკოზის გაკეთებაც არ დამჭირდა.

ისევ გაციებული ვარ. ახლა ჩაის დავლევ, ჩემს პირად კანონს შევასრულებ, ცოტას წავიკითხავ და დავიძინებ, რომ ხვალ უკეთ ვიყო და შევძლო რადიო თავისუფლებაში მისვლა. ეს კვირა ცუდად დაემთხვა ჩემს დღიურებს, ძალიან მიჭირდა წერა და აზრების მოკრება, მაგრამ სიტყვა სიტყვაა და ვცდილობ, სიყვარულის მცნება შევასრულო: ერთმანეთს იმედი არ უნდა გავუცრუოთ.

16 ნოემბერი, შაბათი
ისევ გაგუდულმა გავიღვიძე... ვიცოდი, რომ თავში ძალას ვიპოვიდი. წამოვდექი, ვილოცე და დღიურებს გადავხედე. რაღაც დავამატე, რაღაც ჩავასწორე და დავმშვიდდი.

დღიურების წერა მომეწონა, მაგრამ არა მგონია განვაგრძო. ვფიქრობ, რომ წერა დამეზარება. თუმცა ვინ იცის...
XS
SM
MD
LG