Accessibility links

27 სექტემბერი, კვირა

დღეს თბილისში გამეღვიძა. კვირას მაინც რომ არ წამცდენოდა ხელი საქმისკენ, დედაქალაქში თანამესულესთან ჩამოვედი. გამიმართლა, პირველად ბოლო რამდენიმე კვირის განვალობაში თერთმეტი საათისკენ გავიღვიძე. თვალი გავახილე თუ არა, ჩემი რიტუალი შევასრულე - ავტომატურად ტელეფონისკენ წავიღე ხელი და ფეისბუკი შევამოწმე. ჩემი წნორელი მეგობარი ნაწყენი წერდა, რადგან თანასოფლელ მოძღვარს ჩვენი ორგანიზაციის მოხალისისთვის უთქვამს, რომ ჩემი მონაა. გამეცინა, გაბრაზებით როგორ გავბრაზდებოდი, მაგრამ წყენით ცოტა მეც ვიწყინე. მოქალაქეს, მით უმეტეს, სასულიერო პირს, რატომ უნდა გინდოდეს, სოფლების გამოცოცხლებისთვის მშრომელ მოხალისეს აგდებით დაელაპრაკო და ვინმეს მონა უწოდო?

გული მწყდება, ეკლესია მოხალისეობრივი კულტურის დანერგვის ინსტიტუტიც უნდა იყოს და ლამის პირიქითაა. ჰოდა, ამიტომ გადავწყვიტე, წნორელი სასულიერო პირები დავპატიჟოთ ჩვენს ოთახში (ასე ვეძახი ჩვენი ორგანიზაციის ოფისს), გავაცნოთ ჩვენი საქმიანობა, ასევე მოხალისეობის ცნება და ჩვენს ქვეყანაში თუ უცხოეთში კულტურულ-საგანმანათლებლო სერვისების მქონე ეკლესიების გამოცდილება. იქნებ ამის შემდეგ მაინც შიცვალოს მათი პოზიცია და მოხალისესაც არ უწოდონ მონა.

ამ ამბით განწყობაწამხდარი ავდექი. საკუთარ თავთან სიჩუმის დიალოგები დავიწყე. მერე ფიქრით ჩემს საყვარელ ადამიანებს ჩამოვურბინე და მეხსიერების არქივებიდან გამოვალაგე გოზინაყა მოგონებები. ცოტა ხნით ჩემი თანამესულის ნახატებიც დავათვალიერე. მიხარია, ვგულშემატკივრომ, რომ ხატვა 23 წლის ასაკში დაიწყო და ასე ახერხებს თვითგამოხატვას.

საღამოს ჩემს თანასოფლელ თათიასთან მივდივარ სამსახურში. ფული უნდა გამოვართა, რომელიც მან და მისმა რამდენიმე მეგობარმა შეაგროვეს. უნდათ, ჩვენს თანასოფლელ სოციალურად გაჭირვებულ ბავშვებს სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები შევუძინოთ. კონვერტით გადმომცა ფული და წამოვედი. კიდევ ერთი შეხვედრა მაქვს. სანამ დანიშნულების ადგილზე მივიდოდი, თათიაზე და ჩვენს სოფლებზე მეფიქრებოდა. არ უნდა უშვებდეს მუნიციპალიტეტი თათიას მსგავს კადრებს დედაქალაქში. გული მისკდება, სოფლებიდან გარბიან ახალგაზრდები. გარბიან და თითქოს ყრიან კიდეც.

კვირა გამოვიდა სანატრელად კარგი. დავისვენე. ადრე დავიძინებ. ვიცი, გადარბენა კვირა მელოდება. ფესტივალისთვის დიდი სამზადისი გვაქვს.

28 სექტემბერი, ორშაბათი

დილით ფართხაფურთხით წამოვხტი, ვიცი, დღეს ბევრი უნდა მოვასწრო. თავს ძალა დავატანე და სამზარეულოში შევირბინე, ვაშლი ავიღე, თან დღის გრძელი გეგმის წერას შევუდექი. მერე სარკეში ჩავიხედე, საკუთარ თავს გავუღიმე, შევაქე კიდეც გასამხნევებლად. სახლიდან გავედი, მარშრუტკიდან ვპასუხობდი ფეისბუკზე მიღებულ წერილებს. ერთი თანასოფლელი მთხოვდა, ახმეტელის თეატრის სპექტაკლზე დასასწრები ბილეთები დამეჯავშნა მისთვის და მისი მეგობრებისთვის. მიხარია, რომ ბილეთები თითქმის უკვე სრულადაა დაჯავშნილი ოთშაბათის სეანსზე. ძალიან მიხარია, ზოგჯერ მგონია, რომ სიხარულისგან ყელში ბურთი მებჯინება. ზოგჯერ მინდება, რიგითი თანადედამიწელი გავაჩერო და ვუთხრა, რომ სამყაროს მადლიერი ვარ. მიხარია, რომ ახმეტელის თეატრმა ფესტივალ „ქიზიყურ შემოდგომას“ მხარდაჭერა გამოუცხადა. თანაც როგორი, ჩვენ ვერც კი შევბედავდით იმის თხოვნას, რაც თვითონ შემოგვთავაზეს - ჩამოსულიყვნენ საკუთარი ხარჯებით სიღნაღის თეატრში, საბავშვო სპექტაკლი ჩამოეტანათ და ბილეთებიდან გაყიდული თანხა ფესტივალის საორგანიზაციო ფონდში გადაერიცხათ.

ილიას უნივერისტეტში მივედი. ორწლიანი აკადემიური შესვენების შემდეგ წელს კულტურის მენჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გავხდი, საგნების არჩევასთან დაკავშირებული საკითხები გავარკვიე. აქვე, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაშიც მივირბინე. მათთან განცხადება გვქონდა დატოვებული, რათა ფესტივალ „ქიზიყური შემოდგომის“ მხარდამჭერები ყოფილიყვნენ და სკოლების სახელოვნებო წარდგენებში გამარჯვებულები დაეჯილდოვებინათ. სიხარულით მიიღეს ჩვენი შეთავაზება და სასაჩუქრე პაკეტების ვერსიები განვიხილეთ.

უნივერსიტეტიდან გამოსულმა ვიკითხე, ელიავაზე რა ნომერ მიკროავტობუსს გავყოლოდი. თბილისში 4 წელი ვიცხოვრე და გზები ვერ ვისწავლე. ალბათ იმიტომ, რომ ჩემი ქალაქი არ არის. ტრანსპორტის მოლოდინში ფინკა ბანკის წამომადგენელმა დამირეკა და მითხრა, რომ წელს მათი ბანკიც იქნება „ქიზიყური შემოდგომის“ ფინანსური მხარდამჭერი. გავუთიშე თუ არა ბანკის წარმომადგენელს ტელეფონი, ჩვენი გუნდის წევრებს დავურეკე და ახალი ამბავი ვახარე. ამასობაში ელიავაზეც მივედი. სოფელ ქვემო მაჩხაანის თეატრის სასცენო განათების შესაქმნელად სანათების ყიდვა გვინდა. ბევრი ფული არ გვაქვს, სულ 860 ლარი, რაც თეატრში საქველმოქვედო წარმოდგენებითა და რიგითი მოქალაქეების შემოწირულობით შეგროვდა.

29 სექტემბერი, სამშაბათი

კარალიოკის ხესავით ბედნიერს გამომეღვიძა. სულ მაინტერესებს, რა ხდება ძილის პროცესში ისეთი, რომ დილით ზოგჯერ თავისთავად მომღიმარ-მოკისკისეს მეღვიძება.

საჭმლის ჭამა ვერ მოვასწარი, ჩვეული ფართხაფურთხით გადავიცვი ტანსაცმელი და გავიქეცი ჩვენი „სამოქალაქო ინიციატივის“ ოთახში. ნახევარ საათში ფესტივალ „ქიზიყური შემოდგომის“ სკოლებთან ურთიერთობის კომიტეტის წევრებიც მოვიდნენ. დღეს დედოფლის წყაროს სკოლებში წავიდნენ, რომ ეცნობებინათ ფესტივალში მონაწილოების შესაძლებლობები და პირობები. რაღა თქმა უნდა, ავტოსტოპით წავიდნენ წნორიდან მეზობელ მუნიციპალიტეტში, რადგან ასე ფესტივალის ბიუჯეტსაც დავზოგავთ და ბევრ ჩვენებურ ადამიანსაც გაიცნობენ, ჩვენს გუნდზე მოუყვებიან და ფესტივალზეც დაპატიჟებენ.

მე ოფისში დავრჩი, ფორმალურ-ოფიციალური მიმოწერა იყო საჭირო ორგანიზაციის და „ქიზიყური შემოდგომის“ პარტნიორებთან. რამდენიმე ორგანიზაციის მარკეტინგის სამსახურს აინტერესებდა ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და ელექტრონულად გავუგზავნე. ბოლო ხანებში იმდენ ოფიციალურ წერილს ვწერ, მეშინია, ეს ცივი ტონი ყოველდღიურობასაც არ გადავდო.

ძირითადი მიმოწერა რომ მოვითავე, ოფისი დავალაგე და ამ დროს დედოფლისწყაროდან ჩვენი გუნდის წევრებმაც დამირეკეს, მოვდივართ, გვშია და იქნებ რამე დაგვახვედროო. აკაკის ვთხოვე, კიტრი და პამიდორი შემოეტანა ბაზრიდან სალათის მოსამზადებლად.

მთელი დღე ზარები არ წყდებოდა, რეკავდნენ ახმეტელის თეატრის სპექტაკლზე, „რაპუნცელზე“ ბილეთების დასაჯავშნად. 100-ზე მეტი თანამუნიციპალიტეტელისთვის მოგვიწია უარის თქმა, რადგან ბილეთები სრულად გაიყიდა წინა დღეს. გვთხოვდნენ, კიდევ მოგვეწვია ახმეტელის თეატრის დასი.

საღამოს, სახლში მისულმა, მამასთან და ჩემს რძალთან ერთად საჭმელების მომზადება გავაგრძელე. ხვალ ახმეტელის თეატრის დასს სპექტაკლის შემდეგ რომ ვუმასპინძლოთ, გემრიელობებს ვამზადებთ, თან ფეისბუკში დედას ვწერთ ჩვენს ამბებს. დედა ემიგრაციაშია და როცა ჩვენს სახლში განსაკუთრებული სამზადისია, ისიც მუდმივად ონლაინაა და კითხულობს, რას და როგორ ვაკეთებთ.

30 სექტემბერი, ოთხშაბათი

ამ დილით ჩემი ბიჭის ზარმა გამაღვიძა. თვითონ უფრო ადრე იღვიძებს და მეხმარება ხოლმე, რომ მეც ადრიანად დავიწყო დღე. მთხოვს, სახლიდან სანამ გავალ, შევჭამო. მეც პირობა არ გავუტეხე და მამაჩემის შედედებული მაწონი ამოვჭამე.

11 საათისთვის საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრიდან სტუმრები მივიღეთ. ჩვენ, „სამოქალაქო ინიციატივა“, მათი მხარდაჭერით ვცდილობთ, რომ ინსტიტუციონალურად განვვითარდეთ. ხშირად ბევრ და კარგ საქმეს რომ ვაკეთებთ, ეს კარგია, მაგრამ თუ არ ავაწყვეთ სტრუქტურა, სტატეგიულად თუ არ დავგეგმეთ და ვიმოქმედეთ, შესაძლოა, ჩვენი დაწყებული საქმეების სოცოცხლიანობა მოკლე იყოს. ეს უკანასკნელი კი ძალიან მაშინებს, ნერწყვი მიმლაშდება იმის წარმოდგენაზე, რომ შესაძლოა, ჩვენი დაწყებული საქმეები არავინ გააგრძელოს. მოკლედ, წელს ამაზე ვმუშაობთ და ყველას ვიწვევთ მრჩეველთა საბჭოში, ვისაც სურს, რომ ჩვენი დაწყებული საქმეები უფრო ფართო მასშტაბით და უფრო მყარად ვაკეთოთ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, სამშენებლო მაღაზიებში ჯაჭვის საყიდლად გავედი. წნორის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა - „მარი მარკეტის“, მაღაზია „კოდაკისა“ და ერთ-ერთი წისქვილის წარმომადგენლებმა მიიღეს ჩვენი წინადადება, რომ წნორის სკვერში არსებული საბავშვო ატრაქციონების რეაბილიტირებისთვის თანხა გაეღოთ. მეც ამ თანხით ვიყიდე საქანელებისთვის საჭირო ჯაჭვი, თანამუნიციპალიტეტელ ოთარ ბიძინაშვილს მივუტანე, რომელმაც თავის მხრივ თანხმობა განაცხადა, რომ მასალის არსებობის შემთხვევაში მისი კომპანია უფასოდ შეასრულებდა სარემონტო სამუშაოებს. მოკლედ, წნორში ჩვენს ბავშვებს მალე განახლებული მცირე ატრაქციონები ექნებათ. საამაყოა წნორელი ბიზნესმენების სოციალური პასუხისმგებლობა და ჩვენი გუნდისთვისაც პასუხისმგებლობაა, რომ ადგილობრივი ბიზნესი ნდობას და მხარდაჭერას გვიცხადებს.

შუადღისას სიღნაღში ავედით. აქაურ თეატრში „რაპუნცელის“ სანახავად 100-ზე მეტი ბავშვი მოვიდა. სანამ სპექტაკლი დაიწყებოდა, პატარა უფლისწულისეული დიალოგები გაგვიმართეს ბავშვებმა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ იიმდენი იიმდენი თვალებში ჭინკებმოხტუნავე ბავშვი ვნახე... ეს იყო ჩემი ჯილდო ამ დღეს.
დღეს კიდევ ერთი საჩუქარი მივიღე. თანასოფლელმა, თითქმის უნობმა ადამიანმა თექის ჩანთა მაჩუქა. რომ ვკითხე რატომ-მეთქი, მიპასუხა - თქვენ რომ ამდენს გვახარებთ, ჩვენც ხომ უნდა გაგახაროთო. ასეთი შემთხვევები მამხნევებს და მიბიძგებს, რომ მეტი გავაკეთოთ.

საღამოს ახმეტელის თეატრის დასის სამხატვრო ხელმძღვანელთან ერთად დავგეგმავთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 9 მუზეუმში გასამართი შეხვედრებისა თუ ვორკშოფების თემები.
გვიან საღამოს თბილისში წამოვედი, ღამის 10 საათზე შეხვედრა მქონდა კლუბში მტკვარზე. კლუბის მფლობელებმა, არაჩვეულებრივმა ქეთამ და ნოდომ, შემოგვთავაზეს, რომ ფესტივალ „ქიზიყურ შემოდგომაზე“ ჩამოვლენ საკუთარი ხარჯებით და ელექტრონული მუსიკის ღამეს გამართავენ.

1 ოქტომბერი, ხუთშაბათი

გამთენიისას ბაკურიანისკენ წამოვედი. ქუთაისის მერიის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ბანაკში ორ ნაკადს ვხვდები, რომლებთანაც ვისაუბრებ მოხალისეობაზე, მოხალისეების როლზე სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაში და გავაცნობ ჩვენი ორგანიზაციის, „სამოქალაქო ინიციატივის“, გამოცდილებას.

თბილისიდან მიკროავტობუსი დილით არ წამოვიდა. ამიტომ ბორჯომში ჩავედი, სადაც 3 საათამდე ვუცადე ბაკურიანისკენ წამომსველ ტრანსპორს. დიდად არ ვიდარდე, მთელი 3 საათი მქონდა ფესტივალ „ქიზიყური შემოდგომის“ საქმეების მოსაგვარებლად. ჯერ წნორში მცხოვრებ ინდოელ ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს დავუკავშირდი და შევთავაზე ფესტივალში მონაწილეობა. შემდეგ ფესტივალის ფოტოგრაფთან, მამნესთანაც, დავაზუსტე, როდის ჩამოვიდოდა ახალციხიდან წნორში.

ლეპტოპიც გავხსენი, ორგანიზაციის ინტერნეტბანკინგში შევედი. 87 ლარი კიდევ ჩაერიცხათ ფესტივალ ქიზიყური შემოდგომის საორგანიზაციო ფონდში ჩვენი გუნდისა და ფესტივალის მხარდამჭერებს. ათას ლარამდე იქნება რიგითი მოქალაქეების მიერ გადმორიცხული თანხა. მიხარია, ეს თანხა ათასჯერ ძვირფასია, ვიდრე რომელიმე ფონდის ან სახელმწიფო ინსტიტუტებისგან მიღებული ათობით ათასი ლარი.

როგორც იქნა, ბაკურიანამდე ავაღწიე. საღამოს ბანაკის პირველი ნაკადის ახალგაზრდებს და ქუთაისის მერს შევხვდი. ახალგაზრდებმა თავიანთი ქალაქის მერს შეკითხვები დაუსვეს. პასუხებიც მიიღეს, თან ისეთი, როგორსაც ალბათ ყველა ქალაქისა თუ სოფლის მაცხოვრებელი ინატრებდა. თურმე ქუთაისს აქვს 40000 ლარი ახალგაზრდული ინიციატივების მხარდასაჭერად. ასეთი ფონდები ყველა მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს, თუ გვინდა, რომ ახალგაზრდებს განვუვითაროთ პრაქტიკულად კეთების უნარები, სოფელი შეუყვარდეთ და იქიდან გაქცევა ნაკლებად მოუნდეთ.

2 ოქტომბერი, პარასკევი

ცოტა ადრე გავიღვიძე, სანამ ახალგაზრდებთან შეხვედრას დავიწყებდი, ბაკურიანის ორღობეებში გავისეინე. სული შემეკრა ძველი სახლების არქტიტექტურაზე. ამ სახლებს აკლდათ მთავარი - მობინადრე ადამიანები. ტურისტული ინფრასტრუქტურა ბაკურიანშიც ახალი სასტუმროების აშენებად, სახლების გადალესვად და გზების დაგებად გაუგიათ მხოლოდ. ამ სახლებს, ჩუქურთმებიან აივნებსა და სარკმლებს ცოტა მივეფერე, ფოტოები გადავუღე და წავედი ბანაკის ახალგაზრდებთან.

სასტუმროში მოსულმა აღმოვაჩინე, რომ სხდომის დაწყებამდე დრო კიდევ მქონდა. დაპირებული წერილები გავაგზავნე ელფოსტით. ჩვენს პარტნიორს, CSRDG-ს მივწერე, იქნებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელს შეგვახედროთ მეთქი. საიტზე სამინისტროს არაფერი უწერია წლის პრიორიტეტებისა და რეგიონალური პროგრამების შესახებ. არადა, გვაინტერესებს ეს ინფორმაცია. მუნიციპალური კულტურის სახლებისა და მუზეუმების თემებზე აქტიურად ვაპირებთ წელს მუშაობას და სამნისტროს პოზიციაც გვინდა ვიცოდეთ ამ საკითხებზე.

როცა რაიმე სხდომას ან ტრენინგს ვუძღვები, ცოტა ვღელავ ხოლმე. ეს ღელვა თავიდან ქუთაისელ ახალგაზრდებთანაც მქონდა, შემდეგ კი ლაღად შევასრულე ჩემი ჩამოსვლის მისია.

შესვენების დროს ჩვენი გუნდის წევრს, უფრო სწორია, ვთქვა, ჩვენი გუნდის ოქროს თევზს, ქეთის ვესაუბრე. მითხრა, რომ წნორში არსებულ ბიზნესსექტორთან შეხვედრებმა კარგად ჩაიარა. წელსაც ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლები დააწესებენ საპრიზო ფონდს ფესტივალ „ქიზიყური შემოდგომის“ ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციებში გამაჯვებული სკოლებისთვის.

ბანაკის მონაწილეებს შეხვედრის მეორე ნაწილში, ძირითადად, ვაჩვენე ვიდეოები, თუ როგორ აგვარებენ ქვეყანაში და უცხოეთში ადგილობრივ პრობლემებს კრეატიული და მშვიდობიანი მეთოდებით ახალგარდული ჯგუფები. მოეწონათ და მეც კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ გვჭირდება პრაქტიკული გამოცდილელების გაზიარება და რწმენა/დაჯერება, რომ დიახ, კი, ნამდივლად მეც და ჩვენც შეგვიძლია ჩემს და ჩვენს გარემოზე პოზიტიური ზემოქმედება.

საღამოს FB წერილები შევამოწმე, ერთი უცნობი გოგონა მწერდა - „რამდენადაც ვიცი ,,ქიზიყური შემოდგომის '' პროექტის ავტორი ბრძანდებით. 11 ოქტომბერს დანიშნულ გამოფენასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. მინდა მამაჩემის ფერწერული ნამუშევრების, გრაფიკისა და კერამიკის გამოფენა. თქვენ ჩემი იმედი ხართ, რომ მამა ფართო ასპარეზზე გამოვიყვანო“. ეს გოგონა თურმე ბაკურ ციხელი ყოფილა და მამამისი კი - სასულიერო პირი. უზომოდ გამიხარდა, რომ გამოგვეხმაურა და შეთანხმებასაც მივაღწიეთ.

3 ოქტომბერი, შაბათი

დღესაც ადრიანად გავიღვიძე, 8 საათზე უკვე ბაკურიანიდან ხაშურში წავედი, იქიდან კი ბათუმში, ქორწილში. ორის ნახევრისთვის ბათუმში ვიყავი, სალონში მივედი გაჩეჩილი, თმა დავივარცხნე. მაკიაჟისთვის 30 ლარი მომთხოვეს. მეძვირა და გადავწყვიტე, თვითონ შევღებილიყავი. ასეც მოვიქეცი.

წავედი ბათუმის არტკაფეში. ორი საათი ვიმუშავე, თან იქაური გარემოთი და თურქული ყავით ტკბობაც მოვახერხე. საბოლოოდ გავარკვიე, რომელი ბანკები დაუჭერენ მხარს ფესტივალს. ბანკების მხარდაჭერა კარგია, მაგრამ სამწუხაროა, რომ წელსაც ფესტივალის სლოგანი - „წნორს სჭირდება კულტურის სახლი“ - უცვლელია.

დავუკავშირდი წლევანდელი ფესტივალის საორგანიზაციო გუნდის ხელმძღვანელსაც და ვთხოვე, ფესტივალის კომიტეტების მენეჯერებს დაკავშირებოდა იმის გასარკვევად, როგორ მუშაობენ კომიტეტები.

საქმეების მომთავრების შემდეგ კაფეს საპირფარეშოში შევედი, სადაც გავიხდე სპორტული ტანსაცმელი, ჩავიცვი დედაჩემის ნაჩუქარი სადღესასწაულო კაბა, გავიკეთე მაკიაჟი და გამოვეწყვე ქორწილში წასასვლელად.

გზად ეთო ნათლიამ დამირეკა და მითხრა, რომ წნორში ჩავლისთანავე შემიძლია შევხვდე ერთ-ერთი კერძო სკოლის მფლობელს და შევთავაზო სამოქალაქო განათლების მასწავლებლად ჩემი კანდიდატურა. სამოქალაქო განათლების მასწავლებლობა ჩემი ოცნებაა და ვნახოთ, თუ საკმარისად ავუხსნი სკოლის ხელმძღვანელობას, რომ შემიძლია ვიყო ამ საგნის კარგი მასწავლებელი.

ქორწილი კარგი იყო იმიტომაც, რომ ჩემი ნათესავები გავიცანი. თუმცა ადრე წამოვედი. ბათუმის მატარებლების ახალი სადგურის კაფეში დავჯექი და გავაგრძელე მუშაობა. მატარებელი დილის 1:40 წუთზე გადის. ამასობაში მოვასწარი და ჩემს დაბადების დღეზე მოსაწვევად შეტყობინებები გავუგზავნე მეგობრებს და ვთხოვე, რომ ამჯერადაც საჩუქრის შერჩევაზე დაზოგონ დრო და ფული მაჩუქონ. 2016 წლისთვის მინდა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის უკანა მხარის სოფელში ძველი სახლი ვიყიდო, სადაც არტრეზიდენციის ტიპის საცხოვრებელს გავაკეთებ. ამისთვის ვაგროვებ ფულს და ამიტომაც ვთხოვ ჩემს მეგობრებს, რომ წელს ყველა ფასიან საჩუქარზე მეტად მჭირდება ფული ამ საქმისთვის. იმედია შევძლებ და ბევრ ხელოვანს და ახლაგაზრდას ვუმასპინძლებ არტრეზიდენციაში 2016-ში.

ამასობაში მატარებელიც ჩამოდგა ბაქანზე, წავალ, მოვკალათდები, ჩავალ თბილისში, თურქეთიდან საფესტივალოდ ჩამოსულ დედასაც ვნახავ და ერთად გავკურცხლავთ წნორისკენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG