Accessibility links

logo-print
25 აგვისტო, კვირა
მიუნხენის აეროპორტში ვარ. სარაევოს კინოფესტივალიდან თბილისში მივფრინავ. მარტო ვარ. წესით სიმონთან, მარისთან და ლიკასთან ერთად უნდა მემგზავრა, მაგრამ ბოსნიის ვიზა არ მომცეს, რაღაც შეცდომის გამო. სიმონს და გოგოებს სარაევოში დავემშვიდობე... ისინი ჩემზე ადრე გაფრინდნენ თბილისში.

სარაევოში ჩვენმა ფილმმა, რომელსაც „გრძელი ნათელი დღეები“ ჰქვია, გაიმარჯვა და ფესტივალის მთავარი პრიზი, „სარაევოს გული“ დაიმსახურა. პრიზი მიიღეს ლიკამ და მარიმ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. და კიდევ მესამე პრიზი – „არტჰაუსის“ კინოთეატრების პრიზი. მოკლედ, გამარჯვებულები ვბრუნდებით და სარაევოს გულები ნამდვილად დავიპყარით.

მარი და ლიკა ნერვიულობდნენ. მეც - მათზე არანაკლებ. სცენაზე რომ ავიდნენ, დაბნეულები იყვნენ. ჯერ პრიზები გადასცეს, მერე ანიშნეს, სცენის კუთხეში დადექით და ფოტოგრაფებს გადაღების საშუალება მიეცითო. ფოტოების გადაღება რომ დამთავრდა, მარიმ და ლიკამ კულისებისკენ წასვლა დააპირეს, მაგრამ არ გაუშვეს – ახლა მიკროფონისკენ ანიშნეს. მათ ჯერ ვერ გაიგეს, მერე კი მარიმ თავი გააქნია უარის ნიშნად. ტაშის ხმაურში ვერც მივხვდი, რომ თურმე ფეხზე ვიდექი და მარის და ლიკას ხელების ქნევით ვანიშნებდი, მიკროფონთან მისულიყვნენ. გვერდიდან სიმონი ჩამძახოდა, უთხარი, მიკროფონთან მივიდნენ და რაღაც თქვანო. მარი და ლიკა ვერ მხედავდნენ. მოლაპარაკებული ვიყავით, რომ თუ პრიზს მიიღებდნენ, ორ სიტყვას იტყოდნენ ინგლისურად, მადლობას გადაიხდიდნენ... თუმცა მათი ღიმილიც საკმარისი გამოდგა. მარი და ლიკა უსიტყვოდ, პრიზებით ხელში და მაყურებლის ტაშის თანხლებით ტოვებენ სცენას. ზუსტად ამის მერე ფესტივალის გამარჯვებულს, საუკეთესო ფილმს ასახელებენ. დანის ტანოვიჩი, ჟიურის თავმჯდომარე, ჟიურის მოტივაციას კითხულობს: გვესმის სიტყვები: coming of age, ორი მეგობარი გოგონა, საზოგადოება და პორტრეტი... საქართველო... და აცხადებენ ჩვენს ფილმს! სცენაზე ავდივართ. გვაძლევენ პრიზს...

მალე მე და სიმონიც კულისებში გავდივართ. იქ მარი და ლიკა არიან, ერთმანეთს ვეხუტებით. მოაქვთ რაღაც სასმელი და ეს-ესაა ვაპირებ, ერთი ყლუპი მოვსვა, დანის ტანოვიჩი შემორბის და უკან გავყავართ, რომ სცენაზე დავდგეთ ჩვენი პრიზებით ხელში და ხალხს დავენახოთ.

მოგვიანებით ვხვდებით ქართველებს, ყველა გვილოცავს. ჟიური კიდევ ერთხელ გვხვდება კულისებში. თუ ფესტივალის განმავლობაში თავშეკავებულად გვესალმებოდნენ, ან საერთოდ თვალს გვარიდებდნენ, ჟიურის მოვალეობის უხერხულობის გამო, ახლა გვიღიმიან, გვკოცნიან და განუწყვეტლივ უამრავ რაღაცას გვეუბნებიან ფილმზე. ჩვენ მადლობებს ვამბობთ...

ფოტოების მერე გოგოებს ვუბრუნებ მათს ტელეფონებს, რომლებიც ასეთ დროს, როგორც წესი, ჩემს ჩანთაში დევს. ტელეფონების გარდა, ჩემს ჩანთაში ხშირად დევს მათი სასტუმროს გასაღები, ხანდახან ჟაკეტი, რომელიც მარტო ჩემი ხათრით მოაქვთ, რომ არ გაცივდნენ...

აეროპორტში არაფერი ხდება. ვზივარ და ფრაგმენტულად მახსენდება, რაც მოხდა. ადამიანებიც ფრაგმენტულად მახსენდებიან.

ერთი ინგლისელი ჟურნალისტი დამამახსოვრდა, შვებულების გატარებაზე ვსაუბრობდით: „მე ჟურნალისტი ვარ, ფილმებზე ვწერ. სულ ხალხში ვარ, ფესტივალებზე, პრემიერებზე. ხან ტელეფონი მირეკავს, ხან რა ხდება, ხან – რა... უცებ რომ წარმოვიდგენ, რომ მანქანაში ვზივარ და სადმე, წყნარ ყურეში მივდვარ, შეიძლება გავრეკო. სიჩუმეს ვერ ვიტან, აურზაური და ხალხი მირჩევნია!“ მე ჟურნალისტ ბიჭს ვუყურებ და მიკვირს, ამ ყველაფრის მიუხედავად როგორი ენერგიულია. ჩანს, რომ მოსწონს ეს ყველაფერი: თავისი პროფესია, სამსახური. ნეტა როგორ ისვენებს? ან ფიქრს როგორ ახერხებს? წარმოუდგენელია... იქნებ, ღამე ფიქრობს, დაწოლის წინ, და ეს საკმარისია?

მახსენდება ამერიკელი რეჟისორი, რომელთან ერთადაც დღეს სასტუმროდან აეროპორტში ვიმგზავრე. მანქანაში ჩაჯდა თუ არა, გამარჯვება მომილოცა და რამდენიმე კითხვა დამისვა ჩემზე, ფილმზე, საქართველოზე... მერე თვითონ მოყვა, რომ მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორია და ამ ფილმით მსოფლიო შემოიარა. ახლა ლოს-ანჯელესში მიფრინავს. ჩვენი ფილმი ნანახი არ აქვს. მეკითხება, ფილმში თუ ვითამაშე. არა-მეთქი, ვეუბნები და ვუხსნი, რომ ფილმის რეჟისორი ვარ სიმონთან ერთად. ის მეუბნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ფილმზე უმუშავია, მხოლოდ ორ რეჟისორ ქალთან ჰქონდა მუშაობის გამოცდილება, ჯეინ კემპიონთან „პიანოზე“ და ლივ ულმანთან. „ვაა!“ – ვფიქრობ ჩემთვის... ის მეუბნება, რომ მნიშვნელოვანია, რომ ქალი ვარ და რომ ცოტაა ქალი რეჟისორი. მერე ამერიკაზე ლაპარაკობს, ნიუ-იორკი ლოს-ანჯელესს ჯობია. ლოს-ანჯელესში ყველა „ჰოს“ გეუბნება და თავს გიქნევს, საბოლოოდ კი ყველა გადამგდებია; ნიუ-იორკში ან „არას“ გეტყვიან ან „ჰოს“, მაგრამ „არა“ „არას“ ნიშნავს და „ჰო“ – „ჰოს“! „თუ ამერიკაში მოხვდი“, მეუბნება, „იცოდე, რომ შეეცდებიან, შენი ფილმი ფორმულით გაშიფრონ: რატომ მიაღწიე წარმატებას, რატომ იმუშავა შენმა ფილმმა და რაში მდგომარეობს შენი ნიჭი. მერე ამ ნიჭის გამეორებას შეეცდებიან. ეგ არის და ეგ. ნიჭს ეძებენ, შიფრავენ, იმეორებენ, მაგრამ არ გამოდის... მაგას უფრთხილდი!“

ერთმანეთს ვემშვიდობებით. „მე შენით ვამაყობ!“ – მეუბნება გულახდილად. „კიდევ შევხვდებით!“ მივდივართ: ის ლოს-ანჯელესის გასასვლელისკენ, მე – თბილისის გასასვლელისკენ. ნამდვილი ამერიკული მიდგომაა: სრულიად უცხო ადამიანს შეუძლია, შენით იამაყოს!

აეროპორტი არ მიყვარს. აქ დრო არ არსებობს. ფიქრითაც ვერ ვფიქრობ. ხალხიც ერთნაირად გამოცარიელებულია. ყველა მოლოდინის რეჟიმში. უშინაარსო, უბიოგრაფიო სახეებით... შინაგან ტრანზიტში.

მახსოვს, წლების წინ, ჯერ კიდევ 90-იან წლებში, როგორ დავბრუნდი თბილისში. ჩემი ოჯახის წევრები დამხვდნენ. მომეჩვენა, რომ ყველას, ბავშვების ჩათვლით, ნატანჯი სახეები ჰქონდა. ჩემს ექვსი წლის დისშვილს წინა ორი კბილი ამოღებული ჰქონდა და სათვალეებს ატარებდა. ამ სიახლემ დამშოკა. ვიცინოდი და ვტიროდი ერთდროულად. ბავშვები მხოლოდ იკრიჭებოდნენ და თვალს არ მაშორებდნენ. მეხუტებოდნენ. მეორე ჩასვლაზე ახლა უმცროსი დისშვილი დამხვდა უკბილოდ და სათვალით.

ამდენი ჩასვლა... ადრე ყოველთვის ვიღაც მხვდებოდა. ახლა უარს ვამბობ და ტაქსით მივდივარ სახლში. მეორე დღეს დედას და დას ვურეკავ. ის უკბილო დისშვილი დღეს 21 წლისაა და გერმანიაში სწავლობს. მეორე უკბილო კი 18-ისაა, წელს სკოლა დაამთავრა და გავარდნაზეა... უხარია. გერმანიის ორი უნივერსიტეტიდან მოწვევა მოუვიდა და ისიც მიდის. ოღონდ, ჯერ ვერ გადაუწყვეტია, სად. ასე რომ, აწი როცა ჩავალ, ალბათ დავურეკავ მხოლოდ დედას და დას. მერე – მეგობრებს. ადრე, თბილისში რომ ვბრუნდებოდი, ნათესავებთან დარეკვა და მერე მათი მონახულება გარდაუვალი იყო. რამდენიმე წელიწადში მეც დავიღალე და ჩემი ნათესავებიც. ამ მონახულებებმაც აზრი დაკარგა. არც იციან წესიერად, სად ვარ, როდის ჩამოვედი, ან ისევ როდის მივდივარ, რატომ წავედი, ან რატომ ვბრუნდები, რა შეიცვალა ამდენი წასვლა-წამოსვლით... აზრი დაკარგა ნათესავების წყენებმაც, მეგობრების გაბუტვებმაც. ერთად გავიზარდეთ და ჩამოვყალიბდით. ჩემი ნახვა უხარიათ. მეც მიხარია მათი ნახვა. დრო გადის... რაც მოხდა, არავინ იმახსოვრებს. ან თუ იმახსოვრებს ვინმე – თავისებურად.

მახსოვს, 90-იან წლებში რომ ჩამოვედი, აეროპორტში ურიკები ფული ღირდა და ურიკების გარშემო ვიღაც კაცები ტრიალებდნენ. უცებ ვიღაც კაცი მომვარდა და ჩემოდანი გამომგლიჯა. მე გავეკიდე, გავაჩერე. შეშლილი სახე ჰქონდა. გამხდარი იყო, ამოღამებული თვალებით. ჩქარობდა. „ორ ლარად ჩემოდნებს ტაქსში ჩაგიწყობ, რა!“ – მითხრა. მითხრა კი არა, შემეხვეწა და პასუხსაც არ დაელოდა, ისე გაქანდა. ორი ლარი არ მქონდა, მაგრამ იმედი მქონდა, იმას ექნებოდა, ვინც დამხვდებოდა. ტირილი მომინდა. სად გაქრა ის კაცი? ის კაცები? სად არიან, რას ჩალიჩობენ, რით ინახავენ ოჯახს, რით ყიდულობენ სიგარეტს? ახლა ურიკები უფასოა. როცა სიმონთან ერთად ჩამოვდივარ, სიმონს ქართულ ღვინოსაც ჩუქნიან წარწერით – Welcome. ერთ ჩემს მეგობარს კი პასპორტის კონტროლიორმა საქართველოში შემოსვლისას თითქმის საზეიმო ნოტაზე უთხრა: Welcome to Georgia, Stefan! მე არასდროს არაფერს მეუბნებიან. შეიძლება მხოლოდ „გამარჯობა“ მითხრან, ან „კამერას შეხედეთ“. მერე კარს ღილაკით მიღებენ და საქართველოში მიშვებენ.

ყოველთვის მეშინია აეროპორტიდან მინიმუმ 120 კილომეტრის სიჩქარით გაქანებული მანქანის. ღამის თბილისი. მერე გვიან გაღვიძება...

26 აგვისტო, ორშაბათი
დილიდან ტელეფონის ზარები მაღვიძებს. კინოცენტრში პრესკონფერენციაა დანიშნული, სადაც კინოცენტრმა ჩვენი ფილმის გამარჯვების შესახებ უნდა აუწყოს ჟურნალისტებს.

დედას ვურეკავ. უხარია, რომ ჩამოვედი. მეუბნება, რომ მეგობარმა და ყოფილმა თანამშრომელმა, მარინა ტაბლიაშვილმა დაურეკა – ტელევიზორში ვუნახივარ. ასეთ დროს დედას ხშირად ურეკავენ მეგობრები, ნათესავები. „თუ მოიფიქრებთ, როცა გინდათ, მითხარით და ვახშამს გავაკეთებ“ – ამბობს დედა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვესტუმროთ, როცა გვინდა და რომ არ გვაძალებს და ეს ჩვენზეა დამოკიდებული.

არ მახსოვს, ნინომ დამირეკა თუ მე დავურეკე. პირდაპირ საქმეზე გადავდივართ. ნინოს შვილი და ჩემი დისშვილი, ანი, გერმანიაში მიდის სასწავლად და რაღაცებია მოსაგვარებელი. გასაკეთებელია Verpflichtungserklärung-ი, რაც ქართულად პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების განმარტებით დოკუმენტს ნიშნავს. ეს სიმონმა უნდა გააკეთოს. იმედია, ოდესმე დამთავრდება ეს საბუთომანია ჩემს ცხოვრებაში.

ისეთი დაღლილი ვარ, რომ ვიცი, დღის განმავლობაში არანაირ მცდელობას არ აქვს აზრი, რაიმე წამოვიწყო. მხოლოდ მექანიკურ საქმეს თუ გავაკეთებ.

მინდა, ანის დავურეკო. გავიგე, ზღვიდან ჩამოსულა. მეგობრებთან ერთად იყო. მიყვარს ანის მეგობრები. ძალიან თბილები არიან. და ყველას საოცარი იუმორი აქვს. სად იპოვეს ერთმანეთი, ხანდახან მიკვირს. თან რა სხვანაირები არიან, ჩემი თაობისგან როგორ განსხვავდებიან! არ ეშინიათ. მომავლის შიში არ აქვთ. რაღაც რომ არ გამოუვიდეთ, არც ამის შიში აქვთ. ანი 95-ში დაიბადა, გაზაფხულზე. შემოდგომაზე მამაჩემი გარდაიცვალა. სხვა საუკუნე იყო. სხვა დრო, სხვა ადამიანები...

ერთხელ ბავშვობაში ეზოში, ღობესთან ვიდექი და მახსოვს, მტანჯავდა იმის შეგრძნება, რომ მესამეკლასელი ვიყავი. მეოთხეში რომ გადავიდოდი, მეგონა, ყველაფერი უკეთესად იქნებოდა და, ზოგადად, იმის მჯეროდა, რომ ადამიანები იმიტომ იზრდებოდნენ, რომ ბედნიერები ყოფილიყვნენ. კახი 92-ში დაიბადა. იმ დროს, როცა ჩვენი ფილმის მოქმედება ხდება. გზის ფული არ გვქონდა, სამშობიაროში ფეხით დავდიოდით. დედაჩემი ნერვიულობდა, რომ ნინო პირველ სართულზე იწვა და რომ ვიღაც ავტომატიან გიჟს ნებისმიერ დროს შეეძლო იქ შევარდნა...

ბავშვობაში, ზუსტად მაშინ, ეზოში, ღობესთან რომ ვიდექი, გავიფიქრე, ღმერთო ჩემო, რამხელაა და რამსიგრძეა ეს ცხოვრება, ამდენს რა მაცხოვრებს-მეთქი. მომავალზე რომ ვფიქრობდი, ბურუსით მოცული წარმომედგინა. დროს ვერ ვგრძნობდი. რა იყო ერთი წელი, სამი, ათი... ახლა ყველაფერი შეიცვალა. დროს არათუ ვგრძნობ, არამედ ეს შეგრძნება მაწუხებს კიდეც. ახლა შემიძლია, უკან გავიხედო წარსულისკენ და ვთქვა და ვიგრძნო, რას ნიშნავდა ბოლო 10, 15, ან 20 წელიც კი. ეს დროა. ამას ვერ იზამ 20 წლის ასაკში. რაღაც ისტორიის შეგრძნება ვისწავლე. ახლა რომ ისტორიის გაკვეთილზე ვიყო, სულ სხვანაირად მოვუსმენდი. ვგრძნობ, რომ არ ხდება იმის ანალიზი, რაც გავიარეთ – მეც და სხვებმაც. გერმანელებს ანალიზის საოცარი უნარი აქვთ. ანალიზის ინსტრუმენტი აქვთ კარგად მომართული, თავს არ იტყუებენ, ეგ არ აინტერესებთ. ემოციები ამ დროს როლს არ თამაშობს.

გერმანიაში რომ ჩავედი, თავიდან შოკში ვიყავი. ტელევიზორში უამრავი დოკუმენტური ფილმი გადიოდა მეორე მსოფლიო ომზე, ჰიტლერზე, მესამე რაიხზე. უამრავი ინფორმაცია უბრალოდ, მშრალად, მხოლოდ ქრონიკა. რა კარგი იქნება, ქართველებიც რომ აანალიზებდნენ რაღაცებს ემოციების გარეშე. ძალიან ხშირად ეს მეც არ შემიძლია. უბრალოდ, გერმანიაში ცხოვრებამ და მარტო ყოფნამ ბევრი რამ შეცვალა. მარტო ყოფნა აუცილებელია. ვაზროვნებ, მაშასადმე ვარსებობ. მარტო ვარ, მაშასადამე ვაზროვნებ. აქედან – დედუქცია: მარტო ვარ, მაშასადამე ვარსებობ.

27 აგვისტო, სამშაბათი
მგონი ძალიან ბევრს ვწერ. რომ ვიწყებ, ვეღარ ვჩერდები. მით უმეტეს, თუ საქმე რაღაც დღიურისმაგვარს ეხება. ალბათ, ამიტომაც არ ვწერ დღიურს. ეს უფორმო, აზრების გაუფილტრავი დინება მაწუხებს. მინდა, რომ ფორმა მივცე. რაღაცები დავალაგო. ტინეიჯერობისას ვწერდი დღიურს. მგონი, წამბაძველობით. მაშინ მოდაში იყო. მეგობრობის დღიურები...

სიმონის დროს, გიმნაზიაში, პოეზიის ალბომები იყო მოდაში. ჩვენთანაც იყო რაღაც მაგდაგვარი. ლექსების გადაწერ-გადმოწერა. მახსოვს, ერთხელ, ერთ ჩემს კლასელს ერთი ბიჭი უყვარდა. ის ბიჭი სასიყვარულო წერილებს უგზავნიდა, ხშირად რაღაც ლექსებსაც ურთავდა. ერთი-ორჯერ წერილის შეთხზვაში მეც მივეხმარე ჩემს კლასელს. ერთხელ ერთი ლექსი ავურჩიე, სამსტროფიანი. პირველი და მესამე სტროფები ერთი და იგივე იყო. ორი სტროფი რომ გადაწერა, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, მესამე საჭირო აღარაა, ერთხელ ხომ წერიაო. მე ვუხსნიდი, ვემუდარებოდი... მოკლედ, არ დამიჯერა და ასე შეკვეცილი ლექსი გაუგზავნა. იმ სიყვარულიდან არაფერი გამოვიდა. მერე ის ბიჭი მე მიგზავნიდა სასიყვარულო წერილებს, იმის გამო, რომ ზაფხულში თბილისიდან ყველა წავიდა და მე და ის მარტო დავრჩით. ჩემს მერე კიდევ რამდენიმე ჩვენი კლასელი შეუყვარდა.

28 აგვისტო, ოთხშაბათი
დღე ლეპტოპთან გავატარე. და ტელეფონთან. სულ საელჩოებში და ვიზების პირობების გარკვევაში ვარ. მიწვეულები ვართ დანიაში და მაროკოში ფილმით. დანიის ვიზებს ვეღარ მოვასწრებთ, ალბათ... მაროკოში – კიდევ შესაძლებელია. მარი და ლიკა მაროკოში უჩვენოდ წავლენ, ჩვენ აქაური პრემიერისთვის უნდა მოვემზადოთ.

სიმონი მაფრთხილებს, რომ საღამოს რამდენიმე გადაწყვეტილებაა მისაღები, იმიტომ რომ ფესტივალებს უნდა მისწეროს ბოლოს და ბოლოს, მივდივართ თუ არა. ვსხდებით, სიას მაჩვენებს. დიდი სიამოვნებით წავიდოდი ამ ქვეყნებში დასვენებული, ყოველგვარი ფილმისა და ფესტივალის გარეშე.

სიმონი შეტყობინებას იღებს ჩვენი მსოფლიო გაქირავებისგან, რომელსაც უფლება აქვს, მსოფლიოს ტერიტორიაზე ჩვენი ფილმი გაყიდოს და ფესტივალებზე გაგზავნოს. ჩვენ გვწერენ და გვითანხმდებიან ფესტივალების შემთხვევაში. მერე ერთად ვწყვეტთ, სად წავიდეთ. ქართულ პრემიერამდე არსად აღარ მივდივართ. სიმონისთვის ეს ყველაფერზე მნიშვნელოვანია. რაც აქამდე მოხდა, იმაზეც. ჩემთვისაც...

ვუყურებთ კალენდარს და ერთხმად ვწყვეტთ, რომ არ წავალთ მილანში, ალმა-ატაში და პეტერბურგში. ერთხმად ვამბობთ, რომ აუცილებლად უნდა წავიდეთ ლიტვის ფესტივალზე, იმიტომ, რომ მისი სამხატვრო ხელმძღვანელი საფრანგეთში გავიცანით ჯერ კიდევ „ბერლინალემდე“. ჩვენი ფილმის ორი ნაწყვეტი ნახა და ძალიან მოეწონა. ისეთი კითხვები დამისვა, გამიკვირდა. მკითხა, თქვენს ფილმში მასწავლებელი ან სკოლა თუ არისო. ნაწყვეტიდან ეს არ ჩანდა. მე დავუდასტურე. ლიტვის 90-იანი წლები გაიხსენა. თქვა, რომ მისმა ერთმა კლასელმა ამ დროს მეორე კლასელი მოკლა. აღარ მახსოვს, მგონი თქვა, რომ შემთხვევით. მერე ამ ბავშვმა კლასში სიარული გააგრძელა. მასწავლებელი მკვლელს ეძახდა. ბავშვები სიძულვილს გამოხატავდნენ... მერე ეს ბავშვი სხვა კლასში გადავიდა. მოკლედ, ამ ახალგაზრდა, ძალიან სიმპათიურ ქალბატონთან რაღაც კონტაქტი დავამყარეთ. ისეთი, როგორიც რთულია ამდენ აურზაურში.

ინტერნეტში ვუყურებ მარსელის ფოტოებს, სადაც ასევე მიწვეულები ვართ და ძალიან მინდა წასვლა. ჯერ ისევ კითხვის ნიშანს ვუტოვებთ. ულან-ბატორს ვგუგლავ და მის ფესტივალს. ფილმებს, პროგრამას... აქაც მიგვიწვიეს. გიომიც მიწვეულია, ჩვენი ფრანგი თანაპროდუსერი. გვითხრა, რომ არ ვინანებთ, თუ წავალთ. პროგრამის ქვემოთ პრიზების ჩამონათვალია: „ოქროს ჩინგის ყაენი“ – ასეთია მათი მთავარი პრიზი.

უცებ წარმოვიდგინე, რომ ულან-ბატორიდან პრიზით ჩამოვდივართ და ქართველებს ვეუბნებით, რომ „ოქროს ჩინგის ყაენი“ მოვიგეთ. გიჟივით ვიცინი...

უარს ვამბობთ სკოპიეზე. სიმონს უნდა „ვიენალეზე“ წასვლა, მე კი ისევ საფრანგეთის სხვა პატარა ქალაქის ფოტოებს ვუყურებ. ეს ქალაქიც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. ფაქტობრივად, არაფრის დრო არ გვაქვს. მგონი, სადღაც სხვაგან მინდა. ნინომ მითხრა, რომ შვებულება აქვს კვირის ბოლოს და რომ დედაც შვებულებას იღებს და ქვებში მიდიან. ქვები ჰქვია ჩვენს სოფელს, სადაც დედაჩემი დაიბადა და გაიზარდა. საშინლად მიყვარს იქაურობა. ნინოსთან საუბრისას, უცბად მაფიქრდება, მეც ხომ არ გამოგყვეთ ერთი-ორი დღით-მეთქი და ამის წარმოდგენაზე უეცრად რაღაც სიმსუბუქეს ვგრძნობ. „მდინარეზე ჩავალთ, ტყეში გავივლით“, – მეუბნება ნინო. „წამო, იცი როგორ მოწყდები ყველაფერს!“

მდინარეზე ჩავალთ, ტყეში გავივლით... ჯერ სიმონისთვის არ მითქვამს. არ გამახსენდა. ჩემს ყველა ამგვარ განმარტოებას მიესალმება. იცის, რომ ამის მერე კარგად ვარ ხოლმე.

29 აგვისტო, ოთხშაბათი
მთელი დღე მე, სიმონი და კახა პრემიერის მერე წვეულების ადგილს ვეძებთ. ვიღლებით...

საღამოს მე და სიმონი სასეირნოდ გავდივართ. ვიწრო ქუჩა, რომელსაც ჩემი სახლიდან სხვა, შედარებით დიდ ქუჩაზე გავყავართ, ლამპიონების შუქითაა განათებული. დაქანებულ ქუჩაზე ქვაფენილი ახალი დაგებულია. იქ პატარა შუკა იყო გასავლელი, სადაც უცებ ყველაფერი მყუდრო და იდუმალი ხდებოდა. ახლა კი იმ ადგილას ისე გავდივარ, ვერც კი ვატყობ. ქუჩის ბოლოს ვჩერდები და უკან ვიხედები. „წამოდი“, – მეუბნება სიმონი. „ლეღვის ხე მოუჭრიათ“, – ვამბობ და ცარიელ ადგილს ვაკვირდები. „ჰო...“ – ამბობს სიმონი. და, როგორც ადამიანის სახე გაგიელვებს თვალწინ, ისე ვხედავ იმ ნორჩი, სუსტი ტანის ლეღვის ხეს, დიდი, ხავერდივით ფოთლებით, ჯერ კიდევ უმწიფარი პატარა ლეღვებით...

ადრე ჩვენს ქალაქში ადამიანებს კლავდნენ. კლავდნენ ყველას, ვინც არსებობაში ხელს უშლიდათ. იშორებდნენ, სიცოცხლეს ასალმებდნენ. ახლა ისე მასიურად ეს აღარ ხდება... თუმცა, პრინციპი იგივე დარჩა. ჩვენ ვჭრით ხეებს, სიცოცხლეებს, რომლებიც ხელს გვიშლიან, ქალაქის გალამაზებაში, მილების ჩაყრაში, ქუჩაში სიარულში, მანქანის დაყენებაში...

მახსენდება მამა. მამას აშენებული გარაჟი და გარაჟის შეტეხილი კუთხე, სადაც მამამ ალვის ხე არ მოჭრა, და გარაჟს კუთხე ჩამოაჭრა. ხე გარეთ დარჩა და დიდხანს იცოცხლა, იცოცხლა მანამ სანამ გარაჟი სხვისი საკუთრება არ გახდა. მაშინ ხე მოჭრეს და გარაჟის კუთხეც გამართეს.

მოგვიანებით სიმონი მეუბნება, რომ ამერიკა სირიაში ომს დაიწყებს. მიყურებს და ელოდება ჩემს რეაქციას. ელოდება, რომ აღვშფოთდები...

მახსენდება ჩემი ბერლინელი მეგობარი. გერმანიაში დაბადებული და გაზრდილია, მაგრამ სირიაში ხშირად ჩადის ნათესავებთან და თავის სამშობლოდ მიაჩნია. რატომ სჭირდება ადამიანს კატასტროფების კონკრეტული განსხეულება? მე რომ ჩემს ბერლინელ მეგობარს არ ვიცნობდე, შემეხებოდა თუ არა ეს ომი – ან მოსალოდნელი ომი – ისევე, როგორც ახლა? რატომ მჭირდება ასეთი კონკრეტიკა? რატომ არ კმარა გრძნობების გასაღვიძებლად მხოლოდ მშრალი ინფორმაცია?

არ დამავიწყდეს, კახის, ჩემს დისშვილს, დავურეკო. დიდი ხანია, არ გვილაპარაკია.

30 აგვისტო, პარასკევი
კვირის დაღლილობამ ზენიტს მიაღწია. პრემიერისთვის მზადება და უამრავი წვრილმანი, რომელიც არ თავდება...

პრემიერას მე, სიმონი და კახა ვამზადებთ. მე ძირითადად გეგმას ვემორჩილები. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. გეგმას სიმონი და კახა ადგენენ.

ფილმის პრემიერამდე ცოტა დრო დარჩა. 19 სექტემბერს დიდი მღელვარებით ველოდებით. ყოველთვის, როცა რომელიმე ქვეყანაში მივდივართ ფილმით, რაღაც უცნაური შეგრძნება მიპყრობს. ხანდახან მგონია, რომ ფილმი, რომელიც გავაკეთეთ, რაღაც გარკვეული რაოდენობის შუქს გამოსცემს. და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ამდენ სხვადასხვა ქვეყანაში ფილმის ჩვენებით, ეს შუქი თითქოს ილევა. მას თითქოს ძალა ეცლება და ის, რაც თავიდან იყო, აღარ არის... ფილმის დასასრულს ვღელავ. არ ვიცი, ვინ მოვა ჩემთან და რას მეტყვის. როცა დარბაზიდან ხალხი გამოდის და მეუბნება, რომ ფილმი მოეწონათ, მიკვირს. მიკვირს, რადგან მგონია, რომ ის, რაც მათ ნახეს, ის აღარაა, რაც თავიდან იყო...

როცა დრო არ მაქვს და ვერ ვწერ, ჩემი წერა ფიქრით შემოიფარგლება. თუ დღის განმავლობაში უამრავი რამ ამ ფიქრთან მაშორებს, ღამე ჩემია. ძილის წინ თვალებს ვხუჭავ და ასე, სიბნელეში, ხან ვწერ, ხან ჯერ არარსებული ფილმიდან სცენებს ვხედავ...

31 აგვისტო, შაბათი
არ ვიცი, რას ვწერ, რა ხდება. ნეტა ვწერ თუ არა იმას, რაც ხდება? ან ხდება თუ არა ის, რაც ჩანს და ხილვადია? დრო გავა. და ეს კვირაც ერთი მრავალთაგანი იქნება, რომელიც წავიდა, გაილია... იმას, რაც ხდება, ადამიანი იმ წუთს ვერ იგებს. მხოლოდ მოგვიანებით ხვდება, რა მოხდა სინამდვილეში. ხშირად ვსაუბრობდით ამაზე მე, სიმონი და ოლეგი, ჩვენი ოპერატორი, როცა ფილმზე ვმუშაობდით, როცა ბუქარესტის ან თბილისის ქუჩებში დავდიოდით. თუმცა ამის ცოდნა არაა საკმარისი იმისათვის, რომ მერე, მოგვიანებით, მართლა გაიგო და მიხვდე, რა ხდებოდა შენს თავს მაშინ, როცა ხდებოდა. რატომ არ ეხმარება ადამიანს რაღაცის ცოდნა?

რა არის ადამიანის ბიოგრაფია? მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების ერთობლიობა? მისი მიღწევები თუ დამარცხებები, დიპლომები, ქმნილებები... რა აყალიბებს ადამიანს? ნეტა თუ შეიძლება არსებობდეს ადამიანის ბიოგრაფია, რომელიც ადამიანის გაცნობიერებული შეცდომების თანმიმდევრობას ასახავს? შეცდომა, შეიძლება, მცდარი სიტყვაა. ალბათ უფრო ის, როცა უეცრად შენ მიერ დანახული სამყაროს მეორე მხარეს შემოტრიალდები და მიხვდები, რომ, რა თქმა უნდა, სრულიად კანონზომიერად ხედავდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისიც კანონზომიერად, მაგრამ მცდარად დაგინახავს. ამას, მგონი, პარადიგმულ ცვლილებას ეძახიან. ალბათ, აქ იცვლება ადამიანი ყველაზე მეტად. ასეთი შემოტრიალება ჩემს ცხოვრებაში ბევრი მახსოვს. როცა ვხედავდი ერთს და აღმოჩნდა მეორე. ვცდებოდი. თუმცა, რომ არ შევმცდარიყავი, სიმართლესაც ვერასოდეს გავიგებდი. ასეთი მომენტები მახსოვს. მახსოვს იმიტომ, რომ ასეთ მომენტებში ვიცვლებოდი.

19 წლისა პირველად რომ წავედი გერმანიაში და იქ ვცხოვრობდი, ერთი ასეთი პატარა ამბავი დამამახსოვრდა. სადაც ვცხოვრობდი, ერთი ქართველი გოგოც ცხოვრობდა, ჩემამდე რამდენიმე წლით ადრე ჩასულიყო. მე გერმანულად საკმაოდ კარგად ვმეტყველებდი, ვწერდი, ყველაფერი მესმოდა... ერთხელ ჩემი მეზობელი პროდუქტების შესაძენად მიდიოდა და საყიდლების სიის შედგენა დაიწყო: სიის წერას გერმანულად შეუდგა: სტაფილო, კარტოფილი, ვაშლი... წერდა გერმანულად. მე გავღიზიანდი, თუმცა მისთვის არაფერი მითქვამს. ვიფიქრე, ვერაა ეს გოგო, რა დროს „Karotten“ და „Kartoffeln“ არის, ნეტა ერთი მოეშვას ამ სისულელეს და სიას ქართულად ჩამოწერდეს-მეთქი. გავიდა წლები და ახლა, როცა საკუთარ თავს ვუყურებ, რომელიც ხშირად გერმანულად უფრო მეტს საუბრობს, ვიდრე ქართულად, ვხვდები, რომ ეს ენა ისე შემოიჭრა ჩემს ცნობიერებაში, რომ სტაფილო და კარტოფილი კი არა, არ ვიცი, ვინმე რომ გამომეკიდოს, რა ენაზე დავიძახებ „მიშველეს“. აი, ასე შევიცვალე. მაშინ კი როგორი მიუტევებელი ვიყავი, როცა იმ გოგოს ეს ყველაფერი სიყალბეში ჩამოვართვი!..

ნეტა რამდენჯერ მოვასწრებ კიდევ ასეთი შემოტრიალებების აღმოჩენას?

მახსენდება, კახის ისევ ვერ დავურეკე.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG