Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნანა ნაზაროვა - უფლებადამცველი


12 მაისი, კვირა
უცნაურია, მაგრამ დღეს სახლში ვარ, შვილიშვილის დასახვედრად ვემზადები. ის მხოლოდ სამწლინახევრისაა და მთელი ჩვენი ოჯახის სამყაროს საწყისი და სანუკვარი საჩუქარია. სახლში შემოსვლისთანავე სიცილით გამოიქცა და გულში ჩამეკრა. აბა, მეტი რაღა უნდა „ბაბულინკას“!

ასე დაწვრილებით დღიური არასოდეს დამიწერია, მხოლოდ ვინიშნავ ხოლმე საკვანძო სიტყვებს - როდის ვის უნდა შევხვდე და რა უნდა გავაკეთო. ამდენად, ჩემს დღიურს ორი დროის ისარი აქვს: ერთი მომავლისკენაა მიმართული (რა არის გასაკეთებელი და ვის სად უნდა შევხვდე) და მეორე - წარსულისაკენ (რეალურად რა გაკეთდა).

ვფიქრობ, ეს კვირა რთული იქნება და მიმდინარე მოვლენების ანალიზი შეიძლება ემოციური და არაადეკვატური იყოს. ამიტომ ვეცდები, მხოლოდ მოვლენების ქრონოლოგიას მივყვე.

13 მაისი, ორშაბათი
დილა სტანდარტული წრიული მარშრუტით იწყება. სახლიდან 9 საათზე გამოვდივართ. მე სამსახურში მივდივარ, შვილიშვილი - საბავშვო ბაღში.

სამუშაო დღე ახალი ერთობლივი პროექტის განხილვით იწყება სომხური საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად. მათ სკაიპით ვუკავშირდებით. საქმე ეხება საქართველოსა და სომხეთის სასოფლო-სამეურნეო საზღვრისპირა რაიონებს. კარგი იქნება, იქ შეიქმნას მდგრადი განვითარების ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობები, სადაც გამოყენებული იქნება ქართული კომპანია „ბიო-არგოს“ მიერ დამზადებული ორგანული სასუქი. ეს ძალიან დიდი და ძვირადღირებული პროექტია. ამიტომ მოგვიწევს ხანგრძლივი მოლაპარაკებები დონორებთან, რაც არცთუ მალე მოგვცემს შედეგს.

ამიტომ დადგა საკითხი ჯერ მოკლევადიანი პროექტი გაკეთდეს. რაკი საქართველოსა და სომხეთს შორის კულტურული დიალოგის სურვილი არსებობს, სომხურ მხარეს ვთავაზობ, საზღვრისპირა რაიონებს შორის კულტურული გაცვლის პროექტი გავაკეთოთ. დიდხანს მომიწევს ამაზე ფიქრიც. არ მინდა, ეს პროექტი ყბადაღებულ საბჭოთა პერიოდის დროინდელ „ხალხთა შორის მეგობრობას“ დაემსგავსოს.
თავისუფლების დღიურები - ნანა ნაზაროვა
please wait

No media source currently available

0:00 0:14:28 0:00
გადმოწერა

სამცხე-ჯავახეთის მდგრადი განვითარების თაობაზე, ამჯერად უკვე მზა პროექტს, პრეზენტაციის მოსამზადებლად ვუგზავნი დათო ჩაჩანიძეს. პროექტის ძირითადი მიზანია, ადამიანები ნებაყოფლობით გაერთიანდნენ კოოპერატივებში.

საღამოს 5 საათისთვის ორი უზბეკი ქალი მომიყვანეს გამოსამშვიდობებლად. ისინი ბათუმიდან გამოექცნენ ტრეფიკერ ქალს და 16 იანვრიდან თბილისში იმყოფებიან. უკვე ორი წელია, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დასახმარებლად და მათთან სამუშაოდ ფულს არ მაძლევენ დონორები, მაგრამ როდესაც მჭირდება, მეგობრები უსასყიდლოდ მეხმარებიან. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავშესაფარში მოვაწყვე საცხოვრებლად. გოგონებს სურდათ, ჩვენება მიეცათ იმ ქალის წინააღმდეგ, ვინც ისინი მოატყუა და ექსპლუატაციას უწევდა. ეროვნებით ტრეფიკერიც უზბეკია. დაუსჯელობით გათამამებული, სრულიად გათავხედდა. უზბეკეთიდან ჯგუფებად ჩამოჰყავს გოგონები. ჰპირდება მათ მაღაზიაში, ფაბრიკაში, რესტორნებში მაღალი ხელფასით დასაქმებას, მაგრამ უკვე ბათუმში ჩამოსულებს, სხვადასხვა ხერხით პასპორტებს ართმევს და უკვე ღიად ეუბნება, რა სამუშაო უნდა შეასრულონ. გოგონები მიამბობენ, რომ პასპორტი სატელეფონო ბარათის საყიდლად გამოართვა, ვითომ უპასპორტოდ საქართველოში ტელეფონის სიმბარათი არ იყიდებოდეს. აბა, გოგონებმა რა იცოდნენ, და მისცეს. როდესაც პასპორტი ხელში ჩაიგდო, ხელი ცინიკურად დაირტყა გავაზე და პირდაპირ უთხრა: „საქართველოში მხოლოდ ეს იყიდება, სხვა სამუშაო არ არის. აქ რომ ჩამოგიყვანეთ და დაგასაქმეთ, ახლა ჩემი 5-დან 7 ათასამდე დოლარი გმართებთ, გადამიხადეთ ფული და მიიღებთ პასპორტებს“.

გოგონებმა საშინელ პირობებში თვენახევარი გაძლეს და, როგორც კი შანსი მიეცათ, უპასპორტოდ გამოიქცნენ. ბაქოს საკონსულოში დარეკეს, რომ გაერკვიათ, უპასპორტოდ როგორ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. საკონსულომ ჩემთან გადმოამისამართა - ის შეძლებს თქვენს დაბრუნებასო - და მეც დახმარება გავუწიე. საბოლოოდ, პოლიციამ ტრეფიკერი დააკავა და მას გოგონების საბუთებიც ჩამოართვა. სისხლის სამართლის საქმე ჯერ 143-ე მუხლით აღიძრა (ტრეფიკინგის თაობაზე), შემდეგ კი ის რატომღაც 150-ე მუხლით შეცვალეს - რაც იძულებას გულისხმობს. ტრეფიკერი დათანხმდა ჯარიმის გადახდას, მაგრამ ვერ შეძლო და საქმე უსასრულოდ გაიწელა... ამასობაში სამი თვე გავიდა, გოგონას უკან დასაბრუნებელ დოკუმენტს ვადა გასდიოდა და ამიტომ უკან დაბრუნება ისე მოუწია, რომ სასამართლოს ვეღარ დაელოდა.

განსაკუთრებით მეცოდება ერთი გოგონა, რომელსაც მცირეწლოვანი შვილი ავადმყოფ დედასთან ჰყავს დატოვებული. ტაშკენტში ჩვენს პარტნიორებს მივწერე, რომ დაეხმარონ გოგონას ბავშვსაც და დედასაც. მომწერეს, რომ დაეხმარებიან.

უკვე საღამოს ჩავუჯექი პროექტს, აჭარაში შუა აზიიდან ჩამოსული მიგრანტების პრობლემების შესწავლა... ბათუმში ყოფნისას, სასამართლო ექსპერტმა მითხრა, რომ უზბეკი ქალები ხშირად უნახავს ვენებგადაჭრილი და ნაცემი. მასთან, რა თქმა უნდა, მხოლოდ ასეთ შემთხვევებში ხვდებიან, მაგრამ აუცილებელია გაირკვეს, რამდენია ასეთი შემთხვევა. ეს გამოკვლევა ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.

დილის 4 საათამდე ვიმუშავე. სამაგიეროდ, პროექტი მზადაა!

14 მაისი, სამშაბათი
პროექტი სახელმწიფო სტრუქტურებს გავუგზავნე. აუცილებელია იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ასევე, სახალხო დამცველის რეკომენდაციები. მათი, ვისაც საქართველოში ადამიანებით ვაჭრობის პრობლემების გადაწყვეტა ევალება.

ფეისბუკზე ივანიშვილი ახალგაზრდა იურისტების ასოციაციას შენიშვნას აძლევს, რომ მათ უფლებამოსილებას გადააჭარბეს. დავფიქრდი: მაინც, რა არის სამოქალაქო საზოგადოება? საინტერესო მასალები ვიპოვე ფიქრისა და განსჯისათვის.

დღის ბოლოს მივიღე სახალხო დამცველის მოადგილის, პაატა ბელთაძისგან რეკომენდაცია პროექტზე. სახალხო დამცველის აპარატი ოპერატიულად მუშაობს. მაქვს რეკომენდაცია უზბეკი პარტნიორებისგანაც. უკვე შეიძლება პროექტის გაგზავნა, მაგრამ სამინისტროებიდან პასუხი არ ჩანს, ჯერ კითხულობენ. აუცილებლად მჭირდება მათი შენიშვნები და რეკომენდაციები. აუცილებელია მათი დახმარება პროექტის რეალიზაციის დროს.

15 მაისი, ოთხშაბათი
აპრილის დასაწყისიდან მიმდინარეობს ფოკუსჯგუფების მომზადება სამშობლოში დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის საკითხებზე კახეთში, შიდა ქართლსა და მცხეთა-მთიანეთში. ჩვენი ორგანიზაციის, ადამიანის ჰარმონიული განვითარების ხელშემწყობი საზოგადების, პროექტია.

16 მაისს თელავშია შეხვედრა, 17-ში კი - გორში. კიდევ ერთხელ ვრეკავ, ვაზუსტებ ჯგუფების შემადგენლობას, განსახილველ საკითხებს. თითქოს ყველაფერი მზადაა. კახეთში მაჟორიტარ დეპუტატ სამხარაულის ოფისი და გორში განვითარების სააგენტოს დირექტორი ეკა ჯაფიაშვილი რომ არ მყოლოდა, ძალიან გამიჭირდებოდა ფოკუსჯგუფების ორგანიზება...

საღამოს ფეისბუკს გადავხედე, ყველა თემა გადაფარა 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ დაგეგმილმა აქციამ. ვკითხულობ კომენტარებს.

უცებ ფეისბუკზე სესეგმა გამოჩნდა. ჩვენი პარტნიორია, ლინკს მიგდებს და მწერს, რომ ვიდეო აუცილებლად ვნახო: ეს თურქეთში ხდება, ადამიანებით ვაჭრობა. გოგონას ცოცხლად მარხავენ, რომ პროსტიტუცია აიძულონ. ეს ვიდეო ტელეფონში ჩაწერილი უპოვეს ერთ ქართველს და ახლა სასამართლო მიმდინარეობს. ვპასუხობ, რომ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ზღაპარი მგონია. „არა, ნამდვილი ამბავია, დღეს ტრენინგი გვქონდა და თვითონ მოსამართლემ და პოლიციელებმა გვიამბეს ამის შესახებ“- მწერს სესეგმა.

ვუყურებ ვიდეოს. საერთოდ, წინააღმდეგი ვარ ამგვარი მასალის იუტუბზე გამოქვეყნებისა. ჩვეულებრივი ადამიანისთვის ამ საშინელების ყურება ძალიან ძნელია, ხოლო კრიმინალები უბრალოდ „გადაქაჩავენ“ და ამით დააშინებენ თავიანთ მსხვერპლთ. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე 2000 წლიდან ვმუშაობ და უამრავი ამბავი მინახავს და მომისმენია, ამ კადრების ყურება ჩემთვისაც კი ძნელია. მაინტერესებს, რომელი ქვეყნიდანაა გოგონა? კავკასიელია თუ შუააზიელი? ძალიან გამართული რუსულით ლაპარაკობს, მაგრამ მსუბუქი აქცენტი აქვს. ამიტომ ემოციებს განზე ვდებ და მეორედ, დაკვირვებით ვუყურებ კადრებს. დიახ, ეს მხოლოდ დაშინებაა: ორმო არაა ისეთი ღრმა, რომ შიგ ადამიანი დაიმარხოს. მაგრამ კაცი მსხვერპლს ორმოში აგდებს, თავზე ცალ ფეხს აჭერს, რომ არ ამოძვრეს და მიწას აყრის, მერე ზემოდან ფეხებით დგება და გამეტებით ტკეპნის. თავში ბარს არტყამს ბრტყელი მხრით და ეუბნება: „გაჩუმდი, მოკეტე!“ - ეუბნება საქმიანად და უემოციოდ. გოგონა ხომ გაუჩერებლად ყვირის...

„პროფესიონალია“, ვიდეო შეფისთვისაა განკუთვნილი, ანგარიშის ჩასაბარებლად... ლინკი პარტნიორებს გადავუგზავნე ბაქოში. ისინი თვლიან, რომ გოგონა, სავარაუდოდ, ჩეჩენია. მძიმე საღამოა...

16 მაისი, ხუთშაბათი
თელავში ვართ. შეიკრიბა სოციალური, თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფი. დაბრუნებული მიგრანტების პრობლემებზე ვსაუბრობთ. აღმოჩნდა, რომ ექსპერტთაგან ნახევარზე მეტს უცხოეთში ყოფნის გამოცდილება აქვს. ორი უმაღლესი განათლებითაა - აქაურით და უცხოურით. დაბრუნდნენ ოჯახური მდგომარეობის გამო. უმეტესად ბრუნდებიან, როდესაც მშობლები ცუდად ჰყავთ და მოვლა სჭირდებათ. ჩამოდიან და... უმუშევრები რჩებიან! სამსახურს ზოგიერთი ორი-სამი წელი ეძებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გაუმართლათ, საერთაშორისო ორგანიზაციებმა აიყვანეს სამსახურში.

ჩვენი კვლევის შედეგებითაც ვიცოდით, რომ ადამიანები უცხოეთიდან იმიტომ არ ბრუნდებიან, რომ იციან, მათი ადგილი სამშობლოში დაკარგულია - აღარ არის. ამავე დროს მათთვის ძნელია იმასთან შეგუება, რაც აქ ხვდებათ, რადგან სხვა საზოგადოებაში მიეჩვიენ ცხოვრებას და მუშაობას.

შეხვედრის დროს წვიმა დაიწყო და სეტყვა აკაკუნდა. ადამიანები უცებ დაიძაბნენ, ზოგი გარეთ გავარდა. სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები ისევ არ არის, მოსავალს ისევ საფრთხე ემუქრება.

სამინისტროდან რეკომენდაციები ისევ არ ჩანს...

17 მაისი, პარასკევი
დილით პარლამენტთან უკვე ხალხი იდგა. როდესაც ჩვენ გორში მივდიოდით, სიწყნარე იყო.

გორში ექსპერტები ადამიანურ გაჭირვებაზე ჰყვებოდნენ. ყველა რეგიონს თავისი სპეციფიკა აქვს და გამოხატვის ფორმებიც განსხვავებულია. გორში სატკივარს უფრო ემოციურად გადმოსცემენ, ვიდრე სხვაგან. აქაურები უმეტესად თურქეთში მიდიან სამუშაოდ. ბევრი მამაკაცი ხდება იძულებითი შრომის მსხვერპლი. ექსპლუატაცია და ტრეფიკინგი აქ თითქოს ჩვეულებრივი ამბავია. იმიტომ, რომ არალეგალურად მუშაობენ.

წამოჭრეს მიწის საკითხი. მსჯელობენ, ვის და როგორ მიეყიდა; ამის გარკვევა აუცილებელიაო. დაბრუნებული მიგრანტებისთვის შეღავათები უნდა დაწესდეს, რომ ინვესტირება შეძლონ.

ექსპერტები, რომლებიც გორში და თელავში დაგვხვდნენ, ძალიან გონებამახვილები და კრეატიულები არიან. მათთვის ყველაზე უკეთ არის ცნობილი ადგილობრივ პრობლემები და პოლიტიკის შემუშავებისას მათი აზრის გათვალისწინება აუცილებელია. მადლობა პროექტს G-PAC (საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში), რომ ამ გულანთებულ და გონიერ ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება მომეცა. დარწმუნებული ვარ, ერთად ჩვენ მოვახერხებთ დაბრუნებული მიგრანტებისთვის სათანადო სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას.

ვბრუნდებით თბილისში. ხმაური, სკანდალი. რუსთაველი გადაკეტილია...

კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ჩვენი თაოსნობით მიმდინარე პერსონალური განვითარების ტრენინგები ერთადერთი საშუალებაა, თავიდან აიცილო მანიპულაციები, ადამიანს ყოველ ფეხის ნაბიჯზე რომ ხვდება ტელევიზიით, მეგობრებისგან, ნაცნობებისგან, პოლიტიკოსებისაგან, მასწავლებლებისგან...

საღამო შვილიშვილთან ერთად გავატარე, საღებავებით ვხატავდით ცისარტყელას.

18 მაისი, შაბათი
დილიდან სასიამოვნო სიურპრიზი მელოდა: ქალიშვილი და სიძე, თავიანთ მასწავლებელ ალისთან ერთად, ოფისში მესტუმრნენ. ალი ირანელია, 12 წელი გაატარა ჩინეთის მონასტრებში, სადაც ტაი-ჩის სწავლობდა. მასა და მის კოლეგებს გადაწყვეტილი აქვთ, თბილისში დააფუძნონ ტაი-ჩის ფედერაცია, მოიწვიონ მასწავლებლები ჩინეთიდან, ბავშვებს უფასოდ ასწავლონ. ძალიან სასარგებლო საქმე იქნება ჩვენი საზოგადოებისათვის.

ვუბრუნდები ჩემს დღიურს...

და კიდევ ერთხელ: რა არის სამოქალაქო საზოგადოება? განვითარების რომელ საფეხურზე ვდგავართ? რამდენად ხელშეუხებელია პიროვნება და კერძო საკუთრება? თუ პიროვნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის საფუძველს წარმოადგენს კერძო საკუთრების უფლება, მაშინ როგორ ხდება ამ უფლების რეალიზაცია?

მე არ ვიცი პასუხი ამ კითხვებზე.

დღეს ვიმკით იმას, რაც გუშინ დავთესეთ...
XS
SM
MD
LG