Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატა ბუაჩიძე - მხატვარი


18 სექტემბერი, კვირა

დღეს კვირაა. მაგიჟებს ეს კვირა! არა, კონკრეტულად ეს კვირა კი არა, ზოგადად, კვირა დღე! რამდენი მოლოდინია: ამას გავაკეთებ, იმას გავაკეთებ, დავისვენებ, არაფერს გავაკეთებ... და მოლოდინი, უმეტეს შემთხვევაში, არ მართლდება. თან ცოტაა ერთი კვირა დღე და არასდროსაა საკმარისი.

აი, უკვე ბოლო 17 წელია, ეს ერთადერთი დღეა, როდესაც არ ვმუშაობ ან ვამბობ, რომ არ ვმუშაობ. მთელი ეს დრო ახალი წლის ათვლა ჩემთვის 1 იანვრიდან კი არა, ახალი სასწავლო წლით იწყება. ჰოდა, ხვალ ახალი წელია ჩემთვის, 19 სექტემბერი!

დღეს ჩემი თავისუფლების ბოლო დღეა. იმდენი წვრილმანი დარჩა მოსამზადებელი... ახალი წლისთვის ხომ ყველა ემზადება, ემზადება ჩვენი სტუდიაც. გოზინაყი არ გვექნება, მე არც გოზინაყი მიყვარს და არც ტრადიციების მიმდევარი ვარ, თან ვგიჟდები სტერეოტიპების დანგრევაზე. ზუსტად ამიტომ დაიწყო ყველაფერი 17 წლის წინ, ისიც − შემთხვევით. მე ერთი თავისუფალი მხატვარი ვიყავი იმ დროს, თავისუფალი გრაფიკით, უფრო სწორად, გრაფიკის გარეშე. არც კვირის დღე ვიცოდი, არც რიცხვი, არც საათი მქონდა და არც მაინტერესებდა. ვხატავდი დღისითა და ღამით, კვირადღეს, დასვენების დღეებში, სამუშაო დღეებში. ჩემთვის სულ სამუშაო დღეები იყო: ვხატავდი, ეს იყო ჩემი მუშაობა. გამოფენებს ვაწყობდი, ნახატებს ვყიდიდი, მოკლედ, საკმაოდ ეგოისტურად ვცხოვრობდი, სამყარო ჩემ გარშემო ტრიალებდა! და ერთ მშვენიერ დღეს ახლობელმა მკითხა, ბავშვებს ხომ არ ასწავლი ხატვასო? გამეცინა. „გამორიცხულია! არა! არა! და არა!“ − იყო ჩემი პასუხი. რატომო, მკითხა ახლობელმა. იცით, დიდად არც ბავშვები მიყვარს და თან მე თვითონ ვხატავ-მეთქი, ვუპასუხე. ერთი წლის შემდეგ პირველი შვილი შემეძინა, სონია (წელს სრულწლოვანი გახდა და დამოუკიდებლად ცხოვრობს და სწავლობს საფრანგეთში). ჩემდა გასაოცრად, იმ ჩემმა ახლობელმა კიდევ ერთხელ მთხოვა, უკვე სამი ბავშვია მსურველიო (ასე, რვა-ცხრა წლის იქნებოდნენ) და ხომ არ მოამზადებ ხატვაშიო. ცხოვრების იმ ეტაპზე, რადგან უკვე სონია მყავდა, მივხვდი, რომ ბავშვები მაგარი ტიპები არიან, ხშირ შემთხვევაში უფროსებზე უკეთესიც! ამიტომ ჩემი ერთი წლის წინანდელი პასუხი არაადეკვატური მეჩვენა, შემოთავაზებაზე დავფიქრდი და გამოვიტანე დასკვნა: ბავშვებს, 15 წლამდე მაინც, როგორ შეიძლება ხატვა ასწავლო?! მათ ხომ იმოდენა შინაგანი სამყარო აქვთ, იმდენი ფანტაზია, ისეთი პოტენციალი, ხატვა რომ ასწავლო, ხომ ჩასვამ მუდმივ ჩარჩოში, რომელსაც ან დააღწევს თავს, ან ვერა.

ჩარჩოები არ მიყვარს და არასდროს მიყვარდა (ნამუშევრებს ახრჩობს). ასე რომ, რადგან ბავშვები შემიყვარდა და მათი „დახრჩობა“ აღარ მინდოდა, და თან ჩემი ახლობლისაც მომერიდა, სამი მოსწავლე ავიყვანე! ოღონდ მშობლებს ვუთხარი, მე ხატვას არ ვასწავლი, ჩვენ უბრალოდ ერთად დავხატავთ-მეთქი. მშობლებმა ალმაცერად შემომხედეს და, მგონი, თვითონ ვეღარ მითხრეს უარი ეგრეთ წოდებულ ხატვის გაკვეთილებზე... და დაიწყო ეს დიდი ექსპერიმენტი, ყველაზე სახალისო და რთული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში. ასე იქმნებოდა ნელ-ნელა ის თავისუფალი სივრცე, სადაც არავის ეშინოდა არაფრის, არც შეცდომების დაშვების, არც სისულელეების კეთების... ნამდვილი შემოქმედებითი პროცესი ხომ ლაღია და სტერეოტიპებს არ ექვემდებარება. ასე იწყებოდა ჩვენი სტუდია, მე და სამი ბავშვი. ვხატავდით კედლებზე, ჭერზე, ქუჩებში, გავაკეთეთ უამრავი აღმოჩენა, ვსწავლობდით ერთად და, რაც მთავარია, ვიყავით ბედნიერები.

ბედნიერება გადამდებიაო, ამბობენ და დღეს ამ ბედნიერებას 350 ბავშვი იზიარებს სტუდიაში, 20 მასწავლებელი უზიარებს (და არა აზიარებს)! ისე, ვინ ვის უზიარებს, საკითხავია, სწავლის პროცესი ხომ მუდმივი გაცვლა-გამოცვლაა. ხშირად მეკითხებიან, რა არის თქვენი სტუდიის წარმატების საიდუმლოო? ჰაჰა! ჯერ ვიფიქრებ, გიპასუხოთ თუ არა, ეს ხომ საიდუმლოა! სანამ ვფიქრობ, თან ცოტას მოვუყვები ამ ჩემს დღიურს სტუდიაზე, იქნებ თვითონ მიხვდეს... თან დღეს ხომ კვირაა და ცოტა მეტი დრო მაქვს.

ახლა დავბრუნდეთ ათი წლით უკან. ბევრი საინტერესო მეგობარი მყავს, უნიჭიერესი ხალხი. ნელ-ნელა ამ ჩემი ნიჭიერი მეგობრებიდან ზოგს მე ვთავაზობდი ნაირ-ნაირ კლასებს, ზოგიც თვითონ მთავაზობდა. მერე უფრო შორს წავედით, დავინახეთ, რომ კარგი შედეგები გვაქვს, ვიფიქრეთ, რატომ არ ვცადოთ, ცოტა უფრო აკადემიური დისციპლინის დანერგვა იმავე მეთოდით (მეთოდში ვგულისხმობ შემოქმედებით მიდგომას), და გამოგვივიდა კიდეც. დღეს სტუდიაში რამდენი შემოქმედებითი კლასიც არის, იმდენივეა უცხო ენის კლასი. წელს უმთავრესად ინგლისურია, უნიჭიერესი ინგლისურენოვანი მასწავლებლებით. შედეგი: ბავშვები ენას სწრაფად და ეფექტიანად სწავლობენ. თან არ ბეზრდებათ, არ სწყინდებათ და სიხარულით მორბიან გაკვეთილზე. დავუბრუნდე შეკითხვას? „როგორ? როგორ ახერხებთ ამას???“ მე მაინც არ გიპასუხებთ, მაგრამ ეს ჩვენმა მოსწავლეებმა იციან და თვითონ გიპასუხებენ. აი, რა თქვა ერთ-ერთმა მოსწავლემ: „სტუდიაში ისე გვასწავლით და ჩვენ ისე ვსწავლობთ, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ გვასწავლით.“ ამაზე მარტივად და ამომწურავად ვერ ვიტყოდი! ვაიმე, რამდენი ვილაპარაკე, დღიურიც კი დაიღალა! წავედი სტუდიაში, მერე რა, რომ კვირაა... ხვალ ხომ ახალი წელია!

თავისუფლების დღიურები - ნატა ბუაჩიძე
please wait

No media source currently available

0:00 0:14:53 0:00

19 სექტემბერი, ორშაბათი

დღეს ჩემი ახალი წელია! სტუდია იწყება!!! რაკი სტუდია ვახსენე, არ შემიძლია, არ დავწერო ცოტა რამ ჩემს ყველაზე ფასეულ თანამშრომელზე. მის გარეშე დღეს ვერ მოვასწრებდით დაწყებას, ის ხომ ჩემი მარჯვენა ხელია, მარჯვენა ფეხია და ორივე თვალია! ოქროს გოგოა თამუნა, თან ფერადია, თან ჭკვიანია, თან ლამაზი, და თან როგორი მოწესრიგებული, პასუხისმგებელი და ერთგული ადამიანი! კიდევ კარგი, მყავს! რა კარგია, როცა გიმართლებს. ისე, კაცმა რომ თქვას, ყველა ასეთი მყავს გარშემო: თანამშრომელიც, მეგობარიც, ნაცნობიც... რა კარგია! ცოტა ვნერვიულობ, ეტყობა. წავედი სტუდიაში.

...დავბრუნდი სახლში, ვერ ვლაპარაკობ, შესაბამისად, ვერც ვწერ, საშინლად დაღლილი ვარ, მაგრამ ბედნიერი. რთული დღე იყო მაინც, ახალ წელს 1 იანვარიც რთული დღეა, მერე რა, რომ 19 სექტემბერია... მოკლედ მოვყვები, თორემ დამეძინება. დღეს სტუდიის პირველი დღე იყო. ეს უკვე ვთქვი არაერთხელ, მაგრამ ხომ შეიძლებოდა მთელი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ერთი საათით ადრე კომპი არ გაფუჭებულიყო, ნათურა არ გადამწვარიყო და ინტერნეტი არ გათიშულიყო? არა, ეტყობა ასე იყო საჭირო, რომ მე ბევრი კეთილი ადამიანი აღმომეჩინა და დამეფასებინა. მადლობა მათ ყველას და მთელ სამყაროს, ძილი ნებისა, მიყვარს ყველა...

უკაცრავად დე... უკაცრავად მა, რომ არ შეგეხმიანეთ! ვიცი, როგორ გაინტერესებდათ სტუდიის პირველი დღის ამბები...

20 სექტემბერი, სამშაბათი

დღეს ადრე უნდა მივიდე სტუდიაში, დილას ყველაზე საყვარელი ჯგუფი მოდის, ოთხი-ხუთი წლის ხალხია, ბავშვი რაც უფრო პატარაა, მით უფრო ჭკვიანია, ხომ ასეა? ვგიჟდები ამ ჯგუფზე, ინგლისურის ჯგუფია, „ითამაშე და ისწავლე“ ჰქვია და ზუსტად ის არის, რაც ჰქვია. სასწაულია, მასწავლებელიც და ბავშვებიც... თან წლის ბოლოსკენ ეს პატარა უსაყვარლესი არსებები ინგლისურად ილაპარაკებენ. დღეს პირველად მოვიდნენ, არავის უტირია, ყველა გაღიმებული იყო − ბავშვიც და მშობელიც. გაკვეთილის მერე კი ისეთი მეილი მივიღეთ ერთ-ერთი მშობლისგან, მეც და თამუნასაც თვალები სიხარულის ცრემლებით აგვევსო. ეს ძალისხმევა, სტუდიას რომ სჭირდება, ღირს ამ მომენტებად. საერთოდ, ვგიჟდები კომპლიმენტებზე! ვის არ უყვარს, უბრალოდ არ ამჟღავნებენ.

ყველაფერი კარგადაა!!! ყველა კარგადაა! მეორე დღე უფრო მარტივი გამოდგა, არაფერი მომხდარა გაუთვალისწინებელი: ოთხი ინგლისურის ჯგუფი, ერთი ხატვის, ერთი ხელოვნების ისტორიის, თითო ჯგუფში − ათი ბავშვი, სულ 60 ბავშვი და ამდენივე მშობელი, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ზოგს ორივე მშობელი მოჰყვება, და ზოგსაც ბებია-ბაბუა და ძიძაც... კიდევ კარგი, მიყვარს ხალხთან ურთიერთობა! ამასობაში ცხრა საათი გახდა და სტუდიის მეორე დღე დასრულდა. სახლში მივქრი... დღეს ჩემს საფრანგეთში მცხოვრებ ზრდასრულ შვილს და ჩვენს სახლში დარჩენილ ოჯახს ერთობლივი კულინარიული სესია გვაქვს. ავხსნი: სონია სტრასბურგში და ჩვენ თბილისში ვაკეთებთ ერთსა და იმავე კერძს, ერთსა და იმავე დროს. მაგარია, არა? თან გემრიელი: ქათმის ფილე პესტოს სოუსით და სონიასთვის მოცარელათი და ჩვენთვის სულგუნით. რა ვქნა? საკვების მომზადების და მიღების პროცესი მხიბლავს, ჩემი შვილი კი საშინლად მენატრება.

21 სექტემბერი, ოთხშაბათი

კარგი დილაა, მზიანი და ნათელი, თან სუსანა უნდა მოვიდეს (კვირაში ერთხელ დადის და სახლის საქმეებში გვეხმარება). ჩვეულებრივზე უფრო მხიარულად გავიღვიძე სუსანას მოლოდინში. მაგრამ ეს ცხოვრება ხომ ხანდახან მუხანათია! ტელეფონი რეკავს (ნეტა არ დაერეკა) და მატყობინებს, რომ სუსანა, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს მოსვლას... პარალიზებული ვრჩები და თავს ვიმშვიდებ: მე მაინც მთელი დღე სტუდიაში ვარ, ჩემი შვილი ილუშა სკოლის მერე ხომ სტუდიაში მოდის, ხან რაზე დადის და ხან რაზე? რა ენაღვლება, დირექტორის შვილია... ჩემი მეორე შვილი თბილისშიც კი არ არის, ჩემი ქმარი მთელი დღე თავის არქიტექტურულ ბიუროშია ან ობიექტებზე, მოკლედ სახლში მაინც არასდროს არავინაა და რად გვინდა ეს დალაგება! ცოტა დავწყნარდი და წყნარად შემიძლია ვიფიქრო საქმეებზე. სტუდიის მესამე დღე, ალბათ, უფრო მარტივი იქნება, ვიდრე პირველი ორი. თავს ვიმშვიდებ და ვფიქრობ საუზმეზე, დილას უყავოდ საქმეებზე ფიქრი როგორ შეიძლება?!

წავედი ყავის დასალევად... უკვე დავბრუნდი, ვახ! ეს დღე, ეტყობა, მართლა მძიმეა: ყავა აღარ გვქონია, ვწყვეტ დღიურს, თორემ პესიმიზმის მორევში გადავვარდები, რაც დიდად არ მხიბლავს. ვინ გაცადა ცხოვრების უსამართლობაზე ფიქრი? დილიდან დაიწყო რეკვა დაჯგუფების გაცვლა, უი, „ტენისი“ დაგვემთხვა, სკოლიდან ვერ ვასწრებთ მოსვლას, ბიძაშვილთან გვირჩევნია ჯგუფში, უი, ადგილი აღარ გაქვთ?.. თან ეს კომბინაციები აღარ დამთავრდა, რაღაც აზარტული თამაშივითაა ან თავსატეხი! თუ აეწყო, გიხარია, თუ არა და, არ იცი, რა წყალს მისცე თავი! ა, წყალზე გამახსენდა, დილას წყალი არ მოდიოდა, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად!

სტუდიიდან მხოლოდ ათის წუთებზე დავბრუნდი, ისიც ცოცხალ-მკვდარი. კიდევ კარგი, ჭიქა-ნახევარი შავი მშრალი ღვინო ვიპოვე (ღვინო მხოლოდ მშრალი უნდა დალიო)! კარგი დღე იყო მაინც. უბრალოდ, აცივდა და ქარიც ცივი უბერავს, მე კი სიცივის მეშინია...

22 სექტემბერი, ხუთშაბათი

ახალი წლის მეოთხე დღე გათენდა. ამ ბავშვების გადამკიდე, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ ჩვენი სტუდია მხოლოდ ბავშვებისთვის არ არის, ზრდასრული ადამიანებიც დადიან. პირობითად „მშობლების“ ჯგუფს ვეძახით და დღეს ერთი ასეთი ჯგუფი იწყება, თამუნა მელიქიშვილის ხელოვნების ისტორიის კურსია, ამ ჯგუფში მეც მოსწავლე ვარ. იმედია, თამუნა მელიქიშვილი არავის აერევა თამრიკო მელიქიშვილში. ჩვენს სტუდიაში ორი თამარ მელიქიშვილი ასწავლის, თან ორივე მხატვარია და ორივეს ხატვა-ხელოვნების ჯგუფი აქვს. ფილმის სიუჟეტია, რა! ადვილი წარმოსადგენია მშობლების გაოგნება, როდესაც ვეკითხები, თამარ მელიქიშვილთან გირჩევნიათ ხელოვნების ისტორიის ჯგუფში თუ თამარ მელიქიშვილთან ხელოვნების ისტორიის ჯგუფში-მეთქი. ბუღალტერიც წვალობს თამარ მელიქიშვილებით, მათ შორის სულ რაღაც ორი წელია განსხვავება და რადგან ბუღალტერს მათი პასპორტების ასლებიც აქვს, ერთს „დიდს“ ეძახის და მეორეს − „პატარას“. „დიდი“ ბრაზობს, რასაკვირველია.

დღეს სკოლაში ვარ დაბარებული უმცროს შვილთან. გული მისკდება, ნეტა რას მეტყვიან. თან, რა დროს ეს იყო ამ სასწავლო წლის დასაწყისის გადატვირთულობის აპოთეოზის გაგანია ცაიტნოტში? ვაი!

დღეს არა მგონია, დღიურს დავუბრუნდე, ისე გვიან მოვდივარ სახლში. სტუდიისკენ ჰერი-ჰერიიი!

23 სექტემბერი, პარასკევი

„პარასკევი, 23 სექტემბერი.“ დღიურში ჯერ დღეს ვწერ და მერე რიცხვს, თან სრულიად გაცნობიერებულად. ორივე აქტუალურია, მაგრამ მე უფრო დღეებით ვცხოვრობ. დილას რომ ვიღვიძებ, თუ სწორად გამახსენდა, რა დღეა, ვიწყებ ცხრილის გახსენებას. ეს არასდროს მეშლება და ვცხოვრობთ ასე მე და ცხრილი: დღეებით, საათებით, წუთებით.

საინტერესოა, ის სამი ბავშვი შემთხვევით რომ არ ამეყვანა 17 წლის წინ, რა გამახსენდებოდა დილაობით ცხრილის მაგივრად? რა ბედნიერი ადამიანი ვარ, რამდენი ბავშვის სიყვარული დავიმსახურე! ეს ხომ ნამდვილი ფუფუნებაა, თან ბავშვები ხომ უფროსები არ არიან ჯერ და ურთიერთობები სულ სუფთა აქვთ და წრფელი, ბავშვებს ვერ მოატყუებ. მეც, ალბათ, დიდი ბავშვი ვარ, არა მგონია, ახლა დავიწყო გაზრდა −ნახევარი საუკუნის გავხდები ერთ-ორ წელიწადში...

ამასობაში დამავიწყდა, დღეს რა დღეა? ა, ხო, პარასკევი! დღიურის წერა კარგია, მაგრამ როგორც ყველაფერი, რასაც გარკვეული დროის განმავლობაში აკეთებ, რუტინად იქცევა და ცოტა გბეზრდება. თან ცხოვრობ, თან აღწერ ამ ცხოვრებას, შეიძლება უკეთ გესმის, როგორ ცხოვრობ და რატომ ცხოვრობ, მაგრამ ხანდახან გინდა, უბრალოდ, იცხოვრო.

დღეს პარასკევია, მე კი უკვე შაბათზე ვფიქრობ. შაბათი ყველაზე დატვირთული დღეა ჩემთვის, ყველაზე გრძელი სამუშაო დღე არასამუშაო დღეს. ფსიქოლოგიურად უფრო რთულია ამ დღეს მუშაობა, მაგრამ აი, უკვე რამდენი წელია ვმუშაობ და არც ვწუწუნებ, ახლაც, უბრალოდ, ფაქტს აღვნიშნავ...

ევრიკა! მგონი, რაღაც ახალი მოვიფიქრე, დღეს დავწერ ხვალის დღიურს, ასე არ ხდება? რატომაც არა, მე ხომ თავისუფალი ვარ, დღიურის წერის წესებიც არსებობს? არ ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს? ოღონდ, ეს იქნება ვითომ... როგორი დღე მინდა, რომ მქონდეს ხვალ.

24 სექტემბერი, შაბათი

დავიწყე, ოღონდ ადგილები შევუცვალე დღეს და რიცხვს.

...დილა არის საამური, ჩიტები ჭიკჭიკებენ, ზღვის ტალღების ხმა ისმის შორიდან (არა, მგონი მდინარეა, ვერ გადამიწყვეტია, რომელია, არა უშავს), ვიღვიძებ დიდ ფუმფულა საწოლში (ჩემი რეალური საწოლი ძალიან მაგარია ჩემთვის, მაგრამ ხერხემალს მოსწონს) და სრულიად ბედნიერად ვგრძნობ თავს, ვარ მარტო (მიუხედავად იმისა, რომ ვგიჟდები ჩემს ქმარზე და ოჯახზე, სრულიად მარტო ყოფნა მომენატრა) და საუზმეზე ვფიქრობ, ნამდვილ საუზმეზე (პერიოდულად დილაობით რაღაც საშინელ პროტეინის კოქტეილს ვსვამ, ჯანმრთელობისთვის კარგიაო, ამბობენ, და მხოლოდ ორ საათში ვსაუზმობ ადამიანურად). საუზმის შემდეგ გავრბივარ (სად გავრბივარ?) ცვრიან მინდორზე ფეხშიშველა და ვღიღინებ (ბასტა!!! რა სისულელეა, ტკბილი და სრული სიურრეალიზმი). დღეს რა დღეა? შაბათიოოოო?! რამდენი საქმე მაქვს! წავედი, მივხედე საქმეებს!

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG