Accessibility links

logo-print
18 აგვისტო, კვირა
აპრიორი საჯაროდ წასაკითხად დაწერილი დღიური გულწრფელი და ინტიმური ვერ იქნება. და, საერთოდ, მე მგონი, არაფერია იმაზე ვულგარული, ვიდრე საშუალო სტატისტიკური გადმოცემის ნიჭის მქონე ადამიანის დღიურის კითხვა. მადლობა რადიო თავისუფლებას ჩემით დაინტერესებისთვის. ვეცდები ლაკონური ვიყო და ფაქტების კონსტატაცია ვაკეთო სოციალური ქსელის მესიჯების საუკეთესო ტრადიციებით.

11 ივლისს პირველი პარტიზანული გასვლა გვქონდა სანაპიროზე, ალიევის მონუმენტის გაყოლებაზე, 12 კატალპა (ცატალპა) დავრგეთ, რომელიც აქ, ზაჰესის მეურნეობაში დათესეს და გაზარდეს ბავშვებმა.

ამ ადგილს (ალიევის მონუმენტის გარშემო) დიდი ხანია ვაკვირდები. ადრე ჭადრები იდგა და ესტაკადის მშენებლობას შეეწირა. მერე დარგეს ხეები და გაახმეს, სამჯერ ჩაანაცვლეს და სამივეჯერ გაახმეს. ბოლოს დარგული ცაცხვებიც რომ გახმა, გადავწყვიტე, ჩავრეულიყავი. თან, უკითხავად.

ინტერნეტში თბილისის 70-80-იანი წლების ფოტოებს რომ ვუყურებ, თვალში მხვდება კონტრასტი - რამდენად გამწვანებულია დღევანდელთან შედარებით.
ფეისბუკის გვერდზე ბევრი მსურველი და ენთუზიასტი შევიკრიბეთ და ეს არცთუ ისე ხანგრძლივი ნაცნობობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. დარგვის აქციებზე პოზიტიური მუხტია, რაც დიდი ხანია სოციუმში არ მიგრძვნია.

ხვალ ვარაზისხევის და მელიქიშვილის კუთხეში აქცია გვაქვს. ნერგები უნდა გადავაწყო, ხელსაწყოები და ხელთათმანები მოვამზადო, წყალი ავავსო და სოციალურ ქსელში შევამოწმო პარტიზანების მზადყოფნა.

19 აგვისტო, ორშაბათი
დღეს აქცია გვქონდა – ვარაზისხევში ბუჩქები და მრავალწლიანი ყვავილები დავრგეთ. როგორც ყოველთვის, კარგი და სულ სხვადასხვანაირი ხალხი მოვიდა, სიამოვნებით ვიმუშავეთ და სასიამოვნოდ დაღლილი დავბრუნდი სახლში. ფეისბუკის ჩართვისას, კმაყოფილების გრძნობა ეგრევე ჩამიქრა – ინფო დამხვდა: სანამ ჩვენ ბუჩქებს ვრგავდით, ორი დიდი, საღი ჭადარი მოუჭრიათ სიონის წინ, სანაპიროზე. ერთადერთი მიზეზი, რაც შეიძლება ვივარაუდოთ, ეს არის: ალბათ, რიყის მხრიდან სიონის ხედს ფარავდა (ეს, რაც შევიტყვეთ. კიდევ რამდენი და სად მოასწრეს, ნეტა?)

მარტო ბოლო ორი თვის განმავლობაში სარეკრეაციო სტატუსი მოეხსნა კუს ტბაზე, „ციყვების დასახლების“ ტერიტორიას, სადაც რესტორნის ჩადგმას გეგმავენ; გაჩეხვას უპირებენ ასათიანზე, ყოფილი ფსიქიატრიული კლინიკის ბაღს, ინფექციური საავადმყოფოს ბაღს; გლდანში დიდი ფიჭვებიანი ტერიტორიაა შემოფარგლული და მშენებლობისთვის გამზადებული; წავკისში გზა გაჰყავთ ყველაზე მწვანე ზოლზე (შესაძლებელია ალტერნატიული, შემოვლითი გზის გაყვანა, მაგრამ ეზარებათ); ტრავერტინების ნაწილი უკვე მოსპეს. არაყიშვილის და ბარნოვის კუთხე გადაპარსეს. კიდევ ვინ იცის, რამდენი არ ვიცით...

20 აგვისტო, სამშაბათი
ვაკის პარკში შევიკრიბეთ რამდენიმე აქტივისტი პარტიზანი და 30 სექტემბრისთვის გადავწყვიტეთ, დიდი საპროტესტო აქცია დავაანონსოთ კანცელარიის წინ და მორატორიუმი მოვითხოვოთ მწვანე საფარის განადგურებაზე.

ელიავას ბაზრობაზეც ვიყავი – სკვერში მანქანის საბურავებს ყრიან და მოუვლელია, დირექციას შევთავაზეთ ამ საბურავების შეღებვა და შიგნით ყვავილების დარგვა. იდეა თითქოს მოეწონათ, თუ დაგვეხმარებიან, ხომ კარგი, თუ არა – პარტიზანულად შევესევით.

21 აგვისტო, ოთხშაბათი
სექტემბერში გაკვეთილები მეწყება და უნდა მოვასწრო ზაჰესის მოწესრიგება. ორი შეკვეთა, როგორც უმეტესად ხდება, მშენებლობის გამო გაიწელა და არა და არ სრულდება. ბავშვებიც თბილისში მყავს (და პერიოდულად შივდებათ), ძაღლებმა – ბასტ-გრიფონმა ჰექტორამ და მეტისმა ანკამ) მეზობლის ინდაურები და ქათმები დაგლიჯეს. ეს საქმე კი, რომელიც სპონტანურად წამოვიწყე, ბოლომდე უნდა მივიყვანო, რაც საკმაოდ საპასუხისმგებლო და შრომატევადია.

განათლებით მხატვარ-რესტავრატორი ვარ და ბოტანიკოსობა, თუ მებაღეობა (თუ პარტიზანობა, თუ რაც ჰქვია) ბოლო 10 წელია დავიწყე. წამოვედი მუზეუმიდან და უკან გახედვაც აღარ მინდა. ახლა ვაკეთებ იმას, რაც მინდა და მიყვარს.

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ვმუშაობდი. კაკაბაძის, ფიროსმანის, კანდინსკის რესტავრაციას ვაკეთებდი. ჰოლანდიაში, ჰააგაში, ვმუშაობდი მე-17 საუკუნის ფერწერის რესტავრაციაზე და არც ისე ცუდად გამომდიოდა, მაგრამ ვიტანჯებოდი დახურულ სივრცეში მონოტონური სამუშაოსგან. და, საერთოდ, შემზიზღდა მუზეუმები. რესტავრაციის მერე ნახატი პირვანდელობას თითქმის სულ კარგავს და მუზეუმში რაც კიდია, ნახატის ცხედარს მაგონებს. ჩემი აზრით, ნახატებს მხოლოდ კონსერვაცია უნდა უტარედბოდეს, მაგრამ ეს სულ სხვა თემაა.

მხოლოდ ის უნდა აკეთო, რაც მართლა გიყვარს. ახლა სიამოვნებით ვიხარჯები და მიყვარს თითოეული ჩემი დარგული ხე და ყველა ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობს.

22 აგვისტო, ხუთშაბათი
ახლა დავთვალე – 11 ივლისიდან დღემდე პარტიზანებს სულ 67 ხე დაგვირგავს. გარდა ამისა, დავრგეთ 30-მდე ბუჩქი. არც ისე ბევრია, მაგრამ შემოდგომაზე, იმედია, მეტი ხალხიც იქნება და ტემპსაც გავზრდით. კარგი იქნება, თუ რაიონებიც აგვყვებიან.

რატომ ჩავთვალე, რომ ეს მე უნდა მეკეთებინა? ალბათ იმიტომ რომ, რაც არ მოგწონს, როგორ კეთდება და გგონია, რომ უკეთ გამოგივა – უნდა სცადო. მგონი, არ გამოგვდის ცუდად.

23 აგვისტო, პარასკევი
ლევანის თანამშრომლები (დოკუმენტალისტები) შემპირდნენ პატარა კლიპის გაკეთებას ბოლო დროის ეკოლოგიაზე, რომ ტელევიზორით ვატრიალოთ – მეტი ხალხი მიხვდეს, რას ვითხოვთ და რატომ, და 30 სექტემბერს მეტი ხალხი მოვიდეს აქციაზე.

ამისთვის სტატისტიკა უნდა მოვაგროვო და მოვაწესრიგო: რამდენი და რა მოიჭრა თუ გაიჩეხა და, ალბათ, ისიც, რა სარგებლობა მოაქვს ერთ ხეს (ციფრებით გამოხატული).

ცოტა გავიჭედე. აღარ ვიცი, რა ვწერო ისეთი, რომ არც პირადული იყოს და თან საინტერესო. სკოლაში თემების წერა საბოლოოდ შემაჯავრა ქართულის მასწავლებელმა ზინამ. და, საერთოდ, 55-ე სკოლის მასწავლებლებს დღემდე ზიზღით და აგრესიით ვიხსენებ (გარდა ერთადერთი ინგლისურის მასწავლებლისა – მანანა ბეჟუაშვილისა – რომელიც, მგონი, ერთადერთი ადამიანი იყო ამ სამხეცეთში). პროტესტის გრძნობა სწორედ ამ მხეცებმა განმივითარეს: ვებრძოდი, როგორც შემეძლო, რაც სკოლიდან ჩემი გარიცხვით დასრულდა.
მერე საღამოს სკოლიდანაც გამრიცხეს, მერე – „ნიკოლაძიდან“ (მაგრამ დამაბრუნეს ისევ). ყველგან „წესრიგს“ ვამყარებდი და ვითხოვდი, ანგარიში გაეწიათ. მიზეზი ბევრი იყო: არ შევედი კომკავშირში, არ ვმონაწილეობდი აღლუმებში, მასწავლებელი თუ უინტერესოდ ატარებდა გაკვეთილს, გარეთ გავდიოდი და ა.შ.

მერე ეს ბრძოლა ჩემი შვილების სკოლაში გავაგრძელე და უკვე ხუთი სკოლა გამოიცვალეს. მიზეზი? „რატომ არ არიან მონათლული?“ „რატომ კითხულობენ ‘ჰარი პოტერს’“? „რატომ წერს მარცხენა ხელით, როცა მარცხენა მხარეს ეშმაკი განაგებს?“ (ცაციაა უფროსი) და ა.შ. (ეს ყველაფერი „ელიტურ“ ფასიან სკოლებში ხდება).

და ასე ვიბრძვი იმისთვის სულ, რაც აშკარა და მიუღებელია. ახლა გამწვანების ჯერია.

ჰოდა, რას ვამბობდი? წერა მიჭირს, მით უმეტეს - ქართულად. ლიტერატურას რუსულად ვკითხულობ ბავშვობიდან. დახმარება პარტიზანების ფეისბუკის გვერდზე ვითხოვე. აი, რამდენიმე მესიჯი:

აჩიკო ქინქლაძე – ჩემი მხრიდან მესიჯი იქნება, რომ ბუნების სიყვარული ლიტონი სიტყვების ნაცვლად იქცეს რეალობად, რომ მოუარონ ბუნებას და მომავალში ბუნება მოგვივლის ჩვენ! მოვახდინოთ ქვეყნის ეკოლოგიური ოკუპაცია!!!
Vajika Kakushadze – პარტიზანებს წერაქვი გვაკლია და ვისაც გაქვთ მოგვაწოდეთ-თქოოოო.
Mzia Nadaraia – 30 SEKTEMBRIS AKCIA DAAANONSET!
აჩიკო ქინქლაძე – მიყვარს ეგ რუბრიკა.

ლევანი დამადგა დღიურის წერისას და მითხრა, დღიური ჩეხოვისაა საინტერესო და ლეონარდოსიო. ვეთანხმები.

24 აგვისტო, შაბათი
დღეს, 16 საათზე, რადიო თავისუფლებაში ჩემი დღიურები უნდა ჩავწერო. ნამდვილად აღარ დავწერ საჯარო დღიურებს. არასოდეს! თითქოს არაფერი, მაგრამ დამღლელია და ჩემს „თეფშში“ არ ვარ. კიდევ ერთხელ მადლობა ჩემი საქმიანობით დაინტერესებისთვის! მე კი უნდა გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია, და დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო...
XS
SM
MD
LG