Accessibility links

logo-print

12 ოქტომბერი, კვირა

ყველა ნორმალურ ადამიანს სძინავს. მსახიობს ან სპექტაკლი აქვს, ან − რეპეტიცია. დილით − ყავა, თორემ ისე ხმასაც ვერ ვიღებ. რატომ რთავს ადამიანი მექანიკურად ტელევიზორს, ვითომ ძალიან აინტერესებს, არიქა, დილიდან არაფერი გამომრჩესო? არა მგონია. მუდმივი, პასუხგაუცემელი კითხვა: როდის უფრო განათლებული იყო ადამიანი − ტექნოლოგიებამდე თუ ზღვა ინფორმაციის ხელმისაწვდომობის დროს? ბებიის წაკითხული წიგნებით უკეთ იზრდება ბავშვი თუ ინტერნეტში ძრომიალით? ყოველთვის მომწონდა ილიას პატარა ნააზრევი ბუხრის ცეცხლით გამთბარ ოთახსა და სანთლის შუქით განათებულ ცივ ოთახზე. ბუხრიან ოთახში ანთებული სანთლის შეტანაზე ოცნებობდა ილია. რაღაც ვერ ვახერხებთ ორი ოთახის სწორ გაერთიანებას. ცივი, ჭკვიანური ტირადები მათრახივით ხვდება გონებას, თრგუნავს და აშინებს. გულთბილი საუბარი სიამოვნებს, მაგრამ ყურადღებას და ძალას უდუნებს.

დავლიე ყავა და წავედი სამსახურში. საღამოს კახიძის ცენტრში მივდივარ ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტზე. ფოლკლორი ძალიან მიყვარს, თანაც ნებისმიერი ერის და ეთნოსის. ოღონდ არ მიყვარს ფოლკლორისგან ხელშეუხებელი კერპის შექმნა და საშინლად მაღიზიანებს მშობლიური ფრაზა: „ვიმღეროთ, რა, ქართველებმა! მეტი რა შეგვიძლია!“ რა კომპლექსია და თან რამხელა ამპარტავნობა?! ვინ ჩაგვაგონა ეს სულელური აზრი? ნუთუ ვერ მივხვდით, რომ ქართველსაც იგივე შეუძლია, რაც სხვას? ხალხური სიმღერა და ცეკვა ერის ბუნება და განწყობაა, და არა დიაგნოზი.

ძალიან მიყვარს ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“. თითქმის ყველა კონცერტი მაქვს მოსმენილი დღიდან დაარსებისა. დღეს მუსიკალურ ცენტრში ბევრია მსმენელი, მაგრამ ქართველების გულანთებული პატრიოტიზმიდან გამომდინარე, მერჩია ნემსი არ ჩავარდნილიყო დარბაზში. რამდენიმე დღის წინ რუსთაველის თეატრში ბალეტისა და დრამის მსახიობებს ერთობლივი საინტერესო სპექტაკლი გვქონდა თეატრალური ფესტივალის ფარგლებში - მარიამ ალექსიძის მიერ ჯანსუღ კახიძის სიმღერებზე შექმნილი ქორეოგრაფიულ-დრამატული წარმოდგენა „ჰარირა“. ძალიან მიხარია და ჩემს თავს ვულოცავ: მამამისთან, ბატონ გიორგი ალექსიძესთან, თითქმის ორმოცი წლის მუშაობის შემდეგ ახლა მარიამთან ვმუშაობ. რა კარგია, ასეთი ნიჭიერი ახალგაზრდობა რომ მოდის და მართლა სუფთა ხელებით იმკვიდრებს თავს. ჩვენს ახალგაზრდა მოცეკვავეებს რომ ვუყურებ, რა სიამოვნებით და რაც მთავარია, აზრით მიყვებიან ჯანოს გენიალურ ხმას, ვრწმუნდები, რომ ნიჭი არ ექვემდებარება ასაკს და ეპოქას.

„რუსთავის“ კონცერტი ძალიან კარგი იყო! უცნობი სიმღერები და ვარიანტები იმღერეს. რა საინტერესო გადასვლები და „ხვეულები“ იყო ნაცნობ მელოდიებში. ნეტავ, რამ გამახსენა მოცარტის ერთ-ერთი წერილი მამისადმი? ლაიფციგიდან წერს, პირველად დაუკრა გერმანიაში. რა საშინელი მსმენელი ყოფილა აქ, მე ვუკრავდი და ისინი ტიროდნენო. ნეტავ, რა ატირებდათო! ასეა, სენტიმენტები არ უყვარს ნამდვილ ხელოვნებას. ალბათ, ზოგი მაშინაც ასე აფასებდა ახალგაზრდა მუსიკოსს: „ვაიმე! შენ გენაცვალე, რა საყვარლობაა!“ რას ვიზამთ, „სვეტსკი“ საზოგადოება უკვდავია.

13 ოქტომბერი, ორშაბათი

ამ დღეს საერთოდ ამოვიღებდი. დასვენება გვაქვს, ტრადიციულად. არასოდეს არ მიყვარდა ორშაბათი, არ ვიცოდი, რა მეკეთებინა. მაინც თეატრში გავრბოდით და ვმეცადინეობდით. ვითომ, ასეთი ბეჯითები ვიყავით? თუ ასაკი არ გვასვენებდა სახლში? ან რომელიმე მეგობართან ვიკრიბებოდით, მუსიკას ვუსმენდით, ვჭორაობდით და გულის წასვლამდე ვიცინოდით. ერთი კარგი რამ კი ხდებოდა ორშაბათობით. თბილისს ხშირად სტუმრობდნენ ცნობილი ორკესტრები და შემსრულებლები. კონცერტები იმართებოდა ორშაბათს, ოპერის თეატრში! ჩვენ შესვლას ვახერხებდით და კიბეებს ვიკავებდით ერთი საათით ადრე. მაშინ მოვისმინეთ კლივლენდის ორკესტრი, ლაიფციგის „გევანდჰაუსი“, მიჩიგანის და მინესოტის სასულე ორკესტრები, ცნობილი დირიჟორები, მუსიკოსები: სტერნი, რიხტერი, გილელსი, კოგანი... აღარ ჩამოვთვლი სარეპერტუარო სპექტაკლების გასტროლიორებს, ოპერისა და ბალეტის ვარსკვლავებს. საინტერესოა, ეს ყველაფერი მაშინ უფულოდ ხდებოდა, თუ რა მენეჯმენტი იყო ასეთი?.. ნამდვილად არ ვიცი. ბევრი რამ ვისწავლე და შევიყვარე მაშინ. დღევანდელ ორშაბათს რა გავაკეთო? გასეირნება არ გამოვა: სანამ ერთი ტროტუარიდან მეორეზე გადახვალ, იმდენი დრო გავა, აღარაფერი აღარ მოგინდება. თანაც, მე მანქანების მეშინია და გადარბენა არ მიყვარს. სახლში ჯდომა მომიწევს. წიგნი, ან ინტერნეტში მეგობრებთან რაღაც ლაპარაკის მაგვარი.

14 ოქტომბერი, სამშაბათი

მცხეთობაა. კიდევ ერთი დასვენების დღე. დიდი ამბებია. რამდენიმე ქართველმა მომღერალმა მოსკოვში გამართულ „თბილისობაზე“ იმღერა. ბოლო დღეების მთავარი თემა და უკვდავი კითხვა: უნდა წავიდნენ თუ არა რუსეთში, და საერთოდ, რა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს ხელოვნებას პოლიტიკასთან? პირველი, რაც თავში მომდის: ხელოვნებას არაფერი აქვს საერთო პოლიტიკასთან და პროტესტთან. იქვე მახსენდება შოპენის ფრაზა: „მუსიკა ყვავილებში დამალული ზარბაზნებია“; ან მოცარტის „ექვსი გერმანული ცეკვა“ - სატირა და შარჟი ავსტრია-თურქეთის ომსა და ვენის ბომონდის აღვირახსნილობაზე. ლორენს ოლივიეს ერთთვიანი ქუჩის პროტესტი თეატრის დასთან ერთად, როდესაც შექსპირის თეატრის ცენტრიდან გადატანა უნდოდათ გზის გაფართოების მიზნით, ან ჰაიდნის საოცარი „გამოსათხოვარი სიმფონია“ სანთლების ჩაქრობით და ორკესტრის სცენიდან გასვლით, პასუხი გრაფ ესტერჰაზის კარის მუსიკოსების სამსახურიდან დათხოვნაზე, ან ისევ მოცარტის გაქცევა არქიეპისკოპოსის სამსახურიდან და არასდროს დაბრუნება ჯამაგირიან ადგილზე და სხვა და სხვა...

მეორე აზრი: ხელოვნება პოლიტიკისგან განუყოფელია. კი, მაგრამ საბჭოთა მუსლიტერატურაც იმავეს გვასწავლიდა: ბეთჰოვენი ებრძოდა იმპერატორს, ბახი ებრძოდა სიღარიბეს, შოსტაკოვიჩი ებრძოდა სტალინს. რა გამოდის, საბჭოთა მუსლიტერატურა არ ტყუის? თუ ვისაც როგორ აწყობს − ბეთჰოვენის შემთხვევაში იმპერატორია ცუდი, სტალინის შემთხვევაში, რა თქმა უნდა − შოსტაკოვიჩი. იქნებ, მთელი საიდუმლოება ცნება „ხელოვანშია“ და იმათშიც, ვისაც ებრძოდნენ?

60-იან წლებში დაიწყო ბალეტის მსახიობთა გადინება-გაქცევა საზღვარგარეთ. ერთი პირველთაგანი რუდოლფ ნურეევი იყო, მას ბევრი მიჰყვა, ზოგმა ბრწყინვალე კარიერა შეიქმნა, ზოგმა − ვერა. ერთ-ერთი ბოლო გენიოსი მიხაილ ბარიშნიკოვი იყო. მათი ხსენებაც კი აკრძალული იყო საბჭოთა კავშირში, თუმცა ყველამ იცოდა, რომ გასტროლზე წასული მსახიობები ჩუმად ხვდებოდნენ ყოფილ მეგობრებს. ველოდით ვასილიევისა და მაქსიმოვას წასვლასაც, მაგრამ, როგორც ამბობდნენ, მათ „მაღალ სფეროებში“ გარკვეული ულტიმატუმის შედეგად, თავისუფალი გასვლის უფლება მიიღეს. იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე მესმის ჩემთვის მიუღებელი შეხედულება: „ესენი უკეთესი მატერიალური მდგომარეობისთვის წავიდნენ.“ ახლაც არ გვესმის, რომ უკეთესი ცხოვრება და უკეთესი სუნთქვა სხვადასხვა რამეა. კიდევ შევაწუხებ ლორენს ოლივიეს - ნამდვილი არტისტი ყოველთვის მთავრობის ოპოზიციაში უნდა იყოსო. გააჩნია არტისტს, სერ ლორენს.

15 ოქტომბერი, ოთხშაბათი

რა კარგად დათბა ამ დღეებში, დილით ადგომაც ნაკლებად მეზარება. რა ვქნა, ბუნებით „ჭოტი“ ვარ. საღამოს რვა საათიდან ვცოცხლდები. დღეს მარიამთან მივდივარ ახალი ბალეტის რეპეტიციაზე. რა საინტერესო და თავისებური ადამიანია; ძალიან ღრმა და ძნელ თემატიკასთან უყვარს შეჭიდება. მიყვარს მასთან მუსაიფი და კამათიც. სახელოვანი მამის, გიორგი ალექსიძის გვერდით გაზრდილ ბავშვს პროფესიისადმი სერიოზული და საფუძვლიანი მიდგომა ევალება. რა კარგია, რომ ნიჭიც ხელს უწყობს. არც ერთი მისი ნამუშევარი ზერელე და ნაჩქარევი არ არის. ამჯერად ახალი ბალეტი − „გურჯი ხათუნი“ − მზადდება. დათო ტურაშვილის წიგნის მიხედვით და იოსებ ბარდანაშვილის მუსიკაზე იქმნება სპექტაკლი თამარ მეფის შვილიშვილის რომანტიკულ და ტრაგიკულ ლეგენდაზე. თვის ბოლოს თურქი მოცეკვავე შემოგვიერთდება სულთნის როლის შესასრულებლად. ჩვენი გოგონების პროფესიონალიზმი, სიხალისე და ნდობა მარიამისადმი იმდენად სასიამოვნოდ თვალშისაცემია, რომ მშურს მათი და მეც მინდება ცეკვა!

ათი წლის ასაკიდან ერთ საქმეს რომ ემსახურები, უამრავ თვისებას იძენ და უთვალავჯერ გეცვლება აზრი, ბუნება და დამოკიდებულება. სანამ სცენაზე ხარ, საკუთარი თავის მეტი არაფერი გაინტერესებს. ეგოცენტრიკოსი ხარ, ყველა ვალშია შენ წინაშე, არანაირი ხელმძღვანელი არ მოგწონს და, საერთოდ, თვლი, რომ შენ თუ არა, ვერც ერთი ბალეტმაისტური, დირიჟორი და რეჟისორი ვერ მიაღწევდა ვერაფერს. აი, სცენიდან ჩამოსვლის მერე თუ იგივე შეგრძნებები დაგრჩა და ისევ ისე ეტრფი საკუთარ თავს, წასულია შენი საქმე! ვერ იზრდები, ვერ აზროვნებ, ვეღარაფერს აკეთებ და ერთი უაზრო, ნაწყენი, ხანშიშესული ადამიანი ხარ.

რა კარგია ფეხით სიარული, რამდენ რამეზე ასწრებ ფიქრს! ნეტავ, ყველა ჩემსავით დაულაგებლად და ნაგლეჯ-ნაგლეჯ ფიქრობს, თუ მარტო მე ვერ ვახერხებ ერთ აზრს მივყვე?.. ამ ორიოდე კვირის წინ ფინეთში ვიყავით გასტროლებზე. სულ ორი სპექტაკლი გვქონდა. ორ ტბას შუა გაშლილი, პატარა, ზამთრის საკურორტო ქალაქი ლაჰტი სუფთა, წესიერი, ჩუმი და ნელია. ყველაფერი გამოზომილი და დაწყნარებულია. შევძლებდი აქ ცხოვრებას? არა მგონია. საერთოდ, ვერსად ვერ შევძლებდი დიდხანს ყოფნას. მოგზაურობა კი ძალიან მიყვარს. სკოლის დამთავრებისთანავე რამდენიმე ბედნიერი, თეატრში მიღებული მსახიობი გასტროლებში ჩაგვრთეს. სახლის და სასწავლებლის რეჟიმის და კონტროლის მერე ჩვიდმეტიოდე წლის მსახიობების სიამაყეს და თავდაჯერებულობას საზღვარი არ ჰქონდა. 80 მანეთი ხელფასი, მანეთ-ნახევარი დღიური და ქვეყანა შენია. დღემდე მაღიზიანებს ჩემი თაობის ტრადიციული საყვედური ახალგაზრდებისადმი: „ჩვენ ფული სულ არ გვქონდა, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვიყავით − გვემღერა, გვეცეკვა, დაგვეკრა... თქვენ სულ ფულს ითხოვთ!“ ტყუილია. ენთუზიაზმით გაკეთებული საქმე ხანგრძლივ პატივისცემას არ იმსახურებს. ცუდი იყო, ფული რომ არ გვქონდა. ასეთი აღზრდის წესი იყო საბჭოთა კავშირში - ხელფასის მომატების თხოვნა სირცხვილი და სამშობლოს ღალატი იყო.

სკოლა კი კარგი გავიარეთ. ჭაბუკიანის და მის მიერ შერჩეული მასწავლებლების მკაცრი, კლასიკური სკოლა. სასაცილო და ნაძალადევია რუსული საბალეტო სკოლის პოლიტიზებული კრიტიკა. ეს სკოლა მთელ მსოფლიოს მოედო, უბრალოდ, თვითონვე ჩაიკარგა სოცრეალიზმის ჯურღმულებში და თავისუფალი ქვეყნების ერთეულმა ტალანტებმა, ამავე სკოლის ჭკვიანური გამოყენებით, სამარცხვინოდ გადაასწრეს. ბალეტი ძალიან სწრაფი, ცვალებადი ხელოვნებაა. ის, რაც გუშინ გხიბლავდა, დღეს და ხვალ მარმარილოს ღმერთებივით უსულო, უთვალებო ლამაზი ექსპონატია. ბავშვობისდროინდელი პირველი აღმოჩენა და შოკი დღესაც მაღელვებს: 1962 წელს ბალანჩინის დასის პირველი გასტროლი და პირველი ფარდის გახსნა. ჩაიკოვსკის „სერენადა“, ცისფერი ეკრანი, ცისფერი იატაკი, ცისფერ, ნაზ კოსტიუმებში ჩაცმული ქალები ფეხების და ხელების არატრადიციული პოზიციით. ხაზს გავუსვამ - ქალები და არა პოზიციაში ჩაჭედილი ბალერინები. ეს პირველი შეხება იყო რაღაც სრულიად არაჩვენებურთან და ზოგიერთისთვის არასწორთან. ცხარე კამათი გაჩაღდა ბალეტის მოყვარულებს და პროფესიონალებს შორის. ძირითადი თემა, მაშინაც და ახლაც, სიუჟეტის აუცილებლობას თუ უარყოფას ეხებოდა. თვითონ ბალანჩინმა ლაკონიურად და მახვილგონივრულად განსაზღვრა საბალეტო შინაარსი: „როდესაც სცენაზე ქალები და კაცები დგანან, მეტი რაღა შინაარსია საჭირო“.

საკვირველია: თუ ლიტერატურის ახალი ფორმები და თანამედროვე მუსიკის შედევრები ასე თუ ისე გასაგებია გარკვეული რაოდენობის მკითხველ-მსმენელისთვის, თანამედროვე ბალეტს ძალიან ცოტა სწორი და გულწრფელი შემფასებელი ჰყავს. ალბათ გასაგებია, რომ მხედველობაში ჩვენი ქვეყანა მაქვს. დღესდღეობით ჩვენ განვიცდით მუსიკალური სპექტაკლების შემფასებელ-კრიტიკოსების მწვავე დეფიციტს. ის ერთეულებიც კი, რომელთა ინტელექტში, გემოვნებასა და ცოდნაში ეჭვი არ მეპარება, კარგა ხანია არ გამოხმაურებიან არც ერთ ახალ თუ ძველ სპექტაკლს. არ გამოუთქვამთ აზრი, და მე დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ აზრი - საით და როგორ უნდა წავიდეს ქართული მუსიკალური სცენების გზა. თუმცა, მოდი, ეს სიჩუმე დავაბრალოთ ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმბოლურ არსებობას, ხანგრძლივ რემონტს და კიდევ უფრო ხანგრძლივ გემოვნებათა აღრევას.

კიდევ კარგი, ეს საშინელი მანქანები ჯერჯერობით ტროტუარებზე არ დაქრიან. წყნარად მაინც ვივლი სახლამდე. ჩემი ლიზიკო სკოლიდან დაბრუნდა. მუსიკალურ სემინარიაში სწავლობს ჰობოის კლასში. სასულე ინსტრუმენტზე მეცადინეობა კონტროლის გარეშე ძნელია. კარგია, ჩემი ქმარი სასულე ინსტრუმენტზე უკრავს და, გვინდა თუ არ გვინდა, კონტროლი გვაქვს.

საღამოც დადგა. დროა, მარიამთან წავიდე რეპეტიციაზე და კიდევ ერთხელ გამეხარდეს, რომ ახალგაზრდა ქორეოგრაფს ისეთი გამოკვეთილი აზროვნება და საკუთარი საცეკვაო ლექსიკა აქვს, ბევრ გამოცდილს რომ შეშურდება... ან არ შეშურდება და საკუთარი თაბაშირის ქანდაკებების ერთადერთ მაყურებლად დარჩება. ბალეტში ახალი „ენის“ პოვნა ძნელი საქმეა. ამ „ენით“ უნდა დაიბადო.

გვიან, საღამოს მეუღლეც ბრუნდება კონცერტიდან. კახიძის ცენტრში არჩილ კერესელიძისადმი მიძღვნილი კონომუსიკის საღამო იყო. შარშან ვნახე ეს საღამო. ფრაგმენტები ფილმებიდან, ორკესტრის მიერ შესრულებული ნაცნობი მელოდიები და მოგონებები. ვახტანგ კახიძემ შეკრა დრამატურგიულად ეს ყველაფერი და თვითონ მიყავდა საღამო. ძალიან კარგი გემოვნებით იყო ყველაფერი გაკეთებული, რა სასიამოვნოა გადაჭედილი დარბაზის დანახვა და ამყოლი მაყურებლის მოსმენა. მომენატრა თეატრალური სიტუაცია. ჩაის ვსვამთ მე და ჩემი ქმარი და ვლაყბობთ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ვამჩნევ, რომ ისიც ჩემსავით „ჭოტად“ ჩამოყალიბდა, თუმცა სპექტაკლის ან კონცერტის მერე უცბად დაძინება ვერ წარმომიდგენია.

16 ოქტომბერი, ხუთშაბათი

დილიდან უამრავი წვრილმანი მაქვს გასაკეთებელი, ტელეფონიც არ ჩერდება! დიდი არაფერი საქმე არ აქვს არავის, მაგრამ ხომ უნდა უპასუხო. ხანდახან, სრულიად უსაფუძვლოდ, თავს აფორიაქებულად და არაკომფორტულად ვგრძნობ. რისი ბრალია? მე მგონი, ფონია დაძაბული და, ამავე დროს, უსაქმური. მაინტერესებს, თუ ერთი კონკრეტული ადამიანი იცვლება სიცოცხლის მანძილზე, იზრდება, ჭკუა ემატება ან აკლდება, ეცვლება ხასიათი და ეცვლება ჩვევები, მაშინ იცვლება თუ არა ერი მთლიანად? აქვს თუ არა მთელ ერს ერთი მეხსიერება, ერთი ძირითადი ჩვევა და ერთი მთავარი მიზანი? დაახლოებით 30 წელია, მესმის წინადადება, უფრო სწორად, სიმღერის კუპლეტს რომ მისამღერი აქვს, რეფრენი, აი ასეთი დასკვნა: „ეჰ, ყველაფერი ჩვენი ბრალია!“ ეს რაღაცნაირი გათხაპნილი, ამორფული ფრაზა ისე ხშირად და ისეთი სიმსუბუქით წარმოითქმება, რომ ეჭვი მაქვს, ვინმემ ხომ არ ჩაგვიხრახნა ტვინებში ან ჩაგვიჰიპნოზა ძილში ბედნიერი მოდუნების ტესტი, ზუსტად ისევე, როგორც ძალიან დიდი ხნის წინ იქნა წარმატებით ჩანერგილი შემართებული, ვაჟკაცური მოდუნების ტესტი: „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!“

ისევ თვალწინ დამიდგა იაპონიის ტელევიზიით ნანახი დოკუმენტური ფილმი, რა თქმა უნდა ინგლისურად ნათარგმნი. ფუკუშიმის ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ჩვენს საბალეტო დასს ერთთვიანი გასტროლი ჰქონდა იაპონიაში. ეს მესამე გასტროლი იყო ამ ფანტასტიკურ ქვეყანაში. კატასტროფის შედეგი სახეზე იყო: ყველაფრის გაძვირება, დათრგუნვილი ხალხი, ორი სამსახურის მაგივრად ოთხ ადგილზე მომუშავე, დილაუთენიიდან გვიან ღამემდე მოფუსფუსე, დაცემამდე ქანცგაწყვეტილი იაპონელები... სპექტაკლის მერე, სასტუმროში, ჩემმა მეგობარმა კოლეგამ და მე ტელევიზორი ჩავრთეთ რაიმე გასაგების მოსაძებნად და, ჩვენდა გასაოცრად, სწორედ ამ ფილმზე შევჩერდით და ვეღარ მოვწყდით. ფილმი ერთ პატარა, ფუკუშიმის მეზობელ სოფელში მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს შეეხებოდა: ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და 11 თვის ბავშვი. ოჯახი თავს ირჩენდა ბოსტნეულის მოყვანით და თევზჭერით. მიწისძვრის დროს კაცს დაეღუპა დედ-მამა, რადიაციულმა აფეთქებამ შეიწირა ბავშვი და მიუხედავად მკურნალობისა, მისი ბედი გადაწყვეტილი იყო. სოფლის მოსახლეობა გაიყვანეს კარვებში, ვინაიდან მთელი სოფელი მიწიან-სახლიან-ბოსტნეულიან-თევზიანად მოიჭრა და ჩაიმარხა. ფილმი ამ კონკრეტულ ოჯახს შეეხებოდა, თორემ სოფელში მსხვერპლი დიდი იყო. იაპონელს არ სჩვევია ხმამაღალი ემოცია, მით უმეტეს სხვის თვალწინ, მაგრამ ის, რაც ჩვენ მოვისმინეთ, არასდროს დამავიწყდება. ჟურნალისტის კითხვაზე, რით ეხმარება სოფელს მთავრობა და შეუძლია თუ არა ოჯახს ბავშვი რომელიმე კლინიკაში წაიყვანოსო, მამამ წყნარად უპასუხა (ოღონდ ერთადერთი ცრემლი ჩამოუგორდა ლოყაზე): არა, კლინიკა ძვირია, მაგრამ ჯერ ქვეყანაა საშველი, ელექტროენერგია ძალიან გაძვირდა, ჩვენნაირი ბევრია, ჩვენს შვილს ალბათ ზეცა წაიყვანს, ქვეყანა ყველაზე მთავარიაო. ეს ძალიან უბრალო გლეხი იყო, ვერაფრით ვერ ითამაშებდა კამერების წინ. მე და ჩემს მეგობარს სასტუმროს თბილ, ლამაზ ოთახში ხმა აღარ ამოგვიღია, ტელევიზორიც გამოვრთეთ. აზრი არ ჰქონდა რაიმე გასართობის ძებნას.

იაპონიას საოცრებათა ქვეყანას ეძახიან. მე არ მომწონს ეს ეპითეტი. ჩემთვის ეს არის ქვეყანა, სადაც სიტყვა „სამშობლომ“ არ დაკარგა მნიშვნელობა, სადაც რაღაც სახელმწიფო სტრუქტურა კი არ არის მთავარი, არამედ ის ურთხელის ათასწლოვანი ტყე შუა ტოკიოში, სადაც ხმამაღლა ლაპარაკი არ შეიძლება, ხე-ღვთაება რომ არ შეწუხდეს. ყოველ უზარმაზარ ურთხელს გვერდით პატარა ნერგი აქვს ჩარგული, ეს ქვეყნის მომავლის სიმბოლოა. თამარმეფისდროინდელი რამდენიმე ურთხელი ვარძიაშია. ძელქვასაც ეძახიან ჩვენთან, ასეთი სახელით არის რატომღაც მოხსენებული კენძაბურო ოეს რომანშიც. რომ მივხედოთ ძელქვის ნერგებს, არ შეიძლება? ჩვენ ხომ ვგიჟდებით სიმბოლოებზე!

სამსახურში ცოტა გავხალისდი. რეპეტიციას რომ უყურებ, ასე გგონია, შენც ისევ ის ხარ, 30 ან, კიდევ უკეთესი, 40 წლის წინ რომ იყავი. ისე, რა კარგი ახალგაზრდები გვყავს! არ ვიცი, ყველა ასე კარგად არის აღზრდილი, თუ ბალეტის დისციპლინა სხვა რამეა. ალბათ, ერთიც და მეორეც. მშვენიერი მოსმენა იციან, ზრდილობიანები, შრომისმოყვარეები არიან. გოგონები − კარგი მეოჯახეები, თითქმის ყველას ორ-ორი შვილი ჰყავს, სასწაული! 40-50 წლის წინ ერთის გაჩენაც პრობლემა იყო, ძველი ბატონ-ყმური წესები დიდხანს მუშაობდა ბალეტში. გათხოვდი? შვილი გააჩინე? კარგად ბრძანდებოდე. ჩვენი თაობიდან ნელ-ნელა შეიცვალა სიტუაცია. ახლა მთელი ბალეტი „დახუნძლულია“ არაჩვეულებრივი ბავშვებით. გადასარევია! საწყენია, ასე რომ გაჭიანურდა თეატრის რემონტი. თაობა იზრდება ისე, რომ ორკესტრთან არ უცეკვიათ, ჩანაწერებით ვატარებთ სპექტაკლს. მეჯავრება ჩანაწერები, არავითარი სუნთქვა, არანაირი მხარში დგომა, არანაირი შეგრძნება სპექტაკლისა. რაღაც უკრავს ცივად და უგულოდ და საორკესტრო ორმოში ვერ ხედავ ადამიანებს, ვერ ხედავ, როგორ ცდილობს რომელიმე მუსიკოსი ცალი თვალით მაინც ამოიხედოს სცენისკენ და როგორ ბრაზდება ამაზე დირიჟორი.

საღამოს თავისუფალი ვართ ორივე, უფლება გვაქვს, სტუმრად წავიდეთ ნათესავებთან. გულს ვიჯერებ სასიამოვნო, მხიარული საუბრით. მერე უკანა გზაზე ღამის თბილისს სურათებს გადავუღებ და თბილისიდან წასულ ჩემს მეგობრებს დავუდებ ფეისბუკზე.

17 ოქტომბერი, პარასკევი

ბახი ოცნებობდა თურმე ისეთ ორღანზე, რომელსაც ნოტების გრავირება შეეძლებოდა, ვინაიდან გადამწერის დაქირავება და ქაღალდი ძვირი უჯდებოდა. სულ რაღაც 300 წელიწადში ახდა მისი ოცნება: დაგიბეჭდავს, გაგისწორებს, გაგიორკესტრებს, დააბალანსებს, და შენ მარტო ჰონორარი აიღე!

მეც მაქვს ოცნება: ყველაფერი, რაც თავში მომდის, თავისით იბეჭდებოდეს, სწორდებოდეს და აზრიანად ლაგდებოდეს. ალბათ იაპონიაში 100 წლის შემდეგ იქნება ასეთი რამ. არა მგონია, მოვესწრო. მგონი, ვამთავრებ ჩემს დღიურებს. ამდენი ძალიან დიდი ხანია არ მიწერია და ცოტა დავიღალე, თანაც დღიურის წერა რომანტიკულ ტინეიჯერულ ასაკშიც არ მომდომებია, თუმცა ქორეოგრაფიულ სწავლებებში რომანტიზმის სურნელი მაინცდამაინც არ ტრიალებდა. ჩემს დროს იქ მკაცრი დისციპლინა იყო დამყარებული, მაგრამ მაინც ვახერხებდით უკვდავ „შატალოზე“ წასვლას, ოღონდ სპეციალობის გაცდენას ვერიდებოდით, თან ოცმანეთიანი სტიპენდიის დაკარგვისაც გვეშინოდა.

მომწონს ახლანდელი მოსწავლეების გარეგნული სახე? მოდური ტანსაცმელი, მაკიაჟი, ბიჟუტერია, ტელეფონი, ჩანთები, აქსესუარები? არა ვარ დარწმუნებული, თანაც იმ ქვეყნებში, საითკენაც მივისწრაფით, ბეევრად მეტი სიმკაცრით ექცევიან გარეგნულ მხარეს.

ხვალ სპექტაკლი გვაქვს. ცოტა ადრე დავიძინებ.

18 ოქტომბერი, შაბათი

სპექტაკლის დღეა. 3 საათისთვის გრიბოედოვში უნდა ვიყო. ეს მეორე თავშესაფარია, ამ სცენაზე სპექტაკლებს ვატარებთ. სპექტაკლის წინ რეპეტიციას გავივლით, მერე დავისვენებთ და 7 საათზე სპექტაკლს დავიწყებთ.

ცოტა ხნით ფეისბუკში შევძვრები. მახსენდება პატარა ანეკდოტი: ქალმა მთელი დღე საქმე რომ აკეთოს სახლში, ვერავინ ამჩნევს. საკმარისია, ერთი საათი მიუჯდეს კომპიუტერს, რომ რეაქცია ოჯახში მძაფრია: რა ამბავია, ამდენ ხანს მანდ ჯდომაო?! ნაღდად არ არის ეს ანეკდოტი.

ახლა კი მართლა დავამთავრე. ნეტავ, რა გამოვიდა, მოეწონება ვინმეს თუ პოლიტიკის ნაკლებობის გამო არ დააინტერესებს? ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ძნელი და საინტერესო იყო.

XS
SM
MD
LG