Accessibility links

30 ოქტომბერი, კვირა

რადგან მუდმივად დაძაბული სამუშაო გრაფიკი მაქვს, დღეს დილით, ძილშივე ვფიქრობდი იქნებ ბავშვმა არ გამაღვიძოს-მეთქი, მაგრამ ამაოდ. ავდექი, მოვწესრიგდი, ვისაუზმეთ და მე და დუდამ გადავწყვიტეთ, საყიდლებზე წავსულიყავით. დუდა ჩემი მეუღლეა, თამარ წერეთელი.

ბევრი ვიმსჯელეთ იმაზე, ბავშვი ვისთვის დაგვეტოვებინა. ვიფიქრეთ ქეთინოს ხომ არ დავუტოვოთ-თქო, ჩემს სიდედრს, მაგრამ ვამჯობინეთ, თან წაგვეყვანა, რადგან ისეთი მოუსვენარია, ვერავინ უძლებს. დემე წლისა და რვა თვის არის. რომ მიხვდა, მივდიოდით, თავისი ქურთუკი თვითონვე მომიტანა და მომაწოდა, დროზე გავიდეთო. წავედით. მთელი სავაჭრო ადგილები მოვიარეთ, ცოტაც გავისეირნეთ... დაახლოებით 5-6 საათისთვის დავბრუნდით სახლში. სასტიკად დაღლილები ვიყავით, იმიტომ რომ დემე ერთი წუთითაც არ ჩერდება. სახლში რომ ავედით, ამოვისუნთქე და დუდას ვუთხარი, ეს ბავშვი ცოტა ხანს მომაშორეთ-მეთქი. მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო დღე იყო. დემესთან ერთად დაღლა, გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე იმ რუტინის შედეგად, რითაც საერთოდ ვარ დაკავებული.

31 ოქტომბერი, ორშაბათი

დიდი ხანია, არ მივარჯიშია, დაახლოებით 20 დღის წინ განვაახლე ცურვა. მე და ჩემი მეგობარი დავით ლომიტაშვილი ყოველ დილით, რვის ნახევარზე შევდივართ არენაზე და დაახლოებით საათნახევარი ვვარჯიშობთ. ჰოდა დღევანდელი ორშაბათიც ზუსტად ასე დაიწყო.

რვის ნახევარზე საათზე გამოვცხადდი აუზზე. ცოტა სარბენ ბილიკზე ვივარჯიშეთ, მერე ვიცურეთ და მალე ამოვყავი თავი სამსახურში. დღე მშვიდად მიდიოდა, სულ იმაზე ვფიქრობ, რომ რამე არ გამომრჩეს, რამე არ გამეპაროს და ყველა საკითხი მოვიკითხო.

დღესაც მოვიკითხე მიმდინარე საკითხები, გამოიკვეთა ორი პრობლემა, რომელიც უნდა მომეგვარებინა. პირველი: ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის იუნესკოში ნომინაციის საკითხი; მეორე: კუმურდოს რეაბილიტაციის საკითხი. ამ საკითხებზე ფიქრსა და მსჯელობაში დღე ისე მიილია, ვერც მივხვდი. 19 საათზე გამოვედი სამსახურიდან და გავემართე ჩემი უსაყვარლესი ოჯახისაკენ. იქ ფეხმძიმე მეუღლე და დემე მელოდებოდნენ. ეს ცივი საღამო ოჯახურ იდილიაში გავატარე...

1 ნოემბერი, სამშაბათი

დილით ჩვეული წესით და შემართებით გავემართე საცურაო აუზისაკენ. შევედით აუზში და, როგორც ყოველთვის, ტელეფონები გამოვრთეთ. ვარჯიშის მერე დათო ლომიტაშვილი ჩემზე ადრე გამოვიდა აუზის მისაღებში, მეც მალევე გამოვედი. დათო მეუბნება: კახა ზაზაძემ თუ დაგირეკაო (კახა ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორია). მე კითხვას კითხვითვე ვუპასუხე: ამ დილაუთენია რა უნდა უნდოდეს-მეთქი?

დათო: „კახამ დარეკა და თქვა, ნიკას ვურეკავ და არ იღებს ყურმილსო. ცუდი ამბავი მაქვსო. წუხელ, გვიან საღამოს, ვარძიის მთავარ ტაძარში ცეცხლი გაჩენილა და მთელი მხატვრობა ჭვარტლით არის დაფარულიო.“

რა თქმა უნდა, შოკი იყო, მაგრამ მალევე მოვახერხე მობილიზება. როგორ აღმოვჩნდი სამსახურში, არ მახსოვს. ვიკითხე, ვინმე ხომ არ არის წასული იქით-მეთქი (სააგენტოს თანამშრომლები ხშირად დადიან რეგიონებში, ძეგლებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგისთვის თუ სხვა საჭირბოროტო საკითხების მოსაგვარებლად). მიპასუხეს, აწყურზე არიან წასული ნიკო ზაზუნიშვილი და გიორგი გაგოშიძეო. მოკლედ, ჩვენები ადგილზე მალევე ჩავიდნენ და დამიდასტურეს მდგომარეობის სირთულე. ემოციებს შევეშვი და გადავედი უსწრაფეს მოქმედებაზე. იმ დღესვე გავაგზავნეთ სპეცხარაჩო, მინდოდა იმ დღესვე რესტავრატორების გაშვებაც, მაგრამ, სამწუხაროდ, თბილისში არ აღმოჩნდნენ. დღემ ძალიან სწრაფად ჩაიარა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ დღეს ვერაფერი გავაკეთე.

2 ნოემბერი, ოთხშაბათი

ისევ ვვარჯიშობ, მაგრამ გონებით ვარძიაში ვარ. ჯგუფი კი წავიდა პირველ დღეს, მაგრამ მე ვერ ვისვენებ, რომ იქ არ ვარ. სხვა უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით, დიდი ხნის წინ დანიშნული შეხვედრები მაქვს (მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან და სხვა) და ვერ ვახერხებ ვარძიაში წასვლას.

კარგი ის არის, რომ ვარძიაში რესტავრატორები მაინც გაუშვი. დღემ უღიმღამოდ ჩაიარა. ჩემი გონება მაინც ვარძიაში იყო.

3 ნოემბერი, ხუთშაბათი

ვარჯიშიდან მე, დავით ლომიტაშვილი და ჩვენი კიდევ ერთი მეგობარი, ნუგზარ ყიფიანი, გავემგზავრეთ ახალციხეში. დღეს დანიშნულია სოფელ მოხეში არსებული პრობლემის მოგვარების კომისიის სხდომა. კომისია ორი წელია, მუშაობს.

კომისიის სხდომაზე კი ვიჯექი, მაგრამ ფიქრით ისევ მხოლოდ ვარძიაზე ვფიქრობდი. იქვე იყო მეუფე თეოდორეც. ბევრი ვისაუბრეთ ვარძიის პრობლემაზე, დავსახეთ მოქმედების გზები.

როდესაც ვარძიაში მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გავავრცელეთ, ჟურნალისტები მაშინვე ვარძიაში გაჩნდნენ, მაგრამ მხატვრობის უსაფრთხოების გამო ვერ მოხერხდა მათი შეშვება ტაძარში ამიტომ, რაკი დღეს თვითონ მივდიოდი ვარძიაში და რესტავრატორებიც იქ მეგულებოდნენ, ჟურნალისტებს შევთავაზე, გადაეღოთ კადრები ტაძრის ინტერიერში. ახალციხიდან გავემგზავრე ვარძიაში და ოთხის ნახევარზე იქ ვიყავი.

ძეგლზე რომ ავდიოდი და გზადაგზა ვხედავდი სხვადასხვა სამუშაოებს, გონება მინათდებოდა. მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები, კლდის გამაგრება, მთამსვლელები არიან კლდეზე ჩამოკიდული − დამცავ ბადეებს ამაგრებენ...

ფიქრები ისევ ტაძრისკენ გარბის. როგორც იქნა ავაღწიე, შევედი ტაძარში და რას ვხედავ: ეს უნიკალური მხატვრობა სულ მთლად ჩაშავებულია! რესტავრატორი მიხსნის, რა მეთოდით უნდა გაწმინდოს მხატვრობა. მაჩვენა ერთი უკვე გაწმენდილი ადგილი და ცოტა გულს მომეშვა. თუმცა, მოშვება ნამდვილად არ ვარგა ასეთ საკითხში, ყოველთვის უარესზე უნდა იფიქრო. ბუნებით ძალიან ოპტიმისტი ვარ და თავს ვეუბნები, ახლა ნუ აცუნდრუკდები-მეთქი.

რესტავრატორები მეუბნებიან, ეს ხარაჩო არ გვეყოფაო. რა თქმა უნდა, ხარაჩოს შოვნა ერთ-ორ საათში იოლი არ არის, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში, საბედნიეროდ, ბევრი ძეგლის რესტავრაცია მიმდინარეობს და ეჭვი არ შემპარვია, რომ არც ერთი ჯგუფი არ მეტყოდა უარს ხარაჩოს თხოვებაზე. ეს ის ჯგუფი აღმოჩნდა, რომელიც აწყურის რეაბილიტაციას ახორციელებს. თავიანთი ხარჯით უმალვე ჩაიტანეს ხარაჩო ვარძიაში. თბილისში ძალიან დაღლილი დავბრუნდი.

4 ნოემბერი, პარასკევი

ვარჯიშზე ვეღარ წავედი. ადრიანად მივედი სამსახურში და დავიწყე ზრუნვა რესტავრაციისათვის საჭირო სახსრების მოძიებაზე.საბედნიეროდ, თანხებიც მოძიებულ იქნა.

დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით ვარძიის საკითზე ურიცხვ სატელეფონო ზარსა და ინტერვიუს.

5 ნოემბერი, შაბათი

ვარძიაზე სამუშაოები მიმდინარეობს, ხარაჩოს აწყობენ. რესტავრატორების მთელი სპექტრი იქ არის. დღევანდელი დღე შედარებით სასიამოვნო იყო ჩემთვის, ვინაიდან კვიპროსის რესპუბლიკაში გავაგზავნე ქართველ არქეოლოგთა ექსპედიცია კვიპროსში სამონასტრო კომპლექსის გასათხრელად.

ეს კვირა იყო ყველაზე გრძელი და ყველა მოკლე. ამის გააზრება ძალიან ძნელია, მაგრამ ზუსტად ასეთი განწყობა მაქვს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG